პაატა დავითაია: „პრემიერის ინიციატივებს ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმებმა დასცინეს“

საქართველოს მთავრობამ ახალი სამშვიდობო ინიციატივა დაამტკიცა: „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს ინიციატივების განხორციელებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშესახები სარგებლის მიღების, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობის წასახალისებლად.

„დღეს საქართველოს მთავრობა აკეთებს ღია და ქმედით განაცხადს იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი ურყევია და არსებულ გამოწვევებს უპირისპირდება მშვიდობით, განვითარებით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობითა და კონკრეტული ნაბიჯებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი არის ქმედითი ნაბიჯი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია მშვიდობა, კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობა და იმ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმეს წლების განმავლობაში, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ყოველდღიურად განიცდის“, _ განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ესენია: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სიკეთესა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემისა და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.
სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სულ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ პარტია „ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარეს, პაატა დავითაიას ესაუბრება:
_ ამ ინიციატივებს ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმებმა თავიანთ განცხადებებში (რაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა) დასცინეს და რატომ: ახლა, მე არ ვიცი, პრემიერ-მინისტრს, საერთოდ, მრჩეველი ვინ ჰყავს, ვინ ურჩევს მას ასეთ რაღაცებს? შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს ყველაფრი სპონტანურად და გაუაზრებლად კეთდება.
_ ასე რატომ მიიჩნევთ?
_ მაგალითისთვის, ვაჭრობის თემა განვიხილოთ, რომლის წამოწევა დღეისთვის უკვე დაგვიანებულია. ეს შესაძლებელი იყო თავის დროზე, როცა ვაჭრობის პროცესი, გარკვეულწილად, მიმდინარეობდა კიდეც. მას შემდეგ ორივე მხრიდან კანონმდებლობა გამკაცრდა, ამას შემდგომში საბრძოლო მოქმედებებიც მოყვა და ა. შ.
ახლა, პრემიერ-მინისტრს ვაჭრობა როგორ წარმოუდგენია, როცა „ეფესბეს“ (რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) შეიარაღებული ძალები დგანან მთელ პერიმეტრზე?
მეორე: სეპარატისტულ რეჟიმებს და რუსულ სპეცსამსახურებს ცალსახად ესმით, რომ ვაჭრობის თემით შეიძლება რაღაც პრობლემური სიტუაციები განეიტრალდეს, რაც მათ ინტერესებში არ შედის. ამიტომ რუსული რუბლით, პროდუქტებით, თავისივე „ეფესბეს“ ჯარით, საგადასახადო სისტემით (რომელსაც მთლიანად აკონტროლებენ) ძალიან მკაცრ რეჟიმს ინარჩუნებენ და იქ არანაირ პროდუქციას არც შეუშვებენ. ეს ოფიციალურად არ მოხდება, არაოფიციალურად რაც ხდება, ამას კი ვხედავთ.
ერთი სიტყვით, გვინდა, რომ ეს გავაკეთოთ, მაგრამ მეორე მხარე არ გააკეთებს. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ მხარეებს შორის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება დაიდება. ბრჭყალებში სახელმწიფოთაშორისი, რადგან ეს სეპარატისტული რეჟიმების აღიარებას გულისხმობს. აი, ამიტომ ეს გზა არ იმუშავებს.
რაც შეეხება განათლების თემას: აბა, როგორ გითხრათ, ცხინვალსა და სოხუმში მცხოვრები ადამიანებისთვის რუსეთის წამყვანმა უნივერსიტეტებმა ოთხი წლის წინათ სპეციალური ადგილები გამოყვეს. ფაქტობრივად, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ჩასულმა მისაღებ გამოცდაზე ორიანიც რომ მიიღოს, ნებისმიერ ტოპ-უნივერსიტეტში მაინც ჩარიცხულია. აქ საუბარია „ემგეუზე“, „მგიმოზე“, პეტერბურგის უნივერსიტეტზე.
მაგალითად, ამ მიმართულებით აფხაზეთის უნივერსიტეტთან „აგუსთან“ სპეციალური ხელშეკრულება გაფორმდა.
არათუ აფხაზური მოასახლეობა, ქართულიც კი (რომელიც გალის ტერიტორიაზეა) დღეს მიდის და იქ სწავლობს. ამ თვალსაზრისით რას იღებს აქეთ, საქართველოში? არაფერსაც არ იღებს, რადგან სწავლა უფასოც რომ გაუხადო, ქართული, თბილისური დიპლომით მაინც ვერც სოხუმში და ვერც ცხინვალში იმუშავებს. ისინი უკვე რუსეთის მოქალაქეები გახდნენ და აქ განათლების მიღება უკვე არ სჭირდებათ.
ეს მეორე ინიციატივაც მხოლოდ სიტყვიერი გამოსვლა და სისულელეა, პირდაპირ რომ ვთქვათ. რეალურად, ეს ორწუთიანი პიარი და არაფრისმომტანი ნაბიჯია.
აფხაზური ენის რაღაც გაძლიერებაზე საუბრობენ, რაზეც ასევე პირდაპირ დასცინეს. სად უნდა გაძლიერდეს აფხაზური ენა? აფხაზები იქ ისედაც, მეტ-ნაკლებად, სწავლობენ და ამაზე პრობლემა არ აქვთ. პრემიერს პირდაპირ მინდა ვუთხრა, რომ მათ მეთერთმეტე კლასამდე აფხაზური ენის სახელმძღვანელოები არ ჰყოფნით. ელემენტარულად, სიტყვები არ ჰყოფნით, რომ მეთერთმეტე კლასში ფიზიკა ასწავლონ და ქიმია. უკვე მერვე კლასიდან რუსულ ენაზე სწავლობენ იქაურები. ახლა თქვენ გინდათ თქვათ, რომ აფხაზურს საქართველოს მთავრობა ასწავლის?
თავის დროზე, აფხაზეთში რომ ვცხოვრობდით, კონსტიტუციით სამი სახელმწიფო ენა მოქმედებდა: რუსული, ქართული და აფხაზური. და რატომ? აფხაზები საუბრობდნენ აფხაზურ ენაზე, ქართველები _ ქართულზე. სამუშაო ენა ქართული და აფხაზური ვერ იქნებოდა იმის გამო, რომ ჩვენ ერთმანეთის ენას არ ვიღებდით და სამუშაო ენა რუსული იყო. ამიტომ გახდა რუსული დომინანტური ამ ავტონომიურ რესპუბლიკებში.
ახლა, გვინდა ვთქვათ, რომ ვიღაც საქართველოში აფხაზური ენის შესწავლას დაიწყებს? იქ მცხოვრებლები არ ვსწავლობდით აფხაზურ ენას, რადგან არ გვჭირდებოდა და სად უნდა გაძლიერდეს ეს აფხაზური ენა? ხომ ხვდებით, რა მარაზმია ეს ყველაფერი.
ამიტომ ვამბობ, რომ ეს ინიციატივები ორწუთიანი სატელევიზიო პიარია, მეტი არაფერი. ამას არაფერი შედეგი არ მოყვება. საქმე გვაქვს კონფლიქტის საერთოდ არცოდნასთან. კვირიკაშვილმა კონფლიქტი რომ არ იცის, ეს გასაგებია, მაგრამ ვინც ამას ურჩევს, მტერია, პირდაპირ მინდა ვუთხრა, რადგან ამასთან დაკავშირებით კვირიკაშვილის ყოველი გამოსვლა დაცინვის ობიექტი ხდება აფხაზურ და ოსურ პრესაში.
_ „აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სიკეთესა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემისა და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება…“
_ ოსი და აფხაზი ამას არ გამოიყენებს, ამით აფხაზეთში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ისარგებლებს. დღეს ისინიც ძალიან მძიმე სიტუაციაში არიან. მაგალითად, გალში მცხოვრებლებს პირდაპირ დაუსვეს საკითხი, _ ან რუსულ-აფხაზური პასპორტები აქვთ, ან ქართული. ისე კი არა, რომ სამივე დოკუმენტი ჩაედოთ ჯიბეში.
ამიტომ ვამბობ, რომ პროცესი დაგვიანებულია, ეს ყველაფერი კარგა ხნის წინათ უნდა გაკეთებულიყო, _ არა კვირიკაშვილს, არამედ სააკაშვილსა და შევარდნაძეს უნდა გაეკეთებინათ. დღეს ეს მექანიზმი არ მუშაობს.
რაც შეეხება სიკეთეებს, ერთადერთი სიკეთე, რასაც იღებენ, ეს ჯანდაცვის სისტემაა, რომელიც აწყობილია და მუშაობს. ისინი ამას იყენებენ და მეტი არაფერი. ეს ჯანდაცვის სისტემა კი რეგიონში განსაკუთრებულ ძვრებს არ გამოიწვევს. სხვა რა სიკეთე უნდა შესთავაზო? ბიზნესს გააკეთებინებ თუ რა (ამაზე ზემოთაც ვისაუბრეთ)? ეს ძნელად წარმოსადგენია.
_ ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან სწორი ნაბიჯები რა იქნებოდა?
_ თავის დროზე, 20-25 წლის წინათ (და ახლაც, ჯერ კიდევ, არაა გვიან), აფხაზი და ოსი ბავშვები საბავშვო ბაღებში რომ აგვეყვანა, ქართულ სახელმწიფოს ფული დაეხარჯა მათ აღზრდაში, რომ ისინი საქართველოს ერთგულები და მომხრეები ყოფილიყვნენ (საუბარია ძალიან გეგმურ მიდგომაზე სპეცსამსახურებიდან დაწყებული და ა. შ.), დღეს ხელისუფლებაში უკვე ჩვენი მომხრე ძალები იქნებოდნენ.
დღეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლამაზი ლაპარაკით დათმობენ ან აფხაზები, ან ოსები, არაფერსაც არ დათმობენ. რა უნდა დათმონ, _ ის, რაც იარაღით მოიპოვეს? ან ის ნარკოტრაფიკი, რომელიც რუსეთის გენერალიტეტს ხელში აქვს ჩაგდებული, ის სიკეთეები, მათმა გენერალიტეტმა მოსკოვის მითითებებით რომ მიიღო და ა. შ. ამას არ დათმობენ, ეს გამორიცხულია.
ამიტომ დღეს ერთადერთი გამოსავალია ბრძოლა სეპარატიზმთან ძალიან მკაცრი სამართლებრივი მიდგომებით. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გრძელვადიანი პერსპექტივაა და საჭიროა ახალგაზრდობის მომზადება, ყველა მიმართულებით მომხრეების გაჩენა და არა ფოსტით გაკეთებული განცხადებები, რომელიც არაფერს მოგვიტანს.
_ მთავრობას თუ აქვს გაცნობიერებული ასეთი ნაბიჯების აუცილებლობა?
_ არა და არა! ეს არავის არ აქვს გააზრებული ერთი მარტივი მიზეზის გამო: ამ ყველაფერს სისტემური მიდგომა სჭირდება. გადავხედოთ, ამ თვალსაზრისით, რა ხდება ქვეყანაში? ვინ არის ჩვენთან კონფლიქტებით დაკავებული? სეგმენტებად დავყოთ.
პირველი: არსებობს სამინისტრო (ციხელაშვილის ხელმძღვანელობით), რომლის სათაური დღეში ხუთჯერ იცვლება.
მერე ე. წ. ლეგიტიმური მთავრობაა, სადაც ჩუმად სხედან, მხოლოდ იმას ფიქრობენ, ხელფასები როგორ მიიღონ და ოღონდაც ისინი არავის გაახსენდეს. რეალურად, არანაირ ინიციატივას არ გამოხატავენ, რადგან მთავარი ინტერესია ხელფასი, მანქანები და ა. შ. პამპერსები აქვთ მომარაგებული და წყნარად სხედან, ესენი მოაგვარებენ კონფლიქტს?
შემდეგი შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომელიც პერიმეტრს იცავს. უწყებას ერთი სული აქვს, რომ ვიღაცამ არ გაისროლოს და ვიღაცას არ მოხვდეს. არანაირი სტრატეგიული მიდგომები მათ არ გააჩნიათ.
ავიღოთ სუსი, რომელიც რით არის დაკავებული? რეალურად, ეს არის პოლიტიკური დევნა და ივანიშვილის ძალაუფლების გაძლიერება. სუსს საერთოდ არ აინტერესებს ოკუპირებული ტერიტორიები.
ამ ფონზე პრემიერ-მინისტრი რით არის დაკავებული? რაღაც სისულელე განცხადებებს აკეთებს, თანაც დღეში ხუთჯერ.
საგარეო სამინისტრო, სადმე თუ ცეცხლი გაჩნდება, რაღაც განცხადებას გააკეთებს პოსტის დონეზე და ამით მორჩა ყველაფერი. რეალურად, უწყებას საერთაშორისო დონეზე არაფერი არ გააჩნია.
დასკვნა: ქვეყანაში პასუხისმგებელი არავინაა, ყველა ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობს. სრული ქაოსია, რითაც სეპარატისტები ხელმძღვანელობენ და იყენებენ. ქვეყანაში ამ პრობლემატიკის მიმართ სისტემური მიდგომა არ არის.
ვაღიაროთ, რომ ამ რეალობაში ოკუპირებული ტერიტორიები კარგა ხანს არ დაბრუნდება. ამიტომ პირდაპირ ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტრო უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ყოველდღე იმაზე იმუშავებს, რაც დღეს აღნიშნულ ტერიტორიებზე ხდება. თუ რა მოწოდებებიც გვესმის, როგორ ცდილობენ სეპარატისტები გავიდნენ საერთაშორისო არენაზე და ა. შ. სამინისტრომ ამ ყველაფრის აკუმულირება უნდა მოახდინოს, საერთაშორისო საზოგადოებას მიუტანოს, გაიტანოს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. სწორედ ეს იქნება საკითხის მიმართი სისტემური მიდგომა.
ადამიანი, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს, ვალდებული იქნება არა მთავრობის, უშუალოდ პრემიერის, არამედ პარლამენტის, ხალხის წინაშე, რადგან აქ სისტემურად უნდა მივუდგეთ და წარამარა არ უნდა ვცვლიდეთ ინიციატივებს. ვიმეორებ: მთავარი ამოცანა უნდა იყოს მუშაობა იმაზე, რაც უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. გეგმების დასახვა, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობასთან მუშობა ახლაც და მომავალშიც.
სანამ ეს სისტემა არ ჩამოყალიბდება, დღევანდელი „ბარდაგი“ გვექნება.
_ ამ კონტექსტში, დევნილი მოსახლეობის ხმა რამდენად სათანადოდ ისმის?
_ არ ისმის. სიმართლე ვთქვათ, რომ ამაზე არც ეს დევნილი მოსახლეობა იღებს ხმას.
_ რატომ, მიზეზს სად ხედავთ?
_ ამაზეც პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს დევნილობის სინდრომია. ბევრ დევნილს შევხვედრივარ სხვა ქვეყნებშიც: აზერბაიჯანში, პალესტინაში…
დევნილის სინდრომი ასეთია, _- სახელმწიფოს მოქმედებების გამო მან დაკარგა საცხოვრებელი და ის ფიქრობს, რომ ამას იგივე სახელმწიფო დაუბრუნებს. ამიტომ ერთადერთი იმედის თვალით ამ სახელმწიფოს უყურებს, ვინც არ უნდა იყოს მისი მმართველი.
მაგალითად, ელემენტარულს გეტყვით: ეუბნებიან, არ მიხვიდეთ პაატა დავითაიასთან, თორემ სოციალურ დახმარებას მოგიხსნითო. დევნილს ამის სჯერა, ამის მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ მაინც სჯერა, რომ აღნიშნულ დახმარებას მოუხსნიან. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, მაგრამ ეს არის დევნილის სინდრომი, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს უყურებს და მისი იმედი აქვს.
აბა, ნახეთ, ჯერ შევარდნაძის მომხრეები იყვნენ, მერე _ სააკაშვილის, ახლა _ ივანიშვილის. ხვალ ვინმე ჩინელი იქნება თუ თემურ-ლენგი, მის მომხრეებად მოგვევლინებიან.
_ არსებულ რეალობას რა შეცვლის?
_ მხოლოდ ერთიანობა ცვლის ამ რეალობას და აქ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. გახსოვთ ძალიან კარგად, რა ხდებოდა 1989 წელს, როცა აფხაზეთში კინაღამ კონფლიქტი დაიწო, მერე იყო 9 აპრილის ტრაგედია და ა. შ. მაშინ საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარები შემოიყვანეს აფხაზეთში. მთელი საქართველო ამ დროს ერთად დადგა და ენგურის ხიდზე გამოვიდა, ხომ გახსოვთ? საბჭოთა კავშირის შინაგანმა ჯარმა ამაზე ვერაფერი გაბედა, საბჭოთა კავშირის! ამას მხოლოდ და მხოლოდ ეს შველის, _ ერთიანობა და სტრატეგიული მიდგომა და არა ის, რაც ახლა ხდება.
_ სირიაში მიმდინარე პროცესები, შესაძლო გლობალური დაპირისპირება ჩვენს პრობლემატიკაზე როგორ მოქმედებს?
_ სიმართლე გითხრათ, მიმდინარე პროცესი ძალიან მაშინებს და რატომ: ღმერთმა არ ქნას და საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში შეიძლება არა, მაგრამ მეორე შრეში აღმოვჩნდეთ; რადგან სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე, რუსეთს საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, ამ საბრძოლო მოქმედებების დროს დასჭირდება. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად სწორედ ამის მეშინია. არც დაფიქრდებიან, ისე შემოვლენ რუსეთის შეიარაღებული ძალები.
_ ამის გათვალისწინებით ჩვენმა მთავრობამ რა პოზიცია უნდა დაიკავოს?
_ ძალიან გამიჭირდება მათ პოზიციაზე საუბარი, რადგან აქამდეც სრულიად გაუგებარია, რა პოზიციაზე არიან. ელემენტარულად, სუსის წარმომადგენელი პარლამენტში გამოდის და რუსულ პროპაგანდაზე საუბრობს. მეორე დღეს სახელმწიფო სტრუქტურა „ენტევე პლუსს“ საშუალებას აძლევს, რომ საქართველოში შემოვიდეს. ამის მერე არ ვიცი, საერთოდ, რა დასკვნა უნდა გავაკეთო?! მაშინ ეს სუსი სად იყურება, თუ პარლამენტში ამაზე საუბრობს და მეორე სახელმწიფო სტრუქტურა ასეთ ნაბიჯებს დგამს?!
ამიტომ წარმოდგენაც კი არ მაქვს, ესენი როგორ მოიქცევიან.

გელა მამულაშვილი