ჩერნობილი, შესაძლოა, ახალი ტრაგედიის საბაბი გახდეს

იმ დღეს საბჭოთა კავშირში მეხი გავარდა _ ჩერნობილის ატომურ სადგურზე აფეთქება მოხდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 8 ტონაზე მეტმა რადიოაქტიურმა მასალამ 60 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობი დააბინძურა.

1986 წლის 26 აპრილის აფეთქება მხოლოდ საბჭოთა ტრაგედია არ გახლავთ და აი, რატომ: ის, რაც 32 წლის წინათ ჩერნობილიში მოხდა, ატომური ენერგეტიკის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ უდიდეს ავარიად მიიჩნევა, ავარიად, რომლის შედეგად წარმოქმნილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა სსრკ-ის ევროპულ ნაწილთან ერთად, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთი ნაწილიც დაფარა…
აფეთქების დღეს 31 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მსხვერპლთა რიცხვი ამით არ შემოფარგლულა, ანუ „ატომური ჯოჯოხეთი“ დღემდე გრძელდება და ჩერნობილის კატასტროფას, როგორც ამბობენ, 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩერნობილის აფეთქებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი კვალი დატოვა ბუნებაზე, რასაც სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, სიმსივნის ზრდა მოყვა.
რამ გამოიწვია ჩერნობილის კატასტროფა? _ ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი დღემდე არ არსებობს. ზოგი ამბობს, რომ უბედურების მიზეზი პერსონალის მიერ ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იყო. შესაძლოა, ასეც გახლდათ, მაგრამ ფაქტია: ჩერნობილმა სსრკ-ს დაშლა დააჩქარა…
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, 1986 წლის „შავი აპრილის“ საიდუმლო დღემდე ბურუსითაა მოცული. სამაგიეროდ, ჩერნობილი არაერთი ადამიანური ტრაგედიის მიზეზი გახდა. ვითარება იმანაც გაართულა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ კატასტროფის ადგილას, „გამწმენდი სამუშაოების“ ჩასატარებლად, საბჭოთა ჯარი, ე. ი., წვევამდელები შეიყვანა. 18-19 წლის ბიჭებმა არ იცოდნენ, რა საფრთხის წინაშე იდგნენ და რეაქტორის ნარჩენები შიშველი ხელებით გაჰქონდათ და ეს მაშინ, როცა ელექტროსადგურში რადიაციის წარმოუდგენლად მაღალი დონის გამო მუშაობა დღეში, მაქსიმუმ, 20-25 წამს შეიძლებოდა…
ჩერნობილის „შავ ზონაში“ ქართველი გამომგონებელი დავით ჩაჩანიძე საკუთარი სურვილით შევიდა და იქ რამდენიმე დღე დაჰყო, თუმცა ჩაჩანიძე ამტკიცებს, რომ არ დასხივებულა.

როგორ გადაურჩა „ჩერნობილის კოშმარს“? _ ამის თაობაზე „ქრონიკა+“-ს თავად დავით ჩაჩანიძე უყვება. ამასთან, ჩვენი რესპონდენტი იმასაც ამტკიცებს, რომ ჩერნობილი მიძინებული ვულკანია, რომელიც მალე გააქტიურდება:

_ ბატონო დავით, ატომური კატასტროფის ზონაში როგორ და როდის მოხვდით, ან რატომ გგონიათ, რომ ჩერნობილი „მიძინებული ვულკანია“, რომელიც მალე გააქტიურდება?
_ კიევში თეატრალურზე ვსწავლობდი. ჰოდა, დამაინტერესა, რა და როგორ მოხდა.
_ უცნაურია: თეატრალურის სტუდენტი ჩერნობილში როგორ შეგიშვეს?
_ შევიპარე…
_ როგორ?
_ შევიპარე და მორჩა…
სხვათა შორის, ჩერნობილში კაციშვილი არ ცხოვრობს, მაგრამ ძალიან მაგარი ფლორა და ფაუნაა. ცხოველები ისეთ ადგილებში ბინადრობენ, სადაც, წესით, რადიაციის ყველაზე დიდი ფონი უნდა იყოს.
ამასთან, მუტანტი ცხოველიც ბევრია, მაგალითად, კატას ფრთები აქვს, ძროხას კი _ ორი თავი.
_ ამით რისი თქმა გინდათ?
_ ორი მომენტია: რადიაციის ზონაში მუტანტი ცხოველებიც არიან და ჩვეულებრივებიც…
სხვათა შორის, ჩერნობილის ტრაგედია რომ მოხდა, ერთმა ქართველმა ბერმა ტრაგედიის ადგილას გაიარა. ამ დროს იქაურობა დუღდა.
_ მერე?
_ მერე ის, რომ ყველას ეგონა, ცოცხალი ვეღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ არათუ დაბრუნდა, მთლიანად სუფთა იყო.
_ ეს ბერი დღეს ცოცხალია?
_ არ ვიცი…
მოკლედ, დაინტერესდნენ, რადიაციის ზონიდან ჯანმრთელი როგორ გამოვიდა და იცი, ბერმა რა უპასუხა?
_ რა?
_ რა და, _ სხეულს ეშინიაო. მაგალითად, ჩაის ფოთოლი ავადდება, ღეროს კი არაფერი მოსდის.
_ ბატონო დავით, პირდაპირ მითხარით, საუბარი საითკენ მიგყავთ?
_ პირდაპირ გეუბნებით: ჩერნობილში ჩაის ფოთოლი დასხივებული იყო, ღეროს კი არაფერი სჭირდა.
_ ყველაფერი ეს ბერთან რა კავშირშია?
_ იმ კავშირშია, რომ ბერმა ჩერნობილში რწმენით გაიარა…
_ ანუ ჩერნობილის კატასტროფა არ მომხდარა და ყველაფერი ბლეფია?
_ არა, ამას არ ვამბობ! ის რეაქტორი დღესაც თუხთუხებს და ვერაფერს უხერხებენ.
_ ეს რეაქტორი ააფეთქეს თუ აფეთქდა?
_ არ ვიცი…
_ მაინც არ მეუბნებით, ჩერნობილში რა ნახეთ…
_ რა უნდა მენახა? _ ყველაფერი დანგრეული იყო…
იცით, მოვლენები საიდან განვითარდა? _ ჩემი ერთი მეგობარი კიევში, წვიმაში მოყვა, რის შემდეგაც თმის ცვენა დაეწყო. ამის მერე ცოტა დრო გავიდა და ჩერნობილში შესვლა გადავწყვიტე…
სხვათა შორის, იმხანად კიევში „ლაკმუსი“ იყიდებოდა, რომლითაც პროდუქტში რადიაციის დონის გაზომვა შეგეძლო. ეს ლაკმუსი წვიმის წყალში ჩავდე და სერიოზული რადიაცია აჩვენა…
მოკლედ, ძალიან მაღალი დონის ხალხი ჩაერთო და გადაწყდა, რომ სპეცტანსაცმლით შევსულიყავი, თუმცა იმ დღეს შესვლა ვერ მოვახერხე. დავჯექი და დავლიე. რამდენიმე დღის შემდეგ კი სპეცტანსაცმლის გარეშე შევედი…
ჩერნობილი, ფერების მიხედვით, ზონებადაა დაყოფილი. ყველაზე საშიში შავი ზონაა და სწორედ ამ ზონაში შევედი. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვიგრძენი. უბრალოდ, იმ დროს საშინელი სიცხე იყო და რამდენიმე დღე ცოტა შეუძლოდ ვიყავი…
_ წეღან მითხარით, ჩერნობილი მუტანტებითაა სავსეო, ახლა კი ამბობთ, რადიაციამ ჩემზე არ იმოქმედაო. ეს როგორ გავიგო?
_ (იცინის) მე თბილისელი ბიჭი ვარ!
_ ხუმრობა იქით იყოს და ჩერნობილში ბევრი ქართველი დაავადდა.
_ კი, ბევრმა ცხოვრება ცუდად დაამთავრა.
_ ჰოდა, თქვენ რატომ არ დაავადდით?
_ არ ვიცი… ალბათ იმიტომ, რომ ბევრ შავ ღვინოს ვსვამდი.
_ ბევრ შავ ღვინოს ჩერნობილიდან გამოსვლის შემდეგ სვამდით?
_ გამოსვლის შემდეგაც და მანამდეც…
_ „შავ ზონაში“ რამდენი ხანი დაჰყავით?
_ ალბათ, ოთხი დღე…
_ შავი ღვინო შავ ზონაშიც შეიტანეთ?
_ არა…
ხომ იცით, ურთიერთობა როგორ ლაგდება? ჰოდა, ერთხელ, საქართველოში რომ მოვდიოდი, მთხოვეს, თუ საშუალება იქნება, შავი ღვინო, ნიგოზი, ნიორი და სუფთა თაფლი ჩამოგვიტანე, ვიყიდითო. გამიკვირდა, _ რას ჰქვია, იყიდით-მეთქი? „დავიგრუზე“ და რაც მთხოვეს, ყველაფერი კიევში წავიღე. უნდა გენახათ, ღვინოს, ნიორს, ნიგოზსა თუ თაფლს როგორი ხელის კანკალით იღებდნენ.
_ რატომ?
_ როგორც მერე გავარკვიე, ეს პროდუქტები რადიაციას მაგრად „ატორმუზებს“…
_ ერთი სიტყვით, ეჭვობთ, რომ ჩერნობილი შესაძლოა, ახალი ტრაგედიის საბაბი გახდეს?
_ რა თქმა უნდა!
_ ეს როგორ?
_ ბომბს ვამზადებ და ყველაფერს მალე გაიგებთ!
_ ამ ბომბზე თქვენვე რომ აფეთქდეთ?
_ არ ავფეთქდები!
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ ვიცი, რომ ამ ბომბის გამო სერიოზული პრობლემები შემექმნება, მაგრამ რაღაცებს წინ ვუსწრებ.
_ პრობლემები საქართველოში შეგექმნებათ?
_ გარკვეული პრობლემები, ალბათ, საქართველოშიც მექნება.
_ პრობლემებს იმიტომ შეგიქმნიან, რომ იგივე პოლიტიკურ წრეებს ჩერნობილის „გაღვიძება“ აწყობთ?
_ აქ მხოლოდ ჩერნობილზე არაა საუბარი.
_ აბა, კიდევ რაზეა?
_ ჩემთვის რეგალიებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მსოფლიოს უდიდესი მეცნიერების პასუხს ველოდები და ყველაფერს ამის მერე გეტყვით!
_ როგორც ვხვდები, „ბომბი“, რომლის აფეთქებასაც აპირებთ, ატომურ ენერგიას ეხება, არა?
_ ნამდვილად!
_ ანუ თქვენი გამოგონებით ატომური ენერგია განეიტრალდება?
_ ამ თემაზე დეტალურად ცოტა ხანში ვისაუბროთ…
_ კეთილი, მაგრამ კაცობრიობის გადარჩენას ცდილობთ?
_ კაცობრიობის გადარჩენას კი არ ვცდილობ, ჩემს საქმეს ვაკეთებ!
_ ატომური ენერგია ბიზნესია?
_ ბიზნესია, აბა, რა არის?!
_ ატომური იარაღი კი სახელმწიფოებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად სჭირდებათ, არა?
_ რა თქმა უნდა!
_ ცოტა ხომ არ ფანტაზიორობთ?
_ ნებისმიერი ფანტაზია, საბოლოოდ, რეალობა ხდება ხოლმე.
_ ეგ კი, მაგრამ ამტკიცებთ, „შავ ზონაში“ სპეცტანსაცმლის გარეშე შევედი და რადიაცია არ „მომეკარაო“…
_ სხვათა შორის, დღეს ჩერნობილში ექსკურსიები ეწყობა, არადა, ახლაც ზუსტად ისეთივე რადიაციაა, როგორიც მაშინ იყო…
_ ხომ შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, ჩაჩანიძე „შავ ზონაში“ სპეცსამსახურმა შეუშვაო?
_ (იცინის) სპეცსამსახურს ჩემი შეშვება რისთვის უნდა დასჭირვებოდა?
_ აბა, რა ვიცი?..
_ ჯერ ერთი, ნაცნობობა არსებობს. მეორეც, მეცნიერები შედიოდნენ და მუშაობდნენ…
_ მოკლედ, ძალიან მინდა, გავიგო, რას მალავთ…
_ ცოტა ხანში ყველაფერს გაიგებთ!
_ ისე, როგორც ვიცი, ტორნადოსა და ცუნამის თავიდან აცილების, ასე ვთქვათ, მექანიზმი გამოიგონეთ, არა?
_ დიახ.
_ ეს თეორიული გამოგონებაა?
_ არა, ორივე საფრანგეთსა და აშშ-ში, ოკეანოლოგიის ინსტიტუტში გამოიცადა.
_ თუკი გამოიცადა, აბა, ამერიკელებმა თქვენი გამოგონება პრაქტიკაში რატომ არ დანერგეს?
_ ტორნადოთი მიყენებული ყოველწლიური ზარალი 18 მილიონია…
_ ჰოდა, ჩაგეკითხებით, ამერიკელები თქვენს გამოგონებას პრაქტიკაში რატომ არ ნერგავენ?
_ ყველას თავისი ინტერესი აქვს…
_ რას გულისხმობთ?
_ ამერიკულ სადაზღვევო კომპანიასთან ჯერ კიდევ მიდის მოლაპარაკება, რომ ეს გამოგონება შეიძლება, იყიდოს და სახელმწიფო სტრუქტურებსაც თვითონ შესთავაზებს, მაგრამ სხვა საქმეა, ამის დანერგვა აწყობთ თუ არა…
_ იმიტომ არ აწყობთ, რომ ნგრევაში ფული კეთდება?
_ დიახ, ძალიან დიდი თანხა კეთდება.
_ როგორ? წესით, აშენება ხომ უფრო ძვირი უნდა დაჯდეს?
_ სადაზღვევო კომპანიებს თავიანთი სტრუქტურა აქვთ, რომელშიც არ ვიხედები და არც მაინტერესებს. მოკლედ, მხოლოდ თეთრი კი არა, შავიც არსებობს.
_ თუკი ყურადღებას არავინ გაქცევთ, ვერ გავიგე, ამ გამოგონებას რა მიზანი აქვს?
_ როცა იქნება, მოუნდებათ…
_ თქვენი გამოგონებით ტორნადო ან ცუნამი საერთოდ აღარ მოხდება თუ დამანგრეველი შედეგი აღარ ექნება?
_ ამ გამოგონებით ტორნადოს დაშლაა შესაძლებელი, ანუ დამანგრეველი ძალა აღარ ექნება და საშუალოზე ოდნავ ძლიერი ქარი და წვიმაღა იქნება.
რაც შეეხება ცუნამს, მთლიანად ვერ გააჩერებ, მაგრამ ორ-მესამედ ძალას წაართმევ…
_ ამ გამოგონებით ცუნამის, ასევე ტორნადოს, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველებაც შეიძლება?
_ საერთოდ, ტორნადოების სეზონი ცნობილია და, შესაბამისად, ყველა ტორნადოს დაშლაც შესაძლებელია, ანუ ტორნადო იმ აპარატურას, რომლითაც საკუთარი თავი უნდა დაშალოს, თავადვე „აიღებს“.
_ მსგავსი აპარატურა თქვენ გარდა არავის შეუქმნია?
_ ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს…
შვეიცარიაში, სადაც კონფერენცია ტარდებოდა, მკითხეს, _ რა გამოგონება ჩამოიტანეო? ვუთხარი, ესა და ეს-მეთქი. გაუკვირდათ, როგორო? ავუხსენი… იტალიელებმა და ფრანგებმა ერთი ამბავი ატეხეს, ეს კაცი რაღაც სერიოზულს ამბობსო.
_ სიტყვაზე გენდნენ თუ თქვენი გამოგონების დემონსტრირება მოგთხოვეს?
_ დემონსტრირებაზე იმ პირობით დავთანხმდი, თუკი ექსპერიმენტს არ გადაიღებდნენ. მოკლედ, ექსპერიმენტი რომ ნახეს, გაკვირვებულები დარჩნენ…
სხვათა შორის, ვიდრე ფუკუსიმას ტრაგედია მოხდებოდა, იაპონელებს წერილებს ვუგზავნიდი და ვაფრთხილებდი.
_ ვის და რაზე აფრთხილებდით?
_ წერილი იაპონიის პრემიერსაც გავუგზავნე და იმპერატორსაც.
_ გამაფრთხილებელი წერილები როდის გააგზავნეთ?
_ 2008-ში.
_ ანუ რამდენიმე წლით ადრე იცოდით, რომ ფუკუსიმას ტრაგედია მოხდებოდა?
_ დიახ…
_ უცნაურია… ამბობენ, რომ მიწისძვრის წინასწარმეტყველება მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე შეიძლება, თქვენ კი, როგორც აღნიშნავთ, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ 2008 წელს იყავით ინფორმირებული…
_ მიწისძვრის, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველება შესაძლებელია. მაგალითად, აზერბაიჯანელებს საკმაოდ კარგი აპარატურა და გამოგონება აქვთ. ასე რომ, საკითხავია, ვერ თუ არ იგებენ…
საერთოდ, მიწისძვრის მიზეზი ტექტონიკური ფილების დაძაბვა ან მაგმის ამოფრქვევაა. დედამიწა ისეა მოწყობილი, როგორც ადამიანის ორგანიზმი. როცა ადამიანი ავად ხდება, სიცხეს უზომავენ. მეც სწორედ ეს მეთოდი გამოვიყენე…
_ კეთილი, მაგრამ 2008-ში როგორ დაადგინეთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ტრაგედია მაინცდამაინც იაპონიაში მოხდებოდა?
_ აპარატურამ მაჩვენა. საერთოდ, შესაძლებელია, ხელოვნური თანამგზავრი გაუშვან, რომელშიც ეს აპარატურა იქნება დამონტაჟებული და შესაბამისად, ყოველთვის გვეცოდინება, სად რა და როდის უნდა მოხდეს…
სხვათა შორის, ფუკუსიმას ტრაგედიის შემდეგ იაპონელებს შევთავაზე, თქვენი არაფერი მინდა, უბრალოდ, დაგეხმარებით და მძიმე რადიონივთიერებებისგან გაგათავისუფლებთ-მეთქი.
_ იაპონელებს ზეპროფესიონალი მეცნიერები ჰყავთ და თქვენი დახმარება რად უნდოდათ?
_ გასაგებია, მაგრამ ზოგჯერ გამოსავალი ძალიან მარტივი და უბრალოა…
_ იაპონელებმა დახმარებაზე უარი გითხრეს?
_ ყოველ შემთხვევაში, არ მოინდომეს… საგულისხმოა, რომ იაპონელებმა ფუკუსიმაში არავინ შეუშვეს.
_ ამას რით ხსნით?
_ შიგნით, ალბათ, რაღაც დარღვევები იყო და არ უნდოდათ, ვინმეს ენახა.
_ ბატონო დავით, საქართველოს თავი რომ გავანებოთ, დავიჯერო, თქვენი პიროვნებით უცხოური სპეცსამსახურები არასოდეს დაინტერესებულან?
_ სხვა ქვეყანაში დარჩენის, მოქალაქეობის მიღებისა და იქ მუშაობის შემოთავაზება ბევრჯერ მქონია, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი და ვამბობ… რაც შეეხება სპეცსამსახურებს, შეიძლება, მაკვირდებიან, მაგრამ ჩემს ცოდნას ხომ ვერ წამართმევენ?!.
_ მაშინ, როცა ფუკუსიმას მოსალოდნელ ტრაგედიაზე იაპონელებს წერდით, იქნებ, არასერიოზულად ჩაგთვალეს? ჰოდა, არ სჯობდა, საქმეში ქართული სახელმწიფო ჩაგერთოთ?
_ ჩვენები უფრო არასერიოზულები არიან.
_ ამას რატომ ამბობთ?
_ რატომ და ფუკუსიმა რომ მოხდა, ჩვენებმა პლედები, ტანსაცმელი შეაგროვეს და იაპონელებს „ბორჯომთან“ ერთად გაუგზავნეს.
მოკლედ, ჩემი გამოგონებები ჩვენს რამდენიმე ხელისუფლებას აქვს ნანახი და მოწონებაც დაიმსახურა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. ზოგიერთზე კი მითხრეს, საერთოდ გაჩერდი და დაივიწყეო.
_ რატომ?
_ რატომ და ისევ რაღაც ბიზნესინტერესების გადაკვეთაა.
_ გამოგონება, რომლის დავიწყებაც გირჩიეს, რას ეხებოდა?
_ ენერგეტიკას…
_ და, ასე ვთქვათ, გაჩუმება რომელი მთავრობის დროს გირჩიეს?
_ მიშას დროს და მანამდეც…
სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი გამოგონება „მაგნიტური ჟელეა“, ანუ ასფალტის საფრის ქვეშ, მარტივად რომ ვთქვა, დიდი აუზი კეთდება. ეს გენერატორია, რომელიც ენერგიას მანქანებისგანაც იღებს, წვიმისგანაც, სიცხისგანაც და, მოკლედ, ყველაფრისგან. მერე, ეს ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნება. კომუნისტების დროს რუსთაველის გამზირი, ე. წ. ანდროპოვის ყურებიდან თავისუფლების მოედნამდე, დაითვალეს და „მაგნიტური ჟელე“ რუსთაველის გამზირის ასფალტის საფრის ქვეშ რომ „ჩასხმულიყო“, 200 მეგავატ ელექტროენერგიას მოგვცემდა. ახლა, თუ ამას ვარაზის ხევსა და ავტობანებსაც დავუმატებთ, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ ენერგიაზეა ლაპარაკი?
ისე, მსგავსი რაღაცის გაკეთება ავსტრალიელებმა დაიწყეს…
_ კომუნისტების დროს ელექტროენერგია ძალიან იაფი ღირდა, ანუ მაშინ ენერგომაფია არ არსებობდა და ცეკა-ტეკამ თქვენი ინიციატივა რატომ არ აიტაცა?
_ იქიდან დავიწყოთ, რომ მაშინ ყველაფერი წნეხს გადიოდა. „პრავდასა“ თუ „კომუნისტში“ შეიძლება, შენზე რაღაც დაეწერათ და პატარა გულსაბნევიც მოეცათ, მაგრამ ყველაფერი ამით მთავრდებოდა. იმ შემთხვევაში კი, თუ გამოგონება ძალიან კარგი იქნებოდა, ხელს დაგიქნევდნენ, გაჩერდიო. მხოლოდ ჩემს კი არა, სხვების ბევრ გამოგონებასაც გრიფით „საიდუმლო“ სწორედ იმ დროს დაედო.
_ თქვენი გამოგონებები პრაქტიკაში რომ დაინერგოს, ცხოვრება გაადვილდება?
_ დიახ, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვლება… არსებობს ადამიანების გარკვეული წრე, რომელმაც ზუსტად იცის, მომავალი რისია. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი გამოგონება ინდივიდუალური საფრენი აპარატია.
_ ანუ ამ გამოგონების წყალობით შემეძლება, გავფრინდე?
_ (იღიმება) დიახ, მთავარია, სიმაღლის არ გეშინოდეთ.
_ რომ ჩამოვვარდე?
_ გამორიცხულია. ეს ინდივიდუალური საფრენი აპარატი უსაფრთხო, მანევრირებადი და სამართავად ძალიან მარტივია.
_ ეს აპარატი ჰაერში რა სიმაღლეზე ადის?
_ დაახლოებით, ორ კილომეტრზე. სიგრძეში კი სამასი-ოთხასი კილომეტრის გავლა შეუძლია.
_ ბენზინზეა?
_ ჯერჯერობით, თუმცა მერე, შეიძლება, ელექტროენერგიაზე გადავიდეს.
_ თუკი ინდივიდუალური საფრენი აპარატი გამოიგონეთ, ავტომანქანით რატომ დადიხართ და რატომ არ დაფრინავთ?
_ დავფრინავდი, მაგრამ… მაშინ უშიშროების მინისტრი შოთა კვირაია იყო, რომელმაც დამიბარა და მითხრა, თავი გაგვანებე, თუ ფრენა გინდა, ოფიციალურად იყიდე ბორტის ნომერი და ისე იფრინეო. მოკლედ, გავჩერდი… მას მერე ჩემს საფრენ აპარატს რაღაცები დავამატე და უკვე სერიოზულად გამაფრთხილეს, არ გინდაო.
_ ფრენა იმიტომ ხომ არ აგიკრძალეს, რომ ვინმეს ბიზნესინტერესები გადაკვეთეთ?
_ ვერ გეტყვი, თუმცა უსაფრთხოების ფაქტორიცაა. მაგალითად, დრონით ფრენა შეიძლება, ყველაფრის გადაღება კი _ არა. მოკლედ, რაღაცები შეიძლება, რაღაცები _ არა, მაგრამ საფრენი აპარატების დრო ძალიან მალე მოვა. ისე, როგორც ვიცი, მომავალი წლიდან ჰოლანდია გაყიდვასაც გეგმავს, მაგრამ ის მაინც მანქანაა და, უბრალოდ, ფრთები და „პროპელერი“ აქვს… არცთუ დიდი ხნის წინ თბილისში ჩინელები იყვნენ ჩამოსულები, რომლებსაც თბილისში საფრენი ტაქსების შემოტანა უნდათ. ნარმანიასაც შეხვდნენ და, როგორც ვიცი, არაოფიციალური საუბრისას ერთ-ერთმა ჩინელმა მახსენა, ამ ადამიანს ძალიან საინტერესო რაღაცები აქვს და რატომ არ იყენებთო? მაგრამ ქართულ მხარეს ამ რეპლიკისთვის ყურადღება არც მიუქცევია…
_ სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, თქვენს ამ იდეას რატომ ბლოკავენ?
_ ამაში მთავრობა ინვესტიციას არ ჩადებს.
_ რატომ? თუკი საქართველოში ინდივიდუალური საფრენი აპარატების სერიული წარმოება დაიწყება, ამით ხომ, მინიმუმ, სამუშაო ადგილები შეიქმნება და ჩვენი ეკონომიკაც განვითარდება?
_ დიახ, მაგრამ ამაზე არავინ მოდის… არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არაპრაგმატულები არიან და ბევრის ინტელექტის განვითარება „პლინტუსის“ ქვემოთაა!..

გიორგი აბაშიძე