გიორგი ჩიტია: „ზვიად ქირიას თხოვნა იყო, როგორც ფულის შემტანი არ გამოჩენილიყო“

ცოტა ხნის წინათ „ქრონიკა+“-მა ზვიად ქირიასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც მასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითობის შესახებ საუბრობდა. საქმე ეხება ერთობლივი შპს-ს საქმიანობას, სადაც, მისი თქმით, დახარჯულ რამდენიმე ასეულ ათას დოლარს ქირია უკან ვერ იბრუნებს. ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც ჩვენი რესპონდენტი, რიგი მიზეზების გამო, კომპანიონების მიმართ ნდობას კარგავს და საერთო საქმიდან გასვლა სურს. ქირიამ პასუხისმგებელ ორგანოებს (ფინანსურ პოლიციას, პროკურატურას) მისი საქმის დროულად გამოძიებისკენ და კანონიერება-სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდა.
ამჯერად, „ქრონიკა+“ აღნიშნულ საქმეზე მოპასუხე გიორგი ჩიტიასა და მისივე ადვოკატ მამუკა ნოზაძეს ესაუბრება.

მამუკა ნოზაძე _ ადვოკატი:
_ ზვიად ქირია და გიორგი ჩიტიას მამა, მამუკა ჩიტია, კურსელები და მეგობრები იყვნენ. ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ზვიადი, ფაქტობრივად, მათ ოჯახში გაიზარდა და ა. შ. სწავლის დასრულების შემდეგ, გარკვეული წლების განმავლობაში, ერთმანეთთან კონტაქტი აღარ ჰქონდათ, მერე შეხვდნენ და ქირიამ ერთობლივი საქმის კეთება შესთავაზა. მან იცოდა, რომ მამუკა ჩიტიას ოჯახს ბიზნესი ჰქონდა, შესაბამისი ფირმა და საქმიანი გამოცდილებაც. მამუკა ჩიტიას გარდა, აღნიშნულ ბიზნესს მისი მშობლებიც აწარმოებდნენ. ზვიადისთვის ეს ყველაფერი მისაღები იყო ერთობლივად ბიზნესის საწარმოებლად.
ბუნებრივია, იმ ეტაპისთვის ზვიად ქირიას კეთილსინდისიერებაში არანაირი ეჭვი არ ეპარებოდათ. დააფუძნეს ფირმა, რომლის 40%-ის მფლობელი იყო გიორგი ჩიტია, 10%-სა გიორგის დედა, ხოლო დანარჩენი 40-%-ის _ ზვიად ქირია და 10%-ის _ მისივე მეუღლე. რეალურად, ეს ორი ოჯახის ბიზნესი იყო, 50-50-ზე.
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გიორგი ჩიტიას ჰქონდა და თავის საქმიანობას პარტნიორებთან შეთანხმებით ახორციელებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა, თუმცა კი დღემდე გაურკვეველია, ზვიად ქირიას რა უნდოდა ან დღეს რა სურს. ჯერ განაცხადა, რომ საქმის კურსში ჩამაყენეთო და ამ დროს ყველაფრის საქმის კურსში იმყოფებოდა, მათ შორის, ჩინეთშიც ერთად იყვნენ დაზგა-დანადგარების ჩამოსატანად და ბიზნესის წარმოებაზე ყველანაირ ინფორმაციას აწვდიდნენ.
მერე მოინდომა, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მასაც მინიჭებოდა და ამ შპს „იდეალქაფის“ დირექტორიც ყოფილიყო. გიორგი ჩიტიას თანხმობის გარეშე ის დირექტორი ვერ გახდებოდა, მაგრამ შემდეგ პრეტენზიები გაუჩნდა და შპს „იდეალქაფისთვის“ ხელშეშლა დაიწყო.
როდესაც ეს შპს ჩამოყალიბდა, გარკვეული თანხები ზვიად ქირიამ, რა თქმა უნდა, შეიტანა, თუმცა ამ ნაწილშიც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, _ არც წერილობითი არც სხვაგვარი. გიორგი ჩიტიას თავისუფლად შეეძლო, ეს უარეყო და ვერავინ დაუმტკიცებდა (ვერც ერთი სამართლებრივი განზომილებით), რომ მან მართლაც რაღაც თანხა შეიტანა. მაგრამ გიორგი ჩიტიამ, როგორც პატიოსანმა, კეთილსინდისიერმა ადამიანმა, ეს არ უარყო და შენატანს აფიქსირებს.
თუმცა თავიდან გარიგება ასეთი იყო, რომ ჩიტიების მხოლოდ ინტელექტუალური შესაძლებლობები უნდა ყოფილიყო ჩადებული ამ ფორმაში, ხოლო მატერიალური სახსრები ზვიად ქირიასი უნდა ყოფილიყო. ეს გარიგება ვერ შესრულდა, რადგან გიორგი ჩიტიას საკმაოდ სერიოზული თანხების გაღება მოუწია.
როდესაც ზვიად ქირიამ პარტნიორების თახმობით დირექტორის უფლებამოსილება მოიპოვა, შპს-სთვის ხელშეშლა დაიწყო. მივიდა ბანკში, გარკვეული ოპერაციები დაბლოკა და იდეალქაფი რაღაც ვალდებულებებს ვეღარ ასრულებდა სხვა, მესამე პირებთან ურთიერთობებში. მოკლედ, ფირმას რეალური პრობლემები შეექმნა. ყოველთვის იყო კომუნიკაცია გიორი ჩიტიას მხრიდან, რომ მოდი, რა გსურს, ხელს ნუ უშლი „იდეალქაფს“ და ა. შ.
ბუნებრივია, ხანდახან ცოლ-ქმარი ვერ რიგდება, ოჯახები ინგრევა და მისთ. ბიზნესშიც ხდება ასეთი ამბები, წილების შერწყმა, მათი გაყოფა და ა. შ. ეს ჩვეულებრივი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობაა, მაგრამ მან კონფრონტაციის გზა აირჩია და ჩივილი დაიწყო. დაახლოებით 2-3 წელია, უკვე პროკურატურაში ჩივის, თითქოსდა, გიორგი ჩიტია სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ აყენებდა და გიორგიმ „იდეალქაფის“ თანხა მიითვისა.
ჯერ ერთი, „იდეალქაფის“ 50%-ის მესაკუთრეა და მეორე, როგორც დირექტორს, შპს-ზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული. როგორ უნდა მიითვისოს? ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არის. ამ განცხადებების შეტანის შემდეგ მან არაერთი ადვოკატი გამოიცვალა. რეალურად კი ამაზე გამოძიება არავინ დაიწყო, რადგან ყველაფერი არასერიოზულ ელფერს შეიცავდა.
ზვიად ქირიას პრეტენზია დასაბუთებულია თუ არა, ეს საკითხის ერთი მხარეა, მაგრამ ყველაფერი სამოქალაქო-სამართლებრივი წესით უნდა გაირკვეს, რადგან აღნიშნული დავა სისხლის სამართლებრივი წესით რეგულაციას არ განეკუთვნება. შესაბამისად, პროკურატურაში ორ წელიწადზე მეტია, საქმე აღძრული არ იყო, იმ ფონზე, როცა ის უწყებას სისტემატურად აწუხებდა, მათ შორის, პროკურატურას შანტაჟის ენით ესაუბრებოდა, რომ ჩიტიების ოჯახს თითქოს ვიღაც მფარველობს და ეს ვიღაც მითიური პიროვნებაა. ხან ასეთი კონკრეტული პიროვნებები სახელდებოდნენ და ხანც _ არა, მაგრამ ამ პირებს ჩიტიების ოჯახთან რა კავშირები ჰქონდათ, ამას ვერ ასაბუთებდა.
ასევე გამომძიებლებს წერს, რომ დამკითხეთ და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით, თუ ვინ მფარველობს და რა დანაშაულებრივ ქმედებებს ახორციელებს გიორგი ჩიტია და ა. შ., მაგრამ როცა იკითხებოდა, ის კონკრეტულს ვერაფერს ასახელებდა. უბრალოდ, მიზანი დაკითხვების განხორციელება და მაკულატურის შეგროვება იყო.
პროკურატურა ეუბნებოდა, რომ საქმეში არაფერი იკვეთებოდა. ბოლოს, თქვენს გაზეთში ზვიად ქირიას ინტერვიუ დაიბეჭდა, თუმცა მის მიერ დასახელებულ ფაქტებში არანაირი ლოგიკური ბმა არ იკვეთება. მხოლოდ ზოგადი ფრაზეოლოგიით საუბრობს, მეორე მხარეს შეურაცხყოფს, მაგრამ ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა გიორგი ჩიტიას კონკრეტული უკანონო ქმედება.
ამის შემდეგ მოვლენები ისე ვითარდება, რომ გიორგი ჩიტიას მიმართ ბრალის წარდგენა ხდება სისხლის სამათლის კოდექსის 182-ე და 220-ე მუხლებით, თითქოს მან შპს „იდეალქაფის“ ქონება მიითვისა, ანუ იმ ქონებაზეა საუბარი, რომლის თანამესაკუთრეც თვითონვეა და, რეალურად, 1400 ლარზეა საუბარი. აღმოჩნდა, რომ არის სხვაობა, რამდენიმე თანამშრომელს ეს თანხა ხელზე აქვს აღებული, ნოტარიული წესითაც დამოწმებული აქვთ, რომ ეს თანხა მიიღეს. რა თქმა უნდა, ნოტარიუსთან დამოწმებულ მოსაზრებას, განცხადებას მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, რადგან როცა ადამიანი იქ მიდის, მისი ნება თავისუფალი უნდა იყოს, მასზე არანაირი ზეგავლენა არ უნდა ხდებოდეს და ა. შ.
მაგრამ მერე რა აღმოჩნდა: ორმა ადამიანმა თქვა, რომ ნოტარიუსთან არ დავაფიქსირე, ის თანხა მიღებული არ მაქვს და რეალურად ამდენი მაქვს აღებულიო. ეს სხვაობა სწორედ 1400 ლარი აღმოჩნდა და ამ თანხას ედავებიან, რომ თითქოს ეს მიითვისა, რეალურად კი არც ეს დასტურდება.
აქ საკითხის მთავარი არსი ის არის, რომ საქართველოში საბჭოთა პერიოდი ბრუნდება. იმ დროს პროკურატურას ნებისმიერი საწარმოს შემოწმების უფლება ჰქონდა, ზედამხედველობას არამარტო პოლიციას უწევდა. მაშინ სასამართლოზე ზედამხედველობის დეპარტამენტიც კი იყო. ნებისმიერ დროს შეეძლო საწარმოში შესულიყო, ამოეღო დოკუმენტები და შეემოწმებინა, ვინც უნდოდა, პასუხისგებაში მიეცა და ა. შ. მათ შორის, ბოლოს უკვე გარდამავალ პერიოდში (როცა სსრკ დაინგრა), პროკურატურას 1994-წლამდე ეს ფუნქცია ჰქონდა. კოოპერატივებსაც კი ამოწმებდნენ და მიზანი ის იყო, რომ ბიზნესი სახელმწიფოს ეკონტროლებინა, ვიღაცებისთვის წაერთვა და ა. შ.
დღეს ჩვენ სხვა რეალობაში ვიმყოფებით _ კონსტიტუციურად ბიზნესის თავისუფლება გარანტირებულია. ფაქტობრივად კი სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში სახელმწიფო ჩაერია და ამ მხრივ გიორგი ჩიტიას საქმე საშიში პრეცედენტია. ნებისმიერ დროს ყველას მიმართ შეუძლიათ ბრალის წარდგენა მოგონილი, შთხზული ბრალდებების საფუძველზე. ზოგადად, ნებისმიერი მსგავსი ურთიერთობის დროს ერთ-ერთი მხარე ყოველთვის უკმაყოფილოა, შეიძლება ათასი რაღაც თქვას და ამ ურთიერთობის დარეგულირებაში პროკურატურა ჩაერევა. ასეთი საშიში ტენდენციიდან გამომდინარე ყველას დამოკლეს მახვილივით პასუხისმგებლობა დაეკისრება.
მეორე: ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენს მივმართეთ. ეს ინსტიტუტი იმიტომ შეიქმნა და ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომ ასეთი ზეწოლები არ განხორციელდეს. არადა, ზეწოლაა, როცა ორი პარტნიორის ურთიერთობაში სახელმწიფო ერევა. წესიერ, ცივილიზებულ სახელმწიფოში პროკურატურა ეტყოდა, რომ ეს არ არის ჩემი განსახილველი საკითხი; მოგადგა ზიანი (ვთქვათ, ასე მოხდა), მაგრამ ეს წმინდა სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით განსახილველი საქმეა. უამრავი საქმეა სასამართლოებში, სადაც ერთმანეთს ედავებიან არა ფიზიკური პირები, არამედ პარტნიორები და ა. შ.
მაგრამ მან, ამ შემთხვევაში, ის გზა არ აირჩია, რომელშიც სახელმწიფო ჩაერია. ჩვენ ბიზნესომბუდსმენს მივწერეთ და ირაკლი ლექვინაძის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილს შევხვდით. ჩვენ რა გავაკეთოთ? დარღვევა რაში გამოიხატებაო? _ გვკითხა. ვუთხარი, რომ ბიზნესომბუდსმენი სახალხო დამცველის კვაზიუფლებამოსილების მქონეა, აქ ბიზნესმენის უფლებები ირღვევა და რეაგირება უნდა მოახდინოთ-მეთქი.
_ იცით, აქ გამოძიებაა დაწყებული და ჩვენ ვერ ჩავერევითო.
გამოძიება რომ უკანონოდ დაწყებულია, სწორედ ამაში უნდა ჩაერიონ და ამ ინსტიტუტის არსიც ის არის, რომ არც პროკურატურა ჩაერიოს ბიზნესის საქმიანობაში და არც მაკონტროლებელი ორგანოები. როდესაც კონკრეტულ კითხვას ვუსვამთ, _ აბა, რისთვის ხართ და რა შეგიძლიათო? _ თუ, ვთქვათ, საგადასახადო ინსპექციამ, შემოსავლების სამსახურმა მეწარმეს რაღაც თანხა დააკისრა ან სურსათის უვნებლობის სამსახურმაო? და ა. შ., ანუ, ფაქტობრივად, ეს ტყუილად შექმნილი ორგანოა და არაფერს აკეთებს. თუნდაც ტესტირებისთვის მივმართე, თუ რას აკეთებს ეს სახელმწიფო ორგანო და აღმოჩნდა, რომ სრულიად უმოქმედოა. ფაქტია, არც დაინტერესება აქვთ, სხედან და ბიუჯეტიდან თანხებს იღებენ.
დღეს ბიზნესმენი იმის გამო იჩაგრება, რომ სახელმწიფოში არაკეთილსინდისიერი ადამიანები თავის გავლენას იყენებენ. სამი წლის წინათ დაწყებულ გამოძიებაში გადაწყვეტილება მიღებული არ იყო, რომ გიორგი ჩიტიას მიმართ ბრალი წარდგენოდა. იგივე პროკურორები მუშაობდნენ სამი წლის წინათაც, ახალი არაფერი გაჩენილა. ამ დროს, ვიღაც უხილავმა ძალამ კონკრეტული პროკურორი აიძულა, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, რაც გიორგი ჩიტიას დაშანტაჟებას ემსახურება.
რა თქმა უნდა, ეს შედეგს ვერ გამოიღებს. მწამს, რომ ეს საქმე დემოკრატიულ ქვეყანაში, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, უპერსპექტივოა. მით უმეტეს, რომ ამ დავასთან მიმართებით ჩვენ ოფიციალური მიწერ-მოწერა გვაქვს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილებით, რომელიც ადასტურებს, რომ ეს სამოქალაქო დავაა და არა სისხლის სამართლებრივი.
თვითონ ზვიად ქირიასაც უამრავი შეთავაზება ჰქონდა. კარგი, ბატონო, თუ არ გინდა ჩიტიასთან ბიზნესის წარმოება და რაღაც პრობლემა გაქვს, ამისთვის სხვადასხვა ვარიანტები შევთავაზეთ. ან დაეთმო წილი და ჩიტია შესაბამის კომპენსაციას გადაუხდიდა, ან მას გიორგისთვის შესაბამისი კომპენსაცია გადაეხადა, ამით ის წილს დაუთმობდა და ა. შ. თუ ადამიანი პატიოსანია, მართლა ცდილობს ბიზნესის წარმოებას და სურს, რაღაც შედეგი დადგეს, მაშინ ისე იმოქმედებს, რაც მისთვის სასურველი იქნება და ასევე კანონიერი, სამართლიანი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.
მაგრამ ეს არ სურს, ერთადერთი მიზანი ის არის, რომ გიორგი ჩიტია გაამწაროს. მის ინტერვიუსაც ამ მხრივ სამართლებრივი და არგუმენტირებული დასაბუთება არ გააჩნია. მიზანი გახმაურება იყო, რომ ანგარიში გაწეოდა ამ ყველაფერს და გიორგი ჩიტიას ბრალი წარდგენოდა.
_ თავის დროზე, შპს რომ ჩამოყალიბდა, შეტანილი თანხები ოფიციალურად რატომ არ დაფიქსირდა?

გიორგი ჩიტია:
_ თვითონ ზვიად ქირიას თხოვნა იყო, რომ ის, როგორც ფულის შემტანი, არ გამოჩენილიყო, მისი თანხები არ გამოჩენილიყო. ეს იყო მთავარი მიზეზი, აქ სხვა მოტივაცია არ ყოფილა.
_ რატომ?
_ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგი ოჯახური ურთიერთობა გვქონდა, ჩვენ ზედმეტი კითხვები არ დაგვისვამს. ეს როგორც რეალობა, ისე მივიღეთ.
თავისთავად, მას არაფერი ეტყობა, რომ არ შეუძლია ადგომა, ბანკში მისვლა, პირადობის მიცემა და ამ თანხის ჩვეულებრივად შეტანა. ამას რომ გააკეთებდა, ავტომატურად აისახებოდა, რომ ზვიად ქირიაა აღნიშნული თანხის შემტანი. მე ვერ ავხსნი მის გადაწყვეტილებას.

მამუკა ნოზაძე:
_ პირმა ნება გამოხატა, რომ ჩემი სახელის დაფიქსირება არ მსურსო. გიორგი ჩიტიას მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი წერილობით დაფიქსირებულიყო და ა. შ. დღეს ძალით ხუთ ლარს არავინ გადაიხდის.
_ ქირია მის მიერ შეტანილი 250 ათასი დოლარის უკან დაბრუნებას ითხოვს…

გიორგი ჩიტია:
_ რას ნიშნავს, დამიბრუნონ ჩემი თანხა? ამას ვერ ვხვდები, როცა ეს თანხა კომპანიაში არის ასახული. როცა ჩვენ ვუღიარებთ, რომ ეს თანხა ნამდვილად შემოტანილია…
_ თქვენ ამას აღიარებთ?
_ თავისთავად. მე ეს თანხა რატომ უნდა მივცე? ეს თანხა ხომ არ მისესხია, საწარმოში შემოიტანა.
_ მაგრამ შემდგომში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო დღეს დაბრუნებას ითხოვს…

მამუკა ნოზაძე:
_ კი მაგრამ, ეს თანხა საწარმოში აქვს დაბანდებული. იქ ხომ დაზგა-დანადგარები არის შეძენილი, როგორ დაუბრუნოს ეს თანხა, ეს ხომ ერთად შეძენილი დაზგა-დანადგარებია?

გიორგი ჩიტია:
_ დავუშვათ, თქვენ იყიდეთ რაღაც საგანი და გსურთ, მისგან რაღაც აწარმოოთ. ხვალ იღვიძებთ და უკვე ამ საგნის გაყიდვა გსურთ, ბიზნესში კი ასე არ ხდება. შეიძლება, ილუზია ჰქონდა, რომ დღეს 250 დოლარი ჩავდე და ხვალვე შემიძლია უკან გამოვიტანოო. ეს მის გაუნათლებლობაზე მეტყველებს, თუ ზოგადად ბიზნესზე ასეთი წარმოდგენა ჰქონდა. ამიტომ ნებისმიერი ასეთი საქმისას წინდახედულობა უნდა გამოიჩინო.
ნებისმიერი ბიზნესი რომ იქმნება, ეს სულ რაღაც დროზე არის გათვილი. სამი-ოთხი წელი, ათი ან ოცი წელი, გააჩნია რა ინვესტიციას და რა სახის ბიზნესს ეხება, ამიტომ მე დღეს ფული ჩავდო და ხვალ პარტნიორს მოვთხოვო, არიქა, ფული მომეციო, ასეთი რამ არ ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი იდეაა ეს საქმე, ჩემი შექმნილია, მანდ მთელი ჩემი ცხოვრება და გამოცდილება მაქვს ჩადებული, ამ სიტუაციას მაინც ოპტიმისტურად ვუყურებდი და ვთავაზობდი, _ კარგი, ზვიად, გინდა შენი წილის გასხვისება, ამ წილს მე ვიყიდი-მეთქი. ვუთხარი რამდენიმე პირობა, რასაც ყველა მის ირგვლივ მყოფი იწონებდა, მაგრამ ის ბოლოს ამას თაღლითურ სქემას არქმევდა. მათ შორის, ამას მისი ადვოკატებიც იწონებდნენ, სამი ადვოკატი გამოიცვალა.
_ მისი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ დღეს ოფიციალურად დაფიქსირდეს შეტანილი თანხები…
_ ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ გვაქვს. იგი, რეალურად, კომპანიაში 50-%-ს ფლობს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც კი კომპანიაში აქტივებია, კომპანიის შეფასებით 50% მისია. აქედან გამომდინარე, რის დაფიქსირებაზეა საუბარი, როცა რეესტრში მის სახელსა და გვარზე წილის 50%-ია დაფიქსირებული? ანუ კომპანიაში წილი რომ არ ჰქონდეს და დღეს ფულისთვის იბრძოდეს (იქ წილი არ მაქვს და ამიტომო), ამისთვის შეიძლებოდა კიდევ რაღაც აზრი მიგეცა, მაგრამ აქ მსგავსი სქემა არ არის.
_ თქვენი სამართლებრივი დავა რა ეტაპზეა?

გიორგი ჩიტია:
_ რა ეტაპზეა და გაუგებარ სიტუაციაში აღმოვჩნდით.

მამუკა ნოზაძე:
_ როგორც მოგახსენეთ, ბრალდება აქვს წარდგენილი, გამოძიება მიმდინარეობს და აპრილში წინასასამართლო სხდომა არის დანიშნული. 182-ე მუხლით ვითომდა გიორგი ჩიტიამ მიითვისა ის ქონება, რომლის ნახევრის მესაკუთრეც თვითონ არის. 220-ე მუხლია საწარმოსთვის მიყენებული ზიანი და ეს რაში გამოიხატა: გიორგი ჩიტიამ თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და შპს „იდეალქაფის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა (რადგან მას გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა აღებული) თანხების დაკისრების თაობაზე.
ამ ეტაპზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ამიტომ კანონიერ ძალაში ჯერ შესული არ არის. პირმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და გარკვეული თანხის დაკისრება მოითხოვა… ეს არის ლეგალური გზა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით უზრუნველყოფილია სასამართლოსადმი მიმართვა, რომ ესა თუ ის საკითხი განიხილოს. ეს ყველაფერი კონსტიტუციითა და კანონით არის დარეგულირებული, რომ მან სასამართლოს მიმართა და რაღაც მოითხოვა. აქ არანაირი ზარალი არაფერში არ გამოიხატა. მატერიალური თვალსაზრისით ნული თეთრის ზიანიც კი არ არის მიყენებული გიორგი ჩიტიას მხრიდან.
_ ამ საქმეში გამოსავალს სად ხედავთ?
_ საკმაოდ გონივრული და ლოგიკური წინადადება შევთავაზეთ ზვიად ქირიას, ყველა ასპექტი გათვალისწინებულია და ის მოლაპარაკებაზე უნდა წამოვიდეს, საკითხი გაირკვეს. ეს, როგორც აღვნიშნე, ორ პარტნიორს შორის დასარეგულირებელი საკითხია. თუ ვერ დარეგულირდება, სამოქალაქო-სამართლებრივი კუთხით უნდა გადაწყდეს დავა და არა სისხლის-სამართლებრივი კუთხით, რადგან ეს სისხლის სამართალს განკუთვნილი საქმე არ არის.
ეს ისეთივე საქმეა, როგორიც, მაგალითად, ცოლ-ქმრის ურთიერთობის დროს საალიმენტოს დაკისრებასთან ან ამ საქმის დაწყებასთან მიმართებით. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დროს, მეუღლეების განქორწინებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესზე პროკურორი გამოდიოდა. ეს ხომ აბსურდია და ისევ იგივე ცინიზმი იწყება? ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია.
გამოსავალია, რომ მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ. საკმაოდ გონივრული წინადადებები მას პირად ფოსტაზე გადაეგზავნა და იცის ამის თაობაზე. თუ ვერ თანხმდებიან, სასამართლო წესით იდაონ.

გელა მამულაშვილი