საქართველოს ისტორიის ქრონიკა – 1917 წლის აგვისტო

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-12;

1917 წლის აგვისტოში რუსეთში პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდა. იმპერიაში შექმნილი ვითარება იმდენად ქაოსური გახდა, რომ მთავრობას მართვის სადავეები გაექცა. მორიგ არეულობას ისევ პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე განცდილმა მარცხმა დაუდო სათავე. აგვისტოს მიწურულს გერმანიამ დასავლეთის ფრონტზე, ფაქტობრივად, დაშლილი რუსული არმიის წინააღმდეგ შეტევა წამოიწყო და ქალაქი რიგა აიღო. კაიზერის არმიას რუსეთის დედაქალაქ პეტროგრადამდე სულ რამდენიმე დღის სავალი აშორებდა.
გაზეთი „საქართველო“ ამ მარცხის თაობაზე 24 აგვისტოს შემდეგ წერილს აქვეყნებს: „გერმანელებმა რიგა აიღეს, იქიდან შორს აღარ არის პეტროგრადამდე. რასაკვირველია, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, წავლენ თუ არა გერმანელი რაზმები პეტროგრადისკენ. მაგრამ თავის თავადაც დიდმნიშვნელოვანი ფაქტია ისეთი ქალაქის აღება, რომელიც თავისი სიდიდით თითქმის რუსეთის ყველა ქალაქებს სჭარბობს გარდა პეტროგრადისა და მოსკოვისა. უეჭველია, რომ რიგას გერმანეთი ადვილად აღარ დასთმობს და ეს ქალაქი, შემადგენელ ელემენტათ შევა მორიგს საზავო პროგრამაში, რომელსაც ბერლინის მთავრობა წამოაყენებს.
მაგრამ რიგის აღებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ომისა და ზავის საკითხისა, არამედ რუსეთის შინაური პოლიტიკისთვისაც. თუ ვარშავისა, ლოძისა და კოვნოს დაკარგვამ ხალხის ნდობა დაუკარგა მეფის მთავრობას და ბოლოს ნიადაგიც გამოაცალა მას, ტარნოპოლისა და რიგის დაკარგვა საფუძვლიანად შეარყევს დროებითი მთავრობის მდგომარეობას“.
როგორც ირკვევა, რუსული არმიის მარცხის მიზეზი გენერალი კორნილოვი გახდა, რომელმაც ჯარის ნაწილები ფრონტიდან მოხსნა და თავისი არმია დროებითი მთავრობის წინააღმდეგ პეტროგრადისკენ დაძრა. რუსული იმპერია კვლავ შიდა დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდა. თუ ადრე კერენსკის მთავრობას ბოლშევიკური პარტიის მიერ მოწყობილი დემონსტრაციები და შეიარაღებული გამოსვლები ემუქრებოდა, ამჟამად საფრთხე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც არმიამ ღია დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. 31 აგვისტოს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ პეტროგრადის ჯარების მიმართ სპეციალური მოწოდება გამოაქვეყნა, სადაც კორნილოვს მოღალატეს უწოდებდა და ჯარისკაცებს რევოლუციის მონაპოვრის დაცვისკენ მოუწოდებდა: „დროებითი მთავრობის წინააღმდეგ ამდგარმა ყოფილმა მთავარ-სარდალმა გენერალმა კორნილოვმა, რომელიც ეფიცებოდა ხალხს თავის ერთგულებაში რევოლიუციისადმი, ახლა საქმით გვაჩვენა თავისი ვერაგობა. აღმოჩნდა, რომ მან განგებ წამოიყვანა ჯარები ფრონტიდან და ამით შეასუსტა იგი იმ დროს, როცა გერმანელები ლამობდნენ ჩვენს მიწაზე შემოტევას და მთელი ეს ჯარი გამოგზავნა პეტროგრადის წინააღმდეგ. იგი არწმუნებს ყველას, რომ იცავს თავისუფლებას და პეტროგრადზე კი აგზავნის კავკასიის „ველურ“ დივიზიას. ამხანაგებო! დადგა საათი აჩვენოთ თქვენი ერთგულება თავისუფლებისა და რევოლიუციისადმი. მინისტრ-თავმჯდომარე ა. კერენსკი“.
მაგრამ კერენსკის მოწოდება ჯარისკაცებზე ნაკლებად მოქმედებდა. 1917 წელს ომისგან დაღლილი და რევოლუციური იდეებით ავადმყოფი რუსული არმია ფრონტიდან ყველა მიმართულებით უკან იხევდა და გზად ყველაფერს არბევდა. ჯარისკაცების განწყობასა და არმიაში არსებულ ვითარებაზე ყველაზე ნათელ წარმოდგენას 24 აგვისტოს სტატია გვიქმნის. გაზეთი „საქართველო“: „არსებითად რუსეთს ჯარი აღარა ჰყავს. დღეს ეს შეიარაღებული ბრბო იხევს რუსეთის შუაგულისკენ. მას ვერ აჩერებს ვერც პატრიოტული მიმართვა და ხვეწნა, დაიცვას ულმობელ მტრისგან განთავისუფლებულ სახელმწიფოს საზღვრები და მით ხელი შეუწყოს დემოკრატიული მართველობის დამკვიდრებას, ვერც ბრძოლის ველზე აღდგენილი სასტიკი ზომები, რომელიც უმთავრესად გამოიხატება დეზერტირების და შეტევის მოწინააღმდეგეების დახვრეტაში. მორბის ჯარი და თან მოაქვს გულში ჩამარხული წყევა და კრულვა ყველა იმ შევიწროებისა, რომელიც მან განიცადა სამ წელს ჯოჯოხეთურ ცეცხლის წვიმის ქვეშ.
საშიშ მოვლენას წარმოადგენს ბრძოლის ველიდან მომავალი თავ-ანებებული ჯარი, ხოლო ათასჯერ საშიშია ჯარი დამარცხებული, დამცირებული და მტრისგან თავზარდაცემული! რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ვიყავით მოწამენი იმ სამარცხვინო ცარცვა გლეჯისა, რომელიც რუსის უკანდახეულმა ჯარმა ჩაიდინა ტარნოპოლში და გალიციის სხვა ქალაქებში; ასეთივე ბედი ეწვევა ყველა იმ ქალაქებს და ადგილებს, სადაც დაბრუნებულ ჯარს მოუხდება გავლა, კალიასებრ მოედება შეწუხებულ ქვეყანას რამოდენიმე მილიონი იარაღ ასხმული ხალხი და ძრწოლაში შთააგდებს ყველას…“

ანარქია არმიაში

ჯარისკაცთა შორის საყოველთაო ხასიათი მიიღო ლოთობამ და დაუმორჩილებლობამ. 1917 წლის აგვისტოში თბილისი მტრის მიერ ოკუპირებულ ქალაქს ჰგავდა, სადაც ქუჩაში გამოსვლა საფრთხეს წარმოადგენდა. ჯარისკაცები იმდენად გათავხედდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კი არ ეპუებოდნენ და მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. პირველ აგვისტოს მთვრალმა ჯარისკაცებმა პუშკინის ქუჩაზე მასხრად აიგდეს და შეურაცხყოფა მიაყენეს მუშებს, რომლებიც გზის მოკირწყვლაზე მუშაობდნენ. ამ ინციდენტს გუბერნიის კომისარი გრიგოლ გიორგაძე შეესწრო, რომელმაც ჯარისკაცებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. ჯარსკაცებმა კომისრის ეტლი გააჩერეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩხუბის მოთავეები თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს განკარგულებით შეიპყრეს და ციხეში გაისტუმრეს.
4 აგვისტოს ჯარისკაცებმა კიდევ ერთი დებოში მოაწყვეს. ნავთლუღში მდებარე ღვინის სარდაფში სამხედროებმა მედუქნის მიერ სასმელზე ფასის აწევის საპასუხოდ მთლიანად დაარბიეს მისი დუქანი, ყველაფერი დალეწეს, სცემეს მედუქნე, შემდეგ, სარდაფიდან ღვინო გამოიტანეს და იქვე დაიწყეს სმა. გაზეთი არ იუწყება, თუ რამდენი სამხედრო მონაწილეობდა ამ მთვრალ დებოშში, თუმცა აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა ადგილზე სამი კასრი ღვინო დალიეს, ხოლო კიდევ ერთი კასრი 218-ე პოლკის ყაზარმაში წაიღეს. ადგილზე მისულ მილიციელს ჯარისკაცები მოკვლით დაემუქრნენ. მილიციის უბნის კომისარმა საქმის ვითარების გამოკვლევა და დამნაშავეთა დასჯა მოინდომა, მაგრამ ამ მცდელობამ კიდევ უფრო სავალალო შედეგი გამოიღო. 5 ათასმა მთვრალმა ჯარისკაცმა კომისარიატის შენობაზე მიიტანა იერიში და შენობის დარბევას შეუდგა. ქვებით ჩალეწეს ყველა ფანჯარა, დაამტვრიეს კარები, დალეწეს ინვენტარი. კომისარმა ფანჯრიდან გადახტომით უშველა თავს. ვითარება მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როდესაც ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტმა ნავთლუღში საჯარისო ნაწილები გაგზავნა.
14 აგვისტოს ნავთლუღში ისევ არეულობა აღინიშნა, რომელიც მთელი რაიონის დარბევაში გადაიზარდა. ვითარება კვლავ ღვინის გამო დაიძაბა. შემთხვევა იმით დაიწყო, რომ კაზაკთა პოლკის ჯარისკაცებმა გზაში მედროგე გააჩერეს, რომელსაც ღვინით სავსე კასრები გადაჰქონდა.
გაზეთი „საქართველო“. 19 აგვისტო: „ნავთლუღის სადგურში ყაზახებმა დაინახეს ღვინიანი ბოჭკა, მისცვივდნენ, გასტეხეს იგი და ღვინო ზოგი შესვეს და ზოგი დაღვარეს. მთვრალი ყაზახები ქალაქისაკენ წამოვიდნენ და ნავთლუღში რამდენიმე ალაგას უწესობები მოახდინეს. მილიციონერებმა და რამდენიმე სალდათმა, რომელნიც შემთხვევით წააწყდნენ უწესობას ძლივს ძლივობით დააწყნარეს მთვრალები და წესიერება აღიდგინეს. იმავე დღეს ნავთლუღში ვლ. გუგუნაძის ბაღში შევიდა ხუთი სალდათი და პამიდვრები დაგლიჯეს. ბაღის მუშებმა 2 სალდათი დაიჭირეს და საკომისაროში გაგზავნეს. გადარჩენილი სალდათები თავიანთ ბინაზე მოვიდნენ და ამხნაგებს უთხრეს, რომ მებაღეებმა სცემეს 2 ჩვენს ამხანაგს და მტკვარში გადაჰყარესო. 300-მდე სალდათი ახლო-მახლო ბაღებს შეესია და ბაღების განადგურება დაიწყო. ბრბომ მიატანა გუგუნაძის ბაღს; მისცვივდა გუგუნაძეს და მის ცოლს და შეუბრალებლად დაუწყეს ცემა. კომისარმა მაჭარაშვილშა გაიგო-რა ეს ამბავი ხელად აფრინა მილიციონერები და სალდათები, რომელთაც ძლივაძლიობით გადაარჩინეს მებაღე და მისი ცოლი“.

თვითმმართველობის არჩევნები

30 ივლისს რუსეთის იმპერიაში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ამ არჩევნების შედეგად თბილისში ქალაქის ახალი საბჭო შეიქმნა. ქალაქის გამგეობაში ყველაზე მეტი დეპუტატი სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიყვანა, რომელთა ფრაქცია 50 დეპუტატს ითვლიდა. სოციალისტ-რევოლუციონერებმა 20 მანდატი მიიღეს, კადეტებმა და ბოლშევიკებმა – 7. ეროვნულ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტებისა და უკრაინელების გაერთებულ ბლოკს, აგრეთვე მუსლიმანთა ეროვნულ პარტიას ქალაქის საკრებულოში ოთხ-ოთხი ადგილი შეხვდათ.
2 აგვისტოს გაზეთი „საქართველო“ არჩევნებს ვრცელ მიმოხილვას უძღვნის და ქალაქის მმართველობაში ძალთა გადანაწილებას აფასებს: „საქალაქო არჩევნები დასრულდა. დაახლოვებით უკვე ნაანგარიშევია, თუ რამდენი ხმა და ხმოსანი მიიღო არჩევნებში მონაწილე პარტიამ და ერმა. პარტიული ჯამით გამარჯვება სოციალისტებს ჰხვდათ: 120 ხმოსანიდან მათ 105 ერგოთ (პირველი ალაგი სოციალ-დემოკრატებმა დაიკავეს, მათი რიცხვი ორჯერ მეტია, ვიდრე სოციალისტ-რევოლუციონერებისა). ეროვნული ჯამით ისევ სომხებმა გაიმარჯვეს. მათ მიიღეს 48 ალაგი, ქართველებმა მხოლოდ 38, რუსებმა – 18, დანარჩენი ებრაელებმა, თათრებმა, პოლონელებმა, ოსებმა და უკრაინელებმა.
თბილისის არჩევნებში რომ სოციალისტებმა, კერძოდ სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს, ეს არც ისე გასაკვირია მაინცა და მაინც. ახლა ხომ ყველგან სოციალისტური პარტიების ორგანიზაციული და სულიერი ბატონობაა; ამ სარევოლუციო საქალაქო არჩევნებში არც ერთი ქალაქი არ დარჩენილა, გვგონია, რუსეთში და საქართველოში, რომ სოციალისტებს მეტი ხმა არ მიეღოთ, ვიდრე არა სოციალისტურ, „ბურჟუაზიულ“ პარტიების წარმომადგენელთ.
მაგრამ გაცილებით უფრო დამაფიქრებელია არჩევნების ეროვნული ჯამი. სომეხთა ეროვნების წარმომადგენელთ 48 ალაგი ერგოთ. ქართველებს კი მარტო 38, თუმცა, ქართველ ამრჩეველთა რიცხვი თუ მეტი არა, ნაკლები ხომ მაინც არ ყოფილა სომეხ ამომრჩევლებზე. მიზეზი ის არის, რომ არც ერთ ერს ისეთნაირად არ გამოუყენებია „ინტერნაციონალურ“ პარტიების საარჩევნო მასპინძლობა, როგორც სომხებს.
გარდა იმ 24 ხმოსნისა, რომელიც სომხურ ეროვნულ პარტიის, „დაშნაკცუტუნის“ სიით გავიდა, ორი სომეხი ხმოსანი „ბოლშევიკებმა“ გაიყვანეს, ხუთი – კადეტებმა, შვიდი – სოციალისტ-რევოლუციონერებმა და ცხრაც სოციალ-დემოკრატებმა“.

თბილისის სტატისტიკა

20 აგვისტოს ნომერში გაზეთი „საქართველო“ ძალიან საყურადღებო ინფორმაციას ბეჭდავს, სადაც მოყვანილია 1917 წლის ივლისში მთავრობის მიერ ჩატარებული აღწერის სტატისტიკური მონაცემები. ამ ინფორმაციის მიხედვით შეგვიძლია თვალნათლივ წარმოვიდგინოთ, თუ როგორი ქალაქი იყო თბილისი 1917 წელს.
თბილისის მცხოვრებთა რიცხვი, ჯარის გამოკლებით, 560 ათას მოქალაქეს შეადგენდა. ამ რიცხვიდან საარჩევნო უფლებით 124 276 კაცი სარგებლობდა. ქალაქს ეკავა 2826 დესეტინის ფართობი. მდინარე მტკვრის გასწვრივ ქალაქის სიგრძე 11 ვერსს, ხოლო სიგანე 4 ვერსს შეადგენდა. ქალაქში 23 მოედანი და 1240 ქუჩა იყო, შესახვევებისა და ჩიხების ჩათვლით. ქუჩების საერთო სიგრძე 1800 ვერსს უდრიდა. აქედან მოკირწყლული მხოლოდ 55 ვერსი იყო.
ქალაქს ეკუთვნოდა სასალახო (ადგილი, სადაც ყასბებისთვის ხოცავენ საქონელს, _ რედ.), წყალსადენი, კანალიზაცია, ელექტროსადგური და გარე განათება, ლომბარდი, სახანძრო რაზმი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, მილიცია, ტრამვაი, ქალაქის ცენტრალური პურის საცხობი, აფთიაქი, ფუნიკულიორი. ქალაქი თავისი ხარჯით ინახავდა 33 საჯარო სკოლას, 4 ბიბლიოთეკას, თეატრს, ავჭალისა და ნაძალადევის აუდიტორიას, მუზეუმს, ღატაკთა თავშესაფარს, შრომის ბირჟას, საავადმყოფოს, სამშობიაროს, სულით ავადმყოფთა თავშესაფარს, გადამდებ სნეულებათა ბარაკებს.
1917 წლის 1-ლი იანვრისთვის ქალაქის თვითმმართველობაში დასაქმებულთა საერთო რიცხვი 1150 მოქალაქეს უდრიდა, ხოლო ტრამვაის მომსახურეთა რიცხვი – 1200 შეადგენდა.

ტერიტორიული საკითხი

26 აგვისტოს გაზეთი „საქართველო“ მეტად საინტერესო სტატიას აქვეყნებს სათაურით: „კავკასიის გადამიჯვნა“. წერილი კავკასიის ტერიტორიულ მოწყობას ეხება, სადაც რუსეთის მიერ კავკასიის გუბერნიათა საზღვრების ცვლილების ინიციატივაა განხილული. როგორც ჩანს, ამ ცვლილებით საქართველო მნიშვნელოვან ტერიტორიებს კარგავდა, რამაც ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია: „საშინაო საქმეთა სამინისტროდან ამიერკავკასიის კომიტეტმა მიიღო დამზადებული პროექტი კავკასიის გუბერნიათა გადამიჯვნისა. ეს პროექტი პეტროგრადის საგანგებო კომისიის წევრთა უმრავლესობას მოუწონებია, რომელნიც დამფუძნებელ კრების კანონის შემადგენელ თათბირში მონაწილეობდნენ ქართულ, სომხურ-თათრულ პარტიების სახელით.
პროექტის ავტორი „დაშნაკცუტიუნის“ პარტია ყოფილა… ამ პროექტით, სამინისტროს რომ მოუწონებია, ამიერ-კავკასიაში იქნება სამი ეროვნული ერთეული: ქართული, სომხური და თათრული. კერძოდ, სომხებისათვის ელისავეტპოლ, ერევან, თბილისის გუბერნიებს და ყარსის ოლქს სჭრიან და ახალ გუბერნიას აარსებენ: ალექსანდროპოლისას და განძაკისას. არას ვამბობთ იმაზე ჩვენ, თუ როგორ ეხება ასეთი გადამიჯვნა თათარ-თურქთა ეროვნულ პოლიტიკურ და ეკონომიურ ინტერესებს, ეს მათ უკეთ იციან – ჩვენ კი მოვალენი ვართ მივაქციოთ ქართველი ერის ყურადღება იმ გარემოებას, რომ ბუნებრივად, გეოგრაფიულად, ეკონომიურად, კულტურულად და ისტორიულად, მთლიანი საქართველოს ტანის დაჭრისა და დასახიჩრების საფრთხე არასოდეს არ ყოფილა ისე ახლოს, როგორც დღეს: სარევოლიუციო საშინაო სამინისტროს და ევანგულოვების თანამშრომლობით შედგენილი პროექტი რომ განხორციელდეს, საქართველო დაჰკარგავს თითქმის მთელ ახალქალაქის მაზრას და ბორჩალოს მაზრის ნაწილს… საქართველოს ნაციონალური ინტერესის დამცველნი არას გზით არ შეურიგდებიან ასეთ ოპერაციებს“.

ეკონომიკური მდგომარეობა

რუსეთის იმპერიაში შექმნილი სავალალო მდგომარეობის გამო აღარ დარჩა პროდუქტი, რომლის ღირებულებამაც არ მოიმატა. მთავრობა ყოველდღე ახალ აკრძალვებსა და შეზღუდვებს აწესებს. შაქრის შემდეგ 7 აგვისტოს ბარათები შემოიღეს პურსა და ფქვილზე. გაზეთი იუწყება, რომ ამ ბარათის გარეშე მოსახლეობა პურს ვერ იყიდდა. აქვე განმარტებულია, რომ მოქალაქეებს პურის ბარათის აღება სასურსათო კომიტეტებში შეეძლოთ და ამისთვის მათ პირადობის მოწმობა ან შაქრის ბარათი უნდა წარედგინათ.
19 აგვისტოს კიდევ ერთი შეზღუდვა დაწესდა, რომელიც ფქვილს ეხებოდა: ქალაქის სასურსათო კომიტეტმა საკონდიტროებზე როგორც თეთრი, ასევე შავი ფქვილის გაცემა აკრძალა. შემცირებული მარაგის გამო ფქვილი მხოლოდ პურის საცხობებისა და ფურნეებისთვის იყო გამიზნული.
ხელისუფლების მიერ მიღებულმა ხელოვნურმა ზომებმა ბაზარზე პურის დეფიციტი გამოიწვია.
გაზეთი „საქართველო“: „ფურნეებთან დილიდანვე აუარებელი ხალხი შეგროვდა და გრძელი კუდები გაკეთდა. ყველანი პურის გამოცხობას და ყიდვას უყურებდენ. პურის სიმცირე გამოიწვია მეთონეების გაფიცვამ, რომელნიც პურის ნიხრის გადიდებას თხოულობენ რამდენიმე კაპეიკით. ფქვილი საკმაოდ აქვს სასურსათო კომიტეტს, მაგრამ მეფურნეები ყველასათვის საკმაო პურის გამოცხობას ვერ ასწრებენ“.
გაძვირდა შეშა და ნახშირი. მოსახლეობა შიშობდა, რომ საწვავის დეფიციტის გამო ზამთარში ყინვებს ვერ გადაიტანდა და თადარიგს ზაფხულიდანვე იჭერდა. თბილისის გუბერნიის სასურსათო კომიტეტის მიერ თბილისიდან და თბილისის გუბერნიიდან აიკრძალა მზა ტანსაცმლის, ტყავეულის, ფეხსაცმლის, ქსოვილების გატანა.
შიმშილის გამო შემაძრწუნებელი შემთხვევა მოხდა თელავის მაზრის სოფელ ქვემო-ხოდაშენში. გაჭირვებულმა გლეხმა ლაზარე შიუკაშვილმა სოფლის კოოპერატივიდან 50 მანეთი ისესხა და პური იყიდა, მაგრამ შიმშილმა ისე შეაწუხა, რომ სახლამდე ვეღარ მიიტანა, დუქანში შეიარა და პური იქვე შეჭამა. ამის გამო ლაზარეს ცოლთან დიდი უსიამოვნება მოუვიდა. შიუკაშვილმა ცოლის საყვედურს ვერ გაუძლო და თოფით თავი მოიკლა.

კრიმინალი

ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი იუწყება, რომ რკინიგზის სადგურებზე ძლიერ გახშირდა ქურდობა. განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ჯიბის ქურდების გამრავლება, რომლებიც მოქალაქეებს საფულის გარეშე ტოვებდნენ. როგორც ირკვევა, მილიცია ჯიბგირებს კი იჭერდა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო მათ ციხეში არ გზავნიდნენ და მალევე ათავისუფლებდნენ.
6 აგვისტოს თბილისში გაქურდეს კავკასიაში იტალიის კონსულ ლორენცო ვალერის საცხოვრებელი. ქურდებმა სახლიდან გაზიდეს ანტიკვარული სამხედრო იარაღი, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი. დანაკარგის საერთო ღირებულებამ 8 ათასი მანეთი შეადგინა. როგორც გაზეთი იტყობინება, დიდი მცდელობის მიუხედავად, მილიციამ ბოროტმოქმედთა კვალს ვერ მიაგნო.
იმავე დღეს გაძარცვეს ადელხანოვის ტყავის ქარხანა, საიდანაც ტყავი და ფეხსაცმლის მზა ლანჩები წაიღეს. ეჭვის ნიადაგზე მილიციამ კიროჩნის ქუჩაზე შეიპყრო ერთი მოქალაქე, რომელიც ეტლით მგზავრობდა. დაკავებულს ეტლში სამი ფუთი ტყავი აღმოაჩნდა.
22 აგვისტოს დაუდგენელმა პირებმა მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის სარდაფი გაძარცვეს, საიდანაც უძვირფასესი ღვინის კოლექციის ნაწილი გაიტაცეს. ქურდები სარდაფში სავენტილაციო სისტემიდან შეიპარნენ, ღვინო დალიეს და ხელს უამრავი ბოთლიც გააყოლეს. როგორც ირკვევა, ეს კოლექცია დიდ მთავარ ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვს ეკუთვნოდა: „სასახლის სარდაფში, ზოგი ღვინო 100-150 წლის იქნება. მაგალითად, არის ღვინო 1714 წელს შენახული. კოლექციაში მოიპოვება ძველი ბადაგი, ხერესი, პორტვეინი, ბურგუნდიის და ვენგრიის ძველი ღვინოები, სხვა და სხვა მარკის შამპანური და სხვ. სალდათთა დეპუტატების საბჭომ მიიწვია ამ ღვინოების შესაფასებლად და ცნობაში მოსაყვანად სპეციალისტები კ. მოდებაძე და კ. გაბიჩვაძე, რომელთა აზრით ამ ღვინოების ფასი 350-400 ათას მანეთამდე მიაღწევს. აზრი ტრიალებს, რომ ეს ძვირფასი კოლექცია მომავალ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს უნდა შესწირონ“.
დაბოლოს 27 აგვისტოს ინფორმაცია, სადაც გაზეთი „საქართველო“ ტრაგიკულად დასრულებულ სასიყვარულო რომანზე მოგვითხრობს: „პრაპორშიკ ბ. ტიმოფეევს, ცოლ-შვილიან კაცს, გაგიჟებით შეჰყვარებია ახალგაზდა ქალი მარიამ აგანაშვილი. ეს უკანასკნელი უარს ეუბნებოდა ტიმოფეევს. ერთ დროს ტიმოფეევი თბილისიდან სხვაგანაც კი გადაუმწესებიათ სამსახურში, ქალისთვის რომ მოეშორებინათ, მაგრამ ის მაინც არ ივიწყებდა ახალგაზდა მარიამს. მარიამობისთვის 24-ს ტიმოფეევი ქალბატონ ო. სტოიანოვის სახლში მისულა სტუმრად და იქ ანა ზოლოტარიოვას მოტყუილებით მოუყვანია მარიამ აგანაშვილი. ტიმოფეევს ხელახლა დაუწყია მისთვის ხვეწნა ცოლად გამომყევიო, თან იმასაც ეუბნებოდა თურმე, რომ ჩემს ცოლს ვშორდებიო. აგანაშვილის ქალზე ვერავითარმა თხოვნამ ვერ გასჭრა. მაშინ ტიმოფეევს ამოუღია რევოლვერი და ხუთჯერ დაუხლია გულში ტყვია საბრალო მირიამისთვის. ტიმოფეევი თვითონვე გამოცხადებულა საკომენდანტოში და განუცხადებია, ქალი მოვკალიო“.

კულტურის ქრონიკა

1917 წლის აგვისტოში საქართველოში პირველი ქართული ფილმის გადაღება დაიწყო, სახელწოდებით „ქრისტინე“. ამ საქმის ინიციატორი გერმანე გოგიტიძე იყო, რომელმაც მოსკოვში კინოფირები შეიძინა. ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოების მიხედვით ფილმის გადაღება რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ ითავა. როგორც გაზეთ „საქართველოს“ 19 აგვისტოს ნომერში მოყვანილი ცნობიდან ვიგებთ, ორნაწილიანი ფილმის გადაღება გურიასა და თბილისში დაგეგმეს და მისი ღირებულება 20 ათას მანეთს შეადგენდა.
20 აგვისტოს სამხედრო-საისტორიო მუზეუმში, რომელიც გოლოვინის გამზირზე მდებარეობდა, ქართველი მხატვრის გ.ი. გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. აფიშა იუწყებოდა, რომ გამოფენა დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე გაგრძელდებოდა. შესასვლელი ბილეთის ფასი 50 კაპიკს შეადგენდა. აქვე აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებსა და მოსწავლეებს ნახატების დათვალიერება ნახევარ ფასად შეეძლოთ.
დასავლეთ საქართველოდან თბილისში ჩამოვიდა ხალხურ მომღერალთა გუნდი, რომელსაც მეგრულ-აფხაზური სიმღერების შემკრები ცნობილი ლოტბარი, ძუკუ ლოლუა ხელმძღვანელობდა. 24 აგვისტოს მომღერალთა გუნდმა ქართული კლუბის საზაფხულო დარბაზში დიდი კონცერტი მოაწყო, რომელიც გვიან საღამომდე გაგრძელდა: „კონცერტს აუარებელი ხალხი დაესწრო. მთელი დარბაზი გაჭედილი იყო. არც ერთი ადგილი ცარიელი არ დარჩენილა და ბევრიც უკან გაბრუნდა უბილეთობის გამო. ჩვენმა საზოგადოებამ მოისმინა, თუ როგორ მღეროდნენ საქართველის სხვა და სხვა კუთხეებში სხვა და სხვა დროს. მაგალითად, რა სიმღერით მოჰყავთ მეფე დედოფალი სამეგრელოში და აფხაზეთში. როგორი ჩვეულება იყო სამეგრელოში ბატონ-ყმობის დროს. რა სიმღერა ქონდათ ყანაში მუშაობის დროს, ახალ წელიწადს, აღდგომას და სხვა.
სავსე დარბაზი განუწყვეტელი ტაშით აჯილდოებდა პატივცემულ ძუკუ ლოლუას და მადლობას უძღვნიდა მას იმ შრომისთვის, რომლიც გასწია ლოტბარმა ხალხში გაფანტული სიმღერების შეკრება-გადმოცემისთვის. ოციოდე სიმღერა მეგრული, გურული, აფხაზური და სვანური ყველა კარგად იქნა ასრულებული, მაგრამ ამათში განსაკუთრებით კარგად იქმნა ასრულებული მეგრული სიმღერა „სი ქოულ ბატა“, სადაც უიმედობით დაჩაგრული მწირი ჩივის თავის მარტოობას. ღამის 12 საათზე საზოგადოება ნასიამოვნები დაიშალა“.

ილია

1917 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 10 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით 29 აგვისტოს მთაწმინდის ეკლესიაში ერთობლივი წირვა ჩაატარა ყოვლად სამღვდელო კირიონმა და თბილისის მიტროპოლიტმა ლეონიდემ. წირვის შემდეგ ლეონიდემ ჭავჭავაძის საფლავზე პანაშვიდი გადაიხადა და ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა. პანაშვიდი გადაიხადეს აგრეთვე აკაკი წერეთლისა და დიმიტრი ყიფიანის საფლავზეც. გალობდა ჩარკვიანის მგალობელთა გუნდი. ცერემონიალს უამრავი ხალხი დაესწრო.
ამავე დღეს მცხეთის დეკანოზის, მამა ჯალიაშვილის თაოსნობით, პანაშვიდი გადაიხადეს წიწამურში – ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას.
გაზეთი „საქართველო“. 22 აგვისტო: „შესრულდა ათი წელიწადი მას შემდეგ, რაც წუთისოფელს გამოასალმეს მოციქული ეროვნულის იდეისა და ქართველთა გულისნადების მესაიდუმლე ილია ჭავჭავაძე. ათი წლის წინად ვერ დავიფარეთ მოხუცი და ღვაწლმოსილი კაცი გამხეცებულ ავაზაკთაგან, ვერ ავუღეთ ალღო მაშინდელ მიზეზიანს ვითარებას და პირში მივეცით სიკვდილს ჩვენის გათვითცნობიერების მოციქული, დიდის ჭკუისა და ბუნების კაცი. და მასუკანაც განვაგრძობთ, აგერ ამოდენა ხანია, სამარცხვინო გულგრილობას მის მიმართ: ოდნავაც არ ვზრუნავთ სულ მცირე საქმე მაინც გავაკეთოთ, და თუ სხვას ვერას მოვახერხებთ, დავბეჭდოთ მაინც აუარებელი თხზულებანი ამ მებრძოლისა და მოამაგისა, რათა ამ გზით სავსებით შევისწავლოთ ამ კაცის ბუნება, ამაგი და ღვაწლი“.

მიხეილ ბასილაძე