მრევლს, ეპისკოპოსებსა და საპატრიარქოს: ღმერთის, სიმართლის დაცვა არ შეგიძლიათ და კაცს დაიცავთ?

SONY DSC

სიმართლე გითხრათ, ერთი შეხედვით, ძალიან დამაბნეველი და აღმაშფოთებელიც კია „ქართული წუწუნი“ უკეთეს ცხოვრებაზე. თითქოს ყველას სურს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, მაგრამ ძალიან ცოტანი ირჯებიან იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო და ცხოვრება დალაგდეს. ჩვენ შეგვიძლია, განტევების ვაცი ვეძებოთ ყველგან და ყველაფერში, დაწყებული თეთრი სახლიდან და კრემლიდან და დასრულებული ღმერთის-ბედის უსამართლობით. ჩვენ შეგვიძლია მტერი ვეძებოთ ყველგან და არასოდეს გავიაზროთ ან ვაღიაროთ საკუთარ თავთან, რომ მტერი ვართ ჩვენ.

რა დასამალია _ იმის აღიარებაც გვიჭირს, რომ საქართველო მაშინ იყო ძლიერი, როდესაც მას ძლიერი წინამძღოლი და ლიდერი ჰყავდა. ლიდერი, რომელიც არ ეპუებოდა ერისთავების თავნებობას და მათ ვნებებს სახელმწიფო ინტერესებში აქცევდა. ჩვენ ვიყავით ძლიერნი მაშინ, როდესაც წინარე გარემოებები და ქმედებები განსაზღვრავდა კონკრეტულ ისტორიულ მოცემულობაში ქართული სახელმწიფოს _ ლიდერის სიძლიერეს. გვიყვარს ბაქი-ბუქი დავით აღმაშენებლის ეპოქით, თავი მოგვაქვს გიორგი ბრწყინვალით, მსოფლიოს „ვაოცებთ“ თამარ მეფის „ოქროს ხანით“ და ამ დროს ძირის ძირამდე არც კი ჩავდივართ იმის გასარკვევად და გასააზრებლად, რა ძალისხმევა დაუჯდა თითოეულ მათგანს თუნდაც ის, რომ ჩვენ საკუთარი ქვეყნის ისტორიული წარსულით ვიყელყელაოთ.
იცვლება დრო, იცვლება გარემოებები, ყოველი შემდგომი თაობა სწორედ დროსა და გარემოებების მიმართ ხდება (უნდა ხდებოდეს) ადაპტირებული. ვაღიარებ იმასაც, რომ დღეს 10 წლის ბავშვი იმდენ ინფორმაციას ფლობს, რომ მის ასაკში ჩვენ იგივე არც კი დაგვესიზმრებოდა. მაგრამ მერწმუნეთ, ეს სხვა სიმდიდრეა და მას ადამიანის ბუნებასთან, სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან არაფერი აქვს საერთო.

***
ბოლო პერიოდში ხშირად ვწერ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე და არსებულ პრობლემებზე. რაოდენ ძნელი დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს მხილების „ეპოპეაა“, მასში მერკანტილიზმის არანაირი დეტალიც არ არის. რას უნდა ვესწრაფვოდე მე ეკლესიაში? იერარქიულ წინსვლას? არა! არც არანაირი მატერიალური სარგებელი მჭირდება ამ სიყვარულით მხილების პროცესში. რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნებოდა, ამ თემებზე ჩემზე ბევრად განათლებულებსა და საკითხში უფრო გათვითცნობიერებულებს ემსჯელათ. თუმცა ერთი-ორი თავზეხელაღებული პერსონისა და მედიასაშუალების გარდა ყველა დუმილს ამჯობინებს.
მერამდენედ უნდა განვმარტო, რომ ეს მხილება არანაირად არ უკავშირდება ეკლესიის დოგმატურ საკითხებს _ ანუ ეკლესიას არ ვედავები და არ ვაკრიტიკებ საეკლესიო საიდუმლობების, წმინდა წერილისა თუ სახარების რომელიმე მოცემულობის შესახებ. არამედ ჩემთვის მიუღებელია, დიახაც რომ წმინდა წერილის, სახარებისა და სხვა საეკლესიო სწავლებების ფარგლებს გარეთ გასული ის „თამაშის“-„ცხოვრების წესი“, რომელიც დედა ეკლესიაში დამკვიდრდა.
საზოგადოებასა და ქართულ მედიას ძალიან მარტივად ვკითხავ, _ მაცხოვარს ფარისეველნი რომ არ ემხილა, მათი ცხოვრების წესები არ დაეგმო და ტაძარში _ „ჩემს სახლში“ მოწყობილი სავაჭრო დახლები საკუთარი ხელით არ აეყირავებინა, გოლგოთას გაუყენებდა ვინმე და ჯვარს აცვამდა? თუ ვინმე მხოლოდ იქამდე დაწვრილმანდება და იტყვის, ეს იმიტომ მოხდა, რომ გაჯიუტდა, _ მეფე ვარო? მოკლედ, მხილებაზე (კრიტიკაზე) დგას ქრისტიანული _ მართლმადიდებლური ეკლესია. რის მხილებაზე? უსამართლობის, მონური მორჩილებისა და უსიყვარულობის მხილებაზე. და სწორედ ეს განაპირობებს ცხოვრების წესს თითოეული მართლმადიდებლისთვის, _ ან უნდა ვისწრაფვოთ თავისუფლებისკენ, სამართლიანობისკენ და სიყვარული გვქონდეს, ან უნდა ვამხილოთ ის, რაც ამ სწრაფვას აფერხებს.

***
მოსაყდრის არალეგიტიმურობასა და სინოდის სხდომის მოწვევის აუცილებლობაზე ვწერდი. ვწერდი არა ჩემი სურვილისა და მონაგონი არგუმენტების საფუძველზე, არამედ საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაზე დაყრდნობით. და მოხდა საოცრება, სხვადასხვა გამოცემის მესვეურები, საზოგადოების წარმომადგენლები მწერდნენ და მირეკავდნენ შემდეგი შინაარსის ტექსტებით: „ეს ხომ პატრიარქის გადაწყვეტილებაა და როგორ შეცდებოდა? რომც შეცდეს, ეს ხომ პატრიარქის გადაწყვეტილებაა და არ ღირს ამ თემის განვრცობა“. რა თქმა უნდა, იყო სხვა შინაარსის ზარები, უფრო გამბედაობას მიქებდნენ, მაგრამ იქვე აკეთებდნენ დათქმებს, რომ „პატრიარქსა და მოსაყდრეს რომ არ ეხებოდეს საკითხი, თავადაც ჩაერთვებოდნენ მხილების პროცესში“.
და თუ ერთ შემთხვევაში აპელირება ხდებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეუვალ ავტორიტეტზე და შინაარსის დაკონკრეტებას იქამდე მივყავართ, რომ პატრიარქია _ ღმერთის რჩეული და როგორ შეიძლება შეცდეს, მეორე შემთხვევა კიდევ უფრო სცდება ამ, დიახაც, მკრეხელურ არგუმენტს და სამართლებლივი, მორალური და ზნეობრივი კატეგორიების დეგრადაციის მაჩვენებელია.
განვმარტავ: არ არსებობენ შეუვალი ავტორიტეტები მოკვდავთა შორის. თვით უკვდავ ტიტანებს ვედავებით ცალკეულ აზრებსა და გამონათქვამებს და მაშინ რამ დაგვაბეჩავა? არაერთხელ ვთქვი და აღვნიშნე, რომ მოსაყდრის დანიშვნა არა მოსაყდრისთვის (როგორც ამას იბრალებს) არის დიდი და მძიმე ჯვარი, არამედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის. გაითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ პატრიარქი არ გახლავთ რომის პაპი _ ღმერთი მიწაზე (თუმცა მართვა-გამგეობის დებულებაში ამ სიტყვების გარდა ყველაფერი წერია). ცალკეულ შემთხვევებში ისე შეგვიძლია ამა თუ იმ გადაწყვეტილების არგუმენტირებისთვის ურთულესი ლაბირინთების ქსოვა, რომ საკუთარ თავს ვაკვირვებთ, ზოგჯერ კი მარტივ განტოლებასაც ვერ ამოვხსნით ხოლმე. რატომ არ ვუკვირდებით პატრიარქის რთულ მდგომარეობას მოსაყდრის დანიშვნის წინარე პერიოდში? რატომ გამოვრიცხავთ მის იძულებას? და დავუშვათ, რომ არც იძულება ყოფილა, არც შანტაჟი, მაშინ რას ვუშვრებით საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში გაწერილ წესს მოსაყდრის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც ყველა პუნქტსა და მოსაზრებაში დარღვეულია დღეის მდგომარეობით?
რას ვუშვრებით იმ გარემოებას, რომ ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ეკლესიას სრულიად არასაჭიროდ (დებულების მოთხოვნის დარღვევით) ჰყავს მოსაყდრე, რატომ არ ხდება მისი წესისამებრ დადგენა და სინოდის სხდომის მოწვევა?
არ არის ეს საკითხი უმნიშვნელო, ბატონებო. ეკლესია, ღმერთი ის ფენომენია, რომელიც, უპირველსად, სიმართლესა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს და თუ ელემენტარული წესების (საკუთარი დადგენილი წესების) დაცვაც კი არ შეუძლიათ ეკლესიის მესვეურებს, რატომ უნდა ვირწმუნოთ ჩვენ მათი სიმართლისა და სამართლიანობის? რატომ უნდა ვირწმუნოთ იმის, რომ ეს ადამიანები, რომელთაც დღეს მღვდელმსახურები ჰქვიათ, ის ფარისევლები არ არიან, რომლებმაც გოლგოთას გაუყენეს მაცხოვარი?
ახლა, მაღალ სასულიერი იერარქებს შევეშვათ ცოტა ხნით და რამდენიმე კითხვა დავსვათ ერის _ მართლმადიდებელი ქრისტიანების _ მისამართით: როდესაც ერთგან ითმენთ და თვალს ხუჭავთ უსამართლობაზე, და ეს უსამართლობა ღმერთის კონტექსტში ხდება, რატომ ითხოვთ სამართალს იმ პირობებში, როდესაც ის ირღვევა პირადად თქვენი ახლობლების, საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნების ან თქვენ მიმართ? თქვენ ღმერთისთვის ბრძოლა და მისი დაცვა არ შეგიძლით და კაცს დაიცავთ? თუ ჩქმალავთ სხვის უფლებას _ ამხილოს, განა ამით არ ზღუდავთ სხვისი სიტყვის თავისუფლებას? რატომ ფიქრობთ, რომ ღმერთის სამართალი სხვა არის და კაცის _ სხვა? რატომ მიიჩნევთ, რომ დავისჯები მე _ „ჩვენ“, რომლებიც ვამხელთ და გადარჩებით „თქვენ“, რომლებიც დუმხართ?
ბარემ, კიდევ ერთხელ განვმარტავ: ჩვენ ყველანი მართლმადიდებელი ქრისტინნი ვართ სასულიერო იერარქები და ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ დასრულდეს შიოს არალეგიტიმური მოსაყდრეობა, მოწვეულ იქნას წმინდა სინოდის სხდომა და დაიწყოს რეფორმები საქართველოს ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

***
ამ დღეებში გავიგე, რომ მეუფე იაკობი _ 17 მაისისა და, პირობითად, ქართული სასულიერო „ტაბურეტკის“ ერთ-ერთი შემოქმედი, რომელსაც დასავლეთის სიყვარულის დიდი მადა გაეხსნა, სასულიერო აკადემიის სტუდენტებთან ერთად კვლავ აშშ-ში იმყოფება.
ის, რომ დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით ხშირად ცდება და მისი მოლოდინები „ბოლო ფაზაში“ მეტწილად აცდენილია იმ რეალობას, რომელსაც მას „პროცესის“ დროს უხატავენ, ეს კარგად არის ცნობილი. მომკალით და მე არ მჯერა სავლე იაკობის პავლე იაკობად ქცევა. თუმცა აქვე იმასაც ვაღიარებ, – იქნებ, და ვცდები.
XXI საუკუნის „თერგდალეულ“ ქართულ სამღვდელოებასთან არაერთი კითხვა დაგროვდა, ისევე როგორც სხვებთან და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე _ რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად სხვადასხვა ეპისკოპოსს ვესტუმრო და არაფორმალურ ვითარებაში გავიგო, თუ როგორ ხედავენ ისინი არა მხოლოდ ქართული ეკლესიის, არამედ ქართული სახელმწიფოს მომავალს? ვერავის შევპირდები, რომ ეს შეხვედრები „დავარცხნილი“ კითხვებით წარიმართება, მაგრამ იმას ნამდვილად დავპირდები, რომ არც ერთი მათი ნააზრევი და პოზიცია არ დაიკარგება. ამისათვის შევეცადე, ეკლესიასთან დაახლოებული სხვადასხვა პირისა და ორგანიზაციის მეშვეობით მომეგვარებინა ეს საკითხი, რადგან საპატრიარქოს დისკრედიტებულ ბიუროკრატიასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მაქვს. მაგრამ ყველა ერთხმად აცხადებს, რომ საპატრიარქოს თანხმობის გარეშე ეს შეხვედრები ვერ გაიმართება. არადა, როგორ მინდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ნამდვილად იყვნენ ისეთი ეპისკოპოსები, რომლებიც არ ეპუებიან საპატრიარქოს დიქტატს და აქვთ ერთადერთი _ თავისუფალი ნება, იყვნენ გახსნილები. ეპისკოპოსებსა თუ საპატრიარქოს, რომელთაც კითხვების ეშინიათ, შევეკითხები: გამახსენეთ კითხვა და საკითხი, რომელზედაც პასუხისა და განმარტებისგან თავი აარიდა მაცხოვარმა. გახსოვთ, „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ…“ ჰოდა, მივდივართ და მიგვიღეთ ან ეს გახსოვთ (იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში): „აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის _ ჩემთან“ (გამოცხ. 3;20). გიკაკუნებთ და გაგვიღეთ…
და კიდევ ერთი ამ თემაზე: ზემოთ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებით დასავლეთის მოლოდინები ვახსენე, რომ ეს ინსტიტუტი იქნება სამართლიანი, ტოლერანტული და სიყვარულით აღსავსე, იქნება თავისუფალი და სახელმწიფოს პროგრესის მხარდამჭერი. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს დასავლეთის ცრუ მოლოდინებია. რამდენი „თერგდალეული“ იციან დასავლეთში ისეთი, რომელიც საქმით, ანუ ამბიონზე მდგარი _ ამკვიდრებს ეკლესიასა და მრევლში არა დასავლურ, არამედ მართლმადიდებლურ ღირებულებებს _ ცხოვრების წესს, რომელიც სრულიად მოდის უნისონში ზემოთ ნახსენებ ფორმულასთან: თავისუფლება, სამართლიანობა და სიყვარული?
მაშინ, რატომ იხდიან ისინი ფულს ამ ადამიანების ვოიაჟებისთვის და რატომ აფინანსებს სხვადასხვა საელჩო ანუ სახელმწიფო ამ მღვდელმთავრებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს?
და მაინც, დავიტოვებ იმედს და აქ საჯაროდ დავწერ ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართს იმ ეპისკოპოსებისთვის, რომლებიც მზად არიან, მათთვის თუნდაც ყველაზე მეუღებელ (წესით, ასეთი არ უნდა არსებობდეს) ადამიანებს მოგვითხრონ, საით მიისწრაფვის მათი ხედვით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია? როგორ უნდა განვითარდეს ის და იქცეს სახელმწიფოს პარტნიორად ქვეყნის პროგრესისა და წარმატების საქმეში? ([email protected]).

***
წმ. იოანე ოქროპირის საოცარი სიტყვები უნდა გავიხსენო _ ღმერთი ეუბნება ადამიანს: „მე შენ მოგეცი მშვენიერი სხეული და გაძლევ ძალაუფლებას, შექმნა რაღაც უკეთესი – შეიქმენი შენთვის მშვენიერი სული“.
ზემოთ ქართული სახელმწიფოს ტიტანებიდან რამდენიმე პერსონა ვახსენე. მათ შეძლეს, რომ შეექმნათ რაღაც უკეთესი არა მხოლოდ მშვენიერი სულის, არამედ მშვენიერი და ძლიერი სახელმწიფოს სახით. მათ არ უწუწუნიათ, ისინი შევიდნენ ბრძოლაში და გაიმარჯვეს. ჩვენც გვაქვს ეს ძალაუფლება _ შევქმნათ რაღაც უკეთესი ჩვენი სულისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის. სახელმწიფოსთვის, რომელსაც ეყოლება ძლიერი პარტნიორი ძლიერი იდეოლოგიითა და მისწრაფებით, პარტნიორი, რომელიც განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს სამომავლო მიზანს _ ბრძოლას თავისუფლებისთვის, ბროლას სამართლიანობისთვის და ამ ყველაფერს განახორციელებს დიდი სიყვარულით… რამეთუ სხვა არაფერია ღმერთი, თუ არა თავისუფლება, სამართლიანობა და სიყვარული, რამეთუ ჩვენ გვებოძა ძალაუფლება, შევქმნათ რაღაც უკეთესი და ამ პროცესში ნამდვილად სისულელეა, წინააღმდეგობად მივიჩნიოთ რომელიმე ავტორიტეტი. გახსოვთ: „და თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა… და შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად…“ მონად კი არა, ხატად და გაქვთ კი უფლება ფარისევლობის, როდესაც თოთოეულ ჩვენგანში ცხოვრობს იგი, ვისი ხატიც ვართ?!
ამიტომაც ვამბობ: დაიცავით კანონები ეკლესიაში, მიხედეთ არალეგიტიმურ მოსაყდრეს, მოიწვიეთ სინოდის სხდომა, დაიწყეთ რეფორმები და დაგველაპარეთ ჩვენ, რადგან „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის“ (მათ.5-6).

გოჩა მირცხულავა