რატომ არ იძიებს ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას მკვლელობას?

რატომ არ იძიებს საქართველოს პროკურატურა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს?! ამ კითხვის დასმა სრული უაზრობა იქნებოდა 90-იან წლებში, რადგან მაშინ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებული, შევარდნაძის თამადობით, ხელისუფლებაში იყვნენ. საკუთარ კუდს რომ არავინ მოიჭრიდა, ყველას ესმის. ამიტომაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე, სრულიად გაუგებარი კვალიფიკაციით, პროკურატურაში თაროზე იყო შემოდებული და მისი არსებობა აღარც ახსოვდათ.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როცა შევარდნაძის „გვარდია“ ხელისუფლებას ჩამოშორდა, იმედი გაჩნდა, რომ გამსახურდიას მკვლელობის საქმე დაიძრებოდა და, ბოლოს და ბოლოს, გაირკვეოდა, რა მოხდა სინამდვილეში 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ხიბულაში?..
თუმცა, როგორც საბოლოოდ ვნახეთ, მოლოდინის მიუხედავად, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე კვლავ თაროზე დარჩა და კიდევ უფრო მეტი მტვერი დაედო. როგორც ჩანს, პანდორას ყუთის გასახსნელად პოლიტიკური ნება არც წინა ხელისუფლებას ეყო. ისიც არაა გამორიცხული, რომ გამსახურდიას მკვლელობაში, პირდაპირ თუ ირიბად გასვრილი ადამიანები, მაგ დროისთვის, ჯერ კიდევ, ინარჩუნებდნენ პოზიციებს პროკურატურაში და, ზოგადად, ძალოვან სტრუქტურებში.
თუმცა ყველაზე გაუგებარი მაინც ისაა, თუ რატომ არ მიმდინარეობს ამ ხმაურიანი საქმის გამოძიება ახალი ხელისუფლების პირობებში? დღეს ხომ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც 90-იანების დასაწყისში დანაშაულს სჩადიოდნენ ან ცოცხლები აღარ არიან, ან ასაკის გამო დიდი ხანია, ჩამოშორდნენ მმართველობით ორგანოებს.
თავიდან ნამდვილად შეიქმნა განწყობა, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ რეალურად აპირებდა საუკუნის მკვლელობის გამოძიებას. ღარიბაშვილი პრემიერობის დროს დაჰირდა საზოგადოებას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყებოდა.
ყველაზე დიდი იმედი კი საზოგადოებაში იმან გააჩინა, რომ საქმე, რომელიც წლების განმავლობაში თვითმკვლელობის მიმართულებით ვითარდებოდა (უფრო ზუსტად, ერთ ადგილზე იდგა), უეცრად გადაკვალიფიცირდა და 2015 წლიდან მას მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის მკვლელობა მის სამსახურებრივ საქმიანობას დაუკავშირდა.
თითქოსდა პროცესი დაიწყო, მაგრამ ყოველივე ეს მორიგი ტყუილი და საპნის ბუშტი აღმოჩნდა. პროკურატურას ამის შემდეგ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს საქმის გამოსაძიებლად. მეტიც: ორი წლის განმავლობაში საგამოძიებო ორგანოები, გამსახურდიას ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებდნენ, რაც, ბუნებრივია, სრულფასოვან გამოძიებას ყველანაირად აფერხებდა. პროკურატურამ რვაჯერ უთხრა უარი გამსახურდიას ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. ყოველ ჯერზე პასუხი ერთი და იგივე იყო, _ რახან საქმეში ეჭვმიტანილი არ გვყავს, ოჯახს დაზარალებულად ვერ ვცნობთო.
არადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. მარტივი ლოგიკით რომ ვიხელმძღვანელოთ, თუ პროკურატურა აღიარებს, რომ ადამიანი მოკლეს, ე. ი. მისი ოჯახის წევრები ყველა შემთხვევაში არიან დაზარალებულები. ასე რომ, სრულიად გაუგებარია, რა საჭიროა ეჭვმიტანილის არსებობა იმისთვის, რომ მოკლული პრეზიდენტის ოჯახი დაზარალებულად ცნო?
იმის მაგივრად, რომ „ოცნების“ პროკურატურას დაპირებული გამოძიება გაექტიურებინა, მან ამ სრულიად აბსურდული და ალოგიკური არგუმენტით კიდევ ორი წელი აჯანჯლა საქმე. 2017 წელს კი, როდესაც ოჯახმა პროკურატურის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა, ადვოკატი დაიქირავა და ყველა საჭირო მასალასაც მოუყარა თავი, პროკურატურამ იკადრა და გამსახურდიას ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ბუნებრივია, პროკურატურამ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ძალიან მაღალი იყო ალბათობა იმისა, სასამართლო ოჯახის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და პროკურატურას მათი დაზარალებულად ცნობა სასამართლოს დავალებით მოუწევდა.
საქმის ასე ხელოვნურად გაჭიანურებაში ნათლად იკვეთება ის, რომ „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც მის წინამორბედებს, არ უნდა ამ საქმის გამოძიება. ამას ადასტურებს არა მხოლოდ ის, თუ როგორ აჭიანურეს საქმე, სანამ ოჯახი დაზარალებულად ცნეს, არამედ როგორ წელავენ დროს მას შემდეგაც. პროკურატურა დღემდე ყველანაირად ცდილობს პროცესის შეფერხებას.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე 18 ტომისგან შედგება. ეს საქმე 1994 წლიდან აღიძრა და ამიტომ მისი დიდი ნაწილი ხელნაწერი, საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი და „კაპიროვკით“ გამრავლებული დოკუმენტების ერთობლიობაა. ბუნებრივია, დაზარალებულად ცნობილმა ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა საქმის გაცნობის სურვილი გამოთქვეს და პროკურატურას შუამდგომლობით მიმართეს, საქმის ერთი ეგზემპლარი მათთვის გადაეცათ. პროკურატურა რომ, ძირითადად, ხელის შემშლელის როლში გამოდის ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით, იმაშიც გამოჩნდა, რომ საქმის ერთი ეგზემპლარის გადაცემაზეც კი დაზარალებულ მხარეს უარი ეთქვა. 18 ტომის გაცნობის საშუალება ოჯახის ადვოკატს მხოლოდ ადგილზე ეძლევა. სამართლებრივად პროკურატურას არავინ უკრძალავს ერთი ეგზემპლარის დაზარალებულისთვის გადაცემას, თუმცა არც არავინ ავალდებულებს. და რახან პროკურატურამ აირჩია, მხარეს საქმე არ გადასცეს, ეს ნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გაჯანჯლება-გაჭიანურების პოლიტიკა კვლავ აქტუალურია.
ამას გარდა, ისიც ბევრზე მეტყველებს, რომ 2015 წლიდან, ანუ საქმისთვის მკვლელობის კვალიფიკაციის მინიჭებიდან, დღემდე, პროკურატურას არც ერთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია. ყოველივე აქედან გამომდინარე დაზარალებული მხარე საქართველოს პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს სრულ უნდობლობას უცხადებს და აპირებს მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. სარჩელი სტრასბურგში შევა სიცოცხლის ხელყოფისა და მასთან დაკავშირებული საქმის არაეფექტიანად გამოძიებასთან დაკავშირებით.
ევროპის კონვენციის მე-13 მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს, ყველა ღონისძიება განახორციელოს იმისთვის, რომ საქმე ეფექტიანად იყოს გამოძიებული. ასევე ავალდებულებს სახელმწიფოს, დახვეწოს სამართლებრივი მექანიზმები, თუ ასეთი რამ საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეობს და რაც მთავარია, ევროპული კონვენცია სახელმწიფოს ავალდებულებს, გამოძიება წარმართოს ისე, რომ საზოგადოებაში გამოძიებასთან დაკავშირებით ნდობა არსებობდეს.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, _ მიიღებს კი სტრასბურგის სასამართლო წარმოებაში საქმეს, რომელსაც თავის ქვეყანაში არათუ ყველა ინსტანცია არ გაუვლია, პირველ ინსტანციამდეც ვერ მიუღწევია. როგორც ადვოკატები ირწმუნებიან, არსებობს საგამონაკლისო წესი, რომლითაც სტრასბურგის სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს. დაზარალებულ მხარეს იმედი აქვს, რომ ევროპული სასამართლოსთვის არ გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ საქმე ხელოვნურად ჭიანურდება და საგამოძიებო ორგანოები არათუ გამოძიებით არ არიან დაინტერესებულნი, ისინი შეგნებულად უშლიან ხელს გამოძიების დასრულებას.
სანამ სტარასბურგის სასამართლო ივანიშვილის ჯიბის პროკურატურას გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას დაავალებს, მანამდე რამდენიმე საინტერესო გარემოებას გაგაცნობთ, რომელიც გამოძიებას დიდი ხნის წინათ უნდა ჰქონდეს შესწავლილი და გაანალიზებული.
საქართველოში არავის ეპარება ეჭვი, რომ ცოცხალი ზვიად გამსახურდია ყველაზე მეტად შევარდნაძეს არ აძლევდა მოსვენებას. საქართველოში სულ ცოტა ხნის წინათ დაბრუნებული „ამბროსოვიჩის“ პოლიტიკური მდგომარეობა მეტად არასტაბილურად გამოიყურებოდა. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მის სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. ის იყო კანონიერი მთავრობის დამხობის გზით მოსული არაკანონიერი ხელისუფლების თვითმარქვია მეთაური. საზოგადოებაში მისი რეიტინგი 15-20%-ს არ აღემატებოდა. შევარდნაძის ასეთ არასტაბილურ მდგომარეობას ყველაზე მეტად ზვიად გამსახურდიას ფაქტორი ამძიმებდა. კანონიერი ხელისუფლების დაბრუნების მოლოდინი საზოგადოებაში მაღალი იყო და ასე იქნებოდა მანამ, სანამ ზვიად გამსახურდია ცოცხალი იქნებოდა. შევარდნაძეს ეს ყველაზე კარგად ესმოდა და ამიტომაც იყო ის ასე დაინტერესებული ზვიადის ლიკვიდაციით.
ბუნებრივია, გამოძიება 1993 წლის ბოლოს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების ანალიზსს ვერ დაეყრდნობა, თუმცა პროკურატურა თუ დაინტერესდება, მას ძალიან მარტივად შეუძლია დაადგინოს, იყო თუ არა შევარდნაძე ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის უშუალო დამკვეთი?..
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში არცთუ დიდი ხნის წინათ ძალიან საინტერესო ჩვენება გაჩნდა. ამ ჩვენებას იძლევა უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სპეცდანიშნულების დანაყოფ „ალფას“ უფროსი, რომელიც 1993 წლის დეკემბრის დასაწყისში ზუგდიდში საგანგებო შტაბის სხდომაზე შეესწრო ძალიან მნიშვნელოვან და გამოძიებისთვის, ალბათ, საყურადღებო სატელეფონო ზარს მთავრობის მეთაურ ედუარდ შევარდნაძესა და უშიშროების მაშინდელ მინისტრ იგორ გიორგაძეს შორის.
თავის ჩვენებაში „ალფას“ წარმომადგენელი წერს, რომ შტაბის სხდომაზე მან იგორ გიორგაძეს ინფორმაცია მიაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის ცნობილი იყო ზვიად გამსახურდიას ადგილმდებარეობის შესახებ და თუ შესაბამისი ბრძანება იქნებოდა, „ალფას“’ სპეცრაზმელები გამსახურდიას დაკავებას 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ. ესოდენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების შემდეგ იგორ გიორგაძე შევარდნაძეს ურეკავს და ინფორმაციას აწვდის, რომ გამსახურდიას ადგილმდებარეობა მისთვის ცნობილია და მზადაა, იგი დააკავოს და თბილისში ჩაიყვანოს.
როგორც ჩვენებაშია აღწერილი, გიორგაძის ინიციატივამ, გამსახურდიას თბილისში გადაყვანის თაობაზე, შევარდნაძე ძალიან გააღიზიანა. ოთახში შეკრებილებმა მკაფიოდ მოისმინეს სახელმწიფოს მეთაურის ფრაზა იმის თაობაზე, რომ ცოცხალი გამსახურდია მას თბილისში არ სჭირდებოდა. შევარდნაძის რეაქციიდან ყველასთვის ნათელი იყო, რომ პირველი პირი პრეზიდენტ გამსახურდიას ლიკვიდაციას ითხოვდა. როგორც დანაყოფ „ალფას“ უფროსის ჩვენებიდან ირკვევა, იგორ გიორგაძემ გამსახურდიას ლიკვიდაციაზე უარი განაცხადა.
ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენების შემდეგ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ამ ჩვენების დამაჯერებლობის ხარისხი უნდა განისაზღვროს. დავიჯეროთ თუ არა ის, რომ შევარდნაძემ პირდაპირი მითითება მისცა უშიშროების მინისტრს, მოეკლათ გამსახურდია?! ეს ჩვენება აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, ამისთვის კი სასწრაფოდ უნდა დაიკითხონ ის ადამიანები, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ოთახში და რომლებსაც ასევე ესმოდათ შევარდნაძისა და გიორგაძის საუბარი. მით უმეტეს, რომ როგორც ჩვენების ავტორი წერს, ოთახში საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. რაც შეეხება იგორ გიორგაძეს, ის, ბუნებრივია, არ დაკითხულა, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ მან რუსულ გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოს“ ინტერვიუ მისცა, სადაც იგი დეტალურად იხსენებს იმ დღეს და შევარდნაძესთან საუბარს.
„შევარდნაძემ არაორაზროვნად მიბრძანა ზვიად გამსახურდიას ნეიტრალიზება! როცა მე შევარდნაძეს მოვახსენე, რომ ჩემს სპეცდანაყოფს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, თუ რომელ რეგიონში იმყოფებოდა გამსახურდია და ორ-სამ დღეში მას თბილისში ჩავიყვანდი, შევარდნაძემ განმიცხადა: „რად მინდა ის თბილისში, პურ-მარილით შევხვდე?!“ _ მას ცოცხალი ზვიადი არ სჭირდებოდა. როგორც „დემოკრატს“, შევარდნაძეს არ შეეძლო გამსახურდია დაეხვრიტა, რადგან ზვიადი საქართველოს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იყო, რომელიც იძულებით დაამხეს. შევარდნაძე ხელისუფლების სათავეში გადატრიალების გზით მოვიდა, ის არალეგიტიმური იყო. ის არ აურჩევიათ და არჩევნები 1995 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო. მართლაცდა, რად უნდოდა მას 1993 წლის ბოლოს ცოცხალი გამსახურდია? თავისი შეკითხვით, _ რად მინდა გამსახურდია თბილისში? _ პრაქტიკულად, მისი ლიკვიდაცია მიბრძანა“, – ამბობს იგორ გიორგაძე. იგი ასევე წერს, რომ მას შემდეგ, რაც გამსახურდიას ლიკვიდაციაზე უარი უთხრა, მან და მისმა სპეცდანაყოფებმა დასავლეთ საქართველო დატოვეს და თბილისში დაბრუნდნენ. გიორგაძე ირწმუნება, რომ რა მოხდა შემდეგ, მისთვის უცნობი იყო(?!!)…
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც ინტერვიუა და არა დაკითხვაზე მიცემული ჩვენება. გარდა ამისა, ყველას კარგად მოეხსენება იგორ გიორგაძისა და ედუარდ შევარდნაძის დაპირისპირების შესახებ, რამაც, არაა გამორიცხული, იგორ გიორგაძეს ტენდენციურობისკენ უბიძგოს. ამიტომაცაა აუცილებელი იმ ადამიანების დაკითხვა, რომლებიც 1993 წლის დეკემბრის დასაწყისში ესწრებოდნენ შტაბის სხდომას, რომელზედაც ეს სატელეფონო საუბარი შედგა. თუმცა, როგორც ვხედავთ, პროკურატურაში არავინ ჩქარობს სატელეფონო საუბრის მოწმეების დაკითხვას, არადა, „ალფას“ უფროსის ჩვენება, უკვე, თითქმის, წელიწადია, საქმეში დევს.
სამეგრელოდან „ალფას“ დანაყოფის წამოსვლის შემდეგ ზვიად გამსახურდიაზე ნადირობას გია გულუა და მისი გვარდიელები განაგრძობდნენ. სანამ გამოძიება არ ჩატარდება და პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებები საბოლოოდ არ გაირკვევა, ძნელი სათქმელია, ვის მიუძღვის დანაშაული და რა დოზით?! მანამდე ჩვენ მხოლოდ ვერსიების დონეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ეჭვები გამოვთქვათ. მაგალითად, გია გულუასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ზვიად გამსახურდიას სიკვდილს მისი კარიერის ელვისებური წინსვლა. ასევე უამრავი კითხვა გააჩინა მისმა ლიკვიდაციამაც, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ ადამიანის მოშორებას, ბევრი ისეთი რამ რომ იცოდა, რისიც ქვეყნის პირველ პირებს ძალიან ეშინოდათ.
გარდა იმისა, რომ უამრავი ადამინია დასაკითხი და უამრავი ჩვენებაა გადასამოწმებელი და დასადასტურებელი, გამოძიების, სურვილის ქონის შემთხვევაში, საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზები ექნებათ ჩასატარებელი. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მკვლელობის მუხლითაა დაკვალიფიცირებული, უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ პირველი პრეზიდენტი მოკლეს, ჯერ არ არსებობს. ხშირად გაიგონებთ მოსაზრებებს, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. ბოლოს და ბოლოს, დღემდე ამ ვერსიას ავითარებს 31 დეკემბრის ღამეს ზვიად გამსახურდიასთან ერთად მყოფი სამივე პირი: პრეზიდენტის ორი დაცვის წევრი და ბესარიონ გუგუშვილი.
არადა, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ყველაზე ბევრ კითხვის ნიშანს ის გარემოება ბადებს, რომ პრეზიდენტმა მწოლიარე მდგომარეობაში, საკმაოდ მძიმე იარაღით, „სტეჩკინით“, საფეთქელთან გაისროლა და შემდეგ იარაღიანი ხელი მუცელზე ისე დაიდო, რომ არც იარაღი გაუვარდა ხელიდან და არც ხელი ჩამოუვარდა საწოლიდან ქვევით. არადა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ათასი შემთხვევიდან ათასივეჯერ, მწოლიარე ადამიანს იარაღი ხელიდან გაუვარდებოდა.
ფაქტია, რომ აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მოკლეს თუ თავი მოიკლა, მანამ არ დამთავრდება, სანამ ყოვლისმომცველი კომისიური ექსპერტიზა არ ჩატარდება. ესაა ექსპერტიზების ერთობლიობა, რომლის ჩატარებაც საქართველოს საკუთარი ძალებითაც შეუძლია. საუბარია ფიზიკოტექნიკურ, ტრასოლოგიურ და ბალისტიკურ ექსპერტიზებზე, რომლის მეშვეობითაც საბოლოოდ დადგინდებოდა და გაირკვეოდა, გამსახურდია მოკლეს თუ თავი მოიკლა?! დახრილობის კუთხით შესაძლებელია დაზუსტდეს, აღნიშნულ ტრაექტორიაში იყო თუა არა შესაძლებელი მოძრაობა იმ სიმეტრიით, რასაც ადამიანი კონკრეტულ მომენტში ახორციელებდა?
ასეთი ექსპერტიზის დასკვნას სამუდამო იურიდიული ძალა ექნება. სანამ ასეთი დასკვნა არ დაიდება, საზოგადოებაში პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით დავა არ დასრულდება.
თვითმკვლელობის ვერსიის საწინააღმდეგოდ, მუცელზე დადებული იარაღიანი ხელის გარდა, კიდევ ბევრი გარემოება მიანიშნებს. მაგალითად, ძალიან უცნაურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ვითომდა თვითმკვლელობის შემდეგ ტყვიისგულა და მასრა სასწაულებრივად გაქრა ისე, რომ ორმა პროფესიონალმა დაცვის წევრმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ის ვერ იპოვა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა უფრო ადვილი დასაჯერებელია, _ ის, რომ პატარა ოთახში მასრა აორთქლდა თუ ის, რომ მასრა შეგნებულად გააქრეს, რათა პრეზიდენტის მკვლელობის დადგენა გართულებულიყო?
ამასთანავე, ძალიან სერიოზულ ეჭვს ბადებს ის, რომ იარაღი, რომლიდან გასროლილი მასრაც გაქრა, საგულდაგულოდ იყო გაწმენდილი. ჩნდება კითხვა, _ იმიტომ ხომ არა, რომ მასზე აღბეჭდილი იმ ადამიანის თითის ანაბეჭდები წაეშალათ, რომელმაც გასროლა განახორციელა და შემდეგ კი იარაღი პრეზიდენტს ხელში ჩაუდო და მუცელზე დაადებინა?
საკმაოდ არაბუნებრივად გამოიყურება ისიც, რომ ამდენი საეჭვო გარემოების მიუხედავად, პრეზიდენტთან ერთად მყოფი ადამიანები მისი დაღუპვის წუთიდან მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიას ახმოვანებენ. და ეს მაშინ, როცა არც ერთს (როგორც თავად ამბობენ) თვითმკვლელობის ფაქტი არ დაუნახავს. დაცვა ცალკე ოთახში იყო, გუგუშვილს კი გასროლის წამს ეძინა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რობინზონ მარგველანის თქმით თვითმკვლელობა ღამის პირველის ნახევარზე მოხდა, ანუ ახალი წლის დადგომიდან ნახევარ საათში, როცა მთელი სოფელი თოფს ისროდა ახალი წლის აღსანიშნავად. საათი კი, როგორც ამბობს, მარგველანმა სახლის პატრონთან, კარლო ღურწკაიასთან დააზუსტა, რომელიც ხმაურის გაგონებაზე მეორე სართულზე ავიდა.
ცნობილია, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გამსახურდიამ თავის თანმხლებ პირებს უთხრა, რომ მეორე დღეს ისინი ჯიხაშკარში უნდა წასულიყვნენ. ეს, რა თქმა უნდა, ბევრს არფერს ნიშნავს, მაგრამ კითხვა მაინც იბადება, _ თუ მორალურად განადგურებული და გატეხილი, ფიზიკურად ღონემიხდილი და დაუძლურებული გამსახურდია, როგორც ამას დაცვის წევრები გადმოგვცემენ, სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე იყო მისული და თვითმკვლელობას გეგმავდა, რა საჭიორო იყო იმაზე ზრუნვა და ფიქრი, მეორე დღეს სად უნდა წასულიყვნენ და რომელი სოფლისთვის შეეფარებინათ თავი?!.
და კიდევ ერთი, მართალია არა იურიდიული და სამართლებრივი, მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც ძალიან წონადი არგუმენტი იმისა, რომ ზვიად გამსახურდია არ მოიკლავდა თავს, არის ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, რომელიც შესანიშნავად ერკვეოდა ქრისტიანულ თეოლოგიაშიც და მართლმადიდებლურ სწავლებაშიც. ასეთმა ადამიანებმა კი შესანიშნავად იციან, რომ თვითმკვლელობა ისეთივე მომაკვდინებელი ცოდვაა, როგორც მკვლელობა, ხოლო ადამიანი, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ბიბლიას ხელიდან არ უშვებს, ბუნებრივია, გაცილებით მეტს ფიქრობს და ზრუნავს სულის უკვდავებაზე, ვიდრე ამქვეყნიურ, თუნდაც, დაუძლურებულ მდგომარეობაზე.
ასეთი ადამიანები თავს არ იკლავენ, ისინი განსაცდელს ღვთის საჩუქრად აღიქვამენ, რომელიც განწმენდისა და სულის ცხონების შანსს იძლევა…

დემნა ვეშაპიძე