ხელნაკეთი თოჯინები ერთ სივრცეში

ერთი შეხედვით, დღესდღეობით, ბევრი ხელნაკეთი ნამუშევარი იქმნება. იქმნება განსხვავებული, ქმნიან განსხვავებულები და ქმნიან განსხვავებული საზოგადოებისთვის. ეწყობა გამოფენებიც, გაყიდვებიც და შესაბამისი მასტერკლასებიც, თუმცა გამოფენების სიხშირით მეთოჯინეები ვერ დაიკვეხნიან. ამის მიუხედავად, ხელნაკეთი თოჯინებისა და მათი შემქმნელების შესახებ, ერთ დღეს, ბევრად უფრო მეტმა შეიტყო. 21 მარტი „მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეა“.

ამ დღესთან დაკავშირებით, „თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თოჯინების თეატრმა“, დამსწრე საზოგადოებას, ქართველი მეთოჯინეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა შესთავაზა. შესაბამისი ღონისძების ფარგლებში პროფესიული დღე 30-მდე მეთოჯინემ აღნიშნა და დამთვალიერებელს საკუთარი ექსპოზიციები შესთავაზა.

ქეთი გოგიძე (დამთვალიერებელი):
_ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რაც მე ხელნაკეთი თოჯინების გამოფენას დავესწარი. ამის მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები საკმარისი სიხშირით ეწყობა. უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ხელით ქმნიან ყველაფერს. ქმნიან სილამაზეს, ხარისხს და ქმნიან ერთადერთს სამყაროში. ამ გამოფენა-გაყიდვას რაც შეეხება, ძალიან გამეხარდა, რომ „თოჯინების საერთაშორისო დღე“ ასეთი განსაკუთრებული ორგანიზებით დაიგეგმა. დამთვალიერებლების რაოდენობა ნორმალური იყო. ბევრმა არც იცის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ საოცარ ხელნაკეთ თოჯინებს ქმნიან, თუმცა ბევრს ამ ნამუშევრებში თანხის გადახდა „ენანება“. ეს იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ძვირფასი ნივთების ქონის კულტურა დაბალ დონეზეა, სამწუხაროდ. თითოეულ თოჯინაში, ჯერ მხოლოდ, იდეის მოფიქრებიდან დაწყებული, იმდენი ემოცია, პოზიტივი და სიყვარული იგრძნობა, რომ მართლა შეუძლებელია, საზოგადოების კეთილგანწყობა არ დაიმსახუროს. ამ ეტაპზე, ხელნაკეთი თოჯინა, სამწუხაროდ, არც მე მაქვს. ერთი ასეთი თოჯინის ქონაც უკვე უდიდესი ყოველდღიური სტიმული იქნება ჩემთვის. მინდა, რომ დაუფასდეთ მეთოჯინეებს ამდენი შრომა, მონდომება, წვალება… ყოველი ახალი გამოფენის შემდეგ უამრავი ადამიანი შეემატება იმათ რიცხვს, რომლებიც ხელნაკეთი ნივთების გულშემატკივრები არიან. ამიტომ არის საჭირო მსგავსი ღონისძიებების ხშირი გამართვა“.

მაკო გნოლიძე (მეთოჯინე):
„დღევანდელი დღე იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს გახლავთ მეთოჯინეების საერთაშორისო დღე. აქ წარმოდგენილია ათობით მეთოჯინის ნამუშევარი, აბსოლუტურად სხვადასხვა ხელწერით, სხვადასხვა ტიპაჟი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა დასათვალიერებლად. ჩემი ნამუშევრებიდან შვიდია გამოფენილი, მათ შორის, მატადორი, შოტლანდიელი კაცი, კახელი ბაბუა და კიდევ რამდენიმე პატარა თოჯინა. მინდოდა, თოჯინები დამთვალიერებლებს იმიტომ ენახათ, რომ მეთოჯინეს სჭირდება, ისინი ვიღაცამ ნახოს. ახალი თვალით დანახულიდან ახალი კრიტიკა და ახალი შეფასებები წამოვა, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას _ ნაკლებად. გახსნას ბევრი დამთვალიერებელი დაესწრო. ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მაღალი დონის მეთოჯინეები ჰყავს და ისინი ხალხმა უნდა ნახოს და დატკბეს. კარგი იქნება, თუ ხალხი ნახავს, დაგვაფასებს და დაგვიფასებს თოჯინებს. ჩვენც მადლობელი ვიქნებით ამისთვის, თვითონაც ისიამოვნებენ და დადებითი ემოციებით დაიტვირთებიან“.

გიორგი აბესაძე (დამთვალიერებელი):
„მიუხედავად იმისა, რომ გამოფენებისა და მსგავსი ღონისძიებების დიდი გულშემატკივარი არ ვარ, თოჯინების გამოფენით იქიდან გამომდინარე დავინტერესდი, რომ ამ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ მქონია. ვიფიქრე, რაღაც ახალი, კარგი ხდებოდა და გადავწყვიტე, ნამუშევრები „შემეფასებინა“. სულ რამდენიმე წუთით ვესტუმრე თეატრს. აქ წარმოდგენილ ყველა თოჯინას მართლაც ეტყობა შემქმნელის ინდივიდუალურობა. თითოეულ მაგიდაზე მოთავსებული ნამუშევრები აბსოლუტურად ერთმანეთთანაა დაკავშირებული და, ამავდროულად, განსხვავდება სხვა მეთოჯინის ექსპონატებისგან. სამწუხაროდ, თოჯინა არ შემიძენია. უფრო მეტად, ეს ჩემი პირველი ნაბიჯი იყო თოჯინების სამყაროში. ყველა მეთოჯინეს მინდა, წარმატება ვუსურვო ამ ფერად სფეროში, საზოგადოებას კი უფრო დიდი ინტერესი ჰქონდეს, ზოგადად, ყველაფერი ხელნაკეთის მიმართ გამომდინარე იქედან, რომ, ამ შემთხვევაში, შემოქმედი არაფერს იშურებს საკუთარი ნივთის სრულყოფილებისთვის და გულსა და სულს დებს მის შექმნაში. მადლობა მეთოჯინეებს ჩემი დღევანდელი დღის გალამაზებისთვის, მადლობა სიახლისთვის ჩემს ცხოვრებაში. აუცილებლად ვეცდები, ჩემი მეშვეობით ბევრად მეტმა გაიგოს, რას ქმნიან საქართველოს დღევანდელი მეთოჯინეები“.

ნანა მჭედლიშვილი (მეთოჯინე):
„ეს გამოფენა „თოჯინების საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით მოეწყო. ეს დღე, გარდა მეთოჯინეებისა, ბევრი ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. დამთვალიერებლები კმაყოფილები არიან გამოფენით. მრავალფეროვანი თოჯინებია წარმოდგენილი ახალ-ახალი ავტორებით. აქ გამოფენილი ჩემი ნამუშევრებიდან, უმეტესობა, ბოლო დროის მანძილზეა შექმნილი. ზოგადად, ამ ტიპის გამოფენები, ძალიან ხშირად არ იმართება. ალბათ, წელიწადში ორჯერ ან _ სამჯერ. საჭიროა, მეტი ასეთი გამოფენა მოეწყოს. ეს ხელს შეუწყობს იმ პროცესს, რომ ბევრი ადამიანი გაეცნოს ამ სფეროს. გამოფენის ფარგლებში საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია. მართლაც, აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ეს მეთოჯინეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია. ასეთი მხარდაჭერა უფრო მეტი იდეის არსებობას უწყობს ხელს“.

ანა თოფურიძე (დამთვალიერებელი):
„ხელნაკეთი თოჯინების გამოფენას პირველად ვესწრები და ვფიქრობ, უფრო დიდი ინტერესით ჩავერთვები ამ პროცესში, რამდენადაც ამის საშუალებას მსგავსი შეხვედრების რაოდენობა მომცემს. უპირველესი, რაც გამოფენაზე, ერთი შეხედვით, იგრძნობა, არის მრავალფეროვნება ავტორებისა და, შესაბამისად, მრავალფეროვნება თოჯინებისა. ასეთ მცირე სივრცეში იმდენი საოცრებაა წარმოდგენილი, რომ მხოლოდ დადებითი ემოციით თუ აივსება დამთვალიერებელი. ეს სფერო აუცილებლად უნდა განვითარდეს ადგილობრივ დონეზე, ამასთან, ის აუცილებლად უნდა გასცდეს საქართველოს საზღვრებს და სხვა ქვეყნებმაც გაიგონ, რა ნიჭიერი ადამიანები ჰყავს საქართველოს, თუმცა ჯერ ქართველებმა უნდა გაიცნონ ეს ადამიანები. ყველა მეთოჯინის ნამუშევრები ინდივიდუალურია. დიდი უმეტესობა _ ფერადია. ფერები, სიხალისე და დადებითი ემოციები მთელ საგამოფენო დარბაზს აერთიანებს. ინტერესი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რომ კიდევ და კიდევ მეტი შეიქმნას. აუცილებლად სჭირდებათ შემოქმედებს სტიმული. თოჯინებს რომ უყურებ, გგონია, რომ თითოეულ პერსონაჟს საკუთარი ისტორია და ამბავი აქვს. ყოველი თოჯინის ეფექტი განსხვავდება მის გვერდით მყოფი სხვა თოჯინის ეფექტისგან. ისეთი სურვილი გიჩნდება, რომ მთელი ეს დარბაზი სახლში გაიყოლო“.

ანა სანაია (ორგანიზატორი):
„ჩვენ ვართ „თოჯინების სახელმწიფო თეატრის“ წარმომადგენლები და იქიდან გამომდინარე, რომ 21 მარტი „მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეა“, გადავწყვიტეთ, ყველას ერთად აღგვენიშნა ის. შემდეგ დავგეგმეთ, რომ გაგვეკეთებინა ყველა იმ მეთოჯინის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ვისი შეკრებაც შეგვეძლო. საბოლოოდ, 30-მდე მეთოჯინემ მოახერხა მონაწილეობა. ჩვენი თეატრის გვერდით საგამოფენო სივრცეა და, რატომაც არა, ჯერ იქნებოდა თოჯინების გამოფენა, მერე ჩვენი თოჯინური სპექტაკლი. ერთი მხრივ, ჩვენი მაყურებლისთვის ეს დღე მეტად მრავალფეროვანი იქნებოდა იმიტომ, რომ, გამოფენასთან ერთად, მუსიკალური გაფორმებაც გვქონდა. გარდა მეთოჯინეებისა, გვინდოდა, ერთ სივრცეში მოგვექცია ყველა ის ადამიანი, რომელიც, რაღაცნაირად, მეთოჯინეობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვინდა, რომ ტრადიციად დავამკვიდროთ ამ დღის ასეთი ფორმატით აღნიშვნა ჩვენს სივრცეში. ამ ეტაპზე, ჩვენი ახალი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შემდეგი წლიდან, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევიკრიბებით და უფრო საინტერესო, მრავალფეროვან პროგრამებს შევთავაზებთ საზოგადოებას. ეს სივრცე საუკეთესოდ გამოვიყენეთ, მაგრამ როცა საკუთარი თეატრი გაქვს, რომელიც ბევრად უფრო დიდი და ადაპტირებულია, ამ შემთხვევაში, უფრო მეტადაა შესაძლებელი თემის გაშლა. ეს გამოფენა-გაყიდვა, უფრო მეტად, გაცნობითი ხასიათისაა, რადგან, დარწმუნებული ვარ, ყველა ეს მეთოჯინე ერთმანეთს არ იცნობდა, არც მეთოჯინეები იცნობდნენ „თოჯინების თეატრს“ და არც ჩვენ _ მეთოჯინეებს. ამ კონტაქტებსა და ურთიერთობებს სწორედ რომ „თოჯინების საერთაშორისო დღეს“ ჩაეყარა საფუძველი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ამის ინიციატორი სწორედ „თოჯინების თეატრია“. ეს გახლავთ ამ დღის აღნიშვნის პირველი პრეცედენტი“.

2018 წლის „მეთოჯინეთა საერთაშორისო დღემ“ მომავალი წლის უფრო მრავალფეროვანი მოლოდინით ჩაიარა. ხელნაკეთის დამზადება, მრავალფეროვნების სურვილი, მხარდაჭერის უნარი და, უბრალოდ, სილამაზის შეგრძნება ის მოცემულობებია, რომლებმაც თავისთავად უნდა განაპირობოს ამ შემოქმედების მიმართ ინტერესი. რაც უფრო მეტ სტიმულს იგრძნობს შემოქმედი, მით მეტი ხარისხიანი და ემოციური იქნება თოჯინა. წინგადადგმული ყოველი ინდივიდუალური ნაბიჯი თავისთავად განაპირობებს საერთო წესრიგსა და კეთილდღეობას.

მარიამ ტიელიძე