„არემჯის“ მიერ გარემოს დაბინძურების არეალი უკვე 25 კილომეტრზე გავრცელდა“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საყდრისის კომიტეტის“ წევრებს შეხვდა. მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ბოლნისისა და დმანისის რაიონში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური ვითარების შესახებ მინისტრისთვის ინფორმაციის მიწოდება და იმ სქემის განხილვა იყო, რომლის მეშვეობითაც კომპანია „არემჯი გოლდი“ წლების განმავლობაში ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას ახერხებდა.

„საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა ლევან დავითაშვილს პრობლემის დაძლევის გზებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაეთანხმა, რომ ბოლნისისა და დმანისის რაიონებში სიტუაცია მართლაც მძიმეა და დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებების გეგმაზე, რომლის დაუყოვნებლივ აღსრულებაც დაევალა კომპანია „არემჯი გოლდს“. ლევან დავითაშვილი დაგვპირდა, რომ მისი უწყების პოზიცია კომპანიასთან მიმართებით იქნება მტკიცე და ამასთანავე, სურვილი გამოთქვა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს გარდა პროცესის მონიტორინგში სრულად იყოს ჩართული „საყდრისის კომიტეტიც“. მინისტრის ეს ინიციატივა ჩვენი მხრიდან მისასალმებელია“, _ ნათქვამია „საყდრისის კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა ასევე ვრცლად ისაუბრეს იმ ზიანზე, რომელიც, მათი ინფორმაციით, „არემჯი გოლდის“ საქმიანობის შედეგად ადგება „ბნელი ხევის“ ტყის უნიკალურ მასივებს და კულტურულ მემკვიდრეობას. ინფორმაციას „იპნ.ჯი“ ავრცელებს.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ „საყდრისის კომიტეტის“ წევრს, ნინო ბურჭულაძეს ესაუბრება:
_ 2014 წლის 13 დეკემბრის შემდეგ, რაც „არემჯი გოლდმა“ ხელისუფლების ხელშეწყობით მსოფლიოში უნიკალური ოქროს მაღარო, საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ააფეთქა, „საყდრისის კომიტეტი“ ამ კომპანიის საქმიანობით უფრო მეტად დაინტერესდა. კულტურული მემკვიდრეობისთვის ბრძოლის გარდა ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ გარემოსთან დაკავშირებული დარღვევების მოძიებაში.
ამ მხრივ მანამდეც სერიოზული კვლევები არსებობდა, მათ შორის, „ფოლკსვაგენის ფონდის“ მიერ ჩატარებული, ასევე „რუსთაველის ფონდის“ მიერ დაფინანსებული კვლევა, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა ჩაატარეს, სადაც ღიად აღნიშნავდნენ, რომ „არემჯის“ საქმიანობით გარემოს ხელყოფის, დაბინძურების არაერთი ფაქტი იყო.
2015 წლის ბოლოს უკვე გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიის ინსპექტირება დაიწყო და 2016 წლის გაზაფხულზე დაამთავრა. ამის შედეგად დაიდო სამინისტროს დასკვნა, რომელიც საკმაოდ მძიმეა. თუ „არემჯი“ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა კვლევებს არ ენდობოდა, ამჯერად უკვე სახელმწიფოს მიერ დაწერილი დასკვნა გვქონდა, რომელიც, ფაქტობრივად, აღიარებდა, რომ „არემჯი გოლდის“ საქმიანობას გარემოსთვის ძალიან მძიმე შედეგები მოჰქონდა.
ამ დასკვნით აღმოჩნდა, რომ კომპანიას არც ერთი ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე თანამშრომელთა შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ მხრივ კომპანიას, ფაქტობრივად, არაფერი ჰქონდა გაკეთებული. კვლევით აღმოჩნდა, რომ ნიადაგიც საკმაოდ დაბინძურებული იყო, ასევე მდინარეები, წყალი.
ბოლოს, 2017 წლის მაისიდან ამავე წლის ნოემბრამდე, მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ ჩაატარა სერიოზული კვლევა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებიც ჩაერთნენ. მაჩვენებლები იმდენად საგანგაშო იყო, რომ ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
საუბარი იმაზეა, რომ მდინარე ფოლადაურის ცალკეულ ადგილებში კადმიუმი დაშვების ზომას უკვე 1000-ჯერ და 1200-ჯერ აღემატება! წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაა! გარდა ამისა, დასკვნამ გვიჩვენა, რომ ამ დაბინძურების არეალი კომბინატის ახლომდებარე ტერიტორიებს გასცდა და ამჟამად უკვე 25 კილომეტრზე ვრცელდება, ე. ი. 25 კმ.-ის რადიუსით უკვე დაბინძურებულია წყალი, ნიადაგი და ჰაერი. ეს ამ ბოლო კვლევებმა აჩვენა.
კვლევის შედეგები იმდენად საგანგაშოა, რომ წარმოუდგენელია, ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ აისახოს. ამიტომ „საყდრისის კომიტეტი“ უკვე ორი წელია, ადგილობრივი მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარებას ითხოვს, რათა გამოჩნდეს, არის თუ არა კავშირი კომბინატის საქმიანობასა და ამ რეგიონში მომატებულ მძიმე დაავადებებს შორის. აქ საუბარია ონკოლოგიურ, სასუნთქი გზებისა და სხვა მძიმე დაავადებებზე.
აქცენტი კეთდებოდა ამ კონკრეტულ დარღვევებზე, მაგრამ მერე გამოიკვეთა, რომ „არემჯი გოლდი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე უკანონო მშენებლობებს ახორციელებდა და ა. შ.
_ რა გავლენა აქვს აღნიშნული კვლევების შედეგებს კომპანიის საქმიანობაზე, ასევე მთავრობის რეაგირებაზე?
_ ჯერ კიდევ შარშან, 2017 წლის თებერვალში, „არემჯიმ“ გამოაცხადა, რომ ახალ პროექტს იწყებდა თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, ბნელი ხევის ტერიტორიაზე (ხრამის ხეობა). ბნელი ხევი სავსეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, სადაც ყველაზე ცნობილი ფიტარეთის მონასტერი და ხულუწის ციხეა. სწორედ აქ იწყებს კომპანია ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებას. თებერვალში სურვილი გამოთქვეს, ხოლო მარტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემდეგ თვეში, მაისში განხილვა დააანონსეს.
სწორედ საყდრისის კომიტეტის აქტიურობის შედეგად კულტურის სამინისტრომ კომპანიას უარი უთხრა ამ დოკუმენტის განხილვაზე, რადგან მასში კულტურული მემკვიდრეობის კვლევა ასახული არ იყო, _ დოკუმენტში არ ეწერა, შეექმნებოდა თუ არა საფრთხე ფიტარეთის მონასტერს, ხულუწის ციხეს, როგორი იქნებოდა აფეთქების მუხტები და ა. შ.
მოკლედ, ჩვენი აქტიურობის პირველი შედეგი ის იყო, რომ ბნელ ხევში, ფაქტობრივად, ერთი წლით შევაჩერეთ „არემჯი გოლდის“ მუშობა, თუმცა კომპანიას განზრახვაზე ხელი არ აუღია. „არემჯი“ იქ გზას, ინფრასტრუქტურას აწყობს.
იცით, რომ ძალიან დიდი მოცულობის უნიკალური ტყე გაჩეხილია. გარემოს დაცვის მინისტრმა ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ იქ უნებართვო ჭრა არ მიდისო. თუმცა, რეალურად, ეს ჭრა ძალიან დიდ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ჩვენი მოთხოვნით, კიდევ ჩადის ადგილზე გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ასევე შეამოწმებს, ხეები უკანონოდ ხომ არ იჭრება.
ასევე იცით, რომ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა იყო მოწვეული, სადაც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა „არემჯი გოლდის“ დანაშაულებრივი საქმიანობა აღიარა. ეს უკვე ამ დანაშაულის სახელმწიფოს მხრიდან აღიარებას ნიშნავს, რომ დიახაც, მძიმე მდგომარეობაა, _ დაბინძურებულია ნიადაგი, წყალი, ჰაერი…
ჩვენთვის ცნობილია, რომ უკვე სოფლის მეურნეობის პროდუქტებშიც მძიმე მეტალები მომატებულია. სხვათა შორის, კვლევა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრმა ჩაატარა.
_ კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებით პრობლემები კიდევ სად გვაქვს?
_ უკვე გითხარით, რომ თვითონ ბნელ ხევში ეს ფიტარეთის მონასტერი და ხულუწის ციხეა. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინათ თავად ადგილობრივმა ტანძიელებმა აღმოაჩინეს ერთი შეუსწავლელი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ასევე „არემჯი გოლდის“ სალიცენზიო ტერიტორიაზეა. სწორად მის მახლობლად მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს პროცედურები, რომ ამ ძეგლსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს.
ანუ ჩვენ ბნელი ხევის ტერიტორიაზე უკვე სამი ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლის არსებობის შესახებ ვიცით, თუმცა იქ კიდევ ბევრი შეუსწავლელი არქეოლოგიური ობიექტია. სწორედ ამ დღეებში ძეგლთა დაცვის სააგენტოს არქეოლოგებთან შეხვედრა გვაქვს, რათა ბნელი ხევის ძეგლებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ და კიდევ ერთხელ მოვიკითხოთ მათი მდგომარეობა.
_ წარმოების გამო სოფელ ტანძიას რა პრობლემები შეიძლება შეექმნას?
_ სწორედ სოფელ ტანძიიდან ჩადის გზა ხრამის ხეობაში, რომელიც ბნელი ხევისკენ მიემართება. დიდი სატვირთო-სამუშაო მანქანები სოფლის გზაზე მოძრაობენ. რა თქმა უნდა, იქ მტვრისა და ხმაურის გარდა მათ ხშირად ესმით აფეთქებების ხმა. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, როგორ ნადგურდება ტყეები. ტანძიელები უარს ამბობენ კომპენსაციასა თუ „არემჯი გოლდის“ სხვადასხვა დაპირებაზე. მზად არიან, ბოლომდე იდგნენ საკუთარი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.
_ გარემოს დაბინძურების 25-კილომეტრიანი ზონა ახსენეთ. ტანძიაც თუ შედის აღნიშნულ ზონაში?
_ რა თქმა უნდა, შედის.
_ უშუალოდ საყდრისთან დაკავშირებით პროცესი სადამდე მივიდა?
_ სამწუხაროდ, ორი წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესი ვერ მოვიგეთ. მაგრამ ჩვენი მთავარი გამარჯვება ის იყო, რომ საზოგადოებამ გაიგო საყდრისის მნიშვნელობა, ის თუ რა დავკარგეთ, ასევე საყდრისს ბოლნისში მუზეუმი ექნება, რომელიც, ფაქტობრივად, აშენებულია, ახლა საგამოფენო ექსპოზიციაზე მუშაობენ, რათა საყდრისი ღირსეულად იყოს წარმოჩენილი, როგორც უძველესი ოქროს მაღარო. რაც მთავარია, მუზეუმში ღიად მითითებული იქნება, რომ იგი მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო იყო.
ეს, ფაქტობრივად, იმის აღიარებას ნიშნავს, რომ კომპანიამ ხელისუფლების ხელშეწყობით თუ უუნარობით ძეგლი ააფეთქა, რაც საქართველოს ისტორიაში, მშვიდობიან პერიოდში, ალბათ, პირველად განხორციელდა.
_ „დმანისის გადარჩენის ფონდის“ საქმიანობას როგორ აფასებთ?
_ ფონდის ღონისძიებებში სტუმრის სტატუსით ვმონაწილეობთ. როდესაც ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ მარტში, 16,2 ჰა მიწა აუქციონზე გაიტანა, ვიცოდით, რომ „არემჯი გოლდი“ ამ მიწის იჯარით გადაცემას ითხოვდა, რომ ეს მიწა კომპანიის ხელში აღმოჩნდებოდა. ამ მიწაზე მათ ე. წ. სანაყაროების გაკეთება უნდოდათ, რაც ავტომატურად დაბინძურების ახალი კერების გაჩენას, მეტ დაავადებულ ადამიანს ნიშნავს.
იქიდან გამომდინარე, რომ „არემჯის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი სახელმწიფოს ჯერ არ დაუთვლია, კომპანიის არც ერთი ვალდებულება არ შესრულებულა და ამას სახელმწიფოც აღიარებს, ამიტომ უკვე ამ დამატებით ტერიტორიაზე კომპანიის საქმიანობის გაფართოების წინააღმდეგი ვიყავით.
რადგან ამ პრობლემას „საყდრისის კომიტეტი“ მარტო ვერ დაძლევდა, ყველას განცხადებით მივმართეთ, პოლიტიკური პარტიები იქნებოდნენ, სხვა აქტიური ჯგუფები, ცალკეული პირები, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები, პროცესში ჩართულიყვნენ, რათა ეს დანაშაულებრივი საქმიანობა შეგვეჩერებინა.
გამოგვეხმაურნენ პოლიტიკური პარტიები, რასაც მივესალმებით. თვითონ „საყდრისის კომიტეტს“ არანაირი პოლიტიკური გემოვნება არ გააჩნია, მაგრამ ღიად გეტყვით, რომ ეს საქმე მარტო კომიტეტის არ არის და საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა და გარემო. ამიტომ მათ გამოჩენას და აქტივობას, რაც აუქციონის მოგებით და სხვა აქტივობით განახორციელეს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ აღნიშნული ფონდის წევრები არ ვართ.
_ პროტესტის შემდეგ „არემჯი ჯგუფის“ მოქმედება ადეკვატურია?
_ სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ. „არემჯი ჯგუფი“ 1800 კვ. კმ. სალიცენზიო ტერიტორიას ფლობს. ცნობისთვის: ახალგორი 1100, ხოლო გალის რაიონი 2000 კვ. კმ.-ია. ასევე იცით, რომ „არემჯი ჯგუფი“ რუსული კომპანიაა და, ფაქტობრივად, 1800 კვ. კმ. მას ოკუპირებული აქვს. ჩვენ ვნახეთ, რა გააკეთეს მათ დმანისში, ბოლნისში, როგორ გააჩანაგეს გარემო.
აქედან გამომდინარე, ალბათ, წარმოგიდგენიათ, უკვე რა ელოდება თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტს, წალკას, სადაც ასევე სალიცენზიო ტერიტორიებს ფლობენ. აქეთ კიდევ რა ელოდება ქვემო ბოლნისს, წითელსოფელს, სადაც მათ სამთო-გეოლოგიური, სადაზვერვო სამუშაოები დაწყებული აქვთ და სამომავლოდ, ალბათ, კარიერებს იქაც გადახსნიან.
რას ნიშნავს მტრის ცნება? რეალურად, მტერი ეს არის ურდო, რომელიც მოდის და გინადგურებს გარემოს, გინგრევს კულტურულ მემკვიდრეობას და აზიანებს შენს მოსახლეობას. აი, ეს სამივე კომპონენტი აღინიშნება „არემჯი გოლდში“.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საყდრისის აფეთქების შემდეგ, გარემოს გაჩანაგების შემდეგ, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზიანების შემდეეგ „არემჯი გოლდი“ საქართველოსა და ქართული საზოგადოების მტერი კომპანიაა. კიდევ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს რუსული კომპანიაა, მისი მეპატრონე რუსი მილიარდერია.
მათი ქმედება პროტესტის ადეკვატური არ გამხდარა, გარდა იმისა, რომ მხოლოდ გვპირდებიან, ყველაფერს გამოასწორებენ. კვლავ იგნორირებას უკეთებენ სამოქალაქო საზოგადოებას, თუნდაც პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა ბრძოლა არ დამთავრებულა. თუ კომპანიას ეგონა, რომ საყდრისის აფეთქებით ყველაფერი დასრულდებოდა, არა, ბრძოლა სწორედ აღნიშნული აფეთქების შემდეგ დაიწყო და გაგრძელდება კიდეც.
ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით „არემჯის“. ამ ოთხი წლის განმავლობაში მათი ყველა დანაშაულებრივი განზრახვა გავასაჯაროეთ და სააშკარაოზე გამოვიტანეთ. უახლოეს ხანში ბნელი ხევის აქტიურ დაცვას დავაანონსებთ. როგორც გითხარით, იქ უნიკალური ტყე და ძეგლებია. აქტიურ მონიტორინგს დავიწყებთ და ვეცდებით, რომ ყველა დამანგრეველი ნაბიჯი, რომელსაც „არემჯი“ განახორციელებს, საზოგადოების ყურამდე მივიტანოთ.
_ გამოსავალი სად არის, რომ ამ საკითხში ქმედით შედეგებს მივაღწიოთ?
_ ჩვენ რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს. პირველი: სახელმწიფომ კომპანია „არემჯი გოლდის“ მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი უნდა დაითვალოს. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს ყველაფერი მილიარდ ლარს აღემატება; მეორე: აუცილებლად უნდა მოხდეს მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის კიდევ ერთხელ შემოწმება; მესამე: ამ სრული სურათის დადების შემდეგ უნდა გადაწყდეს საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან თუ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კომპანიის საქმიანობის ზიანი მინიმუმამდე დავიდეს.
სხვანაირად გამოსავალს ვერ ვხედავთ, სანამ რეალური სურათი არ გვეცოდინება, რა ხდება იქ. თუ ეს კონკრეტული მოთხოვნები არ შესრულდება, მივმართავთ ხელისუფლებას, რომ კომპანიას შეეზღუდოს და არ მიეცეს საშუალება, ახალი პროექტები დაიწყოს ბნელ ხევში, ქვემო ბოლნისსა და ა. შ.

ამ დღეებში ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიის მოსახლეობას შეხვდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე. „ქრონიკა+“ მასაც ესაუბრა:
_ ტანძიის მოსახლეობა იმ საფრთხეებზე მიუთითებდა, რომელიც, „არემჯის“ საქმიანობას შეიძლება უკავშირდებოდეს: ეს არის ეკოლოგიური საკითხები, ასევე პრობლემები, რომელიც ამ პროცესებს შეიძლება ჯანმრთელობის მიმართულებით ახლდეს. გულის ტკივილს გამოთქვამდნენ, რომ მათ დეტალურ ინფორმაციას არ აწვდიან.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ტანძია სულხან-საბა ორბელიანის ისტორიული სოფელია და ისინი შიშობენ, რომ ამ პროცესს შეიძლება დაცლა, სოფლის ისტორიული მნიშვნელობის დაკარგვა მოყვეს.
_ შიშს რა იწვევს?
_ რომ საწარმოო ავტომანქანები სოფელზე გაივლის. ამ ეტაპზე საშიშროებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მოპოვებას ვცდილობთ. ჩვენი დანარჩენი პოზიცია მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი.
_ მათი წუხილი რამდენად დასაბუთებულია?
_ ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. როგორც აღვნიშნე, მეტი ინფორმაციის მოპოვებას და შეგროვებას ვცდილობთ: რა გარანტიებია კომპანიის, სახელმწიფოს მხრიდან და ა. შ.
_ ამასთან დაკავშირებით „არემჯისთან“ თუ გქონდათ კავშირი?
_ არა. „არემჯი გოლდი“ კერძო კომპანიაა და მას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია უშუალოდ ჩვენთან, რომ ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს.
_ მოსახლეობას რას დაჰპირდით?
_ რომ ამ საკითხებს შევისწავლით და მზად ვართ, სამართლებრივად დავეხმაროთ, თუ ისინი მოისურვებენ, მათ შორის, საჭიროებისამებრ, სასამართლოს საშუალებით.

გელა მამულაშვილი