დახარჯული ელექტროენერგია უდრის მიღებულ გადასახადს?

მართალია, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრობლემები ენერგეტიკულ სფეროებში დღითი დღე იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილებასთან ერთად.

სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები ხელოვნურად გაზრდილი ტარიფების შესახებ ჩივიან.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც კურორტ ურეკის მცხოვრებლებს საკმაოდ სერიოზული პრობლემა აწუხებთ. მათ იმაზე მეტი გადასახადი მოსდით, ვიდრე მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიაა.
იგივე ფაქტების სიხშირე სამეგრელოშიც და, კერძოდ, ქალაქ ფოთშიც, ბოლო პერიოდია, განსაკუთრებით შეიმჩნევა.
საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში სულ უფრო მეტი მომხმარებელი გამოთქვამს პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიების მხრიდან ირღვევა მათი უფლებები და იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე მათ მიერ დახარჯული ელექტროენერგიაა.
რა იწვევს ხელოვნურად ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას და რა კონკრეტული სპეციფიკა ახასიათებს აღნიშნულ საქმეს?
როგორც ცნობილია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ახალი სატარიფო მეთოდოლოგიებით, რომლებიც შემუშავდა უცხოელ ექპერტებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის“ პროექტის ფარგლებში და საერთაშორისო გამოცდილებას ითვალისწინებს.
ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ტარიფები ამ მეთოდოლოგიების საფუძველზე დგება და ის საფეხუროვანი სისტემის სახელწოდებითაცაა ცნობილი. ექსპერტების მოსაზრებით, საქართველოში ელექტროსისტემა, პირობითად, ოთხ საფეხურად შეიძლება დაიყოს: ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, დისპეტჩერიზება და განაწილება.
თითოეული ეს საფეხური კონკრეტულ პროცედურებს უზრუნველყოფს, რაც ელექტროსისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
დღეს ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის განაწილებას ორი დიდი კომპანია უზრუნველყოფს: „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“.
თითოეული მათგანი განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მოქმედებს და შესაბამის რეგიონში ბუნებრივ მონოპოლისტს წარმოადგენს.
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ 2014 წლის 30 ივლისის დადგენილებით განისაზღვრება. ეს დოკუმენტი ამტკიცებს ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც ამ მეთოდოლოგიით ტარიფების გაანგარიშებისას გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების (ზღვრული ფასების რეგულირება) პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას.
გაანგარიშებული ფორმულების შესაბამისად დადგინდა ტარიფი, რომელიც განსხვავებულია სხვადასხვა კომპანიის შემთხვევაში, თუმცა საერთო არის ტარიფების საფეხუროვანი სისტემა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა რაოდენობის დახარჯული ელექტროენერგიის შესაბამისად მისი ტარიფების დიფერენციაციას.
ნათლად რომ განვმარტოთ, მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფები განსხვავებულია და ძირითადად შეადგენს 12 თეთრზე მეტს, მაშინ როდესაც დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლითაა, 15 თეთრზე მეტს _ 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის შემთხვევაში, ხოლო 20 თეთრამდე, როცა დახარჯული ელექტროენერგია 300 კვტ. სთ-ს აჭარბებს.
ეს საფეხუროვანი სისტემა, როგორც უკვე ვახსენეთ, 2014 წლიდან მოქმედებს და მასში გარკვეული ცვლილებები მიმდინარე წელს შევიდა.
2018 წლიდან ტარიფების დადგენა მოხდა 3-წლიან რეგულირების პერიოდზე. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ტარიფების ყოველწლიური დადგენის საფუძველზე კომისიაში შეიქმნა კომპანიების „საბაზისო ისტორიები“ მათი ფინანსური თუ ტექნიკური მონაცემებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. 3-წლიან პერიოდზე ტარიფების დადგენამ კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, გრძელვადიან პერიოდზე გათვალონ განსახორციელებელი ინვესტიციები, იზრუნონ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ხარჯების ეკონომია გასწიონ.
ამ ცვლილების მიზანს ის წარმოადგენს, რომ ელექტროენერგიის მომხმარებლებმა ხარისხიანი მომსახურება მიიღონ, ასევე სამართლიანი პირობები, რომელიც მათ ეჭვებს არ გაუჩენს დარიცხულ გადასახადთან დაკავშირებით.
ჩვენს ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი საკმაოდ დაბალია და ზედმეტად დარიცხული რამდენიმე თეთრიც კი გავლენას ახდენს მოქალაქეების ცხოვრებასა და მათ სოციალურ გეგმებზე, საკმაოდ მძიმე პრობლემებს ქმნის და დიდ უკმაყოფილებას იწვევს ხელოვნურად გაზრდილი ტარიფები. ეს გარკვეული თანხის ცდომილებას იძლევა და მომხმარებელს აიძულებს, ბევრად მეტი გადაიხადოს, ვიდრე ეკუთვის.
რა ხდება ხშირ შემთხვევაში ზედმეტად დარიცხული გადასახადის მიზეზი და რატომ უწევს მომხმარებელს საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლა? _ ამასთან დაკავშირებით თავად დაზარალებულებს თავიანთი მოსაზრება აქვთ.
მათი დასკვნით, ძირითად ცდომილებას, თუნდაც, ერთ კვტ.სთ-ში, რაც, საერთო ჯამში, 30 და მეტ ლარზე ზედმეტ გადასახადს იძლევა, იწვევს ტარიფების დადგენის 30-დღიანი ვადა, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, დაცული არაა.
ასევე მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს ქვითრების პრობლემა. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მათ არ მისდით გადასახადის შესახებ ქვითარი და, მხოლოდ და მხოლოდ, ტექსტური შეტყობინება ეგზავნებათ ტელეფონზე.
ესეც ერთგვარი წესების დარღვევაა, რადგან დადგენილების თანახმად აუცილებელია, ყველა მომხმარებელმა მიიღოს ქვითარი და გამონაკლისია მხოლოდ მისივე ნებასურვილი და მიმართვა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის მიმართ, რომლის მიხედვითაც მას არ სურს ქვითრის მიღება.

რატომ გაიზარდა სამომხმარებლო ტარიფები ელექტროენერგიაზე ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში? როგორ იმოქმედებს ეს მოქალაქეებზე? რა იწვევს საკმაოდ მასშტაბურ და რთულ პრობლემას, რომელიც მოქალაქეების პროტესტის მიზეზია?

ამ და სხვა კითხვებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესსამსახურის უფროსი _ ქეთევან ბერიკაშვილი:
_ 2018 წელს ტარიფების მატება განპირობებული იყო კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობით. გამანაწილებელ ქსელებში არსებული მდგომარეობა საჭიროებს, რეაბილიტაციასა და მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სამუშაოების შესრულებას, რაც, თავის მხრივ, შესაბამის ინვესტიციებს მოითხოვს. ტარიფში გათვალისწინებულია მხოლოდ მიზანშეწონილი და გონივრულ ხარჯები, ის საინვესტიციო მოცულობა, რაც აუცილებელია შესაბამისი ქსელისთვის.
ტარიფში ასახულ ინვესტიციებზე მთელი რეგულირების პერიოდში კომისია მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს _ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტარიფში ასახულ ინვესტიციას არ განახორციელებს, მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის კომპანიის შემოსავლებისა და, შესაბამისად, ტარიფის კორექტირება მოხდება.
პრაქტიკამ ცხადყო, რომ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიები ეფექტიანი სატარიფო რეგულირების საშუალებაა. დღეს ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედებს „წამახალისებელი“ სატარიფო მეთოდოლოგიები, რომელიც, ასევე, „RPI-X“ რეგულირების სახელითაცაა ცნობილი, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში _ „დანახარჯები პლუს“ მეთოდოლოგია. ორივე ტიპის მეთოდოლოგია თანაბრად ითვალისწინებს ინვესტორისა და მომხმარებლის ინტერესებს. სატარიფო მეთოდოლოგიების ეფექტიანობას სექტორებში არსებული ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით აჩვენებს: გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ქსელში შემცირებული დანახარჯები, კომპანიების ორიენტირება _ მომხმარებლებს შესთავაზონ გაუმჯობესებული მომსახურება.
ფიქსირდება გარკვეული სახის პრობლემები. სემეკი ყოველკვირეულ რეჟიმში საჯარო სხდომებზე განიხილავს მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ხშირად არის სადავო საკითხები კომპანიის მიერ განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით, რომელსაც მოქალაქეები არ ეთანხმებიან და ხშირ შემთხვევებში მათი პრეტენზიები საფუძვლიანია. კომისია ყველა საკითხს ინდივიდუალურად სწავლობს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. თუ შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ზედმეტს დარიცხავს, მოქალაქეს ზედმეტობით დარიცხული თანხა ჩამოეწერება.
ჩვენი ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად, ვიწყებთ რეგიონებში გასვლებს და მოსახლეობასთან შეხვედრებს, რათა ადგილზე შევისწავლოთ და მოვიკვლიოთ ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აქვს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიმართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ კომპანიების მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის, ზედმეტი დარიცხვების შემთხვევები.

პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია. ის არა მხოლოდ ბოლო პერიოდში წამოიჭრა, არამედ უკვე რამდენიმე წელია, აწუხებს მოსახლეობას, თუმცა, როგორც დაზარალებული მომხმარებლები აცხადებენ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პერმანენტული სახე მიიღო ზედმეტად დარიცხულმა გადასახადებმა, რომელიც უარყოფითად აისახება მოქალაქეების ეკონომიკასა და მათ სოციალურ მდგომარეობაზე.
პრაქტიკაში საკმაოდ გახშირდა დაზარალებული მოქალაქეების მიერ შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. ეს მიმართვა გულისხმობს ეჭვის გამოთქმას, რომ დარიცხული გადასახადი არ შეესაბამება გამოყენებულ ელექტროენერგიას და საქმე გვაქვს კომპანიების მიერ მომხმარებლის უფლებების დარღვევასთან და ე. წ. ხელოვნურად გაზრდილ ტარიფებთან. ენერგო ომბუდსმენის აპარატი მომხმარებლის საქმეებს ინდივიდუალურად განიხილავს, ელექტროენერგიის მიმწოდებელ შესაბამის კომპანიას მიმართავს და მას რეკომენდაციებს აძლევს. მომხმარებლის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქეს ზედმეტად დარიცხული თანხა უბრუნდება.

რამდენად ხშირია მომხმარებლის მიმართვიანობა ამ პრობლემასთან დაკავშირებით და რა ხდება უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურად დარიცხული ზედმეტი გადასახადის მიზეზი?

ამა თემაზე საუბრობს ენერგო ომბუდსმენი, სემეკის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი _ სალომე ვარდიაშვილი:
_ ტარიფების სამსაფეხუროვანი სისტემა უკვე წლებია, ელექტროენერგეტიკაში მოქმედებს. ყველა საფეხურს თავისი შესაბამისი ტარიფი აქვს და კომპანიას უფლება არ გააჩნია, ეს წესი თავისი ნებას-ურვილით შეცვალოს.
მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტარიფის საფეხური იცვლება. თუ კომპანია ზუსტად 30 დღეში არ აიღებს ჩვენებას და აღმრიცხველი მოვა, მაგალითად, 26-ე დღეს, ამ შემთხვევაში შეიძლება პირველი საფეხური შეიცვალოს და მეორე საფეხურზე გადავიდეს, რაც, თავისთავად, ტარიფის ზრდას იწვევს და გადასახდელი თანხაც შესაბამისად იზრდება.
ჩვენ უარყოფითად ვუყურებთ ამ პრობლემას და საკმაოდ გახშირებულ ფაქტებს. გვესმის, რომ ამით მოქალაქეების უფლებები ირღვევა. დაანგარიშებას აღრიცხვის მიხედვით სპეციალური ფორმულა აკეთებს, რომელიც კომპანიამ დაადგინა და გადასახდელი თანხა ანგარიშდება. შესაბამისად, თუკი ერთი თვის განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიას ავიღებთ და გვერდით მივუწერთ, რომ ჩვენება 26-ე დღესაა აღებული, ფორმულა იმგვარად ცვლის მონაცემებს, რომ ტარიფი სხვა საფეხურზე გადადის, რაც იწვევს კიდეც ამ ცვლილებებს.
სწორედ აქ არის პრობლემა. ის, რაც მომხმარებელს თვის განმავლობაში არ გაუხარჯავს, მან არ უნდა გადაიხადოს. კომპანიებს ჩვენი რეკომენდაციებით მივმართავთ და მოვუწოდებთ, რომ მოქალაქეების უფლებები არ დაარღვიოს, არ გადაახდევინოს მათ იმათზე მეტი, ვიდრე ეს მათ ეკუთვნით.
სამწუხაროდ, ჩვენი რეკომენდაციები არასაკმარისი აღმოჩნდა.
ეს 3-4 წლის პრობლემაა და ახლა არ დაწყებულა. მივხვდით, რომ კომპანიები არ აპირებდნენ ჩვენი რეკომენდაციების დაკმაყოფილებას და არ ასწორებდნენ სისტემურ ხარვეზებს. სწორედ ამიტომაც მივმართეთ მარეგულირებელ კომისიას, აღნიშნული საკითხები საჯარო სხდომაზე გავიტანეთ და სემეკმა ჩვენი პოზიცია დაიჭირა.
30 დღე ის ვადაა, რა დროშიც აღმრიცხველმა ჩვენება უნდა აიღოს. ხშირად ხარვეზებს სწორედ ამ ვადის განმარტებაც იწვევს.
მაგალითად, თებერვალში ეს ვადა ფიზიკურად ვერ იქნება დაცული, რაც გასაგები და ბუნებრივიცაა. ასევე იანვარში ამ ცდომილებებს უქმე დღეების სიმრავლე იწვევს.
ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კომუნალური გადასახადები და სხვა ხარჯები გათვლილი აქვს და ქვითრით ელექტროენერგიაზე მეტი გადასახადი მიუვა, რომელიც არ გაუხარჯავს, ამ პრობლემის მიმართ სამართლიანი პროტესტი გაუჩნდება.
ვფიქრობ, დაანგარიშების სისტემა იმგვარად უნდა შეიცვალოს, რომ მომხმარებელი რასაც მოიხმარს, ფორმულამ სწორედ ის კილოვატსაათი დაიანგარიშოს და არა ზედმეტი.
ამ პრობლემის დარეგულირების ერთ-ერთი გზა სწორედ კანონმდებლობაზე გადის. ამიტომაც კომისიას ნორმატიული აქტის მიღების თხოვნით მივმართეთ, რომელიც ყველა კომპანიისთვის სავალდებულო იქნება და მომხმარებლის უფლებებს დაიცავს. მარეგულირებელ კომისიაში უკვე მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა სახის ცვლილება შეიძლება განხორციელდეს კანონში, რომ პრობლემა სისტემურად აღმოიფხვრას. ეს საკმაოდ ხანგრძლივი, კომპლექსური პროცესია და რთულ პროცედურებს მოიაზრებს, თუმცა ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის პრობლემა, _ მომხმარებლის უფლებების დარღვევა და ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები ამას ასე არ უნდა აკეთებდნენ.

ენერგო ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მომხმარებლის მიმართვიანობა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ა. წ. მარტში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ენერგო ომბუდსმენი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ სემეკსა და ენერგო უმბუდსმენის მომხმარებელთა ინტერესების დამცველ აპარატს, რომელიც საქმეს განიხლავს და დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებას შეუწყობს ხელს.
კონსულტაციის გავლა შესაძლებელია კომისიის ქოლცენტრში, ნომერზე 16216, რომელზეც ზარის განხორციელება ნებისმიერი ოპერატორიდან უფასოა.
მანამ, სანამ საკანონმდებლო ცვლილებებზე აქტიურად მუშაობენ და არსებული ტარიფების დაანგარიშების საფეხუროვანი სისტემის ავკარგიანობას განიხილავენ, მომხმარებლებისთვის ზედმეტი გადასახადების დარიცხვის შემთხვევები ხშირდება, მოქალაქეებს კი საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა გარკვეული პროცედურებით უწევთ.

ანა ურუშაძე