ისტორიის ინგილოური გაკვეთილი

22 წლის ნიკოლოზ ყიყიშვილი საინგილოდანაა _ აქ დაიბადა და გაიზარდა. დღესდღეობით ის სწორედ საინგილოზე, საქართველოსა და ქართველებზე საუბრობს. საუბრობს ინფორმაციისთვის, ისტორიისთვის, წარსულისა და მომავლისთვის. საუბრობს იმისთვის, რომ ბევრმა გაიგოს სინამდვილე, ბევრმა დაინახოს რეალობა და ბევრმა ისწავლოს ფაქტები.
საინგილო

„როგორც სხვადასხვა კუთხეს, ჩვენც გვაქვს ჩვენი დამახასიათებელი კუთხური ენა, რომელზედაც ვსაუბრობთ. ბევრს ჰგონია, რომ სახელწოდება „საინგილო“ ან სახელწოდება „ჰერეთი“ სწორია, თუმცა, სინამდვილეში, ჰერეთის კარი არის ლაგოდეხში. აქედან მოყოლებული მაწიმამდე, ანუ საზღვრამდე, ჰერეთის ტერიტორიაა. მაგრამ როგორც კი საზღვრებს გადავდივართ, მთლიანი რეგიონი (დაახლოებით, 80 კმ-ის ფარგლებში), ეს არის საქართველოს ყოფილი ტერიტორია. ამას ჰქვია საინგილო.
რაც შეეხება სახელწოდება „საინგილოს“, იგი დაკავშირებულია ერთ ლეგენდასთან, რომელსაც ბევრი, მათ შორის, მეც, რეალურ ფაქტად აღიქვამს: ლეკები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, ქრისტიანობა შეეზღუდათ. ამისთვის ბევრ რაღაცას აკეთებდნენ. ჩვენი მართლმადიდებელი ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობდა, ფარულად მარხულობდა, ლოცულობდა და საზიარებლად კახეთში გადმოდიოდა, ამიტომ ლეკმა მას შეარქვა „ინჯილ“. „ინჯილ“ არის არაბული სიტყვა, რომელიც გულისხმობს შემდეგს: იმ შემთხვევაში, თუ ლეკი ბატონი გაიგებდა, რომ ქრისტიანი ჩუმად ეზიარებოდა, მას ძალიან დასჯიდა. ეს სიტყვა „სახარებას“, „სახარების მიმდევარს“ ნიშნავს. მან, დროთა განმავლობაში, დეფორმირება განიცადა და „ინგილ“ ეწოდა. საერთო ჯამში, ჩამოყალიბდა საინგილო, როგორც ინგილოებით დასახლებული ტერიტორიის აღმნიშვნელი სიტყვა. უმეტესობა ფიქრობს, რომ ამ ტერიტორიაზე არიან ჰერები, ჰერელები. ჰერი, როგორც ერი, არ არსებობს. არსებობენ ჰერელები. მე, პირადად, არაერთხელ მომსვლია ახალგაზრდებთან კამათი იმასთან დაკავშირებით, სწორი სიტყვა „საინგილოა“, თუ „ჰერეთი“? არაერთი ისტორიული ფაქტი ადასტურებს, რომ უფრო მეტად სწორია „საინგილო“. ისტორიკოსების უმრავლესობაც მიიჩნევს, რომ „საინგილო“ უფრო მეტად მისაღები ტერმინია. ვინც სიტყვა „ჰერეთს“ იყენებს, ის აზერბაიჯანის ისტორიის წისქვილზე ასხამს წყალს“.

პოლიტიკური ვითარება

„რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, საინგილოს რეგიონი, დღესდღეობით, ეკუთვნის აზერბაიჯანს. თავისთავად, მას ერთი მმართველი ჰყავს. ყველანაირი თვალსაზრისით აზერბაიჯანის მთავრობას ვექვემდებარებით. ინდივიდუალურობის მხრივ სარწმუნოება შევინარჩუნეთ. მიუხედავად იმისა, რომ, რელიგიის მხრივ, „თავისუფლები“ ვართ, მთავრობა მაინც ცდილობს, მაქსიმალურად შეგვიზღუდოს აღმსარებლობა. ყველაფრის მიუხედავად, საერთო სურათი ის არის, რომ ეს ტერიტორია მხოლოდ აზერბაიჯანის საკუთრებაა. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ახალდაბადებულებს ქართული სახელები არ დაარქვან. ჭარბობს აზერბაიჯანული სახელები, მაგრამ ის ქართველები, რომლებიც კახის რეგიონში ვცხოვრობთ, ჩვეულებრივ, ბავშვებს ქართულ ტრადიციულ სახელებს ვარქმევთ. მათ იციან, რომ, შეზღუდვის შემთხვევაში, წინააღმდეგობას გავწევთ“.
სოციალური ვითარება

„მნიშვნელოვანია, რომ სკოლებიდან მიღებული განათლება ძალიან პრიმიტიულია. გათვლილია ვიწრო სეგმენტზე. როცა სკოლაში ვსწავლობდი, 1995 წლის გამოცემის სასკოლო წიგნებს ვიყენებდით, რომელზედაც „საბჭოთა კავშირი“ იყო მითითებული. როდესაც საინგილოდან ბავშვები ჩამოდიან, მათ უჭირთ იმ რეალობასთან შეგუება, რაც საქართველოშია. ეს ძალიან ცუდია და აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ შესაბამის ზომებს მიმართოს, თუმცა მან დაგვივიწყა და ხმას არ იღებს. ის, რომ, ერთი საუკუნით ადრე საინგილოს ტერიტორიაზე ქართველები ცხოვრობდნენ და რომ საზღვრების გავლების გამო ის საზღვარს მიღმა აღმოჩნდა, არ ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა დაგვივიწყოს. პირიქით, ეს ყველაზე ცუდი მოცემულობაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, საინგილოში შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, კულტურა, ადათები და წესები, ჩვენი ისტორია. ჩვენ, ყოველმხრივ, სარწმუნოებაზე აგებული ცხოვრებით ვცხოვრობთ. ეს იმიტომ, რომ საქართველოს გარდა სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია. თუ ქართული გვარი გაქვს, აზერბაიჯანში მაღალ თანამდებობაზე მუშაობას ვერ დაიწყებ. კურსდამთავრებულს, ყველაზე მეტი, მაღაზიაში, ან მსგავს დაწესებულებაში შეუძლია, იმუშაოს.
მოსახლეობა საკმაოდ ნორმალურად ცხოვრობს. ვალუტა ძლიერია, განვითარებულია სოფლის მეურნეობა და ა. შ. ამ მხრივ, პრობლემა არ გვაქვს, რადგან ყველას შეუძლია, საკუთარი თავი არჩინოს. ჩვენ მიწების საშუალება გვაქვს იმიტომ, რომ, თავის დროზე, წინაპრებმა დაგვიტოვეს ეს კონკრეტული მიწები. ვთესავთ, ვრგავთ და ამის პრობლემა არ გვაქვს. თუმცა ის, რომ სადმე მუშაობის დაწყების საშუალება მოგეცეს, ძალიან რთულია“.
კულტურული ვითარება

„საინგილოს ტერიტორიაზე საკმაოდ ძველი არქიტექტურული ნაგებობები და ეკლესია-მონასტრებია შემორჩენილი (III-IV სს), ასევე თამარ მეფის დროინდელი ხიდი, რომელიც თვითონ თამარმა ააგო. თუმცა ეს კულტურული ძეგლები, რომლებიც საქართველოს, ქართული მიწა-წყლის კუთვნილებაა, ბევრისთვის ალბანეთის კუთვნილებადაა მიჩნეული. ეს იმიტომ, რომ, გარკვეული პერიოდის მანძილზე აქ ალბანელები ცხოვრობდნენ. გვაქვს სხვადასხვა სახელობის ეკლესია, რომლებშიც დავდივართ, მაგრამ შეზღუდვებს მაინც ვგრძნობთ. სულ გვაქვს ცხრა ტაძარი. აქედან, ორი არის მოქმედი. უნდა მივიჩნიოთ, რომ მხოლოდ ერთია მოქმედი. ეს იმიტომ, რომ, მიუხედევად იმისა, ის ერთი საქართველოს საპატრიარქომ აკურთხა, მაინც ცდილობენ, ბარიერები შექმნან. 2015 წელს ერთი მოძღვარი, რომელიც ეკლესიებში ქრისტიანების მომრავლებას ცდილობდა, გაურკვეველი მიზეზის გამო, აზერბაიჯანის მთავრობამ დაბლოკა.
ჩვეულებრივ, ქართულ საეკლესიო დღესასწაულებს ვზეიმობთ: ნინოობას, გიორგობას, აღდგომას… ქართული ტრადიციების შესაბამისად. წმ. გიორგის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. უმეტესობა, ვინც ამ დღეს ეკლესიაში ადის, აზერბაიჯანელი მოსახლეობაა. ბავშვები სკოლიდან მოჰყავთ, რათა სათქმელი ჰქონდეთ, რომ ეს მარტო ქართველების დღესასწაული და ქართველების ეკლესია არ არის. ჩვენზე მეტი არიან, ვერაფერში შეედავები. 23 ნოემბერს სულ ნახევარი საათით იხსნება ეკლესია. ამ ნახევარი საათის მანძილზე მეუფე პატარა წირვას აღავლენს და ამით მთავრდება წმ. გიორგის დღე. ნათლობის საიდუმლოსა და მსგავს რიტუალებს რაც შეეხება, ის კახის მთავარ ტაძარში აღესრულება. ასე ვინარჩუნებთ ადგილობრივები ჩვენს ეროვნულს“.
მოსახლეობა

„აქ 8000-მდე ქართველი ცხოვრობს. თუ ინგილოებსაც მივათვლით, ანუ ვინც სარწმუნოება შეიცვალა, ჯამში, საინგილოს ტერიტორიაზე, დაახლოებით, 20 000 ქართველი ცხოვრობს“.

საქართველო _ საინგილო

„მიმოსვლასთან დაკავშირებით სირთულეები არ მაქვს, რადგან აზერბაიჯანის მოქალაქე ვარ. ხშირად დავდივარ საინგილოში, რადგან მასთან ძალიან დიდი ხნის ისტორია მაკავშირებს. მას შემდეგ, რაც სტუდენტი გავხდი, ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი ქართველი ჩავიყვანო საინგილოში. ისინი ჩამყავს ჩემს სახლში, ვასინჯებ ინგილოურ სამზარეულოს, ვუხსნი ისტორიას, ვაჩვენებ ისტორიულ ძეგლებს…
სწავლების პროცესშიც, რამდენადაც ამის საშუალება მეძლეოდა, ვცდილობდი, სწორედ საინგილოსთან დაკავშირებით მომემზადებინა მასალები. საქართველოში დავიწყებული აქვთ, რომ არსებობს კუთხე, სადაც ქართველები ცხოვრობენ. თანამედროვე ქართველებმა არ იციან, ეს რომელი კუთხეა. ბევრს, საერთოდ, ჰგონია, რომ საინგილო ტაო-კლარჯეთშია.
აქ რომ დაგინახონ, ისტორიის წიგნს კითხულობ, უნდა იფიქრო, რომ ამას შენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. მე ფარულად შემიძლია ვიკითხო ისტორია. ბევრმა ინგილომ იცის საქართველოს ისტორია დეტალურად, მაგრამ საქართველოში რომ ჰკითხო, სად არის საინგილოო, ამასაც ვერ გეტყვიან. ეს, უპირველესად, განათლების დონის უკუსვლაა. ასეთი ისტორიული, სწორი ფაქტები სკოლებში მაქსიმალურად უნდა ისწავლებოდეს. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ვიღაცამ დაგვივიწყოს. ჩვენ საუკუნეზე მეტი ხნის მანძლზე ვცდილობდით და ვცდილობთ, რომ აქ შემორჩენილ ქართულ მენტალიტეტს გავუფრთხილდეთ, მაგრამ ამისთვის ხელშეწყობა, განათლება გვჭირდება. როცა მე უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაკლდა ის, რაც მჭირდებოდა. საბჭოთა კავშირის სახელმძღვანელოებმა ბევრი სიცარიელე ვერ შეავსო. 2012 წელს საქართველოს მთავრობამ წიგნები ჩამოგვიტანა, მაგრამ არავინ იცის, რა ბედი ეწია მათ. ადგილზე მხოლოდ პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით წიგნები მივიდა. ძველი, დახეული, გამოუსადეგარი წიგნები გვაქვს“.

ტრადიციები, ადათები

„ტრადიციები იგივე გვაქვს, რაც საქართველოშია, ოღონდ, ეს დღესასწაულები საქართველოში, უფრო მეტად, თანამედროვე პრინციპებსაა მორგებული. ჩვენი მოგონილი არაფერია, ყველაფერი წინაპრებმა შემოგვინახეს. ჩვენც, ახალგაზრდები, ვცდილობთ, მაქსიმალურად გავყვეთ ამ ტრადიციებს, თუმცა სიახლეები და თანამედროვე სტანდარტები ჩვენთანაც შემოდის. ეს კარგია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ძველი არ დავკარგოთ. როგორც უკვე ვთქვი, ყველა მართლმადიდებლურ დღესასწაულს აღვნიშნავთ. განსაკუთრებით _ წმინდა გიორგის ხსენების დღეს. ეს იმიტომ, რომ წმ. გიორგი ჩვენთან ასოცირდება თავისუფლებისთვის, სარწმუნოებისთვის მებრძოლ ადამიანთან და მივიჩნევთ, რომ არა ის, ვერ ვიქნებოდით ისე, როგორც ახლა ვართ. წმ. გიორგი დიდ სტიმულს გვაძლევს. ყველაზე დიდი სტიმულიც, ჩემთვის, პირადად, არის სწორედ სარწმუნოება“.
***
„რამდენჯერაც საქართველოს მთავრობას წიგნებთან ან სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით განცხადებით მივმართეთ, დადებითი პასუხი ვერასდროს მივიღეთ. ის, რომ საქართველოს მოქალაქე არ ვარ, ყოველდღიურად, არაერთ პრობლემას მიქმნის. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ვარ, ვერანაირი შეღავათით ვსარგებლობ. არ ვახსოვართ მთავრობას. მთავრობას კი არა, ხალხს არ ვახსოვართ. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს არანაირი შეზღუდვა აქვთ. მე იმას არ ვამბობ, რომ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. არ მახსოვს, რომელიმე დღესასწაულზე აზერბაიჯანის მთავრობა მოსულიყო და მოელოცოს. ჩვენ, სადამდეც შეგვეძლება, შევინარჩუნებთ ეროვნულობას. მე ამას ჩემი მეგობრების სახელითაც ვამბობ.
სამეცნიერი ბიბლიოთეკაში დიდი რაოდენობით წიგნი გვაქვს. ვისურვებდი, ეს წიგნები საინგილოს სკოლებში ჩაიტანონ და დაარიგონ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ წიგნები საერთოდ არ გვაქვს. იმისთვის, რომ საინგილოდან საქართველოში ჩამოსულ ქართველს აქაურ გარემოსთან შეგუება არ გაუჭირდეს, საჭიროა ახალი სახელმძღვანელოები, კომუნიკაცია და სიახლეები. საჭიროა შესაბამისი ტრენინგები და ლექციები“.

მარიამ ტიელიძე