კახი კალაძე პრეზიდენტობისთვის ემზადება?

დაპირისპირებამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შიგნით კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. სიტუაცია თითქმის უმართავია. უმრავლესობაში უკვე საჯარო განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდებიან და, ფაქტობრივად ერთმანეთს კამერების წინ აშანტაჟებენ.

დაპირისპირებული მხარეები უმრავლესობის ფორმატში შეკრებას ვერც ახერხებენ. „ოცნების“ კულუარებში ძველი სახეები პარტიის ყრილობის მოწვევას, თავმჯდომარის გადაყენებასა და ახალი პოლიტსაბჭოს მოწვევას გეგმავენ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობა ორ რადიკალურ ბანაკადაა გაყოფილი. ძველები პრემიერ კვირიკაშვილის მხარდამჭერები არიან, ახლები კი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად თბილისის არჩეული მერის, კახი კალაძის გუნდია. კალაძეს, ბოლო დროს, საპრეზიდენტო ამბიციები გაუჩნდა. მერიაში შესვლის შემდეგ იმდენ ყოველდღიურ პრობლემას წააწყდა, კარგად ხვდება, რომ, მაქსიმუმ, ორი წლის თავზე სატრაბახო არაფერი ექნება და იმ რეიტინგს და მომხიბვლელობასაც დაკარგავს, რაც მას ამ დროისთვის შემორჩა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ კალაძე პრეზიდენტის სავარძელს უმიზნებს. ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კახი კალაძის მამა პრეზიდენტ სააკაშვილის ფანი გახლდათ და თვეში ერთხელ მაინც სააკაშვილის რეზიდენციაში კალაძის მიერ პერსონალურად პრეზიდენტისთვის გამოგზავნილი მაისურები მიჰქონდა, ნიკალაევიჩს (მისი ფრაზებია) საგანგებოდ მოიკითხავდა და მაისურებს ტოვებდა. მოგვიანებით, კალაძეს საპრეზიდენტო ამბიციები გაუჩნდა და მაშინდელ მთავარ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, თურმე, კარგა ხანს ეგონა, რომ კალაძეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა უნდოდა.
მოგვიანებით, კალაძემ სააკაშვილს ზურაბ ნოღაიდელის ბიზნესპარტნიორობა არჩია და ასე გაიყარა მისი გზები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მართალია, პრეზიდენტი ვერა, მაგრამ ენერგეტიკის მინისტრი კი გახდა, საკმაოდ სერიოზული კაპიტალიც დააგროვა და თბილისის მერის საარჩევნო კამპანია, ძირითადად, საკუთარი სახსრებით დააფინანსა.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ კალაძე პრეზიდენტობის ამბიციით ბიძინა ივანიშვილსაც მისდგომია, _ გადავდგები და პრეზიდენტის პოსტზეც ჩემივე ფულით ვიყრი კენჭსო. ივანიშვილს მხრები აუჩეჩავს, _ შენი საქმისა შენ იცი, მე კარგა ხანია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ ვერევიო. როგორც ამ შეხვედრიდან გაირკვა, კალაძე „ოცნების“ გუნდიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დაყენებას ივანიშვილის სახელით ვეღარ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა გარდაუვალია და მას „გუნდის“ შიგნით თანამოაზრეების შეკრება თავად მოუწევს.
მეორე მხრივ, პრეზიდენტობის ამბიცია მოქმედ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსაც აქვს. ის პარლამენტში კეთილების გინებამდე ამ პოსტზე, თითქმის, უალტერნატივო კანდიდატურა იყო, მაგრამ პოზიციების დათმობა მაინც მოუწია. მეტიც: მას მთავრობის შიგნით სერიოზული პრობლემები აქვს. მთავრობის შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას შეყვანა, არა მხოლოდ სერიოზული დისკომფორტია, არამედ ორივე მათგანი მომავალ პრემიერობის კანდიდატთა სიაშია, მესამე საკადრო ცვლილება კი გიორგი კვირიკაშვილისთვის ფინანსური საყრდენის გამოცლა იყო, რადგან ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავრობაში მისი მთავარი საყრდენი გახლდათ. ალავიძესთან ერთად თანამდებობა დატოვა გზების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი სეთურიძემ. ჩვენი წყროს ინფორმაციით, გზების დეპარტამენტში სერიოზული კორუფცია იყო და ამ კორუფციის კვალი უჩა მამაცაშვილამდე და სოსო გოგაშვილამდე მიდიოდა. დღეის მდგომარეობით, გოგაშვილის ყველა კადრმა თანამდებობა უკვე დატოვა, გზების დეპარტამენტში კი სერიოზული ფინანსური სკანდალი მწიფდება.
ოფიციალური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, საპარტნიორო ფონდს უკვე ჩამოშორდა, მაგრამ არანაკლები პრობლემები აქვს მას თავად ყოფილ პრემიერთან. ჩვენი წყარო ამბობს, რომ უჩა მამაცაშვილს ვადა მაისის შუა რიცხვებამდე მისცეს. მას საკმაოდ ბევრი ფინანსური დარღვევა აღმოუჩინეს და, ფაქტობრივად, მისი „გაკულაკების“ პროცესი დაწყებულია (ამ თემას „ქრონიკა+“ უახლოეს მომავალში საგანგებოდ დაუბრუნდება). რაც შეეხება სოსო გოგაშვილს, სამსახურს არა მხოლოდ ის, არამედ მისი უშუალო უფროსი ვახტანგ გომელაურიც ეძებს. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ გოგაშვილი საქართველოში ყველა უწყებაში უარით გამოისტუმრეს, ამიტომ ის ქვეყნიდან წასვლაზე და რომელიმე საელჩოში მუშაობის დაწყებაზე ფიქრობს. ერთი მხრივ, რომ დიპლომატიური იმუნიტეტი ჰქონდეს და მეორეც, იმ სკანდალებს გაერიდოს, რაც მის ირგვლივ ტრიალებს. გოგაშვილს განსაკუთრებით ჩატაევის ლიკვიდაციისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო ჩეჩნების შურისძიების ეშინია.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის უმრავლესობა სწორედ სუსის მიერაა შედგენილი. გოგაშვილის ხელისბიჭია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე დიტო სამხარაძე, რომელიც, პარალელურად, რეგიონებსაც კურირებს.
სუსში დაწყებული გაურკვევლობისა და საკადრო ცვლილებების მოლოდინმა უმრავლესობა დაშლის პირას მიიყვანა. მამაცაშვილი და გოგაშვილი პოლიტიკურ პროცესებს საბოლოოდ ჩამოაშორეს, ამიტომაც უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებიც დირექტივებს სწორედ გოგაშვილის გავლით უჩა მამაცაშვილისგან იღებდნენ, პატრონი აღარ ჰყავთ, უპატრონოდ დარჩენილ უმრავლესობაში კი სრულიად უკონტროლო პროცესები განვითარდა.
ის, რომ საჯარო დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დამტკიცების გამო დაიწყო, ამ ვერსიის არც გედი ფოფხაძეს სჯერა, კაკაბაძე მხოლოდ საბაბი იყო, მიზეზები კი ბევრად უფრო შორსმიმავალია. გედი ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მარჯვენა ხელია, იმდენად „პაბეგუშკაა“, რომ ეკა ბესელიას სასამართლო პროცესს „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ პირადად ესწრებოდა ხოლმე. ხოლო გახმაურებულ „კოკაინის სკანდალში“ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი, რომელიც მის სიჩუმეს უზრუნველყოფდა, გედი ფოფხაძის მარჯვენა ხელი მირიან ნიკოლაძე გახლდათ. ბოლო დროს, ბესელიას გავლენები, თითქმის, გაუნულდა, _ ვეღარც შეწყალების საქმეებზე აკეთებს უფასო ფულს და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში აწყობს ძველებურად საქმეებს, შესაბამისად, გედეონ ფოფხაძეს ბორჯომის რაიონში გავლენები მოუსპეს, მისი ძმა ვიცე-მერის პოსტზე არ დანიშნეს და მისი პირადი პროტეჟეებიც ჩამოაშორეს თანამდებობებს. გედეონი საბაბს კარგა ხანია, ეძებდა და იპოვა კიდეც განტევების ვაცი ნინია კაკაბაძის სახით. „ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, გედი ფოფხაძის განცხადება უმრავლესობის დატოვების შესახებ ეკა ბესელიასთან წინასწარ იყო შეთანხმებული. ბესელია ფიქრობდა, რომ სიტუაციას უმრავლესობის ახალ სახეებთან სავაჭროდ გამოიყენებდა, ამიტომაც განაცხადა საჯაროდ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ მისი დაფუძნებულიცაა და თავად არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ, როგორც ჩანს, უმრავლესობაში გედი ფოფხაძის ერთი ხმა დიდად არავის აღელვებს და არც ეკა ბესელიასთან ვაჭრობას აპირებს ვინმე. ფოფხაძეს ბესელიასთან ერთად „ქართული ოცნების“ ძველი და უავტორიტეტო წევრები იცავენ, პრემიერმა კვრიკაშვილმა კი მას ცალყბა შეთავაზება გაუკეთა, _ მოხარული ვიქნები, თუ უმრავლესობაში დაბრუნდებაო. დიდი გარიგება არ შედგა, ამიტომაც ფოფხაძე უმრავლესობიდან წასვლაზე ოფიციალური განცხადების დაწერას არ ფიქრობს, ხოლო უმრავლესობის შეკრება, რომელმაც ეს საკითხი გუნდის შიგნით უნდა განიხილოს, რამდენჯერმე გადაიდო.
ჯერჯერობით, კვირიკაშვილისა და კობახიძის დაპირისპირებული გუნდები ერთმანეთს ფრთხილად ზვერავენ. ამ დაზვერვაში დეპუტატმა ჭიჭინაძემ წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა, _ პრემიერის პოსტზე კვირიკაშვილის კანდიდატურა შეუცვლელია, გახარია მას კონკურენციას ვერ გაუწევსო, _ განაცხადა კიდეც საჯაროდ. ჭიჭინაძის განცხადებამ კვირიკაშვილი ფრიად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და თავის მართლებაც მოუხდა, _ დეპუტატები ჩემს სახელს უაპელაციოდ ნუ ახსენებენო.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ეს მხოლოდ საჩვენებელი რევერანსებია, რეალურად კი გუნდში საქმე ბევრად უფრო ცუდადაა, ვიდრე ეს გარედან ჩანს.
სუსი, ფაქტობრივად, კვირიკაშვილის გავლენიდან გასულია და კალაძის გარემოცვაში ეძებს თავშესაფარს, გოგაშვილი კომპრომატებით უკვე ღიად იმუქრება და რამდენიმე პრეცედენტი უკვე არსებობს, რომ მასალები „ოცნების“ „ვერხუშკაზე“ და ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვაზე გოგაშვილის ხაზით გადაეცა მედიას. მეორე მხრივ, კვირიკაშვილის გარემოცვა კალაძისა და მისი გუნდის შესახებ კომპრომატებს აგროვებს, რაც, საბოლოოდ, ისევ მედიაში მოხვდება, მაგრამ „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ორივე მხარეს საერთო ინტერესებიც აქვს _ შს და ფინანსთა მინისტრების, გიორგი გახარიასა და მამუკა ბახტაძის წინააღმდეგ მასალების პრესაში გამოქვეყნება, ჯერჯერობით, უჭირთ, რადგან ბახტაძე-გახარიაზე კომპრომატები თითქმის არ გააჩნიათ, თორემ მედიის პარალელურად აპრობირებულ მეთოდებსაც გამოიყენებდნენ, კომპრომატების ნაწილს ეკა ბესელიას მეშვეობით ოპოზიციასაც მიაწვდიდნენ.
ამ დიდი დაპირისპირების ფონზე, მაშინ, როცა ორივე მხარეს, რეალურად, ბიძინა ივანიშვილზე აქვს სწორება და სწორედ მისგან ელოდება საბოლოო სიტყვას, ექსპრემიერი უცნაურად ნეიტრალურ სიტუაციაში, დამკვირვებლის პოზიციაშია და, პრინციპში, არსად ეჩქარება.
აპრილის ნახევარი უკვე გავიდა, „ქართულ ოცნებაში“ კი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობენ, უფრო ზუსტად, კანდიდატის შერჩევაც კი პრობლემაა, ასეთივე პრობლემა უდგას ოპოზიციასაც, _ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მიერ დაანონსებული დიდი ოპოზიციური გაერთიანება ვერ შედგა, არაოფიციალური ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებზე ცალკე კანდიდატით გამოვა და ის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. საერთო კანდიდატზე ფიქრობს არასაპარლამენტო ოპოზიცია, მათ ჯერ კიდევ იმედი ჰქონდათ, რომ გაერთიანება მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ირგვლივ მოხდებოდა, მაგრამ პრეზიდენტი ბოლო თვეებია, პატიმართა შეწყალების რამდენიმე სერიოზულ სკანდალში გაეხვია. როგორც გაირკვა, მის მიერ შეწყალებულმა პირმა ირაკლი ქორიძემ ხელახლა ჩაიდინა ნარკოდანაშაული და ის საქართველოში 900 აბი სუბუტექსის შემოტანაშია ბრალდებული, ხოლო გასულ კვირას ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ასევე მარგველაშვილის მიერაა შეწყალებული. ამიტომ ის არასაპარლამენტო ერთობისთვის მომხიბვლელი კანდიდატურა სულაც არ არის. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ეს ოპოზიციური ერთობა პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე პირს, ანი დოლიძეს შესთავაზებს. რამდენად დათანხმდება ანი დოლიძე შეთავაზებას, ჯერჯერობით, უცნობია.
ამ დიდი აურზაურისა და დაპირისპირების ფონზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას და ხელისუფლების შეცვლას აანონსებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რევოლუციური ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად უნდა მოხდეს და სიტუაცია საქართველოში უკვე მომწიფებულია, ბოლო განცხადებაში მან ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საბანკო სექტორი დაასახელა და ბანკების მონოპოლიის დასრულებასა და საკრედიტო ვალდებულებების ორი წლით გადავადებას დაჰპირდა ამომრჩეველს.
როგორც ჩანს, გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზადება გაზაფხულიდან დაიწყება. სწორედ ამ დროს ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნებია, თბილისის ყოფილი მერი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა იყრის კენჭს. მისი კონკურენტი იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და „ქართული ხმების“ მომღერალი გივი ჭიჭინაძეა. შუალედურ არჩევნებში ევროპული საქართველო მეორე ოპოზიციურ ძალად დაფიქსირდება და ამასვე ეცდება საპარლამენტო არჩევნების დროს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე გიგი წერეთელი იქნება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი სწორედ ამ დალაგებული პოლიტსქემის არევას შეეცდება. მის ლექსიკონში ბოლო დროს გაჩნდა ფრაზები მოსყიდული და გარიგებული ოპოზიცია.
ყველა შემთხვევაში წინ საინტერესო გაზაფხული და არანაკლებ საინტერესო შემოდგომა გველოდება.

ელისო კილაძე