მთავარი პოლიტიკა საქართველოს ოკუპაციის ახალი რუსული გეგმა

საქართველოს ოკუპაციის ახალი რუსული გეგმა

343
0
გაზიარება

სვანეთი, რაჭა, პანკისი _ ეს საქართველოს იმ რეგიონების არასრული ჩამონათვალია, სადაც ბოლო დროს ჰესების საწინააღმდეგო ამბოხებამ იფეთქა. ამბოხება, შესაძლოა, მძაფრი ნათქვამია, მაგრამ საქმის ვითარებაში ზედმიწევნით კარგად გარკვეულები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს და ჰესების მშენებლობას მაინც გააგრძელებს, მოსახლეობა საკუთარ პოზიციას სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს.

სხვათა შორის, არცთუ შორეულ წარსულში, ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, „ოცნების“ ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება სწორედ დიდი ჰესების და ე. წ. ენერგოკასკადების მშენებლობის შეჩერება იყო. მეტიც: ამ თემაზე, მაშინდელი „მე-9 არხის“ დაკვეთით, საგანგებო დოკუმენტური ფილმიც კი მომზადდა, თუმცა „ოცნებას“, როგორც სხვა, ეს დაპირებაც დაავიწყდა და დღეს მმართველი ელიტა აცხადებს, რომ ქვეყანაში 150 ჰესი აშენდება.
მოგეხსენებათ, მედალს ორი მხარე აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი მხარე ის გახლავთ, რომ ჰესებმა ქვეყანა შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფის პირას დააყენოს, მეორე მხარე კი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა, ანუ როგორც ჰესებისტები ამბობენ, თუ გვინდა, რომ რუსული გავლენებისგან გავთავისუფლდეთ, მძლავრი ენერგეტიკა უნდა გვქონდეს.
ამ მსჯელობაში ლოგიკა, რასაკვირველია, არის, თუმცა „ქრონიკა+“-ს კარგად ინფორმირებული წყარო ეუბნება, რომ ჰესომანიის კვალი _ არც მეტი, არც ნაკლები _ პირდაპირ კრემლამდე მიდის, კერძოდ, რუსეთის პოლიტიკური ელიტაა დაინტერესებული, რომ საქართველო ჰესების კასკადებით დაიქსელოს.
ახლა არ იფიქროთ, რომ რუსები ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავენ! ამის დაშვება, რასაკვირველია, ნონსენსია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20% „ჩრდილოელ დათვს“ აქვს ოკუპირებული. პარალელურად, საქართველოში რუსული პროპაგანდაც იზრდება და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღე არ გავა, ოკუპირებული შიდა ქართლიდან ოკუპანტებმა ქართველი არ გაიტაცონ. აღარაფერს ვამბობთ ტატუნაშვილისა თუ ოთხოზორიას მკვლელობებზე!
მაშ, რა ამოძრავებს კრემლს და რატომ ესწრაფვის საქართველოში ჰესების მშენებლობას?
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ეს ე. წ. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობისგან დაცლაა და მეტი არაფერი.
მართალია, ამ ვერსიის დოკუმენტური მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ჰესების აბსოლუტური უმრავლესობა, დიახ, სწორედ ისეთ რეგიონებში შენდება, რომელიც რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება.
ავიღოთ, მაგალითად, პანკისის ხეობა. იგი ე. წ. მეორე ჩეჩნური ომის შემდეგ კრემლის პირდაპირი სამიზნე გახდა: მოგეხსენებათ, 1999 წლის გროზნოს მოვლენების ბოლოს ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს მოაწყდნენ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, რუსებმა, პუტინის უშუალო დავალებითა და მითითებით ჩეჩნებს საქართველოსკენ დერეფანი მიზანმიმართულად გაუკეთეს. ამ „მიზანმიმართულობის“, როგორც იტყვიან, ძაღლის თავი კი იქ იყო დამარხული, რომ პანკისი ცხელ წერტილად ქცეულიყო. თუ 90-იანი წლების მიწურულის პანკისის მოვლენებს გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ პუტინის მიზანმა საშუალება გაამართლა _ ხეობა კრიმინალების თავშესაფრად მოინათლა, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, პრაქტიკულად, აღარ ვრცელდებოდა.
სხვათა შორის, ამ კონტექსტში საინტერესოა „ქრონიკა+“-ის წყაროს მონათხრობი, რომელიც იმ დროს ხელისუფლების მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და რომლის თქმითაც, თავდაპირველად ნავარაუდევი და გათვლილი იყო, რომ ჩეჩენი ლტოლვილები ჟინვალში დასახლებულიყვნენ.
რატომ მაინცდამაინც ჟინვალი? _ ამის მიხვედრას დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდება: „ჟინვალჰესი“ საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. ამასთან, „ჟინვალჰესი“ თბილისიდან 60-70 კილომეტრში მდებარეობს. ჟინვალის წყალსაცავი თბილისის წყლით მომარაგებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
ცნობისთვის: „ჟინვალჰესის“ მშენებლობა გასული საუკუნის 70-იან წლებში, ე. ი. გაგანია კომუნისტურ ეპოქაში დაიწყო და 80-იან წლებში დასრულდა. ეს ის დროა, როცა საქართველოს თავიდან ბოლომდე კრემლი აკონტროლებდა. ჟინვალის, ასე ვთქვათ, ჰიდროკომპლექსმა მე-12 საუკუნის ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია შთანთქა, ანუ წყალმა ეროვნული საგანძური დატბორა!
რაც შეეხება ჩეჩენი დევნილების ჟინვალში ჩასახლებას, აი, რას იხსენებს „ქრონიკა+“-ის წყარო:
„…შევარდნაძის მთავრობის ერთ-ერთი წევრი დაჟინებით ითხოვდა, რომ გროზნოდან დევნილი მოსახლეობა და ასევე ჩეჩენი მებრძოლები დუშეთის რაიონის სოფელ ჟინვალში დაბანაკებულიყვნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭო საგანგებოდ შეიკრიბა… ედუარდ შევარდნაძე, პრინციპში, თანახმა იყო, რომ ჩეჩენი დევნილები ჟინვალში ჩაგვესახლებინა, მაგრამ მცხეთა-მთიანეთის მაშინდელმა გუბერნატორმა, კობა ბუჩუკურმა, განაცხადა, რომ ჩეჩნების ჟინვალში ჩასახლებით საქართველო ორად გაიყოფოდა. მას სხვებმაც აუბეს მხარი. სწორედ უშიშროების ამ საბჭოს საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ გილაევი ხევსურეთიდან, შემოვლითი გზებით, პანკისში გადასულიყო.
იმაზე საუბარი, თუ რატომ გაყოფდა საქართველოს ორად ჩეჩნების ჟინვალში ჩასახლება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთს გეტყვით:
რუსები დღესაც ირწმუნებიან, რომ ჩეჩენი ტერორისტები საქართველოს აფარებენ თავს, რამდენიმიე წლის წინათ კი პანკისი ტერორიზმის ცენტრად სახელდებოდა და რუსი სამხედრო პირები ხეობის დაბომბვითაც იმუქრებოდნენ. ალბათ, გახსოვთ, ახმეტის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ყალბი ჭურვებიც ჩამოყარეს.
ერთი სიტყვით, ჩეჩნები ჟინვალში რომ ყოფილიყვნენ და რუსებს იქაურობა დაებომბათ, ჟინვალის წყალსაცავიდან გადმოსული წყალი სასტუმრო „ივერიამდე“ მოაღწევდა და ნახევარი თბილისი დაიტბორებოდა…“
ასე და ამგვარად, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს რუსული დივერსია ჩავარდა, თუმცა, როგორც ჩანს, კრემლი თავისას არ იშლის და „ძველი გეგმის“ ახლებურად ამუშავებას ცდილობს, _ უნდა, რომ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონები ჰესებით „გადაჭედოს“, თუმცა ვიდრე ამ თემას გავშლით, აქვე, უმჯობესია, 2008 წლის აგვისტოს ომი გავიხსენოთ.
რა მიზანი ჰქონდა აგვისტოს 5-დღიან ომს? _ ამ თემაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, თუმცა საკითხი, რომელსაც ახლა შევეხებით, წინა პლანზე თითქმის არასოდეს წამოწეულა. კერძოდ, საუბარი იმაზეა, რომ აგვისტოს ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში კრემლის ენერგეტიკული ინტერესების გაძლიერება იყო.
ამ მოსაზრებას ანალიტიკოს ზურაბ გამრეკელის წერილიც ადასტურებს, რომელიც ქართულ მედიაში რამდენიმე წლის წინათ გამოქვეყნდა, თუმცა პოლიტიკურმა ელიტამ ყურადღება არ მიაქცია:
„ბევრი ექსპერტი ცდილობს, გაარკვიოს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსების მთავარი მიზანი ჰიდროკარბონების ინფრასტრუქტურა იყო თუ ეს ობიექტები ინტერვენციის „თანმდევი მსხვერპლი“ გახდა?
საერთოდ, საკითხავია, თუ რამდენადაა შესაძლებელი ტრანზიტის შეფერხება ომის განახლების შემთხვევაში? ექსპერტები აღიარებენ, რომ XXI საუკუნის დასაწყისის „ფერადი რევოლუციების“ შემდეგ რუსეთის ხელისუფლება „გაზპრომს“ პოლიტიკურ „ენერგოიარაღად“ იყენებს. ევროპის სახელმწიფოებზე მონოპოლიური ენერგოშანტაჟის გარდა სწორედ ეს რუსული სახელმწიფო კომპანია აწვდის „უფასო“ ენერგიას სეპარატისტულ რეგიონებს, მათთვის მილსადენებიც გაჰყავს (მაგალითად, 2009 წლის ზაფხულში ე. წ. სამხრეთ ოსეთში „ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის“ მშენებლობის დასრულება). ასეთი „ბიზნესი“ მოსკოვის მხრიდან, უკანონო პრივატიზების გვერდით, არაღიარებული ტერიტორიების ეკონომიკური გამოცოცხლების წახალისების უმთავრესი საშუალებაა.
უკანონო პრივატიზების მსგავსად სეპარატისტული ტერიტორიების „უფასო“ ენერგომომარაგებაც სრულიად გაურკვეველ და ბუნდოვან ხელშეკრულებებსა თუ საკანონმდებლო-ნორმატიულ ბაზას ემყარება, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ზოგიერთ საერთაშორისო კრიმინალისტიკურ და ანტიკორუფციულ ორგანიზაციაში ს/ს „გაზპრომი“ განიხილება, როგორც ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური გაერთიანება.
ანალიტიკოსთა აზრით, რუსეთის ხელისუფლებას სეპარატისტული რეგიონების ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა („მედვედევ-პუტინის დოქტრინა“), ე. წ. საკუთარი მოქალაქეების მხარდაჭერის საბაბით, სხვა მიზნებისთვის სჭირდება. კერძოდ, ე. წ. სამხრეთ ოსეთის რუსული ინტერვენციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ რუსეთის უმთავრესი მიზანი საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის შეცვლა და საქართველოზე გამავალი მილსადენების გაკონტროლება იყო. შემთხვევითი არაა, რომ ევროკომისიამ 2008 წლის ოქტომბერში შემუშავებულ „მწვანე დოკუმენტში“ ხაზგასმით აღნიშნა: „…საქართველოში ამჟამად მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახვა, რომ ახლა ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის კრიტიკული დროა და ევროკავშირი მომარაგების უსაფრთხოებისთვის ძალისხმევის ინტენსიფიკაციას საჭიროებს“.
ამრიგად, ალტერნატიული მილსადენების გაყვანის გამო ევროკომისიის შეშფოთებას განაპირობებს არა იმდენად რუსეთის ენერგომატარებლების მოპოვებისა და სატრანზიტო შემოსავლების შემცირების გამო მოსკოვის გაღიზიანება, არამედ რუსეთის ალტერნატიული ენერგო-მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ევროკომისიამ 2008 წლის ბოლოს შემუშავებულ „ევროკავშირის მეორე ენერგომიმოხილვაში“ ხაზგასმით დააფიქსირა, რომ „სამხრეთის გაზის დერეფანი“ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების პრიორიტეტია.
მსგავსი დებულებაა ჩადებული „აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაშიც“, რომელსაც 2009 წლის დასაწყისში მოეწერა ხელი. სწორედ ამითაა განპირობებული ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრება, რომ საქართველოში 2008 წლის რუსული ინტერვენციის ერთ-ერთი მიზანი ანტიდასავლური „პეტრო-პოლიტიკა“, ანუ ალტერნატიული მილსადენების გაკონტროლება იყო. აქედან გამომდინარე, „ქარტიაში“ დაფიქსირდა, რომ „…ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ემყარება საერთო ინტერესებს, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოების მხარდაჭერით გამოიხატება“. ევროატლანტიკური ენერგეტიკული უსაფრთხოება საქართველოს ერთ-ერთი სტარტეგიული საგარეო-პოლიტიკური მიზანია. ეს დებულება ხაზგასმულია ქვეყნის 2006-2009 წლების საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაშიც, რომლის თანახმადაც, საქართველოსთვის რეგიონის ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფნად წარმოჩენა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, მისი დიპლომატიური სამსახურის უმთავრესი დანიშნულებაც, ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ენერგომატარებლების ახალი სატრანსპორტო მარშრუტების მოძიება და ევროატლანტიკური ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების დაჩქარებაა.
რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ზემოაღნიშნული მისწრაფების წამახალისებლად ვაშინგტონი და კავკასიაში რუსეთის ჩანაცვლების სურვილი მიაჩნია. აკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა, თავის დროზე, აშშ პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ უფრო აქტიურ ინფილტრაციაში დაადანაშაულა და ამის მკაფიო მაგალითებად უკრაინა და საქართველო დაასახელა. ამასთან, ლავროვის თქმით, თუკი რომელიმე ეს ქვეყანა ნატოში გაწევრიანდება, ევროპა დაიყოფა და რუსეთის საწინააღმდეგო ბლოკი შეიქმნება. მისივე აზრით, ნატოს გაფართოება იქნება „…არსებითად ნეგატიური გეოპოლიტიკური ნიშანი“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში ისეთი მილსადენების სისტემის არსებობა, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს, ასახავს თბილისის სურვილს, ჩამოშორდეს რუსეთის გავლენის სფეროს და შეამციროს მოსკოვზე დამოკიდებულება… ანალიტიკოსები ინტერვენციის ერთ შედეგზე უკვე შეთანხმდენ: მართალია, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, ერთი შეხედვით, არ იყო რუსეთის მთავარი მიზანი, მაგრამ ის სიადვილე, რითაც მისმა ჯარებმა შეძლეს ამ ინფრასტრუქტურამდე მიღწევა, საქართველოზე გამავალი მარშრუტების მოწყვლადობასა და მათ დაუცველობაზე მიანიშნებს. ამით მოსკოვმა აშკარად დაგვანახვა, რომ შეუძლია, თავისი გავლენა გაავრცელოს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ აზერბაიჯანსა და დასავლეთზეც.
ინტერვენციას ისიც მოყვა, რომ 2008 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის მთელი ნავთობი გადამისამართდა „ბაქო-ნოვოროსიისკის“ მილსადენზე, რომლის სრული დატვირთვით ამუშავებით რუსეთმა დასავლეთს აჩვენა, რომ კასპიის მთელი ჰიდროკარბონების ტრანსპორტირება შეუძლია.
ამრიგად, აგვისტოს ომის არაპირდაპირი შედეგი და სიმბოლიზმი მილსადენების პირდაპირი კონტროლი კი არა, საქართველოსადმი, როგორც არასტაბილური ტრანზიტორისადმი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა იყო. კონფლიქტის არსი, დასავლური ენერგოპროექტების რეპუტაციის შელახვასა და საკუთარი ენერგოპროექტების პროპაგანდასთან ერთად, ის გახლდათ, რომ რუსეთმა კასპიის რეგიონში თავისი პოზიციების დაბრუნება გადაწყვიტა (სატრანზიტო მარშრუტებზე კონტროლი ამ მოვლენის მხოლოდ ერთი-ერთი და არ ერთადერთი ასპექტთაგანია). ამასთან, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „მილსადენების ომით“ რუსეთმა შეძლო, გავლენა მოეხდინა აშშ-ის დამოკიდებულებაზე მის ახალ და ტრადიციულ პარტნიორებთან. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ახალმა ფაქტორმა გავლენა მოახდინა რეგიონში ძალთა ბალანსზე.
აგვისტოს ომის გარდა დასავლურ პროექტებზე გავლენა მოახდინა კასპიის ქვეყნებს შორის არსებულმა დაძაბულობამ: ჩინეთთან თურქმენეთისა და ყაზახეთის მზარდმა ენერგეტიკულმა პარტნიორობამ; აზერბაიჯანის რუსეთსა და ირანთან დაწყებულმა ენერგოკონტაქტებმა და აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობის შეკვეცამ. შედეგად მივიღეთ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შეფერხება და აზერბაიჯანის სურვილი, თურქეთის გვერდის ავლით დაუკავშირდეს ევროკავშირს. ესაა ენერგოპოლიტიკის ის ახალი მიმდინარეობები, რაც სამხრეთ კავკასიაში დღეს ხორციელდება“, _ აღნიშნავს ზურაბ გამრეკელი.
რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, „ქრონიკა+“-ის წყარო, რომელიც ჰესების საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად არის ჩართული და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ენერგეტიკოსი არ არის, ამბობს, რომ საკითხი კარგად შეისწავლა, კულუარული ინფორმაციაც მოიპოვა და დაასკვნა, რომ ჰესომანიის რეალური მიზანი რუსული ინტერვენციისა და ოკუპაციის გაღრმავება-გაძლიერებაა.
„მე რომ არ გითხრათ, ისედაც იცით, რომ საქართველოში ერთ-ერთი მთავარი ენერგობოსი ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელია, რომელთანაც ბიზნესპარტნიორობა თბილისის მერ კახა კალაძეს აკავშირებს. ჩემი ინფორმაციით, თითქმის ყველა ის კომპანია, რომელიც ჰესებს აშენებს, ნოღაიდელთან არის დაკავშირებული.
ზოგადად, ივანიშვილის კარზე ჰესების თემა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს ჰქონდა ჩაბარებული და, ალბათ, ახლაც ასეა…
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში ჰესების მშენებლობით პირდაპირ კრემლია დაინტერესებული, თუმცა ვიღაცები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ ჰესების არაშენება თითქოს რუსულ ინტერესებზე ასხამს წყალს.
ახლა რაც შეეხება თავად კრემლის მიზანს: ავიღოთ, მაგალითად, სვანეთი, სადაც ჰესების აშენების შემდეგ არა მარტო კლიმატი შეიცვლება, არამედ, მთლიანად სოფლები აიყრება, ანუ ეს რეგიონი დაიცლება და გაუკაცრიელებელ ტერიორიას ჩრდილოელი ერთმორწმუნე მეზობელი უფრო ადვილად დაეპატრონება.
იგივე სცენარი უნდა გათამაშდეს რაჭაში, პანკისსა და აჭარაში, ე. ი. ის, რაც რუსეთმა იარაღით ვერ შეძლო, ახლა იგივეს მიღწევას ვითომ კეთილშობილური მოტივით _ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობით ცდილობს, თუმცა ეს წმინდა წყლის ბლეფია.
სხვათა შორის, მთელ მსოფლიოში მცირე ჰესებსაც კი აღარავინ აშენებს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უჭირთ იმის გაგება, თუ რატომ უნდა ავაშენოთ დიდი ჰესები და კასკადები, რომლებიც რენტაბელური არასოდეს იქნება, როცა შეგვიძლია, მზისა და ქარის ენერგიის ტექნოლოგიები დავნერგოთ“, _ აღნიშნავს „ქრონიკა+“-ის წყარო და დასძენს, რომ მაგალითად, სვანეთში მშენებარე ჰესთან სახელმწიფოს კაბალური ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას დასჭირდება თუ არა ამ ჰესიდან კილოვატი ელექტროენერგია 8 ცენტად, 36 წლის განმავლოაბში აუცილებლად უნდა შეისყიდოს. ამასთან, ჰესის მფლობელ კომპანიას ეს თანხა იმ პერიოდშიც უნდა გადაუხადოს, ვიდრე ჰესის მშენებლობა დასრულდება.
„ეს ჩვეულებრივი შავი „ფულის გათეთრებაა“ და მეტი არაფერი“, _ ამბობს წყარო და დასძენს, რომ დღეს საქართველოში ჰესების მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და ზესარფიანი ბიზნესია.
მოკლედ, ჰესომანიას, როგორც ირკვევა, ორი მიზანი აქვს _ ცალკეული ადამიანების მხრიდან დიდი ფულის შოვნა და რუსული ოკუპაცია, თუმცა რუსული ოკუპაციის ფონზე საკუთარი ჯიბის გასქელება შესაძლოა, მოსატანიც არ იყოს!
იმას, რომ რუსეთი საქართველოს ეკონომიკურ ოკუპაციას ცდილობს, ეს უმთავრესად, ენერგეტიკაში გამოიხატება, რასაც „ქრონიკა+“-ს კიდევ ერთი წყარო უდასტურებს, რომელიც, თავის დროზე, უშიშროებაში ენერგეტიკული კუთხით მუშაობდა. წყარო ჩვენთნ საუბრისას ე. წ. ჩუბაისის გეგმას ახსენებს, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზაზე რუსული ეკონომიკური იმპერიის შექმნას გულისხმობს:
„წლების განმავლობაში კრემლი მეთოდურად ახერხებდა, რომ ქართულ ეკონომიკასა და ენერგოსექტორში შეეღწია და მასზე დამოკიდებული გაეხადა, ეს კი, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენთვის ნომერ პირველი საფრთხეა… თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსული ენერგოკომპანიების უკან სპეცსამსახური არ დგას, ძალიან ცდება. საერთოდ, როცა გინდა, რომ დაიმორჩილო და შენი პოლიტიკური ორიენტაციის გზაზე ატარო, ქვეყანაზე ზეგავლენა უნდა გქონდეს. ზეგავლენისთვის კი ყველაზე კარგი საშუალება ეკონომიკაა. ამიტომ, ვეჭვობ, რომ რამდენიმე წლის წინათ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოყვა, საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის წინაპირობა გახდება. ამასთან, ენერგომატარებლებზე რუსეთის გავლენის გაზრდა საქართველოს შიდა პოლიტიკის შეცვლასაც გამოიწვევს. აკი, ნელ-ნელა ასეც ხდება“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან პრივატული საუბრისას ქართველი სპეცსამსახურელი.
და კიდევ ერთი: ეჭვი, რომ ჰესების მშენებლობა რეგიონებიდან მოსახლეობის აყრას ისახავს მიზნად, პანკისის ხეობის ახალგაზრდებსაც აქვთ, რომლებიც საგანგებო განცხადებაში პირდაპირ წერენ:
„ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე ხეობის მკვიდრთ აქვთ განცდა, რომ პანკისის ხეობის ქისტებისგან დაცლის პროცესი აქტიურად ხელშეწყობილია, დაგეგმილი ჰესების კასკადების მშენებლობის შემთხვევაში კი პანკისის მოსახლეობა, მართლაც, იძულებული გახდება, დატოვოს ხეობა, რადგან ისედაც მძიმე ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას სერიოზული საფრთხე შეექმნება, პირველ რიგში, სასმელი წყლის დაბინძურების გამო და ალაზნის ხეობის ეკოსისტემა სრულიად შეიცვლება და განადგურდება“.
ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, სიფხიზლეა საჭირო!!!

P. s. კიდევ ერთი უცნაურობა, რომელიც ჰესების მშენებლობას ახლავს ისაა, რომ კერძო კომპანიის ინტერესებს სპეცრაზმით სახელმწიფო იცავს _ მოგეხსენებათ, სვანეთში ანტიჰესური მიტინგის დასაშლელად სახელმწიფომ სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა, რომელსაც ორსულმა გადაუღობა გზა. სვანები ამბობენ, რომ ძალოვნებმა პროტესტანტ ქალს ხელი იმიტომ ვერ ახლეს, რომ ის ისრაელის მოქალაქეა და საერთაშორისო სკანდალს მოერიდნენ.
ასეა თუ ისე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სახელმწიფო და კერძო კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ, ამ მოქმედების კვალი კი, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ჩრდილოეთამდე მივიდეს!

გიორგი აბაშიძე

 

დატოვეთ კომენტარი