თამაზ დოლაბერიძე: „შახტები უნდა გაჩერდეს და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს“

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს ეკონომიკური, დასაქმებისა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სრულ კრახზე. როგორც პეტრიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, შახტებსა და მაღაროებში დასაქმებული მუშები არსებული გარემოებების, კონკრეტულად კი ალტერნატიული დასაქმების ადგილების არარსებობის გამო, იძულებული ხდებიან, მუშაობა გააგრძელონ საფრთხის შემცველ გარემოში. პროფკავშირების თავმჯდომარე საქართველოს პრემიერს განმეორებით წერილს უგზავნის.

„უნდა აღინიშნოს, რომ მეშახტეების მიერ გაწეული უმძიმესი შრომა არანაირად არ შეესაბამება მათი შრომის ანაზღაურებასა და აღსანიშნავია ისიც, რომ მათთვის, როგორც მომეტებული რისკის მქონე საწარმოში დასაქმებულებისთვის, არ ფუნქციონირებს არც ერთი სახის სოციალური შეღავათი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ არაერთხელ იქნა ინიცირებული სხვადასხვა სახის ინიციატივები და ბოლო ასეთი მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო 2018 წლის 6 აპრილს, თუმცა მისგან რეაგირება ჯერ კიდევ არ ყოფილა, შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს განმეორებით უგზავნის წერილს შემდეგი საკითხებით:
ტყიბულელი მეშახტეებისა და ჭიათურელი მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად განთავისუფლება, ტყიბულელი მეშახტეებისა და ჭიათურელი მაღაროელების საპენსიო ასაკის დაწევა 55 წლამდე, რაც მათ მისცემს საშუალებას, თავად გააკეთონ სამუშაოზე დარჩენის ან პენსიაზე გასვლის არჩევანი მითითებული ასაკიდან, კომპანიის მიერ მეშახტებიის შრომის ანაზღაურების ინდექსაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2016 და 2017 წლების ინფლაციის შესაბამისად, რაც, საერთო ჯამში, შეადგენს 8,1%-ს, ტყიბულის შახტების შეჩერება და მათი სრული რეაბილიტაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით შედგენილი სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით. მთელი სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეშახტეების კომპენსირება საკუთარი ხელფასის ოდენობის თანხით, ასევე ტყიბულის სოციალური და კულტურული აქტივობების შეუფერხებლად შენარჩუნება.
საწარმო შემთხვევების შედეგად გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით _ შრომის უსაფრთხოების სადაზღვევო სისტემის შექმნა, რაშიც იგულისხმება ამგვარი შემთხვევების შედეგად დაზარალებული დასაქმებულებისა და მათი ოჯახების კომპენსირება მიღებული ტრავმის სიმძიმის შესაბამისი კლასიფიკაციით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #176 კონვენციის („შახტებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“) რატიფიცირების საკითხის დღის წესრიგში დაყენება“, _ ნათქვამია ირაკლი პეტრიაშვილის წერილში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პარალელურად იწყებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებზე ხელმოწერების შეგროვებას და მოუწოდებს როგორც ყველა დარგობრივ პროფესიულ კავშირს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, მოძრაობებსა და აქტივისტებს, რომ ხელმოწერების შეგროვების პროცესს შეუერთდნენ.
5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელს, თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრება:
_ როგორც იცით, 5 აპრილს დიდი სიმძლავრის ჰაერის ტალღა წარმოიშვა ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის პირველ უბანში, რამაც 6 ადამიანის გარდაცვალება და სამის დაშავება გამოიწვია. კომპანიის პირველადი ვერსიით (რასაც ცდილობდნენ, რომ მყარად გაეტარებინათ), თითქოს აღნიშნული ჰაერის ტალღა სამთო დარტყმამ გამოიწვია, ანუ მიწისქვეშა ბიძგებზეა საუბარი. იქვე შეფასებას აკეთებდნენ, რომ მიწისქვეშა ბიძგების პროგნოზირება შეუძლებელია და ჩვენ უძლური ვიყავით, თავიდან აგვეცილებინა ეს ტრაგედიაო.
ჩვენ თავიდანვე ეჭვი შევიტანეთ, _ როცა კვლევა დაწყებული არ არის და კაცმა არ იცის, ეს ტალღა რამ გამოიწვია, თავიდანვე ეს ვერსია რატომ უნდა ამტკიცო? შესაბამისად, კომისიაში ჩვენი ექსპერტის ჩართვა მოვითხოვეთ. პრინციპში, ეს კომისია არ შექმნილა.
დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყეს შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტებმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ და ცალკე შრომის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა.
ჩვენი, პროფკავშირების შრომის ტექნიკური ინსპექტორიც ჩავიდა შახტაში და ყველა მათგანმა თქვა, _ იმის საფუძველზე, რაც ადგილზე დავათვალიერეთ, შეუძლებელია რაიმე ერთ გამართულ ვერსიაზე საუბარიო. ისიც შეუძლებელია ამტკიცო, რომ ეს ძლიერი ჰაერის ნაკადი მიწისქვეშა ბიძგებმა გამოიწვია.
შეიძლება ვისაუბროთ მეთანის დაგროვებაზე და აალებაზე, რამაც ძლიერი ჰაერის ნაკადი წარმოშვა, ასევე ტექნოლოგიური პროცესების, ანუ ფეთქვითი სამუშაოების არასწორ ჩატარებაზე, რომელმაც შეიძლება ეს ამბავი გამოიწვიოს.
მოკლედ, შრომის დაცვის ინსპექტორები და შრომის მონიტორინგის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საბოლოო დასკვნას და ასევე შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტებს უნდა დაელოდონ. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება საუბარი რაიმე ვერსიაზე.
პროფკავშირებმა თავიდანვე მოვითხოვეთ, რომ ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდითაც დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარებულიყო. ვესაუბრე გლობალური პროფკავშირების ხელმძღვანელებს და ვთხოვე, რომ მათაც პროცესში ვინმე ექსპერტი ჩაერთოთ. პარალელურად, ვესაუბრე უკრაინის მეშახტეთა პროფკავშირის თავმჯდომარეს და ვთხოვე, რომ ჩვენთვის მოეძებნათ ამ საკითხში ორი კომპეტენტური ადამიანი, რომელსაც კვლევის კომისიაში ჩავრთავდით.
უკრაინას იმიტომ დავუკავშირდით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, _ იგივე შახტები საბჭოთა კავშირის დროს აშენდა. შესაბამისად, უკრაინისა და რუსეთის ქვანახშირის სისტემები ძალიან ჰგავს მოპოვების ქართულ სისტემას. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტები სწორედ უკრაინიდან იყვნენ. 23 აპრილს ისინი ჩამოვლენ და პარალელურ გამოძიებას აწარმოებენ.
უნდა ვიცოდეთ: ერთია, მომხდარი ფაქტის კვლევა და მეორე, პრევენციის სახით რა შეიძლება გააკეთოს კომპანიამ და ხელისუფლებამ.
_ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
_ საჭიროა, შახტები, ამ ეტაპზე, გაჩერდეს. მათი რეაბილიტაცია ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს. შახტა უნდა დაიკეტოს იმდენი ხნით, რამდენითაც საჭირო იქნება: 6 თვით, ერთი წლით თუ რამდენიც ამისთვის აუცილებელი გახდება.
პარალელურად, მეშახტეებს უნდა მიეცეთ კომპენსაცია, მთელი ამ ხნის განმავლობაში საკუთარი ხელფასის ტოლობის თანხით. თუ შახტაში არსებული პირობები ნორმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ეს მეშახტეების ბრალი არ არის და, შესაბამისად, მათი ოჯახები უზრუნველყოფის გარეშე არ უნდა დარჩნენ.
ასევე მივიჩნევთ, რომ თუკი შახტა სარეაბილიტაციო პერიოდით გაჩერდება, ტყიბულის მუნიციპალიტეტს უნდა შეუნარჩუნდეს ყველა ის ფინანსური სახსარი, რასაც კომპანიებისგან იღებს, რათა მათ მიერ განსახორციელებელი კულტურული და სოციალური აქტივობები შეუფერხებლად გაგრძელდეს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა.
ამავე დროს, ადგილზე ყველაფერი იდეალურად რომ იყოს, შახტა მაინც განეკუთვნება მომატებული რისკის საწარმოს და მეშახტეები უმძიმეს შრომას ასრულებენ. მათი ხელფასის გათვლა იმაზე, თუ არსებულ ბაზარზე ქვანახშირს რა ღირებულება აქვს, დიდი შეცდომაა. ქვანახშირი ვერასოდეს იმდენი ვერ ეღირება, რომ ამ მძიმე შრომის ტოლფასი გახდეს. ამიტომ მათთვის აუცილებელია საშეღავათო სისტემის შემოღება და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.
კერძოდ, იმას ვგულისხმობთ, რომ ისინი საშემოსავლო გადასახადისგან უნდა განთავისუფლდნენ, _ როგორც ტყიბულელი მეშახტეები, ასევე ჭიათურელი მაღაროელები. და მათთვის საპენსიო ასაკი 55 წლამდე უნდა დაიწოის. ოღონდ იმ დათქმით, რომ 55 წლის ასაკიდან მეშახტეები და მაღაროელები თავად გადაწყვეტენ, გააგრძელონ მუშაობა, თუ პენსიაში გავიდნენ.
მესამე მოთხოვნაა, რომ აუცილებელია, საწარმოო შემთხვევების სადაზღვევო სისტემა შეიქმნას. ადამიანები, რომლებიც საწარმოო შემთხვევების შედეგად დაზარალდებიან, დაშავდებიან ან გარდაიცვლებიან, ტრავმის ან სხვა შედეგის შესაბამისი კლასიფიკაციით უნდა მოხდეს მათი და მათივე ოჯახების კომპენსირება.
ვითხოვთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის რატიფიცირება სასწრაფოდ დღის წესრიგში დადგეს. ეს კონვენცია ჩვენ მიგვითითებს შატხებსა და მაღაროებზე ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ და საქართველოში დღემდე ეს კონვენცია რატიფიცირებული არ არის.
ასევე მოვითხოვთ, რომ კომპანიამ თუ სახელმწიფომ (ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს), უნდა მოახდინონ მეშახტეების ხელფასის ინდექსაცია 2016 და 2017 წელს დაფიქსირებული ინფლაციის შესაბამისად.
სწორედ ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წერილით მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ამასთან დაკავშირებით. ყველა დარგობრივ პროფკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციას, მოძრაობებს, აქტივისტურ ჯგუფებს მოვუწოდებთ ჩაერთონ ამ ხელმოწერების პროცესში, რათა ეს სწრაფად და მასშტაბურად დასრულდეს. ამაზე კარგ დახმარებას ისინი მეშახტეებს ვერ გაუწევენ.
დროა, რომ ხელისუფლებამ საქმე აკეთოს, ხალხმა ამისთვის აირჩია. ეს სწორედ ის საქმეა, რომლის აღსრულება მისი პირდაპირი მოვალეობაა.
_ ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპანიისა თუ მთავრობის მხრიდან რეაგირება როგორია?
_ 6 აპრილს პრემიერს-მინისტრს წერილი მივწერეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვითხოვთ, რომ სასწრაფოდ შედგეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა და კონკრეტულად ეს საკითხები განვიხილოთ. უახლესი დღეები გვიჩვენებს, რა რეაგირება ექნება ამაზე მთავრობას.
ილუზია არ მაქვს, როცა საკითხი საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას ან შახტების გაჩერებას და მეშახტეების ხელფასის კომპენსირებას ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მთავრობა ამ საკითხებში ძალიან შეუვალია ხოლმე. არაფრით უნდათ, რომ ბიუჯეტს რამე მოაკლდეს.
თუმცა ვფიქრობთ, რომ ტყიბულის შემთხვევები უმძიმეს რეალობაზე მეტყველებს. მანამდე, ერთი კვირის წინ, ჭიათურაში დაიღუპა კაცი, კიდევ ორი კვირის წინ _ ზესტაფონში. ამ ტრაგიზმის ფონზე, ვფიქრობთ, რომ მთავრობამ ქმედითი ღონისძიებები უნდა დაგეგმოს…
თუ ამ ფაქტებს „გავატარებთ“ იმ იმედით, რომ რამდენიმე კვირაში გლოვის სიმწვავე გადაივლის და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ ორი-სამი თვის მერე ამას იგივე შედეგები არ მოყვება. გვახსოვს 2017 წლის მაისის შემთხვევა, როდესაც 4 მეშახტე დაიღუპა და იმ ფაქტის შემდეგ 11 თვე გავიდა (ერთწლიანი ციკლიც არ დამთავრებულა) და ჩვენ 11 გარდაცვლილი გვყავს შახტაზე.
ჩემი აზრით, ასე გაგრძელება შეუძლებელია, რადგან ყოველთვის იარსებებს მსგავსი შემთხვევების საფრთხე.
_ კომპანიისგან რა გადაწყვეტილებებს ელოდებით?
_ პრინციპში, კომპანიამ თავიდანვე თქვა, რომ პრობლემა არ მაქვს, ვინც უნდა ჩავიდეს და გამოიძიოსო. ერთი ისაა, რომ კომპანია, როგორც ყოველთვის, ახლაც ირიბად მიუთითებს, რომ მე თუ რაღაც ხარჯები გამეზრდება, სერიოზული ვალდებულებები დამაწვება, მაშინ ამ ბიზნესის წარმოება აზრს კარგავს და ამ საქმიდან გავალო.
არ ვიცი, ეს რამდენად სერიოზული პოზიციაა, მაგრამ ჩვენი ულტრალიბერალური მთავრობის შანტაჟისთვის, ალბათ, საკმარისია.
მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ კომპანია ჯეროვნად მოეკიდება ამ ყველაფერს, რადგან ექვსი ადამიანის ერთად გარდაცვალება ეს უსაშინელესი ჯგუფური შემთხვევაა. მსოფლიო საწარმოო შემთხვევების პრაქტიკაში ჯგუფური შემთხვევები ბევრის მანიშნებელია. ამიტომ იმაზე კი არ უნდა ვსაუბრებდეთ, ეს საქმეები უნდა გაკეთდეს თუ არა, არამედ იმაზე, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები. როცა წელიწადი არაა გასული და 11 გარდაცვლილი გყავს ერთი და იმავე საწარმოებში, ე. ი. სერიოზული პრობლემებია, როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე ადგილზე შრომის უსაფრთხოების რისკების თვალსაზრისით.
_ შახტაში დაღუპულთა ოჯახებს სათანადო ყურადღება თუ მიაქციეს?
_ ეს ყველაზე სენსიტიური საკითხია და ამის შესახებ დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ. ჩვენ ყოველთვის გავურბივართ ხოლმე, ოჯახის წევრებს ვკითხოთ მსგავსი რამეები. რაც ვიცი და კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომ თითო ოჯახს 20 ათასი ლარით დაეხმარნენ. ვერ გეტყვით, ეს ერთჯერადად იგულისხმება, თუ მერე კიდევ სხვა დახმარება იქნება, მაგრამ, ჯერჯერობით, რაც არის, ესაა. ასევე ვიცი, რომ შვიდ აპრილს ოჯახის წევრები ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრაზე მისულები იყვნენ. კომპანიის წარმომადგენლებთან მათი საუბრის თემა ჩემთვის უცნობია.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინფორმაციით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ (ჯი აი ჯი ჯგუფი) კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ორჯერ, 2016 წელსა და 2017 წელს შეამოწმა. გამოვლენილი დარღვევებისა და გაცემული რეკომენდაციების ანალიზი აჩვენებს, რომ საწარმოში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია.
მათივე ინფორმაციით, ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ ანგარიშში ვკითხულობთ: „შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში“.
ემც-ის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინსპექტირების მასალების მიხედვით, საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში, თუმცა შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს გამართული მოწყობის/ფუნქციონირების პრობლემაა საწარმოს ყველა უბანზე.
რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2017 წელს ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტებში გამოვლენილი მძიმე დარღვევების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები; გალში (ადამიანების ასაწევი და ჩასაყვანი მოწყობილობა) არ არსებობს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებები; შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს; ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში; შახტაში მოძრავ ზოგიერთ ელმავალს არ გააჩნია მემანქანისთვის განკუთვნილი სკამი, ხოლო სამგზავრო ვაგონები არ არის მოწყობილი სტანდარტის შესაბამისად; ქვესადგურში დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი დიალექტრიკული საშუალებებით (ჩაფხუტი, ბოტი, ხელთათმანი, ხალიჩა); 400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარი და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე; შახტაში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგან, არ არის განათება, ერთ მხარეს არსებული კარი ღიაა, ხოლო მეორე მხარე კარის გარეშეა.
გარდა ამისა, შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი; მინდელის შახტაში 300 ნიშნულის აღმოსავლეთ საველე შტრეკში სავენტილაციო მილი და ელექტრო კაბელები ერთ მხარეს არის განთავსებული; ჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი); კვეშლაგში გვირაბის სიღრმიდან გამომდინარე დასაქმებულებს უწევთ მოუხერხებელ პოზაში გადაადგილება/მუშაობა; სამანქანო არსებული ელექტროფარი არ არის შეფუთული/დაკეტილი დადგენილი წესით; გადამყირავებელ უბნებზე არ არის დამონტაჟებული ასპირაციული სისტემები და სხვ.
ემც-ის ცნობით, 2016 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს კი მინდელის შახტაში დამატებით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი წყალმომარაგება და სანიტარიული პირობები, არ არიან უზრუნველყოფილი სპეციალური ტანსაცმლით და არ გააჩნიათ სააფთიაქო ყუთი. შახტაში, სამუშაო ადგილის/უბნის მიმდებარედ, დამაკავშირებელი გვირაბი (50 კვ.მ. ტერიტორია) გადავსებულია ფეკალიებით, რაც ნაწლავური ინფექციების აღმოცენებისა და გავრცელების რეალურ საფრთხეს შეიცავს. სამუშაო ადგილზე არ არის პერსონალის შესვენებისთვის აუცილებელი ფართი. ამის ნაცვლად დასაქმებულებს მოწყობილი აქვთ დროებითი მოსასვენებელი ადგილი მუყაოს ნაჭრებით. გადასაადგილებელი ვაგონები მოსაწესრიგებელია, სარელსე მეურნეობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. არ ფუნქციონირებს მუშათა ჩასხდომის სასიგნალო სისტემა. პერსონალს შეხება უწევს სხვადასხვა მჟავასთან. ტერიტორია გადატვირთულია უყურადღებოდ დატოვებული მანქანა-დანადგარებისთვის განკუთვნილი ზეთის ავზებით. შახტის შესასვლელი ტერიტორია გადატვირთულია სხვადასხვა წარმოშობის ლითონის გადანაყრით. მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა.
გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, სამუშაო გარემო მოქმედებს პერსონალზე და წარმოშობს პროფესიულ დაავადებებს. კერძოდ, საწარმოებში ინფრასტრუქტურის სიძველე ქმნის გაუსაძლის შრომით პირობებს და დაზიანებული ტექნიკის გამო დასაქმებულებს სამუშაოს შესრულება ფიზიკური ძალის გამოყენებით უწევთ. გარდა ამისა, შახტაში მოძრავი მექანიზმები არ არის უზრუნველყოფილი ეფექტიანი მტვერსაწინააღმდეგო საშუალებებით, მოსაწყობია სპეცტანსაცმლის გაუმტვერიანების სათავსი, საინჰალაციო, ფოტორიუმი და სხვ. შახტაში მომუშავე პერსონალისთვის მოუგვარებელია სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების საკითხი. მოუწესრიგებელია სასადილო ტერიტორია.
2016 წლის ინსპექტირების მასალებით ჩანს, რომ მონიტორინგის ჯგუფი გაეცნო საწარმოში არსებულ სამედიცინო ჟურნალებსა და ისტორიებს. დოკუმენტების შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ დასაქმებულთა უმეტესობას აღენიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა _ ჰიპერტენზია, დასაქმებულთა ნაწილში გვხვდება სტენოკარდიული შემთხვევებიც.
გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, დასაქმებულებს შორის განსაკუთრებით ხშირია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
რესპირატორული დაავადებები, რაც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით სამუშაო ადგილებზე, მტვრის მომატებული კონცენტრაციით და სამუშაო პირობებთან შეუსაბამო სპეცტანსაცმლითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობით; დასაქმებულებს შორის ხშირია სმენის პრობლემები, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია სმენის დამცავი (ხმაურჩამხშობი) საშუალებების არქონით და მომეტებული საწარმოო ხმაურით სამუშაო ადგილზე; ამას გარდა, ფიქსირდება დასაქმებულთა მხედველობის სხვადასხვა სახის დარღვევები, რაც, შესაძლოა, განპირობებული იყოს არასაკმარისი განათებით და მხედველობის ორგანოს ზედმეტი დაძაბვით; საწარმოო უბნებზე დასაქმებულები არ არიან აღჭურვილნი ვიბრაციის საწინააღმდეგო ხელთათმანებით, რის გამოც უვითარდებათ ვიბრაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; მძიმე სამუშაო გარემოს გამო დასაქმებულებს უწევთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება არახელსაყრელ საწარმოო გარემოში, რის გამოც გახშირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. გახშირებულია საწარმოო ტრავმატიზმი. პერსონალს შორის ხშირია ზედა და ქვედა კიდურის სხვადასხვა სიმძიმის ნასერი და ნაგლეჯი ჭრილობები, რაც გამოწვეულია უსაფრთხოების წესების დაუცველობით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობით. ხშირია უცხო სხეულით თვალის დაზიანებების შემთხვევები, რაც, მათ შორის, დამცავი სათვალის არარსებობით არის გამოწვეული. ფიქსირდება აირით მოწამვლის შემთხვევები, რის შედეგადაც დასაქმებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომი.
ემც-ის ცნობით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ე. წ. რემონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესამოწმებლად საწარმოში არ განხორციელებულა. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშებში ასახულ დარღვევებსა და რეკომენდაციებს ეფუძნება და საწარმოს მიერ მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს.

გელა მამულაშვილი