ბიძინას ხეები და პაპუნას ციყვები

ბათუმში 19 წლის გოგონა ღია საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, ფეხი მოიტეხა და თავი რამდენიმე ადგილზე გაიტეხა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქალაქს უთავო ხელისუფლება ჰყავს, უფრო სწორად, ხელისუფლება, რომელსაც თავი მარტო საკუთარი თავისთვის აბია და მარტო იმ საკუთარ თავზე ზრუნავს.

…ისევე, როგორც ამ ხელისუფლების თამადა ივანიშვილი ზრუნავს მხოლოდ საკუთარ ბიზნესზე, საკუთარ ეზოზე და ამ ეზოსთვის ხეების თრევაზე. ხეების მიმართ მისი ლტოლვა უკვე ფოლკლორის წამყვან მოტივად იქცა. ერთი კაცი გვყავს სოფელში. 95 წლისაა. ამას წინებზე ვიკითხე, _ რამდენი წლისაა-მეთქი? ხუთი წელი და ბიძინა თავის ეზოში გადარგავსო…
რომელ ხესაც უნდა, იმას ებდღვნება და საკუთარ ეზოში მიათრევს. გასულ კვირას პირველად მოხდა ის, რომ რომელ ხესაც თვალი დაადგა, საბოლოოდ აუქციონზე შეელია, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას 20 ათას ლარზე მეტი დაუჯდება. ოპოზიციამ ხე გამოგლიჯა ხელიდან ბიძინას. სეირი ის იქნება, ახლა ამათ რომ დაიწყონ ამ ხეების იქით-აქეთ ტარება… ბიძინას ხელი არ მიუწვდა იმ ევკალიპტზე, მაგრამ ვერც ამ ფაქტმა შეაკავა მისი ხეგლეჯიური თუ ხეების თრევის მანია და სწორედ გასულ კვირას, სწორედ ხეების თრევის გამო, ზუგდიდის სოფელ ინგირიდან კახათში 2 გიგანტური ევკალიპტი და ერთი დასავლური მუხა რომ გადაეტანათ, საავტომობილო გზა გადაკეტეს, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ჩახსნეს და ზუგდიდის 15 სოფელი მთელი ღამე ჩაბნელებული იყო. რიგ ადგილებში ხეები მაინც ვერ გამოეტია და გზების გაფართოებაც მოუწიათ.
ხეების გლეჯის, თრევისა და მათ გამო სხვა ხეების ჭრის, გზების კეტვის მთელ ამ ეპოპეას საზოგადოება სათანადო პროტესტის გარეშე ხვდება, მხოლოდ ბლუყუნისა და ჯუჯღუნის დონეზე. არადა, ეს სწორედ ის საზოგადოებაა, რომელიც ზანზარებდა, როდესაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადაადგილების გამო სულ რამდენიმე წუთით რომ იკეტებოდა გზა, სწორედ ეს საზოგადოება აწყობდა ისტერიკებს, როდესაც სააკაშვილის დროს ობოლი ბუჩქები იჩეხებოდა… ეს ის საზოგადოებაა, რომელმაც პირველ პრეზიდენტს „მერსედესი“ არ აპატია, მესამეს კი _ სუშის ჭამა. ბიძინა წარსულს უფეთქებს, მომავალს უჭამს და უხრავს და მაინც გატრუნულია…
ბიძინა ივანიშვილი რომ მარტო ხეებს ეტრფოდეს, კიდე რა გვიჭირდა, მაგრამ ირკვევა, რომ არანაკლებ ილტვის მიწისკენ. გასულ კვირას ლევან ხაბეიშვილმა ბიძო მიწომანიკობაში ამხილა. ბიძინას რომ ერთ ლარად მიწების ხელში ჩაგდება უყვარს, ეს პუშკინის სკვერთან დაკავშირებითაც გაირკვა, ახლა კი ირკვევა, რომ აბაშასა და ლანჩხუთში ათ მილიონამდე კვ. მ. მიწა სწორედ ერთ ლარად გადაეცა მასთან დაკავშირებულ კომპანიას.
საქართველო _ ესაა ქვეყანა, რომლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დავით მაღრაძეს ნობელის პრემიაზე წარადგენს, რატომღაც, ლიტერატურის და არა მშვიდობის დარგში! მაღრაძის ლირიკული სტრიქონებით გართულ რექტორს, ალბათ, მიავიწყდა, პოეტი მაღრაძე რა მშვიდობიანად დარბოდა ავტომატით „მხედრიონში“…
საქართველო ესაა ქვეყანა, სადაც 70 წლის მწვრთნელი 15 წლის სპორტსმენ გოგონაზე ძალადობს, ეს ფაქტი ყველამ იცის და სანამ ტელევიზიით არ ხმაურდება, არავინ ყურებს არ იბარტყუნებს…
საქართველო ესაა ქვეყანა, რომლის ერთ-ერთ ქალაქში, ბათუმში, საკრებულო აგდებს და არც იხილავს ინიციატივას, რომ არჩილ ტატუნაშვილის სახელი ეწოდოს გრიბოედოვის ქუჩას.
საინტერესოა, ნინო ჭავჭავაძის გაუბედურება რა ასეთ ამაგად და დამსახურებად ჩაუთვალა ამ ქვეყანამ ნინო ჭავჭავაძეზე 17 წლით უფროს გრიბოედოვს, რომ ამ ამაგს 2 საუკუნის გასვლის შემდეგაც არ უვიწყებს და ვერ ელევა მისი სახელობის ქუჩას?
რა უნდა უთხრა ქვეყანას, როცა ოკუპანტი გრიბოედოვი უფრო უღირს, ვიდრე თავისი გმირი ვაჟკაცი?
საქართველო ესაა ქვეყანა, სადაც პრემიერი პარლამენტარებს კეთილების მო…-ით ემუქრება, საკრებულოს წევრი კი ოპოზიციას დასძახის, _ ბოზი ქალებივით ყვირიხართო. ომბუდსმენი კი ორმაგად ღელავს ამ პროცესზე, შაქარაშვილის რეპლიკა სექსისტური შინაარსისაა და ქალთა კონკრეტულ მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებსო. თურმე, ნუ იტყვით და, ვატოების გამოთქმულ სექსისტურ თუ სხვა სახის დისკრიმინაციულ გამონათქვამებს შესაძლოა, დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე.
ატყდა ერთი გნიასი, ვატომ ელენე ხოშტარიას ბოზი ეძახაო. თავად ელენე ხოშტარიამაც ასე განაცხადა, _ ბოზი მეძახაო. მე ამ თავხედი ყმაწვილის ადვოკატობის არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ვატო შაქარაშვილმა ეს რეპლიკა ვაშაძესთან პაექრობისას დააბრახუნა და არა ელენე ხოშტარიასთან. მერე მობოდიშებისას თავადაც თქვა, ელენეს ეს არ ეხებოდაო, ეგა ვაშაძის ქუჩურ მოქმედებებზე ადეკვატური რეაქცია იყოო. მაგრამ ეს არც ელენემ დაიჯერა და არც ომბუდსმენმა ლომჯარიამ. მოკლედ, ომბუდსმენის ლოღიკით, ვატომ ცალკე ელენე ხოშტარიას მიაყენა შეურაცხყოფა, ოპოზიციას რომ დასძახა, _ ბოზი ქალებივით ყვირიხართო და ცალკე ბოზებს _ ისინი რომ შეურაცხყოფის მისაყენებლად ახსენა. თავად ვატოს გიორგი ვაშაძემ სულ პატარა ლიფსიტა ეძახა, მაგრამ ჩვენი ნეტარი ომბუდსმენი არც ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციას აუღელვებია და ბოზებისგან განსხვავებით, არც ლიფსიტების უფლებებზე უფიქრია, სიტყვა ლიფსიტის სალანძღავად გამოყენება რომ ლიფსიტების მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებს. ვაშაძემ ლიფსიტას შემდეგ „თავში ავარდნილი პატარა ცინდრიკებიც“ დაამატა.
ვიმეორებ, მაგ ყმაწვილის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ „ლიფსიტა“ შაქარაშვილი 26 წლისაა, გიორგი ვაშაძე _ 36 წლის. ათი წლით უმცროსს რომ ჩხუბში ლიფსიტობა წააძახოს, ერთი შეხედვით, რა უჭირს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ თავად 25 წლის იყო, როდესაც სამოქალაქო რეესტრს ჩაუდგა სათავეში და მაშინ ამ პოსტზე დანიშვნის ნაცვლად სააკაშვილს ის რომ ლიფსიტად ჩაეთვალა, საინტერესოა, რომელ წყალში იქცეოდა კალმახად?
ასე რომ, ასაკი არაფერ შუაშია, როცა პოლიტიკაში ჩაბმული პირი უზრდელ-რეპლიკობს. რას ამბობ, პრემიერი კვირიკაშვილი რომ 50 წლისაა, მაგიტომაც ვერ იძახა „ტყან-ტყანი“.
ომბუდსმენი ქალი გენდერული თანასწორობისთვის იბრძვის, გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ქალები კი კვოტირებისთვის იბრძვიან, რაც პარლამენტმა ჩააგდო და მათი რისხვაც დაიმსახურა. არადა, მართლა პარადოქსულია, თან იმას ამტკიცებდე, რომ ქალი კაცის თანასწორია და თან პრივილეგიებს ითხოვდე. დიახ, ლეკვი ლომისა სწორია და არანაირი კვოტები არ სჭირდება, ვინც კვოტების გარეშე ვერსად ეკვეტება, მართლაც „ქუხნაში“ უნდა შეეკვეტოს, გნებავთ ფიგურალურად აღიქვით, გნებავთ „ბუკვალურად“. ელისაბედ ტიუდორიც კვოტირებით ასულა ბრიტანეთის ტახტზე და თამარიც _ საქართველოს ტახტზე. VII საუკუნეში პრინცესა დოკმანსაც (შემდგომში უკვე მონარქს) კვოტირებით გაუმარჯვია შილას (დღევანდელი სამხრეთ კორეის ერთ-ერთი სამეფო) ფაქტობრივ მმართველზე, ლედი მიშილიზე, რომელიც, თავის მხრივ, კვოტირებით აღზევებულა მანამ… მეტყვით, რომ ისინი მეფის ასულები იყვნენ, ასე ვთქვათ, ლომების ლეკვები და „ლეკვი ლომისა სწორია“ არ ვრცელდება სხვებზე. ოღონდ ვიდრე ამას მეტყვით, ცალკე მსოფლიოს თუ ქართული პოლიტიკის, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად, წარმატებული ქალბატონები გაიხსენეთ და ცალკე წარუმატებელი და ოდიოზური ქალები _ როზა ლორთქიფანიძიდან ენძელა მაჭავარიანამდე. წარმოიდგინეთ, რას მოიტანს პოლიტიკაში ქალების დაწინაურების ასე ხელოვნურად წახალისება, პარტიები იძულებული გახდებიან, სიები ქალებით გამოტენონ. ამდენი ქალი პოლიტიკაში რეალურად არაა ჩაბმული, რაც იმას გამოიწვევს, რომ ამა თუ იმ პარტიის სიები გადაივსება ამა თუ იმ ლიდერის ფავორიტი ქალბატონებით და პარლამენტი, სხვა სიკეთესთან ერთად, სხვადასხვა პირთა ჰარამხანას დაემსგავსება.
მოქმედი ქალი ომბუდსმენი გენდერული თანასწორობისთვის იბრძვის, თუმცა დღეს წინა, მამაკაცი ომბუდსმენის მიერ გაცემული დასკვნა ხდება სკანდალური, სწორედ ის დასკვნა, რომელიც საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი ქალბატონის სექსუალური შევიწროების ფაქტს ადგენს. მოქმედი ქალი მინისტრი კი აბუჩად იგდებს სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალს და გაშმაგებით იცავს და ხელს აფარებს „ციყვების რისხვას“ _ პაპუნა უგრეხელიძეს. ამ სკანდალის ტელევიზიით გასაჯაროების შემდეგ პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა და მსხვერპლი ქალბატონი იქით ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ქალი-მინისტრი წულუკიანი, რომელიც ბაქიბუქობდა, რომ უგრეხელიძესთან უხერხული კითხვები ჰქონდა, იმავე უგრეხელიძეს წინანდებურად კრუხივით გადაეფარა და თანამშრომელი ქალი ტყუილის თქმაში დაადანაშაულა. საქმე ის არის, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ეკა მხეიძე (სხვათა შორის, მისი ვინაობაც ისევ პაპუნა უგრეხელიძე გაასაჯაროა და ამით კიდევ ერთხელ იძალადა ქალბატონზე) აცხადებდა, რომ მან, თავის დროზე, საქმის კურსში ჩააყენა იუსტიციის მინისტრი. წულუკიანი წიწმატობს, _ ტყუილია, აქამდე მე არაფერი ვიცოდიო. არადა, ტყუილს თვითონ ახეთქებს! ომბუდსმენის სკანდალური დასკვნა და მსხვერპლის წერილი უგრეხელიძის სექსუალურ ციყვებზე „ქრონიკა+“-მა, ჯერ კიდევ, გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა და კომენტარისთვისაც რამდენჯერმე დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს. დავუშვათ, არც მსხვერპლმა მიმართა წულუკიანს და არც საკუთარმა პრესცენტრმა გაუმხილა, რა თემაზე ითხოვდა „ქრონიკა+“ კომენტარს, გაზეთში ხომ დაიბეჭდა? არც თავად მინისტრი ეცნობა პრესას და არც მისი პრესსამსახური? ვინმეს გჯერათ, რომ მედიით ამგვარი სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება და „პიარი“ მინისტრს უმალავს?
ამაზრზენია, როცა სექსუალურად ავიწროებენ ქალს, როცა ეს ქალი საქმის კურსში აყენებს ქალ მინისტრს და ის ეუბნება, _ მერე რა მოხდა?(!) უარესად ამაზრზენია, როცა ეს ქალი მინისტრი შემდეგ კრუხივით ეფარება ამ სკანდალში მხილებულ მამაკაცს და კიდევ უფრო უარესია, როცა უკვე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩუგოშვილი ერთად ეფარება უგრეხელიძესაც და წულუკიანსაც და ოპოზიციას უარს ეუბნება გენდერული თანასწორობის საბჭოს მოწვევაზე! ამაზრზენია, როცა გავლენიანი ქალები ჩაგრული ქალის დაცვისა და ქალური სოლიდარულობის ნაცვლად, კლანურ სოლიდარობას ეწევიან…
საზოგადოებამ საბოლოდ ყველაფერი გაიგო „სექსუალური ციყვების“ სკანდალის შესახებ, მაგრამ ვერ გაიგო ერთი რამ _ როდის აქეთ გახდა „ციყვი“ სექსუალური სიმბოლო და „ციყვო“ სექსუალური, ვნებიანი მიმართვა?
მე მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ ციყვი, როგორც სექსუალური სიმბოლო, ჯონ ოსბორნმა გამოიყენა თავის სახელგანთქმულ პიესაში „მოიხედე მრისხანების ჟამს“, სადაც ცოლ-ქმარ ჯიმი და ელისონ პორტერებს თავისი სექსუალური თამაში აქვთ: ციყვთან ცოლი აიგივებს თავს, დათუნიასთან _ ქმარი… ცოლი ქმარს დათუნიას უწოდებს და ქმარი ცოლს _ ციყვს. მაგრამ… ოსბორნის გმირი ციყვს თავის ცოლს ეძახის და არა სხვის ცოლებს…

რეზო შატაკიშვილი