უსამართლოდ მსჯავრდადებულ ექიმ ირაკლი მერკვილაძის ექსკლუზიური ინტერვიუ ციხიდან

თამარ როსტიაშვილი
2012 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას (ნიკოლეიშვილი) საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და ცნობილ მეანგინეკოლოგ ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე დროს, განხილვა დასრულდა. სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელზედაც გარდაცვლილი ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.
როგორც ფაქტებით მტკიცდება, ექსპერტიზის დასკვნებით, მკურნალ ექიმ ირაკლი მერკვილაძის ბრალეულობა არ დასტურდება და მისი დაკავების სკანდალურ მიზეზზე პირველად „ქრონიკა+“-თან თავად მსჯავრდადებული ალაპარაკდა.

ირაკლი მერკვილაძე:
_ 2018 წლის 26 იანვრიდან გახლავართ უკანონო პატიმარი და ამას აქვს თავისი მიზეზები. დღეს ბევრი მიცხადებს საყვედურს, _ რას ჰქვია, დანაშაული არ აღიარეო?! რაც არ ჩამიდენია, რა უნდა ვაღიარო? სწორედ ამ მიზეზით არ წავედი საპროცესო გარიგებაზე და არც შეწყალებას ვითხოვ. აუცილებლად დავამტკიცებ სამართლებრივი გზით, რომ დამნაშავე არ ვარ.
_ უკანონო პატიმრობას რა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს, რას გულისხმობთ?
_ ჩემი საქმე არის ჯერ დაკვეთილი და შემდეგ უკვე შეკერილი. ამის მიზეზებსაც მოგახსენებთ. ეს არის სისტემური პრობლემა და ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია პროკურატურა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომელიც უკანონოა. ნურავის ჰგონია, რომ ასე იოლია ჩემი რეპუტაციის შელახვა. მშვიდად გავივლი საქართველოს სასამართლოებს და ევროპის სასამართლომდეც მივალ, თუ საჭირო გახდა, რა თქმა უნდა.
_ თავად მოგვიყევით, რა მოხდა სინამდვილეში?
_ წარმოიდგინეთ, გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა, რაც უდიდესი ტრაგედიაა. განსაკუთრებით ჩემთვის _ მისი მკურნალი ექიმისთვის. ექსპერტიზა ჯერ ჩაატარა ბრალდების მხარემ. 34 წლის სტაჟი მაქვს და ის პიროვნება ვარ, რომელიც მონაწილეობდა ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული ეროვნული პროტოკოლების შემუშავებასა და შემდეგ დაწერაში. როდესაც დასავლეთ საქართველოში ამა თუ იმ პაციენტის სამეანო გინეკოლოგიური მიზეზით გარდაცვალება ფიქსირდებოდა, ამ საკითხებს თავად მე ვარჩევდი და განვიხილავდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს საკუთარ საქმეზე მომიწევდა ექსპერტიზის წაკითხვა. იმის თქმა მინდა, რომ ამ საკითხში კარგად ვერკვევი. მაშასადამე, როდესაც წავიკითხე ვიოლეტა მატინოვას გვამის გამოკვლევის ექსპერტიზა, იქ შავით თეთრზე ეწერა, რომ ორგანიზმი გაჟღენთილია ფსიქოტროპული ნივთიერებებით, კერძოდ, ფენობარბიტალით, მაგრამ ამის შემდეგ არანაირი მომდევნო ნაბიჯი არ გადადგმულა.
_ შემდეგი ნაბიჯის გადადგმას რად ეძახით?
_ ელემენატარული, დოზა დადგენილი არაა. იმ ადამიანმაც კი, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს მიღებული, იცის, რომ ფენობარბიტალის 10 აბის მიღება საკმარისია ლეტალური დასასრულისთვის. ბრალდების მხარის ექსპერტიზაში გარდაცვალების მიზეზად მითითებულია თრომბოემბოლია, რაც ანგიოლოგიური პათოლოგიაა. პროკურატურა იწვევს ექსპერტიზას, რომელიც 5 ექსპერტისგან შედგება, მათ შორის, მთავარი ექსპერტი გახლავთ ანგიოლოგი, პროფესორი მამუკა ბოკუჩავა. მას პირდაპირ ეკუთვნის ეს თემა. მაშასადამე, ბრალდების მხარის ექსპერტიც კი ამბობს და ადასტურებს თავის დასკვნაში იმას, რომ სიკვდილის მიზეზი არის არა ფილტვის შიდა ტოტების თრომბოემბოლია, არამედ ფილტვების ანთება, პნევმონია. პროკურატურის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ სამი დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელშიც 8 კვალიფიციურმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა და რვავე დაეთანხმა ბრალდების ექსპერტ ბოკუჩავას, რომ სიკვდილის მიზეზი არასწორად არის ჩაწერილი. ამის შემდეგ რას აკეთებს, იცით, ბრალდების მხარე? _ ისინი იწვევენ მეორე კომისიას, რომელშიც უკვე აღარ შეჰყავთ პროფესორი მამუკა ბოკუჩავა. არადა, წესით, ყველა დასკვნა უნდა ექვემდებარებოდეს ეროვნულ პროტოკოლს. ბრალდების მხარე დღემდე ეწინააღმდეგება ამას.
_ წეღან ახსენეთ, რომ ამ პროტოკოლების შექმნაში თქვენ მონაწილეობდით?
_ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შვიდი წლის წინათ შევიკრიბეთ ქართველი ექსპერტები სწორედ ეროვნული პროტოკოლების შედგენისთვის. აღნიშნულს აფინანსებდა ისრაელის ორგანიზაცია. შედეგად, ისეთი პროტოკოლები შევიმუშავეთ, რომელმაც თანამედროვე მკურნალობის მეთოდების დანერგვას შეუწყო ხელი. რვა პროტოკოლი იყო საპილოტე პროგრამა და მერე დანარჩენიც შეიქმნა, რომელიც დავით სერგეენკომ დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტები მერე ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე აიტვირთა. ავტორებიდან ერთ-ერთი ექსპერტი მე ვიყავი. წარმოიდგინეთ, როგორი პრეცედენტული საქმეა, რომ ქუთაისის პროკურატურამ და საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, სწორედ ექსპერტებს გადაგვახია თავზე ეს პროტოკოლები. ასევე გადაახია ჯანდაცვის მინისტრს. ყველა მტკიცებულება უარყო და და შეკერილი საქმე შექმნა.
_ მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ გაკეთდა საკეისრო და გარდაიცვალა პაციენტი…
_ მაგრამ გოგონა 18 დღის შემდეგ გარდაიცვალა და საკეისრო კვეთასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს და არც ჰქონდა. ახლად ნამშობიარები პაციენტი გაცივდა. იგი არასათანადო პირობებში ცხოვრობდა და გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, ამას ადასტურებენ კვალიფიციური ექიმებიც. დეტალებს ჩემი ადვოკატი გეტყვით, მაგრამ მანამდე დავძენ, რომ 2013 წლის 23 იანვარს გოგონა შემობრუნდა ჩვენს კლინიკაში, მე ეჭვი მივიტანე ფილტვების ანთებაზე და თერაპევტს გავასინჯინე, დავაწვინეთ კლინიკაში, მოხდა ჰოსპიტალიზაცია, დავიწყეთ მკურნალობა. პაციენტს შედეგი რამდენიმე საათში უკვე ჰქონდა, მაგრამ ის ჩვენს დაუკითხავად წავიდა კლინიკიდან 23 იანვარს. ესეც არ არის მთავარი, ამას მალავს დაზარალებული მხარეც და პროკურატურაც. 21 იანვარს, როცა პაციენტი გაცივდა, 25 იანვრამდე, როცა ის გარდაიცვალა, ვიოლეტა მატინოვასთვის გამოძახებულია სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა, ის იყო სწორედ პაციენტი.
პირველი 2 გამოძახება იყო 21 იანვარს, როცა მან უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე, ხელი აქვს ამაზე მოწერილი, შემდეგ როცა ის უკვე დაუკითხავად წავიდა კლინიკიდან, სასწრაფო დახმარებას ისევ იძახებენ, ბრიგადა მიდის ბინაზე და ისევ კატეგორიულ უარს აცხადებს ჰოსპიტალიზაციაზე, რაზეც მისი მეუღლე აწერს ხელს, 24 იანვარს ისევ მიდის სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ისევ კატეგორიულ უარს აცხადებენ ჰოსპიტალიზაციაზე, ამაზე ისევ მატინოვა აწერს ხელს. 25-ში ღამის 3 საათზე, როცა უკვე კრიტიკული იყო მდგომარეობა, დაიწყო ფილტვების შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა და პაციენტი ვერ გადაარჩინეს. ის გარდაიცვალა საავადმყოფოში შესვლისთანავე.
ალბათ, გაგიჩნდებათ შეკითხვა, მე რატომ მბრალდება ეს გარდაცვალება და მე რატომ შემიკერეს ეს საქმე? მე არ ვარ პოლიტიკოსი და საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი ვარ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: არ ვარ პოლიტიკოსი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი სავარაუდო ეჭვით, ეს არის არშემდგარი პროკურორის, დავით ხონელიძის შეკვეთილი. ახლა მისი მეგობრები არიან ქუთაისის პროკურატურასა და სასამართლოში. ის, ამ ეტაპზე, არის „ხონელიძის კლინიკის“ დირექტორი, მე ვარ ამ კლინიკის დამფუძნებელი. ჩვენ, კლინიკის დამფუძნებლები, ყოფილ პროკურორ დავით ხონელიძეს 5 წელია, ვედავებით, რომ არაკანონიერად ითვისებს და ფლანგავს კლინიკის ფინანსებს. ხონელიძე კლინიკის 51%-ის მფლობელია, საუბარია ნახევარ მილიონზე. უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ მან თანხები არაკანონიერად მიითვისა და უკვე დაუმტკიცა 250 000, დანარჩენზე მიდის მსჯელობა. 30-ში დანიშნულია სერიოზული საქმე, სადაც აუცილებლად დაუმტკიცდება ყველაფერი. დავა ახლაც მიმდინარეობს, არაა გასაკვირი, რომ ის მე მაიძულებს, გავჩუმდე.
_ რას გულისხმობთ, რომ ფინანსური დავის გამო „შეაკერინა“ ეს საქმე თქვენს წინააღმდეგ ყოფილმა პროკურორმა დავით ხონელიძემ და პაციენტის გარდაცვალებაში გდებთ, ფაქტობრივად, ბრალს?
_ და ეს იყო სწორედ მიზანი, რომ მე მოვხვედრილიყავი საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა არავინ იფიქროს, რომ ციხეში მოხვედრა გამტეხს. მე ისეთი პიროვნება ვარ, რომ 34-წლიანი სტაჟი მაქვს სამეანო სფეროში. ამ ხნის განმავლობაში მიმუშავია სხვადასხვა კლინიკაში წამყვან სპეციალისტად და ასეთი საქმე ნამდვილად ვერ გამტეხს. საერთოდ არ ვარ გატეხილი, აქ ადამიანის უფლებები დაცულია, ამ მხრივ არ არის არანაირი პრობლემა. აქ მუშაობს საყოველთაო ჯანდაცვა და 100%-ით სამკურნალო საშუალება იქნება თუ გამოკვლევა, არის მოგვარებული. რაც მთავარია, არ ვარ გაბოროტებული. ცხადია, რომ ეს საქმე შეკერილია, კორუფციული ხაზი გაჭრილია პროკურატურაშიც და პირველი ინსტანციის სასამართლოშიც. მე არ მაქვს განსაკუთრებული განცდები და მოლოდინები, მაგრამ მინდა, სიმართლე გამოჩნდეს. ჟურნალისტებისგან ის მინდა, რომ ეს ყველაფერი გასაჯაროვდეს, ჟურნალისტური გამოძიებაც ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ვეუბნებით ექიმებს, რომ დაიცვან პროტოკოლები. დასკვნაში ჩამიწერეს, ირაკლი მერკვილაძეს 23-ში მდგომარეობა სწორად რომ შეეფასებინა, შეიძლება პაციენტი გადარჩენილიყოო. ასეთი ჩანაწერი ყველა ექიმს შეიძლება დაუწერო, როცა პაციენტი გარდაიცვლება, თუ პროკურატურას დაინტერესება ექნება. გამოდის, რომ თითოეული პაციენტის გარდაცვალების შემდეგ შეიძლება, ყველა ექიმი მოხვდეს საპატიმროში. მე დავიცავ ჩემს ინტერესებს და ვერავინ შემიშლის ხელს. ჩემთან ერთად ვიცავ პატიოსანი ექიმების ინტერესებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ საქმეს. ჩემს პროტოკოლებს სტუდენტებიც კი სწავლობენ და ასრულებენ საქმეს ეროვნული პროტოკოლების მიხედვით. როცა ეს ბრალდება წამიყენეს, საუბარი მქონდა ებრაელ ექსპერტებთან. ებრაელმა იურისტებმა საქმე ნახეს და მითხრეს: არ გინდათ, ბატონო ირაკლი, დამოუკიდებელი ექსპერტიზა, აქ ისეთი გარემოებაა, ფენობარბიტალი, რომ გამორიცხულია, სასამართლომ თქვენი ბრალეულობა დაადგინოსო. ჩემი ოჯახის 5 წევრი ექიმია, იციან, რაც ხდებოდა, მაგრამ რადგან ასეთი განაჩენი დადგა, ისევ გაუგზავნეს ებრაელ ექსპერტებს დასკვნა, რათა დაედგინათ, ადვოკატების პრობლემა ხომ არ იყო განაჩენი. პასუხი 2 სიტყვით მოვიდა: თქვენ არ გაქვთ პრობლემა ადვოკატებთან, პრობლემა მოსამართლეშია. მთავარია, სიმართლე დადგინდეს და რომელი ინსტანცია გამოიტანს განაჩენს, არ აქვს მნიშვნელობა. 12 000 მშობიარობა მაქვს მიღებული და 5000 საკეისრო კვეთა გაკეთებული 34-წლიანი სტაჟის განმავლობაში. იცით, რა რთულია მეანგინეკოლოგის პროფესია, როცა დედასთან და ბავშვთან გაქვს საქმე?.. როცა ფატალური შედეგი დგება, მთავარია, ექიმი არ იყოს დამნაშავე. მინახავს ექიმის შეცდომები, არასწორად გაკეთებული ოპერაციები და ა. შ. მე რომ დამნაშავე ვიყო, ვეტყოდი ჩემს თავს: ირაკლი, დანაშაული ჩაიდინე და აღიარე. იმის რისკიც არ მექნებოდა, რომ საპატიმროში მოვხვდებოდი, საპროცესო გარიგება ხომ დგება აღიარების შემთხვევაში, მაგრამ ყველაფერი რომ განმეორდეს, ახლაც ამ გზით ვივლი. არ ვაღიარებ დანაშაულს იმიტომ, რომ არ ჩამიდენია.
_ მოითხოვთ თუ არა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები მოვიდნენ თქვენთან?
_ ომბუდსმენთან ჩემი საქმე გადაგზავნილია, ასევე ექიმების 2150 ხელმოწერა. ისინი ითხოვენ არა იმას, რომ მაინცდამაინც მე გამამართლონ, არამედ ითხოვენ, რომ გაირკვეს, რასთან გვაქვს საქმე და ეს პროცესი მიმდინარეობს. მინდოდა, ქალბატონი ნინო ლომჯარია მოსულიყო ჩემთან.
_ „ქრონიკა+“-თან პირველად დაასახელეთ მიზეზი, რომ თქვენ ხონელიძის გამო დაგაკავეს.
_ დიახ. მე ნახევარ მილიონს ვედავები და აქედან გამომდინარე, მისი მთავარი თავის ტკივილი ვარ. როცა პირველად დამადანაშაულეს, მაშინვე ჩემი ორთვიანი პატიმრობა მოითხოვეს. დღემდე არ მესმის, საფუძვლად რა დაუდეს _ რომელი კრიმინალური ავტორიტეტი ვიყავი ანდა ცნობილი რეციდივისტი, რომ გავქცეულიყავი სადმე?! ამით ვითომ ჩემი გატეხვა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. არც არასდროს გამოუვათ! 2018 წლის 30 აპრილს უმნიშვნელოვანესი სასამართლო სხდომა არის ჩანიშნული დავით ხონელიძის წინააღმდეგ. საზოგადოებამ უნდა ნახოს, რა სიბინძურეში შეიძლება გასვარონ მართალი კაცი.
_ ნერვიულობთ სასამართლო სხდომის წინ?
_ მე ნერვიულობა მაშინ შემხვდა, როცა 2018 წლის 26 იანვარს ბორკილები დამადეს. რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მაგრამ ასეთისთვის?.. მე აქედან რომ გავალ და ჩემი შვილები შემეკითხებიან, მამიკო, დამნაშავე იყავიო? პირწმინდად უნდა ვუთხრა, რომ არ ვიყავი დამნაშავე.
_ ბატონო ირაკლი, გამძლეობას გისურვებთ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
_ დიდი მადლობა. მე პაციენტზე არ მინდა საუბარი. გარდაცვლილი ქალბატონია და ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია ეს. უბრალოდ, მისი ოჯახის წევრები იქცეოდნენ ძალიან არაადეკვატურად. თბილისიდან რეკავდა დედამისი, სასწრაფო დახმარების ექიმებს ასწავლიდა ჭკუას, თქვენ არაკომპეტენტურები ხართ და რა უფლებით გადაგყავთ კლინიკაშიო. და ყოველივე ამის შემდეგ ისევ მე მბრალდება მომხდარი. ამას კვლავ გავაჟღერებ სასამართლოზე, ჩემთვის უკვე მიზეზებიც ცნობილია. ექსპერტები აკვირდებიან, რა ხდება ჩემს საქმეში. თან მოსამართლემ რომ წაიკითხა ჩემი განაჩენი, ასეთი რამ განაცხადა: „მე ორწლიანი პატიმრობა მივუსაჯე ირაკლი მერკვილაძეს, მისი პიროვნებაც გავითვალისწინე, ასევე გავითვალისწინე ამ დანაშაულის მოტივი და მიზეზი“. აი, ახლა ვკითხულობ? რა მოტივი უნდა მქონოდა, რომ ჩემი პაციენტი მომეკლა? ქილერი ვიყავი და ათეულ ათასები გადამიხადეს პაციენტის მკვლელობაში? შემიძლია დავაკონკრეტო, რასთან გვქონდა შეხება. ჩემი საქმე ემოციურად ძალიან დატვირთულია, ეს გასაგებია იმიტომ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგო, პატარა ბავშვი დარჩა დედის გარეშე და იზრდება, ეს არის ტრაგედია, რასაც აღვიქვამ და განვიცდი. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ ტრაგედიას დააბრალებ ადამიანს, რომელსაც კავშირი არ აქვს…

ადვოკატი ზაზა ხაჟალია სპეციალურად ჩამოვიდა ქუთაისიდან, რათა ამ საქმის დეტალები „ქრონიკა+“-ისთვის მოეყოლა.

ზაზა ხაჟალია _ ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი:

_ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას ამტკიცებს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი ექსპერტების ჩვენებები, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ინფორმაცია და სხვა წერილობითი მტკიცებულებები: ეროვნული პროტოკოლები, მოწმეების ჩვენებები, სამედიცინო დოკუმენტაცია.
_ ბატონო ზაზა, თავიდან და დეტალურად მოგვიყევით, რა მოხდა სინამდვილეში?
_ ირაკლი მერკვილაძეს ბრალი წაუყენეს 2014 წლის 4 ივლისს, არადა, პაციენტი ვიოლეტა მატინოვა მასთან მივიდა 2012 წლის 8 ივლისს და იგი დააყენეს აღრიცხვაზე შპს ქუთაისის მე-3 სამშობიაროს ქალთა კონსულტაციაში. ორსულობა იყო მე-3, თუმცა ბავშვი არ ჰყავდა, რადგან 1 ორსულობა 2010 წელს დამთავრდა 10 კვირის ვადაზე თვითნებითი აბორტით, ხოლო მეორე 2011 წელს დასრულდა მკვდრად შობადობით. როგორც თვითონ ახსნა, ნაყოფის ჭიპლარის კისერზე მჭიდროთ შემოხვევის გამო. ორსულობა მიმდინარეობდა ანემიის ფონზე. იღებდა ანტიანემიურ მკურნალობას. ერთხელ კვებითი ინტოქსიკაციაც ჰქონდა, რის გამოც ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. სულ ჩაუტარდა 6 ვიზიტი.
_ მშობიარობამ, როგორც ცნობილია, გართულების გარეშე ჩაიარა?
_ დიახ. ვიოლეტა მატინოვას 2012 წლის 7 იანვარს დაეწყო მშობიარობა და მიმართა ირაკლი მერკვილაძეს. იგი გასინჯეს, ჩაუტარდა ექოსკოპიური გამოკვლევა, სადაც დაფიქსირდა ნაყოფის კისერზე ჭიპლარის შემოხვევა. მშობიარეს, მის მეუღლესა და დედას ყველაფერი აუხსნეს და რადგან პირველი მშობიარობა დამთავრდა მკვდრად შობადობით, მშობიარემ და მისმა ნათესავებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მშობიარობა დამთავრებულიყო საკეისრო კვეთის გზით. ექიმმა აუხსნა, რომ საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენება არ იყო, მაგრამ მათ კატეგორიულად მოითხოვეს საკეისრო კვეთის ჩატარება. ამის უფლება მშობიარეს კანონმდებლობით ჰქონდა. ექიმმა განკარგულება გასცა, რომ პაციენტი მომზადებულიყო ოპერაციისათვის. გაუკეთდა ანალიზები, ჩაუტარდა ანესთეზიოლოგის კონსულტაცია. ექიმების მიზანი იყო, თავიდან აეცილებინათ ინფექციური გართულებები, ცხელება ლოგინობის ხანაში, ენდომეტრიტი, სეფსისი, პნევმონია და სხვ. პაციენტი მე-2 დღეს წამოაყენეს და გადაიყვანეს პალატაში.
_ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა?
_ დიახ, ოპერაცია ჩატარდა „საკეისრო კვეთის“ პროტოკოლის მიხედვით გართულებების გარეშე 2013 წლის 7 სექტემბერს და ამოყვანილი იყო ცოცხალი მამრობითი სქესის ახალშობილი. ოპერაციას ესწრებოდა პაციენტის დედა. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა გართულებების გარეშე, მელოგინე მე-4 დღეს ახალშობილთან ერთად გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შესაბამისი რეკომენდაციებით. ოპერაციიდან მე-7 დღეს პაციენტი მოვიდა კლინიკაში, გაისინჯა, მოიხსნა ნაკერი, ჭრილობის შეხორცება მიმდინარეობდა გართულებების გარეშე. შემდგომ 22 სექტემბერს ირაკლი მერკვილაძეს ტელეფონით დაუკავშირდა ვიოლეტა მატინოვას მეუღლე და უთხრა, რომ ვიოლეტას ჰქონდა მომატებული ტემპერატურა და სთხოვა, დაენიშნა მკურნალობა. მას უთხრეს, რომ აუცილებლად მოეყვანა პაციენტი კლინიკაში და გასინჯვის შემდეგ გადაწყდებოდა დანიშნულება. მეორე დღეს, 23-ში, კლინიკაში მივიდა ვიოლეტას მეუღლე მარტო და ექიმს უთხრა, რომ ვიოლეტა ვერ მოიყვანა, რადგან თანხა არ ჰქონდა. მერკვილაძემ აუხსნა, რომ არავითარ თანხას არ გადაახდევინებდა და აუცილებლად მოეყვანა პაციენტი კლინიკაში. 23-შივე, 14-00 საათზე, ვიოლეტა მატინოვა მოვიდა სამშობიაროში თავისი ფეხით. მერკვილაძემ გამოკითხა, სრულფასოვნად გასინჯა, ჩაუტარა ექოსკოპიური გამოკვლევა, სადაც დადასტურდა ლოქიომეტრა, _ ეს არის საშვილოსნოდან ბუნებრივი გამონადენის შეფერხება. გადაიყვანეს საპროცედუროში და ჩაუტარდა შეფერხებული ლოქიების ევაკუაცია. გასინჯვისას ფილტვებში ირაკლი მერკვილაძემ მიიტანა ეჭვი ფილტვის პრობლემაზე, რის გამოც პაციენტი გაიგზავნა სამშობიაროს თერაპევტთან, ლალი ნიქაბაძესთან. თერაპევტმა გასინჯა 23 სეტემბერს და დასვა მარჯვნა მხრივი მწვავე პნევმონიის (ფილტვების ანთება) დიაგნოზი. ამის შემდეგ მოხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და ერთობლივად შეთანხმდნენ, თუ რა გამოკვლევები ჩაეტარებინათ და დაენიშნათ შეთანხმებული მკურნალობა. მელოგინე მოთავსებული იყო დღის სტაციონარის პალატაში. შეივსო ამბულატორული პაციენტის სამედიცინო ბარათი #97, რომელიც არის განთავსებული საქმეში, როგორც მტკიცებულება. ასისტენტს, მეანგინეკოლოგ ეკა ჩინჩალაძეს დაევალა მოეძია ანტიბიოტიკები, რომელიც ენდომეტრიტის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. თერაპევტმა მიაწოდა რეცეპტი, რომელიც პნევმონიის სამკურნალოდ დაენიშნა.
_ შემდეგ რა მოხდა?
_ ერთი ანტიბიოტიკი, კონკრეტულად „უნაზინი“, იმ დროს სამშობიაროში არ იყო და ირაკლი მერკვილაძემ ამ ანტიბიოტიკის შესაძენად ვიოლეტა მატინოვას მეუღლეს თანხა მისცა; ეკა ჩინჩალაძემ კი მისცა დაწერილი რეცეპტი „უნაზინის“ დასახელებით, სადაც ზემოთ მიაწერა მერკვილაძის მობილურის ნომერი, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ქალაქის აფთიაქიდან ფარმაცევტი დააზუსტებდა, რომელ პრეპარატზე იყო ლაპარაკი. შემოსვლისას ისტორიაში ჩაიწერა სრულფასოვანი გასინჯვა, შემოსვლის დიაგნოზი და დაენიშნა და გაუკეთდა: 1. კლინიკური ანალიზები; 2. ექოსკოპია; 3. თერაპევტის კონსულტაცია; 4. გოსპიტალიზაცია; 5. შესაბამისი მკურნალობა. პაციენტი იმყოფებოდა დღის სტაციონარის პალატაში ექთნის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც უტარებდა ექიმის დანიშნულებას. გარდა ზემოაღნიშნული სამი ანტიბიოტიკისა, რომლებიც გაუკეთდა შესაბამისი სინჯის შემდგომ ვენაში, როგორც ითვალისწინებს ეროვნული პროტოკოლი, პაციენტი იმყოფებოდა პალატაში ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. ორი საათის შემდგომ ჩატარდა პაციენტის განმეორებითი გასინჯვა. 23 სექტემბერს, 16-00 სთ.-ზე, პაციენტის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული.
_ მაშინ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი რა გახდა?
_ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 23 სექტემბერს, ფაქტობრივად იმავე დროს სამშობიაროში შემოვიდა ირაკლი მერკვილაძის პაციენტი (ისტორია განთავსებულია საქმეში, როგორც დაცვის მხარის მტკიცებულება), რომელსაც დაუდგინდა დიაგნოზი _ საშვილოსნოს გარეშე ორსულობა, შინაგანი სისხლდენით. პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია სასიცოცხლო ჩვენებებით. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა რთულად და პაციენტი იმყოფებოდა ოპერაციის შემდგომ ინტენსიური მეთვალყურეობის პალატაში. მერკვილაძეს პერიოდულად უწევდა პაციენტთან ყოფნა, დანიშნულების კორექცია, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ დასტაბილურდა. მხოლოდ ამის შემდგომ დატოვა მძიმე პაციენტი მორიგე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ეს გაგრძელდა საღამოს 10 საათამდე. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ამ პაციენტმა სასამართლოში დაკითხვის დროს.
იმავე დღეს, საღამოს, 18.00 საათზე, ირაკლი მერკვილაძესთან ამოვიდა დღის სტაციონარის ექთანი მერი ორმოცაძე, რომელიც მკურნალობას უტარებდა ვიოლეტა მატინოვას და უთხრა, რომ პაციენტმა დაუკითხავად მიატოვა მკურნალობა და წავიდა კლინიკიდან. თან წაიღო ექოსკოპიის სურათი, სისხლის კლინიკური ანალიზი. დატოვა თავისი პირადობის მოწმობა. მერკვილაძემ მედპერსონალს სთხოვა, რომ დაკავშირებოდენ პაციენტს ან მის მეუღლეს, რომ დაბრუნებულიყო სტაციონარში მკურნალობის გასაგრძელებლად, მაგრამ როგორც მოახსენეს, დაკავშირება ვერ მოახერხეს. უკვე 25 სექტემბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, მერკვილაძეს დაურეკა ვიოლეტას დედამ თბილისიდან და უთხრა, რომ ვოილეტა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა საეკლესიო საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში და სთხოვა, რომ სასწრაფოდ წასულიყო საავადმყოფოში. ექიმმა გადარეკა საავადმყოფოში და უთრეს, რომ ვიოლეტა მატინოვა შემოსვლისთანავე გარდაიცვალა. ირაკლი მერკვილაძისთვის ეს შოკი იყო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თამარ როსტიაშვილი