რას ვერ იყოფენ „ქართულ ოცნებაში“ და რატომ გადაირივნენ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშზე?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი _ გივი კუბლაშვილი:
_ „ქართული ოცნება“ სრული ისტერიკითა და გაწიწმატებით შეხვდა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მათი ასეთი რეაქცია?
_ გაუგებარია, რატომ უკვირს ამ ხელისუფლებას „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში? მართლა გაუგებარია, რა ნახეს ამ ანგარიშში გასაკვირი? „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში ობიექტურად აისახა ის, რაც ხდება ქვეყანაში და ნათლად გამოჩნდა ის, თუ როგორ უყურებს ამ ხელისუფლების საქმიანობას დასავლეთი. ახლახან ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდები, შვედური საერთაშორისო ორგანიზაცია „იარლ ჰალმარსონის“ ფონდის მიერ ორგანიზებული პროგრამით წასული ვიყავით ევროპაში, ბრიუსელში შეხვედრები გვქონდა დასავლელ პარტნიორებთან, დიპლომატებთან, ევროპარლამენტარებთან, ევროპის სახალხო პარტიაშიც, ყველა გადასარევადაა ინფორმირებული საქართველოს შესახებ, ყველა ხედავს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზით კი არა, ოლიგარქიული განვითარების გზით მიდის. ეს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს თავისი ქმედებების ისე შეფუთვასა და მიწოდებას დასავლეთისთვის, თითქოს აქ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ყვავის, მაგრამ ევროპა მშვენივრად ხედავს, როგორ ცდილობს ეს ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის ჩახშობას. რომ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, ამას მოახერხებდნენ კიდეც _ მეტიც, მოხერხებულიც ჰქონდათ. დასავლელი პარტნიორები ხედავენ იმასაც, როგორ ცდილობდა ეს ხელისუფლება „ტვ პირველის“ ხელში ჩაგდებას. რომ არა ჟურნალისტებისა და ამ არხის მესვეურთა აქტიურობა, დარწმუნებული ვარ, მოახერხებდნენ კიდეც. ხედავენ იმას, რომ „იმედი“, „მაესტრო“, „ჯიდიესი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანად ივანიშვილის ხელშია და მისი ინტერესების გამხმოვანებელია. ხშირად ეს არხები, უბრალოდ, მიკერძოებულად კი არა, საერთოდ არ აშუქებენ, აიგნორებენ იმ პრობლემებსა და მოვლენებს, რომელსაც აშუქებს „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და რომლის წამოწევაც არ აწყობს ამ ხელისუფლებას. დასავლელი პარტნიორები გადასარევად ხედავენ, რაც ხდება აქ, ხედავენ როგორ ექცევა ეს ხელისუფლება მედიას, ოპოზიციურ პარტიებს, საერთოდ საზოგადოებას, მერე დგანან და უკვირთ ის შეფასებები, რასაც აკეთებს „ფროდომ ჰაუსი“ ან სხვა ავტრორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები. ახლა ის განცხადებები, რომ ისინი ვინმემ მოისყიდა, უბრალოდ, სასაცილოა.
_ სასაცილო ეძახეთ და ისინი ამას სერიოზულად განიხილავენ და მათ მხარდამჭერებს სჯერათ კიდეც.
_ ესენი იმის მტკიცებას ცდილობენ, რომ არაჩვეულებრივ ხელისუფლებას წარმოადგენენ, ჰგონიათ, თვითონ რომ ამას ილაპარაკებენ, საქართველოს მთელ მოსახლეობასაც დააჯერებენ. შესაბამისად, როგორც კი ვინმე მათ აკრიტიკებს, ხვდებიან, რომ მათ ტყუილებს საფრთხე ემუქრება და სრულ ისტერიკაში ვარდებიან, იწყებენ იმის მტკიცებას, რომ ეს კრიტიკა ობიექტური კი არაა, ანგარებითია, რომ ეს მართლაც ასე კი არაა, არამედ ვიღაცამ ფული გადაუხადა და ასე იმიტომ დაწერეს…
_ გასაგებია, რომ ეს ტექსტები ქვეყნის შიგნით მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ამ დასკვნების დაწერაში რომ ფულია გადახდილი, ვის აჯერებენ, მხოლოდ მოსახლეობას თუ ბიძინა ივანიშვილსაც?
_ მოსახლეობასაც და ცხადია, ბიძინა ივანიშვილსაც. მათ აქვთ ამოცანა, ბიძინა დააჯერონ, რომ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ბიძინას ასეთი „წვრილმანებისთვის“ არ სცხელა, კაცს ამხელა ხეები აქვს გადასატანი, ოქრო აქვს მოსაპოვებელი, ამხელა მიწებს ყიდულობს ლარად და სად სცალია ახლა ქვეყნის განვითარებასა და საქართველოს მოსახლეობაზე საფიქრალად? ამისთვის მას არც სცალია და არც აინტერესებს, მაგრამ როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი კრიტიკული განცხადებები კეთდება „ქართული ოცნების“ მისამართით, მას ცხადია, კითხვები უჩნდება და პასუხსაც ითხოვს. მან კარგად იცის, რომ მის წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს ამგვარი შეფასებები. მან ზუსტად იცის, რომ ხელისუფლების სადავეებიდან ჩამოცილება ავტომატურად ნიშნავს იმ ყველაფრის დაკარგვას, რითაც იგი დღესაა დაკავებული. ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების თავზე ნელ-ნელა გროვდება შავი ღრუბლები, ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების ეს დასკვნებიც. საქართველოს მოსახლეობას ნაცარს აყრიან თვალებში, რაც გასდით კიდეც ხშირად გარკვეულ ეტაპამდე, მაგრამ არ გასდით და ვერც გაუვათ ავტორიტეტულ, ძლიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა იგივე „ფრიოდომ ჰაუსი“, რომელიც ინფორმაციას ერთი მხრიდან კი არ იღებს, ყველა მხრიდან იღებს და ამუშავებს.
_ რაც დაიწერა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში, ეს გასაგებია და ცნობილია, საინტერესოა, რას ამბობენ დასავლელი პარტნიორები უშუალო შეხვედრების დროს, რა დამოკიდებულება აქვთ ამ ხელისუფლების მიმართ?
_ მოგეხსენებათ, ევროპელები, მით უფრო დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში გაწონასწორებულობით გამოირჩევიან და მაქსიმალურად მოზომილები არიან საუბარში, განცხადებებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, არავინ მალავს და არავინ ერიდება იმაზე საუბარს, საქართველოში რომ აშკარად პრობლემები გვაქვს. არც ერთი ევროპელი დიპლომატი და პოლიტიკოსი „ობიექტივის“ ლექსიკით არ დაიწყებს ამ ხელისუფლების ლანძღვას, მაგრამ მთელი მათი განცხადებები, რომ ქვეყანაში საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ უფრო მივუახლოვდეთ დემოკრატიულ ქვეყნებს, დასავლურ ცივილიზაციას, უკვე მიმანიშნებელია იმაზე, რომ ქვეყანა არა აქეთ, არამედ რაღაც სხვა მიმართულებით მიდის. რეალურად, ქვეყნის განვითარება არ მიდის იმ გზით, რა გზითაც უნდა მიდიოდეს. გარდა ამისა, როდესაც კონკრეტულ კითხვას სვამ, პასუხსაც კონკრეტულს იღებ. მაგალითად, ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთ-ერთი დასავლელი პარტნიორი საუბრობდა იმაზე, რომ მათ მოსწონთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები. როდესაც ჩავეძიე, კონკრეტულად რომელი რეფორმა მოგწონთ, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში გატარდა-მეთქი, ამაზე უკვე პასუხი აღარ ჰქონდა… როდესაც ვკითხე, რამდენად მოსწონთ კორუფციის მიმართულებით რა მდგომარეობაცაა ქვეყანაში, მითხრეს, რომ მანდ გარკვეული პრობლემები გვაქვს. ანალოგიურად, როდესაც ვკითხე, რამდენად მოსწონთ კრიმინალის მხრივ რა მდგომარეობაცაა ქვეყანაში, ასევე მითხრეს, რომ მაგ მხრივ ქვეყანას გარკვეული პრობლემები აქვს, ანალოგიური პასუხი მივიღე, როდესაც ვკითხეთ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. მოკლედ, კონკრეტულ კითხვას სვამ, პასუხიც უკვე კონკრეტულია და არა ზოგადი, რასაც ისინი მიმართავენ ზოგადი საუბრისას. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ პრობლემები გვაქვს იგივე რუსეთთან, ევროპასთან ურთიერთობებში. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ გვჭირდება მეტი განვითარება, მეტი განათლება, რომ მეტი ახალგაზრდა უნდა წავიდეს ევროპაში განათლების მისაღებად, რომ მეტ ახალგაზრდას უნდა მიეცეს საშუალება, უშუალოდ ნახოს როგორ ცხოვრობს, ვითარდება დემოკრატიული ქვეყანა, ნახოს რეალურად რა არის ევროპული ღირებულებები, დარწმუნდეს, რომ ევროპა არავის არ სთხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას, არ ეხება და არავის ართმევს კულტურას. არაფერს უცხოს და ჩვენთვის მიუღებელს არ გვეუბნებოდნენ, ჩვენც ვიცით, რომ ევროპული განათლება და დემოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ამ ხელისუფლების წყალობით საქართველოს ოკუპაციაზე საუბარი საერთოდ მინელებულია ევროპაში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის და ყველა შეხვედრაზე ვცდილობდით გვესაუბრა ოკუპაციაზე, იმაზე რომ საქართველოში სერიოზულად მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები, მოძლიერებულია რუსული პროპაგანდა. სხვათა შორის, რაზედაც ჩვენ იქ, დასავლელ პარტნიორებთან ვსაუბრობდით, ჩამოვედით და აქ, სუსის მიერ წარმოდგენილ ანგარიშშიც იგივე დაგვხვდა. ცხადია, მათ არ დაუკონკრეტებიათ რუსეთის სპეცსამსახურები, მათ თქვეს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან შემოსულები ძალიან დიდი რაოდენობით, რომ პროპაგანდაზე სერიოზული დაფინანსება იხარჯება. საქართველოში რომ რუსული პროპაგანდა გაძლიერებულია, ამაზე დასავლელი პარტნიორებიც ღიად საუბრობენ.
_ რაიმე კონკრეტული რჩევა, რეკომენდაცია თუ იყო, რა უნდა მოიმოქმედოს სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკურმა წრეებმა მომძლავრებული რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ?
_ მათი რჩევის არსი ის გახლავთ, რომ რუსული პროპაგანდის მანქანების მიერ აგორებულ თითოეულ დეზინფორმაციას უნდა დავუპირისპირდეთ ფაქტებით. უნდა მოხდეს ფაქტების გასაჯაროება, ფაქტებით გაქარწყლება მათ მიერ გავრცელებული სიცრუის. მაგალითად, რომელიღაც ფეისბუქ გვერდმა და საინფორმაციო პორტალმაც ინტერნეტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში ეკლესიას ანგრევენ, რომ აი, ესაა ევროპა, ევროპული დემოკრატია, რომ რწმენას ებრძვიან და ა. შ. ამ დეზინფორმაციას შემდეგ გაეცა დოკუმენტურად დადასტურებული პასუხი: როგორც გაირკვა, ეს ეკლესია იყო ავარიული, საფრთხეს უქმნიდა მრევლსაც, მოძღვარსაც, მისი დანგრევა იყო გარდაუვალი და ამიტომაც განხორციელდა მისი დემონტაჟი.
_ ანუ მათი რეკომენდაცია ისაა, რომ უტყუარი ფაქტების გასაჯაროებით, პასუხის გაცემით უნდა მოხდეს რუსული პროპაგანდის მიერ გავცელებული დეზინფორმაციის, შეთითხნილი მითების გაქარწყლება. ე. ი. რუსული პროპაგანდა რომ იტყვის, ზებრა „კლეჩატიაო“, ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ „კლეჩატი“ კი არა, ზოლებიანია.
_ დიახ და ასევე, უნდა მოხდეს რაც შეიძლება მეტი ორგანიზაციის ხელშეწყობა, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას ევროპის, დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების შესახებ. უნდა მოხდეს განათლების რეფორმა, განათლების გაძლიერება ქვეყანაში, ახალგაზრდების გაგზავნა ევროპულ სასწავლებლებში. ასევე, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ რუსული პროპაგანდის მანქანები გაქრეს ქვეყანაში, შეზღუდვები დაუწესდეთ იმ ორგანიზაციებს, რომელიც სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული.
_ ხელისუფლება რანაირად იზრუნებს რუსული პროპაგანდის მანქანების გაქრობაზე, როდესაც ხშირ შემთხვევაში თავად მართავს ან აფინანსებს ამ მანქანებს?
_ საერთოდ, თამაშგარე მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მიმართულებით მოძრაობენ და ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნე მოგობარია, რომ თურმე რუსეთი კი არ გვიხოცავს ახალგაზრდებს, ამას, თურმე, ჩვენ ვაიძულებთ მას. ვაიძულებთ იმით, რომ გვინდა ნატოში გაწევრიანება, დასავლური ცივილიზაცია, ქვეყნის განვითარება. ასეთი პოლიტიკური ძალები საერთოდ უნდა გაქრნენ, მაგრამ ეს ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია და ამას ჩვენ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს, ამაზე ჩვენ ნაცვლად უარს ვერავინ იტყვის. ჩვენ უნდა ვთქვათ ასეთ პოლიტიკურ ძალებზეც და ასეთ ხელისუფლებაზეც უარი. ამას ჩვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს.
_ რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთ შეხვედრაზე საქართველოს ელჩიც იყო მიწვეული, მაგრამ იგი არ მოვიდა, რა მოხდა?
_ დიახ, ბრიუსელში, სახალხო პარტიაში გვქონდა შეხვედრა და ამ შეხვედრაზე სახალხო პარტიას მოწვეული ჰყავდა საქართველოს ელჩი ნატოში, ალექსანდრე მაისურაძე. ამ შეხვედრაზე უნდა განხილულიყო მთელი რიგი საკითხები. სამწუხაროდ, არც ელჩი მობრძანდა, არც მისი წარმომადგენელი. ელჩის ამ სრულიად უპასუხისმგებლო ქცევამ მასპინძლების გულისწყრომა გამოიწვია. უპასუხისმგებლოს იმიტომ ვუწოდებ, რომ ეს შეხვედრა წინა დღით არ დაგეგმილა, რამდენიმე კვირით ადრე იყო დაგეგმილი, საქართველოს წარმომადგენლობამ კი შეხვედრამდე 20 წუთით ადრე განაცხადა, რომ ვერ მოვიდოდა, რადგან ელჩს სხვა უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა. გასაგებია, ელჩს შესაძლოა, მართლაც გამოუჩნდეს მოულოდნელად სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე, მაგრამ წარმომადგენლობაში მხოლოდ ელჩია? სხვა არავინაა? მათ შეეძლოთ გამოეშვათ ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც პასუხს გასცემდა გარკვეულ კითხვებს.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოვიდნენ შეხვედრაზე?
_ მათ თავი აარიდეს ჩვენს მწვავე და მათთვის უხერხულ კითხვებს. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მათ ევროპელების, EPP-ის ხელმძღვანელების თანდასწრებით მოუწევდათ და პრობლემა ასე გადაჭრეს _ საერთოდ არ მოვიდნენ…
_ დაპირისპირებაა უმრავლესობაში, როგორ ფიქრობთ, რეალურად რა პროცესი მიდის?
_ რეალურად მათი დაპირისპირების მიზეზი სულ სხვაა, მათ უკვე დაიწყეს ბრძოლა ადგილისთვის ნავში, გასაქცევ ნავში. იმ ნავში ჯდომა, რომელიც აუცილებლად ჩაიძირება, არავის უნდა და მათ იმედი აქვთ, ვინც ბიძინასთან უფრო ახლოს იქნება, ის მოხვდება გასაქცევ ნავში _ ბიძინას ნავში და გადარჩება. დამერწმუნეთ, ბიძინა არავის გადაარჩენს, იმ ნავში მხოლოდ თვითონ იჯდება თავისი ოჯახის წევრებთან ერთად. არავის ამათ იმ ნავში არ ჩაისვამს, ეს ყველა მისთვის მარიონეტია და როცა დასჭირდება, მაშინ გასწირავს, რომელიც დასჭირდება, იმას გასწირავს. ასე რომ, ტყუილად ცდილობენ იმ ნავში ადგილის მოპოვებას. ერთმანეთის დაჭმას ჯობია, ხალხზე იზრუნონ და ერთი კაცის ინტერესებს ნუ გადააყოლებენ მთელი ქვეყნის ინტერესებს. ნუ შეუწყობენ ბიძინა ივანიშვილს ხელს ქვეყნის განადგურებაში. თუ მართლა გული შესტკივათ საქართველოზე, იმოქმედონ ისე, როგორც საქართველოს სჭირდება და არა ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილს, „გაზპრომსა“ და რუსეთის ხელისუფლებას სჭირდება.

რეზო შატაკიშვილი