მთავარი საზოგადოება 1917 წლის ივნისი – საქართველოს ისტორიის ქრონიკები

1917 წლის ივნისი – საქართველოს ისტორიის ქრონიკები

142
0
გაზიარება

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-10;

ბოლშევიკები

1917 წლის ზაფხულის დასაწყისში თანდათან სულ უფრო შესამჩნევი ხდება ბოლშევიკების გააქტიურება. მთელი იმპერიის მასშტაბით, ქუჩებში ყოველდღე ეწყობა კომუნისტების დემონსტრაციები და მიტინგები. თუ ადრე მათ მოწოდებებსა და ლოზუნგებზე მოსახლეობა დიდად არ გამოდიოდა, ამჟამად მდგომარეობა შეიცვალა. როგორც ჩანს, დროებითმა მთავრობამ მოსახლეობას იმედები გაუცრუა. გარდა ამისა, რუსეთის საზოგადოებას გაუთავებელი ომი და მისი თანმდევი სიდუხჭირე მობეზრდა, ხოლო ბოლშევიკები კი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ხალხს ყველაფერს ჰპირდებოდნენ. ძირითადი ლოზუნგი სოციალური თანასწორობა, მოსახლეობის გაჭირვებული მდგომარეობის გამოსწორება და ომის შეწყვეტა იყო.
13 ივნისის ნომერში გაზეთი „საქართველო“ ამ თემაზე ვრცელ მეწინავე სტატიას აქვეყნებს, სათაურით „პეტროგრადის მღელვარება“: „კარგა ხანია დროა, რომ რუსეთში რევოლუციის პირველი დღეების საერთო მღელვარებამ დინჯ და დარბაისელ მუშაობას დაუთმოს ადგილი. მიუხედავად ამისა პეტროგრადში დღე და ღამე მიტინგები და დემონსტრაციები სწარმოებს. თიბათვის 10-ს ამას საშიში სახეც მიუღია. სრულიად რუსეთის მუშათა და სალდათთა საბჭოების ყრილობას მოსალოდნელ არეულობის წინააღმდეგ სასტიკი ზომების მიღება დასჭირვებია. ყველა პარტიებს, გარდა ბოლშევიკებისა, დადგენილება გამოუტანიათ, რათა ამ დღეს მცხოვრებთ სრული სიმშვიდე დაეცვათ და ქუჩებშიაც არ გამოსულიყვნენ. როგორც დროებით მთავრობის მხრივ, ისე მუშათა საბჭოსა და სამხედრო ორგანიზაციების მხრივ მოწოდებები გამოუციათ და ხალხისთვის ქუჩებში შეკრება აუკრძალავს სასტიკ სასჯელის შიშით.
ყრილობის წევრნი მთელი დღის განმავლობაში ამშვიდებდენ აღელვებულ ხალხს, რომელზედაც, როგორც სჩანს ბოლშევიკების მოწოდებას უმოქმედნია. დეპეშის ცნობით ასეთი ზომების გამო თიბათვის 10-ს პეტროგრადში საკმაოდ მყუდროდ ჩაუვლია. მაგრამ პეტროგრადის მდგომარეობა თანდათან რთულდება. ეჭვი არ არის ბოლშევიკების ჯგუფს, რომელსაც ამ ერთი კვირის წინეთ თითქმის არავითარი გავლენა არ ჰქონდა, ამ ჟამად საგრძნობელი ძალა შეუძენია, მათ ლოზუნგებს ყველაფრის დაყოფას და დანაწილების შესახებ, რაც პრაქტიკულად ბოლოს და ბოლოს ძარცვა-გლეჯასა და რბევაში უნდა გამოიხატოს, როგორც სჩანს დიდი გასავალი ჰქონია რუსეთის ხალხის ფართე წრეებში.
ჩვენ არ ვიცით, რა მიზნით უხმობდენ ხალხს ბოლშევიკები ქუჩაში გამოსასვლელად. შესაძლოა ისინი მათ ქარხნებისა, ფაბრიკებისა და მაღაზიების გადაცემას პირდებოდენ. ძარცვა-გლეჯის რჩევისა და ტაციობის ინსტიქტები მუდამ თანა სდევს იმ საზოგადოებრივ გარდაქმნას, რომელსაც რევოლუცია ჰქვიან. მაგრამ რევოლიუციის შემომქმედი ძალები მუდამ მას ებრძვიან და რევოლიუციაც იღუპება, როდესაც რბევის და ტაციობის სულის კვეთება იმარჯვებს. რუსეთში ყოველგან, ისე როგორც პეტროგრადში, სწარმოებს ეს. ხშირად იდუმალი ბრძოლა. ზოგან ერთი იმაჯვებს, ზოგან მეორე… ზოგან მყუდრო თავისუფალი ცხოვრება მყარდება, ზოგან კიდევ ბუნტი და ამბოხება. ამ პროცესში პეტროგრადს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ იქაც გაიმარჯვა ამბოხების და ძარცვა-გლეჯის სულისკვეთებამ, რუსეთის თავისუფლების საქმე წაგებულია“.
რუსეთის მსგავსად ბოლშევიკები საქართველოშიც გააქტიურდნენ. ივნისის გაზეთში რამდენიმე მოკლე ცნობაა დაბეჭდილი, საიდანაც ირკვევა, რომ ლენინის პარტიამ თბილისში რამდენიმე მიტინგი მოაწყო. მაგალითად, 8 ივნისს ალექსანდრეს ბაღში, რომელიც ქაშუეთის ტაძრის უკან მდებარეობდა, ნაშუადღევს, მრავალრიცხოვანი შეკრება გაიმართა, სადაც უამრავმა ჯარისკაცმა და მუშამ მოიყარა თავი.
გაზეთი კიდევ ერთი მიტინგის შესახებ იუწყება, რომელიც უკვე ვორონცოვის ძეგლთან მოეწყო და რომელსაც მცირე ექსცესი მოჰყვა: „ამ დღეებში თბილისის ქუჩებსა და მოედნებზე ბევრგან იმართება სოციალ-დემოკრატთა პარტიის მეუფროსეთა ფრაქციის („ბოლშევიკი“) წევრთა სახელდახელო მიტინგები. ასეთი მიტინგი ამა თვის 6-ს, სხვათა შორის, ვორონცოვის ძეგლთანაც გაიმართა. ერთ-ერთ ორატორს ვიღაცამ მოზრდილი ქვა მოარტყა თავში; კაცი წაიქცა და ძლივს მოაბრუნეს. კრება აირ-დაირია. დამნაშავე ვერ იპოვეს“.

ავტონომია

კვლავ აქტიურად მიმდინარეობს რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიური მოწყობის საკითხის განხილვა. იმ დროის ქართულ პოლიტიკაში, ძირითადად, სამი პარტია გამოირჩეოდა: სოციალ-დემოკრატები, სოციალ-ფედერალისტები და ეროვნულ-დემოკრატები. როგორც ირკვევა, ავტონომიის თემაზე სამივე წამყვანი პოლიტიკური პარტია ზოგადად ერთ პოზიციაზე იდგა, მაგრამ მათ შორის განსხვავებაც იყო.
გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 8 ივნისი: „მეტის მეტად შეკვეცილ თვითმართველობას სოციალ-დემოკრატები ითხოვენ, მეტის მეტად ვიწრო საზღვრებს სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნული დემოკრატია ორივე სოციალისტურ პარტიაზე შორს მიდის, როგორც საქართველოს ავტონომიის უფლების, ისე ტერიტორიული ფარგლების საკითხში. მაგრამ ეს საკითხები უფრო ძალთა განწყობილების საკითხებია, ვიდრე პრინციპებისა და ადვილად შეიძლება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდეს, თუ ძალთა განწყობილება ჩვენი სამშობლოს სასარგებლოდ შეიცვალა“.
შემდეგ გაზეთი ავტონომიის თაობაზე მსჯელობას აგრძელებს და დასძენს, რომ სამივე პარტია იმ აზრზე თანხმდება, რომ საქართველოს დღეს არ შეუძლია რუსეთის გარეშე დამოუკიდებელად არსებობა, თავისი ეროვნული უფლების განხორციელება და ამიტომ ქართველი პოლიტიკოსების უმთავრესი მიზანი რუსეთის მომავალ დამფუძნებელ კრებაზე ქვეყნის ავტონომიური უფლების მოთხოვნა უნდა ყოფილიყო. გაზეთი რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს თვითმმართველობის მოპოვების შანსებს აფასებს: „საკითხი ეხლა იმაშია, დააკმაყოფილებს თუ არა დამფუძნებელი კრება ქართველი ხალხის ეროვნულ-პოლოტიკურ იდეალებს? ხვალინდელი დღე გამოურკვეველია და ძნელია წინასწარმეტყველობა. მაგრამ დღევანდელი ფაქტებისა და მოვლენების მიხედვით შეიძლება დაახლოვებით მაინც წარმოვიდგინოთ, რომ როგორი ძალა-განწყობილება დამყარდება რუსეთის მომავალ დამფუძნებელ კრებაში. თითქმის უეჭველია, თუ ჩაგრულ ერთა წარმომადგენლების დიდი უმრავლესობა პოლიტიკური დეცენტრალიზაციის იდეას მიემხრობა ამა თუ იმ სახით, ეს დიდი ძალა იქნება რასაკვირველია. მაგრამ რომ მთელმა ველიკორუსულმა ტომმა ცენტრალისტური წესწყობილების დამყარება მოითხოვა, ავტონომიის იდეა დამარცხდება აუცილებლივ მიტომ, რომ რუსეთის პატარა ერებს შორის, ჯერ კიდევ მჭიდრო პოლიტიკური კავშირი არ არსებობს, გაბატონებული ერი უფრო გაერთიანებულია და რიცხვითაც ველიკორუსობა სჭარბობს დანარჩენ ერებს. მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რუსის ხალხი სავსებით არ დაემორჩილება იმპერიალისტურ და ცენტრალისტურ მიდრეკილებას. ამის ნიშნები სჩანს კიდეც. ზოგიერთი სოციალისტური ფრაქციების კონფერენციამ აშკარად აღიარა ავტონომიის პრინციპი. ეს პრინციპი აღიარა რუსეთის გლეხთა საბჭოების ყრილობამაც. თუ ეს აღსარება გულწრფელია, თუ ამ ადამიანებმა დამფუძნებელ კრებაზე უკან არ დაიხიეს, შესაძლებელია, რომ ავტონომიის, იდეამ პრინციპიული გამარჯვების შემდეგ პრაქტიკულადაც გაიმარჯვოს“.

არმია

სულ უფრო თვალში საცემი ხდება რუსული არმიის დემორალიზაცია და საბრძოლო სულისკვეთების დაცემა. მოიშალა დისციპლინა, გახშირდა დაუმორჩილებლობა, ჯარისკაცები ბრძოლაზე უარს აცხადებდნენ და სანგრებში მიტინგებს აწყობდნენ. სოციალისტებისა და განსაკუთრებით ბოლშევიკების აქტიური აგიტაციის შედეგად, ფრონტს თვითნებურად ათასობით მეომარი ტოვებდა. რუსეთის იმპერია დეზერტირებით გაივსო. მდგომარეობა იმ დონემდე დამძიმდა, რომ კავკასიის ფრონტის მთავარ შტაბში, რომელიც ტფილისში იყო განლაგებული, დეზერტირობის აღსაკვეთად სპეციალური თათბირიც კი ჩატარდა.
გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 17 ივნისი: „ღონისძიებანი დეზერტირების წინააღმდეგ. კავკასიის მხედრობის საოლქი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს თათბირი ჰქონდა დეზერტირობის მოსპობის შესახებ. განხილულ იქმნა მრავალი ღონისძიებანი. ბოლოს საბჭომ მოიწონა მარტიანოვის პროექტი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მოეწყოს მფრინავი რაზმები, რომელნიც ადგილობრივ დაწესებულებებთან შეთანხმებით იმოქმედებს და საცა კი შესაძლებელი იქნება, ძებნას დაუწყებს დეზერტირებს. რაზმები, სხვათა შორის, თვალყურს ადევნებენ: რკინის გზებით მოგზაურთ და სხვაგან და საეჭვო პირებს მათი ვინაობის ბარათებს გაუსინჯავენ“.
2 ივნისს ხელისუფლებამ დეზერტირების გამოსავლენად თელავში სპეცოპერაციაც კი ჩაატარა. დილიდან ქალაქში გაძლიერებული ჩხრეკა მიმდინარეობდა. ამოწმებდნენ კერძო სახლებს, დუქნებს, სასტუმროებს. სამხედრო პატრული მოქალაქეებს, მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი, აპატიმრებდა. დააკავეს ფრონტიდან გამოქცეული დაახლოებით 500 დეზერტირი. რეიდის დროს პატრულმა ისეთი პირებიც აღმოაჩინა, რომლებიც ჯარში გაწვევას თავს არიდებდნენ.
უკეთესი ვითარება არც იმ ნაწილებში იყო, რომლებიც ფრონტზე გაგზავნას ელოდებოდნენ და დროებით საქართველოს ქალაქებში იყვნენ განლაგებულნი. ჯარისკაცები ყაზარმებში არ ჩერდებოდნენ. მთელი დღეები ქუჩებში უსაქმოდ დაყიალობდნენ, ლოთობდნენ და დებოშს აწყობდნენ. ისინი არათუ საკუთარ ოფიცრებს, არამედ ქალაქის მილიციასაც აღარ ემორჩილებოდნენ. გაზეთის ივნისის ნომრები სავსეა მთვრალ ჯარისკაცთა მიერ ატეხილი ჩხუბის შემთხვევებით.
თუ როგორ იქცეოდნენ ქალაქში რუსი ჯარისკაცები, ამის ნათელ მაგალითს გაზეთ „საქართველოს“ 11 ივნისს გამოქვეყნებული სტატია იძლევა. როგორც სტატიიდან ჩანს 800 კაცისგან შემდგარი ჯარისკაცთა ბრბო, რომელთა შორის უმეტესობა მთვრალი იყო, ღამე ავლაბრის ქუჩებს შეესია და სასმელს ეძებდა. ქუჩაში მათ მილიციელი გააჩერეს, რომელსაც უახლოესი ღვინის დუქნის ჩვენება მოსთხოვეს, მაგრამ მილიციელმა ამაზე უარი განაცხადა. ჯარისკაცებმა ჯერ სასტიკად სცემეს იგი, შემდეგ კი მძიმედ დაჭრეს. დაამტვრიეს ერთ-ერთი დუქნის კარი, შევარდნენ იქ და რადგან ღვინო ვერ იპოვეს, ყველაფერი დალეწეს.
13 ივნისს არეულობა მოაწყვეს ქუთაისშიც, სადაც ჯარისკაცებმა ქალაქის მილიცია განაიარაღეს: „საღამოს რვა საათზე ქუთაისში ასეთი უწესოება მოხდა: ბაღის ქუჩაზე ტრაქტირში რამოდენიმე ჯარის კაცებს თავი მოეყარათ და ბანქოს თამაშობდნენ. თამაშობის დროს ჯარის კაცები ერთმანეთს წაელაპარაკენ, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა და ბოლოს დანების ტრიალიც გაჩაღდა. წესიერების აღსადგენათ ჩაერიენ მილიციონერები. ჯარის კაცებმა ეს იუკადრისეს, თავი ანებეს ურთიერთ შორის ჩხუბს და ყველანი მილიციონერებს დაესიენ: ახადეს თოფები, რევოლვერები და ცემით წამოიყვანეს მუშათა და ჯარის კაცთა საბჭოსაკენ.
გზაში მათ უერთდებოდენ სხვა ჯარისკაცები და ვინც შეხვდებოდათ მილიციონერთაგანი, ყველას იარაღს ხდიდნენ და აპატიმრებდენ. ეს ერთი წყება მაჩხუბრებისა მოიყვანეს მუშათა და ჯარის კაცთა საბჭოს დარბაზში საქმის გამოსარკვევათ, რომ მეორე ადგილს ახალი ჯგუფი ჯარის კაცებისა შესდგომოდნენ მილიციონერების დაპატიმრებას. ვინ იცის, როგორ დამთავრდებოდა მეორე ჯგუფის ეს მოქმედება, რომ მათ წინ არ შეხვედროდათ ა. ჯაფარიძე, რომელთა რჩევა დარიგებამ მათზე გასჭრა და ყველანი მუშათა და ჯარის კაცთა საბჭოს დარბაზში მოიყვანეს. დარბაზში ჯარის კაცების ტევა არ იყო და შენობის წინ ქუჩებიც ჯარით აივსო. ტრიბუნაზე ადის გრ. გიორგაძე და მგრძნობიარე სიტყვით მიმართავს ჯარის კაცებს და მოუწოდებს მათ წესრიგი დაიცვან და დაიშალონ. საქმის გამოძიებას კი თვით მუშათა და ჯარის კაცთა საბჭო შეუდგა. ჯარის კაცებმა ანართმევი თოფები დასტოვეს და დაიშალენ. ქალაქის დაცვა მე-110 და მე-115 პოლკის ჯარის კაცებმა იდვეს თავზე“.
ვითარების გამოსასწორებლად ხელისუფლებამ თბილისის მასშტაბით ყველა იმ დუქნის დაკეტვის ბრძანება გამოსცა, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, მალულად მაინც ვაჭრობდნენ სპირტიანი სასმელებით.
13 ივნისი: „ქალაქის მილიციის უფროსმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად ის საწყობები, სასადილოები, რესტორანები და სხვა რომელნიც ნებადაურთველად ღვინოს გაჰყიდიან, სამუდამოდ დაიკეტება. ამასთანავე უფროსი უბძანებს მილიციის კომისარებს, რომ 2 დღის განმავლობაში წარუდგინონ მას სია მოვაჭრეთა მათი კეთილსაიმედოვნების მხრივ“.
საშინლად გაუარესდა კრიმინალური ვითარება. მილიციას, რომელიც დეზერტირი ჯარისკაცების დევნას ვერ აუდიოდა, წვრილმანი დანაშაულის აღსაკვეთად ადამიანური რესურსი აღარ რჩებოდა. 14 ივნისს ალაზნის ხიდთან გაძარცვეს თელაველი ვაჭრები ვართანა დადიანიშვილი და პეტრუზა ამირგულაშვილი. ვაჭრებს წაართვეს ცხენი, ქსოვილები, სხვადასხვა ნივთი და 2 ათას მანეთამდე ფული.
გახშირდა სასულიერო პირების ძარცვა. პირველ ივნისს მცხეთიდან ტფილისში მომავალ ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზ კალისტრატე ცინცაძეს თავს დაესხნენ ბოროტმოქმედები და გაიტაცეს 600 მანეთი, ოქროს ჯვარი და სხვა ნივთები. 2 ივნისს გაჰქურდეს ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი. როგორც ცინცაძის შემთხვევისას, ყაჩაღებმა აქაც 600 მანეთი ფული მიისაკუთრეს. გარდა ამისა, წაიღეს 400 მანეთის ნივთები და ფასიანი ქაღალდები (ობლიგაციები). ძარცვაში ეჭვმიტანილად მეეზოვე ტარასი ნივაძე სცნეს.
კრიმინალური ვითარება იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ მოსახლეობა ხშირად ხელისუფლებას აღარ ელოდებოდა და ბოროტმოქმედებს ლინჩის წესით თავად უსწორდებოდა. გაზეთი „საქართველო“. 21 ივნისი: „კაი ხანია მას აქეთ, რაც ალაზან გაღმა სოფლებში სამი გამოჩენილი ქურდი დათარეშობდა და სოფლებს აწუხებდა. აღარაფერს აღარ არჩენდნენ გლეხობას, არც საქონელს და არც ჭირნახულს. ყველაზე მეტად კი სოფელი ენისელი იყო მათგან შეწუხებაში და ამ სოფელმა მოუღო ბოლო მათ თავგასულობას. მოთმინებიდან გამოსული მთელი სოფელი შეუდგა ამ დღეებში ამ ქურდების ძებნას, მალე იპოვნა კიდეც თავიანთ ნაქურდლებით ტყეში, ერთი მეძროხის ბინაში შეიპყრო, ჩამოიყვანეს სოფელში და სახალხოდ დახვრიტეს. ქურდებთაგანი ერთი ენისლის მცხოვრები იყო არჯენიშვილი, მეორე – სოფელ გრემისა – ჯაფარიძე და მესამეც დიდი – ვაკიდან – ჩაჩანი“.

წყალმომარაგება

როგორც გაზეთიდან ირკვევა 1917 წლის ივნისში საქართველოს დედაქალაქს წყალმომარაგების დიდი პრობლემა შეექმნა. ეს პრობლემა, როგორც ჩანს, ძირითადად, ელექტროენერგიის დეფიციტით იყო გამოწვეული. იმ დროის თბილისს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სრულყოფილი საკანალიზაციო და სასმელი წყლის მიწოდების სისტემა. ქალაქის ცენტრალური ნაწილი წყლით კი მარაგდებოდა, მაგრამ ბევრი იყო ისეთი რაიონები, სადაც სასმელ წყალს მეთულუხჩეები დაატარებდნენ. გაზეთი „საქართველო“. 15 ივნისი: „როგორც უკვე აღნიშნული იყო ჩვენს გაზეთში, თბილისში, განსაკუთრებით ზოგიერთ უბნებში, წყალი თითქმის სრულებით აღარ არის. წყლის მზიდველები სარგებლობენ ამ გარემოებით და თითო პატარა ბოჭკა (სამ ვედრომდე) მიტანაში ექვს შაურს თხოულობენ, მაშინ როცა ჩვეულებრივად ბოჭკა წყალი ფასობს სამი შაური. მცხოვრებლებიც, მეტი რა გზა აქვთ, ამ ფულს იხდიან. სიცხეების გაძლიერების გამო მდგომარეობა საშიშ ხასიათს ღებულობს: ღარიბი ხალხი ამოდელა ფულის გაღებას ვერ შესძლებს და წყალზე ყაირათობას გასწევს, რაიცა დიდად შეუწყობს ხელს ყოველგვარი სენის გავრცელებას. როგორც სარწმუნოდ გადმოგვცეს, ქალაქის სასურსათო კომიტეტს ყურადღება მიუქცევია ასეთ მდგომარეობისათვის და გადაუწყვეტნია ენერგიული ღონისძიება იხმაროს წყლის მხრივ მცხოვრებთა უზრუნველსაყოფად“.
ვითარების გამოსასწორებლად თბილისის გამგეობამ საგანგებო დადგენილება მიიღო, რომელმაც მოქალაქეებს წყლის ეკონომიურად ხარჯვისკენ მოუწოდა, თუმცა ამ მოწოდებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ გამგეობა იძულებული გახდა, სპეციალური გრაფიკი შემოეღო.
20 ივნისის ინფორმაციით, თბილისში წყალი მოსახლეობას შეზღუდულად მიეწოდებოდა: „თბილისის ქალაქის მმართველობა ამით აუწყებს, თბილისის მცხოვრებლებს, რომ თიბათვის 19-დან ქალაქის უბნები შემდეგნაირად იქნება დაკმაყოფილებული წყლით: 4 საათიდან დილის 9 საათამდე და შუადღის 2 საათიდან საღამოს 6 საათამდე წყალი იქნება მტკვრის მარცხენა ნაპირის მცხოვრებლებს – გარდა რიყისა. დილის 9 საათიდან შუადღის 2 საათამდე და საღამოს 6 საათიდან ღამის 11 საათამდე წყალი ექნება მტკვრის მარჯვენა ნაპირის მცხოვრებლებს და რიყის რაიონს. რომ ეს ახალი წესი არ დაირღვეს, ქალაქის გამგეობა მცხოვრებთ სთხოვთ წყალი ყაირათიანად დახარჯოს“.
ხშირად მეთულუხჩეები წყალს მდინარე მტკვრიდან იღებდნენ, რომელიც ჯეროვნად არ იწმინდებოდა, სავსე იყო ათასი სიბინძურით, სადაც ქალაქის კანალიზაცია ჩაედინებოდა. მოსახლეობაში კუჭ-ნაწლავის ინფექციის გავრცელების რეალური საშიშროება გაჩნდა. სულ მალე ამან შესაბამისი შედეგიც გამოიღო.
ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთში 20 ივნისს გამოჩნდა: „ხოლერის მოლოდინი. თბილისში გახშირდა კუჭისა და ნაწლავების მოშლა. ეს ავადმყოფობა მუდამ თნამორბედია ხოლერისა. გასყიდულ სანოვაგის სიავკარგეს თვალყურს სრულებით აღარავინ ადევნებს. სანიტარების ხსენება აღარ არის თბილისში. გარდა ამისა ღვინის აკრძალვის გამო ქალაქში გავრცელდა ათასნაირი საეჭვო ღირსების სასმელები. წყალსადენის წყალი ხომ სანახევროდ არ აკმაყოფილებს მცხოვრებლებს და ვინც რას წააწყდება, იმას სვამს. ყოველივე ეს დიდად ხელს უწყობს კუჭის მოშლას და ხოლერის გაჩენას. მცხოვრებლები თითონვე უნდა ეცადნონ სასანიტარო წესების დაცვას, თორემ დიდი უბედურება გველის“.
ქალაქში ქოლერის გავრცელების ალბათობას თბილისის საშინელი ანტისანიტარიული მდგომარეობა და ვადაგასული, გაფუჭებული სასურსათო პროდუქტებით ყოვლად უკონტროლო ვაჭრობაც უწყობდა ხელს. 10 ივნისს გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ქალაქის გამგეობის სასურსათო კომიტეტმა თბილისის საყასბოებში გაფუჭებული ხორცით ვაჭრობის რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა. როგორც აღმოჩნდა, ინფლაციითა და არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით დამფრთხალი ვაჭრები მდგომარეობის გამოსწორებასა და ფასების გამყარებას ელოდებოდნენ და ამის გამო ბაზარში ახლად დაკლული საქონლის გატანას ერიდებოდნენ. ისინი ხორცს საწყობში ყინულებში ინახავდნენ და გასაყიდად მხოლოდ მაშინ გაჰქონდათ, როდესაც ხორცი გაფუჭების პირას იდგა. მომხმარებელი ამას, რასაკვირველია, ვერ ხვდებოდა, რადგან ყიდვის დროს ხორცს ლპობის სუნი არ ჰქონდა, მაგრამ სახლში მიტანის შემდეგ ხორცი უკვე ძალიან სწრაფად ფუჭდებოდა.
ეკონომიკური მდგომარეობა,
ფასების მატება ყოველდღიური მოვლენა გახდა. გაძვირდა ელექტროენერგია, ნავთი, წყლის გადასახადი, რკინიგზის საფასური. ყოველივე ამან სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების წარმოუდგენელი ზრდა გამოიწვია. განსაკუთრებით საგრძნობი გახდა პურისა და შაქრის დეფიციტი. ხელისუფლება იძულებული გახდა, შაქრის ნორმირება შემოეღო და ეს პროდუქტი თავისუფალი ვაჭრობიდან ამოეღო.
15 ივნისი: „ახალი განკარგულება შაქრის შესახებ. თბილისის გუბერნიის სასურსათო კომიტეტმა ახალი განკარგულება მიიღო საიმპერიო სასურსათო კომიტეტისგან შაქრის განაწილების შესახებ. ახალი წესის მიხედვით, იმპერიის რაიონები, მათ შორის ამიერკავკასიაც, 3 კატეგორიად არის დაყოფილი, პირველ კატეგორიაში (ჯგუფი) შედიან სოფლები, მეორეში ქალაქები და მესამეში დიდი ქალაქები, რომლებშიაც (თითოში) 500 ათასი და მეტი მცხოვრებია და რომლებშიაც სამხედრო მასალა მზადდება. პირველი კატეგორიის (სოფლის) ერთ მცოხვრებს მიეცემა თვეში 5/6 გირვანქა შაქარი, მეორისას (ქალაქის) 1,5 გირვანქა. თბილისის გუბერნიის მცხოვრებთათვის მიმდინარე თიბათვეში გადიდებულია 42000 ფუთი შაქარი, ნაცვლად წინანდელ 45,000 ფუთისა“.
პურზე ფასების ზრდას მოითხოვენ თბილისის პურის მცხობელები. მათი განცხადებით, თუ ხელისუფლება გამომცხვარ პურზე რეალურ ფასს არ დააწესებდა, ისინი გაფიცვას გამოაცხადებდნენ და ქალაქს უპუროდ დატოვებდნენ. თავის გადაწყვეტილებას მეპურეები იმით ხსნიდნენ, რომ საცხობებში დასაქმებულმა მუშებმა, გაძვირებული ცხოვრების გამო, ხელფასის მომატება მოითხოვეს. იგივე მოთხოვნას აყენებდნენ ქალაქის საყასბოები. ისინი ხელისუფლებას ქალაქის სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ტარიფის აწევას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდნენ, რომ დუქნებში ხორცს აღარ შეიტანდნენ და არც საქონელს დაკლავდნენ.
ხელფასის მომატების მოთხოვნით ქალაქში ზედიზედ ეწყობოდა მიტინგები და გაფიცვები: „თბილისის ქართულ ეკლესიების დაბალ მოსამსახურენი თიბათვის 13-ს თბილისის ქართულ ეკლესიების დიაკონთა და მედავითნეთა ორგანიზაციას შეუერთდნენ, ამავე დღეს მათ იქონიეს მსჯელობა თავიანთ ნივთიერი მდგომარეობის მოგვარების შესახებ და შემდეგი გარემოებანი გაითვალისწინეს:1) არსებული მომენტის აუტანელი პირობები, 2) მცირე ჯამაგირები ეკლესიებიდან, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მათს უმთავრეს მოთხოვნილებებს, 3) ის, რომ მათს გარდა, ყველა დარგის მოსამსახურეთ მოაგვარეს თავიანთი ეკონომიური მდგომარეობა. ყველა ამის მიხედვით დაადგინეს: იმ ეკლესიებში, სადაც მოსამსახურეებს ჯამაგირის გარდა მრევლიდანაც აქვთ რაიმე შემოსავალი, ჯამაგირი მოემატოთ ოთხ თუმნამდინ. ოთახი თავის სამზარეულოთი, შეშა და ნავთი ეკლესიისა უნდა იყოს. ხოლო იმ ეკლესიების მოსამსახურეთ, სადაც მათ შემოსავლისა სხვა წყარო არა აქვთ, ჯამაგირად დაენიშნოთ ექვსი თუმანი იმავე პირობებით“.

კულტურის ქრონიკა

1917 წლის ივნისში საქართველოში ცნობილი რუსი პოეტი, კონსტანტინე ბალმონტი ჩამოვიდა. ბალმოტი საქართველოს დიდი მოყვარული იყო და მან ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლამდე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე თარგმნა დაასრულა.
როგორც გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რუსი პოეტის საქართველოში ჩამოსვლას ქართული საზოგადოება დიდი ოვაციებით შეხვდა: „ამა თვის 12-ს საარტისტო საზოგადოებაში საღამო იყო გამართული სოციალ დემოკრატიულ პარტიის პრესის სასარგებლოდ. სარევოლიუციო ჰიმნის სიმღერის დროს, ერთმა წევრთაგანმა განაცხადა, რომ ამ ჰიმნის ავტორი, მგოსანი ბალმონტი, აქ იმყოფებაო და იმ ლოჟისაკენ მიუთითა, რომელშიაც ბალმონტი იჯდა. საზოგადოებამ ხანგრძლივი და გულწრფელი ოვაცია გაუმართა მგოსანს“.
18 ივნისს ბალმონტმა „ახალი კლუბის“ დარბაზში პოეტური საღამო გამართა, რომელსაც შემდეგი სათაური ჰქონდა: „მსოფლიო ჰენიოსთა აზრები სიყვარულის შესახებ“. ამ საღამოსთან დაკავშირებით გაზეთმა „საქართველომ“ სპეციალური პროგრამაც დაბეჭდა, საიდანაც ირკვეოდა, რომ პოეტთან შეხვედრა საღამოს 8 საათზე იყო დანიშნული. აქვე იყო მოცემული პოეტური საღამოს პროგრამაც: „შოთა რუსთაველი. ესპანური სიტყვა სიყვარულის შესახებ – გულთა ანდამატი. წმინდა ტერეზა – ბედკრული სიყვარულის მხრით. იაკოპონე და ტოდი. დანტე, პეტრარკა, მიქელანჯელო, – ტრისტანი და იზოლდა. რუსთაველის ბელადობა“.
თბილისის გარდა 1917 წლის ივნისში ბალმონტი გორსა და ქუთაისსაც ესტუმრა, სადაც შოთა რუსთაველის შესახებ ლექცია წაიკითხა.
7 ივნისს ქართული დრამატული დასის მსახიობებმა სახალხო სახლში უილიამ შექსპირის ტრაგედია „ოტელო“ დადგეს. გაზეთის ინფორმაციით, დადგმა რეჟისორ ანდრონიკაშვილს ეკუთვნოდა, ხოლო ოტელოს როლს მსახიობი იმედაშვილი ასრულებდა.
საინტერესო ინფორმაციაა დაბეჭდილი 6 ივნისის ნომერში, რომელიც სამწიგნობრო საზოგადოების ახალ ინიციატივას ეხება: „მათ განზრახვა აქვთ, რომ ოსებისა, ლეკებისა და ლაზებისათვის, ქართულის ანბანით ბეჭდონ ოსურ-ქართული, ლეკურ-ქართული, ლაზურ-ქართული წიგნები და სხვა ასეთნი. ამ სახით და გზით ქართული ანბანის დახმარებით გაუადვილებს ხსენებულ ხალხთ წიგნების კითხვის სიყვარულს. ხსენებულ წრეს მიზნად აქვს, რომ მთელის კავკასიის პატარა ტომთათვის მათ საკუთარ ანბანით ქართული ანბანი გახადონ. როგორც ეს იყო ოსეთში XVIII საუკ. გასვლამდის, ლეკებში XI საუკუნის გასვლამიდის, ლაზებში XVII საუკ. გასვლამდის და ასევე სხვა მთის ხალხებში, რომელთა საკითხებსაც ძველიდანვე ეს ქართული ანბანი შეადგენდა. ქართული ანბანი იყო მთელი კავკასიის ტომთა ანბანი და არა მარტოთ ქართველის. ქართული ანბანი ოსების, ლეკების, ლაზების და სხვათათვისაც ისეთი საკუთრება იყო, როგორც ლათინური ანბანი ევროპის ერისთვის და არაბული ანბანი აზიის ერისთვის. ამ ამხანაგობის დამაარსებელნი გახლავთ შემდეგი პირნი: იოსებ იმედაშვილი, კოწია თავართქილაძე, ისიდორე კვიცარიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, ივანე როსტომაშვილი და ზ. ჭიჭინაძე“.

მიხეილ ბასილაძე

 

დატოვეთ კომენტარი