რა წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს ეკა ბესელიამ?

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, „ბახალას“, ბრალი ორი მუხლით დაუმძიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 900 აბი სუბუტექსის საქართველოში ორგანიზებულად შემოტანის ფაქტი გახსნა და ჯგუფის ორგანიზატორი, ირაკლი ქორიძე დააკავა. „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“
დირექტორის შვილს შსს ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ: ქორიძეს ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გადაზიდვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ქორიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

როგორც გაირკვა, ირაკლი ქორიძე წარსულში ანალოგიური ბრალდებით იყო დაკავებული და მას 30 წელი ჰქონდა მისჯილი. საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებულმა ამნისტიამ მას სასჯელის ¼ მოაკლო, ხოლო 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ქორიძის საქმე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეისწავლა და პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას შესაბამისი რეკომენდაციით ეკა ბესელიამ მიმართა.

რა წერია დოკუმენტში, რომელიც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა?

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების სამსახურის უფროსს.
ასლი ცნობისთვის დავით კორკოტაშვილს:
ქვემდებარეობით სამართლიანი რეაგირებისთვის გიგზავნით კომიტეტში შემოსულ ადვოკატ დავით კორკოტაშვილის #40708 განცხადებას მსჯავრდადებულ ირაკლი ქორიძის შეწყალების თაობაზე.
კომიტეტის მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე ირაკლი ქორიძის მიმართ სამართალწარმოების განხორციელებისას იკვეთება პოლიტიკური მოტივი. ი. ქორიძე ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას. მის საკუთრებაში იყო იშვიათი მოდელის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა. 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ი. ქორიძეს მიმართეს თხოვნით, მიხეილ სააკაშვილისთვის დროებით სარგებლობაში გადაეცა „მერსედესის“ ფირმის იშვიათი მოდელის ავტომანქანა. განმცხადებელი დაეთანხმა და პრეზიდენტმა ამ ავტომანქანით გომბორის საავტომობილო გზის გახსნისას ისარგებლა, რაც ტელევიზიითაც გაშუქდა. მოგვიანებით, ირაკლი ქორიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას კვლავ მიმართეს პრეზიდენტის სახელით და მისთვის ამ მანქანის უსასყიდლოდ გადაცემა სთხოვეს, რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ი. ქორიძე საქართველოს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, ის ყოველთვის დაუფარავად გამოთქვამდა თავის შეხედულებებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური კურსის წინააღმდეგ, აქტიურად მონაწილეობდა და ასევე ორგანიზებას უწევდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გამართულ საპროტესტო აქციებს.
2010 წელს განმცხადებლის მიერ დაფუძნებულ ტოტალიზატორ „ენ ქეი აზია ბეთ ქომში“ ჩაატარეს ფინანსური შემოწმება, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს დააკისრეს 2 500 000 ლარის გადახდა. განმცხადებელმა ამ თანხის გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნდა, რომ შემოწმების აქტი აშკარად უკანონო იყო. შედეგად ტოტალიზატორი დახურეს. გახსნის სანაცვლოდ, ი. ქორიძის დაპატიმრების შემდეგ, დირექტორს 8000 ლარის გადახდა მოსთხოვეს, რაზედაც მან უარი განაცხადა.
2011 წლის 24 მარტს განმცხადებელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის გამო დააკავეს. განმცხადებლის ჩვენებით, ის ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს, სადაც 300 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსი ჩაუდეს. მასთან ერთად ასევე დააკავეს ზაზა ბაკურაძე, რომელსაც ი. ქორიძე შემთხვევით შეხვდა მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში. მასაც ჩაუდეს 14 აბი სუბუტექსი, ი. ქორიძემ მოითხოვა, ჩხრეკას მოწმეები დასწრებოდნენ, რაზედაც უარი ეთქვა. განმცხადებელმა ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინებაში არ არის მითითებული სასამართლოს განჩინება ჩხრეკის ოქმის კანონიერად ცნობის შესახებ. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ეჭვს იწვევს, რომ ჩხრეკის ოქმის კანონიერად ცნეს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული 24-საათიანი ვადის მნიშვნელოვანი გადაცილებით.
განმცხადებელი სასამართლოს წინაშე მისი დაკავებისას ოპერატიული თანამშრომლების მიერ ჩადენილ უხეშ საპროცესო დარღვევებს ასაჩივრებდა. აღნიშნული ფაქტები არ არის გამოკვლეული სასამართლოს მიერ, პირიქით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა ოპერატიული თანამშრომლების ჩვენებებსა და ჩხრეკის ოქმს. განმცხადებლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის აღნიშნული მტკიცებულებები არის დაუშვებელი და სასამართლო მათ დაეყრდნო სხვა გამყარებული მტკიცებულებების გარეშე.
ამასთანავე, განმცხადებლის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი იმ თვალსაზრისით დაირღვა, რომ სასამართლომ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარყო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი არგუმენტები:
განმცხადებელი დააკავეს ავიაკომპანია „ლუფტჰანზის“ თვითმფრინავიდან გამოსვლისას, ის ჩამოვიდა მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტიდან და, შესაბამისად, გავლილი ჰქონდა მიუნხენის აეროპორტის უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული სამსახურების შემოწმება, ხოლო საქართველოში დააკავეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე განმცხადებელი რასდროს ყოფილა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე, მის მიმართ არასდროს ყოფილა შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ნარკოტიკის უკანონო მოხმარების ფაქტზე.
ბრალდების თანახმად, ირაკლი ქორიძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა პუნქტითა და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. ი. ქორიძემ და ზ. ბაკურაძემ წინასწარ შეთანხმებით და ჯგუფურად, დაუდგენელი პირისგან შეიძინეს და საქართველოში შემოიტანეს 314 აბი სუბუტექსი, საიდანაც 300 აბს ინახავდა ი. ქორიძე, ხოლო 14 აბს _ ზ. ბაკურაძე. ირაკლი ქორიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამნაშავედ ცნეს და საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების შემდეგაც.
განმცხადებლის ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განმცხადებლის მამას, თეიმურაზ ქორიძეს, სხვადასხვა პირი ინტენსიურად უკავშირდებოდა და არწმუნებდა, რომ 1 200 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ მის შვილს გაათავისუფლებდნენ, უარის მიღების შემდეგ სთხოვდნენ 500 000 ლარს და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისთვის გადაცემას, ასევე ემუქრებოდნენ, რომ თუ ი. ქორიძე ბრალს არ აღიარებდა, მას სასამართლო მაქსიმალურ სასჯელს განუსაზღვრავდა, რაც განხორციელდა კიდეც.
განმცხადებელი საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ ცნობდა წარდგენილ ბრალდებებს და კანონით დადგენილი წესით ასაჩივრებდა მის მიმართ ოპერატიული თანამშრომლების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს. განცხადებები წარმოდგენილია პოლიტიკური პარტია „სახალხო კრების“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე დონაძის, ნონა გაფრინდაშვილის, პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული ივანე ჩიღვინიძისა და რამაზ მეტრეველის მიერ; ასევე წარმოდგენილია გამოკითხვის ოქმები ოქროყანის, წავკისის, შინდისის, ტაბახმელისა და კოჯრის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისა. აღნიშნული პირები ადასტურებენ განმცხადებლის მიერ საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობას, ასევე წარმოდგენილია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ი. ქორიძის მანქანით სარგებლობის ამსახველი ვიდეომასალა, აღნიშნული ავტომობილის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ტოტალიზატორ „ენ ქეი აზია ბეტ ქომის“ შემოწმების აქტი. წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ი. ქორიძე #8 საპყრობილის სამარტოო საკანში 17 დღით მოათავსეს. წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას მასზე რამდენჯერმე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით. ცალ ყურში დაქვეითებული აქვს სმენა, აღენიშნება მუდმივი წუილი და დამტვრეული აქვს ნეკნები. განმცხადებლის ზემოთ აღწერილი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადასტურებლად წარმოდგენილია შესაბამისი სამედიცინო ცნობები. წარმოდგენილი მასალებით იკვეთება, რომ განმცხადებლის მიმართ სამართალწარმოების განხორციელების დროს არსებობდა პოლიტიკური მოტივი. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ირაკლი ქორიძეს შუამდგომლობას ვუწევთ შეწყალების თაობაზე.
გთხოვთ, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოთ კომიტეტსა და განმცხადებელს.
დანართი 90 ფურც.
პატივისცემით:
ეკა ბესელია, კომიტეტის თავმჯდომარე.

 

ელისო კილაძე