სიცოცხლით დამარცხებული დიაგნოზი

ყოველდღიურად ათობით ადამიანის დიაგნოზირება ხდება.
ყოველდღიურად ათობით ადამიანის სიცოცხლე იცვლება ფურცლის პატარა ნაგლეჯზე დაწერილი ერთი სიტყვით.
ყოველდღიურად სვამენ ექიმები დიაგნოზს და თითქოს ამით ამ ადამიანების ცხოვრებასაც განსაზღვრავენ, გარკვეულ ჩარჩოში აქცევენ.

სამედიცინო ენაზე ტერმინი დაავადება შემდეგნაირად განიმარტება _ ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ძირითადად, ეს ტერმინი ნეგატიურ კონტექსტს ატარებს და უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს ადამიანებში.
არსებობს თანდაყოლილი და შემდეგ კონკრეტული მიზეზით შეძენილი დაავადებები.
გარდა ამისა, განსხვავებულია თავად დაავადებათა კლასიფიკაცია მათი გამომწვევი მიზეზების მიხედვით. არსებობს ინფექციური დაავადებები, რომელიც, ძირითადად, გამოწვეულია ორგანიზმში ბაქტერიების მოხვედრის შედეგად. ასევე დავადებათა კლასიფიკაციის სისტემაში ვხვდებით შედარებით მძიმე, ქრონიკულ და ფსიქიკურ დაავადებებსაც, რომელიც გარკვეული ტიპის დარღვევებით არის განპირობებული.
ბოლო პერიოდში საქართველოში ქრონიკული დაავადებების რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა, მათ შორის, ყველაზე მაღალი პროცენტით გამოირჩევა ჰიპერტენზია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
გარდა ამისა, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით იმატა სიმსივნური დაავადებების რიცხვმა.
2017 წელს საქართველოში სიმსივნური დაავადებების 8279 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტროშიც და საავადმყოფოებშიც ადასტურებენ, რომ ონკოპაციენტთა მიმართვიანობა სულ უფრო მზარდია.
მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს თავად დაავადებების გამომწვევი მიზეზების, გამოვლენის ფორმებისა და იმ შედეგების შესახებ, რაც ორგანიზმს შეიძლება მოუტანოს კონკრეტულმა დაავადებამ.
გარდა ამისა, ნაკლებად არსებობს ჩვენს მოქალაქეებში დროული შემოწმებისა და დიაგნოსტირების კულტურა. ნაკლებია ყოველწლიური შემოწმებები, რაც დაავადების დროულ აღმოჩენასა და ეფექტიან დიაგნოსტირებას უწყობს ხელს.
ჯანდაცვის სამინისტროს გარკვეული პროგრამები მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას სხვადასხვა პათოლოგიის შესახებ, ასევე მათ დროულ შემოწმებასა და არსებული რისკების შეფასება/პრევენციას.
სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი ცხადყოფს, რომ დაავადებათა გავრცელების სიხშირე ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. ეს კომპლექსური მიზეზებითაა განპირობებული: სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ასევე არასტრესული სამუშაო და სასწავლო გარემო. ეს იმ ფაქტორთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.
მძიმე ონკოლოგიური დაავადებები ხშირად ვლინდება ჩვენს ქვეყანაში, თუმცა დიაგნოზი ყოველთვის განაჩენს არ ნიშნავს და არც მხოლოდ მკურნალობაა გამოსავალი.
„ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, ძალიან ძლიერი და საინტერესო ადამიანები გაგაცნოთ, კიდევ უფრო საინტერესო და, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ისტორიებით.
ეს არის ამბები ქალებზე, დედებზე, შვილებზე, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს და დაამტკიცეს, რომ საკუთარ ბედისწერას ყველა თავად ვწერთ საკუთარი ხელებით და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ეს არის ამბები უდიდეს მოტივაციაზე, დაჯერებულ სასწაულებსა და წამით ნანახ სიკვდილზე, რომელსაც გადააბიჯეს და დღეს ნორმალური რეჟიმით აგრძელებენ ცხოვრებას.
ეს არის ამბავი დამარცხებულ დიაგნოზებსა და გამარჯვებულ პაციენტებზე.

დედა რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არსებაა, ამაში თიკო მახარობლიძის ისტორიაც დაგარწმუნებთ:
27 წლის თიკო ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა. მის უფროს ვაჟს, ხუთი წლის ლაზარეს, ოთხი წლის წინათ მძიმე დიაგნოზი _ ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე (ჰეპატობლასტომა) დაუსვეს. სასოწარკვეთილ და შეშინებულ დედას ერთი წამითაც არ უფიქრია დანებება. მრავალი პროცედურისა და უმძიმესი გზის გავლის შემდეგ სუპერმენ ლაზარეს დედიკომ სასურველ შედეგს მიაღწია და დღეს ლაზარე სრულიად ჯანმრთელია და სკოლისთვის ემზადება, სადაც ბევრი საგანი უნდა ისწავლოს და ბევრი ახალი მეგობარი შეიძინოს. ამ საინტერესო ისტორიაში კიდევ უფრო საინტერესო და განსაკუთრებული ისაა, რომ დედამ ლაზარეს დონორობა გაუწია და ღვიძლი გადაუნერგა, რაც მედიცინაში საკმაოდ რთული და სარისკო პროცედურაა:
„დეკემბერში მუცლის მარჯვენა მხარეს შემთხვევით შევნიშნეთ, ლაზარეს სიმაგრე ჰქონდა და ექიმთან მივიყვანეთ. ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დავდექით,
უაღრესად რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. შეგრძნება მქონდა, რომ ცხოვრება მენგრეოდა თავზე, ჩემ გარშემო ვერაფერს ვხედავდი. ასე მეგონა, ბურუსით დაიფარა ყველაფერი, არ ვიცოდი, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება, მეშინოდა დაღამებისა და გათენების. ყოველი წამის დადგომის მეშინოდა! მეგონა, ჩემს ერთადერთ შვილს დავკარგავდი. ჩემი მეუღლე უიმედობის საშუალებას არ მაძლევდა, ჩემგან განსხვავებით ის ყველაფერს იმედის თვალით უყურებდა…
დიაგნოზის დასმისთანავე აუცილებელი იყო სასწრაფოდ მკურნალობის დაწყება. ქიმიოთერაპია დაგვინიშნეს. თითქმის 9 თვე კლინიკაში მოგვიწია ცხოვრება. მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი სიმსივნით დაავადებული ბავშვი გავიცანით. ასე რომ ვთქვათ, კლინიკა ჩვენს სახლად გადაიქცა, ლაზარემ პატარა მეგობრები გაიჩინა. ძალიან მიჭირდა იქ ყოფნა, უამრავი გაჭირვებული ბავშვისა და მათი მშობლების ყურება. ჩვენი იქ ყოფნის დროს ძალიან ბევრი ბავშვი გარდაიცვალა, ეს ისეთი რთული იყო ჩემთვის, შინაგანად მანგრევდა, მანადგურებდა და უიმედობის განცდას მიყალიბებდა.
ძალიან მაძლიერებდა ჩემი ოჯახის მოძღვარი მამა კონსტანტინე (ლეკიშვილი), ჩემი და ჩემი მეუღლის მეგობრები, ნათესავები. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოგვშორდა ამ გაჭირვების დროს, რომლის გვერდში დგომაც საკმაოდ მჭირდებოდა, მაგრამ მადლობა უფალს, დამანახა, ვინ ვინ იყო. სამაგიეროდ, სრულიად უცხო ადამიანებისგან იმხელა ყურადღებას ვგრძნობდით. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ წუთებში გვერდში დგომა, ამ დროს ხომ ჩემი ოჯახის ბედი წყდებოდა _ ან დავმარცხდებოდით, დავიღუპებოდით, ან გავიმარჯვებდით.
მადლობა ჩემი და ჩემი მეუღლის მეგობრებს, ნათესავებს. ძალიან დიდი მადლობა ფინანსური დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას, დიმიტრი ცინცაძის ფონდს, სოლიდარობის ფონდს და ჩვენს მეორე ოჯახს „ბერი ანდრიას ფონდს“, ყველას დიდი მადლობა, ვინც 1 ლარი გაიღო ლაზარეს გადასარჩენად. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, მისი თავგანწირული გვერდში დგომის გარეშე მე მარტო ლაზარეს გადარჩენა გამიჭირდებოდა.
როდესაც თურქეთში წავედით, ჩვენი ქირურგის თქმით, ძალიან რთული მდგომარეობა გახლდათ და შესაძლებელი იყო, ლაზარეს ღვიძლის გადანერგვა დასჭირვებოდა. თითქმის 1 თვე მსჯელობდნენ, თუ როგორი ოპერაცია ჩატარებულიყო. კონსილიუმის შემდეგ გადაწყდა, რომ აუცილებელი იყო ღვიძლის გადანერგვა. ექიმმა ჩემი და ჩემი მეუღლის შეთავსებაზე ანალიზის ჩაბარება მოითხოვა. 1-კვირიანი ლოდინი ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული დრო იყო. ექიმმა გვითხრა, რომ დიდი ალბათობით რომელიმე მშობელი იქნებოდა დონორი, თუ არადა, შემდეგ ნათესავი უნდა მოგვეძებნა. ჩემ გარშემო რამდენიმე ადამიანს შეეძლო ამის გაკეთება. როდესაც ანალიზის პასუხებს ველოდებოდით, ამ თემაზე პარალელურად დაველაპარაკე ჩემს ნათესავებს, რასაც ძალიან ცუდი რეაქციები მოჰყვა. სამწუხაროდ, მე არავის ვავალდებულებდი ჩემი შვილის გადარჩენას, ეს, უბრალოდ, შეშინებული დედის თხოვნა იყო. რაღაცის იმედი მინდოდა მქონოდა, ასე იყო, ალბათ, საჭირო. უარი მივიღე, მაგრამ, საბედნიეროდ, უფალმა იმის საშუალება მომცა, რომ მე თვითონ გადამერჩინა ჩემი შვილი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ამ სიხარულსა და განცდებს ვერ გადმოვცემ, ეს იყო რაღაც არაამქვეყნიური.
მხოლოდ ლაზარეზე ვნერვიულობდი, ჩემს თავზე საერთოდ არ ვფიქრობდი, ასევე ძალიან ბევრს ვფიქრობდი და ძალიან მეცოდებოდა ჩემი მეუღლე, ყველაზე რთულ სიტუაციაში ის იყო. საოპერაციოში გვიშვებდა მეუღლეს და ერთადერთ შვილს. არ ვიცოდით, რა მოხდებოდა, ოპერაცია 11 საათი გაგრძელდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ამ განსაცდელმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, ბევრ რამეზე დამაფიქრა, ჩემი ცხოვრება მართლაც 360 გრადუსით შეცვალა!
ლაზარეს დაავადება იმდენად რთულია, ძნელია თქვა, რომ გაიმარჯვე და ამის თქმის, ცოტა არ იყოს, მეშინია, მაგრამ ახლა ნორმალურად მიდის ყველაფერი, რისთვისაც მადლობა უფალს, მაგრამ მოგვიწევს ამ პრობლემით მუდმივად ცხოვრება. რაც ყველაზე რთულია, ეს არის მუდმივად შიშში ყოფნა, მუდმივად დაძაბული ყოფნა.
მშობლებს, რომლებსაც იგივე პრობლემა აქვთ და შვილების სიცოცხლისთვის იბრძვიან, ვურჩევდი, უფალს მიენდონ. არასდროს დამიკარგავს უფლის რწმენა, ძალიან ამ საშინელ დაავადებასთან ბრძოლა, როცა არ იცი, რა იქნება ხვალ, არ იცი, შენი შვილი ცოცხალი იქნება თუ არა, ყოველი წამი გეტკბილება, გინდა, რომ დრო გაჩერდეს, ისე გეშინია ყველაფრის და სწორედ ეს შიში განგრევს, განადგურებს, მაგრამ ეს ყველაფერი მწარე რეალობაა. ხანდახან არც გწამს, რომ ეს ყველაფერი შენს თავს ხდება, დედა ხარ და არაფრის გაკეთება შეგიძლია შენი შვილისთვის. ძალიან ძნელია, ყველას გამძლეობას ვუსურვებ, უფალმა ყველა დედას გაუხაროს გული შვილის კარგად ყოფნით“.

არანაკლებ რთული გზა გამოიარა 32 წლის ანა მამულაშვილმა, რომელმაც მისთვის სრულიად გაუგებარი დაავადება _ მელანომა დაამარცხა და დღეს ორ შვილს ზრდის, ასევე წარმატებული კარიერა აქვს ჟურნალისტიკაში:
„2013 წლის მაისში, როდესაც ნაცხის ანალიზი გამიკეთდა ხალზე, რომელიც ზომაში გაიზარდა და ფერი შეიცვალა, მითხრეს, რომ მელანომა იყო. იმ მომენტში ჩემთვის არაფერს ნიშნავდა ეს სახელი, ამიტომ ვერ მივხვდი, რა დაავადებასთან მქონდა საქმე. თუმცა მერე უკვე ბევრი წავიკითხე და ამიხსნეს, რომ ეს არის კანის სიმსივნე. მეორე დღესვე დაინიშნა ოპერაცია და ამოკვეთეს.
მკურნალობა იყო ხანგრძლივი და საკმაოდ რთული. ჩამიტარდა ინტერფერონის ერთწლიანი მკურნალობა, რომელიც საკმაოდ აგრესიული პრეპარატია და დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ჩემი შვილი პირველი მოტივატორი იყო ჩემთვის და ასევე საყვარელი საქმე.
მე თუ მკითხავთ, ამ დროს აქტიური ცხოვრება და საზოგადოებასთან ხშირი კონტაქტი აუცილებელია. საკმაოდ რთული გრაფიკით მიწევდა მაშინ მუშაობა. დილით მიმყავდა დილის გადაცემა ტელეკომპანია „ჯიდიესზე“, ხოლო ოთხშაბათობით შოუ „ერთი-ერთში“. ამ დროს არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ბევრი ფიქრის დრო, რაც მეტად დაკავებული იქნები, მით მეტად გიადვილდება ამ სიძნელეების გადალახვა.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ადამიანების თანადგომა პაციენტისთვის. ყველა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ასეთ სიტუაციაში ხელი შეუწყოს ადამიანს, რომ ისედაც ძალიან რთული ყოფა შეუმსუბოქოს.
ეს იყო გაკვეთილი. ღმერთმა ადამიანების სიყვარული მასწავლა. ეს იყო გამოცდა. გარშემო ისეთი ხალხი აღმომაჩნდა, რომ მათ მაჩვენეს ადამიანობის, სიყვარულის, გვერდში დგომისა და ნუგეშის მაგალითი. დედამიწაზე მთავარი პრობლემა სიყვარულის დეფიციტია. თუ ჩვენ შევძლებთ, სხვისი ტკივილი გავითავისოთ, მაშინ ადამიანებად შევდგებით. ამ დაავადებამ და იმ ხალხმა, ვინც იმ პერიოდში ჩემთან იყო, მე ეს დამანახა და მადლობა ყველას ამისთვის. არასოდეს მქონია განცდა, რომ ყველაფერი დამთავრდა. პირიქით, ამის მერე დაიწყო ცხოვრება და მე შევძელი, საკმაოდ რთული ოპერაციებისა და ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ ახალი სიცოცხლე მეჩუქებინა დედამიწისთვის. ყველა განსაცდელს მოსდევს დიდი სიხარული, მთავარია, ადამიანებმა ეს დაიჯერონ.
ვცხოვრობ აბსოლუტურად ჩვეულებრივი და აქტიური ცხოვრებით, წელიწადში ორჯერ ვიკეთებ გამოკვლევებს და მიხარია ყოველი დილის გათენება. არავინ იცის, რომელი დილა იქნება ბოლო, ამიტომ ბედნიერები უნდა ვიყოთ“.

საერთოდ, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს გარკვეული მნიშვნელობა და როლი აქვს. ერთი შეხედვით, უმნიშვნელომაც შეიძლება შეიძინოს მნიშვნელობა და მძიმე და მტკივნეულიც აღმოჩნდეს ბევრის მასწავლებელი.
მათ ნახეს, იგრძნეს, გამოიარეს, ეშინოდათ და მაინც იბრძოლეს. მთავარი სწორედ ისაა, რომ იბრძოლეს და არც უფიქრიათ დანებებაზე.
ანასა და ლაზარეს ისტორიები მცირე ნაწილია იმ უდიდესი სასწაულებრივი ამბებისა, რომელიც ამტკიცებს, რომ დიაგნოზი არ არის განაჩენი _ იმედის ქონას და დაუღალავ ბრძოლას შედეგი სწორედ სიცოცხლით მოაქვს.

ანა ურუშაძე