ქალთა მიმართ ძალადობის ზრდა კახეთში: მიზეზები და პრევენცია

ქალთა მიმართ ძალადობა კომპლექსური მოვლენაა, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული საზოგადოების ორგანიზაციის სტრუქტურაში _ კულტურულ რწმენებსა და სქესთაშორის ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებაში. გენდერული ნიშნით ძალადობა ყველა საზოგადოებაში ხორციელდება და მიზნად ისახავს ერთი სქესის (უმეტეს შემთხვევაში ქალების) სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ დაქვემდებარებას მეორე სქესისადმი.

ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური ფენომენია, იგი დამახასიათებელია სხვადასხვა რასის, ეთნოსის, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ რელიგიური კუთვნილების ადამიანებისთვის.
ხშირად მოძალადეები არიან ის პიროვნებები, რომელთაც ქალები ენდობიან, პატივს სცემენ, უყვართ, რაც განსაკუთრებით ართულებს მათი დაცვის ამოცანას. მილიონობით ქალისთვის ყველაზე საშიში ადგილი შესაძლოა, საკუთარი სახლი იყოს. უახლოესი პარტნიორის მიერ ჩადენილ ძალადობას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ვხვდებით, განსაკუთრებით კი ისეთ საზოგადოებებში, სადაც შეინიშნება სქესთაშორის მკვეთრი უთანასწორობა, ფესვგადგმულია ისეთი კულტურული ნორმები, რომლებიც ქალთან მიმართებით მამაკაცის უპირატესობას ქადაგებს.
ძალადობა ოჯახში შეიძლება გამოვლინდეს მრავალი ფორმით, მათ შორის, და არა მხოლოდ ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ფორმებით, ხშირად კი ყველა აღნიშნული ფორმის კომბინაციით.
ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დუმილი 1970-იანი წლებიდან, დასავლეთში ფემინისტური მოძრაობის მეორე ტალღის გააქტიურების შემდეგ დაირღვა. ამ პერიოდიდანვე თავი იჩინა საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეზე მომზადებულმა კანონმდებლობამ, სახელმწიფო პოლიტიკამ ძალადობისაგან ქალთა დასაცავად.
საქართველოში ოჯახურ ძალადობაზე მუშაობა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 1990-იანი წლების ბოლოდან სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით გააჩაღეს. მომზადდა კანონპროექტი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს დახმარებით საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 25 მაისს მიიღო. კანონში განისაზღვრა ოჯახური ძალადობის ცნება და სახელმწიფო დაცვის მექანიზმები, რომელიც ტარდება მოძალადის მიმართ, კერძოდ შემოღებულია შემაკავებელი და დამცავი ორდერი, რაც საშუალებას აძლევს პოლიციასა და სასამართლოს, სწრაფი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე, უზრუნველყოს მსხვერპლის დაცვა და შეზღუდოს მოძალადის გარკვეული ქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონი სრულფასოვნად დღემდე არ ამოქმედებულა _ არ ამოქმედებულა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლთათვის, ისევე როგორც მოძალადეთა დროებითი განთავსების სარეაბილიტაციო ცენტრი, არ გადაწყვეტილა ოჯახში ძალადობის პრობლემის სოციალური მომსახურების საკითხი.
ბოლო პერიოდში ოჯახური დანაშაულის, განსაკუთრებით კი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხი აქტიურად განიხილებოდა უფლებადამცველებისა და ფართო საზოგადოების მიერ.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 შემთხვევა დაფიქსირდა, ფიზიკური ძალადობის _ 990, ეკონომიკური ძალადობის _ 143, იძულების _ 97, ხოლო უგულებელყოფის _ 24 შემთხვევა.
ოფიციალური ინფორმაციით 2017 წელს ოჯახში დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, თუმცა მიუხედავად დევნისა, ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი კატასტროფულად დიდია.
განსაკუთრებით ხშირია ძალადობის ფაქტები კახეთში.
კახეთის ქალთა კლუბი მაისიდან კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში იწყებს აქციას სახელწოდებით, „შეამცირე ძალადობა“.

თამარ ლამაზოშვილი _ კახეთის ქალთა კლუბის ხელმძღვანელი:
_ ძალადობის დასაძლევად საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა და ფემიციდის, როგორც დანაშაულის ცალკე განხილვა. თუმცა სანამ ამ პრობლემას მოგვარება უწერია, მანამდე საჭიროა, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ნაბიჯი გადადგან ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად.
_ რა მნიშვნელოვანი პირობები უდგას წინ ძალადობის ასეთ ზრდას, განსაკუთრებით, კახეთში?
_ მხოლოდ სოციალურ ფონსა და განათლებას ვერ დავაბრალებთ. მნიშვნელოვანია თვითმმართველობებში გენდერული საბჭოების აქტიური მუშაობა, რომლებიც განდერულ საკითხებზე იქნებიან ორიენტირებულნი, შეიმუშავებენ და განახორციელებენ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ქმედით ღონისძიებებს, ასევე დაეხმარებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლ პირებს (განსაკუთრებულად ქალებსა და ბავშვებს ვგულისხმობ); გაუწევენ კონსულტაციას და დაეხმარებიან საყოფაცხოვრებო პრობლემებისა და პირობების მოგვარებაში.
_ კახეთი, ალბათ, განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში, ქალთა ძალადობის სტატისტიკით გამოირჩევა.
_ არა მარტო ქალთა, ჩვენ გვაქვს ძალადობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი მოხუცებსა და ბავშვებზე. ბავშვებთან მიმართებით გამოაშკარავება შედარებით ხშირია, მაგრამ ვის ახსოვს ბოლო პერიოდიში მოხუცთა მიმართ ძალადობის ფაქტების გამოვლენა? ალბათ, არავის.
_ სად არის გასაღები? რით შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემა?
_ პრობლემის მოგვარების გზები, ისევ და ისევ, თვითმმართველობებისა და, სხვათა შორის, კახეთის ე. წ. გუბერნიის ეფექტიანი მუშაობაა.
_ რას შეცვლიან ისინი?
_ ის თანხები, რომლებიც არაფრის მომცემი ბიუროკრატიისთვის იხარჯება, შესაძლებელია წარიმართოს სხვა მიმართულებით.
_ კერძოდ?
_ შეიქმნას მოხუცთა თავშესაფარი, ანუ დღისა და ღამის ცენტრი და ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ ერთი დღის სადილის ულუფით. მინდა შეგახსენოთ, რომ კახეთში 2005 წელს დაარსდა კახეთის განვითარების სააგენტო მაშინდელი გუბერნატორის, პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამ აიპი ორგანიზაციის დამფუძნებლები კი არიან კახეთის მუნიციპალიტეტები. ყოველ წელს მუნიციპალიტეტები საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფენ თანხებს, რომელიც სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება. სწორედ ამ სააგენტოს წყალობით, მაგალითად, მოხდა 2012 წლის თელავის რეაბილიტაცია, უკეთესი _ სწორედ ამავე სააგენტოს მეშვეობით ჩატარდა სიღნაღის რეაბილიტაციაც. ჩვენ საფუძველს ეს გვაძლევს ვთქვათ, რომ სააგენტოს შესაბამისი რესურსი აქვს, შექმნას მოხუცთა თავშესაფარი, ძალადობის მსხვერპლ ბავშთა და ქალთა თავშესაფარი, ასევე კრიზისული ცენტრიც, რომელიც, ამ ეტაპზე, კახეთში არ არსებობს, შესაბამისად, არ გვაქვს ადგილი, სადაც ძალადობის მსხვერპლს დავეხმარებით და შევძლებთ მოძალადის გარემოცვიდან გაყვანას. იმისთვის, რომ ძალადობის ფაქტები შემცირდეს, რეგიონში აუცილებელია მუნიციპალიტეტების დონეზე გენდერული საბჭოების გაძლიერება, შესაბამისი რესურსების მოძიება, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა იმ ადამიანთა დასაცავად, ვინც მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნება. ასე რომ, შესაბამისი რესურსი და ნაკლები სურვილი გვაქვს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან.
_ რას გეგმავთ, რომ ეს სურვილი ვალდებულებით შეიცვალოს?
_ კახეთის ქალთა კლუბი აქტიური კონსულტაციების რეჟიმშია თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. უახლოეს მომავალში პეტიციით მივმართავ მუნიციპალიტეტებს, ასევე პრემიერის რწმუნებულს კახეთში.
_ მიზანი მიღწევადია?
_ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. იმედს ვიტოვებთ, რომ მუნიციპალიტეტები შესაბამისად გაიაზრებენ პრობლემების მნიშვნელობას და ურთიერთთანამშრომლობით შევძლებთ შევამციროთ ძალადობა კახეთში.

მაკა მოსიაშვილი