ვინ კლავდა პატრიარქს?

„ციანიდის საქმე“ დიდ ხანს დარჩება არათუ ლაქად, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული იერარქებისა და, რა თქმა უნდა, საერო ხელისუფლების დანაშაულად. რამდენიც არ უნდა მოიკატუნოს თავი საერო ხელისუფლებამ და რა გზავნილებიც არ უნდა გამოუშვას საპატრიარქომ სამზეოზე „დაახლოებული“ საერო პირების მეშვეობით, რაც დრო გადის, უფრო ნათელი და გასაგები ხდება, რომ „ციანიდის საქმე“ და არა დეკანოზ მამალაძის, რომელიც ინსპირატორთა ხელში ბრმა იარაღი აღმოჩნდა, მართლაც ისახავდა მიზნად საეკლესიო გადატრიალებას. გადატრიალებას შორსმიმავალი გეგმებითა და ზრახვებით. რა თქმა უნდა, გადატრიალება გავლენას მოახდენდა საერო ცხოვრებაზეც.

დიახ, გეგმა იყო ნათელი და მარტივი _ ახალი პატრიარქი!
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გერმანიაში გამგზავრებას წინ უძღოდა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი _ მან საპატრიარქოს დატოვება მოსთხოვა დეკანოზ მამალაძეს, დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილსა და მდივან-რეფერატ შორენა თეთრუაშვილს.
ამ ფაქტიდან მეორე დღეს პატრიარქს ეახლნენ მეუფე გერასიმე და ქორეპისკოპოსი თეოდორე. მათი ორსაათიანი ბჭობის შედეგად შორენა თეთრუაშვილმა ჩალაგებული ბარგი ამოალაგა, ასევე ადგილებზე დარჩნენ დეკანოზი გიორგი მამალაძე და დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი.
გერასიმესა და თეოდორეს ქცევამ ცალკეული მღვდელმთავრების განაწყენება გამოიწვია. როგორც ინფორმირებული წყარო აცხადებს, განსაკუთრებით გაგულისდნენ მეუფე აბრამი, მეუფე გრიგოლი, მეუფე პეტრე. ალავერდელს ვიწრო წრეში თეოდორე ჭუაძისთვის მოღალატე უწოდებია, ანალოგიურად მოქცეულა მეუფე პეტრეც, რომელსაც სამების საკურთხეველში, ყველა მღვდელმთავრის თანდასწრებით, საქმის ჩამწყობებისთვის დედა ეკლესიის მტრები უძახია. „ადრესატებისგან არანაირი პასუხი არ ყოფილა“, _ უამბობს „ქრონიკა+“-ს წმინდა სინოდის წევრი, რომელიც, ამ ეტაპზე, ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს.
ახლა მოვლენების სხვა ქრონოლოგიაც გავიხსენოთ: პატრიარქი ცუდად ხდება, კონსილიუმი გადაწყვეტილებას იღებს გერმანიაში მის გამგზავრებასთან დაკავშირებით. პარალელურად, მეუფეთა ერთი ჯგუფის მიერ მომზადებულია წინადადება სინოდის უფლებების გაზრდისა და საპატრიარქოს ადმინისტრაციაში ცლკეული პირების უფლებების შეკვეცის, ზოგიერთის საერთოდ გაშვების შესახებ, მაგრამ შორენა აცხადებს, რომ საქმეებზე საუბრისა და მსჯელობის „დრო ახლა არ არის“.
„ამ პროცესში მონაწილობას თავი აარიდა მეუფე დიმიტრიმ, რაც დღევანდელი გადასახედიდან და შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან ცოტა გაუგებარიც იყო, რადგან მისი ჩართვა პროცესში პატრიარქისთვის იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ საუბარი იყო სასიკეთო ძვრებზე“, _ აცხადებს მაღალი სასულიერო იერარქი.
შემდეგ პატრიარქი გერმანიაში მიჰყავთ. მეუფეებსა და მღვდელმსახურებს შორის, ჯერ კიდევ, თბილისში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრიარქის გადარჩენის შანსი არის 70/30-ზე. ეს მოლოდინი გერმანიაში კიდევ უფრო მყარდება.
„დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა, რომ ექიმები და პერსონალი სრულებითაც არ იყვნენ დაძაბული და არანაირ მოსალოდნელ ფატალურ შედეგზე არც ერთხელ არ მომხდარა აპელირება. მხოლოდ იმაზე იყო მინიშნებები, რომ შესაძლოა, რეაბილიტაციის პროცესს სტანდარტულზე მეტი დრო დასჭირვებოდა“, _ გვეუბნება წმინდა სონოდის წევრი.
სინოდი, ლამის, მთელი შემადგენლობით იმყოფება გერმანიაში, მაგრამ, ამის მიუხედავად, ცალკეული მეუფეები საქართველოში დარჩენილი ზოგიერთი ღვთისმსახურის გერმანიაში ჩასვლას მოითხოვენ.
და, აი, აქ არის „ციანიდის საქმის“ კვანძის გახსნა _ დავიჯეროთ ორივე ვერსიის: ა) პატრიარქის მოწამვლას ცდილობდა მამალაძე _ „პატრიარქი შორენა“ რომ „ბალვანკაა“ ამ საქმეში, ეს ყველასთვის ცხადია; ბ) მამალაძე გამოიყენეს და საქმე შეთითხნილია.
მაგრამ რეალობა ხომ ის არის, რომ ორივე შემთხვევაში „საქმეს“ ჰყავდა დამგეგმავი _ ადამიანი ან ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც „ციანიდის საქმისგან“ სარგებელი უნდა ენახათ?
ახლა კი ყურადღება: იმის მიუხედავად, რომ პატრიარქი და სინოდის წევრების უმეტრესობა გერმანიაში იმყოფება, საპატრიარქო, ანუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ორგანო, არსად წასულა. შენობა და ადმინისტრაციის თანამშრომლების უმეტესობა ადგილზეა და საპატრიარქო საქმიანობას განაგრძობს.
საპატრიარქო განაგრძობს საქმიანობას ქორესპისკოპოსის _ მეუფე შიოს ხელმძღვანელობით, ხოლო ორი ქორეპისკოპოსი _ მეუფე იაკობი და მეუფე თეოდორე _ გერმანიაში იმყოფება.
მაგრამ დააკვირდით, რა ხდება: საპატრიარქოს თბილისში არ აქვს ცალკეული საქმეების იურიდიულად და სამართლებრივად წარმართვის საშუალება, რადგან საპატრიარქოს მთავარი მრგვალი ბეჭედი მეუფე შიოსთან, ანუ საპატრიარქოში კი არ არის, არამედ გერმანიაშია.
ახლა მოვლენებს მართებულად შევხედოთ და დავსვათ კითხვაც, _ რატომ? რატომ წაიღეს ბეჭედი გერმანიაში და ვინ წაიღო? ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
ამ კითხვებზე მართალი პასუხი გახსნის „ციანდის საქმის“ პანდორას ყუთს და სამზეოზე გამოიტანს იმ პროცესებს, რაც დაიგეგმა _ გნებავთ, სახელისუფლებიო ვერსიით და გნებავთ, მამალაძის პროვოცირებით.
ეს არ არის უმნიშვნელო ან/და ადმინისტრაციული საკითხი. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებების მიმღები პირები დიახაც, რომ ვარაუდობდნენ პატრიარქის საოპერაციო მაგიდაზე დარჩენას. დიახაც, რომ მათ სჭირდებოდათ ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ძალები, არც მეტი _ არც ნაკლები, მეუფე დიმიტრის ხელმძღვანელობით (თუმცა მეუფე დიმიტრისთან არსებობს უამრავი კითხვა, რომელიც, რატომღაც, ამ დრომდე არ დასმულა და არც არავინ სვამს). რა თქმა უნდა, სწორედ რომ გერმანიაში, პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, გაიხსნებოდა „დალუქული კონვერტი“ _ ანდერძი, რომელშიც დასახელებული იქნებოდა პერსონა _ მეუფე, რომელსაც სამომავლოდ პატრიარქის ადგილი უნდა დაეკავებინა. გამორიცხულია, რომ ანდერძს იქვე დაწერდნენ და მას არანაირი კავშირი არ ექნებოდა პატრიარქის სურვილთან? განა, არ არის ეს კითხვა ლეგიტიმური იმ პირობებში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით „ციანიდის საქმის“ ირგვლივ?
ამიტომ „ციანიდის საქმის“ კვანძი ნადვილად აქ გაიხსნება, მოუჭირონ ხელი ადამიანს, ვინც მიიღო გადაწყვეტილება საპატრიარქოს ბეჭდის გერმანიაში წაღებასთან დაკავშირებით და სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, პროკურატურა, თუ ის მართლა არ არის საპატრიაქოს „ბნელი ძალების“ მოკავშირე, შეძლებს, მეტ-ნაკლებად, ღირსეულად გამოვიდეს ამ საქმიდან. სხვა თუ არაფერი, ხომ ცხადია, რომ ბეჭდის წაღების გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფს პატრიარქის საქართველოში ცოცხლად დაბრუნება არანაირად არ სურდა?!!
ისე, რატომ არ გამოიკითხნენ საფუძვლიანად გერმანიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები, რომლებსაც ბევრი რამის თქმა შეუძლიათ „ციანიდის საქმის“ კონტექსტში?
ახლა არც ღირს იმაზე საუბარი, თუკი ამდენად ამორალურად მოქცა მეუფე თეოდორე (ბოდიშს ვიხდი, თუ მეშლება) ან სხვა პერსონა, რომელმაც ოპერაციაზე შესვლამდე პატრიარქს მოახსენა, რომ დეკანოზი მამალაძე დაკავებული იყო და დაკავების მიზეზად მისი მოკვდინების მცდელობა დაუსახელა. მის უწმინდესობას ასევე ღიად უთხრეს, რომ პროცესებში ჩართული იყო სოსო ოხანაშვილი, რაც იმთავითვე ნიშნავდა იმას, რომ პატრიარქის სიკვდილი მეუფე დიმიტრისაც უნდოდა.
რატომ არ წავიდა გამოძიება ამ მიმართულებით და რატომ ჩაითვალა ბეჭდის გერმანიაში წაღება უნიშვნელო დეტალად ამ სკანდალურ საქმეში? _ აბსოლუტურად გაუგებარია. ახლა ორ ბეჭედზე ნუ დაიწყებს ნურავინ საუბარს, _ ერთი აქ იყო და მეორე _ იქო. რა უფლებით იყო იქ? პრეზიდენტის სასახლე ან მთავრობის ადმინისტრაცია ასე დააქვთ ვიზიტებისას უცხოეთში? შენობებს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ნურც იმას იტყვის ვინმე, რომ ბეჭედი თბილისში იყო. თუ რატომ ნუ იტყვის ამას, ტვინი დაატანონ და მიხვდებიან.
ცხადია, რომ პოროკურატურა და, ზოგადად, ხელისუფლება ამ თამაშში სწორედ რომ ეკლესიამ ჩაითრია და ამით იგი დანაშაულის თანამონაწილედ აქცია.
შესაბამისად, ვერსიას იმის შესახებ, რომ სწორედ ბეჭდის წამღები ჯგუფის მიერ იყო პროვოცირებული „ციანდის საქმე“, აქვს არსებობის უფლება და პროკურატურა ვალდებულია, თუნდაც, ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელახლა დაიწყოს გამოძიება, რადგან ჰოპოთეტურად თუ დავუშვებთ, სწორედ ამ ადამიანებმა მოკლეს(!) საქართველოს კათალკოს-პატრიარქი და ის, რომ მისი უწმინდესობა ცოცხალია და მხნედ არის, სრულებითაც არ ცვლის მოქმედი პირების მიზანს და ბეჭდის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის არსს.
იქნებ, პროკურატურასთან ერთად დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა და, მათ შორის, ბატონმა ნიკა გვარამიამაც მიაპყროს ამ ფაქტს ყურადღება, რადგან აქ ბევრი რამის გარკვევა გახდება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, ვარაუდების დონეზე, ამ ფაქტის კიდევ უფრო გაშლა, მაგრამ, ამჯერად, საკითხის დასმის შემდეგ მისი გააზრების შანსი საზოგადოებას უნდა მიეცეს, ხოლო ვერსიის დადასტურებაზე ან უარყოფაზე კომპეტენტურმა ორგანოებმა და პირებმა უნდა იმუშაონ.

კოკა წერეთელი