ზურაბ წერეთელი: „არ მგონია, რომ გამოცდები წლის ბოლოსთვის გადავადდეს“

თბილისის მთავარი ბიბლიოთეკების გაერთიანებაში შემავალი ბიბლიოთეკების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები 2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში თბილისის მერიამ გაავრცელა და ის, თავისთავად, ბიბლიოთეკების თანამშრომლებისთვის შესაბამისი პროფესიული გამოცდების ჩატარებას გულისხმობს. სადავო გახდა საკითხი ამ გამოცდების ჩატარება-არჩატარებისა და მისი კონკრეტული თარიღების შესახებ.

ჩატარდა სამი შეხვედრა, რასაც ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და ქ. თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას შორის კამათი მოყვა. კამათის მიზეზი გამოცდების დანიშვნა და მისი შესაბამისი თარიღი გახდა. გავრცელდა შეხვედრის ამსახველი ფარული კადრები. მონაწილეების განცხადებით, ხმამაღალი ტონის გამო რთული იყო სათქმელის ვინმესთვის გაგონება. კამათში გადასული შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ნანული ბობღიაშვილი _ ბიბლმცოდნე, ბიბლიოგრაფი, ვარკეთილში მდებარე 35-ე ბიბლიოთეკის უფროსი (ეს ბიბლიოთეკა 10 სკოლას ემსახურება, ასევე კერძო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს): „თბილისის მერის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას, სამჯერ შევხვდით. პირველი შეხვედრისას ძალიან მშვიდად და წყნარად მოვუსმინეთ. შეხვედრაზე არაფერი გაგვიპროტესტებია. პროტესტის გრძნობა იქიდან დაბრუნებისა და დაფიქრების შედეგად გაგვიჩნდა დაგეგმილი გამოცდების მიმართ. ეს გამოცდები უკანონოა! ჩვენი დირექტორი, ზურაბ წერეთელი, ჩვენს ინტერესებს არ იცავს, პირიქით, მერიის დავალებას ასრულებს. ის არ ამბობს, რომ რეორგანიზაციის ჩატარება გამოცდის გარეშეც არის შესაძლებელი. კეთილი ნება რომ იყოს, უგამოცდოდაც განხორციელდებოდა ეს პროცესი. ჩვენი ხელფასები და თანხები, რომლებიც საჭიროა ბიბლიოთეკისთვის, ბიუჯეტშია განსაზღვრული, ამიტომ გადავადდეს გამოცდები წლის ბოლოსთვის. მოვიფიქროთ, შეიქმნას სპეციალისტების, მენტორების ჯგუფი და ასე ჩატარდეს გამოცდები. ძალიან დიდი შეცდომაა, რომ გამოცდების რეფორმა დაიწყო. ჯერ უნდა აჩვენონ ერთი საცდელი ბიბლიოთეკა, რომ დანარჩენი მის შესაბამისად განვითარდეს… მაგრამ მათ არ უნდათ ძველი კადრები და სპეციალისტები. ჩვენ მკითხველებისგან მხარდაჭერას ვგრძნობთ. ვფიქრობ, რომ ეს ამბები ზუსტად არ მიდის კახი კალაძემდე. პედაგოგებისთვის საგამოცდო ცენტრი არსებობს, ჩვენთვის არ არსებობს. გამოცდის ჩასატარებლად ორგანიზებაა საჭირო. ზურაბ წერეთელი ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორად დაინიშნა. გავიდა ერთი თვე, ორი თვე და ბიბლიოთეკების უფროსები არ გაგვიცნო. პირადად მივედი მასთან გასაცნობად. ვიმეორებ: ის არ იცავს ჩვენს ინტერესებს და არ ფიქრობს ბიბლიოთეკების თანამშრომლებზე. ერთი სული აქვს, გამოცდები ჩაატაროს. ჩვენ თანახმა ვართ რეორგანიზაციაზე, ოღონდ გამოცდების გარეშე. რადგან ის მაინც უნდა ჩატარდეს, წლის ბოლოს იყოს, უკეთ რომ დაიგეგმოს და მომზადდეს. მიგვაჩნია, რომ ეს არის უკანონო გამოცდები. არ არის გარკვეული, ვინ ადგენს საგამოცდო ტესტებს და რომელი უწყება ატარებს. როგორც მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია აცხადებს, ტრენინგები ერთთვიანია, თუმცა როგორც ჩვენ გვითხრეს, თითო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მხოლოდ სამი დღე აქვთ ამ ტრენინგის გასავლელად. გვიკითხავენ წიგნს „იუნესკოს სახელმძღვანელო მითითებანი საჯარო ბიბლიოთეკაში მომსახურების განვითარების შესახებ“ და საბიბლიოთეკო კანონს. სხვა სახის მასალა ამ ტრენინგებზე ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ. კონკრეტულად რა საკითხები იქნება საგამოცდო ტესტებში, არ ვიცით. ვითხოვთ, რომ გამოცდები წლის ბოლომდე გადავადდეს, ჩამოყალიბდეს, ვინ და რა საკითხებით ატარებს მას და ამის შემდეგ გავიაროთ ეს ეტაპი. ვფიქრობთ, ასე დაჩქარებულად პროცესის წარმართვის მიზანია ჩვენი გაშვება და პარტიული ნიშნით ადამიანების დანიშვნა. გამოცდების ასე ჩატარება საზოგადოებისთვის თვალის ახვევაა. რატომ ჩქარობს მერია რეორგანიზაციას, როდესაც ბიბლიოთეკების თანამშრომლების სახელფასო საკითხი დამტკიცებულ ბიუჯეტშია ასახული, რეორგანიზაციისთვის საჭირო თანხები კი იქ არ არის? ჩვენც ვართ მომხრე, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ რეორგანიზაციის თანხები და პროცესი ასე არ დააჩქარონ“.
თბილისის მერ კახი კალაძის განცხადებით, გამოცდების გადავადებასთან დაკავშირებით ის პრობლემას ვერ ხედავს.

ლელა კვინიკაძე _ გლდანის მე-60 ბიბლიოთეკის უფროსი:
„ათეული წლებია, ვმუშაობთ და არც ერთი კვალიფიციური გადამზადების კურსი არ გვქონია, უცებ მოითხოვეს ჩვენგან გამოცდების ჩაბარება. არ არსებობს არც ერთი უნივერსიტეტი, არც პროფსასწავლებელი, რომელიც ბიბლიოთეკარებს ამზადებს. აპირებენ, მომავალ წელს რომელიღაც პროფსასწავლებელმა მოამზადოს პროგრამა ბიბლიოთეკარობის მსურველთათვის. გვაინტერესებს, სად ეჩქარებათ? არ არიან, ამ ეტაპზე, ახალგაზრდა, დიპლომირებული სპეციალისტები, რომლებმაც შეიძლება, ჩვენ ჩაგვანაცვლონ. მაშ, რატომ ჩქარობენ, ვისთვის უნდათ ეს ადგილები? თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის სისტემა არ არის წინააღმდეგი, რომ საბიბლიოთეკო სისტემა განახლდეს და გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ხორციელდება უკიდურესად არაპროფესიონალურად და არაორგანიზებულად. კერძოდ, ახალი ორგანიზაციის დაფუძნებას ახორციელებენ და ამჟამად მოქმედი სსიპ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკისა და მისი ფილიალების ლიკვიდაციას. ამავე დროს, საგამოცდო პროცესი ამჟამინდელ ბიბლიოთეკას დაავალეს, რაც სრული აბსურდია, ვინაიდან ახალი ააიპ-ისთვის რა ძალა უნდა გააჩნდეს დალიკვიდირებული სსიპ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ საკვალიფიკაციო გამოცდებს? შესაბამისად, კულტურის საქალაქო სამსახურს არ წარმოუდგენია არანაირი გაწერილი გეგმა, რა მოხდება ხვალ, ზეგ და ა. შ. გააზრებული არ აქვთ, თუ რამდენი თანამშრომელი უნდა იყოს, რამდენი მოქმედი ფილიალი და, საერთოდ, წარმოდგენა არ გააჩნიათ არაფერზე! ვინაიდან ჩვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს ვერ ვიღებთ გარდა იმისა, რომ სასწრაფო წესით უნდა ჩავაბაროთ რაღაც გამოცდები, რომლის მასალა, თავის მხრივ, პროფესიონალი და კვალიფიციური სპეციალისტების ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სერიოზულად ვეჭვობთ, რომ მერიის სხვადასხვა სამსახურიდან განთავისუფლებულებისთვის უნდათ ეს ადგილები, ამიტომაც ჩქარობენ. გვაცალონ კვალიფიციურად მომზადება წლის ბოლომდე, მით უმეტეს, მთელი წლის ბიუჯეტი ჩვენს ორგანიზაციას დამტკიცებული აქვს. ინფრასტრუქტურა უმტკივნეულოდ, მაგრამ ნელა უმჯობესდება, წიგნებს ვიძენთ და ა. შ. თუ მართლა არ სურთ ქუჩაში დარჩენილი მათი აქტივისტების აქ შემოყრა, დაგვეხმარონ იმით, რომ გავფანტოთ ეს ეჭვი. ასევე ეს ადამიანები წლის ბოლომდე ხომ არ დაიცდიან? მანამდე სადმე დაასაქმებენ და ჩვენც ვირწმუნებთ, რომ ჩვენ მიმართ ბოროტი განწყობა არ გააჩნიათ. სხვა მხრივ, ასეთი ჯიქური, გაუაზრებელი და სასწრაფო მიწოლა გამოცდების ჩატარებაზე საფუძვლიან ეჭვს ტოვებს, რომ ჩვენი ადგილებით სხვები არიან დაინტერესებული.
ყველასთვის ცნობილია, რომ კულტურის საქალაქო სამსახური ია მაქაცარიამ დააკომპლექტა და მისი წასვლის შემდეგ სრულად შენარჩუნდა არსებული კადრები. სწორედ მათ, კონკრეტულად კი მაკო ნასრაშვილმა შეიყვანა სოფიო ხუნწარია შეცდომაში და შემდგომ მერი კახი კალაძე, რომ აუცილებელია ბიბლიოთეკარების სახლში გაშვება და უმეტესი ფილიალის დახურვა, ამის საშუალებად კი გამოაცხადეს გაუგებარი არაორგანიზებული ფსევდოგამოცდები. აღნიშნული ქმედებები გამიზნულია კახი კალაძის, როგორც წარმატებული მერის, დისკრედიტაციისკენ ქალბატონი ია მაქაცარიას კადრების მიერ, რისთვისაც მშვენივრად იყენებენ სოფიო ხუნწარიას. იციან, რომ ის ძალიან პრინციპული ადამიანია და ერთხელ ნათქვამს აღარ გადათქვამს. ამის საშუალებით კი კარგად მოეხსენებათ, რომ სერიოზულ ზიანს მიაყენებენ კახი კალაძის იმიჯს, რაც მათ დაინტერესებაშია, სამწუხაროდ და არა ის, რომ საბიბლიოთეკო საქმე განვითარდეს თბილიში“.

ზურაბ წერეთელი _ ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი:
„არ მგონია, რომ გამოცდები წლის ბოლოსთვის გადავადდეს. ეს იმიტომ, რომ კულტურის პოლიტიკას არ განსაზღვრავს ბიბლიოთეკის დირექტორი. მას განსაზღვრავს ქალაქის კულტურის სამსახური. მას წლის ბოლომდე გარკვეული ქმედებები აქვს დაგეგმილი, როგორც გავიგე იმ შეხვედრებზე, რომლებსაც ასევე ესწრებოდნენ ბიბლიოთეკების თანამშრომლები. ეს საკითხი იდგა, რომ გამოცდები წლის ბოლოსთვის გადატანილიყო. ამაზე ოფიციალური პასუხი იყო, რომ წლის ბოლომდე კიდევ სხვა აქტივობებია დაგეგმილი და გადავადება არ იქნება სასურველი. გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის, მაგრამ იგეგმება მაისის ბოლოსთვის-ივნისის დასაწყისისთვის. რაც შეეხება გამოცდებს, ის ტარდება თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში. ეს არის საკვალიფიკაციო ტესტირება. მომავალი ცვლილებების ფონზე ჩემს თანამშრომლებს ტესტირებას ვუტარებ და საშუალებას ვაძლევ, რომ საკუთარი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდეთ. ჩემი აზრით, ეს ყველაზე სწორი ქმედებაა. არსებულ თანამშრომლებს რომ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდეთ, ძალიან კარგი იქნება. საუბედუროდ, ბევრმა ჩვენმა თანამშრომელმა ეს უარყოფითად მიიღო. არსებობს თბილისის მერის მოადგილის დაპირება, რომ არც ერთი კვალიფიციური კადრი არ დარჩება გარეთ. ჩემი, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორისა და ადამიანის, რომელიც თანამდებობრივად ვალდებულია, იზრუნოს თანამშრომლებზე, განცხადებაა, რომ მე ვზრუნავ, ჩემს თანამშრომლებს ჰქონდეთ დამადასტურებელი დოკუმენტი“.

ბიბლიოთეკის საინიციატივო ჯგუფმა ქ. თბილისის მერის, კახი კალაძის სახელზე, განცხადება დაწერა და მოლოდინი გამოთქვა, რომ შესაბამისი გამოცდები წლის ბოლომდე გადავადდება. განცხადების მიხედვით, ბიბლიოთეკის საინიციატივო ჯგუფი მიესალმება ბიბლიოთეკის მოდერნიზაციას, რეფორმასა და მის გათანამედროვებას. ამას გარდა, იმედი აქვთ, რომ გამართლდება კალაძის მიერ დაანონსებული განცხადება გამოცდის გადავადებასთან დაკავშირებით.
„გთხოვთ, რეფორმის დროს გაითვალისწინოთ ამ დარგის სპეციალისტების აზრი“, _ წერია განცხადებაში.

მარიამ ტიელიძე