ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა!

ისე მოულოდნელად დაბრუნდა, რომ არა მხოლოდ ოპოზიცია, საკუთარი გუნდიც კი გააოგნა.

დაბრუნებას წინ უძღოდა დიდი დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“. ბუნტის თავი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იყო და მას „ოცნების“ ძველი სახეების ნაწილი უჭერდა მხარს, მეორე მხარეს ე. წ. ახლების გუნდი იდგა, რომელიც თბილისის არჩეული მერის, კახი კალაძის გუნდში მოიაზრება.
იყო კამერების წინ კეკლუცი, ურთიერთბრალდებები, ერთმანეთის შანტაჟი და მუქარები. პარლამენტში ივანიშვილის გუნდი ბოლო მომენტამდე ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა, რაც ასევე მკაფიოს ხდიდა, რომ ექსპრემიერი არც ერთ მხარეს უჭერდა მხარს.
ის, რომ მთავრობაში ყველაფერი რიგზე არ იყო და მასშტაბური საკადრო ცვლილებები მზადდებოდა, ეს, ჯერ კიდევ, მაშინ გამოჩნდა, როცა, სრულიად მოულოდნელად, თანამდებობა დაატოვებინეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და ამ თანამდებობაზე ივანიშვილის პირადი კადრი გიორგი გახარია დაინიშნა; ფინანსთა მინისტრის პოსტიდან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ხოლო ფინანსთა მინისტრის სავარძელი ასევე ბიძინა ივანიშვილის კადრმა მამუკა ბახტაძემ დაიკავა.
პარალელურად, პრემიერი კვირიკაშვილი, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, სკანდალში გაეხვია. განსაკუთრებით დიდი აურზაური რუსეთში მისმა გაგზავნილმა წერილმა გამოიწვია. არჩილ ტატუნაშვილის მხეცურად მკვლელობის შემდეგ ოსურმა მხარემ ჩვენი გმირის სხეული ქართულ მხარეს არ გადმოსცა, რასაც, ცხადია, ქართული საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მოყვა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაურეკა გიორგი კვირიკაშვილს, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ცხედარი დროულად გადმოგვცენო. ასევე დავალება მისცა შს მინისტრს, პირად კონტროლზე აეყვანა ტატუნაშვილის საქმე. გიორგი კვირიკაშვილმა დახმარებისთვის რუსულ მხარეს მიმართა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ წერილი, რომელიც მან რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნა, მისმა მრჩეველმა თედო ჯაფარიძემ და ზურაბ აბაშიძემ მიუტანეს, ტექსტი რუსეთიდან იყო გამოგზავნილი და ქართულ თარგმანში ძირითადი კონტექსტი საერთოდ დაიკარგა. წერილს რუსეთის პრეზიდენტის რეაქცია არა, მაგრამ დასავლეთის მკაცრი შეფასებები და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის მშრალი პასუხი მოყვა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს კვირიკაშვილისთვის მკაცრად უსაყვედურია, _ რას აკეთებ, ამერიკელებთან ურთიერთობას გვიფუჭებო. ეტყობა, მოქმედი პრემიერი ისე დაიბნა, საკუთარი დარდები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს გაუზიარა, რომელმაც სულ ახლახან კვირიკაშვილს კიდევ ერთი სკანდალი გამოუცხო, _ ბებია ჰყავს რუსი, თავადაც 75% რუსია და ძალიან ნერვიულობს, რუსები ფეხებზე რატომ იკიდებენო, _ დაახლობით ასე ჟღერდა არადიპლომატიურ ენაზე ლუკაშენკოს გზავნილი. ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებას პრემიერის პრესსამსახურის მოკრძალებული განმარტება მოყვა და თემაც ამით დაიხურა.
მარტის ბოლოს სახელისუფლებო კულუარებში ხმები გავრცელდა, რომ პრემიერი კვირიკაშვილი თანამდებობას დაემშვიდობებოდა, მისი გადადგომის თარიღად 29 მარტი დასახელდა, ამ დღეს მთავრობის კაბინეტში ცვლილება მართლაც მოხდა, მაგრამ თანამდებობა კვირიკაშვილის მარჯვენა ხელმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დატოვა, მასთან ერთად გადადგა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ამ უწყებიდან ერთ დღეში უჩა მამაცაშვილისა და სოსო გოგაშვილის ყველა კადრი წავიდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გზების დეპარტამენტში სერიოზული ფინანსური დარღვევებია და გაფლანგულ ფულს ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი კაპიკ-კაპიკ ითვლის.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ დღეებში ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობიდან წასვლა დელიკატურად ურჩია, მაგრამ რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კვირიკაშვილი გაჯიუტდა, რამდენიმე თვე მჭირდება დაწყებული პროექტების დასამთავრებლადო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტი, რომელიც კვირიკაშვილმა იგულისხმა, ანაკლიის პორტის მშენებლობაა, რომელსაც სამთავრობო მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება. ივანიშვილს რჩევა აღარ გაუმეორებია, სამაგიეროდ, სწორედ ამ კულუარული საუბრის მერე „ქართულ ოცნებაში“ დიდი დაპირისპირება დაიწყო.
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის გარდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, გენერალური მდივნის პოსტს თბილისის არჩეული მერი კახი კალაძე, ხოლო აღმასრულებელი მდივნის პოსტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იკავებს, რომელიც ასევე კახი კალაძის პროტეჟეა.
მას შემდეგ, რაც ეს „გუნდი“ პარტიაში მოვიდა, საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ პარტიის შიგნით უცნაური პროცესები დაიწყო: თანამდებობებს ჩამოაშორეს ივანიშვილის ერთგული კადრები, ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს „ქართული ოცნების“ ბრძოლის ავანგარდში იყვნენ. სამაგიეროდ, თანამდებობებზე დაწინაურდნენ ის პირები, რომლებიც სხვადასხვა დროს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და კუდთან ასოცირდებოდნენ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მსგავსი ცვლილებები სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის ხელდასხმით მიმდინარეობდა. მან გაუწია საპარლამენტო სიაში რეკომენდაცია ზურაბ ადეიშვილის თანაშემწესა და, მოგვიანებით, სასამართლოში მანდატურების ზონდერ ვანო ზარდიაშვილს. როგორც გაირკვა, ვანო ზარდიაშვილი ზურაბ ადეიშვილმა პროკურატურიდან მას შემდეგ დაითხოვა, რაც ნარკოლოგიური შემოწმების დროს კამერებმა მთავარი პროკურორის თანაშემწე პრეზერვატივით შეტანილი შარდით დააფიქსირეს. გოგაშვილის რეკომენდაციით, პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დაინიშნა დავით კირკიტაძე, რომელიც წარსულში კუდის აგენტი გახლდათ და 2012 წელს სწორედ მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციის მეშვეობით ქუთაისში ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. სოსო გოგაშვილის უშუალო მითითებით პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონები მისმა ხელის ბიჭმა დიმიტრი სამხარაძემ ჩაიბარა, რომელიც 2011 წელს გოგაშვილთან ერთად პარტიაში პლაკატების გამკვრელად მუშაობდა და მშობლიურ ქალაქშიც კი ვერ ჩადიოდა. სხვათა შორის, დიმიტრი სამხარაძეს არც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი აქვს და არც შრომითი სტაჟი. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მის ბიოგრაფიაში წერია, რომ სამხარაძეს დამთავრებული აქვს საზოგადოებრივი კოლეჯი „ორიენტირი“ და რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, რაც, სხვათა შორის, არც კი იგუგლება და სპეციალობად პერსონალის მართვა აქვს მითითებული. დიმიტრი სამხარაძე 1981 წელსაა დაბადებული. თუ დავუშვებთ იმას, რომ 18 წლისამ ჩააბარა რუსეთის აკადემიის რომელიღაც ინსტიტუტში, ეს 1999 წელია, ამ წლებში რუსეთში სასწავლებლად არავინ მიდიოდა, ყველა სადარბაზოსა და შენობაში საქართველოში ინსტიტუტი და უნივერსიტეტი იყო გახსნილი. მისივე ბიოგრაფიის მიხედვით, 2001 წელს 20 წლისაა და მუშაობას იწყებს LTD IVIoyFINLAND-ში პროექტმენეჯერად (არც ეს შპს იგუგლება), ე. ი. რუსეთში სულ სამი წელი ისწავლა და მაშინ სრულიად გაუგებარია, საზოგადოებრივი კოლეჯი „ორიენტირი“ რომელ წელს დაამთავრა? ჩვენი წყარო ამბობს, რომ სამხარაძემ ყალბი დიპლომი მოგვიანებით სანკტ-პეტერბურგში შეიძინა, რადგან 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა მხოლოდ იმიტომ ვერ დაიწყო, რომ კადრების დეპარტამენტში განათლების დამადასტურებელი ვერც ერთი დოკუმენტი ვერ წარადგინა. სამაგიეროდ, სამხარაძე 2012 წელს სპორტის სამინისტროში მოხვდა და ეს გაურკვეველი ბიოგრაფიის ადამიანი დღეს საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა _ მას ფრაქციაში უფრთხიან და ერიდებიან, რადგან ყველამ იცის, რომ მისი მთავარი ფუნქცია სოსო გოგაშვილთან ენის მიტანაა. მეორე წელია, მეცხრე მოწვევის პარლამენტში სამხარაძე არც მიკროფონთან უნახავს ვინმეს და არც საკომიტეტო მოსმენებზე, ისევე როგორც რეგიონებშიც, ძირითადად, სოსო გოგაშვილის დავალებების შესასრულებლად დადის და არა პარტიულ საქმეებზე.
პარტიის შიგნით დაპირისპირების პარალელურად, პრემიერმა კვირიკაშვილმა პარტიაში საკუთარი პოზიციების განმტკიცება დაიწყო და მეტად სახიფათო ტენდენციას ჩაუყარა საფუძველი _ ყველასთვის მოულოდნელად, მან რაიონული კონფერენციების ჩატარება და ადგილებზე პარტიის თავმჯდომარეების გამოცვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ ამ შემადგენლობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თითქმის ყველაგან მოიგო, პრემიერის გადაწყვეტილებით პარტიების თავმჯდომარეებად ადგილობრივ ორგანიზაციებში პარლამენტის დეპუტატები მერებით ჩაანაცვლეს. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობდნენ, რომ კვირიკაშვილს პარტიის ვერტიკალის გაკონტროლება და მისი საკუთარი კადრებით დაკომპლექტება სურდა, რაც, საბოლოო ჯამში, მას საშუალებას მისცემდა, ნებისმიერ არჩევნებზე საკუთარი პირობები დაეყენებინა.
შიდაპარტიული გარჩევებისთვის დანიშნული უმრავლესობის სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. ცხადი იყო, რომ მხარეებმა ბიძინა ივანიშვილის საბოლოო პოზიცია არ იცოდნენ. უმრავლესობის სხდომა მოულოდნელად და განსხვავებული ფორმატით დაინიშნა. სხდომაზე დაპირისპირებული მხარეები არ მიიწვიეს და ყველასთვის მოულოდნელად, პარტიის ოფისში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. ექსპრემიერის გამოჩენამ ყველა დააბნია, სხდომის დაწყებამდე იგი რამდენიმე წუთი ტეტ ა ტეტ გიორგი კვირიკაშვილს ესაუბრა. საუბრის დასრულების შემდეგ პრემიერს წინასწარ დაწერილი ტექსტი მიაწოდეს, ეს უნდა წაიკითხოო. როგორც კვირიკაშვილმა და აუდიტორიამ გაარკვია, ტექსტში საუბარი იყო იმაზე, რომ ივანიშვილმა მათი შეთავაზება მიიღო და ის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნებას დასთანხმდა. უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს უთხრა, _ შენთან კითხვები მაქვსო, კახი კალაძეს მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა და ჰკითხა, _ რაო, კახი, მერის სავარძელი თბილიაო? ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის დანახვაზე ასევე იკითხა, _ უკაცრავად, თქვენ აქ საიდან მოხვდითო? სწორედ ამიტომ უმრავლესობის სხდომის დამთავრების შემდეგ კვირიკაშვილს, კობახიძეს, კალაძეს, თალაკვაძეს ფერი აღარ ედოთ სახეზე და ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ივანიშვილის დაბრუნება პარტიას ახალ ორბიტაზე გაიყვანს, ხოლო ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებას არ შეეხება.
„ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, პარტიის თავმჯდომარე უმაღლესი ხელმძღვანელი თანამდებობის პირია, რომელსაც ირჩევს პარტიის ყრილობა, პარტიის თავმჯდომარე ავტომატურად შედის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში და წარმართავს მის მუშაობას, არის პარტიის ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი, ერთპიროვნულად წარმოადგენს პარტიას და პარტიის პოლიტიკურ საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში, გამოდის პოლიტიკური განცხადებებით და წარმართავს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომებს, გამოსცემს ბრძანებებს, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს მისი შემადგენლობიდან ასარჩევად წარუდგენს გენერალურ მდივანს.
უფრო მოკლედ, ივანიშვილი დაბრუნდა და ყველას გასაგებად აუხსნა: „ვ ეტომ გოსტინიცე ია დირექტორ!“
დაბრუნებულ ივანიშვილს მხოლოდ მამუკა მდინარაძისთვის არ მოუწევს კითხვის დასმა, _ აქ საიდან მოხვდითო? რაც უფრო ღრმად ჩაიხედავს პარტიის სტრუქტურაში, ყველაზე მეტი კითხვის დასმა რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე სწორედ დიტო სამხარაძისთვის მოუწევს. ძნელი წარმოსადგენია, სამხარაძემ ივანიშვილის რომელიმე კითხვას კომპეტენტური პასუხი გასცეს.
რეგიონებში კი თბილისზე უარესი მდგომარეობაა. ზოგადი სურათის წარმოსადგენად ერთი კონკრეტული, სამეგრელოს რეგიონის მაგალითიც კმარა (დანარჩენ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას „ქრონიკა+“ გზადაგზა ისევ დაუბრუნდება).
სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიაზე „ქრონიკა+“-ში იმდენჯერ დაიწერა, დეტალების გახსენებას არა მგონია, აზრი ჰქონდეს. საყოველთაოდ ცნობილია მისი ახლო კავშირები ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან. დადასტურებული ინფორმაციით, შონია თამაზაშვილის ნარკოტრასას, ჯერ კიდევ, წლების წინათ ხელმძღვანელობდა და ამ საქმეს ის გუბერნატორად მუშაობის დროსაც კურირებდა. ზუგდიდლებმა კარგად იციან, რომ მღებრიშვილის მინისტრობის დროს ნარკოტიკი უშუალოდ გუბერნიის შენობის გვერდით იყიდებოდა. შონიას სახელი უკავშირდება კონტრაბანდას, იარაღის, ჯართის, თხილის, ხე-ტყის უკანონო ბიზნესს. არსებობდა მოლოდინები, რომ კვირიკაშვილი მას თანამდებობიდან გადააყენებდა, მაგრამ შონიამ სოსო გოგაშვილის სახით ახალი მფარველი იპოვა, რომელიც კახელების კარტელის ერთგული მოკავშირეა და დღემდე კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრება საკუთარი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში სერიოზული კორუფცია და აღებ-მიცემობაა. თითქმის ყველა რაიონის მერი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ფულს სძალავს იქ, „ზემოთ“, შონიასთან მისატანად. ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას შემთხვევაში ამ სქემაში მეორე პერსონაც სახელდებოდა, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.
ზოგადად მერების სიბრიყვეს საზღვარი რომ არ აქვს, იქიდანაც ჩანს, რომ თითქმის ყველა რაიონში, თითქმის ყველა მერი, ბოლო დროს განხორციელებული საკადრო ცვლილებების დროს ისე ამაყად აპელირებდა სუსიდან შემოსულ ზარებზე, ვერც კი ხვდებოდა, რომ ამით არა მხოლოდ საკუთარ იდიოტიზმს უსვამდა ხაზს, არამედ მონურ მორჩილებასა და უნიათობას.
მაგრამ ამჯერად ისევ სამეგრელოს გუბერნატორს დავუბრუნდეთ და ისევ ბიძინა ივანიშვილის პრიზმაში, ანუ ვის ახვედრებს პარტიის თავმჯდომარეებად და თვითმმართველობის ლიდერებად კვირიკაშვილი და შონია პარტიის მომავალ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს?
მარტვილის რაიონში გამგებლად მან ისე დატოვა აბსოლუტურად უმოქმედო და უუნარო ალექსანდრე გრიგალავა, ძარღვიც კი არ ატოკებია. პარალელურად, ხმები გაავრცელა, რომ გრიგალავას საკითხი პარტიის გენერალურ მდივანთან შეთანხმებული იყო და კახი კალაძესთან მამას სიტუაცია მისმა ფეხბურთელმა შვილმა „გაუიასნა“. ჯერჯერობით გაურკვეველია, მონაწილეობდა თუ არა თავად ლევან შონია იმ გაუხმაურებელ სკანდალში, რომელიც ამ რამდენიმე თვის წინ მოხდა, როცა მარტვილის გამგებელი ივანიშვილის ერთ-ერთი ნათესავის სახელით ფულს სძალავდა ერთ-ერთ ბიზნესმენს.
ასეთივე სამარცხვინო მდგომარეობაა აბაშაშიც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ზვიად ძიძიგურის ახლო ნათესავი და ექსგამგებელი მამუკა კვიტაშვილი შონიამ საკრებულოს თავმჯდომარედ გაამწესა. მერად შერჩეული გელა ხოშტარია, რომლის საარჩევნო პლაკატები უკვე ეკიდა ქალაქში, ჩამოახსნევინა და თბილისს კანდიდატურად ამჟამინდელი მერი ლევან მაკალათია შესთავაზა. „ოცნების“ კულუარებში აცხადებენ, რომ ამ ფაქტის გამო მარტვილი-აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ ლამის ხელით გაიწია სამეგრელოს გუბერნატორზე, თუმცა ცენტრალურ პარტიულ სტრუქტურებთან საერთო ენის გამონახვის თუ პარტიული ჩინოვნიკებისთვის შესაბამისი გასამრჯელოს შემდეგ ბრძოლიდან გამარჯვებული შონია გამოვიდა.
განსაკუთრებით საინტერესო პერიპეტიები იყო სენაკში. სენაკის მერის თანამდებობა იმთავითვე გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსიას სურდა, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გარკვეული ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით, კანდიდატად ამჟამინდელი მერი ლევან კუპრეიშვილი დასახელდა, ხოლო რუსიას, რომელიც, ამავდროულად, „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაცის თავმჯდომარე იყო (წარსულში „მრეწველი“, ერთხანს ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერი), საკრებულოს თავმჯდომარეობა შესთავაზეს. თუ როგორ უშლიდა ხელს გამარჯვებაში და საარჩევნო ბრძოლაში რუსია კუპრეიშვილს, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ყველასთვის ცნობილია. მეტიც: აზარტული თამაშების მოყვარულმა რუსიამ ერთ მშვენიერ დღეს მმართველი პარტიის კოორდინატორებისთვის დასარიგებელი ხელფასების თანხა კაზინოში წააგო და პარტიულ-სააგიტაციო მუშაობა ჩააფლავა. ეს ფაქტი ცენტრალურ ოფისში მიყოლებით გაიგეს თედო ისაკაძემ, კახი კალაძემ, ირაკლი კობახიძემ და გიორგი კვირიკაშვილმა. პარალელურად, ინფორმაცია მიიღეს სუსში და კახა რუსია თბილისში დაიბარეს. სუსში გამართულ შეხვედრაზე რუსიას საარჩევნო ფულის უხმაუროდ დაბრუნება მოსთხოვეს. პარალელურად, როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო გვეუბნება, ხათუნა ხოფერია პარტიის ცენტრალურ ოფისს არწმუნებდა, რომ რუსიას გარეშე სენაკში „ოცნება“ დამარცხდებოდა, ყოფილი გუბერნატორისა და სენაკის დეპუტატ გურამ მისაბიშვილის გუნდი გაიმარჯვებდა. სწორედ ხათუნა ხოფერიას თხოვნით პარტიის ცენტრალურ ოფისში ფაქტის დამალვის გადაწყვეტილება მიიღეს, ამასობაში კი „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახაბერ რუსიამ კოორდინატორების ვალის გასასტუმრებელი თანხა „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ მურად შამათავასგან ისესხა, რომელმაც ზუსტად იმხანად ქალაქის ცენტრში მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაყიდა. რუსიამ ამ პრობლემისგან საბოლოოდ თავის დასაღწევად ასევე ერთი ცნობილი ქალბატონის ქონება დააგირავა და ამ თანხის ნაწილიც კაზინოში წააგო. ეს და სხვა ფაქტები კარგად არის ცნობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსთვის. რუსიას ეპოპეაში, ცხადია, გუბერნატორი ლევან შონიაც მონაწილეობდა და ყოფილ მოადგილეს სწორედ მან უშუამდგომლა სუსში იოსებ გოგაშვილთან. რა მიიღო სანაცვლოდ შონიამ და რატომ გამოიდო ასე თავი, ამ თემაზე, ამჯერად, აღარ დავკონკრეტდები, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ კახაბერ რუსია ახლაც აშანტაჟებს პარტიის ცენტრალურ ოფისს და აცხადებს, რომ მის გარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში სენაკში „ოცნების“ კანდიდატი დამარცხდება.
სხვა რაიონებში დატოვებული მერების კანდიდატურებთან დაკავშირებით ლევან შონიას ასევე საკუთარი მერკანტილური მოსაზრებები ჰქონდა _ პირველ რიგში „ატკატები“, კორუფციული გარიგებები. ასეთი ფაქტები შორს მოსაძიებელი ნამდვილად არ არის, რადგან მერები შეწერილი თანხების პროცენტებზე საუბარს არც ნოსირის რესტორანში ერიდებიან და არც „დიარონში“, ისევე როგორც არც ტენდერებში გამარჯვებული ცალკეული კომპანიების მფლობელები მალავენ, რამდენი მიიტანეს იქ, „ზევით“ შონიასთან.
განსაკუთრებით თვალში საცემი მაინც ზუგდიდის მერ ლაშა გოგიასთან შონიას სიამტკბილობაა. გოგია ბოლო პერიოდში გამგებლების „კასირის“ როლს თამაშობს მის ერთ-ერთ მოადგილე გია გულორდავასთან ერთად, რომელიც დღემდე მერიაში კი არა, სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორთან ახლოს ზის და იქიდან აგვარებს საქმეებს. ბოლო დროს, ზუგდიდის მერს წონა მის მიერ საგანგებოდ გავრცელებულმა ხმებმაც აუწია, როდესაც ღიად აცხადებდა, რომ ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის კურსელი იყო და ამიტომაც ფეხებზე ეკიდა ყველა სხვა ჩინოვნიკი. ხოლო მისი ფულისმოყვარეობა, ჯერ კიდევ, იმ დროიდან იღებს დასაბამს, როდესაც ბანკში მუშაობდა და მისი ხელმძღვანელი გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი გოგოხია იყო. სწორედ ირაკლი გოგოხიასა და სს „საქართველოს საფოსტო ბანკს“ მოპარა მან პირველი ათასები და როგორც გაირკვა, ნახევარი დღის განმავლობაში ბანკის ტუალეტში ჩაკეტილი ითხოვდა შველას, გოგოხიას რომ არ მოეკლა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა ჩინოვნიკი თავს უშიშრად იმიტომაც გრძნობდა, რომ სუსის ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი პირადად იყო ჩართული კორუფციულ გარიგებებში. რამაზ ეჯიბია სამეგრელოს რაიონების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს მითითებებს აძლევდა, თუ ვისთვის მიეცათ ტენდერები და ეს სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის დავალებით ხდებოდა, რადგან სწორედ გოგაშვილი იყო ანტიკორუფციული სამსახურის კურატორი. ეჯიბიას თანამდებობა, „თაიმერის“ ინფორმაციით, დოკუმენტების გაყალბებას შეეწირა, რომელიც შავ ზღვაში ქაფშიის რეწვასთან იყო დაკავშირებული. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, თანამდებობიდან გადაყენებული ანტიკორუფციული სამსახურის ყოფილი უფროსი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან მისასვლელ გზებს უკვე ეძებს და მათ რეგიონში არსებული კორუფციის ფაქტებზე სკანდალური მასალების მიწოდებას ჰპირდება.
ეს არის სამეგრელოს რეგიონის მაგალითზე ფაქტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმის დასტურად, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა ხვდება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. ასეთივე ქაოსია მთავრობაშიც და ბუნებრივია, შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ რევოლუციური ცვლილებებია.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მაისის დასაწყისში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა სრულად გადახალისდება, ხოლო პარტიის ყრილობა ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ მაისის შუა რიცხვებში აირჩევს.

ელისო კილაძე