ჰაერი, რომელიც კლავს?!

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს სპეციალური ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურებისგან, ყოველწლიურად, მსოფლიოში 6,5 მლნ ადამიანი იღუპება.
მსოფლიო ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებისგან 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობა ჩინეთსა და ინდოეთში იღუპება, თუმცა ეს გამოწვეულია მოსახლეობის რაოდენობით. მაგრამ საქართველოში, ბოსნიაში, ჰერცოგოვინასა და ჩრდილოეთ კორეაში, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა მაღალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე ავრცელებს კონკრეტულ რიცხვებს. ეს სტატისტიკა არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება.
თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. თბილისში დაბინძურება ნორმას 2.9-ჯერ აღემატება.
მთლიანად საქართველოში ჰაერის დაბინძურებას წელიწადში, საშუალოდ, 3 741 ადამიანის სიკვდილს უკავშირებენ.
თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას 300%-ით აჭარბებს.
ეს 2017 წლის მონაცემებია და პრობლემის საკმაოდ დიდ მასშტაბსა და სიმძიმეზე მიუთითებს.
ქალაქში რომ გარემო საკმაოდ დაბინძურებული და ჰაერი არც ისე სუფთაა, ეს იგრძნობა არა მხოლოდ ერთი შეხედვით, არამედ ერთი ჩასუნთქვითაც.
ზედმეტია იმაზე საუბარი, რამდენად ბევრ პრობლემას იწვევს დაბინძურებული ჰაერი და რამდენად სახიფათოა არაჯანსაღი სუნთქვა ადამიანის ორგანიზმისთვის.
ტოქსიკოლოგების ინფორმაციით, დაბინძურებული ჰაერი ორგანიზმში შეუმჩნევლად ილექება და თავის მძიმე შედეგს წლების შემდეგ ავლენს.
საქართველოში უკვე შესამჩნევადაა გაზრდილი გულ-სისხლძარღვთა და მწვავე რესპირატორული დაავადებების რიცხვი, რაც პირდაპირ უკავშირდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხსა და მისი დაბინძურების საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელს.
ჰაერის დაბინძურების ხარისხი სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე პრობლემური არის მყარი შეწოვილი ნაწილაკებით, ანუ მტვრის საშუალებით დაბინძურებული ჰაერი.
საქართველოს ატმოსფერული ჰაერი, სამრეწველო ობიექტებიდან წარმოებული გაფრქვევების გარდა, ავტოტრანსპორტით, ენერგეტიკული სექტორისა და სოფლის მეურნეობის დარგებიდანაც ბინძურდება.
ეკოლოგები ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მთავარ ფაქტორად მანქანების სიმრავლეს ასახელებენ. პრობლემას ართულებს ის, რომ საქართველოს ქალაქებში მოძრავი ავტომობილების უმრავლესობა ამორტიზებულია და ახალ მანქანებზე მეტად აბინძურებს გარემოს. ამასთან, ბევრი მძღოლი გარემოსთვის განსაკუთრებულად მავნებელ საწვავს იყენებს.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ ქალაქებში ჰაერის მდგომარეობა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. სწორედ ამ მიზნით, ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი, რომელიც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის უნდა გადაიდგას, საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირებაა. პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც 1 კილოგრამში 10 და მეტი მილიგრამის ოდენობის გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენებას კრძალავს.
გარდა ამისა, 2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ავტომობილების პერიოდული ტესტირება სავალდებულო იქნება. შემოწმების პერიოდულობა მანქანის ასაკის მიხედვით განისაზღვრება, შესაბამის სტანდარტებს კი ის კომპანია შეიმუშავებს, რომელსაც მთავრობა დაიქირავებს.
პრობლემა კომპლექსურია. გარდა მომრავლებული სატრანსპორტო საშუალებებისა და უხარისხო საწვავისა, მას ასევე იწვევს სამშენებლო სფეროში არდაცული სტანდარტები და მწვანე საფრის ნაკლებობაც.
საკმაოდ მძიმე ვითარება გვაქვს არა მხოლოდ დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებსა და დიდ ქალაქებში, სადაც სპეციალური სადგურების მეშვეობით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი და მისი ხარისხის კონტროლი.
ბუნებრივია, რომ ჰაერის დაბინძურების ეკოლოგიური პრობლემები ყველაზე მწვავედ თბილისში იჩენს თავს. ამას დედაქალაქში მცხოვრებთა დიდი რაოდენობა და თავად ქალაქის სიდიდეც განაპირობებს.

რას აჩვენებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი? რამდენად უსაფრთხოდ ვსუნთქავთ? რა შეიძლება გაკეთდეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად?
„ქრონიკა+“-ის ამ და სხვა კითხვებს პასუხობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი _ ნოე მეგრელიშვილი:

_ კვლევების მიხედვით საქართველო მოწინავე ქვეყანაა, სადაც ჰაერის დაბინძურების მიზეზით ადამიანები კვდებიან. როგორ ფიქრობთ, რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა და რამ გამოიწვია ასეთი საგანგაშო მდგომარეობა?
_ ეს კვლევა სიკვდილიანობის კუთხით ჩაატარა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც მოიცავს როგორც შენობის შიდა ჰაერის დაბინძურებას, ისე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით საქართველოს სულაც არ აქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი და იმავე კვლევაში ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე უკეთესი მონაცემითაც გამოვირჩევით, მაგალითად, პოლონეთსა და ბულგარეთზე.
გაჩნდა ლოგიკური კითხვა: თუ ეს დაბინძურების მაჩვენებლი არც ისე საგანგაშოა, რამ გამოიწვია სიკვდილიანობის ასეთი მაღალი რიცხვი?
მყარი საწვავის მოხმარებას რაც შეეხება, ამ მხრივ, ნამდვილად მაღალი მაჩვენებელი გვაქვს სიკვდილიანობის კუთხით, რაც ნორმას რამდენჯერმე აღემატება.
კვლევის მეთოდოლოგია შემდეგნაირად განისაზღვრება: დაითვალეს მონაცემები იმ დაავადებებისა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის დაბინძურებამ და შემდეგ შეაფასეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ასევე მყარი საწვავის მოხმარების პროცენტული წილი და ამის მიხედვით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორი ფორმულით გამოიანგარიშეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კომუნიკაცია გვქონდა. მათ დაადასტურეს, რომ საქართველოში სულაც არ გვაქვს ყველაზე ბინძური ჰაერი მსოფლიოში, თუმცა საკმაოდ მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რიცხვი და ასევე მყარი საწვავის გამოყენება, რაც, თავისთავად, შენობის შიდა ჰაერის დაბინძურებას იწვევს მყარი ნაწილაკებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე დევს 3000-მდე ქალაქის მონაცემი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის მიხედვით და თბილისი მათ შორის 570-ე ადგილზეა, რაც ადასტურებს, რომ ამ პრობლემური კუთხით სულაც არ ვართ „ჩემპიონები“ და ეს ასე ვერ იქნებოდა, რადგან ქვეყანაში არ გვაქვს განვითარებული სამრეწველო სექტორი.
რა თქმა უნდა, პრობლემა არის და ძალიან სერიოზულიც, თუმცა მდგომარეობა საგანგაშო ნამდვილად არაა.
_ როგორც ვიცით, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი წარმოებს საქართველოს ხუთ ქალაქში. ბოლო მონაცემების დინამიკა როგორია, რომელ ქალაქშია ყველაზე რთულად მდგომარეობა და რატომ?
_ მონიტორინგი უკვე ექვს ქალაქში წარმოებს, ცოტა ხნის წინათ ჭიათურა დაემატა.
ქალაქები შეირჩა სიდიდის მიხედვით და ასევე საჭიროების შესაბამისად.
გარდა თბილისისა, ჰაერის მონიტორინგი ტარდება, ასევე, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურასა და ზესტაფონში.
გარდა ქალაქის სიდიდისა, ასევე ამ სადგურების განთავსების აუცილებლობა შექმნა თავად ამ ქალაქებში ჰაერის ხარისხის პრობლემამ და სამეწარმეო სფეროს განვითარების დონემ, რაც თავისთავად იწვევს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას.
ძირითადად არსებობს ორი პრობლემური დამბინძურებელი: ეს არის აზოტის ჟანგეულები, რომელიც მყარი ნაწილაკებია და წვის შედეგს წარმოადგენს. უმთავრესად ის სატრანსპორტო სფეროდან გამოიფრქვევა. ზამთრის პერიოდში ეს მაჩვენებელი იზრდება, რაც გათბობის შედეგად გამოყოფილი დამაბინძურებელია.
მეორე დამაბინძურებელი არის მყარი ნაწილაკები, რომელიც ორ ფრაქციად იყოფა: ძალიან წვრილი ნაწილაკები და შედარებით მსხვილი ნაწილაკები.
დაბინძურების წყარო არა მარტო ავტოტრანსპორტია, ასევე სამშენებლო სფერო და ბუნებრივი წყარო, ღია გრუნტი და ა. შ.
_ პრობლემა კომპლექსურია. ჰაერის დაბინძურებას ბევრი მიზეზი იწვევს, მათ შორის, ყველაზე ხშირად ტრანსპორტი სახელდება. ამ კუთხით გამოსავალი როგორია და თუ აქვს თქვენს სამსახურს კოორდინაცია იმ კონკრეტულ დეპარტამენტებთან, რომელსაც უშუალოდ ეხება ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება ქალაქში?
_ ატმოსფერული ჰაერის ხარისხი რეგულირდება შემდეგნაირად: პირველ რიგში, უნდა გვქონდეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გამართული სისტემა, ანუ უნდა ვიცოდეთ, რა დაბინძურების ხარისხი გვაქვს და რა არის პრობლემური დამაბინძურებელი, რომ შემდეგ ამ წყაროებს ვებრძოლოთ და ამაზე ვიმუშაოთ.
პირველ რიგში, მთელი ძალისხმევა მივმართეთ მონიტორინგის ქსელის განვითარებისკენ.
გვაქვს ქვეყნის მასშტაბით 7 მონიტორინგის ავტომატური სადგური, აქედან 4 დედაქალაქშია განთავსებული, დანარჩენი განლაგებულია რეგიონებში, პრობლემურ ქალაქებში.
ეს სადგურები გვაძლევს ღირებულ ინფორმაციას და დასკვნების გამოტანის საშუალებას.
რადგან გამოიკვეთა, რომ დაბინძურების უმთავრესი წყარო ტრანსპორტია და ეს სფერო კომპლექსურია, ბევრ უწყებას მოიცავს, შეიქმნა უწყებათშორისი კომისია, რომელმაც 2017 წელს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამა შექმნა. იგი ივლისის შემდეგ ამოქმედდა. ეს არის 40-პუნქტიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ჩამოწერილი აქვს ღონისძიებები თავისი განხორციელების ვადებით და იმ უწყებებით, რომლებიც უშუალოდ აგებენ პასუხს გეგმის განხორციელებაზე.
ეს პროგრამა მოიცავს ავტოტრანსპორტის ტექნიკური მხარის გაუმჯობესებას, ავტოპარკის გაახალგაზრდავებას, უფრო სუფთა სატრანსპორტო საშუალებების წახალისებას, მათ შორის, ელექტროტრანსპორტის განვითარებას.
ეს პროგრამა მოიცავს ბევრ უწყებას: ეკონომიკის სამინისტროს, ასევე განათლების სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა ორგანოებს.
ყველაზე მეტი ვალდებულება აქვს ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიას. ეს პროგრამა მოიცავს საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას და კონტროლის გაძლიერებას.
ეს არის კომპლექსური გეგმა, რომელიც მოქმედებს და რიგი ღონისძიებები უკვე განხორციელდა. უახლოეს მომავალში საზოგადოება პირველი ექვსი თვის შესახებ ანგარიშს მიიღებს.
გეგმა 2020 წლამდე პერიოდს მოიცავს.
_ კონკრეტულად რას გულისხმობს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი და რამდენად ეფექტიანია იგი, თუ მხოლოდ მდგომარეობის შეფასებას ისახავს მიზნად?
_ ზოგადად, მონიტორინგის რამდენიმე საშუალება არსებობს: ყველაზე ღირებული და ძვირი არის უწყვეტი ავტომატური სადგურები, რომელიც გამუდმებით ახდენს ანალიზს ჰაერის ხარისხის შესახებ და გვაწვდის უწყვეტ ინფორმაციას, თუ როგორ იცვლება ჰაერის დაბინძურება შესაბამის ზონებში დღეების, თვეებისა და საათების მიხედვით.
არსებობს ინდიკატორული გაზომვები, რაც შედარებით იაფი და მარტივი გზაა და მთელ მსოფლიოშია აპრობირებული. 2015 წლიდან დავიწყეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაზომვა.
ამ ტიპის გაზომვა საშუალებას იძლევა, უფრო დიდი არეალი დავფაროთ. წელს უკვე 25 ქალაქზე გავედით, სადაც ჰაერის დაბინძურების ცვლილების დინამიკას ვაკვირდებით.
ეს მონიტორინგი საშუალებას იძლევა დადგინდეს, სად არის დაბინძურება, რა ხარისხისაა ის და რა იწვევს მას?
აუცილებელია დაინერგოს ასევე ატმოსფერული ჰაერის მოდელირების სისტემები. ეს საშუალებას მოგვცემს, მთლიანად ქვეყნის არეალი დავფაროთ და საერთო სურათი დავინახოთ, რაც საქართველოში გვაქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით.
2014 წელს, პროექტის ფარგლებში, პირველი მოდელირება ბრიტანულმა კომპანიამ გააკეთა. მას შემდეგ ჩვენი ძალებით ამას ვერ ვახორციელებთ, მთელი რიგი მიზეზების გამო.
_ ეკოლოგების განცხადებით, პრობლემა ის არის, რომ ჰაერის დაბინძურების საზომი მოწყობილობები ქალაქის ნაკლებად პრობლემურ ნაწილებში დგას. რატომ და ხომ არ უწყობს ეს ხელს, რომ პრობლემის მასშტაბები სწორად არ შეფასდეს?
_ რატომღაც, ყველა ფიქრობს, რომ სადგურები უნდა დაიდგას ყველაზე ცხელ წერტილებში. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან მოსახლეობა ცხოვრობს როგორც ცხელ, ისე არაცხელ წერტილებში.
ევროდირექტივაც მოითხოვს, რომ სხვადასხვა ტიპის სადგური იყოს, როგორც დღეს არის დედაქალაქში.
უნდა იყოს ქუჩის სადგური, რომელიც ავტოტრასპორტის დაბინძურებას აკვირდება. ასეთი თბილისში ორი გვაქვს: წერეთელზე, რომელიც ძალიან ცხელი წერტილია და ყაზბეგის გამზირზე, ასევე ძალიან დატვირთულ ქუჩაზე.
ერთი სადგური დგას გარეუბანში, რომელიც შედარებით ნაკლები დაბიძურების ტერიტორიაა, ვარკეთილში და ერთიც გვაქვს ვაშლიჯვართან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარედ.
მთლიანი სურათი რომ შეგვექმნას, სწორედ ამიტომაცაა ასე განაწილებული გამზომი და მონიტორინგის სადგურები.
იმისთვის, რომ გარკვეული დაავადებები და ჰაერის დაბინძურება ერთამენთთან დავაკავშიროთ, აუცილებელია გამოვიყენოთ სწორედ ფონური ინფორმაციები, რასაც ფონური სადგურები გვაძლევს. ცხელი წერტილების სადგურები მხოლოდ მაქსიმალური დაბინძურების სურათს გვაწვდის, რაც ცალმხრივია და მდგომარეობას სრულად არ აფასებს.
როცა 2012 წელს ქალაქში პირველი სადგური დაიდგა, მთელი რიგი კრიტერიუმები ჩამოვწერეთ, რომელსაც ადგილი უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის კუთხით უნდა აკმაყოფილებდეს. სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ჩვენი სადგურები და ის გადანაწილება, რაც მის განსათავსებლად შეირჩა.
_ მწვანე ნარგავების შემცირება ქალაქში რამდენად არის ჰაერის დაბინძურების მიზეზი და რა კეთდება ამ კუთხით ან თუ იგეგმება რამე კონკრეტული ღონისძიება?
_ ზემოთ ნახსენებ სახელმწიფო პროგრამაში არის ერთ-ერთი პუნქტი მწვანე საფრის რაოდენობის ზრდის შესახებ და ხაზგასმულია, რომ ეს უნდა მოხდეს ქალაქის ცენტრალურ უბნებში.
პროგრამა ამბობს, რომ ღია გრუნტი გაზონით ან სხვა საშუალებებით უნდა დაიფაროს და ამ გზით ამტვერება მინიმუმამდე დავიდეს.
გამწვავებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჰაერის დაბინძურების კუთხით, ასევე ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მხრივ.
დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მწვანე საფრის შემცირება შეიძლება მივიჩნიოთ. იქ, სადაც უნდა ყოფილიყო გამწვანება, დღეს დაბინძურების კერაა.
მაგალითად, სახლი რომ ავიღოთ, ის უნდა ყოფილიყო გამწვანების კერა, მაგრამ ახლა დაბინურებას იწვევს მთელი თავისი გამათბობლებით და მცხოვრებლებით, რომლებიც აუცილებლად გადაადგილდებიან ავტოტრანსპორტით.
ეს ყველაფერი კომპლექსურად იძლევა ნეგატიურ შედეგს და მძიმე სურათს ქმნის.
ქალაქი რომ მტვრიანია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და იგრძნობა, თუმცა რიგი ღონისძიებები ტარდება, რაც ამ პრობლემის ეტაპობრივი მოგვარებისკენაა მიმართული.

ანა ურუშაძე