სარკინიგზო რეალობა _ სამუშაოები 70 მ-ის სიმაღლეზე დამცავი აღჭურვილობის გარეშე

რკინიგზის დეპარტამენტს ლოჭინის ძველი სარკინიგზო ხიდის დემონტაჟის დროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. საუბარია თბილისის შესასვლელში სარკინიგზო ხიდზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომლის კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს და „კურიერს“ გადასცეს.

ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე მუშები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე მუშაობენ. დემონტაჟი, ეს დღეებია, დაახლოებით, 70 მ-ის სიმაღლეზე მიმდინარეობს. რკინიგზასა და ჯანდაცვის სამინისტროში დაწყებულია მოკვლევა იმის დასადგენად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე.
შრომის უსაფრთხოების კანონი, რომელმაც დასაქმებულთა უფლებები და სიცოცხლე უნდა დაიცვას, პარლამენტმა 2 კვირის წინ დაამტკიცა. სამოქალაქო სექტორის შეფასებით დოკუმენტი სრულად ვერ ასახავს საჭიროებებს და ის ისევ დასახვეწია. განსაკუთრებით კი ინსპექტირების კუთხით, არსებული ბარიერები კი მის ეფექტიანობას ამცირებს.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარეს, ვიტალი გიორგაძეს ესაუბრება:
_ გავრცელებული ვიდეოკადრების შემდგომ უკვე საზოგადოებისთვისაც გახდა თვალსაჩინო, საქართველოს რკინიგზაში არსებული ის მძიმე რეალობა, რაზედაც რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი წლებია, ამახვილებს ყურადღებას.
რკინიგზაზე დასაქმებულ ადამიანებს, მინიმალური სახელფასო ანაზღაურების სანაცვლოდ, ხშირად უწევთ ისეთი მძიმე სამუშაოს შესრულება, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
რკინიგზის ტოპმენეჯმენტი გავრცელებულ ვიდეოკადრებს კვლავ არაადეკვატურად გამოეხმაურა! ისევ უარი ეთქვა დასაქმებულების წარმომადგენლებს, პროფკავშირს, მონაწილეობა მიეღო არსებული პრობლემის ძირეულ კვლევაში და ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რეალურად ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიისა და იქ დასაქმებული ათიათასობით რკინიგზელის კეთილდღეობას.
ადმინისტრაციამ საშუალო რგოლის მენეჯერების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.
მომხდართან დაკავშირებით რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი დეტალურად ფლობს ინფორმაციას და შესაბამისად, მიაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილებები გახლავთ რეალური დანაშაულის მიჩქმალვა.
ცდილობენ, ჯოხი გადატეხონ ადამიანებზე, რომელთა ბრალეულობაც მხოლოდ ის გახლავთ, რომ უსიტყვოდ და მონური მორჩილებით ასრულებენ ტოპმენეჯმენტის ბრძანებებს. უწევთ გარისკონ არა მარტო საკუთარი, არამედ თავიანთი კოლეგების სიცოცხლეც.
ლოჭინის ძველი ხიდის დემონტაჟის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით სს „საქართველოს რკინიგზა“ განმარტავს:
„ლოჭინის ხიდზე მიმდინარე ლიანდაგის ზედნაშენის დემონტაჟის გეგმური სამუშაოების წარმოების დროს ვიზუალური დაკვირვებითაც კი იკვეთება რკინიგზაში მოქმედი უსაფრთხოების ინსტრუქციების დარღვევა.
პროფესიული და სამსახურებრივი პასუხისმგებლობის გრძნობის გათვალისწინებით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს ხელოვნურ ნაგებობათა ცენტრის უფროსმა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამუშაოებს.
ამასთან, რკინიგზაზე მოქმედი შრომის შინაგანაწესის შესაბამისად გაფრთხილება გამოეცხადათ აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს უფროსს, მის მოადგილეს ხელოვნურ ნაგებობათა დარგში და ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინერს“.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირისთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს რკინიგზას ფიზიკურად არ გააჩნია უსაფრთხოების ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები, რომელიც აუცილებელია მსგავსი ტიპის სამუშაოების შესასრულებლად. მეტიც: ამ აღჭურვილობის შეძენისთვის რკინიგზის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, სწორედ ქვედა რგოლის ხელმძღვანელებისა და პროფესიონალი რკინიგზელების დამსახურებით, რიგითი ზეინკლების, ლიანდაგის მონტიორებისა და სავაგონო მეურნეობის მუშათა თანამონაწილეობით ხდებოდა, ისედაც მიზერული ხელფასიდან, ერთობლივი ძალისხმევით სამუშაო იარაღების, სპეცხელთათმანებისა თუ სხვა დამცავი საშუალებების შეძენა.
მივმართავთ დასაქმებულებს და მათ უშუალო ხელმძღვანელებს:
ნუ გახდებით მსხვერპლნი მანკიერი გარიგებების, ჩვენც რკინიგზელები ვართ და წლების წინათ რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სწორედ იმ მიზნით ჩამოვაყალიბეთ ყველამ ერთხმად, რომ რკინიგზელების ღირსება აღვედგინა. ღირსება, რომელიც ყოველთვის გვქონდა და ყოველთვის იმაზე მეტად გვიღირდა, ვიდრე ჯამაგირი!
ჩვენ, რკინიგზელებმა, ყველამ კარგად ვიცით, რა ელის სამმართველოს უფროსსა თუ უშუალო ბრიგადირს, რომელიც დირექტორთა საბჭოს მუშისთვის ხელთათმანს მოსთხოვს!
კარგად ვიცით, რომ საწარმოო შემთხვევები, ყოველთვის ჩვენ გვერდით გარდაცვლილ მუშებს ბრალდება!
ვიცით, რომ პრობლემა სისტემურია და ვიცით, რომ ეს სისტემა რკინიგზაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს!
ვალდებულნი ვართ, გავერთიანდეთ ამ საერთო მიზნის მისაღწევად! იქნება სოლიდარობა?! ყველაფერი გამოვა!
_ ლოჭინის ხიდის მშენებლობის ვიდეოკადრებში, კონკრეტულად, რა იკვეთება?
_ ვიდეოში ჩვეულებრივად ჩანს, რომ ადგილზე აწარმოებენ სამუშაოებს, სადაც უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები დაცული არ არის. არ აქვთ სპეციალური აღჭურვილობა და ინსტრუქტაჟი არ გაუვლიათ, რაც პირდაპირ სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა. ადამიანები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე ასეთ რთულ სამუშაოს ასრულებენ.
რკინიგზის დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება კი მოახდინა, მაგრამ ის ადამიანები მოხსნა (ჯოხი მათზე გადატეხა), რომელთა რეალური დანაშაული ის გახლავთ, რომ მონურ პირობებში მყოფნი, ყველაფერში ზემდგომ პირებს ემორჩილებიან.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას ვგულისხმობ, რომ თვითონ რკინიგზას შეძენილი არ აქვს მსგავსი აღჭურვილობა და ჩემთვის გაუგებარია, ამ ადამიანებს რას სთხოვდნენ? ბრძანება გაიცა, რომ აქ სამუშაოები შესრულებულიყო და ხელმძღვანელმა, დირექტორმა შესანიშნავად იცოდა, რომ ამ სამუშაოს შესაბამისი აღჭურვილობა სჭირდებოდა; და ეს ყველაფერი, უბრალოდ, არ ჰქონდათ, რკინიგზა ამას არ ყიდულობს.
მეტიც: თვითონ დასჯილი უფროსები (უშუალოდ ხელმძღვანელები), სისტემატურად, ყოველ თვეში, თავიანთი და მუშების ხელფასებიდან, მაგალითად, 50 ლარს სწირავენ, რომ აღნიშნული სპეცტანსაცმელი, ხელთათმანი და მსგავსი რაღაცები შეიძინონ.
როგორც რკინიგზაში ხდება ხოლმე, ამ ადამიანებს შეჰპირდნენ, რომ ახლა თქვენ დაისჯებით, მაგრამ შემდგომში ჩვენ ამას გავითვალისწინებთო… ოღონდ მათზე, უშუალოდ დირექტორატზე არ მიმართულიყო პასუხისმგებლობის საკითხი და მათ ხელმძღვანელები გადაეფარნენ. არადა, ამ საქმეში რეალური დამნაშვე დირექტორატია.
სამწუხაროდ, სისტემური პრობლემაა, რომ რკინიგზაში ასეთი მართვაა. არ გამოვრიცხავ, რომ ის რამდენიმე ადამიანი, ვინც დანაშაული საკუთარ თავზე აიღო, ცოტა ხანში უფრო დიდ თანამდებობაზე ვიხილოთ, რადგან მათ ზემდგომი ადამიანი, რეალურად, გადაარჩინეს.
_ ასეთ პირობებში მუშაობამ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?
_ სიკვდილი, დაღუპვა, რომელიც არსებულ რეალობაში ყოველთვის დასაქმებულს ბრალდება ხოლმე! სამწუხაროდ, რაც კი მსგავსი შემთხვევები გვქონია, მხოლოდ და მხოლოდ, დასაქმებულს ბრალდება. ვისაც რეალურად ეკუთვნის პასუხისმგებლობა, ისინი ამ ყველაფერს თავიდან იცილებენ.
_ სისტემაში საშუალო ხელფასი რამდენია?
_ საშუალო ანაზღაურება რკინიგზაში 500-600 ლარია.
_ საქართველოს რკინიგზას რომ ფიზიკურად არ გააჩნია უსაფრთხოების ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები, რომელიც აუცილებელია მსგავსი ტიპის სამუშაოების შესასრულებლად, ამ მდგომარეობას რა იწვევს?
_ დავუშვათ, ნანახი გვაქვს რკინიგზის ბიუჯეტი, სადაც რეალურად გაწერილია, რომ ეს საშუალებები დეპარტამენტმა უნდა შეიძინოს, აღნიშნული შესყიდვები წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, თუმცა პრაქტიკაში იმას ვხედავთ, რომ ინვენტარი არ არსებობს. არ ვიცი, ფულს ზოგავენ, არ ხარჯავენ, თუ უფრო კორუფციული გამოვლინებაა?!
ეს ყველაფერი უკვე აუდიტის სამსახურის დასადგენია. ჩვენ, სამწუხაროდ, აღნიშნულ დოკუმენტაციაზე წვდომა არ გვაქვს.
_ რა ელის სამმართველოს უფროსს თუ უშუალო ბრიგადირს, რომელიც დირექტორთა საბჭოს მუშისთვის ხელთათმანს მოსთხოვს?
_ როგორც წესი, ასე ხდება: თუ უშუალო ხელმძღვანელი მის ზემდგომს სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელ პირობებს მოსთხოვს, ამ შემთხვევაში ეს ადამიანები ქვეითდებიან; რადგან ხელმძღვანელები მათზე ბრაზდებიან და ჯიბრში უდგებიან ასეთ ადამიანებს, რომლებიც მართლა ცდილობენ, რომ დასაქმებულებზე იზრუნონ. ყველაზე ადვილ შემთხვევაში ასეთებს ან დააქვეითებენ, ან აითვალწუნებენ.
ამიტომ უშუალო ხელმღვანელები ერიდებიან, მათივე უფროსებთან პრიციპულად დააყენონ ის საკითხები, რომელთა უზრუნველყოფაც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს პირდაპირ უკავშირდება, ამით კი საკუთარ სიცოცხლესაც სწირავენ და სხვისასაც.
_ რატომ არის რკინიგზაში არსებული პრობლემები სისტემური?
_ რკინიგზაში ყოველთვის ასეთი მართვაა. სამწუხაროდ, ეს რეალობა დღესაც გრძელდება. რკინიგზა დიდი, საკმაოდ შემოსავლიანი ორგანიზაციაა, ძალიან ბევრი ინტერესია და, შესაბამისად, პრობლემური გამოვლინებები ტრადიციად დამკვიდრდა. რეალურად, რა სისტემითაც დღეს რკინიგზას ხელმძღვანელობენ, ამით ვერ კონტროლდება.
აქ ბიუროკრატიკულ სისტემასაც ვგულისხმობ და საკმაოდ ბუნდოვან ფინანსურ მენეჯმენტსაც.
_ როგორ უნდა დაინგრეს ეს სისტემა (რაზედაც საუბრობთ), გამოსავალი სად არის?
_ რკინიგზის მართვის მენეჯმენტის უამრავი მოდელი არსებობს: დასავლური მოდელები, თუნდაც ჩვენი ძველი, საბჭოური მოდელი. უბრალოდ, ადმინისტრირებაა საჭირო და კანონის დაცვა. ადამიანები, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ, უნდა დაისაჯონ.
მთავარი პრობლემა სწორედ ის გახლავთ, რომ რკინიგზაში არავინ პასუხს არ აგებს, აქ ჩადენილი დანაშაული არ ისჯება. შედეგიც ნათელია.
_ ამ შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი რა დონეზე დგას?
_ ჩვენ ეს საკითხი ცალსახად დავაყენეთ, თუმცა, როგორც ვნახეთ, ისევ მთელი ტვირთი დაბალი რგოლის ხელმძღვანელობაზე გადავიდა.

არსებულ მდგომარეობას მოქალაქეებიც ეხმაურებიან:

დათო გოჩავა: „დიდი ტვინიც არაა საჭირო მიხვდე, „საქართველოს რკინიგზის“ მომავლით რეალურად ვინ არის დაინტერესებული. ფაქტია, რომ ბოლო წლებში არაკომპეტენტურობამ და კორუფციამ წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია და ამას „სახელმწიფო“ უჭერს მხარს. „საქართველოს რკინიგზა“ ერთ-ერთ ყველაზე არაეფექტიან სარკინიგზო საწარმოდ ჩამოყალიბდა რეგიონში. ასე იქნება დიდი ხანი, თუ რკინიგზის მართვის ფილოსოფია და ხერხები არ შეიცვლება. იმას, რასაც მოქმედი დირექტორთა საბჭო აკეთებს, სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფა ჰქვია. მხოლოდ პირადი ინტერესები განსაზღვრავს მის მოქმედებას. შეიძლება ამ ყველაფრის შეცვლა, თუ რკინიგზელები ერთად დავდგებით, არ არის ეს ძნელი და რთული. ერთხელ მაინც ვცადოთ, იქნებ, გამოგვივიდეს! ვინც დღეს რკინიგზას მართავს, მართლა არ აქვს რამის შეცვლის შანსი“.

უჩა ღვთისიაშილი: „ვერ ელევიან მაგ გუნცაძე-ცაგურია-კაციტაძეებს და ხორავას. თუ ეგენი არ გაუშვეს, მაშინ ბრძოლაა საჭირო, რომ რკინიგზა მათნაირებისგან განთავისუფლდეს. მათი ბოგინი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რკინიგზაში, ისე არაფერი გამოვა“.

გიორგი ბაბუნაშვილი: „აბა, უჩა თავის შვილს ხომ არ დასჯის. თავებს რომ იშტერებენ, ვითომ არ იციან, მუშებს რომ არანაირი უსაფრთხოება არ გააჩნიათ. იტყვიან რამეს და წადიო. ხომ იცით მათი პასუხი“.

ანა-მარია დ.: „დიდი ხანია, გაერთიანებისაკენ მოვუწოდებთ, მაგრამ ადამიანებს აშინებენ და ისინიც, მინიმალური ხელფასი რომ არ დაკარგონ (რომელსაც, ალბათ, პურის ფულად იყენებენ) ჩუმდებიან“.

ცნობისთვის: „საქართველოს რკინიგზა“ სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე კომპანიაა, სადაც 13 000 ადამიანია დასაქმებული;
2017 წლის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, კომპანია, ხშირად, უხეშად არღვევს შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს;
2016-17 წლებში გარდაიცვალა 9 და მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი რკინიგზელი;
რკინიგზაში ინფრასტრუქტურას ვასილ ხორავა ხელმძღვანელობს,
მისი გადადგომის მოთხოვნით კი რკინიგზელები 18 დღე უშედეგოდ შიმშილობდნენ.

გელა მამულაშვილი