ქართველი ვეტერანები სოციალური პრობლემების წინააღმდეგ

მეორე მსოფლიო ომის ამბებს ხშირად იხსენებს, მერე ნელა მიუყვება კიბეებს და დამსახურებისთვის მიღებული მედლებით იწონებს თავს, რომელიც გახუნებულ კოსტიუმს წლებია, უმშვენებს.

94 წლის ჟორა ბლუაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. მას და მის თანამებრძოლებს უცხო სიტყვათა ლექსიკონში ასეთი მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული: დიდხანს ნამსახური, ომგადახდილი მებრძოლი, დამსახურებული მუშაკი, მოღვაწე.
საქართველოს ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, ჩვენს ქვეყანას ბევრი ვეტერანი ჰყავს. არსებობს ვეტერანთა განსხვავებული კატეგორიები. მეორე მსოფლიო თუ სამოქალაქო ომმა ათასობით ადამიანი აქცია ვეტერანად.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, ვეტერანების, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა 69 205 ადამიანს შეადგენს.
დღეისთვის რეგისტრირებულია სხვადასხვა კატეგორიისა და ომის ვეტერანები, აქედან მეორე მსოფლიო ომის მონაწილე – 529 ადამიანი, მეორე მსოფლიო ომის შშმპ – 227, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული 2867 პირი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედების მონაწილე 31 941 ვეტერანი, ასევე ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, რომელთა რაოდენობა 2900-ს აჭარბებს.
გარდა ამისა, ვეტერანების სამსახურში სოციალური დახმარების მისაღებად რეგისტრირებულია სამხედრო ძალების 1112 ვეტერანი და 9 022 მარჩენალდაკარგულთა ოჯახის წევრი.
ვეტერანების უმეტესობა რეგიონებში ცხოვრობს.
სწორედ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში სისხლისა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ერის მთლიანობას და უსაფრთხოებას.
ყველა ქვეყანაში ვეტერანები საზოგადოების ღირსეულ და უმნიშვნელოვანეს წევრებად მიიჩნევიან, რომლებიც განსაკუთრებულ დაფასებასა და მზრუნველობას საჭიროებენ.
სწორედ ამისთვის აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ კარგი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეალიზების საშუალება, რაც დასაქმებასა და სხვა აქტივობაში გამოიხატება.
თუმცა დღეს ჩვენს ქვეყანაში ომის ვეტერანებს საკმაოდ ბევრ სოციალურ პრობლემასთან უწევთ გამკლავება.
მათ შორის უმთავრესი მაინც უმუშევრობა და მიზერული სოციალური დახმარებაა, რომელიც საარსებოდ არ არის საკმარისი.

ზვიად ბოკერია 1991 წლის სამაჩაბლოსა და 1992-93 წლების აფხაზეთის ომის ვეტერანია. ის უკვე წლებია, იღებს სოციალურ დახმარებას, თუმცა საუბრობს პრობლემებსა და სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების ნაკლებობაზე:
„ძირითადი პრობლემები რასთან გამკლავებაც ჩვენ, ვეტერანებს გვიწევს, საკმაოდ ბევრია. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია საზოგადოების მხრიდან უყურადღებობა. ვეტერანი ახსოვს მხოლოდ ვეტერანებს და იმ კატეგორიას, ვისი ოჯახის წევრს ან ახლობელს ჰქონია ომთან კონტაქტი.
სოციალურ დახმარებას რაც შეეხება, რომელსაც სახელმწიფოსგან ვიღებთ, საკმაოდ დაბალია და არაა საკმარისი დღევანდელ პირობებში საარსებოდ.
ვფიქრობ, რომ ვეტერანები ნაკლებად არიან დაფასებულები. აუცილებელია, მეტი ყურადღება მიექცეს ჩვენ პრობლემებს და ალბათ უმთავრესი ნაბიჯი, რაც ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს, ეს იქნება პენსიებისა და სოციალური დახმარების გაზრდა, რადგან არსებობისთვის ამ ეკონომიკურ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“.

ბატონი ზვიადის მსგავსად კიდევ ათასობით ვეტერანი და მათი ოჯახის წევრი იღებს სოციალურ დახმარებას სწორედ მათი ამ სტატუსის გამო. ეს დახმარება საკმაოდ მცირეა და უკვე წლებია, მხოლოდ და მხოლოდ, 22 ლარს შეადგენს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის კი _ 44 ლარს. ეს ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია გარკვეული წესის მიხედვით ენიშნებათ რეგისტრირებულ ვეტერანებს, რომელთა კატეგორიები განსხვავებულია, თუმცა 2009 წლიდან მოყოლებული ზოგიერთმა ვეტერანმა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს მცირედი დახმარებაც დაკარგა.
ასევე პრობლემად რჩება ისიც, რომ ვეტერანებს, რომელთაც ეს სტატუსი 2009 წლიდან მიენიჭათ, არ ერიცხებათ საყოფაცხოვრებო სუბსიდია 22 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სხვა სოციალურ დახმარებასა და შეღავათებს, რომელსაც ომის ვეტერანები სახელმწიფოს მხრიდან იღებენ, ზოგჯერ ერთჯერადია და ფორმალური, მათ შორის შეღავათები მგზავრობისას. ამ ბარათით სარგებლობა ვეტერანებს მხოლოდ თბილისში შეუძლიათ. ეს პრობლემას ართულებს რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის, რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია.
ვეტერანების უმეტესობას აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა, რაც ბუნებრივიცაა, ისევე როგორც ის ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც მათ ომში მიიღეს და დღემდე დაღად ადევს მათ ცხოვრებას.
სწორედ ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების სწორად და ეფექტიანად შეთავაზება ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.
საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის დადგენილების მიხედვით ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით სარგებლობენ: ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის, ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე), ოჯახის ან უბნის ექიმისა და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის: პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები და ა. შ.
ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, რომელიც სპეციალურად ითვალისწინებს ომის მონაწილეთა სამედიცინო მომსახურებას და იმ კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალს, რაც აუცილებელია ვეტერანების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში“ არსებულ საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარები.
მომსახურება ხორციელდება ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ბაზაზე.
მიუხედავად არსებული პროგრამებისა და გადადგმული ნაბიჯებისა, ყოველდღიურად მძიმდება ომის მონაწილეების სოციალური ყოფა და იზრდება მათი პრობლემების ჩამონათვალი.
წინა წლების მონაცამების თანახმად ვეტერანების 71% უმუშევარია, 26% კი სოციალურად დაუცველია და უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება.

ამ სოციალური პრობლემების კომპლექსურობასა და პრევენციის გზებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ვეტერანების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციის, ომის ვეტერანთა სოციალური უფლებების მულტინაციონალური ასოციაციის წარმომადგენელი _ ალექსანდრე გამგებელი:
„დღეს, როდესაც ომის ვეტერანების უმრავლესობა უმუშევარია, ისინი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან, არ აქვთ იმდენი ფინანსები, რომ წამოიწყონ ბიზნესსაქმიანობა, დასაქმდენ და ინტერესი მისცენ თავიანთ არსებობას. სახელმწიფომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შექმნან პროგრამები სოციალური მეწარმეობის, იმ ბიზნესების ხელშეწყობის, რომელიც არ მოითხოვს დიდ ფინანსურ ხარჯებს. ამ შემთხვევაში ძირითადად მოხდება იმ რესურსების გამოყენება, რომელიც არის სახელმწიფოს ბალანსზე და ჯერ არ გასხვისებულა.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ომის ვეტერანების დასაქმებასა და დამატებითი შემოსავლების შექმნაში. ბიზნესსაქმიანობის წარმატების შემთხვევაში ის ჭარბი თანხა, რომელიც მოგების სახით დარჩება, რეინვესტირდება ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
აუცილებელია ისეთი ბიზნესპროექტების ამუშავება, რომელიც შექმნის საკვებ პროდუქტს, რისი განაწილებაც შესაძლებელი იქნება დასაქმებულ საზოგადოებაზე, რეალიზაციისა და მოგების შემთხვევაში დარიგდება ხელფასის სახით. დარჩენილი სახსრების რეინვესტირება მოხდება წარმოების, ფერმერული მეურნეობებისა თუ სხვა ბიზნესპროექტში. ამ პროექტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოს ბიუჯეტიც მიიღებს გარკვეულ შემოსავლებს.
მსგავსი სოციალური პროექტები მრავალია და წარმატებულად ხორციელდება ევროპის ქვეყნებში და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სიახლეს, თუ სახელმწიფოს აქვს სურვილი, იზრუნოს ომის ვეტერანების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, აუცილებელია მან ხელი შეუწყოს სოციალური მეწარმეობის განვითარებას.
სანამ გვყავს სოციალურად დაუცველი თუნდაც ერთი ვეტერანი, ომის ვეტერანის დაფასებაზე ძნელია ლაპარაკი. ვეტერანი მაშინ იქნება დაფასებული, როდესაც პურის ფული სამათხოვრო არ ექნება. მომავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი იქნება სამხედრო სამსახური, ქვეყნის დაცვაც საამაყო იქნება…
ერთ-ერთი ასეთი სოციალურ-ეკონომიკური პროექტი, რომელიც თავისი არსით მიზნად ისახავდა ომის მონაწილე ვეტერანების დასაქმებასა და მათი შრომითი რესურსების რეალიზებას, ახლო წარსულში წარუმატებლად და, ცოტა არ იყოს, ბუნდოვნადაც დასრულდა“.

საუბარია „ვეტერანების სოფელზე“ გარდაბანში, რომელიც 2015 წელს იგეგმებოდა, თუმცა ჩაიშალა და დღემდე არაა განხორციელებული.
პროექტის იდეით გარდაბანში ომის ვეტერანებისთვის უნდა შექმნილიყო სოფელი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთი ტიპის დასახლებების ჩამოყალიბების მოდელად იქცეოდა. მისი სტრუქტურა უნდა დაფუძნებოდა ისრაელის მოდელ „მოშავს“, მაგრამ მისადაგებული უნდა ყოფილიყო მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჭიროებებთან.
„მოშავი“ მცირე საოჯახო მეურნეობების მესაკუთრეთა კოოპერატივია. პირველი „მოშავი“ 1921 წელს შეიქმნა, 1986 წლისთვის ისრაელში 448 ასეთი დასახლება არსებობდა, სადაც, დაახლოებით, 156 700 ადამიანი ცხოვრობდა და მუშაობდა.
რაც შეეხება „მოშავის“ ქართულ ვარიანტს, რომლის სავარუდო სახელადაც „გეორგია“ განიხილებოდა, განლაგებული უნდა ყოფილიყო ყოფილ სამხედრო დასახლება ,,პობედასა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 1400 ჰა მიწის ნაკვეთზე. აქ პროექტის მიხედვით 500-ზე მეტი ოჯახი დასახლდებოდა და სოფლის მეურნეობაში ჩაერთვებოდა.
ეს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტი საქართველოს მთავრობას დიდი თანხა დაუჯდა.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შექმნაში სახელმწიფომ 200 000 დოლარი დახარჯა. დღემდე უცნობია ამ თანხის ბედი და ის კონკრეტული მიზეზები, რის გამოც ვეტერანთა სოფლის პროექტი ჩაიშალა.
მთავრობა მსგავსი ტიპის 25 სოფლის აშენებას გეგმავდა, რომელსაც საქართველოს საზღვრის ყველა მიმართულება უნდა მოეცვა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტის შესახებ უარყოფითი დასკვნა წარმოადგინა. კერძოდ, სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ვერ მივიღეთ ზუსტი პასუხი, თუ რატომ დაიდო უარყოფითი დასკვნა და რა განსაზღვრავდა დამატებითი ფინანსური ვალდებულების მიზანშეუწონლობას.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საპარტნიორო ფონდმა ჩაატარა.
ფონდმა „ქრონიკა+“-ის კითხვებს უპასუხა და განმარტა:
„მთავრობის #599 (19/03/2015) განკარგულებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიეცა უფლებამოსილება განკარგულებით გათვალისწინებული შესყიდვის განხორციელებაზე, კერძოდ, საქართველოში ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო გაერთიანების შექმნის საპილოტე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების მომსახურების შესახებ.
შესაბამისად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის მომსახურების მიმწოდებლის შერჩევაში, მასთან ხელშეკრულების გაფორმებასა ან შემდგომ კონტროლში საპარტნიორო ფონდს არ მიუღია მონაწილეობა, ვინაიდან აღნიშნული არც განკარგულებით დაუვალებიათ საპარტნიორო ფონდისთვის და არც საპატნიორო ფონდის კომპეტენციას წარმოადგენდა.
ერთადერთი, რაც ფონდს დაევალა მთავრობის განკარგულებით, იყო: სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მომართვის საფუძველზე საპარტნიორო ფონდს უნდა დაეფარა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გადასახდელი მომსახურების ღირებულების 100%.
ამ პროექტის თაობაზე მთავრობის მხრიდან სხვა დავალება ფონდს არ მიუღია. შესაბამისად, პროექტის დაწყება, მისი შემდგომი განვითარება, კონტროლი ან მონიტორინგი არ წარმოადგენდა ფონდის ვალდებულებას და კომპეტენციას“.

მაშინ როცა საპარტნიორო ფონდი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურისკენ იშვერს ხელს, ისინი კი, თავის მხრივ, პროექტის წარუმატებლობის მიზეზად სოფლის მეურნეობის სამინისტროს უარყოფით დასკვნას ასახელებენ, კვლავაც უცნობი რჩება, რა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა ერთ-ერთი მასშტაბური სოციალური პროექტის შეწყვეტა მაშინ, როცა ის თავისი არსით ვეტერანების დასაქმებასაც შეუწყობდა ხელს და, ამავდორულად, საზღვრისპირა ტერიტორიებს სრულად აითვისებდა.

იგეგმება თუ არა ამ პროექტის სანაცვლოდ სხვა მსგავსი ტიპის აქტივობები ომის ვეტერანებისთვის და როგორი 2018 წელი ელით ომის მონაწილეებს ჩვენს ქვეყანაში, „ქრონიკა+“-ის კითხვებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უპასუხეს:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა უარყოფითი დასკვნა პროექტის შესახებ, კერძოდ, სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება.
ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევით წარმოდგენილი არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, აღნიშნული პროექტის განხორციელების დასაბუთებული შესაძლებლობა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ამ ეტაპზე, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო შემდგომი ღონისძიებების განხორციელება.
რაც ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, კომპანია Fortuna Holdings BV-ს დაუკავშირდა, მაგრამ თანამშრომლობაზე მათ უარი განაცხადეს..
რაც შეეხება 200 000 აშშ დოლარს, ეს თანხა კომპანია Fortuna Holdings BV-ს საპარტნიორო ფონდიდან ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის ჩაერიცხა. მოკვლევის სრული ანგარიში გადმოეცა მაშინდელ ხელმძღვანელობასაც და საპარტნიორო ფონდსაც.
რაც შეეხება კონკრეტულ შეღავათებს, რითაც სარგებლობენ ვეტერანები, არის სხვადასხვა ტიპის. მათ შორის მგზავრობაზე, ჯანდაცვასა და სხვა მომსახურებაზე. გარდა ამისა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თავისუფლდებიან საქართველოს მოქალაქის 32-გვერდიანი პასპორტისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მომსახურების საფასურის გადახდისგან. ჩვენი სამსახურის ძალისხმევით, ასევე, პერმანენტულად გადაეცემათ თანამედროვე ეტლ-სავარძლები გადაადგილების უნარმოკლებულ ყველა ვეტერანს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე ვეტერანებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სხვა დამხმარე საშუალებები: ხელ-ჯოხ ყავარჯნები, გადასაადგილებელი ჩარჩოები, სმენის აპარატები და სხვ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ხდება ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების წინასწარი ინფორმირება საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით (ქალაქი, რაიონი, სოფელი), დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე უტარდებათ C ჰეპატიტის სწრაფი ტესტი.
ასევე გამოცხადებულია ტენდერი მაგნიტორეზონანსული კვლევების დაფინანსებაზე.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივად დაზუსტებული სიების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ, ყოველი წლის 9 მაისს _ ფაშიზმზე გამაჯვების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ყოველ ვეტერანზე და ასევე მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება.
იგეგმება სხვა საშეღავათო პაკეტები, კლინიკებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ჩვენს ოფიციალურ საიტზე პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“.

გადადმული ნაბიჯები მრავლადაა, თუმცა პრობლემების სიმწვავე და გამოვლენის მასშტაბები მაინც მიუთითებს, რომ სამუშაო კიდევ ბევრია.

ანა ურუშაძე