ბიზნესწილი „მაესტროს“ სანაცვლოდ?

„მერსედესის“ წარმომადგენლობის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. 2008 წელს დაწყებულ 10-წლიან დავას, უკვე მერამდენედ, საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს.

10 წელიწადზე მეტია, ეს საქმე სასამართლოში განსჯის საგანია. დავა მოსარჩელე დავით ძოწენიძემ 2008 წლის თებერვალში დაიწყო და სასამართლო გადაწყვეტილება 2010 წლის 30 სექტემბერს გამოვიდა, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ზემდგომ ინსტანციაში საქმე ორგზის იყო განხილული და 2012 წლის 28 თებერვალს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
დავით ძოწენიძემ, სხვებთან ერთად, შპს „აკა“ 1992 წელს დააფუძნა. დაფუძნების დროს ის 20%-იანი წილის მესაკუთრე იყო. 1092-96 წლებში მუშაობდა საწარმოს დირექტორად. „მერსედესის“ წარმომადგენლობისა და სხვა საავტომობილო ბრენდების კონტრაქტის მოპოვებით და საწარმოს განვითარებით შექმნა $635 000 ღირებულების კაპიტალი და მეწარმეთა კანონის შესაბამისად, 1996 წლის 8 იანვარს, ხელახალი რეგისტრაციის დროს, მის მიერ შექმნილი ქონება საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ჩაიდო. 1996 წელს, ხელახალი რეგისტრაციისას, ის ასევე მხოლოდ 20%-ის წილის მესაკუთრე იყო. რამდენიმე თვის შემდეგ საწარმოს ერთ-ერთ პარტნიორ კახი ასათიანთან უთანხმოების გამო დავით ძოწენიძემ დირექტორის თანამდებობა დატოვა და მუშაობა საჯარო სამსახურში განაგრძო, მაგრამ, დირექტორის პოსტთან ერთად, საწარმოს წილი არ დაუტოვებია.
თუმცა, დღეის მდგომარეობით, სასამართლოს ორივე ინსტანციამ, სხვა არასასურველი გარემოებების ზეგავლენით, მიიჩნია, რომ დირექტორობასთან ერთად ის ისე გავიდა დამფუძნებელთა შემადგენლობიდან, რომ მისი წილის (რაც იმ დროს იყო $127 000) უკან დაბრუნება ან რაიმე სახით კომპენსაცია არ მოუთხოვია და არც საწარმოს გადაუცია მისთვის.
დავით ძოწენიძის ადვოკატ ვლადიმერ სანიკიძის განმარტებით, ეს აბსურდული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლებისა და თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების პრინციპებს. ადვოკატი მოითხოვს, უზენაესი სასამართლოს მხრიდან წერტილი დაესვას გაუთავებელ სასამართლო პროცესს და სათანადო მიმართულება მიეცეს, საერთოდ, მართლმსაჯულებას საქართველოში.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, საქმე გვაქვს მტკიცებულებათა ფაბრიკაციასთან. საქმე ის არის, რომ დავით ძოწენიძის მოპასუხეები არიან მაკა ასათიანი და მისი ოჯახის წევრები. მოგეხსენებათ, მაკა ასათიანი 2011 წლის აპრილიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ მეწილე იყო და 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მან რამდენიმე მილიონით დააფინანსა ტელევიზია. „მაესტრო“ ერთ-ერთ ოპოზიციურ არხად ითვლებოდა. საპარლამენტო არჩევნების მერე, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მაკა ასათიანმა განცხადებების გაკეთება დაიწყო, რომ მისი ოჯახი წინა ხელისუფლების დროს შევიწროებული იყო, თუმცა მისი ოჯახი შპს „აკაში“ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფლობდა 80%-იან წილს და არანაირი საფრთხე მას არ შექმნია. ასათიანების ოჯახი მიიჩნევდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მათი ოჯახიდან დავალებული იყო.
2013 წლის თებერვალში ასათიანების ოჯახმა განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და იმ თანამდებობის პირების დასჯა მოითხოვა, რომლებიც, მისი აზრით, მოსარჩელე დავით ძოწენიძეს წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გამომძიებლის მიერ დასმულ კითხვაზე, _ კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირები ეხმარებოდნენ დავით ძოწენიძეს? მაკა ასათიანის დედამ, ლუიზა თავართქილაძემ, უპასუხა, _ ყველა მოსამართლე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქმის განხილვაში… და მისი ეს პასუხი დაკითხვის ოქმშიც არის დაფიქსირებული. მათი განცხადების შემდეგ, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე არავინ დაზარალებულად ცნობილი არ არის და არც არავის წინააღმდეგ დაწყებულა დევნა.
ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ, 2014 წლის ბოლოს გამომძიებელმა ასათიანების ოჯახს მოწმეთა დაკითხვის ოქმები საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით გადასცა. მათ ეს ოქმები, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება, ისე წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
ასათიანების ეს ცდა უშედეგოდ დასრულდა, _ 2015 წლის 5 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განცხადება უსაფუძვლოდ მიიჩნია და უარი განაცხადა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე. ეს განჩინება ძალაში დარჩა 2015 წლის 30 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით.
2015 წლის ოქტომბერში ასათიანების ოჯახს, ისევ საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, სისხლის სამართლის საქმიდან მტკიცებულებების ასლები გადაეცა, რაც მათ ასევე ახლად აღმოჩენილ გარემოებად წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. სასამართლომ, ამჯერად, განცხადება დასაშვებად მიიჩნია და საქმის წარმოება განაახლა. საქმის განმხილველმა ორივე ინსტანციამ ჯიუტად არ მოინდომა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვა სრულად, ანუ არც კი ეცადნენ გარკვეულიყვნენ საქმის მასალებში და რეალურად დაედგინათ ფაქტები.
ადვოკატის განმარტებით, სრულიად გაუგებარია, რატომ და რისთვის დასჭირდა გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმეზე 1996 წლის 15 მარტით დათარიღებულ ოქმზე დაენიშნა ექსპერტიზა იმის დასადგენად, ამ ოქმზე სხდომის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები კალმით იყო შესრულებული, ანუ ეგზემპლარი დედანი იყო თუ ასლი? მაშინ, როცა ეს ოქმი, როგორც მტკიცებულება, დაშვებული გახლდათ, საქმეში იყო განხილული და სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ შეფასებული, ასევე დადგენილია, რომ იგი არ არის ნოტარიულად დამოწმებული, არ არის შესული ვაკის რაიონის სასამართლოს კანცელარიაში 1996 წლის 4 აპრილამდე, დღესაც არ დევს სამეწარმეო საქმეში, არც დავით ძოწენიძეს ჩაბარებია და იგი არ დადებია საფუძვლად 1996 წლის 4 აპრილის სასამართლოს დადგენილებას _ შპს „აკას“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანას.
რატომ ეძებდა ამ დოკუმენტის ასლს ფინანსთა სამინისტროში გამოძიება?
ადვოკატის განმარტებით, დოკუმენტის სამინისტროში შესვლისა და შენახვის არანაირი მტკიცებულება თავად სამინისტროს არ მოეპოვება. მათი განცხადების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას საკითხის შესასწავლად მიმართვა გაუგზავნა. რაკი საქმეში დაზარალებულად ცნობილი არავინ არის, არც ბრალი წარდგენია ვინმეს და არც დადგენილება არსებობს დევნის დაწყებაზე უარის შესახებ. საქმის მასალები მოპასუხე მხარისთვის ხელმისაწვდომი არ არის. გამოძიება შეგნებულად აჭიანურებს დროს სამოქალაქო დავის საქმის დასრულებამდე.
დავით ძოწენიძის ადვოკატის განმარტებით 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის გაუქმებული და ხელახლა მიღებული გადაწყვეტილება 100%-ით ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებსა და ყველასთვის სავალდებულო სამართლებრივ განმარტებებსა და შეფასებებს. ეჭვს იწვევს მრავალი გარემოება: პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სამართლიანი სასამართლოს პრინციპები სერიოზულად იყო იგნორირებული.
როგორც ჩანს, ბიზნესის ახევის სქემა არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვისაა უცხო, უზენაეს სასამართლოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოუწევს ამ საქმის განხილვა, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წართმევის სამარცხვინო პრაქტიკა.

მარიამ ბალანჩივაძე