კვირიკაშვილი „ოცნების“ დეპუტატებს გაებუტა?!

ის ხან „ძველბიჭურს აწვება“ და საჯაროდ „დინგი-დუნგიის“ დასანახ-გასაგონად იგინება, ხანაც ისე მეტყველებს, რომ ცხონებულ ბებიაჩემს შეშურდება. „ნაბიჭვარი“, „კეთილები“, „ყვავ-ყორნები“ _ დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ე. ი., ჩვენი ბედკრული სამშობლოს უმაღლესი თანამდებობის პირის ლექსიკაა. რამდენიმე თვის წინ, როცა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენა, ზოგმა გაამართლა, _ მერე რა, თანამდებობის პირიც ადამიანია, მთავარი კაცობაა, აღელდა და გინებაზეც ამიტომ გადავიდაო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ საინტერესოა, ორი-სამი დღის წინ, როცა სიტყვა ყვავ-ყორნებზე ჩამოაგდო, ბატონი პრემიერი ისევ აღელვებული იყო თუ, უბრალოდ, ცუდი წინათგრძნობა აქვს, ხვდება, რომ მალე მთავრობის კანცელარიას დატოვებს და ნერვებმოშლილი ამიტომაც არის?

ახლა კვირიკაშვილის მიმდევრები ვენებს „გადაიჭრიან“ და ლოყებს დაიხოკავენ, გიორგი არსადაც არ მიდის და კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს უხელმძღვანელებს მინისტრთა კაბინეტსო, მაგრამ ნათქვამია, ნეტარ არიან მორწმუნენი. ასე რომ, იმ ინფორმაციების თანახმად, რომელსაც „ქრონიკა+“-ს _ არც მეტი, არც ნაკლები _ მმართველი ელიტის კულუარებიდან აწვდიან, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად „დიდხანს ყოფნა“ ჩვეულებრივი მითია და მეტი არაფერი.
მაინც, რას ამბობენ „ოცნების“ კულუარებში ბატონ კვირიკაშვილზე? რას და, _ პრემიერი, რომელიც, წესით, ყველასთან კომუნიკაციაში უნდა იყოს, უმრავლესობის უმრავლესობას, თურმე, ნუ იტყვით და, არ ელაპარაკება.
„რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ „კვირიკა“ ჩვენზე გაბუტულია და არც გვესალმება, _ უყვება „ქრონიკა+“-ს „ოცნების“ ერთი-ერთი წარმომადგენელი, _ ზუსტად ვიცი, პრემიერი რატომაც დაგვეუმძრახა, მაგრამ ეს მისი პრობლემაა და არა _ ჩვენი. ზოგადად, მთავრობის მეთაური რომ ხარ, ვალდებულება გაქვს, ყველასთან, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გქონდეს კომუნიკაცია. ჰოდა, ვერ გავიგე, ეს გაბუტვა რა უბედურებაა? მესმის, არ მოსწონს, იგივე „ოცნების“ დახურულ სხდომებზე შენიშვნებს რომ ვაძლევთ და ვაკრიტიკებთ, მაგრამ ეს გამარჯობის ართქმა რა ბავშვობაა? სხვათა შორის, აქამდე არც დიმიტრი ქუმსიშვილი გვესალმებოდა, მაგრამ, ბოლო დროს, „ქუმსიკა“ შეგვირიგდა და ისიც კი გვითხრა, კარგი იქნება, თუ კვირიკაშვილს კრიჭაში არ ჩაუდგებითო, მაგრამ კვირიკაშვილს კრიჭაში კი არ ვუდგავართ, არამედ, ვუხსნით, რომ თუ ტაქტიკასა და სტრატეგიას არ შეცვლის, ქვეყანა თავზე დაგვემხობა და ამ ნანგრევებში მხოლოდ ხალხი კი არა, ჩვენც მოვყვებით“.
„ქრონიკა+“, რასაკვირველია, დაინტერესდა, თუ რაზე აძლევენ უმრავლესობის წევრები მინისტრთა კაბინეტის უსშტაბაშს შენიშვნებს. ჩვენმა ოცნებელმა წყარომ დეტალებისგან თავი შეიკავა, თუმცა გვითხრა, რომ კვირიკაშვილის რამდენიმე ინიციატივა, რომელსაც მისი გარემოცვა „რევოლუციურ რეფორმას“ არქმევს, თავად „ოცნებას“ ბუმერანგივით მიუბრუნდება.
სამაგიეროდ, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ „რევოლუციური რეფორმებით“ რამდენიმე პიროვნება პერსონალურად იხეირებს.
„იცით, როგორი დამოკიდებულება აქვთ? _ სანამ ვართ, ჩვენსას ხომ „გავისწორებთ“ და ჩვენ მერე ქვა-ქვაზეც ნუ დარჩენილაო“, _ ამბობს „ქრონიკა+“-ის კონფიდენტი.
ჩვენი წყაროს მიერ კულუარებიდან გამოტანილ ინფორმაციას, როგორც იტყვიან, კვალდაკვალ მიყევით და დავადგინეთ, რომ პრემიერ კვირიკაშვილის გაბუტვის ერთ-ერთი მიზეზი ე. წ. დაგროვებითი პენსიის კანონპროექტია.
როგორც ირკვევა, დაგროვებითი პენსიის ინიციატივა, თავიდან ბოლომდე, ბანკირების ერთ ნაწილს ეკუთვნის. სხვათა შორის, ბატონი კვირიკაშვილიც, სანამ „ოცნების“ სახე და, შესაბამისად, პრემიერი გახდებოდა, სწორედ ბანკში მოღვაწეობდა. არსებობს ინფორმაცია, რომ „კვირიკა“ დღესაც ბანკირების ტყვეობაშია, ანუ იმას აკეთებს და ამბობს, რასაც „ძველი ძმები“ ურჩევენ და უბრძანებენ.
ასევე, „ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი ხდება, რომ კვირიკაშვილისა და უმრავლესობის წევრთა ურთიერთობა დალხინებული და „კეთილმოყვრული“ არც დაგროვებითი პენსიის კანონპროექტამდე იყო.
„ეს ადამიანი პრემიერად რომ დაინიშნა, გვეგონა, ჩვენს რჩევებს თუ არ გაითვალისწინებდა, მინიმუმ, მოგვისმენდა მაინც, მაგრამ თავიდანვე ისეთი „ვაჟნი დაგვიჭირა“, გეგონება, იმპერატორი ყოფილიყოს“, _ აღნიშნავს „ქრონიკა+“-თან საუბრისას მმართველი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, თუმცა მალე უმრავლესობაში, შესაძლოა, ბუნტმა იფეთქოს და ბევრმა ოცნებელმა კვირიკაშვილის წინააღმდეგ საკუთარი პრეტენზია ღიად და საჯაროდ გამოთქვას, თუმცა შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ „მეოცნებეებს“ კვირიკაშვილის „საჯარო გაკიცხვა“ არც დასცალდეთ, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავად კვირიკაშვილიც ხვდება, რომ მისთვის, როგორც პრემიერისთვის, წამმზომი ჩართულია. ის განცხადება კი, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა, ჩვეულებრივი თავის დამშვიდებაა და მეტი არაფერი.
„მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო იმ პოლიტიკურ მითქმა-მოთქმას, რომელიც გასული დღეების განმავლობაში მოვისმინეთ. ძალიან მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, ორიოდე სიტყვით მინდა ასევე იმ ადამიანების საყურადღებოდ ვთქვა, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე, მინდა, დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელი, მინიმუმ, არ დარეკავს, ამიტომ დაისვენონ, მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“, _ ბრძანა „კვირიკამ“ იმ საგანგებო ბრიფინგზე, რომელსაც ინფრასტრუქტურის ძველი და ახალი მინისტრებიც ესწრებოდნენ. ყველა, ვინც ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში დილეტანტის დონეზე მაინც ერკვევა და ე. წ. მიმიკების ენის საიდუმლოც იცის, მიხვდა, რომ „ყვავ-ყორნებზე“ განცხადებით კვირიკაშვილმა თავის დაცვა და იმ მოარული ხმის გაფანტვა სცადა, რომლის თანახმადაც, მალე ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება.
სხვათა შორის, არსებობდა მოლოდინი, რომ ახალ პრემიერს საზოგადოება აღდგომამდე გაიცნობდა, მაგრამ კვირიკაშვილმა თანამდებობა, ამ ეტაპზე, შეინარჩუნა. ამ „შენარჩუნებას“ კი იგივე „ოცნებაში“ იმით ხსნიან, რომ „ის ბრძენი კაცი“ პრემიერის კანდიდატურას ეძებს, ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს.
„დაახლოებით, სამი კვირაა, კვირიკაშვილმა ქუმსიშვილის პირით შემოგვითვალა, რომ არასაპარლამენტო კვირაში, ანუ როცა ქუთაისში არ ვიქნებით, „ოცნების“ ოფისში ყოველდღე უნდა შევიკრიბოთ და დახურული სხდომები გავმართოთ. ამაზე ცოტა გაგვეცინა, მაგრამ ერთი-ორჯერ ამ „სხადნიაკზე“ მივედით და პრემიერს ვკითხეთ, _ ამდენი ხანია, უმრავლესობასთან შეხვედრა არ მოგინდომებია და ახლა რა დაგემართაო? გვიპასუხა, _ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა და უმჯობესია, ამ პრობლემებთან დაკავშირებით აზრები გავცვალოთო. რაღაცებზე ილაპარაკა, გვითხრა, ესა და ეს უნდა გავაკეთოთ, ასე და ასე უნდა მოვიქცეთო. პლუს, ჩვენი ე. წ. მტრების სიაც გაგვაცნეს, ანუ კონკრეტული ადამიანები დაგვისახელეს და გვითხრეს, რომ მათი საჯარო აქტივობები ხელისუფლებისთვის, მაინცდამაინც, მომგებიანი არ არის და ვისაც როგორ შეგვეძლება, ამ „მტრებთან“ ურთიერთობა ისე უნდა დავალაგოთ.
ერთი სიტყვით, ყველა შეხვედრაზე თითქმის ერთი და იგივე „სიმღერას“ მღეროდა პრემიერი და მისი გარემოცვა. მივხვდით, რომ ამ „სხადნიაკებზე“ სიარულს აზრი არ აქვს და, ალბათ, აღარც მივალთ“, _ ამბობს ჩვენი წყარო და დასძენს, რომ უმრავლესობის ამ სხდომებზე პრემიერის ან პრეზიდენტის კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა.
ამასთან, „ქრონიკა+“-მა თანამოსაუბრესთან ის მოარული ინფორმაციაც გადაამოწმა, რომლის მიხედვითაც, კვირიკაშვილის ერთ-ერთი სავარაუდო შემცვლელი შესაძლოა, შს მინისტრი გიორგი გახარია იყოს, მაგრამ ჩვენმა წყარომ ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ კვირიკაშვილს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არც შს მინისტრთან აქვს.
„გახარიასა და კვირიკაშვილს შორის „შავმა კატამ“, როგორც მე ვიცი, ჯერ კიდევ მაშინ გაირბინა, როცა გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო და იმავდროულდ, ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც ასრულებდა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ დაპირისპირების მიზეზი, მგონი, ანაკლიის პროექტი გახდა. ხელისუფლებაში ყველამ იცის, რომ ამ პროექტს კვირიკაშვილი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ლობირებს და ამ კუთხით ბიუჯეტიდანაც სოლიდური თანხა მობილიზდებოდა. ამ თემით გახარია დაინტერესდა, რაღაცები გაარკვია და, როგორც ყურმოკვრით ვიცი, ივანიშვილთან მივიდა და უთხრა, რომ კვირიკაშვილი არასწორად იქცეოდა. ამის მერე ივანიშვილმა პრემიერი დატუქსა. „კვირიკამ“ იმის „გამოძიება“ დაიწყო, თუ ვინ ჩაუშვა ივანიშვილთან და საკუთარი არხებით გახარიაზე გავიდა. მართალია, მისთვის საქმე არ გაურჩევია, მაგრამ იმ დღიდან ცალყბად ელაპარაკება და კვირიკაშვილის გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, გახარიას შს სამინისტროს კი არ ჩააბარებდა, არამედ, მთავრობიდან საერთოდ გაუშვებდა, მაგრამ დავალება „შუშის სასახლიდან“ მიიღო და იძულებული გახდა, შეესრულებინა“, _ უყვება „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალური წყარო, რომელიც, აქვე, იმასაც ამბობს, რომ კვირიკაშვილს მაინცდამაინც არც თბილისის მერი „ეხატება“ გულზე.
„ახლა, კვირიკაშვილის ადგილზე მეც რომ ვიყო, კალაძის მიმართ ანტაგონისტური განწყობა მეც მექნებოდა, რადგან კვირიკაშვილი „ლაფატკაზე“ ზის, კალაძეს კი, რაც უნდა დააშავოს და გააფუჭოს, თანამდებობიდან ოთხი წელი ვერავინ მოხსნის _ არჩეული მერია. ისე, მე თუ მკითხავთ, ამ ქვეყანაში ყველაზე „სკუჩნი“ პოსტი ზუსტად თბილისის მერობაა _ ჯერ ერთი, ხალხი ირჩევს და, როგორც იტყვიან, უბატონოდ ბუზსაც ვერავინ აუფრენს.
მეორე და მთავარი: სამთავრობო გუნდს კი ჰგონია, რომ მთელი საქართველო ააგუგუნა, მაგრამ ჯობია, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ წვრილი, საშუალო და მსხვილი ბიზნესი ყველაზე წარმატებულად და კარგად მარტო თბილისში მუშაობს. ისიც არ არის ახალი, რომ ნებისმიერი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ბიზნესია, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჭკვიანი ადამიანი ყველაფერ ამას სათავისოდ გამოიყენებს და იმაზე დიდი და მეტი ამბიცია გაუჩნდება, ვიდრე თბილისის მერობაა. არ ვიცი, ამ შანსსა და შესაძლებლობას კალაძე როგორ გამოიყენებს, მაგრამ უკვე არსებობს გარკვეული სიგნალები, რომ იგივე „ოცნებაში“ ვიღაცები კალაძის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნას ცდილობენ და იმაზე არიან ორიენტირებულნი, რომ კალაძე, როგორც მერი, წარმატებული არ იყოს და ვადის ამოწურვის შემდეგ სხვა პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდეს.
ისე, კალაძემ თუ მოინდომა, „ოცნებას“ „ჯიბეში ჩაისვამს“, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ივანიშვილზე ფინანსებით არ არის დამოკიდებული. ბუნებრივია, ყოფილი პრემიერივით მილიარდერი არ გახლავთ, მაგრამ იმდენი აქვს, რომ შეუძლია, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში ნებისმიერ დროს დაიწყოს და ივანიშვილს თავი ისე შესთავაზოს, როგორც „ოცნების“ ალტერნატივამ.
არ დაგიმალავთ და მმართველ გუნდში მოვლენების ამ სცენარით განვითარების ალბათობას შიგადაშიგ უშვებენ და ამიტომ არ გამიკვირდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს კალაძე სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს, თუმცა ასეთ დროს, რატომღაც, მგონია, რომ ივანიშვილი კალაძის მხარეს დადგება, რადგან თვითონაც ხვდება, რომ „ოცნების“ იმიჯი თანდათან ნულოვან ზღვარს უახლოვდება, ეს კი ავტომატურად მის რენომეს ეხება“, _ აღნიშნავს „ქრონიკა+“-ის თანამოსაუბრე და აქვე, ერთ ამბავსაც გვიყვება, რომლის თანახმადაც, გარემოცვას ივანიშვილისთვის ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის შესახებ ენები მიუტანია, _ შანსს არ უშვებს, ჩვენ რომ არ გაგვაკრიტიკოსო. როგორც წყარო ამბობს, ივანიშვილმა ენის მიმტანებს მიუგო, _ ეგ ადამიანი ტყუილს არაფერს ამბობს და მეც იგივეს ვფიქრობ, მაგრამ მე ხომ ვერ გამოვალ და ამ ყველაფერზე ლაპარაკს მე ხომ ვერ დავიწყებო?
იმის ილუზია, რომ ყველა ის კულუარული ინფორმაცია, რომელიც წყაროებმა მოგვაწოდეს, სიმართლისა და ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა, ცხადია, არ არსებობს, მაგრამ ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. ესეც რომ არა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მმართველ ელიტაში დიდი „რაზბორკებია“ და ყველა თავის გადარჩენას ცდილობს, თუმცა „ხუხულა“ ერთბაშად რომ არ ჩამოიშლება, ნათელია, ანუ იმისთვის, რომ ხალხი დაშოშმინდეს და ჭორები მეტ-ნაკლებად დაცხრეს, შესაძლოა, ერთ-ორ ჩინოვნიკს „დააგდებინონ თავი“ და ამით ვითარება ცოტა ხნით განმუხტონ, მაგრამ ძაფის გორგალივით არეულ-დარეული სამთავრობო გუნდის დალაგება არცთუ მარტივი იქნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ უკმაყოფილება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავად „ოცნებაშიც“ იზრდება და დეპუტატების გარკვეული ჯგუფი ხმის ამოღებისთვის ემზადება.
ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება მოუწევს. როგორც „ქრონიკა+“-ის სამთავრობო წყაროები იუწყებიან, ახალმა განხეთქილებამ შესაძლოა, სწორედ ამ თემაზე იჩინოს თავი, ანუ როგორც ამბობენ, „ოცნებას“, ამ ეტაპზე, საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, უფრო სწორად, „ოცნების“ სხვადასხვა ფრთა სხვადასხვა კანდიდატს ლობირებს. ასე მაგალითად, „ოცნებასთან“ აფილირებული ზოგიერთი პიროვნება შინაურულ წრეებში ხმას ავრცელებს, რომ ივანიშვილი პრეზიდენტად თითქოს პოეტ დავით მაღრაძეს ამზადებს;
ასევე, ზოგი ამბობს, რომ ივანიშვილისთვის ყველაზე სასურველი და მისაღები პრეზიდენტი შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი იყოს;
გარდა ამისა, სახელდება მამუკა ბახტაძის კანდიდატურაც, რომელიც ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის მეგობარი და ამჟამად ფინანსთა მინისტრია. თუმცა, ყველაფერი ეს მოარული ხმებია და მეტი არაფერი.
„ქრონიკა+“-ს „ოცნების“ კულუარებში ეუბნებიან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის თაობაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, თუმცა აქვე დასძენენ, რომ კვირიკაშვილს, რომელსაც რამდენიმე თვის წინათ მომავალ პრეზიდენტად განიხილავდნენ, იმედი გადაწურული აქვს და აღარ ჰგონია, რომ ივანიშვილი არჩევანს მასზე შეაჩერებს.
„იმის იმედით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნებოდა, კვირიკაშვილმა ყველაფერი გააკეთა. ადგა და პუტინს წერილიც გაუგზავნა, როგორც ჩანს, იფიქრა, ამით ივანიშვილის გულს საბოლოოდ მოიგებდა, მაგრამ ის გარემოება აღარ გაითვალისწინა, რომ ამ ნაბიჯით ყოფილი პრემიერის პრორუსულობას გაუსვა ხაზი. ივანიშვილს კი ეს ხაზგასმა, ამ ეტაპზე, ჩემი შეხედულებით, ნამდვილად არ აწყობდა, რადგან ის ანგარიშს უწევს დასავლეთის, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების მისდამი განწყობასაც და სულაც არ უნდა, თეთრ სახლსა და კონგრესში მის პრორუსულობაზე ახალი ტალღა აგორდეს. სწორედ ამით აიხსნება, რომ საქართველომ ცივილიზებულ მსოფლიოს მიჰბაძა და საქართველოდან რუსი დიპლომატები გაიწვია. პუტინისადმი გაგზავნილი წერილის ფონზე კვირიკაშვილს ამის გაკეთება, შეიძლება, სულაც არ უნდოდა, თან იმ ფონზე, როცა პრორუსული ძალების კეთილგანწყობა მოიპოვა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, იძულებული გახდა, ისე მოქცეულიყო, როგორც უბრძანეს.
ამიტომ, პოლიტიკური ალღო და გამოცდილება თუ არ მღალატობს, კვირიკაშვილი ჩიხშია შესული და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჰგონია ან თავს ირწმუნებს, რომ რამდენიმე წელი ძვრას ვერავინ უზამს და ყვავ-ყორნები კანცელარიას ტყუილად უტრიალებენ, როგორც პრემიერმა, არსებობა, ბევრი-ბევრი, ორი თვე გაიხანგრძლივოს და მერე ისე დაივიწყონ, როგორც _ შარშანდელი თოვლი“, _ ამბობს „ქრონიკა+“-ის წყარო.
კვირიკაშვილი არც პირველი ჩინოვნიკი იქნება და არც უკანასკნელი, რომლის არსებობაც პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებას დაავიწყდება, სამაგიეროდ, ჩვენს გულებში დიდხანს დარჩება მისი ფრაზა: „შე, ნაბიჭ… შენ მოგიტ… კეთილები“ და ასევე: „ყვავ-ყორნები“. ბოლოს და ბოლოს, კვირიკაშვილი საქართველოს ისტორიაში იმით მაინც შევა, რომ პირველი უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, რომელმაც „კეთილების გინება“ პირდაპირ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გინების კორიანტელი დააყენა!

გიორგი აბაშიძე