ჯანდაცვის ექსპერტი: საკითხების გარჩევა აუცილებლად უნდა გადავიტანოთ საკანომდებლო დონეზე

მიუხედავად საერთო რიცხვის სიმცირისა, ბოლო წლებში ბევრ ქვეყანაში შეიმჩნევა სამედიცინო შეცდომების კრიმინალიზაციის რიცხვის ზრდა. კრიმინალური დანაშაული გულისხმობს ქმედებას ან შესაბამისი ქმედების შეუსრულებლობას, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ სხვას, არამედ შეურაცხყოფს ფართო საზოგადოებას, რაც, თავის მხრივ, არის საფუძველი დამნაშავის დასჯისა გარდა იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული დაზარალებული პირის მატერიალური კომპენსაცია.

იმისთვის, რომ სამედიცინო შეცდომა კრიმინალად შეფასდეს, აუცილებელია შემდეგი ორი მოთხოვნის დაკმაყოფილება:
1. ე. წ. საზიანო ქმედება უნდა მოიცავდეს დიდ გადაცდენას ლეგალურად მოთხოვილი ზრუნვის სტანდარტისაგან, რაც გამოხატული უნდა იყოს შესაბამისი ქმედებით;
2. დანაშაულებრივი ქმედება უნდა იყოს მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩადენილი ან ავანტიურისტულად რისკზე წასვლის შედეგად მიღებული. საკანონმდებლო დონეზე მოთხოვილი სამედიცინო ზრუნვის სტანდარტი, თავის მხრივ, უნდა ითვალისწინებდეს შეზღუდვებს, რომელიც ექიმი მეან-გინეკოლოგის კონტროლგარეთ არის.
სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც, მეან-გინეკოლოგიაში არასასურველი შედეგები იშვიათი არ არის, იმისდა მიუხედავად, რომ ხდება ფოკუსირებული, თანმიმდევრული ყურადღება პაციენტის უსაფრთხოებაზე, ზრუნვის ხარისხის დაცვაზე. საზიანო შედეგი (არ აქვს მნიშვნელობა შედეგის სიმძიმეს) არ ნიშნავს, რომ ექიმი გულგრილი იყო, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში საზიანო შედეგი გამოწვეულია არა სტანდარტებიდან გადაცდენით, არამედ მეან-გინეკოლოგიაში არსებული მეცნიერული და კლინიკური შეზღუდვებით. შესაბამისად, მტკიცების ვალდებულება, რომ სამედიცინო შეცდომის კრიმინალიზაცია მოხდა აღნიშნულ სიტუაციაში, არის დამოკიდებული შესაბამის პირზე ან სახელმწიფო ორგანოზე.
სამედიცინო შეცდომის უსაფუძვლო კრიმინალიზაცია ისეთი ბრალდებით, როგორიც არის, მაგალითად, ადამიანის მკვლელობა, სიკვდილის გამომწვევი ან ჯანმრთელობის სერიოზული დამაზიანებელი გულგრილობა, ფიზიკური ძალადობა და ა. შ., ზიანს აყენებს ექიმის რეპუტაციას, თვითრწმენას და ასევე პაციენტებს, რომელთაც აღნიშნულით ეზღუდებათ პროფესიონალურ სერვისებზე წვდომა.
ახლა გადავიდეთ ეთიკურ მხარეზე. მეან-გინეკოლოგის პროფესიონალური ვალდებულება არის დაიცვას პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ჯანმრთელობასა და მათზე ზრუნვას:
1. მეან-გინეკოლოგიის დარგში ლიდერების პროფესიონალური პასუხისმგებლობაა, შექმნან პროფესიონალიზმზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ჯანმრთელობასთან, ზრუნვასთან დაკავშრებული პროცედურების შესრულების მონიტორინგს;
2. სამართლის ეთიკური პრინციპი გამორიცხავს კრიმინალურ დევნას ან მუქარას კრიმინალურ დევნაზე მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში;
3. სამართლის ეთიკური პრინციპი გამორიცხავს დაპატიმრების ორდერს, თავად დაპატიმრებას, სამოგზაურო დოკუმენტაციის კონფისკაციას მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში.
ყოველივე ამის შესასრულებელი რეკომენდაციები კი ასე გამოიყურება: მეან-გინეკოლოგებმა და აღნიშნული დარგის ლიდერებმა უნდა მისდიონ საერთაშორისოდ აღიარებულ, პროფესიონალურ ვალდებულებას იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტების უსაფრთხოების, ზრუნვის დონის ამაღლება და სამედიცინო შეცდომების მინიმიზაცია. ასევე მეან-გინეკოლოგებმა და შესაბამისმა პროფესიონალურმა ასოციაციებმა უნდა მოახდინონ შესაბამისი კრიმინალური საკანონმდებლო ბაზის რეფორმის მხარდაჭერა, რომელიც ზღუდავს ბრალდების მხრიდან არასასურველი სამედიცინო შემთხვევის ბოროტად გამოყენებას.
რა რეფორმაზეა საუბარი? იმაზე, რაც საქართველოში არ გატარებულა. კერძოდ, იმისთვის, რომ აღნიშნულ რეფორმას მივაღწიოთ, მეან-გინეკოლოგებმა და შესაბამისმა პროფესიონალურმა ასოციაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ სასამართლო პროცედურის დაწყებამდე სავალდებულო განხილვის პლატფორმის შექმნას, რომლის მოდერაციაც დაევალება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კომიტეტს, რომელთა ანგარიშიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მიერ. სასამართლო პროცედურის დაწყებამდე სავალდებულო განხილვაში უნდა მონაწილეობდეს საქმეში ჩართული მეან-გინეკოლოგიც, ამას გარდა, მეან-გინეკოლოგებმა და შესაბამისმა პროფესიონალურმა ასოციაციებმა შესაბამის საკანონმდებლო ნორმატივას მხარი უნდა დაუჭირონ, რომელიც კრძალავს თავად დაპატიმრებას, დაპატიმრების ორდერის, სამოგზაურო დოკუმენტაციის კონფისკაციას მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში.
მეან-გინეკოლოგებმა და შესაბამისმა პროფესიონალურმა ასოციაციებმა (მათი არსებობის შემთხვევაში) მხარი უნდა დაუჭირონ შესაბამის მეან-გინეკოლოგს, დაიწყოს სამოქალაქო პროცესი, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, მიზანმიმართულად ბოროტგანზარხული დისკრედიტაცია იმ პირების ან სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ, რომლებიც უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშე ახდენენ ან იმუქრებიან, რომ ექიმს ბრალდებას წაუყენებენ. იმ სერიოზული შედეგებისდა გამო, რაც მსგავს ბრალდებას თან ახლავს კონკრეტული მეან-გინეკოლოგისთვის და სამედიცინო დარგისთვის ზოგადად, მნიშვნელოვანია ბრალდების მხრიდან მოხდეს დროული და შესაბამისი კომპენსაცია.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება თენგიზ ასათიანი _ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი პერინატალურ მედიცინაში, დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის წევრი, პირველი სამედიცინო ცენტრის დირექტორი სამკურნალო დარგში:
_ აღნიშნული საკითხების გარჩევა აუცილებლად უნდა გადავიტანოთ საკანომდებლო დონეზე. დავუშვათ, გარდაიცვალა ბავშვი. პირდაპირ პროკურორი მოდის და იწყებს გარჩევას. ამ დროს ეს სტრესი ძალიან გვაწუხებს ყველა ექიმს. იყო ერთი პერიოდი ე. წ. პროფესიული საქმიანობის დაზღვევა. დავუშვათ, სამი თვით თუ ჩამოაშორეს ექიმი საქმიანობას, მას უნაზღაურებდა დაზღვევა ან დაიცავდა იურიდიულად, მაგრამ, რატომღაც, აღნიშნული სახის სადაზღვევო მომსახურებამ ფეხი ვერ მოიკიდა საქართველოში თუ თავიდანვე არაეფექტიანად წარმოადგინეს ეს პროდუქტი, ამას ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, მისი რეალური შედეგი არ გამოჩნდა. ამ დროს პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პროფესიონალური დაზღვევა ძალზე მნიშვნელოვანია, მხოლოდ სწორი მიმართულებით უნდა წარიმართოს.
_ ბატონო თენგიზ, ე. წ. „სამედიცინო კრიმინალის“ თემას რომ შევეხოთ, ევროპასა და ზოგადად ცივილიზებულ დასავლეთში ეს კარდინალურად სხვა კუთხით არის წარმოდგენილი?!
_ ინგლისში, მაგალითად, მოქმედებს British medical council, რომელიც გახლავთ მსგავსი საკითხების განხილვის უმაღლესი დონე და იქ წელიწადში პაციენტებისგან, დაახლოებით, 9000 საჩივარი შედის. აქედან, სასამართლო გარჩევამდე მიდის მხოლოდ 4-5 შემთხვევა. ჩვენთანაც პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეზე კი არ უნდა გადადიოდეს, არამედ ჯერ პროფესიონალებმა უნდა განიხილონ. სწორედ პროფესიონალები მიუთითებენ, რომ ეს იყო შეცდომა და ეს გააკეთეთ არასწორად.
_ ანუ თუ არ არის კრიმინალი, მაშინ არ მიდის საქმე სასამართლომდე და ამას აღნიშნული საბჭო ადგენს?
_ დიახ. ეს მაგალითი კი იმიტომ მომყავს, რომ ინგლისში კომუნიკაციასა და პაციენტის ინფორმირებულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება, ექიმის შეცდომას იმდენად დიდი ყურადღება არ მიექცეს, რამდენადაც არაინფორმირებულობას.
_ ჩვენ კონკრეტული მაგალითიც გვაქვს _ ირაკლი მერკვილაძის საქმე.
_ მერკვილაძეს არ ჩაუდენია დანაშაული და ამის გამო ციხეში გაშვება არ შეიძლება. ინგლისში არსებობს კანონი „მონტგომერი ლოუ“. ეს სახელწოდება მომდინარეობს პაციენტის გვარისგან. ნადიმ მონტგომერი იყო მშობიარე, რომელსაც სახსარი დაუზიანდა. ქალმა იჩივლა და ვერდიქტი გამოიტანეს, რომ პაციენტს უნდა ჰქონდეს ყველანაირი ინფორმაცია, თუ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ მანიპულაციას. საქართველოში ხშირად ხდება, მომჩივნებს სულაც არ უნდათ ექიმის ჩასმა და პირდაპირ კომპენსაციას ითხოვენ, მაგრამ ფული მომჩივანმა კი არ უნდა მოითხოვოს, არამედ სასამართლომ უნდა დაადგინოს კონკრეტული დარღვევის გამო კომპენსაცია და არა ექიმი გაუშვას ციხეში. ეს უკვე არ ხდება სისხლის სამართლის კოდექსით. ამიტომაც ვამბობ, რომ თუ ეს ცვლილებები არ მოხდა, შეიძლება ყველა ექიმი წავიდეს ციხეში იმიტომ, რომ თავად ეს ფაქტი მოქმედებს ცუდად ფსიქოლოგიურად და არავითარ რთულ შემთხვევას ექიმი აღარ მოკიდებს ხელს. როცა არსებობს პაციენტის გარდაცვალების მაღალი რისკი და მე შეიძლება ციხეში ჩამსვან, პაციენტს ვეტყვი, _ მე ვერ გიმკურნალებ, წადი სხვაგან. ეს ავნებს მთელ საზოგადოებას. როცა ექიმი საკეისრო კვეთის წინ ეუბნება, რომ შეიძლება განვითარდეს სეფსისი, ეს არ არის საკმარისი ინფორმაცია, აუცილებელია პაციენტს უთხრა, რამდენი პროცენტია ამის შანსი, რამდენი პროცენტია სისხლდენის, რამდენი _ სიკვდილის და ა. შ. ინგლისის შემთხვევის დროს ექიმი იმით იმართლებდა თავს, რომ მე თუ პაციენტს ყველა სამშობიარო გართულებაზე ვეტყვი, შეიძლება ყველამ საკეისრო კვეთა მოითხოვოს ან სხვა რამ მოხდეს. მისივე თქმით, სრული ინფორმაცია ზოგჯერ ავნებს პაციენტს, მაგრამ კანონმდებლობა ამბობს, რომ აუცილებელია სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. ეს ამბავი ირაკლი მერკვილაძის შემთხვევასთან რომ გავაიგივოთ, თავიდან საქმე სწორად წავიდა. იყო ინფორმირებული თანხმობა, თუმცა ისეთი არა, როგორსაც დღეს მოითხოვს სამედიცინო საზოგადოება, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ინფორმირებული თანხმობა იყო. აი, მერე უკვე მოხდა გაურკვევლობა, ერთი ამბობს, იყო თრომბოემბოლია, მეორე ამბობს, არ იყოო… მესამე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ მე-20 დღეს ყველაზე ხშირი გართულება არის ინფექცია, სეფსისი… სიცხე და ანთება შეიძლება ყოფილიყო სეფსისის გამოვლინება. როცა დასკვნა დადგა, ჩანს, რომ საშვილოსნო გამოკვლეული არ არის, მილები გამოკვლეული არ არის, საკვერცხეები გამოკვლეული არ არის, ამიტომაც არ დგას სიკვდილის ზუსტი მიზეზი. ეს ქმედებებიც ლაპარაკობს, რომ არასრულფასოვანი გამოკვლევა იყო.
_ ბატონო თენგიზ, თქვენს ინიციატივას რაც შეეხება, ვიღაცამ ხომ უნდა მოამზადოს კანონპროექტის მონახაზი ან მუშა ვერსია და შეიტანოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განსახილველად?
_ პირველ რიგში საჭიროა საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ საკითხში, თორემ მეც, ყველა ექიმი სამედიცინო ასოციაციებსაც ვესაუბრეთ, ჩვენც გადავდგამთ ნაბიჯებს.

თამარ როსტიაშვილი