ექიმი, რომლის ხალათიც ყოველთვის თეთრია!

„დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან, აღასრულა მან თვისი ვალი“.
ილია ჭავჭავაძე

ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა! პედიატრი, რომელმაც ძალიან ბევრი ბავშვისა და ზრდასრულის სიცოცხლე იხსნა! ექიმი, რომლის მისიაც, აფხაზეთიდან იძულებით გადმოსვლის შემდეგ, დევნილთა და ადგილობრივი მოსახლეობის უსასყიდლო დახმარება გახდა!

დღეს სვეტლანა გვათუაზე გიყვებით _ პიროვნებაზე, რომლის ამაგსაც მთელი ხობი შესაძლოა, ვერასდროს გადაიხდის. ის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხობის პოლიკლინიკის“ დირექტორი გახლავთ.
ეს პოლიკლინიკა 23 წელს ითვლის და ამდენივე წელია, რაც სვეტლანა აქ მუშაობს.
ინტერვიუს დასაწყისში, მნიშვნელობიდან გამომდინარე, სწორედ იმ პოლიკლინიკის ისტორიას გვიყვება, რომელშიც მუშაობს და რომელიც ათასობით ადამიანს ემსახურება ყოველწლიურად. ამბობს, რომ იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით აშენდა 1995 წლის ნოებერს, ეს მაშინ, როცა ხობში 12 000-მდე დევნილი იყო ჩასახლებული. მისი გახსნით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა, რადგან მაშინ აქ მცხოვრებთა აბსოლუტურ უმრავლესობას ეკონომიკურად გაჭირვებული კონტინგენტი შეადგენდა. მათ შორის იყვნენ უსახლკაროები, გადმოხვეწილები, კომპაქტურ დაწესებულებებში ჩასახლებულები… იმ დროიდან 2007 წლამდე პოლიკლინიკა და სამედიცინო მომსახურება სრულიად უფასო გახლდათ, უკვე 2007 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკური სამინისტროს გადაწყვეტილებით პოლიკლინიკა შპს-დ გადაკეთდა, თუმცა დევნილთათვის უფასო მომსახურება მაინც შენარჩუნდა:
„ჩვენს კლინიკაში მოქმედებს ბავშვების უფასო გასინჯვა და უფასო პროფილაქტიკური აცრების ჩატარება. შემოტანილია ასაცრელი ძვირადღირებული ვაქცინები, ვიზიტიც უფასოა და ამან ძალიან ბევრ ბავშვს შეუნარჩუნა სიცოცხლე. ბევრს დაეხმარა, რომ მსუბუქად გადაეტანა ნებისმიერი მწვავე ინფექციური დაავადება“, _ ამბობს სვეტლანა.
ყვება, რომ თანდათანობით მათი კლინიკა კერძო კომპანიამ შეისყიდა და შენობიდან ალტერნატიული ფართის პირობით გამოუშვეს. მას შემდეგ 8 წლის მანძილზე გაუსაძლის პირობებში, უშუქოდ, უწყლოდ და გათბობის გარეშე უწევდათ მუშაობა, თუმცა გაუძლეს და, მისი თქმით, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ისინი იმ კონტინგენტს ემსახურებიან, რომელსაც ძალიან უჭირს და რომლისთვისაც აუცილებელია სამედიცინო მომსახურება. 2012 წელს ფართი გამოუყვეს, რომლის ათვისებაც სპონსორების არარსებობის გამო ვერ შეძლეს. მას შემდეგ თავად დადიოდა საკრებულოსა და გამგეობაში, დახმარებას ითხოვდა, სანამ საბოლოოდ არ გადაწყვიტა, რომ გამგებელთან, გოგი ქაჯაიასა და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან მისულიყო და ეთქვა, რომ მსგავს პირობებში მუშაობა უკვე შეუძლებელი იყო, ხობი უნდა დაეტოვებინა და სხვაგან წასულიყო სამუშაოდ, რადგან ფიზიკურადაც და მორალურადაც შეუძლებელი იყო გაძლება! სტატიის მთავარი გმირი ყვება, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მათ ძალიან დიდი დახმარება გაუწიეს ექიმებს და პოლიკლინიკას, რის გამოც სიკვდილამდე მათი მადლიერი იქნება! გამოუყვეს ახალი, 130 კვ.მ. ფართობის გარემონტებული შენობა:
„ძალიან დიდი საჩუქარი იყო ეს პირადად ჩემთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ყოველდღიურად ვეხმარებოდით. თვით ადგილობრივი მოსახლეობიდანაც კი მიდიოდა ხალხი მადლობის სათქმელად საკრებულოში… უკვე ერთი წელია, ამ შენობაში ვართ. რა თქმა უნდა, საქმეში ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და რაც მთავარია, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, ბ-ნი ყოლბაია და მისი თანაშემწე მანონი გოგუა. ეს უკანასკნელი ძალიან ხშირად ჩამოდიოდა და მუდმივად გვერდით გვედგა.
მადლობა მინდა გადავუხადო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომელთაც ჩვენთვის შემოჰქონდათ ავეჯი თუ მედიკამენტი, აპარატი თუ დამხმარე სამედიცინო საშუალება… მარტო ვერაფერს შევძლებდით! მადლობა ყველას, ვინც გაგვაძლებინა და დაგვეხმარა. კლინიკას დახურვის საფრთხე აღარ ემუქრება“.
როცა კლინიკასა და პაციენტებზე საუბარს ასრულებს, უკვე საკუთარი ისტორიის მოყოლას იწყებს, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა მის პრიორიტეტებსა და მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ქრონოლოგიაში.
მისი საუბრიდან ვიგებთ, რომ იგი წარმოშობით ხობიდანაა, უფრო ზუსტად კი სოფელ ზემო ქვალონიდან. აქვე, 8-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, სოხუმის სამედიცინო სასწავლებელში ჩაირიცხა, სადაც სამწლიანი სწავლება წარჩინებით, წითელ დიპლომზე დაამთავრა, პარალელურად, კანისა და ვენდაავადებათა დისპანსერში მედდად მუშაობდა. აქ სწავლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ირიცხება და პედიატრიის მიმართულებით აგრძელებს სწავლას. ამბობს, რომ პედიატრია ბავშვების სიყვარულმა, მათმა უმწეობამ და მათთვის ტკივილის დაამების სურვილმა გადააწყვეტინა. აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ბავშვის ნდობის მოპოვება, არამედ მშობლებთან საუბარი და მისი ნდობაც გჭირდება…
1975 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა მორიგე პედიატრად. პარალელურად ექიმის მოადგილეც იყო, რა დროსაც შეიძინა ჯანდაცვის მენეჯმენტის მართვის უნარები, ეს გამოცდილება კი შემდეგ უკვე ხობში აქტიურად გამოადგა. ტექნიკურ სასწავლებელში ლექციებსაც კი კითხულობდა თავისი სპეციალობით. ინტენსიური თერაპიის კაბინეტშიც იმუშავა 1992 წლამდე. სწორედ 1992 წელს გახდა იძულებული, აფხაზეთი დაეტოვებინა და ზემო ქვალონს დაბრუნებოდა.
„სულ ვფიქრობდი, რომ გადმოხვეწა დროებითია. ხალხი გონს მოეგება, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რომ ისევ ერთად ვიყოთ და დღემდე მგონია, რომ მომავალი თაობები მაინც მოესწრებიან ამ ამბავს. ხობში მუშაობით კი ჩემი ადამიანური მოვალეობა თუ პროფესიული ვალი უნდა მომეხადა. აქ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ მათთვის უცხო და გადმოხვეწილი ექიმი არ ვყოფილიყავი. თავიდან ძალიან გვიჭირდა ტრანსპორტი, კლინიკაში სოფლიდან მისვლა, მაგრამ ყველაფერს ვუძლებდით. ძალიან დიდხანს, წლების მანძილზე, ფეხით მიწევდა სოფლიდან ხობში გასვლა.
პარალელურად, რადგან სოფელში ვიყავი, თანასოფლელებისთვისაც უნდა გამეკეთებინა რაიმე ღირებული, ჩემგან სახსოვარი უნდა ჰქონოდა აქაურობას. არ ვიყავი გაფორმებული სოფლის ექიმად, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ოჯახში მოდიოდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში და არა მხოლოდ ზემო ქვალონიდან, ხობის რაიონის სხვადასხვა სოფლიდანაც კი მაკითხავდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც მატერიალური შესაძლებლობა საერთოდ არ ჰქონდათ, მე კი სიკეთე უნდა გამეღო, რომ ხალხს ეგრძნო, მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა ან ვალდებულება არ არის მთავარი! დედა პედაგოგი მყავდა, ზემო ქვალონის სკოლაში 45 წლის მანძილზე ასწავლიდა და ის სულ მეუბნებოდა, _ შვილო, სოფელში ხალხს უჭირს, შენს ჭიშკართან მოსული უიმედოდ არ გაუშვა, შეეცადე, რომ მაქსიმალურად დაუყვავო და აუხსნაო… ვფიქრობ, რომ დედაჩემის სულის წინაშე დღემდე მართალი ვარ! სახლში მოსულისთვის ზურგი არასდროს შემიქცევია, დახმარების ხელი ყოველთვის გამიწვდენია. ვპასუხობ ყველა ზარს ნებისმიერ დროს, დღის ყველა მონაკვეთში და ეს ჩემი მოვალეობაა!“
2000 წელს რჩეულ მედიკოსთა შორის წლის საუკეთესო ექიმად აღიარეს და საპატიო, ჰიპოკრატეს მედლით დააჯილდოეს. აღნიშნავს, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი საჩუქარი იყო! ამ ამბიდან ზუსტად 12 წელიწადში, 2012 წელს, უკვე ღირსების ორდენითაც ჯილდოვდება!
ცალსახად ცხადია, რომ ჯილდო, რაც მას თავისივე დამსახურების გამო გადაეცა, სულაც არ მივა იმ სიკეთესთან, რაც მან იმ ადამიანებისთვის გააკეთა, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ეს!
უკვე 23 წელია, პოლიკლინიკის სათავეშია და მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც საკმაოდ კარგად შეუძლია საკუთარი საქმის გაძღოლა, მაინც ფიქრობს: „აწი ახალგაზრდების დროა, მათ უნდა იმუშაონ და გააგრძელონ ავადმყოფებზე ზრუნვა!“
„სრულიად ხობის მოსახლეობაა ჩემი საზრუნავი და არა მხოლოდ დევნილები. სხვანაირად არ შეიძლება! ჩვენ ხომ დროებით გადმოგვხიზნეს იქიდან, მე ასე მჯერა დღესაც. მათი პირტიტველა ბიჭების სულის წინაშე მაინც უნდა ვიყოთ მართალი, ჩემი საზრუნავიც ეს იყო, მათ მშობლებს უნდა ეგრძნოთ, რომ თავიანთი შვილების სახელი არ არის დავიწყებული, ზრუნავენ მათზე…“
მისი აზრით, თითოეულ ადამიანს საკუთარი მისია აქვს. მთავარია, მან სწორი სავალი გზა აირჩიოს, რაც უნდა ეკალბარდებით იყოს მოფენილი იგი, რომ მის გაკვალულზე მომავალმა თაობებმა იარონ. იხსენებს, რომ ამას სოხუმშიც ამბობდა, თუმცა მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ ასეთი რთული გზა ექნებოდა გასავლელი… ცნება „კვალი ნათელი“ აკვიატებული ჰქონია. ფიქრობს, რომ თითოეულმა ადამიანმა სწორედ ასეთი კვალი უნდა დატოვოს ამ სამყაროში!
როგორც ამხელს, ორად ორი სანუკვარი ოცნება აქვს: გადმოხვეწილების მიბრუნება და უკურნებელი დაავადებით შეპყრობილი ადამიანების გადარჩენა. 2004 წელს თავად მოუხდა ონკოლოგიური ოპერაციის გადატანა, რის გამოც ქირურგ ჟანა შამათავასა და დათო მაჭავარიანს დღემდე ჰმადლობს! „უნდა გადავრჩენილიყავი, პაციენტებს ვჭირდებოდიო“, _ ხუმრობით დასძენს.
განსაკუთრებულ სიამოვნებას პედიატრიული პაციენტის მომსახურება და პოზიტიური შედეგის შემდეგ პატარა ადამიანების მადლიერი თვალების ყურება ანიჭებს, განცდა იმისა, რომ მათ ტკივილი შეუმსუბუქა ან მოუხსნა, საშიშ ზონას გააცილა და ახლა ყველაფერი კარგად აქვს.
ადამიანში ღირებულად მის სულიერ ფასეულობასა და შინაგან მრწამსს მიიჩნევს. ამბობს, რომ ქართველი სიკეთისთვის, ბედნიერებისთვის, დახმარების ხელის გასაწოდებლადაა გაჩენილი. აქვე იხსენებს იმ პერიოდს, როცა მისი ქალიშვილი მელანო პატარა ასაკიდან უგებდა დედას, მისი შეზღუდული დროის გამო ადეკვატურად ეკიდებოდა ამ ამბავს და მეტიც, ეხმარებოდა კიდეც. აღმოჩნდა, რომ გოგონა ამ კუთხით დედას ძალიან ჰგავს და ეს უდიდეს საჩუქარს წარმოადგენს სვეტლანასთვის.
ექიმს, რომელსაც ასე აშკარად ახასიათებს პირდაპირი საუბარი, სწორი აქცენტების დასმა, ადამიანებთან სამართლიანად მოქცევა და მათთან კომუნიკაციის მარტივად დამყარება, აღიზიანებს მოჩვენებითობა, ფარისევლობა და ისეთები, რომელთაც სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს არ მიაქვთ. ამბობს, რომ თუ ადამიანს შეუძლია, უსასყიდლოდ უნდა აკეთოს სიკეთე, თუნდაც სხვებისთვის კარგი მაგალითის მისაცემად.
გული წყდება, რომ სოხუმში უფრო მეტის გაკეთება ვერ მოასწრო:
„იქ ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოსთვის დიდი შენობა შენდებოდა, სადაც დღენაკლულ და ტრავმირებულ ახალშობილთა განყოფილებაც უნდა ყოფილიყო, უნიჭიერესი სპეციალისტები გვყავდა და აპარატურა გვქონდა. ის რომ გაჩანაგდა, ჩემთვის გულსატკენია. ღმერთმა ქნას, რომ ვინმეს სიცოცხლისთვის გამოეყენებინათ ეს აპარატურა, მაშინ არ მექნებოდა სინანულის შეგრძნება, მაგრამ არა მგონია, რომ ასე ყოფილიყო“.
იხსენებს, რომ ჰყავდა იდეალი, თამარ კერესელიძე, საქართვლოს დამსახურებული პედიატრი აფხაზეთში, მისი კოლეგა და მასწავლებელი, რომელმაც პედიატრიის საიდუმლოებებს აზიარა ჩვენი გმირი. იხსენებს, რომ თამარისთვის არ არსებობდა დასვენების დღე, პირადი ცხოვრება. ის მაგალითი იყო ყველა დამწყები პედიატრისთვის. არა მხოლოდ პრაქტიკულად, თეორიული ცოდნითაც იყო უძლიერესი. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს მუდმივად ატარებდა. თბილისიდან ჩამოჰყავდა პროფესორები, ექიმები, აკადემიკოსები. იყო უპატიოსნესი ექიმი, რომელსაც არც ერთი თეთრი არ აუღია პაციენტისგან. სვეტლანას თქმით, დევნილობის დროს ის სასტუმრო ივერიაში, თბილისში ცხოვრობდა. გარდაიცვალა ღმად მოხუცი და მას პატივს მიაგებს ყველა!
ცხადია, რომ სტატიის მთავარი გმირისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს დრო წარმოადგენს, რომელიც თითქმის არ გააჩნია, მაშინაც კი, როცა საკუთარი ქალიშვილი და შვილიშვილი სტრუმრობენ. მიუხედავად ამისა, ორივე მათგანი გაგებით ეკიდება ამ ამბავს და სვეტა ექიმს დიდად არ საყვედურობს.
გულწრფელად ამბობს, რომ აფხაზი მეგობრები, კოლეგები, იმქვეყნად წასულები ძალიან ენატრება. იმ ადამიანების არყოფნას განიცდის, რომლებმაც ვერ გაუძლეს ამქვეყნის ტანჯვას, სევდას… ძალიან ენატრება დედა, რომელმაც სევდა ვერ გადაიტანა და საკუთარი და.

იმ ადამიანის ბლიცინტერვიუ, რომელმაც ამდენად რთული გზა გამოიარა, თუმცა ჯერაც საკუთარი მისიის ბოლომდე შესასრულებლად იბრძვის, ასეთია:

ნამდვილი სვეტლანა გვათუა არის:
_ ვერ გავკადნიერდები, ვერ ვიტყვი, რომ რამე დიდი ვარ! მეც რიგითი ადამიანი, დედა, ბებია, პედიატრი ვარ, რომელმაც თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთა და რაც დარჩა, ისიც უნდა გააკეთოს. როცა რაიმეს გამო მადლობას მეუბნებიან, ყოველთვის ვპასუხობ: იმქვეყნად, გარდაცვალების შემდეგ, საფლავის ქვაზე თუკი ნახავთ ჩემს სახელსა და გვარს, უბრალოდ, ჭიქა ღვინო წამიქციეთ და მომიხსენიეთ. არ მინდა, ეულად მიტოვებული საფლავის ქვა მქონდეს, მინდა თქვან: გაანათლოს მისი სული, ჩემი ექიმი იყო, ზრუნავდა ჩვენზე, ხობელებზე, თანასოფლელებზე, დევნილებზე. აი, მაშინ ვიტყვი, რომ ჩემს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია! ნატვრადაც ეს მაქვს! ვერ ვეგუები, როცა მოუვლელ ან ეულად დარჩენილ საფლავის ქვას ვხედავ, განსაკუთრებით კი იმ ადამიანის, რომელმაც ბევრი იშრომა!
იმედი მაქვს:
_ უფლის! ამდენი წელი მან მაცოცხლა! ასევე ოჯახის წევრების, შვილის, მეგობრების, რომლებიც ხობში შევიძინე. თავიდან მხოლოდ ორი მეგობარი მყავდა, მერი ლაგვილავა _ ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი და ხობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორი შორენა კანკია, ახლა იგი ვეტერან დევნილთა საქმეს კურირებს. ამ ორი ადამიანის გარეშე ხობში გაჩერებას ვერ შევძლებდი, გამიჭირდებოდა! მათ შემაძლებინეს მუშაობა. იმედი ჩამისახეს და გვერდით მედგნენ!
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიმეორებ:
_ თითოეულმა ადამიანმა უნდა დატოვოს „ნათელი კვალი“, ცხოვრების გზა ისე განვლოს, რომ უკან მოხედვისა არ შერცხვეს. ეს ჩემი ამოჩემებული ფრაზაა… აფხაზეთში ამბობდნენ, რომ ექიმის ხალათი უნდა იყოს ქათქათა, არც ერთი ლაქა არ უნდა ჰქონოდეს მას. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მეც ასეთივე ხალათი შემენარჩუნებინა!
რომ არა ის, ვინც ვარ, ვიქნებოდი:
_ თუ სხვა პროფესიას მოვიაზრებთ, მაინც მსგავსი, მაინც ოთარაანთ ქვრივი ვიქნებოდი, ისე, როგორიც შემორჩათ ჩემი სახელი მეხსიერებაში მედიკოსებს, სანიტრებსა და ა. შ. როცა ეს ადამიანები მეძებენ, მპოულობენ, მეხმიანებიან, ესეც ჩემგან გაწეული შრომის შედეგია.
შანსი რომ მქონდეს, დავიბადებოდი:
_ ისევ საქართველოში ამ დროს და ისევ ის ვიქნებოდი, ვინც ვარ!
მინდა, საზოგადოებას ვუთხრა:
_ ყველამ საკუთარი გასაკეთებელი აკეთოს. საქართველოში არ უნდა განმეორდეს ომი, დაპირისპირება, შუღლი, ჩვენი საუკუნოვანი ისტორია უნდა გაგრძელდეს და უნდა იყოს ნათელ ფერებში. წინაპრები არ ეძებდნენ მატერიალურ სიკეთეს, მამულიშვილები აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და მე ვინ ვარ მათთან შედარებით? _ ზღვაში წვეთი!
ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს ბედნიერი ცხოვრებისთვის! ყველამ თავისი წილი აგური უნდა დადოს საზოგადოების შენებაში. არ შეიძლება მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, რომ სხვამ გააკეთოს შენი გასაკეთებელი. უნდა დავაფასოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი!

სვეტლანა დღესაც დილით ადრე ადგება, ზემო ქვალონიდან ხობისკენ მიმავალ გზას გაუყვება, პაციენტებს მიიღებს, დაარიგებს, დღის ბოლოს სახლში დაბრუნდება, შუა ღამით რამდენიმე პაციენტის ზარს უპასუხებს და იმ უქმეებზე, როცა ჩვენ სამსახურის რუტინისგან დავისვენებთ, ის სახლში უმასპინძლებს იმ ადამიანებს, რომელთაც მისი დახმარება ასე ძალიან სჭირდებათ. ეს ყველაფერი კი მანამდე გაგრძელდება, სანამ თავად არ დარწმუნდება, რომ საკუთარი მისია ბოლომდე პირნათლად შეასრულა!

ნინო ტაბაღუა