გვეშველება რამე? _ კი, აუცილებლად გვეშველება!

უიმედობა და უსუსურობა ადამიანის ყველაზე დიდი მტერია! ერთიც და მეორეც ანგრევს და ანადგურებს, ხშირ შემთხვევაში, აბოროტებს, ზოგჯერ კი სუიციდამდეც მიჰყავს დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე გონიერი და ძლიერი არსება.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საზოგადოებაში დამკვიდრებული კითხვა, _ გვეშველება რამე? _ მეტწილად პასუხგაუცემელი რჩება და თუ პასუხი მაინც გაისმა, მხოლოდ უარყოფით კონტექსტში, _ არა! რამდენად ახსნადია და სუბიექტური ეს „არა!“ ამაზე, კონკრეტულ მომენტში, არც კითხვის დამსმელი ფიქრობს და არც პასუხის გამცემი. შემდეგ ამ „არას“ კულტივირება იწყება სხვისი თუ პირადი არგუმენტებით, რომელიც არგუმენტი სულაც არ არის, მაგრამ ერთიც და მეორეც იჯერებს იმას, რომ „არაფერი გვეშველება“…
არც იმას აქვს არსებითი მნიშვნელობა, რა კონტექსტში დაისვა კითხვა და არც იმას, შეესაბამებოდა თუ არა პასუხი კონტექსტს. მთავარია, რომ „არ გვეშველება“. სწორედ ეს განცდა არის იმ დიდი ნიჰილიზმისა და მუდმივი მარცხის მიზეზი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში დაბუდებულა და მას ზრდისა თუ პროცესების სწორად გააზრების უფლებას არ აძლევს.
ქართველი ობივატელისთვის და არა მხოლოდ მისთვის ადვილი დასაჯერებელია _ არაფერი გვეშველება, თუნდაც იმიტომ, რომ მოვკალით გამსახურდია, დავამხეთ შევარდნაძე, გავაგდეთ სააკაშვილი, მოგვატყუა ივანიშვილმა… პრინციპში, რა გვინდა? _ ქვას გახეთქავს, ისეთი არგუმენტებია. რეალურად, ამ გვარების უკან ხომ ეპოქებია და ქვეყნისა თუ საკუთარი თავისთვის მიცემული და წართმეული ისტორიული შანსი. შესაბამისად, ეპოქებში, თარიღებსა თუ მოვლენებში კირკიტს აზრი არც აქვს, რადგან ხომ „არაფერი გვეშველა?“

***
და მაინც, კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, ჩვენი რა მიდის, _ გვეშველება რამე? და, იქნებ, პასუხიც მოვისმინოთ: დიახ! კი! აუცილებლად!
არც იმდენად ჭკუანაკლული ვარ, რომ ადვილად დავიჯერო, თითქოს, სრულიად საქართველოს უნდა, რომ გვეშველოს. აქ ტერიტორიას კი არ ვგულისხმობ, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანებს ეროვნული კუთვნილების მიუხედავად.
იმისთვის, რომ გადარჩე, პირველ რიგში, გადარჩენის სურვილი უნდა გქონდეს და ამის შემდეგ გაიაზრო და გაისიგრძეგანო, თუ როგორ უნდა გადარჩე, რადგან არასწორმა ტაქტიკამ თუ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, იმაზე ადრე მოგისწრაფოს სიცოცხლე, ვიდრე ეს სრული უმოქმედობის პირობებში მოხდებოდა.
დღევანდელი საქართველოს ვითარება კი სწორედ ამ უმოქმედობის კლასიკური მაგალითია, როდესაც დგახარ და ელოდები, როდის დასრულდება ყველაფერი. ერთი მხრივ, იმის იმედიც გაქვს, რომ შესაძლოა, ვითარება შენ სასარგებლოდ შეიცვალოს, მაგრამ არაფერს აკეთებ არც ამისთვის, რადგან გეშინია, რომ შენი ქმედებების გამო დასასრული უფრო ადრე არ დადგეს.
რა არის ამ ყველაფრის რეალური მიზეზი? ანუ იმის მიზეზი, რომ გვჯერა _ „ვერ გადავრჩებით“, რომ „არაფერი გვეშველება“. პასუხი აქ ძალიან მარტივია _ ჩვენ არ გვაქვს გააზრებული, რატომ უნდა გადავრჩეთ და შესაბამისად, არც ის _ როგორ უნდა გადავრჩეთ.
მავანისთვის უნდა გადავრჩეთ იმისთვის, რომ ჩვენ გამორჩეული ერი ვართ, სხვისთვის გადარჩენა აუცილებელია, რომ გვქონდეს კეთილდღეობა, ვიღაც მშვიდობაზე აპელირებს, ვიღაც უამრავ სხვა რამეზე, რაც კონკრეტულ ვითარებაში გონებაში ამოუტივტივდება.
სინამდვილეში ძალიან ცოტა ვინმე თუ იტყვის, რომ უნდა გადავრჩეთ _ თავისუფლებითვის. და სწორედ აქ იწყება ინტერესთა კონფლიქტი საკუთარ თავთან, რადგან თავისუფლება ისეთი რამ არის, რაც ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესი ნაწილის მიერ არც არის გააზრებული.
აქაც განვაზოგადებ და ვიტყვი, რომ თავისუფლება მავანისთვის მხოლოდ სახელმწიფოს დამოუკიდებლობაა, ვიღაცისთვის _ მშვიდობა და კეთილდღეობა, როგორც ეს იყო ერეკლე მეორისთვის, რომელმაც ათასი მოღალატით გარშემორტყმულმა გეორგიევსკის ტრაქტატში იპოვა გამოსავალი. თუ დავწვრილმანდებით მავანისთვის თავისუფლება 37-მანეთიანი ბილეთი და ლარისა ივანოვნაა და ა. შ., მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ არის თავისუფლება, რადგან დამოუკიდებელ ქვეყანაშიც შესაძლოა, არ იყოს თავისუფალი საზოგადოება და ხალხი, რადგან მშვიდობა და კეთილდღეობა, შესაძლოა, იმ პირობებში გქოდეს, როდესაც ვიღაცის კოლონია თუ მეტროპოლია ხარ, მაგალითად, საქართველოს სსრ. იმავე საქართველოს სსრ-დან შესაძლოა, „მოსკოვებში“ გაფრიდე 37 მანეთად და ლარისა ივანოვნასთანაც დაიოკო ჟინი და ვნებები, მაგრამ ჯიბეში სსრკ-ს მოქალაქის პასპორტი გედოს.
და მაშინ რა არის თავისუფლება? ერთხანს ვიფიქრე, _ იქნებ, ილია ჭავჭავაძე მომეხმო აქ ამავე სათაურის, „რა არის თავისუფლება?“ ნაშრომით. იმდენად მარტივად და გასაგებად ხსნის თავისუფლების არსს, რომ დღესაც საშურია ასე კარგად ყოველივეს გააზრება. შემდეგ დავფიქრდი და ვიუარე. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ტექსტის მოძებნა დღევანდელ პირობებში ძალიან მარტივია და თუ ერთხელაც დამოუკიდებლად გადაავლებს თვალს მკითხველი ამ მეტად მნიშვნელოვან ნააზრევს, ცუდი არ იქნება.

***
იმან, ვინც დეტალურად არ იცის, ზერელედ და ზედაპირულად მაინც გეტყვით, რომ საქართველოს ოდითგანვე უტევდნენ მტრები. ქვეყნის ისტორიის თითქმის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა ქვეყნის ცალკეული კუთხე, რომელიც მტერს არ ჰქოდა დაპყრობილი, ყოველ შემთხვევაში, იშვიათია ასეთი გამონაკლისი. და ძალიან ცოტას თუ უჩნდება კითხვა: იმ პერიოდებში ქართული სახელმწიფო იყო დამოუკიდებელი თუ არა და რა როლი ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას?
არა, არანაირად არ ვამტკიცებ და არც ვცდილობ ისტორიის დამახინჯებას. დიახ, ყველა მომხვდური ცდილობდა, საკუთარ სჯულზე მოექცია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, არსებობს ეკლესია-მონასტრების აოხრების არაერთი ფაქტი, მაგრამ ზავის შემდეგ, რომლითაც მთავრდებოდა ყოველი ომი, ქვეყანა მშვიდდებოდა, ძალას იკრებდა, ხოლო ეკლესია და მღვდელმსახურები უდიდეს მისიას კისრულობდნენ _ ერის სულიერი წინამძღოლობის. და უმთავრესი _ რადგანაც ბურჯი და იდენტობა ქართული სახელმწიფოს არსებობის, სულიერებისა და თვითმყოფადობის, რომელიც მთლიანობაში განსაზღვრავდა კიდეც თავისუფლების რაობას, იყო ურყევი, განცდა ქართული სახელმწიფოს მოშლისა არ არსებულა მე-19 საუკუნემდე.
ორმა საუკუნემ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი მსოფლმხედველობა, ლამის, მთელი ერი კონფორმისტად და ზარმაცების ბუნაგად აქცია. ამის მიუხედავად, ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ამ დამოუკიდებელ ქვეყანაში ჯერაც არ ცხოვრობენ თავისუფალი ადამიანები. ადამიანები, მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი შრომით, ნიჭით, სიბეჯითით მიაღწიონ წარმატებას. არა, იმას არ ვამბობ, რომ ასეთები არ არიან, დიახაც, რომ არიან, მაგრამ ადამიანების არცთუ უმნიშვნელო და გავლენიანი ნაწილი ხელს უშლის იმას, რომ კანონი ყველასთვის კანონი იყოს, რომ შენი წარმატება ქვეყნის წარმატება იყოს. ამ „არათავისუფალი“ ადამიანების ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, წარმატების საიდუმლო მლიქვნელობა და მონის ფსიქოლოგიაა.

***
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მიწამ მიიბარა. გმირი ღირსეული პატივით დაიტირა საქართველომ. თავისუფლების შეგრძნებასა და განცდას სწორედ ასეთი და გიორგი ანწუხელიძის მსგავსი შვილები სჭირდება.
და მაინც, რადგან ამ დღეების განმავლობაში ხილული და ნაცნობი ფარისეველნიც მრავლად ვიხილე, არ შემიძლია, რომ არ ვთქვა: ვიწრო შუბლის, მოკლე მეხსიერების, ამბიციური, გათახსირებული ქართველის დედაც ვატირე, იმ ქართველის, რომელსაც ანწუხელიძე მხოლოდ 8 აგვისტოს „სჭირდება“ საკუთარი „პატრიოტიზმის“ დემონსტრირებისთვის, მერკანტილიზმის, მოღალატე სულის, უვიცობის, კრეტინობისა და თავისი უგვანობის დასამალად. მათ დოსტოევსკისა და პუშკინის რუსეთი კი არ უყვართ, არამედ პუტინის რუსეთს ეტრფიან. პუტინის, რომელმაც ქართველების საფლავები გაადიდ-გააგანიერა. რუსეთს ერთმორწმუნეს ეძახიან და ისიც კი არ იციან, ან იციან და საკუთარ თავსაც უმალავენ, რა დამართა „რუსმა“ ქართველ მღვდელმთავრებსა და საქართველოს ეკლესიას. მხოლოდ ის ახსოვთ, ილია პეტერბურგში რომ სწავლობდა, მაგრამ ერთხელ წაეკითხათ მისი „კატკოვის პასუხად“. ნეტავ, იციან, როგორ იწყება ეს პუბლიცისტური წერილი? არ ეცოდინებათ _ რუსთაველის სიტყვებით: „მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია“. რაო? ჰო, მათზეა საუბარი, ვისაც მტერი და მოყვარე ვერ გაურჩევია. მაბეზღარათა რაზმზე: „…რომელთაც რუსეთის სიყვარული კი არ ამოქმედებს, არამედ მათი საკუთარი დამშეული კუჭი. ეგ იმისთანა მოხელენი არიან, რომელთაც თავისის ბოროტმოქმედებით იმოდენად შეურცხვენიათ თავიანთი თავი, რომ თვით ყოვლადშემწყნარებელს ამგვარებში მთავრობას ვეღარ შეუწყნარებია იმათი სამსახურში ყოფნა და გამოუყრია. ან კიდევ იმისთანანი, რომელნიც ჯერ კიდევ თავის ადგილას სხედან და საღერღელი-კი აშლიათ მაღლა აცოცვისათვის, ვერასგზით-კი ვერ აცოცვილან. ან კიდევ იმისთანანი, რომელნიც თავისის უხეირობით და უნიჭობით ვერას გამხდარან და უნდათ თავი როგორმე გამოიჩინონ, თვალი ჩვენ უფრო გვიჭრისო და შორს ჩვენ უფრო ვხედავთო“.
ბევრი იპოვის ამ რაზმში საკუთარ ადგილს, მაგრამ განა ღიად აღიარებს ამას? ილიას წერილში კიდევ ბევრი რამ წერია საგულისხმო, მაგრამ „ამათი“ ამბავი რომ ვიცი, იტყვიან, _ კატკოვი ვინ მიგდიაო? იმპერატორსა და „იმპერატრიცას“ ვუყვარდით _ ვუყვარვართ ჩვენო. კი, ყველაფერს იტყვიან და იკადრებენ. იუნკრები ბოლშევიკებმა დახოცეს და რუსეთი რა შუაშიაო? ამბროსი ხელაიაზეც მოიფიქრებენ რამეს, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაზე, არაფერს ვიტყვი „მჯღაბნელი“ ჯავახიშვილის, „ტინგიცა“ ახმეტელის, „გადარეული“ მიქელაძის სვე-ბედსა და მათი დასჯის „გაპრავების“ ინწელიგენტურ არგუმენტებზე.
თუმცა ესენი ხომ ის ადამიანები არიან, რომლებიც მთელი ცხოვრება ცდილობენ, გელათში ჩავიდნენ და აღმაშენებელს ფეხი დაადგან, „გულზე“ _ დიდ მეფეს ანდერძი უნდა შეუსრულონ. აბა, რა _ პატრიოტიზმს, ტრადიციის პატივისცემას დემონსტრირება სჭირდება.

***
და იცით, რატომ მჯერა, რომ გვეშველება? იმიტომ, რომ საქართველოს ყველა ეპოქაში ჰყავდა ანწუხელიძე და ტატუნაშვილი _ გმირები, რომლებიც ფარისევლებსა და მლიქვნელებსაც აიძულებდნენ, მათ საფლავებთან მოედრიკათ მუხლები. გმირები, რომლებიც ადამიანებს დააფიქრებენ, რომ არის რაღაც კეთილდღეობაზე, კონფორმიზმზე, მშვიდობაზე ღირებულიც და ამ რაღაცას თავისუფლება ჰქვია.
და მაინც, რა არის თავისუფლება? ცხოვრება კანონის ფარგლებში, ცხოვრება ბოროტების წინააღმდეგ და ცხოვრება სიკეთისთვის. ვხედავ, მაინც ვერ ავცდი ილიას აზრს და ბარემ, მას მოვიშველიებ: „თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი“.
დიახ, გვეშველება! აუცილებლად გვეშველება!

გოჩა მირცხულავა