„ჩვენ ვართ უდედოდ დარჩენილი ბიჭების თაობა…“

ოკეანის გაღმა დედა ტყუილად არ წასულა, შვილი ოკენის გამოღმა აღწევს წარმატებებს… დიახ, წლების წინათ, შვილს რომ ესწავლა, დედამ ქვეყანა მიატოვა და ამერიკაში წავიდა სამუშაოდ. შვილმა ამაგი დაუფასა… ნიკა ფაიქრიძე დღეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის წამყვანი მსახიობია…

27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, თეატრალურმა საზოგადოებამ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლში „ბილოქსი ბლუზი“ ნიკა ფაიქრიძის მიერ განსახიერებული როლი (ეპშტეინი) ახალგაზრდა მამაკაცის წლის საუკეთესო როლად დაასახელა. სულ ახლახან კი მოზარდმაყურებელთა თეატრის 90-წლოვან იუბილესთან დაკავშირებით ნიკა ფაიქრიძეს რეზო თავართქილაძის სახელობის ჯილდო გადაეცა. ლექსებს ბავშვობიდან წერს, მის ლექსებს ნახავთ სოცქსელებშიც და ფურცელზეც.
„შენ ჩემს სიგიჟეს თოკებზე გაფენ“, _ ასე ჰქვია მისი ლექსების პირველ კრებულს, მეორე კრებულს კი: „ერთი ლექსის ძიებაში“. ამ კრებულის პრეზენტაცია მოზარდმაყურებელთა თეატრში აპრილის ბოლოს გაიმართება…
დედისა და ბაბუის წყალობით, ბავშვობიდან თეატრშია, მაგრამ თეატრი, მთელი თავისი ჯადოსნურობით, როგორც თავად ამბობს, მაინც თეატრალურში აღმოაჩინა, პირველ კურსზე სწავლისას, მისი პედაგოგის, ბატონი გოგი თოდაძის დამსახურებით…
დედაც, ბაბუაც ზესტაფონის თეატრში მუშაობდნენ. წლინახევრის იყო ნიკა, პრემიერა რომ კინაღამ ჩაშალა. თეატრში „კომბლეს“ პრემიერა იყო, ნიკას დედა _ ლალი შიუკაშვილი, ძროხას თამაშობდა. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მის მიერ განსახიერებული ძროხა დღესაც ახსოვთ ზესტაფონში და მაშინაც ვიღაც აღტაცებულ მაყურებელს უკითხავს, _ ეს ძროხა ვინაა, რა კარგად თამაშობსო. პატარა ნიკუშამ ბოლო ხმაზე დაიღრიალა: „ეს ძროხა დედაჩემია“. დარბაზში ამტყდარი ხარხარი მალე სცენას გაედაედო და იძულებული გახდნენ, ფარდა დაეხურათ…
დედა ძროხას თამაშობდა წარმატებით… გავა დრო, ის პატარა ბიჭიც არტისტი გახდება და თეატრალურ ინსტიტუტში, საკურსო სპექტაკლში, „სამანიშვილის დედინაცვალში“, ცხენს ითამაშებს. ასევე წარმატებით… ცხენის თამაშამდე კი მთელი ბავშვობაა გასავლელი.
როგორც თავად დღეს იხსენებს, „რაღაცნაირად უცნაური“ ბავშვი იყო.
„უცნაურობაში იმას ვგულისხმობ, რომ არავისგან არაფრით გამორჩეული ბავშვი არ ვიყავი. ჩემი და, მაგალითად, დადიოდა ფორტეპიანოზე, ცეკვავდა არჩვეულებრივად, აქტიურიც იყო, მე კი იმდენად შებოჭილი ბავშვი ვიყავი, რომ მეზობელთანაც არ გავდიოდი სათამაშოდ. ვიჯექი ოთახში და დღემდე ვიხსენებ, რას ვაკეთებდი? არაფერს. უბრალოდ, ვიყავი ასე ჩემთვის. და ეს გამიგრძელდა საკმაოდ დიდხანს… სადღაც მეშვიდე-მერვე კლასამდე“.
დაიბადა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში 1991 წელს. ბავშვობა ჩაუჟამა შავბნელმა 90-იანმა წლებმა. ახსოვს ჩამქრალი ფერები ქალაქში. ახსოვს რიგები ნავთზე, რიგები პურზე და ნავთის სუნი („კერასინკის“ სუნად ყარდა მთელი ქალაქი“…).
უჭირდა ყველას და უჭირდა მათ ოჯახსაც. მიუხედავად ამისა, დედა კაცად ზრდიდა. მესამე კლასში იყო, მისი და რომ სკოლაში შეიყვანეს და მას დაავალეს სკოლიდან მისი გამოყვანა. ერთხელ თავსხმა წვიმაში დაავიწყდა და დაიკო სკოლაში დარჩა, შინ დის გარეშე მივიდა. დედამ აუღელვებლად მოხსნა ჩანთა და თავსხმაში უკან გაუშვა დის მოსაყვანად. „მე კაცს ვზრდიდი, საშინელებებს ვაკეთებდი. 5-6 წლის იყო, გაზის ბალონს რომ ვატანდი დასატენად, მამას დაავიწყდა დატენა. კაცი ხარ, წადი და მოიტანე-მეთქი. მინდოდა, გამეზარდა პასუხისმგებლიანი კაცი _ კაცებს ვზრდით ქალები და ისეთი კაცია ქალთან, როგორსაც ჩვენ ვზრდით“, _ ამბობს დედა…
მერე და მერე, როცა ნიკას პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, მამას უნდოდა, ნიკა მის გზას გაჰყოლოდა _ ექიმი გამოსულიყო, მაგრამ ნიკას ქიმიამ მალევე დააგლიჯა ფრთები მამის ოცნებას: „აღმოჩნდა, რომ დიდი ტალანტი და სიყვარული ისეთი საგნების მიმართ, როგორიც ქიმიაა, არ მქონდა…“
და მოხდა ის, რაც, პირიქით ხდება ხოლმე… მსახიობ მშობელს, როგორც წესი არ უნდა, რომ მისი შვილიც მსახიობი გახდეს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ასე იყო ნიკას დედის შემთხვევაშიც. ნიკას დედა ლალი სკოლის ასაკიდანვე თამაშობდა თეატრში. როცა მსახიობობა გადაწყვიტა, მამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ლალი იძულებული გახდა, ზესტაფონიდან თბილისში გამოპარულიყო და ჩუმად ჩაებარებინა თეატრალურში. ახლა კი, როცა ნიკუშას მომავალ პროფესიზე ბჭობდნენ, თვითონ დედამ შესთავაზა ნიკუშას: „სამსახიობოზე ხომ არ ცდიდი…“
შესთავაზა, ნიკამ სცადა და ჩააბარა კიდეც და სწორედ იქ, თეატრალურში დაიწყო, როგორც უკვე ვთქვით, თეატრის აღმოჩენა.
„თეატრში, რომ იტყვიან, კულისებში ვიზრდებოდი, ეს ჩემთვის იმდენად ბუნებრივი გარემო იყო, იმდენად სახლივით იყო, რომ ვერც ვიაზრებდი, რა გარემოში ვიყავი, სხვანაირად ვერც კი წარმომედგინა. თეატრის აღმოჩენა უკვე ინსტიტუტში დავიწყე ბატონი გოგი თოდაძის წყალობით და მართალი გითხრათ, ახლა და ახლა, რაც უფრო ღრმად შევდივარ ამ პროფესიაში, მოდის როლები, პატარ-პატარა წარმატებები, ახლა უფრო ვხვდები და ვიაზრებ, რა ჯადოსნურ სამყაროში ვარ…
ბატონი გოგი გვზრდიდა თავისი პიროვნული თვისებებით, თავისი პროფესიონალიზმით. 16-17 წლის ბიჭები ვიყავით, ჯერაც გარდატეხის ასაკში, სისხლი გვიდუღდა და ის ამ ყველაფერს აკეთებდა საოცარი სიზუსტით, სწორად წარმართავდა ჩვენს ენერგიას, ნერვებს, 4 წელი ისე გავიდა, კონფლიქტი არ გვქონია. ბატონი გოგის გარდა გვყავდა თამარ ხიზანიშვილი, მეტყველებას გვასწავლიდა ქალბატონი ნატო ჩიტაია, რომელიც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გაიძულებს, რომ მასთან იყო ჯენტლმენი. ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა მიგვიღია მათგან.
სულ ვმუშაობდით, გვქონდა ნაწყვეტები, შემდეგ სამი სპექტაკლი: „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“; „სამანიშვილის დედინაცვალი“; „კალიგულა“. ჩვენი „სველი იასამანი“ დღესაცაა თავისუფალი თეატრის რეპერტუარში. გული მწყდება, „სამანიშვილის“ აღდგენა და თეატრში გადატანა რომ ვერ მოხერხდა… ამ სამი სპექტაკლის გარდა სასცენო მეტყველებაში გვქონდა ნიკო გომელაურის პოეზიის საღამო, ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი“, პრაქტიკულად, სპექტაკლები იყო… სულ ვმუშაობდით, თეატრალური ისე დავამთავრეთ, თეატრალურის წინ ბირჟაზე არც ვმდგარვართ, არ ყოფილა სმა, გადარევა, რაღაცნაირად სხვა რელსებით წაგვიყვანა… ცდილობდა, პიროვნებებად ვქცეულიყავით“.
ნიკა სტუდენტი გახდა. მამა უმუშევარი იყო. თეატრიდან ჯერ ჟურნალისტიკაში, შემდეგ კი სახელმწიფო სამსახურში გადაბარგებულ დედას კი სულ 400 ლარი ჰქონდა ხელფასი…
„ჩემი მათემატიკა არ გასწვდა ამ ცხოვრებას“, _ ამას იმ დღიდან 9 წლის შემდეგ იტყვის დედა, რომელიც მაშინ ადგა და ამერიკაში წავიდა სამუშაოდ, შვილები რომ ერჩინა. თავიდან, ენის არცოდნის გამო, უმძიმეს პირობებში უწევდა მუშაობა _ მომაკვდავებს უვლიდა… 9 წელი შვილებს მხოლოდ სკაიპით ხედავდა…
ნიკა პირველ კურსზე იყო, დედა რომ ემიგრაციაში წავიდა. ნიკა ქირით გადასვლამდე ხან ერთ ნათესავთან ცხოვრობდა, ხან _ მეორესთან. ცალკე დედის წასვლას განიცდიდა და ცალკე ახალ გარემოსთან ადაპტირებას ცდილობდა…
„ნათესავებს რამდენჯერ დავწყვიტე გული, ვიყავი ერთთან, მერე შეგრძნება მქონდა, რომ ზედმეტად არ შემეწუხებინა, ავიბარგებოდი და გადავდიოდი სხვა ნათესავთან, ამ წანწალმა და იქით-აქეთ სიარულმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ არ უნდა დავლოდებოდი, როდის მოიკიდებდა დედა ფეხს ამერიკაში და როდის შეძლებდა დახმარებას. სწავლის მეტი არაფერი მინდოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ღამით მუშაობა შემეძლო, მაინც ვერ ვიძინებდი ხოლმე… ახლოს ვცხოვრობდი პეროვსკაიასთან, სადაც უამრავი ღამის ბარია, იმ ბარებს მივაკითხე, ერთ-ერთ ბარში მიმტანი სჭირდებოდათ და დავიწყე მიმტანად მუშაობა, შემდეგ ბარმენად გადავედი, შემდეგ მეგობრებთან ერთად კარაოკე საღამოებსაც ვაწყობდით… მოხდა ისე, რომ ფეხზე დავდექი და საკუთარი თავის უზრუნველყოფა შემეძლო…
მიხარია, რომ რაღაცების არ შემეშინდა და არ დაველოდე, როდის გამომიგზავნიდა დედა ფულს. მით უმეტეს, დედას თავიდან ძალიან უჭირდა, ყველაფერი კარგად ვერ იყო და ეს სიტუაცია კიდევ უფრო მთრგუნავდა, თუმცა, მეორე მხრივ, მაძლიერებდა კიდეც, ბრძოლის სტიმულს, მოტივაციას მაძლევდა. ახლაც მინდა, ისე მოვახერხო, რომ აქ ჩამოვიყვანო ისე, რომ არც მან და არც მე არ ვიფიქროთ, რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ… მაინც მანდ მივდივართ, ეკონომიკურად იმდენად მძიმე სიტუაციაა… ეს არ ეხება მარტო ჩემს ოჯახს, ეს ეხება მთელ ჩვენს ქვეყანას, ჩემს საძმაკაცოში 8 დედაა ასე წასული, ჩვენ ვართ უდედოდ დარჩენილი ბიჭების თაობა…
რამდენი პოლიტიკური ტოქშოუსთვის არ გვიყურებია, რამდენი პოლიტიკოსისთვის არ გვისმენია, მაგრამ ამ თემაზე, ამ დედების აქ დაბრუნებაზე არავინ საუბრობს, თითქოს ვალდებულად მიიჩნევენ, დედები იქ იყონ და აქ ფული გზავნონ. ვერანაირ ინტერესს ვერ ვხედავ ვერც მთავრობის, ვერც ოპოზიციის მხრიდან… არც კი ლაპარაკობენ ამ თემაზე! თუმცაღა საბერძნეთში რომ კრიზისი იყო და აქ ფულს ვერ გზავნიდნენ, მაშინ კარგად ალაპარაკდნენ…“
ემიგარციაში წასული დედა 9 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში დროებით და შვილს პირდაპირ სპექტაკლზე გამოეცხადა _ 9 წლის უნახავი დედა-შვილის შეხვედრა „ნანუკას შოუს“ წყალობით მთელმა საქართველომ ნახა… ეს ყველაფერი დედისა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დიმიტრი ხვთიასიაშვილის მიერ მოწყობილი სიურპრიზი იყო ნიკასთვის _ როცა ნიკა სცენაზე „მე ვხედავ მზეს“ თამაშობდა, არ იცოდა, დარბაზში თუ ცხრა წლის უნახავი დედა იჯდა და მას ხედავდა.
„რომ დავინახე, თვალთ დამიბნელდა, ხან მჯეროდა და ხან არც მჯეროდა, ხან მეცინებოდა, ხან მეტირებოდა, მეგონა, სკაიპი იყო ჩართული“…
დედა ისევ ამერიკაში დაბრუნდა, კვლავ ემიგრაციაშია. დავუბრუნდეთ ნიკას თავგადასავალს. ნიკამ თეატრალური დაამთავრა, 2 წელი უთეატროდ იყო. არ გაჩერებულა, თავის თავს უტარებდა ლექციებს, რეპეტიციებს. მერე რადიოშიც დაიწყო მუშაობა დილის გადაცემაში, არ ჩერდებოდა.
„არსად არანაირი კასტინგი არ იყო, მე და ჩემმა ჯგუფელმა გოგომ შევადგინეთ ჩვენი სივები, ჩამოვწერეთ, რა გვქონდა ნათამაშები (ჯერ რა უნდა გვქონოდა, მაგრამ მაინც)… ყველა თეატრი მოვიარეთ, ვტოვებდით, ვუხსნიდით, რომ არ გვინდოდა ხელფასი, ენთუზიაზმზე ვიმუშავებდით, ზოგ რეჟისორს პირდაპირ ხელში ვაძლევდით სივს და ვთხოვდით დახმარებას… სოხუმის თეატრში რეჟისორმა გოგა თავაძემ უკვე აწყობილ სპექტაკლში შეგვიყვანა კიდეც, „კინკასის უცნაურ გარდაცვალებაში“ გვათამაშა, შემდეგ ახმეტელის თეატრში ვითამაშე კოკო როინიშვილის სპექტაკლში „მეტრანპაჟის ისტორია“… სულ სამი ასეთი პროექტი მახსენდება, სადაც გამოსვლებზე ვთამაშობდი… შემდეგ რობერტ სტურუამ გამოაცხადა კასტინგი. თავიდან მეშინოდა გასვლის, მაგრამ იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა, რაღაცა მეკეთებინა, ავდექი და გავედი. რუსთაველის თეატრში ვერ მოვხვდი, მაგრამ მაინც ბედნიერი და გახარებული ვიყავი, რადგან ჩემი მეგობრები მოხვდნენ და იმედი მომეცა, რომ ე. ი. კასტინგებით მართლაც ხდება რაღაც და მერე მეც მოვხვდები სადმე-მეთქი… მართლაც, 2 თვეც არ იყო გასული, მოზარდმაყურებელთა თეატრმა რომ გამოაცხადა კასტინგი და მეც გავედი მთელი რწმენით, სავსე იმედით… გავიარე, მითხრეს, ერთ თვეში შეგეხმიანებითო. მართლაც, მალე დამირეკეს და გამომიძახეს, მორიგ სპექტაკლში მსახიობი უნდა შემეცვალა ერთჯერადად. რეპეტიცია გამატარეს, შემდეგ ტექნიკურმა რეჟისორმა, ნატა არველაძემ მთხოვა გავყოლოდი, დაფასთან მიმიყვანა, განაწილება იყო გამოკრული: უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“, დამდგმელი რეჟისორი ლევან წულაძე, როლების განაწილება, რომეო _ ნიკოლოზ ფაიქრიძე… ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ნატამ მითხრა, თეატრში აგიყვანეს, ესაა შენი პირველი როლი და არა ის, რაზეც დღეს მოგიყვანეთო… არ იცით, რა დამემართა, ყველაფერს მოველოდი რომეოს გარდა… იმიტომ რომ გადასარევად ვიცი, რა ვიზუალიც მაქვს… საკმაოდ ირონიულად ვარ განწყობილი საკუთარი თავის მიმართ, შეიძლება სხვა როლზე მეფიქრა ამ პიესაში და არა რომეოზე… ვამბობდი კიდეც, მე რანაირი რომეო უნდა ვიყო, ნუ გადამრიეთ-მეთქი, მაგრამ მერე და მერე მუშაობის პროცესში გამოჩნდა, რომ სულ არ ჰქონდა გათვლა რეჟისორს სილამაზეზე, ქერა კულულებზე და ცისფერ თვალებზე… სხვა რამ იყო წინა პლანზე წამოწეული… ჩემთვის ეს როლი სხვა მხრივ იყო მნიშვნელოვანი, მე უნდა გამემართლებინა იმედები, მე უნდა დამემტკიცებინა, რომ რაღაც მართლაც შემიძლია… კედელთან ვიყავი მიყენებული, მე ვერაფერს დავაბრალებდი დრამატურგს, ვერც რეჟისორს… მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს პარტნიორ თეკლა ჯავახაძეს, რომელიც ჯულიეტას თამაშობდა. ჩვენ მაშინ გავიცანით ერთმანეთი, გავუგეთ და ვენდეთ ერთმანეთს, არ შემბოჭა როგორც პარტნიორმა და მომცა ყველანაირი სისულელის კეთების უფლება…“
მას შემდეგ, აგერ უკვე მეხუთე წელია, მოზარდმაყურებელთა თეატრის წამყვანი მსახიობია.
ხან ცხენის პარტნიორია „ემილის თავგადასავალში“, ხანაც ეპშტეინი „ბილოქსი ბლუზში“, ხან ჯუჯა „ფიფქიასა და შვიდ ჯუჯაში“, ხან სოსოია „მე ვხედავ მზეში“, ხან მაიმუნების ბელადი „მაუგლიში“, ხანაც დონ პედრო შექსპირის „აურზაური არაფრის გამოში“, ხან რწყილი „რწყილსა და ჭიანჭველაში“ და ხანაც იეზეკიელ ჩივერი „სეილემის პროცესში“, ხან მცველია „ხუთკუნჭულაში“ და ხანაც ალი ყული-ხანია „ბაში-აჩუკში“ და ხანაც მონოსპექტაკლს თამაშობს „ღამე და თუთიყუშში“…
რომ ჰკითხავ, _ რა როლზე ოცნებობო, მიკიბ-მოკიბავს, _ არ ვარ მზად მაგ კითხვისთვისო, მაგრამ მე ვარ მზად ნებისმიერი როლისთვისო… რომ ჩაეძიები, მერეღა იტყვის: „ვიყო რაღაცნაირად თავხედი? თუ მაპატიებენ და სწორად გამიგებენ, მე იდიოტის თამაში მინდა… სიამოვნებით შევხედავდი მისი თვალით სამყაროს…“

რეზო შატაკიშვილი