განაჩენი საქართველოს სახელით

აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე,
მანუჩარ კაპანაძე

ნანა გიგიტაშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლების: ვაჟა თოდუასა და დავით მესტვირიშვილის
გამართლებულის: დავით ხარშილაძის
ადვოკატების: ვალერიან გელბახიანის, არჩილ ჩუბინიძისა და ნათია კორკოტაძის
მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორების დავით მესტვირიშვილისა და ვაჟა თოდუას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების #090130317003): დავით ხარშილაძის, დაბადებული 1989 წლის 24 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი 60001107777, ნასამართლეობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ. ქუთაისი, ცხინვალის ქუჩა #7, ბინა #3-ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, გუდაურის ქუჩა #7, ბინა #15-ში; მიმართ დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით დავით ხარშილაძეს ბრალი დაედო შემდეგი ქმედებისათვის:
დავით ხარშილაძემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0.1626 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2017 წლის 13 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ვ. ბოჭორიშვილის ქუჩა #25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დავით ხარშილაძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა დავით ხარშილაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება-გირაო, ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ელისო კილაძის უძრავი ქონების შესაბამის წილზე (საკადასტრო კოდი 03.04.21.246 01/003, მდებარე ქ. ქუთაისი, ცხინვალის ქუჩა #7, ბინა #3) დადებული ყადაღა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორებმა დავით მესტვირიშვილმა და ვაჟა თოდუამ; სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა, გაუქმდეს დავით ხარშილაძის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და მის მაგივრად გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგ გარემოებებზე: დავთ ხარშილაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი არ ეფუძნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს (ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებათა ჩამონათვალში მოიაზრებს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმს და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებებს, ამოღებულ ნივთმტკიცებებს, ექსპერტიზის დასკვნებს და ა. შ.), რა დროსაც სასამართლოს მიერ მტკიცებულებების სათანადო შეფასება არ მომხდარა სათანადო წესით, რის გამოც აპელანტი მიიჩნევს, რომ გამამართლებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის პოზიციით სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები აშკარად აკმაყოფილებდნენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გარდა აღნიშნულისა სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას სასამართლომ დაამახინჯა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობაზე, რასაც არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა და საერთოდ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდებას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არ მომხდარა ფაქტების სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც ითხოვენ გაუქმდეს დავით ხარშილაძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით.
სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორებმა დავით მესტვირიშვილმა და ვაჟა თოდუამ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს დავით ხარშილაძის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
გამართლებულმა დავით ხარშილაძემ და მისმა ადვოკატებმა ვალერიან გელბახიანმა, არჩილ ჩუბინიძემ და ნათია კორკოტაძემ მხარი არ დაუჭირეს პროკურორების სააპელაციო საჩივარს, მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და მოითხოვეს მისი უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორების დავით მესტვირიშვილისა და ვაჟა თოდუას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი დავით ხარშილაძის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად _ „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდადებულის) სასარგებლოდ“ საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს: „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდადებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენის პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თნახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სასამართლო პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდბის მხარის მტკიცებულებებს და ვერ დაეთანხმება პროკურორების სააპელაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯეროვნად ვერ მოახდინა სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა შეფასება, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოკვლეული, ირკვევა შემდეგი:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა: ზურაბ ქუმელაშვილმა, ზაქარია ვასაძემ და ვალერიან ჩიბირაშვილმა განმარტეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2017 წლის 13 მარტს, ქ. თბილისში ვ. ბოჭორიშვილის ქუჩაზე ჩაატარეს დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერება. პირადი ჩხრეკის შემდეგ დავით ხარშილაძე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 16:35 საათიდან 16:55 საათის პერიოდში თბილისში ვ. ბოჭორიშვილის ქუჩა #25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი „დუტის“ ჟილეტის მარცხენა გარეთა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 2 ცალი თეთრი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის წონაკები თავზე მომწვარი სახით. ერთ წონაკში მოთავსეულია 3 (სამი) ცალი ოვალური ფორმის თეთრი ფერის აბები თითოეულზე ცალ-ცალკე არსებული ნაჭდევი წარწერით B8, ხოლო მეორე წონაკში მოთავსებულია თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ამოღებული ნივთიერებები ადგილზევე დაილუქა ბეჭდით.
2017 წლის 14 მარტის ქიმიური ექსპერტიზის #566 /სქ-637/ქრ დასკვნის თანახმად, უფერო, გამჭვირვალე ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილი წონით 6.96 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს და არანარკოტიკული, არაფსიქოტროპული და არაფსიქოაქტიური ინერტული შემავსებელი ნივთიერებების შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება _ ბუპრენორფინის წონა _ შეადგენს 0,1392 გრამს. ასევე უფერო, გამჭვირვალე ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული 3 (სამი) ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით B8, საერთო წონით _ 1,1709 გრამი, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადების ნიშნის მქონე ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 0.0234 გრამი. გამოსაკვლევად წარდგენილ ფხვნილში და ტაბლეტებში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 0.1626 გრამი.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #001439917 დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 (ორი) ცალი წონაკი…“ მოთავსებულ წონაკზე ფხვნილისებრი შიგთავსით, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი მცირედ შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის დავით ხარშილაძეს. ამავე პაკეტში მოთავსებულ მეორე წონაკზე სამი ცალი აბით არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი პარციალურად შერეულია. აუტოსომური და მამაკაცის სასქესო (ყ) ქრომოსომების გამოკვლევისას მიღებული შედეგების ერთობლივი ანალიზით, ობიექტის აუტოსომური და მამაკაცის სასქესო (ყ) ქრომოსომის შერეული გენეტიკური პროფილების ერთ-ერთი წილი შესაძლოა ეკუთვნოდეს დავით ხარშილაძეს ან მამის ხაზით მის ბიოლოგიურ ნათესავს.
დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების: ზაზა ჯახველაძის, მიხეილ ჩივიაშვილის, არჩილ ოქრუაშვილისა და ალექსი კობერიძის ჩვენებებით დგინდება, რომ 2017 წლის 13 მარტს ხელმძღვანელის მითითებით იღებდნენ მონაწილეობას ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში, თუმცაღა ისინი იცავდნენ პერიმეტრს და უშუალოდ დავით ხარშილაძის ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ არ დაუნახავთ დავით ხარშილაძისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი, მაგრამ მოგვიანებით კოლეგებისგან შეიტყვეს, რომ დავით ხარშილაძე დაკავებულ იქნა სსკ-ის 260-ე მუხლით. ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაიკითხა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ბოჭორიშვილის ქუჩაზე მიმდინარე ოპერატიულ ღონისძიებაზე გავიდა, როგორც ხელმძღვანელი პირი რათა დარწმუნებულიყო, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. მოწმის განმარტებით, იგი რამდენიმე მეტრის დისტანციიდან ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესებს და უშუალოდ ჩხრეკის ფაქტს არ შესწრებია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა გამართლებულმა დავით ხარშილაძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 13 მარტს, დღის პირველ ნახევარში, იმყოფებოდა სამსახურში _ გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქციაში, შუადღისით საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გავიდა ლომბარდში პირად საქმეზე, რა დროსაც ვ. ბოჭორიშვილის ქუჩა #25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოძრაობის დროს პოლიციის მანქანებმა მოაქციეს ჩიხში, გაიგონა პოლიციელების ყვირილის ხმა, გაჩერებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ესროდნენ. შემდეგ იგი მიწაზე მუხლებით დადგა და ხელები მაღლა ასწია, ავტომანქანიდან გადმოსულმა პოლიციელებმა ზაქარია ვასაძემ და ვალერიან ჩიბირაშვილმა სწრაფად დაადეს ხელბორკილები, თავზე წამოაფარეს სპორტული „კაპიუშონი“, რომელიც „დუტის“ ჟილეტის შიგნით ეცვა. სახეზე „კაპიუშონის“ ჩამოცმის დროს ჟილეტის ჯიბეში იგრძნო ხელის მოძრაობა. ბრალდებულის განმარტებით, პოლიციელებმა „დუტის“ ჟილეტში ჩაუდეს ორი პაკეტი ფხვნილისებრი ნივთიერება. ბრალდებულის ჩვენებით, ამ ყველაფერს ხედავდნენ მოქალაქეები, თუმცა პოლიციელებმა არც ერთი მათგანი არ დაასწრეს ჩხრეკას. ბრალდებული მის დაკავებას პირდაპირ უკავშირებს ჟურნალისტურ საქმიანობას. დ. ხარშილაძის განმარტებით იგი არის ხელისუფლების მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება „ქრონიკა+“-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის შვილი, თავადაც ამ მედიასაშუალებაში მუშაობს. გაზეთი სისტემატურად აქვეყნებს კრიტიკულ მასალას ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიმართ კორუფიის, ბიუჯეტის უკანონო ხარჯვისა და ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით. ბრალდებულის განმარტებით დაკავებამდე მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მისი ოჯახის კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე იგეგმებოდა პროვოკაცია მის წინააღმდეგ ნარკოტიკების „ჩადებასთან“ დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებულის დაკავების თვითმხილველი მოწმე შორენა ლალიაშვილი. მოწმის ჩვენებით, იგი დაჟინებით მოითხოვდა დასწრებოდა საგამოძიებო მოქმედებებს, რისი უფლებაც პოლიციამ მას არ მისცა. მოწმის განმარტებით, დავით ხარშილაძის ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობდა 10-მდე პოლიციელი და ეს ყველაფერი ხდებოდა მოქალაქეების თვალთახედვის არეში. დავით ხარშილაძე პოლიციელებს მიწაზე ჰყავდათ დაწვენილი, იყო ჩოჩქოლი და აყალმაყალი, შემდეგ წამოაყენეს, ამ დროს გაიგონა დაკავებულის პრეტენზია პოლიციელების მისამართით და ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები, რომ მას ნარკოტიკი არ ჰქონია. მოწმის ჩვენებით იგი დაკავებულთან 4-5 მეტრის დაშორებით იდგა, პოლიციელებს არანაირი დოკუმენტი პირის დაკავებისა და ჩხრეკის შესახებ არ შეუდგენიათ, ასევე არც ერთი პოლიციელი პერიმეტრს არ იცავდა, ყველა მათგანი მონაწილეობდა დ. ხარშილაძის ჩხრეკასა და დაკავებაში. მოწმე შორენა ლალიაშვილმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის პროცესში გამოიყენა ფოტოსურათი, რომელზედაც მკაფიოდ იყო აღბეჭდილი, რომ 10-მდე პოლიციელს დაკავებული დ. ხარშილაძე რკალში ჰყავდათ მომწყვდეული და აშკარად ჩანდა, რომ აღნიშნული არ ემსახურებოდა პერიმეტრის დაცვის მიზანს. ფოტოსურათზე ასევე ნათლად ჩანს, რომ პოლიციელები ისე მჭიდროდ არიან განლაგებული დავით ხარშილაძესთან, რომ ობიექტურად თითოეული მათგანის თვალთახედვის არეში ხდებოდა პროცესები, ჩხრეკა- ამოღება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ლევან ბეგიაშვილმა ჩვენებაში განმარტა, რომ დაკავებიდან მცირე დროში შეხვდა დაკავებულს. დავით ხარშილაძე მასთან საუბარში აცხადებდა, რომ პოლიციელებმა „ჩაუდეს“ ნარკოტიკი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხივლისას ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა დავით ხარშილაძის მიერ დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა უთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ 2017 წლის 13 მარტს ქ. თბილისში ბოჭორიშვილის ქუჩა #25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართლებულ დავით ხარშილაძეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც დავით ხარშილაძის პირად ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდა პოლიციის 3 თანამშრომელი: ზურაბ ქუმელაშვილი, ზაქარია ვასაძე და ვალერიან ჩიბირაშვილი. პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ შედგენილ შესაბამის ოქმზე დავით ხარშილაძემ ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით, ასევე დადგენილია, რომ დავით ხარშილაძე მისი პირადი ჩხრეკის დაწყებიდან, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მთელ ეტაპზე, მათ შორის, საქმის სასამართლოში განხილვისას აცხადებდა, რომ მას ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც დაფიქსირდა მისი პირადი ჩხრეკის ოქმში, არ ჰქონია და იგი მას „ჩაუდეს“, რადგან იგი არის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება „ქრონიკა+“-ის დამფუძნებლის შვილი და თავადაც ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას მითითებულ მედიასაშუალებაში. ამ დროს მნიშვნელოვანია პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული სახალხო დამცველის წარმომადგენელ ლევან ბეგიაშვილის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი მკაფიოდ უთითებს, რომ დავით ხარშილაძეს დაკავებიდან უახლოეს პერიოდში შეხვდა, რა დროსაც მას ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ პოლიციელებმა „ჩაუდეს“ ნარკოტიკი.
პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებათა შეფასებით მიუთითებს მასზე, რომ ბრალდების მხარისთვის დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკის ჩატარების დროიდან ცნობილი იყო გამართლებული პოზიცია იმის შესახებ, რომ დავით ხარშილაძე უკანონოდ მიიჩნევდა პირადი ჩხრეკის ჩატარებას და ასევე იმ გარემოების შესახებ, რომ გამართლებული თავიდანვე ავითარებდა ვერსიას, სადაც აცხადებდა, რომ მას პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს“.
მოცემული გარემოებების გათვალისწინებით პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების მიზანს წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ იქნას მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება, რა დროსაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ კანონმდებელი მხარეებს აკისრებს ვალდებულებას, რომ გამოძიების დროს მტკიცებულებათა მოპოვებისას დაიცვას კანონით გათვალისწინებული მოხოვნები. გარდა აღნიშნულისა იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე მტკიცებულებათა მოპოვებასთან (მათ შორის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების პროცედურულ საკითხებთან მიმართებით) ეჭვს წარმოშობს, ანუ კონკრეტული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების დროს მოვლენები/მოქმედებების განსხვავებულ ვერსიაზე უთითებს, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, საკმარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გააქარწყლოს აღნიშნული ეჭვი, რა დროსაც მან მკაფიო ფორმით უნდა დაადასტუროს ის კონკრეტული გარემოება, თუ რა თანმიმდევრობით, ვის მიერ, დროის რა პერიოდში, რა საფუძვლით და ა. შ. განხორციელდა კონკრეტული საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებები და რა მტკიცებულებებით ახდენს მოცემულ გარემოებათა უტყუარად დადასტურებას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების ჭეშმარიტად არსებობის მიჩნევაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის ვალდებულებას (და არა უფლებამოსილებას) წარმოადგენს ის გარემოება, რომ გამოძიების პროცესში მოიპოვოს არა მარტო პირის გამამტყუნებელი მტკიცებულებები, არამედ იგი ვალდებულია, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის უზრუნველყოფის მიზნით მოიპოვოს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ანდა გამამართლებელი მტკიცებულებები, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი (მათ შორის თუნდაც ეჭვის მიმანიშნებელი გარემოებები) კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას.
პალატა ზემოაღნიშნული განმარტების შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თუ რა მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი დავით ხარშილაძის მიერ ზემოაღნიშნული პოზიციის გასაბათილებლად, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარობის მაღალი ხარისხით გამოირიცხება თუ არა დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული ზემოაღნიშნული ვერსია, საქმეზე წარმოდგენილია თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხასიათდება დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით და ა. შ.
სახელმწიფო ბრალდება დაცვის მხარის ზემოაღნიშნული პოზიციის გასაბათილებლად და თავისი პოზიციის გასამყარებლად მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით იყენებს მხოლოდ პირადი ჩხრეკის ოქმს და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებებს, რომლებიც თავიანთ ჩვენებებში სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას სწორედ მოცემულ საგამოძიებო მოქმედებასთან მიმართებით, რაც ბუნებრივია, გამოხატავს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი (საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე პასუხისმგებელი) პირების პოზიციას, რა დროსაც საგულისხმოა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ნეიტრალური პირის ჩვენება ან რაიმე სახის სხვა მტკიცებულება (როგორიც შესაძლოა ყოფილიყო ვიდეოჩანაწრერი და ა. შ.) დაცვის მხარის ზემოაღნიშნული არგუმენტების გასაქარწყლებლად და ბრალდების მხარის მიერ მოცემული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად შესაფასებლად სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არ წარმოუდგენია.
მეტიც: გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით ნათლად დგინდება რომ მოცემული შემთხვევის დროს მითითებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებთან ერთად პერიმეტრის დაცვის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლებიც: ზაზა ჯახველაძე, მიხეილ ჩივიაშვილი, არჩილ ოქრუაშვილი და ალექსი კობერიძე, რომლებიც როგორც საქმის მასალებით დგინდება, არ მონაწილეობდნენ ბრალდებულის პირად ჩხრეკაში, მაგრამ ისინი მოცემული შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ დავით ხარშილაძის სიახლოვეს (როგორც ზემოთ აღინიშნა, იცავდნენ პერიმეტრს), თუმცა მათ არ დაუნახავთ დავით ხარშილაძისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი. მითითებული პირების გარდა მოცემული შემთხვევის დროს იმყოფებოდა ბრალდებულის დაკავების თვითმხილველი მოწმე შორენა ლალიაშვილი, რომელიც თავის ჩვენებაში ნათლად და მკაფიოდ უთითებს, რომ მოცემული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას იგი დაჟინებით მოითხოვდა დასწრებოდა საგამოძიებო მოქმედებებს, რისი უფლებაც პოლიციამ მას არ მისცა, ხოლო დავით ხარშილაძის ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობდა 10-მდე პოლიციელი და ეს ყველაფერი ხდებოდა მოქალაქეების თვალთახედვის არეში. დავით ხარშილაძე პოლიციელებს მიწაზე ჰყავდათ დაწვენილი, იყო ჩოჩქოლი და აყალმაყალი, შემდეგ წამოაყენეს, ამ დროს გაიგონა დაკავებულის პრეტენზია პოლიციელების მისამართით და ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები, რომ „მას ნარკოტიკი არ ჰქონია“. საყურადღებოა სახალხო დამცველის წარმომადგენელ ლევან ბეგიაშვილის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი მკაფიოდ უთითებს, რომ დავით ხარშილაძეს დაკავებიდან უახლოეს პერიოდში შეხვდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ პოლიციელებმა „ჩაუდეს“ ნარკოტიკი.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად ადგენს, რომ მოცემულ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად გამოხატული პოზიციები კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არის ურთიერთსაწინააღმდეგო, რა დროსაც მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს დანაშაულის ხასიათზე, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვითარებაზე, დროის პერიოდსა და ა. შ. ასევე იმაზე, რომ ბრალდების მხარეს გააჩნდა/ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა ნეიტრალური პირის ჩვენებით ან სხვა მტკიცებულებებით უფრო გაემყარებინა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას განხორციელებული მოქმედებების ნამდვილობა და უტყუარობა.
პალატა მოცემულ გარემოებებთან მიმართებით აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებას _ დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკის ჩატარებას _ წინ უსწრებდა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მიერ კონკრეტული ოპერატიული ინფორმაციის მიღება, რა დროსაც ბრალდების მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ დავით ხარშილაძე იყო ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი, აგრეთვე ახდენდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას, რის შემდეგაც საგამოძიებო ორგანოების მიერ დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიების ჩატარება, რაც მოცემული შემთხვევის დროს გამოიხატებოდა პირადი ჩხრეკის ჩატარებაში, რაც ჩატარდა ღია სივრცეში, მოქალაქეებისა და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების გარდა სხვა პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით. მოცემულ დროს, გარდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებისა, ყველა ის პირი, მათ შორის, პერიმეტრის დაცვის მიზნით შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლებიც, უთითებენ, რომ მათ უშუალოდ არ უნახავთ დავით ხარშილაძისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი. გარდა აღნიშნულისა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, სადაც მითითებული იყო, რომ დავით ხარშილაძე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან ერთად ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს (რა დროსაც მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარეს ინფორმაციის თანახმად პირდაპირი ხასიათის მითითება იმის შესახებ, რომ დავით ხარშილაძე მხოლოდ ქურთუკის ჯიბეში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას და არა სხვაგან _ მაგალითად, სახლში, სამუშაო ადგილას ან ა/მანქანაში, არ ჰქონიათ), არ მოუხდენიათ გამართლებულის საცხოვრებელი სახლის, სამუშაო ადგილისა და ა/მანქანის ჩხრეკები (სასამართლოსთვის გაუგებარია თუ რატომ არ განხორციელდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები?), ხოლო პირადი ჩხრეკის ჩატარების მიმდებარედ არ განხორციელებულა არანაირი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები (როგორიც შესაძლოა ყოფილიყო ადგილმდებარეობის დათვალიერება, ასეთის არსებობის შემთხვევაში ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა და ა. შ.), რომლითაც ბრალდების მხარე ეჭვს გამორიცხავდა, უარყოფდა დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ არგუმენტებს დავით ხარშილაძის უდანაშაულობასთან მიმართებით.
პალატა ასევე სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, სადაც იგი მკაფიო ფორმით უთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ განიხილება დავით ხარშილაძის ბრალდებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან მოცემული ექსპერტიზის დასკვნა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად _ ეჭვის გამომრიცხავად მიჩნევისათვის არ ატარებს კატეგორიულ ხასიათს. ის ვარაუდის დონეზე უშვებს შესაძლებლობას გამოსაკვლევ ნივთმტკიცებებზე (მეორე წონაკზე _ სამი ცალი აბით) დავით ხარშილაძის გენეტიკური პროფილის არსებობის შესაძლებლობას, რა დროსაც მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული დასკვნა არა მარტო დავით ხარშილაძის გენეტიკური პროფილის არსებობის სავარაუდო შესაძლებლობას უშვებს, არამედ მკაფიოდ მიუთითებს, რომ გენეტიკური პოფილის ერთ-ერთი წილი შესაძლოა ეკუთვნოდეს დავით ხარშილაძის მამის ხაზით ბიოლოგიურ ნათესავს. საგულისხმოა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ჩამტარებელი პირის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ის ნაწილი, სადაც ექსპერტი უთითებს, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დავით ხარშილაძის გენეტიკური პროფილი შესაძლოა გადასულიყო ობიექტის ქურთუკის ჯიბეში მოთავსების შედეგად, შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას პალატა ვერ შეაფასებს იმ მტკიცებულებათა კონტექსტში, რომლითაც ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება უტყუარ გარემოებად მიიჩნიოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი _ „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მტკიცებულებათა შეფასება „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტიტლებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სადაც სასამართლო აღნიშნავს:
„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვებას, საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში;
ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ, ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობითი (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში;
გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტექსტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanis and Others v.Turkey (ნო. 65899/01, EGHR 30/11/2015) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს _ გონივრულ ეჭვს მიღმა მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქრების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოს პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barbera,Messegue, Jabardo v. Spain, ნო. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, ნო. 24086/04, 04/10/2010, პუნქტი 32).
პალატა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდატი მსგავს დანაშაულებში მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას უნდა გულისხმობდეს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულ მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის რომელიმე ნიშნის არსებობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან იმისთვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ეჭვის გამომრიცხავად დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, შეჯერდა ერთმანეთთან. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამათლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით და ანალიზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვის გამომრიცხავად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, ურთიერთშეთანხმებულად დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ დავით ხარშილაძემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე.
სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი და სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა დავით ხარშილაძის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ დავით ხარშილაძემ ჩაიდინა დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; აქედან გამომდინარე არ არსებობს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დაადგინა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო დეპარტამენტის პროკურორების დავით მესტვირიშვილისა და ვაჟა თოდუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დავით ხარშილაძის მიმართ დარჩეს უცვლელად;
დავით ხარშილაძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდეს დავით ხარშილაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ელისო კილაძის უძრავი ქონების შესაბამის წილზე (საკადასტრო კოდი 03.04.21.246 01/003, მდებარე ქ. ქუთაისი, ცხინვალის ქუჩა #7, ბინა #3) დადებული ყადაღა.
ნარკოტიკული საშუალება და სპეცდანიშნულების ჩხირი _ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად დავით ხარშილაძეს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ისაევი
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე, მ. კაპანაძე