გზაზე ბევრი მანქანა მიდიოდა

ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება და იღებს დაზიანებას არასწორი მანევრის ან გადაჭარბებული სიჩქარის გამო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს გზებზე 6079 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა, 8461 კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევები სხვადასხვა მიზეზით ხდება, მათ შორის, ყველაზე ხშირად ამის მიზეზი გახლავთ მძღოლების ან ფეხით მოსიარულეების დაუდევრობა, გადაჭარბებული სიჩქარე ან არასწორი მანევრირება.
გამოვლენილი სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა სულ 117 იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით შემცირებულია.
ბოლო პერიოდში ფატალური შემთხვევების წილი რეგისტრირებულ ავარიებში გაზრდილია. სწორედ ამიტომაც სიკვდილიანობა განსაკუთრებით მაღალია ქართულ გზებზე.
უკრაინულ ანალიტიკურ ჯგუფ Corestone Corporation-ის მონაცემებით, გზებზე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დონე საქართველოშია, რომლის შემდეგაც მოდის რუსეთი და სომხეთი.
საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიკვდილის 163,6 ფაქტი მოდის, რუსეთში – 160,4, ხოლო სომხეთში _ 114,7, _ ნათქვამია კვლევაში „სიკვდილიანობა ავტოსაგზაო შემთხვევებში: უკრაინა და მსოფლიო“, რომელიც 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა.
გარდა ამისა, სხვა საერთაშორისო კვლევებიც ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანაში გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა 2011 წლიდან მზარდია და ყოველწლიურად 2 ათასს აღემატება, დაშავებულთა ყოველწლიური რაოდენობა კი 3 ათასს აჭარბებს. საგზაო შემთხვევების დაახლოებით ნახევარი თბილისში ხდება.

ყველაზე ხშირად რა იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს და რა მდგომარეობაა საქართველოში?
ამ და სხვა თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი _ ვასო ურუშაძე:
„დღეს თუ ჩავხედავთ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას, ოფიციალური მონაცემებით ავარიების გამომწვევი მიზეზები მხოლოდ მძღოლის ბრალეულობით არის განპირობებული: ეს არის ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ ავტომობილის საჭის მართვა, გადაჭარბებული სიჩქარე, არასწორი მანევრი და დაუდგენელი მიზეზი. წარმოუდგენელია, ყველა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პასუხისგებაში ვაძლევდეთ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს და ამით შემოიფარგლებოდეს გამოძიება. სამწუხაროდ, დღემდე ასე ხდება. რა თქმა უნდა, თუ მძღოლმა დაარღვია მოძრაობის წესები, მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, მაგრამ, ამავდროულად, აუცილებელია საფუძვლიანად შევისწავლოთ გარე ფაქტორებიც, რაც შეიძლება ყოფილიყო ავტოსაგზაო შემთხვევის მაპროვოცირებელი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა; ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი; არასწორად დამონტაჟებული საგზაო ნიშანი; კლიმატური პირობები; მესამე პირის გავლენა, რომელიც არ არის ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე, მაგრამ მოახდინა შემთხვევის პროვოცირება; მძღოლის კვალიფიკაცია, კომპეტენცია, ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური პორტრეტი; და სხვა დეტალები.
ასევე მნიშვნელოვანია, საფუძვლიანად შევისწავლოთ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგი, თუ სხეულის რა სახის დაზიანებები მიიღეს დაზარალებულმა პირებმა, რით დასრულდა ინციდენტი და შესაძლებელი იყო თუ არა მგავსი შედეგის თავიდან აცილება? მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრული ინფორმაცია გვექნება ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, შეგვეძლება დავსახოთ სწორი და პრევენციული ღონისძიებები.
იმედს ვიტოვებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს და დაიწყებს ავტოსაგზაო შემთხვევების საფუძვლიან შესწავლასა და ზუსტი მიზეზების დადგენას, რაც პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობა იქნება“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: ყველაზე მეტი – 127 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მოხდა; მას მოსდევს მარცხენა სანაპირო _ 107 ავტოავარიით; მესამე ადგილზე დავით აღმაშენებლის ხეივანია, სადაც 98 ავტოავარია დაფიქსირდა; მარჯვენა სანაპიროზე – 87 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა; წერეთლის გამზირი, სადაც 83 ავარიაა აღრიცხული; მარჯვენა სანაპიროზე – 60 შემთხვევა; მარცხენა სანაპირო – 56 შემთხვევა; გორგასლის ქუჩაზე 40 ავტოვარიის ფაქტი მოხდა.
ეს რიცხვები იმ საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელზე მეტყველებს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების მიხედვით ჩვენს ქვეყანაში და, კონკრეტულად, დედაქალაქში ფიქსირდება.
ეს ლოკაციები კი „შავი წერტილებია“, რომელთა რაოდენობა 9-12-მდე მერყეობს.
„შავი წერტილი“ _ ეს არის კონკრეტული ადგილი, უბანი ან ლოკაცია, სადაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ავარია ფიქსირდება.
მსგავსი მონაკვეთების რაოდენობა და მდებარეობა ყოველწლიურად იცვლება, თუმცა უცველი რჩება ის სავალალო შედეგები, რაც ამ პრობლემას მოაქვს.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სისტემა შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან: 1. ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა, მისი გამართულობა; 2. საგზაო ინფრასტრუქტურის გამართულობა, რაც გულისხმობს არასწორად განთავსებულ შუქნიშნებს ან საგზაო მოძრაობის ნიშნებს; 3. ადამიანური ფაქტორი, რომელიც მოიცავს როგორც მძღოლს, ასევე ქვეითსა და მგზავრს; 4. აღსრულება, მონიტორინგი და კანონმდებლობა, რომელზედაც უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგებს პასუხს.
ექსპერტების შეფასებით საქართველოში ოთხივე კომპონენტში ვხვდებით საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს, რაც, საბოლოო ჯამში, საგზაო სისტემის გაუმართაობასა და საგანგაშო მდგომარეობასაც იწვევს.
რაც შეეხება ბოლო კომპონენტს, რომელიც ერთგვარად არეგულირებს საგზაო უსაფრთხოების სფეროს და ყურადღებას ამახვილებს საკანონმდებლო აუცილებლობაზე, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევათა და ამის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა რიცხვი მოწმობს, რომ ეს სულაც არაა საკმარისი.
საქართველოში პირველი ნოემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა, ასევე ამოქმედდა „ჭკვიანი კამერები“, რომელთა მეშვეობით სამართალდარღვევები დაფიქსირდება.
„ჭკვიანი კამერების“ საშუალებით გამოიკვეთა ძირითადი ტენდენცია, რომლის თანახმადაც, ყველაზე ხშირად ჩვენს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების წესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები არღვევენ.
„ჭკვიანი კამერები“, ჯერჯერობით, დამონტაჟებულია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ავტობანზე. შსს-ს გეგმის მიხედვით, „ჭკვიანი კამერები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2018 წლის ბოლომდე დამონტაჟდება.
მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან საქართველოში ასევე ამოქმედდა ქულების სისტემა _ მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ.
გარდა გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებისა, ასევე პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ არ ხდება „შავი წერტილების“ შესწავლა და მონიტორინგი. შესაბამისად, დღემდე გამოუკვლეველი რჩება ის მიზეზები, რაც იწვევს გზების ამ მონაკვეთზე დაფიქსირებულ ყველაზე ხშირ ავარიას და ფატალურ შემთხვევებს.

მსოფლიო ბანკის მიხედვით, „შავი წერტილისთვის“ დამახასიათებელი 2 გარემოებაა:
1. მომეტებული რისკის შემცველი ადგილი, განგრძობითი შეჯახებების ისტორიით, რომელიც არ წარმოადგენს შემთხვევით სტატისტიკურ ცდომილებას;
2. ადგილი, რომელიც ხასიათდება მსგავსი ტიპის შეჯახებების ტენდენციით და გამოწვეულია ერთი ან რამდენიმე მიზეზით, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია შეჯახების გამომწვევი მიზეზის გამოსწორებით.
იმისთვის, რომ კონკრეტული ადგილი ან მონაკვეთი „შავ წერტილად“ განისაზღვროს, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კრიტერიუმი არსებობს.
საქართველოში ამ კონკრეტულ მახასიათებლებზე მუშაობა მიმდინარეობს. დადგენილი წესების თანახმად, „შავ წერტილად“ განისაზღვრება მსხვერპლით დასრულებული 4 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა სამი წლის განმავლობაში, ტრავმით დასრულებული 10 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა სამი წლის განმავლობაში 100-300 მეტრის რადიუსში.
შსს-ს მიერ ავტოსატრანსპორტო შემთხვევებზე აღრიცხული ინფორმაცია თბილისში „შავ წერტილად“ განიხილავს გზის სრულ მონაკვეთს და არ აკონკრეტებს „შავი წერტილის“ ადგილმდებარეობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვა ქალაქებში (ადგილობრივი გზები) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია შსს-ში არ აღირიცხება, შესაბამისად, რისკის შემცველი ადგილები ვერ ანალიზდება.
ე. ი. ჩვენ ვფლობთ მეტ-ნაკლებ ინფორმაციას გზის ამ სახიფათო მონაკვეთების შესახებ მხოლოდ დედაქალაქში, სხვა რეგიონები კი ამ პრობლემის მონიტორინგის მიღმა რჩება.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც საგზაო უსაფრთხოებაზე არავინ ზრუნავს. ამის მტკიცებად მან დაასახელა ის საგანგაშო მაჩვენებელი, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა პრობლემის კომპლექსურობასა და პრევენციის საჭიროებაზე, რომელიც ამ პრობლემის შემსუბუქებასა და გამოვლენის სიხშირის შემცირებას შეუწყობს ხელს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არსებული ავტოსაგზაო სისტემა შეაფასეს და იმ კონკრეტულ ხარვეზებზე ისაუბრეს, რაც საქართველოში ამ კუთხით არსებობს:
„ყოველწლიურად საქართველოს გზებზე ათასობით ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება, რაც მაღალ ადამიანურ და ეკონომიკურ დანაკარგებს უკავშირდება. შესაბამისად, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება ფუნდამენტურია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წელს განახორციელა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი.
აუდიტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საგზაო უსაფრთხოების მართვაში ჩართული უწყებების მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის არსებული მექანიზმები, რომლის შედეგადაც იდენტიფიცირებულ იქნა გარკვეული სახის ნაკლოვანებები, მათ შორის ის, რომ შსს-ს მიერ ქვეყნის მასშტაბით არ არის დანერგილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის ბარათის ევსების ერთგვაროვანი პრაქტიკა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის აღრიცხვის ბარათის სრულყოფილად შევსება, რაც შემთხვევის გამომწვევი მიზეზისა და ადგილმდებარეობის არასათანადოდ აღრიცხვაში მდგომარეობს. აღნიშნული ხარვეზები, ერთი მხრივ, ართულებს ისეთი პრობლემური მონაკვეთების გამოვლენის შეუძლებლობას, სადაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად ხდება, ხოლო, მეორე მხრივ, ზღუდავს ეფექტიანი, მიზანმიმართული საპასუხო პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, გამოვლინდა ისიც, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მაკოორდინებელ უწყებას, არ გააჩნია საკმარისი წინაპირობები _ შესაბამისი მანდატი და საკმარისი ინსტიტუციური შესაძლებლობები საგზაო უსაფრთხოების წამყვანი უწყების უფლებამოსილებების განხორციელებისთვის“.
აუდიტის სამსახურის კონკრეტული ანგარიში, რომელიც აფასებს ავტოსაგზაო უსაფრთხოებას საქართველოში და ამ სისტემის ნაკლოვანებებსა და ხარვეზებს, მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა არა მხოლოდ ბოლო წლების დინამიკის შესახებ, ასევე იმ კონკრეტული ვალდებულებების შესახებაც, რომელიც ამ სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აკისრია სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებას და რომელიც ისე არ სრულდება, როგორც უნდა სრულდებოდეს.
სწორედ აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევები მაღალ ადამიანურ და ეკონომიკურ დანაკარგებს უკავშირდება. საგზაო შემთხვევა ხშირად დაზარალებულის შრომისუნარიანობის დაკარგვით, მძიმე ტრავმებითა და მაღალი სამედიცინო ხარჯებით სრულდება, რასაც უარყოფითი ეკონომიკური გავლენა აქვს დაზარალებულის ოჯახზე, ჯანდაცვის სისტემასა და საზოგადოებაზე.

მსოფლიო ბანკის შეფასებით: საქართველოში ავტოსატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმებისა და ფატალური შემთხვევების ხარჯებმა (დაკარგული შემოსავალი, სამედიცინო, ადმინისტრაციული და დაზიანებული ქონების ხარჯები) 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), დაახლოებით, 5% (738 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ქვეყნის ეკონომიკისთვის განსაკუთრებით უარყოფითი ეფექტის მატარებელია.
სწორედ ამ საგანგაშო მდგომარეობისა და დაფიქსირებული ხარვეზების გამო საგზაო უსაფრთხოება ეროვნულ პრიორიტეტად დასახელდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, რის გამოც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიანი და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობას. გამართული საგზაო სისტემა განაპირობებს სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
მნიშვნელოვანია, რომ გზა, რომელზედაც გადაადგილდებიან ადამიანები და სხვადასხვა სახის ტრანსპორტი, იყოს უსაფრთხო და არ იქცეს სასაკლაოდ, სადაც ყოველწლიურად საშინელი სიკვდილით იღუპებიან ადამიანები.
შსს-ს ინფორმაციით, 2011-დან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, პროპორციულად, 35%-ით გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობაც.
გზაზე ერთი კაცი კი არა, ბევრი, ძალიან ბევრი მანქანა მიდიოდა…

ანა ურუშაძე