Healer Twins _ ქართველი ტყუპი ექიმები, რომლებიც მსოფლიოს მუსიკით კურნავენ

 

ევროპაში უკვე კარგად ცნობილი მუსიკალური დუო ბენდი Healer Twins იმ ტყუპი გოგონასგან შედგება, რომლებიც ქართველები არიან, ლონდონში გლობალური ჯანდაცვის პროგრამის დამთავრების შემდეგ, მუშაობა სამეცნიერო კვლევების მიმართულებით განაგრძეს, პარალელურად მსახიობობენ კიდეც და 2014 წელს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილმის Star Wars –ის („ვარსკვლავური ომები“) მე-7 ეპიზოდშიც გადაიღეს. ისინი სტუმრობენ კანის კინოფესტივალებსაც და თავიანთ სათქმელს მუსიკალურ სფეროშიც ამბობენ.

დღევანდელი სტატიის გმირი თეა შენგელაიაა. სულ ორი თვე, საქართველოში ჩამოვიდა და აქ ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობს, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს M2 უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

გოგონების მამა ექიმია და უკვე მრავალი წელია, ემირატებში მოღვაწეობს. სწორედ ამიტომ ტყუპი და, თეა და ლიკა, ხან საქართველოში, ხანაც ემირატებში იზრდებოდა.

ოჯახის აკადემიურმა წრემ მათზე გავლენა იქონია და, შესაბამისად, სამედიცინო სფეროში გადაწყვიტეს თავის დამკვიდრება. ჯერ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე ჩააბარეს, 2010 წელს კი, მისი დამთავრების შემდეგ, ემირატებში სამედიცინო ინტერნატურა გაიარეს. 6 წლის შემდეგ მაგისტრატურის წლები ინგლისში Queen Marry’s University London -ში გაატარეს და, სულ რაღაც, 2 თვის წინათ ინგლისიდან საკუთარ სამშობლოში დაბრუნდნენ. თეა ამბობს, რომ დაბრუნების მიზეზი ბევრია, უმთავრესი კი მონატრება და მშობლიურ ქვეყანაში მოღვაწეობის სურვილი გახლავთ.

იხსენებს, როგორ დაიწყო მუსიკალურ სფეროში დამკვიდრება, რა სირთულეები შეხვდათ და რატომ აირჩიეს ის ჟანრი, რაშიც მღერიან. იხსენებს, რომ ლონდონში ყოფნისას, როგორც კი დისერტაციის წერა დაამთავრა, მაშინვე სცენისკენ გაიქცა სამღერად. სწავლის პერიოდში კონცერტების ჩატარება უჭირდათ, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა სიმღერებისთვის ტექსტებისა და მუსიკის წერაში. ლონდონში ქეთი მელუას ძმასთან ერთად O2 Academy London -შიც იმღერეს და თანამშრომლობის გაგრძელებასაც აპირებენ:

„ჩვენი მუსიკა არის როკ-პოპი, რაც ბავშვობიდან გვიყვარდა და თუ ჩვენს სიმღერებს მოისმენთ, აუცილებლად იგრძნობთ 80-იანი წლების მუსიკალური კულტურის გავლენას. ბევრი ჩვენს სიმღერებს ლანა დელ რეის სტილს ამსგავსებს, თუმცა ჩვენ საკუთარი ნიშა და ხაზი გვაქვს“.

თეა ყვება, რომ ბენდსაც სახელი Healer Twins (მკურნალი ტყუპები) იმიტომ დაარქვეს, რომ სურდათ, მათ მუსიკას სამედიცინო სფეროსთანაც ჰქონოდა შეხება და მათი კონცეპტიც გამოეკვეთა. გარდა ამისა, ამბობს, რომ მუსიკას მართლაც აქვს მკურნალი და თერაპიული დატვირთვა.

ბენდი ჯერ კიდევ მაშინ ჩამოაყალიბეს, როცა ემირატებში ცხოვრობდნენ და მათი ნიშა აღმოსავლურ ქვეყანაში იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მედიაც მალევე დაინტერესდა. მუსიკებს თავად წერენ და შესანიშნავადაც ასრულებენ.

რაც შეეხება ტყუპების ჰოლივუდში მოგზაურობასა და ვარსკვლავური ომების გადასაღებ მოედანზე აღმოჩენას, მათ შესახებ თეა თავად გვიყვება:

„ბავშვობიდანვე ჩემი და უფრო ფიქრობდა მსახიობობაზე და არა _ მე. თუმცა მერე, როცა ემირატებში გადავედით, იქაურ ახალგახსნილ თეატრში მიმიწვიეს, სადაც ძალიან კარგად ვიმსახიობეთ და იქ რომ წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა, მაშინ მკითხეს, რატომ არ გინდა ფილმში მონაწილეობაო?! რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმშიც გადამიღეს, ერთ-ერთი გახლდათ Gasping for life, რომლის IMDB -შიც ჩამსვეს. მითხრეს, ეკრანი გიხდებაო, რამაც ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელების მოტივაცია მომცა. არ ვჩერდებოდი, თან მუსიკასაც მივყვებოდი, მერე აღმოჩნდა, რომ ემირატების კულტურის სამინისტრომ ჰოლივუდთან მჭიდრო კავშირი დაიჭირა და ამ პერიოდში მე ერთ-ერთ კასტინგზე წავედი, სადაც ჩემი და გამომყვა. რომ ნახეს, ის ტყუპისცალი იყო, გვითხრეს, ორივემ მიიღეთ მონაწილეობა ქასთინგშიო, ჩემი დაც დასთანხმდა. ორ კვირაში ქასთინგის დირექტორმა დაგვირეკა და გვეუბნება, რომ ჰოლივუდის რაღაც სერიოზული ფილმისთვის აგვირჩიეს და გვკითხა, თუ დავთანხმდებოდით მონაწილეობის მიღებას. თავიდან მეგონა, ხუმრობდა, აღმოჩნდა, რომ გადასაღებ მოედანზე სპეციალურად ტყუპები სჭირდებოდათ და გამიმხილა, რომ ეს ფილმი იყო Star Wars („ვარსკვლავური ომები“). უცებ შოკში ჩავვარდი, ისე გამიხარდა, ჩემს დასაც იგივე რეაქცია ჰქონდა!

შემდეგ იყო ფილმის გადაღება. გადასაღებ მოედანს აბუ დაბიში, უდაბნოში ექვსი თვის მანძილზე აშენებდნენ, ეს ყველაფერი ძალიან მასშტაბური იყო. თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ, დებს ერთნაირად გვეცვა და მაკიაჟიც ერთნაირი გვქონდა, ძალიან დიდ ყურადღებას იქცევდა. სწორედ აქ გავიცანით ამ ფილმისა და, ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული რჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი. ჩვენთან მოვიდა, თბილად მოგვესალმა, ხელი ჩამოგვართვა, გაგვეცნო და ვუთხარი, გიცნობთ-მეთქი. მის შემდეგ აბრამსის ასისტენტი, ტომი გორმლი მოვიდა ჩვენთან, რომელიც ასევე საკმაოდ ცნობილია მსოფლიოში. მან უფრო დეტალურად გამოგვკითხა, საიდან ვიყავით. ვუთხარი, Georgia -დან ვართ-მეთქი. ეგონა, ამერიკის შტატზე ვეუბნებოდით, მაგრამ ავუხსენი, რომ შტატი კი არა, ქვეყანაა ასეთი, რაც საკმაოდ ეუცხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კადრები საბოლოო ვარიანტში საკმაოდ მოკლე ეპიზოდებად დარჩა, ჩვენ მაინც შესანიშნავი გამოცდილება მივიღეთ და ვისიამოვნეთ“.

ახლა თეას და ლიკა ემირატებშია, სადაც მეუღლესთან და მამასთან ერთად ცხოვრობს, თეა კი დედასთანაა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის ტყუპებს შორი მანძილიდან უწევთ კონტაქტი და მუშაობა, მაინც არ ჩერდებიან და უკვე ივნისში ემირატების ოპერის სახლში ფრანგულ ფესტივალზე გამოსვლას გეგმავენ, სადაც დიდი მოკრძალებით მიიწვიეს.

ახალგაზრდა ხელოვანი იმედოვნებს, რომ მათი შემოქმედება არ დაიკარგება და ხალხს ემახსოვრება. შემოქმედების ობიექტური შემფასებელი კი ბევრი ჰყავთ, ერთ-ერთი პირველი დედაა, რომელიც აუცილებლად აღნიშნავს, თუ რამე მოსწონს ან პირიქით. ყველაზე დიდი გულშემატკივარიც დედა გახლავთ.

თეა ამბობს, რომ ყველაფერთან ერთად საკმაოდ იღბლიანია, თუმცა მიზნის მისაღწევად მხოლოდ ეს არ კმარა, აუცილებელია მუშაობა. თავად კი ორივე აქვს, საკუთარი დამსახურებით მიღწეული წარმატებაც და იღბალიც. იხსენებს, როგორ მოახერხა კანის კონოფესტივალზე „შეღწევა“:

„ისე, საკმაოდ იღბლიანები ვართ, რასაც ხელს მოვკიდებთ, თითქმის ყველაფერი გამოგვდის. ახლახან კანის ფესტივალზე ვიყავით ჩასულები, მე რეჟისორი მეგობრები მყავს, რომელთაგან ერთ-ერთმა საკუთარი ფილმის ჩვენებაზე დაგვპატიჟა, თუმცა გვითხრა, რომ მხოლოდ მისი ფილმის ჩვენებაზე შეგვეძლო დასწრება, წითელ ხალიჩაზე გავლა და სხვა ფილმების ნახვა კი, _ არა. არადა, მე მინდოდა, ყველაფერი მენახა და დავსწრებოდი. ამ დროს, სრულიად შემთხვევით, ჩემით აღმოვაჩინე, რომ არსებობდა ასეთი საშუალება _ გადაიხდი 50 ევროს და გაძლევენ 3-დღიან საშვს, მართალია ლეგალურად, მაგრამ ეს ისე ხდებოდა, რომ ყველამ არ იცოდა. ასეც მოვიქეცით და სურვილიც ავისრულეთ.

ყველაფერთან ერთად ვხვდებით ბევრ ცნობილ ადამიანს. ადრე უილ სმიტს შევხვდი პრესკონფერენციაზე, სადაც მეგობარს გავყევი, შემდეგ დანიელ რედკლიფს მისი სპექტაკლის მერე, რომელმაც თვითონ გამომართვა მობილური ტელეფონი და ისე გადაიღო ფოტო. ასეთ დროს მთავარია, როგორ მიუდგები ადამიანს, უნდა ესაუბრო, რაიმე საერთო თემა გამონახო, ისე არ უნდა გააღმერთო, რომ შეეშინდეს კიდეც“, _ ამბობს მუსიკოსი.

კითხვაზე, თუ რა აძლევთ მოტივაციას, პასუხობს:

„თვითონ ხელოვნებას ძალიან ვაფასებთ, ვფიქრობთ, რომ მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, არ შეგვიძლია მცირედით დავკმაყოფილდეთ, კიდევ უფრო მეტი გვინდა და მოტივაციას ურთიერთობები, სიახლეები გვაძლევს, ამიტომაც არ ვჩერდებით.

ჩვენი ოჯახი ძალიან აკადემიურია და ეს დაბრკოლებას წარმოადგენდა იმისთვის, რომ მხოლოდ მუსიკას გავყოლოდით, თუმცა ბავშვობიდან მოგვწონდა ექიმობანას თამაში, მოგვწონდა, როცა მამა პაციენტისთვის დანიშნულებას წერდა, ჩვენც იმავეს ვაკეთებდით. დღეს კი ვიცით, რომ ეს პროფესია ძალიან დასაფასებელია და ორივე მიმართულებას, სამედიცინოსაც და ხელოვნებასაც, გავყევით.

ბავშვობიდანვე გვყავდა საყვარელი ბენდები, რომლებსაც ვუსმენდით და ვმღეროდით, 9 წლის ასაკიდან „კონცერტებს“ ვმართავდით მეზობლებისა და ახლობლებისთვის, დღეს კი ნამდვილ სცენაზე გამოვდივართ“.

თეას თქმით, იმისთვის, რომ კარიერაში მიზანს მიაღწიო, მნიშვნელოვანია, წინასწარ დაგეგმო იგი და გქონდეს მოტივაცია:

„საქართველოში ძალიან ბევრი ხელოვანი ადამიანია, ყოველი მეორე მღერის და ხატავს, თუმცა უნდა იცოდე, საკუთარი სტრატეგია უნდა გქონდეს, თუ როგორ წაიყვანო საკუთარი მუსიკალური კარიერა, რადგან დღეს ყველაფერი ბიზნესზეა აგებული, მხოლოდ ხმა და სიმღერა არაფერს ნიშნავს, უნდა იცოდე, როგორ შექმნა პროდუქტი, ეს კი ძალიან რთულია!“

ამბობს, რომ მისი მისიაც სწორედ ესაა, საკუთარ დასთან ერთად სერიოზული პროდუქტი დადოს, რომელსაც მართლა ექნება „მკურნალი“, თერაპიული დანიშნულება. ხელოვნება ხომ აუცილებელია ადამიანის ცხოვრების სრულყოფისთვის.

კითხვაზე, თუ როგორ უყურებს თავისუფლების ცნებას, ამბობს, რომ თავისუფლება უნდა მოდიოდეს შიგნიდან, უნდა იყო კომპლექსების გარეშე და არ მიბაძო სხვას. შეიძლება, ვიღაცის გავლენა გქონეს, მაგრამ საკუთარი მე უნდა დაიტოვო:

„რამდენიმე წელია ვაკვირდები და მივხვდი, რომ სხვებისგან განვსხვავდები იმით, რომ ვარ უფრო მეტად თავისუფალი, არ მაქვს სოციალური თუ სხვა სახის კომპლექსები და რომ ხელოვნება ძალიან დიდ თავისუფლებას აძლევს ადამიანს. აძლევს საკუთარი თავის გამოხატვის უნარს“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თავისუფალი ახალგაზრდის ცხოვრებაში ჯერ ნამდვილი და სრული სიყვარული არ მოსულა, მას მაინც სჯერა მისი, ამბობს, რომ ცხოვრების სრულყოფისთვის სწორედ ეს გრძნობაა აუცილებელი და როცა მას დაეუფლება, უკვე საკუთარ თავსაც ბოლომდე იპოვის.

ქრონიკა+“-მა თეა შენგელაიასთან ბლიცინტერვიუც ჩაწერა:

ნამდვილი თეა არის _ უშუალო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეძებს პასუხებს კითხვებზე და მუდმივად ეძებს საკუთარ თავს. მას არ უყვარს საქმის გადადება.

რომ არა თეა, ქნებოდი _ სუპერგმირი, Wonder Women (ქალი საოცრება).

არაფერი მენანება _ საკუთარი დისთვის და იმ საყვარელი ადამიანისთვის, რომელიც ჯერ არ გამოჩენილა.

ვნანობ _ უკან არასდროს ვიხევ და ამიტომაც არაფერს ვნანობ.

გრძნობა, რომელიც არ უნდა გახუნდეს, არის _ ფასეული მეგობრობა და ეს თაობებს უნდა გადაყვეს!

ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიყენებ _ Do what u love, love what you do!

Don’t underestimate yourself!

მიზანი, რომელსაც უკვე მივაღწიე _ ჩემი და ჩემი დის მიზანი ბავშვობიდან იყო ის, რომ გვემღერა და მუსიკას გავყოლოდით. ჯერ კიდევ ბევრი დახვეწა და მუშაობა სჭირდება ამას, რომ უფრო მეტ ადამიანში ჩავდოთ სიყვარული.

შანსი რომ მქონდეს, დავიბადებოდი _ 1960 წელს ლონდონში. სწორედ ამ დროს იბადებოდა და ყალიბდებოდა ყველაზე საინტერესო მუსიკალური კულტურა, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. საერთოდ კი ინგლისი ჩემთვის ძალიან დიდ და საინტერესო მუსიკასთან ასოცირდება.

ყველაზე გიჟური, რაც გამიკეთებია, არის _ ბევრი რამ, მაგრამ ახლა ერთი მახსენდება: 17 წლის ვიყავი, შეყვარებულთან ვიჩხუბე, მაშინ მართვის მოწმობა არ მქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ მამაჩემის მანქანა დაუკითხავად წამეყვანა და ჩემი შეყვარებულის სახლში მივსულიყავი. ახლა ძალიან სასაცილოდ მახსენდება.

სპონტანური ვარ? _ ყველა საქმესა თუ ურთიერთობაში პროფესიულის გარდა. იქ სწორად დაგეგმილი და განსაზღვრული მაქვს ყველაფერი. დანარჩენ ურთიერთობებსა და მდგომარეობაში სპონტანურობა ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელია.

ჩემი მომავლის გეგმა არის _ გამოვუშვათ ახალი ვიდეოკლიპი.  მანამდე ალბომი გამოვუშვით და ახლაც იმავეს ვგეგმავთ, თუმცა აქ უფრო ტრეკი შევა. არ გვყავს მენეჯერი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონცეპტი ძალიან საინტერესოა, ვართ ტყუპები, გვაქვს დუო ბენდი, თვითონ ვქმნით მუსიკას და ა. შ., მენეჯერებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ბიზნესის კეთებაა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ვიცით, რომ ძალიან ბევრმა ხელოვანმა საკუთარი ქვეყნიდან გაითქვა სახელი მსოფლიოში და რატომ არ შეიძლება, რომ გოგონებმა საქართველოდან მოახერხონ იგივე?! ვფიქრობ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

მინდა, საზოგადოებას ვუთხრა _ მთავარაია, ერთმანეთი გვიყვარდეს, ურთერთგაგება და პატივისცემა არ მოვაკლოთ ერთმანეთს, უფრო მეტად მოტივირებულები ვიყოთ და არ გვეშინოდეს ნაბიჯის გადადგმის, უფრო თავისუფლები, უკომპლექსოები, მეტად ლაღები და უშუალოები ვიყოთ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!

თეა დღესაც დაუღალავად მუშაობს თავისი მიზნების სრულყოფისთვის. მუშაობს კვლევებზეც და მუსიკაზეც. არ ნებდება და თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ალბათ, ამან განაპირობა ის, რომ მათი შემოქმედების გაცნობის შემდეგ მათ მუსიკებს ყოველდღე ვუსმენ და არ მბეზრდება!

ნინო ტაბაღუა