პროფესიით დასაქმება ქართულად

დღევანდელ ეპოქაში განათლების პრობლემა ნაკლებ წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული. განათლების მიღების პროცესი სასიამოვნო და ინფორმაციულია, მისი დასრულების შემდგომი პროცესი კი, რომელსაც, წესით, დასაქმება უნდა ეწოდოს, ყველა წინმსწრებ ეტაპზე რთულია. ერთია დასაქმების პრობლემა და მეორეა საკუთარი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობა, თუმცა, საბოლოოდ, ნებისმიერი კურსდამთავრებულის პროფესიული ამბავი ინდივიდუალურია _ განსხვავებულია მცდელობები და საშუალებები.

ნატა ფარულავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. უნივერსიტეტი მან 2015 წელს დაამთავრა (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური მუშაობის განხრით). ამ დროისთვის ის სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობს სოციალურ მუშაკად. მან hr.gov.ge-ზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე საკუთარი რეზიუმე გააგზავნა. ამის შემდეგ გაიარა ტესტირება, გასაუბრება და, საბოლოოდ, აღნიშნული ვაკანსიისთვის შესაბამისი აღმოჩნდა.
როგორც ნატა აღნიშნავს, გარდა მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნისა, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება (სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები). შესაბამისმა უნარ-ჩვევებმა განაპირობა მისი პროფესიული განვითარება და ღირებულებებისა და ცოდნის განმტკიცება. ამავე უნარებმა მისი სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
ნატა სამსახურის ძებნასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს: „თვეობით მოწევდა ვაკანსიების ძებნა. არ აღმიქვამდნენ სერიოზულად სხვა პროფესიების წარმომადგენლები, ვინაიდან მათში დაბალია სოციალური მუშაკის ფუნქციებისა და, ზოგადად, პროფესიის ცნობადობა“.
როგორც ნატა ამბობს, საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, უმთავრესი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირეა, ასევე სოციალური მუშაკის პროფესიის დაუფასებლობა და არაადეკვატური სამუშაო პირობები.
„განათლებით არასოციალურ მუშაკებს ბევრ სამსახურში აქვთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ სოციალურ მუშაკებად, რაც, ასევე, ხელის შემშლელი ფაქტორია და არანაირად უწყობს ხელს ქვეყანაში ჩვენი პროფესიის პოპულარიზაციასა და წინსვლას“, _ აღნიშნავს ნატა ფარულავა.

თამარ ბელქანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორია. ის საკუთარი პროფესიით სამსახურის ვერმოძებნის რამდენიმე მიზეზს ასახელებს: „ნომერ პირველ პრობლემად ნეპოტიზმს დავასახელებდი; მეორე პრობლემა პირველიდან გამომდინარეობს. ამის ფონზე, გამეფებულია ტოტალური ნიჰილიზმი და რთულია საკუთარი პროფესიით სამსახურის ძებნა. ეს საზოგადოების მენტალური პრობლემაა. პრობლემა მესამე: არ არის სტრუქტურირებული სტანდარტი, თუნდაც, სახელმწიფო მოხელის. რა არის ის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იმ ადამიანებს ვარჩევთ, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, თუ ვინ აირჩიონ სამსახურში თანამშრომლად; შემდეგი პრობლემა სწავლების დონეს ეხება. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში განათლება არ არის ქვეყნის განვითარების მაგისტრალური სტრატეგია, განათლების სისტემა არასწორია. ბოლო პერიოდში განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, დახუროს უმაღლესი სასწავლებლები და თქვა, რომ ამდენი უმაღლესი სასწავლებელი საჭირო არ არის, ამას მიება ის, რომ გაართულეს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხები. პრობლემაა, რომ ლექტორები არ არიან ორიენტირებულები თვითგანვითარებაზე; არ არიან ინიციატორები საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილეობისა; არ არიან ავტორები მონოგრაფიებისა. სახელმწიფოს შესწავლილი უნდა ჰქონდეს ბაზარი. როცა არ იცის, რამდენი ექიმი სჭირდება ქვეყანას წელიწადში, რანაირად უშვებს 60 000 სტუდენტს, რომელიც მომავალი ექიმია? აუცილებლად უნდა გვქონდეს შესწავლილი, კონკრეტულ სფეროში რამდენი ადამიანი გვჭირდება“.

გიორგი დვალიშვილმა 2016 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულება, თუმცა მიზეზების გამო გიორგი ჟურნალისტის პროფესიით არ მუშაობს. საკუთარი პროფესიით დასაქმების მცდელობები პირველივე კურსიდან ჰქონდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ შესაბამისი უნარ-ჩვევები ჯერ არ გააჩნდა და ორიენტაცია სწავლისკენ აიღო. მაგრამ მალევე იმასაც მიხვდა, რომ აუცილებელი იყო პრაქტიკა. მესამე კურსზე რომ გადავიდა, მუშაობა შიდა ქართლის რეგიონულ მაუწყებელ „ტ/თრიალეთში“ დაიწყო, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ, მიზერული ანაზღაურების გამო, წამოვიდა. გიორგი ორჯერ დასაქმდა ჟურნალისტის პროფესიით, მაგრამ საკუთარი ნებით თქვა უარი. უმთავრესი წინააღმდეგობა, რამაც მის მოტივაციაზე იმოქმედა, ნეპოტიზმი იყო, ამიტომაც სამსახური საკუთარი სურვილით დატოვა.
გიორგი დვალიშვილი, ბუნებრივია, მის განვითარებასა და მომავალ ჟურნალისტად ჩამოყალიბებაში უნივერსიტეტის როლზეც საუბრობს: „ძალიან კრიტიკული ვიყავი სასწავლო პროცესების შეფასებისას და სამართლიანადაც. თსუ საუკეთესო უნივერსიტეტი არ არის, თუმცა სხვა უნივერსიტეტებს სჯობს. მისი როლი ჩემს პიროვნულ თუ პროფესიულ ზრდაში შეუფასებელია. არაჩვეულებრივი პროფესორების წყალობით კრიტიკულ, ობიექტურ და სამართლიან პიროვნებად ჩამოვყალიბდი“, _ აღნიშნავს ის.

ირაკლი ხუტუაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. საკუთარი პროფესიით მან მალევე იპოვა სამსახური: „პირველივე კურსზე ჩემი პროფესიით დავსაქმდი. თითქმის ერთი წლის განმავლობაში გავდიოდი სტაჟირებას. პარალელურად, უნივერსიტეტში ლექციებზე დავდიოდი. პირადად მე დასაქმება არ გამჭირვებია. პირველად უნივერსიტეტში ვნახე ვაკანსია გამოკრული, სადაც სტაჟირებაზე ამიყვანეს. მომდევნო წლებში უკვე ინტერნეტით ვეძებდი ანალოგიურ ვაკანსიებს. ჩემი აზრით და, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიუხედავად სამუშაო ადგილების სიმცირისა, ჩემი პროფესიის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმება არც ისე რთულია. მთავარია, სრუდენტმა მოინდომოს და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენოს. ასევე, აუცილებელია, თავადაც მოიძიოს ინფორმაციები ისეთ საკითხებზე, რასაც, შესაძლოა, უნივერსიტეტში არ გასწავლიან. დიდ გამოცდილებას იღებ, როდესაც სტაჟირებებზე რეალურ პროექტებზე მუშაობ. სტუდენტს, პირველ ყოვლისა, ხელს უშლის სიზარმაცე და, შემდეგ უკვე, განათლების დაბალი დონე. აქედან გამომდინარე, არ აქვთ საკმარისი ცოდნა, რაც საკუთარი პროფესიით დასაქმებაში შემაფერხებელი ფაქტორებია“.

შოთა გულბანი ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტია: „ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, ვის რამხელა შანსი აქვს დასაქმებისა, როცა უნივერსიტეტს დაამთავრებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თვითონ კურსდამთავრებულის შესაძლებლობებზე, რამდენად კარგად მოახდენს ის უნივერსიტეტში შეძენილი უნარების რეალიზებას. ბევრი გონივრულად იყენებს სწავლის პერიოდს და მაქსიმალურად მიაქვს და ითვისებს იმ ცოდნას, რასაც სასწავლო დაწესებულება აძლევს. სამწუხაროდ, უმეტესობა სტუდენტებისა არ არის სათანადოდ მოტივირებული სწავლისთვის და შედეგიც არაა გასაკვირი, როცა სამსახურს ვერ ნახულობს. სხვა საკითხია ის, რომ ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაშიც მნიშვნელოვანი ხარვეზებია, თუმცა მხოლოდ სისტემისთვის დაბრალება არ არის სწორი და სამართლიანი. რეალურად, იმ ელემენტარულ საბაზისო ცოდნას, რაც, მინიმუმ, სტაჟიორად დასაქმებისთვისაა საჭირო, თითქმის ყველა უნივერსიტეტი მოგცემს.
ცალკე საკითხია შრომის ბაზარი საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ დამსაქმებლის მხრიდან ხშირად გადაჭარბებული მოთხოვნებია კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, როცა მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ. აქ ვაწყდებით მთავარ პრობლემას კურსდამთავრებულის დასაქმების პროცესში. ისინი, ცხადია, გამოუცდელები არიან და თუ მათ დასაქმების რაიმე შანსი არ მიეცი, ისინი ამ გამოცდილებას თავისით ვერ შეიძენენ. პრობლემა, ასევე, დამსაქმებელთა მცირე და კურსდამთავრებულთა დიდი რაოდენობაა. ბაზარს, ძირითადად, არაკვალიფიციურ და გამოუცდელ კადრებს აწოდებენ, რაც ბიზნესს არ უნდა. შესაბამისად, სწავლის პროცესშივე აქტიურად უნდა მისცეს უნივერსიტეტმა სტუდენტს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკები გაიაროს სხვადასხვა კომპანიაში ან სახელმწიფო სტრუქტურაში. პარალელურად კი სახელმწიფომ უნდა გაზარდოს განათლების სისტემის დაფინანსება. პლუს, პროფესიული სასწავლებლების აქტუალიზაცია“.

ანა შამათავამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტი დაამთავრა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვერც მან შეძლო საკუთარი პროფესიით დასაქმება: „უამრავ გასაუბრებაზე ვარ ნამყოფი და, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიით არავის ავყავარ მენეჯერად. მუშაობის სამწლიან გამოცდილებას მაინც მთხოვენ. პირველი ნაბიჯები, რომლებსაც მე ახლა გავდივარ, უფრო დაბალი საფეხურიდან იწყება და თუ გაგიმართლა, დაწინაურდები. ერთადერთხელ ვიმუშავე ჩემი პროფესიით, როცა მენეჯერი გაუშვეს სამსახურიდან და ის მე ჩავანაცვლე. დამტოვეს, თუმცა ხელფასი არ მომიმატეს. მხოლოდ პასუხისმგებლობა მომემატა, რასაც ჩემი დამსაქმებელი ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდა. უმეტეს შემთხვევაში, „ვინმე უნდა გყავდეს“, რომ მალე დაწინაურდე ან, პირდაპირ, შენი პროფესიით დასაქმდე. თუ არადა, საკმაო გამოცდილებას გთხოვენ, რასაც, სამწუხაროდ, ვერ მიიღებ, თუ ვინმემ არ დაგასაქმა“.

ცალსახა მიზეზები, რომლის ჩამონათვალიც საშუალებას მოგვცემს, ვიმსჯელოთ, რატომ ვერ საქმდება კურსდამთავრებულთა ნაწილი საკუთარი პროფესიით, არ არსებობს. უპირველესი საჭიროება ცოდნაა, გამართლებასა და იღბალზეც ბევრია დამოკიდებული. სტუდენტობის პერიოდზე მეტად საშიში იმ სტატისტიკის გააზრებაა, რომელიც სამუშაო ადგილების სიმცირეს უსვამს ხაზს.

მარიამ ტიელიძე