მინისტრის გავლენა თუ სესხზე ხელმისაწვდომობის ხელოვნური შეზღუდვა?!

„გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზის პრინციპები ფიზიკურ პირებთან მიმართებით“, _ სწორედ ასეა დასათაურებული ის ახალი შეზღუდვები თუ რეგულაციები, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის დააწესა, რათა ისეთი პროფესიის წარმომადგენლებისთვის, როგორებიც ტაქსის მძღოლი, ძიძა, რეპეტიტორი, დალაქი, პროფილაქტიკის ხელოსანი და მათთან ერთად გზავნილების მიმღები პირები არიან, კრედიტის მიცემის დეტალური პირობები განსაზღვროს.

აღნიშნულ ანალიზის პრინციპებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ:
„შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას“.
ამავე სტატიაში, რომელიც ახალი შემუშავებული პრინციპების დანერგვის აუცილებლობას ხსნის, გვხვდება ტერმინი „ჭარბვალიანობა“, რომელიც გასულ დღეებში სწორედ ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა ხმამაღლა, თუმცა საქმე ის არის, რომ ეკონომიკის ექსპერტ აკაკი ცომაიას თქმით, მსგავსი ტერმინიც კი ეკონომიკურ ლიტერატურაში, უბრალოდ, არ არსებობს! შესაბამისად, არც არსებობს მსგავსი ინდიკატორი!
მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე არსებულ ხსენებულ მასალაში შემდეგ ახსნას ვაწყდებით:
„…ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი აანალიზებდა მოსახლეობის მოწყვლად სეგმენტში ჭარბვალიანობის დინამიკას და მუშაობდა აღნიშნული პრობლემის კომპლექსურად და სისტემურად გადაწყვეტის გზებზე. ეს საკითხი 2018 წლის მარტში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დეტალურად განიხილა. კერძოდ, ბოლო წლებში შინამეურნეობების დავალიანება მაღალი ტემპით იზრდება, და, რაც არანაკლებ საყურადღებოა, მზარდია იმ ფიზიკური პირების დაკრედიტება, რომელთაც შემოსავლებთან მიმართებით ვალის მაღალი ტვირთი აქვთ. ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებში ხდება საცალო დაკრედიტების ბიზნესმოდელის ისეთი ცვლილება, რომელიც ნაკლებ ყურადღებას უთმობს შემოსავლების წყაროს და რისკის მართვისთვის სხვა მახასიათებლებზე ყურადღება მახვილდება“.
დაბოლოს:
„2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტად. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში. ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი“, _ აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო იმ მიკრო და მცირე ბიზნესით დაკავებულ პირებთან მიმართებით, რომელთა შემოსავლები არ დასტურდება მესამე, დამოუკიდებელი მხარეებისგან მიღებული დოკუმენტებით, გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი უნდა დაეფუძნოს ქვემოთ მოცემულ პრინციპებს („ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ დოკუმენტს, რომელიც წყაროსგან მივიღეთ. ამ ინფორმაციის სიმართლესთან შესაბამისობა გადამოწმებულია ე.ბ.-სთან):

„• გზავნილების გათვალისწინების საკითხი შემოსავლების წყაროს კუთხით;
• ბანკში მოქმედ შიდა პოლიტიკა/პროცედურებში დეტალურად უნდა იქნას წარმოდგენილი გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზის მიზნებისთვის შემოსავლების შეფასების/დადასტურების წესები და ტექნიკები;
• ბანკს უნდა ჰქონდეს დაკრედიტებისას სხვადასხვა პროფესიის შესახებ რელევანტური სტატისტიკური მაჩვენებლების აკუმულირების სისტემა“.

თუ თქვენი შემოსავალი ტაქსის მძღოლობით, რეპეტიტორობით, ვინმეს მოვლით, პროფილაქტიკის შემოწმებით, სილამაზის სალონში მუშაობით ან ფულადი გზავნილებით განისაზღვრება, მაშინ დეტალურად უნდა იცოდეთ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ იმისთვის, რომ თქვენთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა მიიღოთ სესხად სარეცხი მანქანის შესაძენად ან საკუთარი ავტომობილის საწვავდად ბენზინის ბუნებრივი აირით ჩასანაცვლებლად:

„ტაქსის მძღოლი

a. მძღოლი და მანქანა უნდა იყვნენ რეგისტრირებული/ლიცენზირებული;
b. მანქანა უნდა იყოს მძღოლის სახელზე მინიმუმ ბოლო 6 თვის მანძილზე;
c. გათვალისწინებული უნდა იყოს მანქანის ასაკი და ფიზიკური მდგომარეობა;
d. რამდენად შეესაბამება მანქანის მდგომარეობა სარეგისტრაციო, სალიცენზიო მოთხოვნებს, როგორც მიმდინარე ეტაპზე, ასევე სესხის ვადის განმავლობაში;
e. მძღოლი უნდა გადამოწმდეს სხვადასხვა მარშრუტებზე ტარიფების კუთხით;
f. ტარიფები უნდა შედარდეს არსებულ საშუალო მაჩვენებლებს;
g. გამოკითხულ უნდა იქნას მსესხებლის ოჯახური მდგომარეობა და სხვა რელევანტური საკითხები;
h. საქმეს უნდა დაერთოს მანქანისა და ტექპასპორტის სურათები;
i. სესხის მომსახურების PTI კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს;
j. სესხის მოცულობამ სასურველია, არ გადააჭარბოს 6000 ლარს;
k. გამონაკლის შემთხვევებში მიზეზები, რის გამოც სესხის თანხა აჭარბებს 6000 ლარს, დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირებული.

რეპეტიტორი _ კერძო პრაქტიკით მომუშავე მასწავლებლები

l. უნდა განხორციელდეს რეპეტიტორის ადგილზე ინსპექტირება;
m. ყურადღება უნდა გამახვილდეს სამუშაო გარემოზე, კერძოდ, რამდენად შეესაბამება იგი რეალობას;
n. დეტალურად უნდა გაანალიზდეს რეპეტიტორის ის ჩანაწერები, სადაც მოცემულია მოსწავლეების/სტუდენტების სია, მათი მოძრაობის განრიგი, ტარიფები და სხვა რელევანტური მახასიათებლები;
o. ტარიფები უნდა შედარდეს შესაბამისი დისციპლინის სწავლების საშუალო მაჩვენებლებს;
p. ტარიფები შერჩევის გამოყენებით უნდა გადამოწმდეს რამდენიმე მოსწავლის/სტუდენტის მშობელთან;
q. საქმეს უნდა დაერთოს რეპეტიტორის ჩანაწერები;
r. საქმეს უნდა დაერთოს ობიექტის სურათები;
s. სესხის მომსახურების PTI კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს;
t. სესხის მოცულობამ სასურველია, არ გადააჭარბოს 6000 ლარს;
u. გამონაკლის შემთხვევებში მიზეზები, რის გამოც სესხის თანხა აჭარბებს 6000 ლარს, დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირებული.

ძიძა

v. უნდა განხორციელდეს ძიძის სამუშაო ადგილზე ინსპექტირება;
w. უნდა გამოიკითხოს ძიძის დამსაქმებელი, მათ შორის, ანაზღაურების თაობაზე;
x. სესხის მომსახურების PTI კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს;
y. სესხის მოცულობამ სასურველია, არ გადააჭარბოს 2000 ლარს;
z. გამონაკლის შემთხვევებში მიზეზები, რის გამოც სესხის თანხა აჭარბებს 2000 ლარს, დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და, შეძლებისდაგვარად, დოკუმენტირებული.

პროფილაქტიკის ხელოსანი

s. უნდა განხორციელდეს ხელოსნის სამუშაო ადგილზე ინსპექტირება;
i. ყურადღება უნდა გამახვილდეს სამუშაო გარემოზე, კერძოდ, რამდენად შეესაბამება იგი რეალობას;
t. ხელოსანი უნდა გადამოწმდეს სხვადასხვა სერვისზე ტარიფების კუთხით;
i. ტარიფები უნდა შედარდეს არსებულ საშუალო მაჩვენებლებს;
u. უნდა გამოიკითხოს ობიექტის მეპატრონე/დირექტორი, მათ შორის, ხელოსნის ანაზღაურების თაობაზე;
v. საქმეს უნდა დაერთოს ხელოსნის ჩანაწერები (არსებობის შემთხვევაში);
w. საქმეს უნდა დაერთოს ობიექტის სურათები;
x. სესხის მომსახურების PTI კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს;
y. სესხის მოცულობამ სასურველია, არ გადააჭარბოს 6000 ლარს;
i. გამონაკლის შემთხვევებში მიზეზები, რის გამოც სესხის თანხა აჭარბებს 6000 ლარს, დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირებული.

დალაქი/სალონის ხელოსანი

z. უნდა განხორციელდეს დალაქის სამუშაო ადგილზე ინსპექტირება;
i. ყურადღება უნდა გამახვილდეს სამუშაო გარემოზე, კერძოდ რამდენად შეესაბამება იგი რეალობას;
aa. დალაქი უნდა გადამოწმდეს სხვადასხვა სერვისზე ტარიფების კუთხით;
i. ტარიფები უნდა შედარდეს არსებულ საშუალო მაჩვენებლებს;
bb. უნდა გამოიკითხოს ობიექტის მეპატრონე/დირექტორი, მათ შორის, დალაქის ანაზღაურების თაობაზე;
cc. საქმეს უნდა დაერთოს დალაქის ჩანაწერები (არსებობის შემთხვევაში);
dd. საქმეს უნდა დაერთოს ობიექტის სურათები;
ee. სესხის მომსახურების PთI კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს;
ფფ. სესხის მოცულობამ სასურველია, არ გადააჭარბოს 3500 ლარს;
i. გამონაკლის შემთხვევებში მიზეზები, რის გამოც სესხის თანხა აჭარბებს 3500 ლარს, დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირებული.

გზავნილები

gg. გზავნილები შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას მხოლოდ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებისთვის;
hh. გზავნილები უნდა ირიცხებოდეს ბოლო 6 თვის მანძილზე სტაბილურად;
ii. გზავნილები უნდა ირიცხებოდეს/იგზავნებოდეს მსესხებლის სახელზე;
jj. გზავნილის გამომგზავნი და მიმღები უნდა იყვნენ ოჯახის წევრები;
i. უნდა გადამოწმდეს მიმღებსა და გამომგზავნს შორის არსებული კავშირი;
kk. სესხის მომსახურების PTI კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს;
ll. სესხის მოცულობამ სასურველია, არ გადააჭარბოს 2000 ლარს“, _ წერია გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზის პრინციპებში.

რამდენად სასაცილოდაც უნდა მიგეჩვენოთ ტაქსის მძღოლის გადამოწმება სხვადასხვა მარშრუტზე ტარიფების კუთხით ან სალონის ხელოსნის გადამოწმება სხვადასხვა სერვისზე ტარიფების კუთხით, სწორედ ასე, დეტალურად განისაზღვრება კრედიტ-ოფიცრისთვის ის აუცილებელი აქტივობები, რომელიც მან სესხის გაცემამდე უნდა განახორციელოს.
საინტერესოა, სად უნდა წავიდეს ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიის მქონე ადამიანი თანხის სასესხებლად, თუ ბანკმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სესხზე უარი უთხრა?!
რომელ ჭარბვალიანობაზეა საუბარი, როდესაც მსგავსი ინდიკატორი არ არსებობს?
რატომ ერევა ფინანსთა მინისტრი კომერციული ბანკების საქმიანობაში?
და რატომ იღებს ეროვნული ბანკი ამ რეგულაციას მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეა გასული მინისტრის განცხადებიდან?!

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები და შეზღუდვები, აპრიორი, ამ პროფესიის ადამიანების მდგომარეობისა და, ზოგადად, კეთილდღეობის გაუარესებას გამოიწვევს.
ამ ადამიანებს თუ ბანკიდან სესხის აღება უნდათ ან უნდა გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადები და ისე გააგრძელონ საქმიანობა, თუ არადა, უნდა მიმართონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ონლაინსესხებს. დარჩებათ ორი არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. შედეგი ესაა!
რაც შეეხება ჭარბვალიანობას, არ არსებობს ასეთი ინდიკატორი, ეს ჯერ არავის მოუფიქრებია, ეკონომიკურ ლიტერატურაში მსგავსი ტერმინი არ გვხვდება. არ არის განსაზღვრული, მოსახლეობის რა რაოდენობას უნდა ჰქონდეს ვალი იმისთვის, რომ იგი ჭარბვალიანობად ჩაითვალოს, ამისი ზღვარი არავის დაუდგენია! ეს ახალი რაღაც თქვა ფინანსთა მინისტრმა და ე.ბ.-მაც მალევე გამოაცხო რეგულაცია. მე უფრო პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ე.ბ. არ არის ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, როგორიც უნდა იყოს კანონმდებლობის მიხედვით!
ცალსახაა მინისტრის გავლენა ამ რეგულაციებზე. ვფიქრობ, მან უფრო პოლიტიკური განცხადება გააკეთა, სავარაუდოდ, პრემიერობისთვის ემზადება და საბანკო თემა, პოპულისტური გამონათქვამები, როგორც წესი, მოდაშია, „ქართულ ოცნებას“ სჩვევია. ბანკები კი, ზოგადად, სენსიტიური და მომგებიანი თემაა, ამიტომაც მანაც დაიწყო ამაზე საუბარი. თავიდან ძალიან დიდი სისულელე თქვა, მერე შეარბილა, მერე შეცვალა, ახალი ტერმინიც შემოიტანა ჭარბვალიანობის სახით და ე.ბ.-მაც ახალი რეგულაცია შეიმუშავა.
ე.ბ. არეგულირებს ბანკებს. მიკროსაფინანსოებსა და ონლაინსესხებში ჩვეულებრივად გაგრძელდება სესხის გაცემა. ბანკი უბრალოდ ოფიციალურად არ გასცემს სესხს ისეთ ადამიანზე, რომელსაც არ უფიქსირდება შემოსავალი, თორემ იგი სხვადასხვა მეთოდოლოგიის საშუალებით გადასარევად ხედავს, ვის რა შემოსავალი აქვს, რას, სად და როგორ ხარჯავს _ ამის მიხედვით ადგენს თანხის გაცემას. მას არ სჭირდება საშემოსავლო გადასახადის გადახდის დადასტურება, თუმცა უკვე კომერციულ ბანკებს აუკრძალეს ასეთი ტიპის სესხების გაცემა და ადამიანები, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან, იძულებულები გახდებიან, რომ მიკროსაფინანსოებს ან ონლაინ სესხებს მიმართონ, ანდაც უარი თქვან იმ სიკეთეზე, რასაც სესხის აღება ჰქვია, ან კიდევ შეიმცირონ თავიანთი შემოსავლები და ტაქსის მძღოლებმა და ძიძებმა დაიყენონ სალარო აპარატები, ასე უნდა იარონ სამსახურში და ა. შ.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიებით საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში რეგულირებული არ არის, მოქმედი კანონმდებლობა არ გეუბნება, რომ განთავისუფლებული ხარ საშემოსავლო გადასახადისგან. ის გეუბნება, რომ ნებისმიერი შემოსავალი უნდა დაბეგრო და რადგან ამის ადმინისტრირება რთული და არამომგებიანია, ის ძალიან დიდ, მასობრივ არეულობას გამოიწვევს.

გიორგი კეპულაძე _ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დირექტორი:
_ სწორედ თვითდასაქმებულ მოსახლეობას წარმოადგენს დასაქმებულთა 80%. საბოლოო ჯამში, ეს რეგულაციები თვითდასაქმებულებისთვის სესხებზე წვდომის შეზღუდვას გამოიწვევს, რაც არც ეკონომიკური ზრდისთვის იქნება კარგი, არც ტექნიკისა და გაყიდვებისთვის.
თუ ძიძა აქამდე ისე იღებდა სესხს სარეცხი მანქანის საყიდლად, რომ შეიძლებოდა დამსაქმებლის ოჯახში დაერეკათ და ეკითხათ, მართლა მუშაობდა თუ არა იგი იქ და ბანკი უკვე 15 წუთში დაუმტკიცებდა მას 1000-ლარიან განვადებას, ახლა გამოდის, რომ კრედიტოფიცერი უნდა მივიდეს ოჯახში, დამსაქმებელთან, შეამოწმოს, რამდენი აქვს ამ ადამიანს ხელფასი და ა. შ. ბანკი კი ამას მარტივად გააკეთებს, უბრალოდ, სესხს არ მისცემს და ეს ადამიანიც, ძიძაც, იძულებული გახდება, რომ სხვა, არაფორმალურ სექტორში გადაინაცვლოს სასურველი სარეცხი მანქანის ყიდვისთვის საჭირო ფულის საშოვნელად, იქნება ეს მევახშე თუ ლომბარდი. სალომბარდე სესხი კი საბანკოზე გაცილებით ძვირია!
ჩემი აზრით, ეს რეგულაციები ცალსახად ძალიან მკაცრია და იგი არც ჭარბვალიანობის შემცირებას გამოიწვევს, რადგან საბანკო სესხებში ამის პრობლემა არ არის! ეს ზიანს მიაყენებს ეკონომიკურ ზრდასაც და, საბოლოო ჯამში, ბანკი რომ სესხს არ მისცემს, ისევ ის გამოვა „ცუდი“.
მესმის, რომ ადამიანს, რომელსაც იპოთეკური სესხიც აქვს, სამომხმარებლოც და განვადებაც, საკრედიტო ბარათი აღარ უნდა მისცე, მაგრამ ის, რომ, პირობითად, ტაქსის მძღოლს დაქირავებული მანქანა ჰყავს, თვეში 600 ლარს შოულობს და სურს, 300-ლარიანი ტელეფონი იყიდოს განვადებით, რომლის თანხაც 6 თვეზე 50 ლარობით იქნება გადანაწილებული, ამ დროს ბანკში ეუბნებიან, რომ არ შეუძლიათ განვადების დამტკიცება, ეს საკმაოდ უარყოფითი მოვლენაა.
აკაკი ჩარგეიშვილი _ ბიზნესსამართლის სპეციალისტი:
_ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მკაცრი რეგულაციები აქამდე არ იყო, ბანკი მაინც გთხოვდა არალეგალურ, არასაგადასახადო ბაზაში გამოჩენილ ბრუნვას, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ეს რეგულაციები არა რაიმე პრობლემის მოგვარებას ან მეტი საშუალების გაჩენას, არამედ მეტი შეზღუდვის დაწესებას, მეტის აკრძალვას ემსახურება.
„რამე შემოსავალი გაქვს?“ _ გეკითხება კრედიტოფიცერი, მაგრამ არ ითხოვს დასაბუთებას. მაგალითისთვის, ბინა გაქვს გაქირავებული ან დედა გაძლევს თავისი გაქირავებული ბინის ფულს, ბანკი ასეთ რაღაცას მაინც გეკითხებოდა, ამის დასაბუთებასა და დადასტურებას ითხოვდა, უბრალოდ, დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ შენ, გარდა იმისა, რომ სესხს იღებ, შემოსავალიც გაქვს. ეს აწყობდა ბანკს, ახალი რეგულაციით კი თვითდასაქმებული, წვრილშემოსავლიანი ადამიანებისთვის წვრილ ფულზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდება. მათ იპოთეკურ სესხს მაინც არავინ აძლევდა, მაგრამ თუ მიმდინარე მოხმარებისთვის სჭირდებოდა თანხა (ვთქვათ, ერთი ტაქსის მანქანა მეორით უნდა ჩაანაცვლოს ან იყიდის ავტომობილს და შემდეგ სურს, რომ იგი ბენზინიდან გაზის მოხმარებაზე გადაიყვანოს, რაც 1000 აშშ დოლარამდე ღირს), ამისთვის იღებდა კრედიტს, ანუ, რეალურად, ეს ხელმისაწვდომობა შეზღუდეს კონკრეტული სოციუმისთვის, თორემ რეგულაციები რომ უნდა იყოს და ერთიანად არ უნდა გაიცემოდეს კრედიტები, ჩარჩოები უნდა არსებობდეს, ეს თავისთავად ცხადია. საკითხავია, ეს რეგულაციები მეტის საშუალებას იძლევა თუ ზღუდავს?! ჩვენს შემთხვევაში, ცხადია, რომ ზღუდავს!
ყოველ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ლიბერალურ და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, უპირველესია ის, რომ რეგულაციები უნდა იყოს შესაძლებლობების მიცემის საშუალება და არა მისი შეზღუდვის!
თუკი ტაქსის შემთხვევაში ლიცენზირებაა საჭირო, რაც აქამდე არ არსებობდა, იგი იმისთვის შემოდის, რომ სისტემა მოაწესრიგოს და შემოსავლებზე აესახოს ეს, არა იმისთვის, რომ შემოსავალი წაართვას ხალხს.
ნაცვლად იმისა, რომ ბაზარი გაუზარდონ და წაახალისონ, მოუწესრიგონ, პირიქით, წილში უჯდებიან. იგივეა ე.ბ.-ს მხრიდანაც _ ეს რეგულაციები უფრო მეტად შემზღუდავია, ვიდრე შესაძლებლობის მიმცემი. რეპეტიტორის საქმიანობა მოწესრიგებული არ არის, საგადასახადო კუთხით არ აღირიცხება, არ არსებობს ოფიციალური ბაზარი _ ეს ყველაფერი ვიცით და იქ ვუჯდებით წილში, იქიდან გამოგვაქვს მისგან რესურსი ნაცვლად იმისა, რომ შესაძლებლობა მივცეთ, გავათეთროთ, შემოსავლის მეტი წყარო და რეკლამირების საშუალება მივცეთ და ა. შ. ამას არ ვაკეთებთ. ეს არის ჩემთვის ფილოსოფიურ ღირებულებითი ნაწილი.

რის გამო მიიღო „ჭარბვალიანობის“ პრობლემის მოსაგვარებლად აღნიშნული რეგულაციები ეროვნულმა ბანკმა და რა როლი ითამაშა აქ ფინანსთა მინისტრის გავლენამ? ფაქტი ცალსახაა! _ სესხზე წვდომა იზღუდება!

ნინო ტაბაღუა