მაგიდაასაყირავებელი შულერის „დაბრუნება“

25 აპრილი პინგვინების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა გასართობ შოუს აწყობენ. პინგვინების პატრონ ივანიშვილს ცხადია, დაენანა შოუში ფულის გადახდა, ადგა და თავად მოაწყო გასართობი შოუ _ პოლიტიკაში დაბრუნება გვამცნო. ამ შოუმ ხალხი ისე გაართო, ის ბაჯბაჯა პინგვინები კი არა, ქვეყანაში იმ დღეებში აფეთქებული სამედიცინო სკანდალი (ტამპონის სკანდალი) მიავიწყდა ყველას.

გურანდას, გაბუნიას, ჯერ არ დაუკონკრეტებია, ბიძინა ისევ ღმერთმა გადმოგვიგდო ხელმეორედ თუ თვითონ ისკუპა თაბორის მთიდან? ცნობამ ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნების შესახებ რეალურად დაარეფრეშა სიტუაცია, აჟღივილხივილდა ერი და ბერი, თავად „ქართული ოცნება“ თუ ოპოზიცია, ქოცელექტორატი თუ ნაცელექტორატი, შუაშისტი თუ ნაპირისტი. ამ მიეთმოეთში ისიც ყველას მიავიწყდა, თავის დროზე თავად ბიძინა პოლიტიკაში მობრუნებას მეორედ მოსვლას რომ ადრიდა… რა ვიცი, გიორგი გაბუნიას ერთ უკბილო ხუმრობაზე ლამის ტანზე შემოიხიეს და როცა ივანიშვილმა თავის მობრუნება მეორედ მოსვლას შეადარა, მაშინ არავის შელახვია რელიგიური გრძნობები…
დეპუტატმა ჭიჭინაძემ (დავითმა) გვამცნო, რომ, თურმე, მისთვის ივანიშვილის ჩრდილში ყოფნაც დიდი პატივი ყოფილა. რა წარმოსახვის უნარი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ბიძინა ივანიშვილი ან მზედ დასახო, ან, თუნდაც, მეფე მზედ _ ლუდვიგ XIV-დ. რაღა ლუდვიგ მე-14 და რაღა ბიძგვიგ 41-ე…
აგერ, დათო ოქიტაშვილმა ფეისბუკიდან გადმოგვძახა კიდეც: „არ მოგწონდათ ხო ხეების გადარგვა? ეხლა ვის სად გადარგავენ, ეგ იფიქრეთ“…
ცოტა გაუგებარია, ვის გადმოსძახა ეს _ საზოგადოებას, ოპოზიციას? ერთი პარტიის თავმჯდომარეს სხვა პარტიებში გადარგვა-გადმორგვასთან რა ხელი აქვს? თუ ვინმეს სადმე გადარგ-გადმორგავს, ისევ პარტიისა და ხელისუფლების შიგნით.
ამბობენ კიდეც ამ პარტიის მხარდამჭერები, დაბრუნდა და დაალაგებსო.
დავიწყოთ იქიდან, სანამ წავიდოდა, რა გააკეთა, რა დაალაგა, ანუ რა დატოვა? გავაგრძელოთ იმით, რომ ივანიშვილი არც არსად წასულა პოლიტიკიდან, რომ ახლა ან დასალაგებლად ბრუნდებოდეს, ან ასარევად. რაც დღესაა, ესეც მისი დალაგებული გახლავთ, ოღონდ კულისებიდან.
რა მოხდა რეალურად, რამ ან ვისმა „თმებმა“ „დააბრუნა“ სტაფილოგაღლეტილი ივანიშვილი პოლიტიკაში? უფრო სწორად, რამ დააბრუნა პოლიტიკურ თანამდებობაზე, თორემ როგორც უკვე ვთქვით, ის პოლიტიკიდან არც არსად წასულა და ეწეოდა ქვეყნის არაფორმალურ მმართველობას.
სწორედ ეს არაფორმალური მმართველობა გახდა მისი კრიტიკის მიზეზი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ დასავლეთის, საერთაშორისო ორგანიზაციების, იგივე „ფრიდომ ჰაუსის“ კრიტიკას და არა ადგილობრივ კრიტიკას „ნაცმოძრაობის“ თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან. „ნაცმოძრაობა“, მე თუ მკითხავთ, იმაზე მეტად პედალირებდა მის არაფორმალურ მმართველობაზე, ვიდრე საჭირო იყო. ოპოზიციის პედალირება არაფორმალურ მმართველობაზე დიდად არ აღაგზნებდა ქვეყნის მოსახლეობას. როგორც უკვე ამ გადასახედიდან ჩანს, როცა „ნაცმოძრაობა“ და არასამთავრობო სექტორი დაუსრულებლად პედალირებენ არაფორმალურ მმართველობაზე, მათი სამიზნე და მათი ამ კამპანიის ადრესატი სწორედ დასავლეთი, საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ და არა ქვეყნის ადგილობრივი მოსახლეობა. როგორც ჩანს, მათმა მცდელობამ შედეგიც გამოიღო _ საერთაშორისო ორგანიზაციები მწვავედ აკრიტიკებენ ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას.
რატომ არ მოქმედებდა ქართულ საზოგადოებაზე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი იყო? დავიწყოთ იმით, რომ ქოცელქტორატს, რომელმაც აჯაფსანდალ კოალიციას ივანიშვილის ეშხით მსიცა ხმა, სურდა კიდეც, რომ მართვის სადავეები სწორედ მათ რჩეულ ბიძინას ჰქონოდა ხელთ და არა მის მიერ დატოვებულ ვიღაცებს. ივანიშვილის წინააღმდეგ განწყობილებისთვის ივანიშვილი ფორმალურ მმართველადაც მიუღებელი იყო და არაფორმალურადაც, ამდენად მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ამ ფაქტს, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ ამ მანევრით ივანიშვილი პასუხისმგებლობისგან იძვრენდა თავს და სულ მარტივად რომ ვთქვათ, საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, მას ვერ გადააყენებდი. საიდან უნდა გადაგეყენებინა? და ვისაც გადააყენებდი (კვირიკაშვილს თუ მანამ ღარიბაშვილს), ის გინდა გადაგიყენებია, გინდა გადაგიყუდებია…
და რაც მთავარია, არაფორმალური მმართველობა საზოგადოებაში სათანადო მწვავე რეაქციას იმიტომ არ იწვევდა, რომ ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული იყო! ასე იყო საბჭოთა წლებში!
მაშინაც, წესით და რიგით, ქვეყანა უნდა ემართა მთავრობის თავმჯდომარეს _ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, მაგრამ, რეალურად, ყველაფერს წყვეტდა და ქვეყანას მართავდა ცეკას მდივანი _ პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. ეს ყველამ იცოდა, ამას თაობები იყო შეგუებული და ამდენად ქართული სინამდვილისთვის სულაც არ იყო უცხო არაფორმალური მმართველობა. არაფორმალური მმართველობის კონტექსტში ჩვენი საბჭოთა ბეგრაუნდი გიგი თევზაძემ გაიხსენა შარშან.
იმ საბჭოურ არაფორმალურ მმართველობასა და ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას შორის მაინც იყო განსხვავება _ იმ ცეკას მდივნებს, რომლებიც რეალურად ქვეყანას მართავდნენ, პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის პოსტი მაინც ეკავათ ახლა და აქ, ივანიშვილს კი არანაირი პოსტი არ ეკავა.
ახლა კი ივანიშვილი ბრუნდება პარტიის თავმჯდომარედ. რეალურად, ამ სვლით ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა კი არ დასრულდა, პირიქით პირწმინდად საბჭოთა ფაზაში გადავიდა _ ყველაფერი იქნება ისე, როგორც იყო საბჭოთა ეპოქაში: ივანიშვილი მოგვევლინება მმართველი პარტიის ცეკას მდივნად, რომელიც რეალურად წყვეტს ყველაფერს და ქვეყნის პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც და პარლამენტის თავმჯდომარეც მისი ნების გამტარებლები იქნებიან.
ანუ რა გამოდის? _ „შულერმა“ ივანიშვილმა მხოლოდ უგულავა კი არ მოატყუა ხონსა და ვანში, მოატყუა მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ვითომც და გაითვალისწინა მათი შენიშვნები, მათი მწვავე კრიტიკა და ხელი აიღო არაფორმალურ მმართველობაზე და დაბრუნდა პოლიტიკაში. „დაბრუნდა“ იმ პოსტზე, რომელზედაც, სხვათა შორის, არასოდეს მჯდარა ოფიციალურად. შეგახსენებთ: როდესაც პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად დააფუძნა 2012 წლის პარილში, მაშინ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული ჰქონდა და პარტიის ყრილობამ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის გადაჭრამდე პარტიის ხელმძღვანელად მანანა კობახიძე აირჩია. შემდეგ პარტიის თავმჯდომარის პოსტი ღარიბაშვილს ეკავა, შემდეგ _ კვირიკაშვილს…
მოკლედ, ივანიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებასა და ადგილობრივ ოპონენტებს ძვალი გადაუგდო _ ვითომ ხელი აიღო ფორმალურ მმართველობაზე და „დაბრუნდა“ პოლიტიკაში.
ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გავიაზროთ, რა პოსტზე ვიხილავთ მას პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარედ?! რანაირად მოვთხოვთ პასუხს მას მოსახლეობა? მის გადადგომას მოვითხოვთ? საიდან? პარტიის თავმჯდომარეობიდან? ეს რა ჩვენი გადასაწყვეტია? ეს, მხოლოდ და მხოლოდ, მისი პარტიის ყრილობის დელეგატების გადასაწყვეტი იქნება და არა მოსახლეობის. ამ თანამდებობიდან ის გადააყენებს, ვინც „აირჩევს“, ანუ შულერმა (როგორც მიხეილ სააკაშვილმა მას უწოდა) მოძებნა ისეთი პოზიცია, ისეთი თანამდებობა, რომელზედაც წამოსკუპებულსაც ვერ შეეხება ხალხი.
მის ამ პოსტზე წამოსკუპებამდე, ცოტა ხნის წინათ, მედიაში სპეციალურად „გაჟონეს“ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ივანიშვილი იქნებოდა. „გაჟონეს“ ეს ინფორმაცია, შემდეგ გულდასმით დააკვირდნენ საზოგადოების რეაქციებს სოცქსელებში. ეს ინფორმაცია ახლაც აგორდა თავიდან…
ვფიქრობ, ივანიშვილი სწორედაც რომ არ აიტკივებს თავს პრეზიდენტობით და „სკრომნად“ პარტიის თავმჯდომარეობას დასჯერდება, რადგან ის ყველაფერს მიიღებს ამ პოსტიდან, რაც მას სურს. რა სურს მას? რაც ყოველთვის სურდა _ ძალაუფლება, რომ ვერავინ შეეხოს ვერც მას და ვერც მის მილიარდებს. პარტიის თავმჯდომარეობით მას ექნება ძალაუფლებაც (უამისოდაც ჰქონდა) და იმუნიტეტიც _ ის არ იქნება რიგითი მოქალაქე, ის იქნება პარტიის თავმჯდომარე _ პოლიტიკური ლიდერი სრულიად ოფიციალურად. იმუნიტეტის ეს დოზა მისთვის სრულიად საკმარისია და არა მგონია, მას პრეზიდენტის იმუნიტეტი სურდეს მაინცდამაინც. ყოველ შემთხვევაში, რომ მოხდეს ის, რაც სულ ცოტა ხნის წინათ ერევანში მოხდა _ აუყირავდეს სიტუაცია და ქვეყნის მართვის სადავეები ისევ სააკაშვილის ხელში აღმოჩნდეს (ეგიდით: „რა იცი, რა ხდება, ეშმაკი წყლისფერია“), მისი დევნა პოლიტიკური იქნება, რაკი პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილი იქნება და არა რიგითი მოქალაქე ივანიშვილი… დიახ, თუ ეს დრო დადგა და ამსტერდამიდან მეხი დაეცა გაერთიანებული ოპოზიციის სახით და სააკაშვილის მეთაურობით, მან ზუსტად იცის, რომ სააკაშვილისთვის ერთი ფასი აქვს, პრეზიდენტი იქნები (როგორც, ვთქვათ, შევარდნაძე იყო), ოპოზიციური პარტიის ლიდერი (როგორც _ ბურჯანაძე) _ ის (სააკაშვილი) მისგან (ივანიშვილისგან) განსხვავებით არ მიმართავს პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკურ დევნას და ამდენად პარტიის თავმჯდომარეობაც საკმარისია და თუ მაინც მიმართა, გინდ პრეზიდენტი ყოფილხარ და გინდა თავმჯდომარე. ამ შემთხვევაშიც იცის, რომ ერთი ფასი აქვს…
მოკლედ, ივანიშვილი არც არაფრის დასალაგებლად „მობრუნებულა“, როგორც უკვე ვთქვით, ეს ყველაფერიც მისი დაგვილ-დალაგებულია და მდინარაძისთვის მიძახება, _ შენ, ბიჭო, საიდან ჩამოედინებიო?! სწორედ შოუს ნაწილია _ ვიღაცებს რომ გულიც მოფხანოს, ხელიც და ტაშიც დააკვრევინოს…
ხვდება, რომ პოლიტიკურ სცენაზე ძალზე უნიჭო სპექტაკლი მიდის, თავი ნიჭიერად წარმოუდგენია და სცენაზე გამოვარდნით ჰგონია, რომ თავად უშველის სიტუაციას ან უფრო სწორად, ესეც იცის, რომ დიდს ვერც ვერაფერს უშველის და, უბრალოდ, დროს წელავს, დროს იგებს, ასე ვთქვათ, _ ცდილობს, მისი ხელისუფლების აღასასრული, როგორღაც, გადაწიოს, გადაავადოს იმ იმედით, რომ იქნებ ამასობაში რაღაც შეიცვალოს და კოჭი ისევ ალჩუზე დაუჯდეს…
მოკლედ, ივანიშვილი, როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყოდა, ეს მაგიდაასაყირავებელი შულერი, მაინც ფორმაშია _ მაინც ახერხებს ხალხის, საზოგადოების და იგივე დასავლეთის მოტყუებას. ცხადია, დროებით, მაგრამ მაინც… გვატყუებს, რომ ვითომ ხელი აიღო არაფორმალურ მმართველობაზე და რეალურად ისევ არაფორმალურ მმართველად გვევლინება _ ცეკას მდივნად _ პარტიის თავმჯდომარის რანგში. დაბრუნდა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ და რა? ოპოზიციას ის არგუმენტიც გაუნიორწყლა, რასაც წლებია, იშველიებდნენ. და რა, ახლა არაფორმალი აღარაა? და რომც აღარ იყოს, რა გვეშველა? სულ ეს იყო ჩვენი ჭირი და სატკივარი?
თუმცა, თავისთავად ცხადია, სრულ არაფორმალურობას ეს მაინც სჯობს. იცით, რა საერთო აქვს პროსტიტუციას ბიძინას პოლიტიკაში ყოფნასთან? ორივე ცუდია, მაგრამ ორივე ლეგალიზებული სჯობს…

რეზო შატაკიშვილი