მამუკა არეშიძე: „ომი არა მხოლოდ ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ, არამედ ენერგომატარებლების დერეფნების გამოც მიმდინარეობს“

„ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები საჭირო და შესაბამისი პასუხი იყო ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე“, _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სირიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას. ჯანელიძე სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. 

„ქიმიური იარაღის გამოყენება არის მიუღებელი და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, _ ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.

შეგახსენებთ: საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრება:
_ იმისთვის, რომ შევაფასოთ, უნდა ვიცოდეთ, თუ რისთვისაა მთელი ეს დაპირისპირება. ისლამური ფუნდამენტალიზმი ომის დაწყების მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია. სინამდვილეში, პრობლემატიკის სათავე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ღრმაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ენერგომატარებლების დერეფნების თემა. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, ეს არის ყატარიდან ევროპისკენ გაზსადენის მშენებლობის სურვილი, რაც დასავლეთს ჰქონდა.
მოგეხსენებათ, ეს გაზსადენი რუსეთისთვის სერიოზული დარტყმა იყო და, აქედან გამომდინარე, ასადის ხელისუფლებამ, როგორც რუსეთის მოკავშირემ, ეს არ დაუშვა. ამის მერე დაიწყო მთელი ეს კონფლიქტი.
პრინციპში, დღეს ომი მიმდინარეობს არა მხოლოდ ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ (რომელიც ამ კონფლიქტის შემადგენელი ნაწილია), არამედ ენერგომატარებლების დერეფნების გამო და პლუს საკუთარი გავლენების გაძლიერებისთვის დასავლეთსა და რუსეთს, მისივე მოკავშირეებს შორის.
ერთი მხრივ, არის დასავლეთი, მეორე მხრივ რუსეთი და ირანი, _ თურქეთი ხან ერთ ფრონტზე თამაშობს და ხანაც _ მეორეზე. ეს ომი დაუსრულებელია, მაგრამ აქ არ მოხდება მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება. მხარეები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ეს არ მოხდეს. ის, რომ სირია, მისი ტერიტორია მუდმივად სათამაშო პოლიგონად იქცეს, ეს ასე იქნება. სამწუხაროდ, გვერდით მუდმივი კონფლიქტის კერა გვექნება.
რაც შეეხება იმას, რომ მსხვილი მოთამაშეები ერთმანეთთან კონფლიქტს მაქსიმალურად მოერიდებიან, ეს ჩანს, თუნდაც, ბოლო დაბომბვის შედეგებით, როცა ამერიკელებმა რუსები წინასწარ გააფრთხილეს, რომ სარაკეტო თავდასხმა მოხდებოდა და რუსებმა თავისი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, პრაქტიკულად, არ გამოიყენეს. რაც უნდა იწერებოდეს პრესაში და განცხადებები ისმოდეს (რთულია ამ ამბავში ბოლომდე რეალობის დადგენა), მაგრამ თუ სიტყვაზე დამიჯერებთ, ეს ასე მოხდა.
ამით მხარეები კულუარულად ერთმანეთში გარიგდნენ და პირდაპირ კონფრონტაციაში არ შევიდნენ. რუსეთის ხელისუფლებამ სირიელები კიდევ ერთხელ გაყიდა. ოღონდ, რასაკვირველია, ამ გაყიდვასაც თავისი ფასი აქვს. ანუ გაყიდეს არა ბოლომდე, არამედ კონკრეტული, ლოკალური შეტაკების ფორმატში იმისთვის, რომ დასავლეთს სახე შენარჩუნებოდა.
ხან რუსეთი უნარჩუნებს დასავლეთს სახეს და ხანაც დასავლეთი _ რუსეთს, ეს არის მთელი ამ კონფლიქტის დეკორაცია, ფსიქოლოგიური ფონი.
_ პროცესები როგორ შეიძლება გაგრძელდეს?
_ რაც შეეხება სირიას, როგორც აღვნიშნე, ეს გაუთავებლად გაგრძელდება. იქ ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მყარად მოიკიდოს ფეხი და ყველას თავისი გავლენების ზონა აქვს. ცალკე ირანს, ცალკე აშშ-ს, საფრანგეთს კიდევ ცალკე, რადგან, მოგეხსენებათ, საფრანგეთს იქ ყოფნის, ერთგვარი, ტრადიცია აქვს. სირია ადრე საფრანგეთის კოლონია იყო დიდი ხნის განმავლობაში. ბრიტანეთს თავისი ინტერესები აქვს და არაბებს ხომ თავისი და თავისი. ამიტომ ყველა შეეცდება, რაც შეიძლება დიდი ზონა დაიკავოს.
ამათ პლუს ისრაელი, რომელმაც ბოლოს ალეპოში ირანული ბაზა დაბომბა. მთელი ამ ფართომასშტაბიანი კონფრონტაციის ფონზე ისრაელი ცდილობს, რომ თავისი საქმე გააკეთოს. ეს კი დაუსრულებლად გაგრძელდება.
აქ კიდევ სხვა რამესთან გვაქვს საქმე: სირიასთან მიმართებით ალიანსები იქმნება და მერე იშლება. ქურთული ფაქტორის არსებობა თურქეთს რუსეთ-ირანის ალიანსისკენ უბიძგებს. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი ამართლებს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ასადის რეჟიმზე თავდასხმას, მაინც უფრო რუსეთ-ირანის ალიანსისკენ მიუწევს გული, რადგან იცის, რომ აშშ ქურთებზე დაყრდნობით ცდილობს, რეგიონში ფეხი მოიკიდოს. ქურთების გაძლიერება კი თურქებისთვის მიუღებელია.
ახლა დაიწყება ბრძოლა ამ ტრიუმვირატის დასაშლელად, რასაც ჰქვია ირანი, თურქეთი და რუსეთი. ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ ტრიუმვირატის ფარგლებში ხანგრძლივი მეგობრობა არ შედგეს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი, თურქეთი და რუსეთი ერთმანეთის ისტორიული მტრები არიან, გარკვეული თემატიკის გარშემო ისინი გაერთიანდნენ. ახლა ამერიკელები ამის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებენ.
ჰოდა, ამ ბრძოლის კონტექსტში, გამორიცხული არ არის, რომ ყარაბაღის კონფლიქტი განახლდეს. განახლდეს, თუნდაც, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, ყარაბაღის კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ირანი, თურქეთი და რუსეთი, რბილად რომ ვთქვათ, ერთად ვერ მოძოვენ, რადგან კონფლიქტის სხვადასხვა მონაწილეებს უჭერენ მხარს: რუსეთი _ სომხეთს, თურქეთი _ აზერბაიჯანს და ირანიც _ სომხეთს.
ამ მიმართულებით მუშაობა რომ მიდის, ეს შეიძლება ქართული საზოგადოების ყურადღებას გამორჩა, მაგრამ ეს ასეა. მიმდინარეობს ძალიან სერიოზული მუშაობა და ამ მხრივ დასავლეთი ხშირ შემთხვევაში თავის გავლენას ისრაელის მეშვეობით აძლიერებს. დღეს ისრაელის სამხედრო სპეციალისტები ფართოდ არიან აზერბაიჯანში წარმოდგენილნი.
12 მაისს ბაქოში ძალიან დიდი მიტინგი იგეგმება ყარაბაღის დაბრუნების მოთხოვნით. ბაქოში ასეთი ტიპის მიტინგები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებართვის გარეშე არ იმართება. თან ეს მიტინგი ასეულ ათასობით ადამიანის მონაწილეობით გაიმართება. ერთადერთი მოთხოვნაა, _ ყარაბაღის დაბრუნება.
არ არის გამორიცხული, რომ ამ მიტინგის პათოსი და იმ საზოგადოების მოთხოვნები, რომელიც იქ შეიკრიბება, ალიევმა კონფლიქტის განახლებისთვის გამოიყენოს. როგორც ჩანს, ამისთვის მუშაობა მიმდინარეობს. ეს არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი აუცილებლად განახლდება, მაგრამ ამის ალბათობა მაღალია.
ამ სიტუაციაში ჩვენ მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდებით. ამ ვითარებაში რუსეთი აუცილებლად მოითხოვს ჩვენს ტერიტორიაზე მისი სამხედროების გატარებას.
_ ქართულმა მხარემ რა პოზიციები უნდა დაიკავოს?
_ ქართულმა მხარემ თავისი სტრატეგიული მიმართულება არ უნდა შეცვალოს, მაგრამ ის არ უნდა მოხდეს, რაც 90-იანი წლების დასაწყისიდან ხდება, როდესაც საქართველო მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ დარტყმას საკუთარ თავზე იღებს.
მე კარგად მახსოვს, აქ ბალტიისპირელები როგორ ჩამოდიოდნენ და როგორ სწავლობდნენ ქართული არაფორმალური გაერთიანებების გამოცდილებას რუსეთთან, იმპერიასთან ბრძოლაში. შემდეგ ისინი აღნიშნული გამოცდილების ტრანსფორმირებას ახდენდნენ და ისე იყენებდნენ, რომ იქ სისხლი არ იღვრებოდა. ბალტიისპირეთმა ძალიან მკვეთრი და სერიოზული ნაბიჯები ისე გადადგა, რომ, პრაქტიკულად, იქ სერიოზული კონფრონტაცია არ ყოფილა. ბალტიისპირული არაფორმალური მოძრაობების ლიდერები მაშინ სწორედ ჩვენგან სწავლობდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი.
მოკლედ, საქართველო ერთგვარი ლაბორატორია იყო ანტირუსული, ანტიიმპერიული ქმედებებისა. დღეს, ამდენი წლის შემდეგ, მაინც ჭკუა უნდა ვისწავლოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ სტრატეგიულ ხაზს არ გადავუხვიოთ, მაგრამ ქმედებებში ძალიან კორექტულები და ზომიერები ვიყოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
თუმცა აქვე მესმის ტექნიკური შეკითხვა, _ თუ ყარაბაღის კონფლიქტი განახლდა და რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე ჯარების გატარება მოინდომა, აქ კორექტულობა და ზომიერება არ გვიშველისო. საჭიროა ამ სიტუაციისთვის მზად ვიყოთ იმ თვალსაზრისით, რომ ამას მაქსიმალურად წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობით.
_ მთავრობაში თუ ხედავთ მსგავსი მზადყოფნის ნიშნებს?
_ ვერ ვიტყვი, რომ ეს მზადყოფნა მკვეთრად ჩანს. უბრალოდ, იმედს ვიტოვებ და მინდა, რომ ასეთი მზადყოფნა იყოს.
სხვათა შორის, ობიექტურობისთვის მინდა გითხრათ, _ მაგალითისთვის, 2008 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილმა თავისივე მთავრობის წევრებს როგორ თავზე დაამხო ყველაფერი, რომლებიც მას აფხაზეთზე შეტევას ურჩევდნენ. მაშინ ხომ აფხაზეთი იყო შეტევის მთავარი საგანი და არა ცხინვალის რეგიონი. მან თავზე დაამხო ზუსტად იმ არგუმენტებით, რაზედაც ახლა გესაუბრებით, რომ ამას შეიძლებოდა სავალალო შედეგები მოეტანა. ეს ყველაფერი 2008 წლის მაისში ხდებოდა.
სამწუხაროდ, მერე მისი მიდგომები შეიცვალა, როდესაც დარწმუნებული ვიყავი 2008 წლის მაისის შემდგომ თვეებში, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ამ მოუფიქრებელ ნაბიჯს არ გადადგამდა. იცით ამ პროცესის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, არასოდეს მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მე ვამბობ, რომ სააკაშვილის მთავრობამ კონკრეტული ბრძოლა დაიწყო, ხოლო ომი რუსეთმა დაიწყო. მან კონკრეტული ბრძოლა დაიწყო, რამაც საბაბი მისცა რუსებს იმ ქმედებებისთვის, რაც შემდეგ მოხდა. საერთოდ, მიმაჩნია, სააკაშვილმა იცოდა რა, რომ ხაფანგი დაუგეს, მაინც გაყო თავი ამ ხაფანგში.
პარალელი რატომ გავავლე: მაშინაც არ მეგონა, რომ ხელისუფლება ასეთ გაუაზრებელ ნაბიჯზე წავიდოდა. ახლაც იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება მომზადებულია ასეთი გზით მოვლენების შესაძლო განვითარებისთვის. არ მაქვს ხელისუფლებასთან პირდაპირი ურთიერთობა და, აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, საბოლოო ჯამში, მზად არის თუ არა. იმედს ვიტოვებ, რომ არის.
_ მიხეილ სააკაშვილის ბოლო ხმაურიან განცხადებებს როგორ შეაფასებთ? ქართული საბანკო სექტორი მიწასთან გაასწორა და ა. შ.
_ თუ საბანკო სექტორთან დაკავშირებით ეს ყველაფერი რეალობასთან ახლოსაა, ამ სექტორის ტრანსფორმაცია რბილად უნდა მოხდეს, რათა ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტი თავზე არ დაგვემხოს. ამ შემთხვევაში ჩემთვის ეს მიდგომა სავსებით მისაღებია. საბანკო სექტორში ყველაფერი ისე რომ არ არის, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას შეეფერება, ესეც ფაქტია. თავისთავად, ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი, გამართული ინსტიტუტია, მაგრამ ეს, ხშირ შემთხვევაში, არის არა სახელმწიფოსთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. თუმცა ამავე სახელმწიფოს სავიზიტო ბარათად გამოდგება, _ ინვესტორები იმიტომ შემოდიან, რომ იციან, საბანკო სექტორი ღონიერი და სანდოა.
მეორე მხრივ, ეს საბანკო სექტორი ვერ უზრუნველყოფს საქართველოში სოციალური ფონის გაუმჯობესებას. ამიტომ ამ ძვრებს, რომელიც შეიძლება მთავრობამაც გადადგას, მივესალმები. ოღონდ ეს ძვრები ორიენტირებული არ უნდა იყოს საბანკო სექტორის შესუსტებასა და დანგრევაზე. სწორად ორიენტირებაზე, კი ბატონო.
_ რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას წელსვე ხელისუფლების მთლიანად შეცვლასა და ქვეყანაში მის დაბრუნებაზე?
_ ეს ამბავი რეალურად არ გამოიყურება, რაც მისი გუნდის წევრებმაც ძალიან კარგად იციან. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს, პრაქტიკულად, არ გააჩნია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალი ალბათობით დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ ჩამოვა. ისეთ სიტუაციაში, როდესაც მას შანსი არ აქვს, რომ სათანადო ფორმაში იყოს, თავს არასოდეს ჩაიგდებს. ფორმაში იმას ვგულისხმობ, რომ მას ხელები ნაწილობრივ მაინც თავისუფალი უნდა ჰქონდეს. საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში (სადაც ის ძიების ობიექტია), იცის, რომ საზღვარზევე დაიჭერენ. და საზღვარზე დაჭერილი სააკაშვილი უკვე არ არის ის კაცი, რომელსაც შეეძლება სიტუაცია მართოს და ის ფუნქცია შეასრულოს, რომელიც საკუთარ თავს მიანიჭა.
ასევე იცის, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ის მიუღებელია.
_ მმართველ კოალიციაში გარკვეული დაპირისპირებებია, საით მიდის „ქართული ოცნების“ შიგნით პროცესები?
_ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში „ოცნების“ წარმომადგენლები ამ სიტუაციას ფუთავენ, სინამდვილეში შუბი ხალთაში არ დაიმალება. ჯერ ერთი, ბევრნი არიან და მეორეც _ ყველას ძალიან უყვარს ლაპარაკი და იქიდან ამბავი გამოდის. კარგად ჩანს, რომ სერიოზული დაპირისპირებაა ძველებსა და ახლებს შორის და ამ დაპირისპირებას ძალიან ცუდი შედეგი მოაქვს.
მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი დროზე უნდა ჩაერიოს ამ სიტუაციაში და თან ძალიან მკვეთრად უნდა ჩაერიოს. ამით ყველას თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს. აღარაა საჭირო საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი სიტუაციის მართვაში არ მონაწილეობდა, რადგან „ოცნების“ ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა მასთან არის აფილირებული.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ივანიშვილი თვითონ უნდა ჩაებას საპრეზიდენტო მარათონში. და, საერთოდ, ამ ამბავს უნდა მიეხედოს, რადგან ეს კონტპროდუქტიული სიტუაციაა. დღეს გეოპოლიტიკური ვითარებაც უაღრესად მწვავეა და ამ დროს ჩვენი საპარლამენტო დეპუტაციის წარმომადგენლები ერთმანეთთან ქიშპობენ.
_ თქვენ იცნობთ ივანიშვილს, რამდენად რეალურია ფორმალურ ძალაუფლებაში მისი დაბრუნება?
_ ვიცნობ-მეთქი ცოტა რთული სათქმელია, რადგან 2014 წლის შემდეგ ივანიშვილი საერთოდ არ მინახავს. ამიტომ ეს პირობითი ცნებაა, შეიძლება მისი მიდგომები შეიცვალა, მაგრამ იმაზე ვსაუბრობ, თუ რა სჭირდება მდგომარეობის გაჯანსაღებას. ბიძინა ივანიშვილის მოსვლით ბევრად უფრო გაძლიერდება სახელისუფლებო ვერტიკალი, რადგან ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ჩინოვნიკებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. ნაწილს გადაწყვეტილების მიღება საერთოდ არ უნდა, მაგრამ არის ნაწილი, რომელსაც უჭირს. ეს იმიტომ ხდება, რომ დღევანდელი ხელისუფლება გარკვეული ჯგუფებისგან შედგება. და თუ ხელისუფლება მონოლითური, ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული არ იქნება, მაშინ საქმე არ გამოვა.
ხელისუფლების მონოლითად ქცევა შეუძლია ერთ ადამიანს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ის ხელისუფლებაში იქნება.

გელა მამულაშვილი