ღირსების საქმე! _ პანკისი ხელისუფლებას ისევ აფრთხილებს

პანკისელები ისევ ხელისუფლებას მიმართავენ და მისგან გადამჭრელ მოქმედებებს ელიან. საქმე “ხადორი3”-ის მშენებლობას ეხება. პროტესტი ჰესის მშენებლობის გამო აქამდეც არსებობდა, მაგრამ მან, შესაძლოა, ახალი ძალით იფეთქოს.

ლუიზა მუთოშვილი:
_ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, მდინარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო, მოსალოდნელია ტყის გამეჩხერება, წავისა და სხვა ცხოველების პოპულაციის, ასევე წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის კალმახისა და თევზის სხვა სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება.
არ ვარ ეკოლოგი და, შესაბამისად, არ ვიცნობ ამ საკითხს კარგად, მაგრამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით დაუშვებელია „ხადორი-3 ჰესის“ მშენებლობა.

შენგელი ტოხოსაშვილი:
_ გარემოზე კი არა, ადმიანებზე იმოქმედებს, პირველ რიგში, უარყოფითად. მაგ ჰესიდან გამოსული წყალი უნდა მიეწოდოს სოფლებს დასალევად და განა ის სუფთა იქნება ბუნებრივად? როგორ შეიძლება, შუა ხეობაში ჰესი ააშენონ? გაგვანებონ თავი, მავნებელია ეს ჰესი მოსახლეობისთვის.

მელსი ბაღაკაშვილი:
_ ასევე განსაკუთრებული თხოვნით მივმართავთ თავად პანკისელებს, შეინარჩუნონ საკუთარი ღირსება და არ დაუშვან დაშინების გამო თუ პირადი სარგებლის მიღების ვიწრო ინტერესით საკუთარი ხალხის, ხეობისა და ქვეყნის ინტერესების დათმობა, დადგნენ პანკისის განვითარების, მომავალი თაობისთვის ხეობის შენარჩუნების, ეკოლოგიური და ჯანმრთელობის საფრთხეების თავიდან აცილების სადარაჯოზე.

რამზან გორგიშვილი:
_ დღეს ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივიღეთ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ ჰესს, ასევე თუ რა უზუსტობები არის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში და კიდევ ერთხელ ერთხმად შევეწინააღმდეგოთ ამ ჰესების მშენებლობასა და ბიომრავალფეროვნების უმოწყალო განადგურებას.

პანკისში კვლავ ხმაურია…

ამჯერად მხოლოდ ხეობის ახლაგზრდული ფრთა გამოდის, უხუცესები დუმან. ამბობენ, ჯერ ვფიქრობთო.
ახლაგაზრდულ ჯგუფებს უხუცესთა გულწრფელობის არ სჯერა,
აქ ახსოვთ, რომ ასაკით დიდს პატივი უნდა სცენ და ამიტომ ღია დაპირისპირებასა და განკითხვაში არ შედიან, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამჟამადაც სხვადასხვა ბანაკში აღმოჩნდა მამათა და შვილთა თაობა.
განსხვავება რაოდენობაა, _ ახლაგაზრდები ბევრნი არიან უხუცესები _ ცოტა…
საფრთხე კი „ხადორი-3 ჰესის“ მშენებლობაა.
ხეობის, ასე რომ ვთქვათ, პირვილეგირებულმა ჯგუფებმა („ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირებმა) კარდაკარ და ოჯახ-ოჯახ სიარული დაიწყეს, მამებს ურჩევენ, შვილები გააჩუმონ.
რატომ?!
ჰესი უნდა აშენდეს და მორჩა!
მიზეზი?!
ასე სურს ვიღაცას.
ამის საპირისპიროდ კი ხეობაში სხვა რამ ხდება, _ პანკისელმა ახალგაზრდებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სოფელ ბირკიანში დაგეგმილი „ხადორი-3 ჰესის“ მშენებლობა არის პანკისის მოსახლეობის სოციალური და ეკოლოგიური ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა:
„ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე ხეობის მკვიდრთ განცდა აქვთ, რომ პანკისის ხეობის ქისტებისგან დაცლის პროცესი აქტიურად ხელშეწყობილია, დაგეგმილი ჰესების კასკადების მშენებლობის შემთხვევაში კი პანკისის მოსახლეობა მართლაც იძულებული გახდება, დატოვოს ხეობა, რადგან ისედაც მძიმე ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას სერიოზული საფრთხე შეექმნება, პირველ რიგში, სასმელი წყლის დაბინძურების გამო და ალაზნის ხეობის ეკოსისტემა სრულიად შეიცვლება და განადგურდება. წყალზე წვდომის შეზღუდვა განსაკუთრებით მძიმე ტვირთად დააწვებათ ქალებს.
დღემდეც, ზოგადად, პანკისი მრავალი ტიპის გამოწვევის წინაშე იდგა, მათ შორის, მნიშვნელოვანი პრობლემაა სოციალური სიდუხჭირე და დასაქმება. ხეობის სპეციფიკიდან გამომდინარე ყველაზე პერსპექტიული დარგი პანკისის ეკონომიკური განვითარებისა არის აგრო და ეკო ტურიზმის განვითარება. მთავარი რესურსი პანკისის ეკონომიკური განვითარებისა და ახალგაზრდა თაობის დასაქმებისა არის პანკისის უნიკალური და ხელშეუხებელი ბუნება“.
საგულისხმოა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ხეობა დაიცალა, სკოლებსა და ბაღებში ბავშვთა რაოდენობა განახევრდა. პანკისი იცლება, ხეობიდან ხალხი მიდის, მიდის არა მარტო იმიტომ, რომ უჭირს, არამედ იმიტომაც, რომ უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს.
ამ ყველაფერს კი ემატება ხეობის ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებაც.
ადგილზე ჩასული ხელისუფლება ამბობს, რომ ხეობაში ტურიზმი უნდა განვითარდეს, თუმცა ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელ ტურისტებს ურჩევს, პანკისში არ ავიდნენ.
ე. ი. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაც ბლეფია.

„პანკისელი ახალგაზრდები მწვავე პროტესტს გამოვხატავთ პანკისის ხეობის ეკოლოგიური სისტემის, ბუნების ვანდალური განადგურების გეგმის წინააღმდეგ და მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი ეკოსისტემისა და მასთან დაკავშირებული ავთენტური სოციალური გარემოს რღვევა ვიწრო ბიზნესინტერესების სასარგებლოდ უსამართლო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წლების განმავლობაში ტარდება. ბუნების დაცვა ჩვენი სოციალური პროტესტია არსებული ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რომელიც წმინდად ქცეული ბიზნესინტერესებისა და სინამდვილეში ვიწრო ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტების გამდიდრების ინტერესის გამო მოიხმარს და ექსპლუატაციას უწევს ყველაფერს: ადამიანს, ბუნებას, ღირსებას, კულტურას.
ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით პანკისში ახალი ჰესის მშენებლობას და მიგვაჩნია, რომ უკვე არსებული ჰესების მუშაობაც საჭიროებს ინსპექტირებას.
პანკისის მოსახლეობის პროტესტის პარალელურად, ჰესების მშენებლობით დაინტერესებული კერძო კომპანიების წარმომადგენლობა, სუს-ის სამსახური და სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები აქტიურ სამუშაოს ეწევიან პანკისელი ავტორიტეტებისა თუ გავლენიანი პირების გადაბირებისთვის და პანკისში ჰესების მშენებლობის მხარდაჭერისთვის“.

საინიციატივო ჯგუფის წევრი მელსი ბაღაკაშვილი იმ რისკებზე საუბრობს რომელიც, ერთი შეხედვით, თვალნათლივ ჩანს:
„ხადორი-3“ პროექტის თანახმად, პანკისში ჰესების მშენებლობა სავარაუდო უარყოფით ზეგავლენას მოახდენს შემდეგ მიმართულებებზე:
1. სასმელი წყლის ხარისხი დგება მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ;
2. მდინარის წყლის დონე შემცირდება, რაც, თავის მხრივ, სასმელი და სარწყავი წყლების პრობლემას გამოიწვევს;
3. ბიოლოგიურ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა იქნება მნიშვნელოვანი, მოიჭრება ხეები, რაც გაზრდის ეროზიის საფრთხეებს;
4. მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას მოახდენს იქტიოფაუნაზე (თევზი და ფაუნა). ფაქტობრივად, თევზი საერთოდ განადგურდა;
5. მნიშვნელოვნად შეიცვლება მდინარე ალაზნის კალაპოტის მიმდებარე ბუნებრივი გარემო;
6. დაგეგმილი ჰესიდან 100 მეტრში იწყება ბაწრის ნაკრძალი, სადაც ხარობს უნიკალური უთხოვარი, ბინადრობენ ენდემური სახეობის ძუძუმწოვრები და ქვეწარმავლები, რომელთა გამრავლება მაღალი რისკის ქვეშ დგება;
7. თუ ხეობის მთავარი განვითარების პერსპექტივა არის ეკოტურიზმი, აღნიშნული ჰესების მშენებლობა პირდაპირ მაღალი რისკის ქვეშ აყენებს ამ დარგს;
8. სამომავლოდ კი ალაზნის ხელოვნურად მილებში მოქცევა და ალპურ ზონაში სამუშაოების წარმოება რა ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს და რა სირთულეებს შეუქმნის ხეობას, ნათელია. თავის მხრივ, ასევე მაღალი რისკების შემცველია ალაზნისა და ბაწრის წყლის ადიდება.
9. მოსალოდნელია ჰაბიტატების კარგვა/ფრაგმენტაცია (ეროზიის, ხეების ჭრის შედეგად და ა. შ.). ზემოქმედების ძირითადი რეცეპტორები იქნება მცირე ზომის ძუძუმწოვრები;
10. ხეების ჭრისა და მიწის სამუშაოების შედეგად შესაძლებელია მოხდეს ცალკეული სახეობების საბუდარი ადგილების მოშლა. ზემოქმედების ძირითადი რეცეპტორები შეიძლება იყოს წავი, მცირე ზომის ფრინველები და ასევე ღამურები;
11. მცენარეული საფრის განადგურება ნეგატიურ გავლენას იქონიებს ცხოველთა საკვებ ბაზასა და მათ აღწარმოებაზე;
12. სატრანსპორტო საშუალებების მომატებული გადაადგილების, ადამიანთა არსებობისა და განათების ფონის ცვლილების გამო გაიზრდება შეწუხების ფაქტორი საავტომობილო გზისა და სამშენებლო მოედნების მახლობლად მყოფი ხმელეთის ძუძუმწოვრებისთვის, ამფიბიებისთვის, ფრინველებისთვის და ხელფრთიანებისთვის. აღნიშნულმა შეიძლება პირდაპირი ზემოქმედება მოახდინოს ცხოველთა პოპულაციების არსებობაზე. მაგ.: ზემოქმედება გამრავლების (ბუდობის) ადგილებზე გამრავლების სეზონის დროს, საკვების მოპოვებისა და გამოზამთრების ადგილებზე, მიგრაციის მარშრუტებსა და მიგრაციის დროს დროებითი შესვენების ადგილებზე. ასეთი სახის ზემოქმედების მიმართ შედარებით მგრძნობიარე შეიძლება იყოს კავკასიური ციყვი და ნაკლებად ღირებული სხვადასხვა ცხოველთა სახეობები;
12. მდინარის საპროექტო მონაკვეთში წყლის დონის შემცირება გამოიწვევს ხეობისთვის დამახასიათებელი ძუძუმწოვრების, ფრინველების, ქვეწარმავლებისა და ამფიბიების ზოგიერთ სახეობაზე ზემოქმედებას (საარსებო გარემოს შეზღუდვას);
13. ექსპლუატაციის ეტაპზე წყლის დონის შეცვლით იქთიოფაუნაზე (თევზი და ფაუნა) გამოწვეული ზემოქმედება იქნება მაღალი, რის შესამცირებლადაც პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები;
14. ნიადაგის წყალში დალექვის შედეგად დაიფარება ქვები, რომლებიც მნიშვნელოვანი სუბსტრატია ლითოფილური თევზების სახეობების გამრავლებისათვის. მაღალმა ტურბულენტობამ შესაძლოა დააზიანოს თევზების ლაყუჩები. დიდი რაოდენობით ნიადაგის წყალში მოხვედრა და კალაპოტის ლამით დაფარვა უარყოფით ზემოქმედებას იქონიებს უხეხემლო სახეობებზეც; ასევე მძლავრი მანქანების (მტვირთავები, ექსკავატორები, კლდის საბურღი მანქანები) გამოყენება გამოიწვევს მნიშვნელოვან ხმაურს, რაც უარყოფითად იმოქმედებს თევზების ბუნებრივ ყოფაცხოვრებაზე; მდინარის სიახლოვეს მოქმედი ტექნიკიდან საწვავის ჟონვის შემთხვევაში შესაძლოა, წყლის ხარისხი და, შესაბამისად, თევზების საარსებო პირობები გაუარესდეს“.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მეტი პასუხისმგებლობითა და გონიერებით მოეკიდონ პანკისის ხეობისა და პანკისში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების საჭიროებებსა და ინტერესებს. არ დაუშვან მოქალაქეების დაშინება კონკრეტული ბიზნესის ინტერესების სასარგებლოდ. სახელმწიფო აპარატის მიერ საჯარო ინტერესების წინააღმდეგ ბიზნესინტერესების უპირობო მხარდაჭერა განსაკუთრებით შემაშფოთებელია.
ასევე განსაკუთრებული თხოვნით მივმართავთ თავად პანკისელებს, შეინარჩუნონ საკუთარი ღირსება და არ დაუშვან დაშინების გამო თუ პირადი სარგებლის მიღების ვიწრო ინტერესით საკუთარი ხალხის, ხეობისა და ქვეყნის ინტერესების დათმობა, დადგნენ პანკისის განვითარების, მომავალი თაობისთვის ხეობის შენარჩუნების, ეკოლოგიური და ჯანმრთელობის საფრთხეების თავიდან აცილების სადარაჯოზე.
პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს ღრმად გვჯერა, რომ დღეს პოზიციების დათმობა, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და კაპიტალისა და კერძო ბიზნესინტერესების მხარდაჭერა უტოლდება საკუთრი ხალხისა და ასევე ჩვენი ქვეყნის სამართლიანი განვითარების იდეის ღალატს, რადგან ის აცდენილია საყოველთაო სამართლიანობისა და კეთილდღეობის იდეას. ვაინახური და ისლამური ეთიკა სოციალური და საჯარო სიკეთეების ჰორიზონტალური და თანასწორი განაწილების იდეაზე დგას და ქვეყნის განვითარების ხედვაც ჩვენთვის დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებს უკავშირდება. ღრმად გვწამს და გვჯერა ქისტი ხალხის სიბრძნის, ვაჟკაცური სულისა და გონიერების. ვიცით, რომ დღეს პანკისი არ არის მარტო ამ გამოწვევის წინაშე და ქართული საზოგადოების მხარდაჭერითა და ადგილობრივი ქისტების ერთსულოვნებით შევძლებთ ყოველგვარი სირთულეების დაძლევასა და პანკისის თვითმყოფადი ეკოლოგიური და სოციალური გარემოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ქართული საზოგადოებისთვის შენარჩუნებას.
დღეს ეს ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის ბრძოლაა. ჩვენ ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ჰესების წინააღმდეგ თვითორგანიზებულ ადგილობრივ ჯგუფებსა და ჩვენს თანამოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონში“.
ღირსების საქმე! _ ასე უწოდებენ დღეს ხეობაში პროტესტს „ხადორიჰესის“ მშენებლობის შესახებ.

მაკა მოსიაშვილი