პოლიტიკური კორუფცია

ყველა ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, გაკეთებული საქმეებით ფასდება, თუმცა ყველა საქმეს მაინც განცხადებები უსწრებს წინ და მათზე პასუხისმგებლობის აღება არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ბოლო ორი წელია, „ქართული ოცნება“ და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარე კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მეშვეობით ებრძვიან ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. განსაკუთრებით პატარა პარტიები ჰყავთ მიზანში ამოღებული, რომლებსაც „ერთკაციან“ პარტიებს უწოდებენ და ყველა უბედურებას მათ აბრალებენ. რამდენიმე დღის წინათ პარლამენტის თავმჯდომარემ დაფინანსების კანონი მოიშველია და განაცხადა, რომ არ ესმის თუ რატომ უნდა ჰქონდეთ დაფინანსება პატარა პარტიებს?(?!) რატომ უნდა იღებდნენ ბიუჯეტიდან ფულს ბაჩუკი ქარდავა და გოჩა ჯოჯუა?(?!)
კობახიძეს ამ თემით სპეკულირება იმისთვის სჭირდება, რომ კანონში „პარტიათა დაფინანსების შესახებ“ ცვლილებები მზადდება, რომლის მიხედვითაც ბლოკში გაერთიანებული პარტიებიდან დაფინანსება მხოლოდ პირველ ნომრად ჩაწერილმა პარტიამ უნდა მიიღოს. ადვილი მისახვედრია, რომ სამიზნე აქ „ერთკაციანი პარტიები“ კი არა, თავად ბლოკია, რომლისაც დენივით ეშინიათ „ქართულ ოცნებაში“.
თუ ბლოკში მხოლოდ ერთმა პარტიამ უნდა მიიღოს დაფინანსება, მაშინ რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ სხვა პარტიებს ბლოკში გასაერთიანებლად? „ოცნებაც“ სწორედ იმაზე აკეთებს გათვლას, რომ ასეთი კანონმდებლობის პირობებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ხელისუფლების წინააღმდეგ არ შეიქმნება ოპოზიციური ბლოკი და „ოცნება“ მშვიდად გაიმარჯვებს.
თუმცა დღეს სხვა თემებზე გვინდა თქვენი ყურადღების გამახვილება. მაშინ, როცა ხელისუფლება, კერძოდ კი ირაკლი კობახიძე, გვიმტკიცებს, რომ „ერთკაციან“ პარტიებს ბიუჯეტიდან ფული არ უნდა ჰქონდეთო, საქმით სრულიად სხვას აკეთებენ. რატომღაც, ყოველივე ეს არ ეხება „ქართული ოცნების“ სატელიტ პარტიებს, რომლებიც ისეთივე „ერთკაციანები“ არიან, როგორც იგივე ბაჩუკი ქარდავასა და ჯოჯუას პარტიები.
შეგახსენებთ, რომ „ოცნების“ ორბიტაზე ოთხი პლიტიკური პარტია ტრიალებს. ესენია: „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ გია ჟორჟოლიანის მეთაურობით; გია გაჩეჩილაძე თავისი „მწვანეთა პარტიით“; „კონსერვატორები“ ზივად ძიძიგურით და „მრეწველები“ მამა-შვილ ტყემალაძეებით. აი, ამ ოთხი პარტიისთვის „ოცნებას“ არაფერი ენანება. მიუხედავად იმისა, რომ მათ არჩევნებში 1%-ც კი არ მიუღიათ, იმისთვის, რომ საარსებო საშუალება არ მოაკლდეთ, სპეციალურად მათთვის დაიწერა კანონი, რომლის ძალითაც თითოეული ეს მუქთახორა პარტია 2020 წლიდან 734 ათას ლარს მიიღებს წელიწადში. „მრეწველები“ კი ამ ფულს გაცილებით მალე, კანონის დამტკიცებისთანავე მიიღებენ.
ყველასთვის ნათელი რომ იყოს, თუ რა ვირეშმაკობასთან გვაქვს საქმე, მივყვეთ თანმიმდევრობით: მაშ, ასე! ორი კვირის წინათ „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც პარლამენტში გაიყვანს, თუნდაც, ერთ მაჟორიტარს მაინც და ეს მაჟორიტარი პარლამენტში შექმნის ფრაქციას, ამ მაჟორიტარის გამყვანი ფრაქცია მიიღებს 734 ათას ლარს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად.
რისგან შედგება დაფინანსება?(?!) ეს გახლავთ 300.000+300.000+134.000=734.000-ს ლარს.
პირველი 300.000 ესაა „ფრაქციის დაფინანსება“, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყოფა მხოლოდ იმის გამო, რომ შეიქმნა ფრაქცია.
მეორე 300.000 ესაა „საბაზისო დაფინანსება“, რომელსაც იღებენ პარტიები, რომლებიც არჩევნებში კვალიფიციურობისთვის საჭირო ბარიერს გადალახავენ. ცნობისთვის: ესაა 3%-იანი ბარიერი, რომელიც „ოცნების“ არც ერთ სატელიტს არ გადაულახავს.
მესამე კომპონენტი _ 134.000 _ ესაა „გენდერული კვოტა“. პარტია, რომელიც მოიპოვებს საბაზისო დაფინანსებას, ანუ გადალახავს კვალიფიციურობის ბარიერს, აქვს შანსი, მიიღოს 134.000 ლარი, თუ მის საარჩევნო სიაში ყოველ მესამედ ქალბატონი იყო ჩაწერილი. ეს ნიშნავს, რომ პარტიამ დაიცვა გენდერული კვოტა და მას ეკუთვნის წამახალისებელი პრემია.
ყველაფერი ერთად კი 734.000 ლარი გამოდის წელიწადში, ოთხი წლის განმავლობაში კი (არჩევნებიდან არჩევნებამდე) ეს თანხა 3 მილიონამდე ადის.
ყველაზე ნათელი მაგალითი ამ თვალსაზრისით „მრეწველთა“ პარტრიაა. „მრეწველებმა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-ც ვერ მიიღეს, მათი შედეგი 0.78% იყო, თუმცა „ოცნების“ დახმარებით, რომელმაც აღარ ისურვა, რომ ხაშურში ყველა მხრიდან დისკრედიტებულ ვალერი გელაშვილს გაემარჯვა, მაჟორიტარობა „მრეწველთა“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ მოიპოვა. ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ იწყება: „ქართულმა ოცნებამ“ სიმონ ნოზაძეს 5 თავისი დეპუტატი იმისთვის ასესხა, რომ ფრაქცია „მრეწველები“ შეექმნათ სიმონ ნოზაძის თავმჯდომარეობით. ამ მომენტიდან პარტია „მრეწველებს“ ანგარიშზე, როგორც საპარლამენტო ფრაქციის მქონე პარტიას, ერიცხება 300.000 ლარი, ორი კვირის წინ მიღებული კანონით კი დამატებით _ 434.000 ლარი.
ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რა წონა აქვს პარლამენტის თავმჯდომარისა და მთელი მისი უმრავლესობის სიტყვას, რომელიც ერთი ხელით, დაფინანსების გარეშე ტოვებს ოპოზიციური სპექტრის 80%-ს, ხოლო მეორე ხელით სამ მილიონს ჩუქნის თავის სატელიტებს?!
თუმცა მეგობარი პარტიებისთვის სამ-სამი მილიონის ჩუქება ამ ახლად მიღებული კანონის მთავარი მიზანი არაა. მთავარი ისაა, თუ როგორი პარლამენტი უნდა, რომ მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
სატელიტური პარტიები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, დიდი ხანია, უკვე „ოცნების“ ზურგზე პარაზიტობენ. არც ხმები მოაქვთ, არც რაიმე პოზიტივი, მაგრამ „ოცნების“ საარჩევნო სიაში ადგილებს კი იკავებენ. ამ კანონის მეშვეობით რეალობა შეიცვლება. დიდი ალბათობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდებიან ზვიად ძიძიგური, გია ჟორჟოლიანი, გია გაჩეჩილაძე და ზურაბ ტყემალაძე. მათ, სავარაუდოდ, სხვადასხვა ოლქში ვიხილავთ მაჟორიტარობის კანდიდატებად. „ოცნება“ ყველანაირად დაეხმარება მათ გამარჯვებაში, აი, ისე, სალომე ზურაბიშვილსა და სიმონ ნოზაძეს რომ დაეხმარა და გაამარჯვებინა ხაშურსა და მთაწმინდაზე.
შემდგომ ამ მაჟორიტარებს ასესხებს ხუთ-ხუთ დეპუტატს და შეაქმნევინებს ფრაქციებს, დანარჩენს კი უკვე კანონი გააკეთებს, ანუ 3 მილიონი ოთხ წელიწადში თითოეულ მათგანს გარანტირებული ექნება. გარდა ამისა, ვერც ერთი ეს სატელიტი გვერდით გახედვასაც ვერ გაბედავს, რადგან როგორც კი რომელიმე მათგანი „ოცნებას“ რამეში არ დაეთანხმება, ნასესხები დეპუტატები მაშინვე ჩამოერთმევა და სამი მილიონიც ერთ წამში გაქრება.
არის კანონები, რომელიც ბევრი მიზეზის გამო შეიძლება არ მოგწონდეს. არის ისეთი კანონები, რომელიც იმდენად ცუდია, რომ დრაკონულს უწოდებენ. ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს კანონთან, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ „კანონი პოლიტიკური კორუფციის დაკანონების შესახებ“. ბიუჯეტიდან 12 მილიონის (შეიძლება მეტისაც) ასე უტიფრად მოპარვა და ფურცელზე არსებული მეგობარი პარტიებისთვის დარიგება ქართული პარლამენტარიზმის პარაქტიკაში ჯერ არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ წელიწადში საქართველოს ბიუჯეტს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრის დაფინანსება მხოლოდ 9 მილიონი ლარი უჯდება.
რაც მთავარია, თავად „ოცნებაში“ შესანიშნავად ხვდებიან, როგორი დანაშაულებრივი კანონი მიიღეს და ყველანაირად ცდილობენ, დამალონ ის. კანონპროექტს ჯერ იმ დროს უყარეს კენჭი მესამე მოსმენით, როცა სხდომათა დარბაზში არც ერთი ოპოზიციონერი არ იმყოფებოდა; მაქსიმალურად დაუმალეს იგი პრესას; რამდენიმე დღის განმავლობაში არ დებდნენ ინფორმაციას პარლამენტის გვერდზე; ერთი კვირის განმავლობაში არ უგზავნიდნენ კანონს ხელმოსაწერად პრეზიდენტს. მოკლედ, რა აღარ სცადეს, მაგრამ ამაოდ. „ქართულ ოცნებაში“ ხშირად ავიწყდებათ, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც, ჯერ კიდევ, მაშინ იყვნენ პოლიტიკაში, როცა მდინარაძე და ჩუგოშვილი ლაპარაკს სწავლობდნენ.
ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე მიმართეს პრეზიდენტს მოთხოვნით, ვეტო დაადოს კანონს, რომელიც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ფლანგვას აკანონებს ქვეყანაში.
ვიცი, ახლა ბევრი იტყვის, _ რა აზრი აქვს ამ ვეტოს?.. დაძლევა გაუჭირდებათ თუ რა?.. ყველა, ვინც ამას იტყვის, აბსოლუტურად მართალი იქნება, რადგან ჯერ არავის უნახავს ვეტო, რომლის დაძლევაც უმრავლესობას გაუჭირდა. ანდა როგორ უნდა გაუჭირდეს, როცა საქართველოში ყველაზე აბსურდული კანონმდებლობა გვაქვს ვეტოსთან დაკავშირებით?!! პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სჭირდება ზუსტად იმდენივე დეპუტატი, რამდენიც კანონის მისაღებადაა საჭირო, ანუ 76.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში ვეტოს დაძლევას გაცილებით მეტი დეპუტატი სჭირდება, ვიდერე კანონის მიღებისთვისაა საჭირო. სხვაგვარად ვეტო აზრს კარგავს და ვიღებთ ისეთ აბსურდს, როგორიც საქართველოში გვაქვს.
და მაინც, არის ერთი მიზეზი, რის გამოც ვეტოს დადება საჭირო და აუცილებელია: როგორც აღვნიშნე, „ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, მიაჩუმათოს და გააპაროს ეს არაპოპულარული კანონი ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაიგოს იმის შესახებ, თუ როგორ აკანონებს ხელისუფლება პოლიტიკურ კორუფციას. თუ გავითვალისწინებთ, რომ მედიასაშუალებების აბსოლუტურ უმრავლესობასაც ხელისუფლება აკონტროლებს, ამ მიზნის მიღწევა ივანიშვილის გუნდისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
აი, ვეტო კი, ასეთ შემთხვევაში, შესანიშნავი საშუალებაა თემის გასააქტიურებლად. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს, მას ვეღარ მიაჩუმათებენ და დამალავენ. სურს თუ არა ეს „ოცნებას“, კანონთან დაკავშირებით დებატები აუცილებლად უნდა წარიმართოს, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ვეტოს მიზეზებზეც და მოტივირებულ შენიშვნებზეც; შემდეგ უმრავლესობამ, რომელიც დაძლევს ვეტოს, უნდა ახსნას და განმარტოს, რატომ დაძლია ვეტო და რა არგუმენტები აქვს იმის სასარგებლოდ, რომ მისმა სატელიტებმა სამ-სამი მილიონი უნდა მიიღონ ბიუჯეტიდან ისე, რომ 1% მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეთ მოსახლეობაში.
ხელისუფლება მედალივითაა. მასაც ორი მხარე აქვს. ერთი მხარე ძალაუფლებაა, რომელიც მაგნიტივით იზიდავს ყველას და საშუალებას გაძლევს, განახორციელო შენი იდეები, პროექტები და დაპირებები. მედლის მეორე მხარე კი ისაა, რომელსაც ყველა გაურბის, მაგრამ, საბოლოოდ, ვერავინ ვერსად გაჰქცევია ჯერ, ესაა _ პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთე და რასაც აკეთებ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
აი, სწორედ ეს პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ხელისუფლებამ, რომელიც პოლიტიკურ კორუფციას აკანონებს ქვეყანაში. როცა მთელი ქვეყანა გაიგებს და დაინახავს, როგორი ორმაგი სტანდარტებით მანიპულირებს პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ სპექტრთან კანონმდებლობით იმისთვის, რომ გაანადგუროს კონკურენტი და წაახალისოს სატელიტი, პასუხისმგებლობაც ასეთ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე გარდაუვალი გახდება.
პოლიტიკურ კულუარებში დადებითი მოლოდინია ვეტოსთან დაკავშირებით. მაღალი ალბათობით გიორგი მარგველაშვილი თავის ამ უფლებას გამოიყენებს და კანონს ვეტოს დაადებს, რითაც კიდევ ერთხელ შეახსენებს თავს საზოგადოებას. „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმას გაიძახის, მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიას ატარებს და მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის ემზადებაო. მართალია, თავად მარგველაშვილს საამისო ბევრი არაფერი ეტყობა, მაგრამ თუ ასეთ რამეს გულში მაინც მღერის, ვეტოს დადება და გააქტიურება აუცილებელიცაა. განსაკუთრებულად ეფექტიანი იქნება, მარგველაშვილმა თავის ყოველწლიურ ანგარიშს რომ დაურთოს ვეტო _ ასე პრეზიდენტი პარლამენტში მხოლოდ ზოგადი საუბრისთვის კი არ მივა, არამედ მთელ ვეტოს მიიტანს და მოტივირებულ შენიშვნებსაც წარმოადგენს. როგორც არ უნდა იყოს, ეს მოტივირებული შენიშვნები ერთადერთი საშუალებაა, პრეზიდენტმა თავისი ინიციატივა პარლამენტს წარუდგინოს.
როგორ გამოიყენებს პრეზიდენტი და გამოიყენებს თუ არა საერთოდ ვეტოს უფლებას, ამას მიმდინარე კვირაში ვნახავთ, თუმცა ის, რომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მას ბევრჯერ მოუწევს იმის ახსნა, თუ რას აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამას მარჩიელობა არ სჭირდება. „ქართულ ოცნებაში“ თითქმის ყველა დეპუტატი ხომ თავის პირდაპირ მოვალეობად მიიჩნევს, ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნოს. ბოლო ოთხ წელიწადში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით კი ბიძინას სიამოვნება მარგველაშვილის გაკრიტიკებაა. ასე რომ, უმრავლესობა თავს არ დაზოგავს.
საპარლამენტო უმრავლესობას რომ თავი დავანებოთ, მარგველაშვილს თავისი პოზიციის დაფიქსირება ისედაც გვარიანად დააგვიანდა. კულუარებს უკვე დიდი ხანია გასცდა მისი პოზიცია, რომ ჯერ „ქართული ოცნების“ კანდიდატის დასახელებას დაველოდები და მერე გადავწყვეტ, ვიყარო თუ არა კენჭიო. ასეთი უხერხემლო პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, ყველანაირ ლოგიკასაა მოკლებული და არაფერს წარმოაჩენს გარდა შიშისა. ასეთი კაპიტულანტური წინაპირობებით გადამწყვეტ ბრძოლაში შესვლა წარმატების მომტანი ნაკლებად იქნება.
მარგველაშვილის პოზიცია იმის თაობაზე, აპირებს თუ არა, კენჭი იყაროს პრეზიდენტობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის. როგორც ჩანს, ოპოზიციაში „დიმიტრი გელოვანი“, რომელსაც ყველა დაუჭერს მხარს, ჯერ ვერ იპოვეს, ამიტომ ბევრი უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ მზადაა, მარგველაშვილს ამოუდგეს გვერდით და ერთიანი კანდიდატის პროექტი სწორედ მოქმედი პრეზიდენტის გარშემო განახორციელოს.
რაც შეეხება საერთო კანდიდატის გარშემო ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას, ამ პროექტის დადებით მხარეებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ განხორციელება, როგორც ჩანს, მართლა ძალიან რთულია. ოპოზიციის წინაშე დგას ურთულესი ამოცანა. პირველი: მათ ამომრჩეველი უნდა დაარწმუნონ, რომ ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია არჩევნებით. მეორე: ოპოზიციის მიერ დასახელებული საერთო კანდიდატი შეძლებს „ოცნების“ კანდიდატის დამარცხებას. ოპოზიციამ ეს თუ ვერ ქნა, ამომრჩევლის მოტივირება, წავიდეს არჩევნებზე, ძალიან გაჭირდება. თუმცა თუ ეს მოხერხდა, მაშინ ოპოზიციას რეალური შანსი უჩნდება, რომ არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც მოიგოს.
საქართველოში ჯერ არასდროს ამდენი არ უსაუბრიათ და უმუშავიათ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატზე შესათანხმებლად. დღესდღეობით, საპრეზიდენტო არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიებისთვის გაცილებით იოლია ერთობის ჩამოყალიბება, ვიდრე სხვა არჩევნებზე და აი, რატომ: საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული შედეგი არ განსაზღვრავს პარტიის კვალიფიციურ სტატუსს. ანუ როგორი შედეგიც არ უნდა მიიღოს პარტიის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებზე, პარტიას ამით არც ყოველთვიური საბიუჯეტო დაფინანსება ენიშნება, არც კომისიის წევრები და არც უბნებზე წარმომადგენლები ემატება. ასე რომ, განსხვავებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისგან, პარტიებს არ აქვთ განსაკუთრებული ინტერესი, დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. საბოლოო ჯამში, ეს მათთვის მხოლოდ ხარჯია და სხვა არაფერი. არადა, მონაწილეობა პოლიტიკურად აუცილებელია, რადგან თუ პარტიას სერიოზული ამბიციები და განაცხადები აქვს, ყველა არჩევნებში უნდა მონაწილეობდეს და სერიოზულ კანდიდატებსაც წარადგენდეს.
საპრეზიდენტო ერთიან კანდიდატზე შეჯერება კიდევ იმიტომაა პოლიტიკურად იოლი, რომ აუცილებლობა არ დგას, შეიქმნას ბლოკები და კოალიციები. ყველას ესმის, რომ იდეოლოგიური თუ პოლიტიკური განსხვავებების გამო ბევრი პარტია არათუ ერთ გაერთიანებაში, ერთ პრესკონფერეციაზეც ვერ დგება გვერდიგვერდ. საპრეზიდენტოზე კი ეს სულ არაა საჭირო. საკმარისია, პარტიები კანდიდატზე შეთანხმდნენ და შემდეგ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია ინდივიდუალურად გამოუცხადებს მას მხარდაჭერას და ყველა პარტია თავის ამომრჩეველთან იმუშავებს საერთო კანდიდატისთვის ხმების მოსაზიდად. ასევე, სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიები არ წარმოადგენენ საარჩევნო სიებს, რაც ტრადიციულად მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს ნებისმიერი ერთობისთვის.
მიუხედავად ამდენი, ერთი შეხედვით, ხელის შემწყობი ფაქტორისა, ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას მაინც ბევრი სირთულე ახლავს. ყველაზე მთავარი მათ შორის არის სწორედ პრეზიდენტობის კანდიდატი. ყველა არჩევნებზე ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თუ კოალიციისთვის ერთი და იგივე დილემა დგას, _ რა ვუყოთ პოლიტიკურ ამბიციებს? როგორ დავუთმოთ გზა სხვას? ვინაა ჩემზე უკეთესი? და ა. შ.
მარგველაშვილი იმით, რომ ვერა და ვერ დააყენა საშველი თავისი პოზიციის გაჟღერებას, დათვურ სამსახურს უწევს მთლიანად ოპოზიციას. მარგველაშვილის პასუხის მოლოდინში შეიქმნა ერთგვარი სტაგნაცია, რომელიც უაზროდ დიდხნიან პაუზაში გადაიზარდა. შედეგად, აღარ მიმდინარეობს ერთიანი ოპოზიციური კონსულტაციები, იქმნება ახალ-ახალი, ოღონდ გაცილებით პატარა გაერთიანებები, ზოგიერთი პარტიის ლიდერი უკვე აშკარად გადავიდა აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე. ერთი სიტყვით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რაც არაერთხელ გვინახავს _ ბევრი ოპოზიციური კანდიდატი ხლეჩს და აქუცმაცებს ოპოზიციის ხმებს და, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
მარგველაშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი, ამ დაქსაქსვას ბოლო მოუღოს. საკუთარი გადაწყვეტილების გასაჟღერებლად კი იმაზე უკეთეს ადგილს, ვიდრე საპარლამენტო ტრიბუნა და პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვაა, იგი ვერ იპოვის. მას სულ ოდნავი სიმხნევე იმან მაინც უნდა შეჰმატოს, რომ, თავის მხრივ, უკიდურესად მძიმედ აქვს საქმე „ქართულ ოცნებასაც“. ფაქტია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურაზე ჩამოყალიბებას აქაც ვერ ახერხებენ. საკადრო კრიზისი იქამდეა გამწვავებული, რომ თვით ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე, იყაროს კენჭი პრეზიდენტად, უკვე ოთხმა ადამიანმა თქვა უარი.
ერთი შეხედვით, რა სჯობია დღეს პრეზიდენტობას. მართალია, არავითარი ძალაუფლება, სამაგიეროდ, არც არავითარი პასუხისმგებლობა. მხოლოდ და მხოლოდ კომფორტი და უდარდელი ყოფა სახელმწიფოს ხარჯზე: მაღალი ხელფასი, დაცვა, ესკორტი, მოგზაურობები უცხოეთში და ყოველივე ეს არა ხუთი, არამედ ექვსი წელი, 2024 წლის ჩათვლით.
თუმცა ქართულ რეალობაში ამას ემატება ერთი აუცილებელი ვალდებულება _ ვალდებულება, იყო ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი და იდგე უკანა თათებზე მისი წყალობის მოლოდინში. ჯერჯერობით, ამის მსურველი ვერ იპოვეს.

დემნა ვეშაპიძე