მესტიელები ჰესების წინააღმდეგ

მესტიაში მოსახლეობის საპროტესტო აქციები არ წყდება. მესტიის მკვირდნი მესტიაში „მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ და უკან დახევას არ აპირებენ. მოსახლეობა ამ ჰესის მშენებლობას უკვე თვეებია, აპროტესტებს. 4 მარტს მესტიაში თემთა შეკრება ლალხორი გაიმართა. როგორც ლალხორის მიერ მიღებულ განაცხადში ვკითხულობთ, ლალხორი კატეგორიულად კრძალავს ჰესების მშენებლობასა და ოქროს წარმოებას მთელ სვანეთში. „ამიერიდან სვანეთში ჰესები აღარ აშენდება, მათ შორის, „ხუდონჰესი“, „ნენსკრაჰესი“, „მესტიაჭალაჰესი“ და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტი ჰესი“, _ ვკითხულობთ განაცხადში. გასულ კვირას, მესტიის მკვიდრებმა, სხვა რაიონის მკვიდრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტოქშოუ „არჩევანში“, რომელიც სწორედ ჰესების მშენებლობას ეძღვნებოდა. უკვე შაბათ-კვირას კი მოვლენებმა მესტიის ქუჩებში გადაინაცვლა, საპროტესტო აქციები უმწვავეს ფორმებს იღებს _ გზა გადაკეტეს და ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. აქციას სიმწვავე შესძინა იმ ფაქტმა, რომ გზაზე დაწვა მესტიის მკვიდრი, 7 თვის ფეხმძიმე ქალბატონი, მაგდა გულედანი, ტექნიკა რომ არ გაეტარებინა. შემდეგ იგი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ხელისუფლება აღნიშნულ პროტესტს ტრადიციულად დაუპირისპირდა სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანით, მაგრამ მოსახლეობა უკან არ იხევს, დღედაღამ მორიგეობს, რომ სამართალდმცველებმა გზა არ გახსნან. მოსახლეობა ხელისუფლებას აფრთხილებს, არ გამოიყენონ ძალა მათ წინააღმდეგ, რადგან პროცესები შესაძლოა, უმართავი გახდეს. უკვე კვირას, მოსახლეობამ გზას ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ხელისუფლება კი კიდევ ვერ ხვდება, რომ ცეცხლს ეთამაშება და ისევე, როგორც, თავის დროზე, „ხუდონჰესი“ იქცა კომუნისტური მმართველობის რეკვიემად, ისე შეიძლება იქცეს ეს ჰესები მათი მმართველობის დასასრულის დასაწყისად. 
აქციების შედეგად შეთანხმება მოხდა, აქციები შეწყდა, „მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობა შეჩერებულია და მანამ არ განახლდება, სანამ ორივე მხარის ექსპერტები არ შეჯერდებიან.

რატომ ეწინააღმდეგებიან მესტიის მკვიდრნი ჰესების მშენებლობას? რატომაა მათთვის მიუღებელი და რა საფრთხეებს ხედავენ ისინი? „ქრონიკა+“-ს ესაუბრებიან საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები, ქალბატონები მანანა საღლიანი, ნარგიზ ნიგურიანი და მაგდა გულედანი (ფეხმძიმე ქალბატონი, რომელიც პროტესტის ნიშნად გზაზე დაწვა).

მანანა საღლიანი:
_ ამგვარი პრობლემების პირისპირ დგომა არც სვანეთისთვის არის უცხო და არც პირადად ჩვენთვის. ჩვენ ვართ იმ პირველი საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომელიც „ხუდონჰესის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით იმართებოდა. მოგეხსენებათ, მაშინ დიდი საპროტესტო ტალღა აგორდა, მთელი ეროვნული მოძრაობა ჩაერთო, მთელი საქართველო და „ხუდონჰესის“ მშენებლობის შეჩერებას მივაღწიეთ, რაც ეროვნული მოძრაობის დიდი გამარჯვება იყო. 2010 წელს კვლავ განახლდა საუბარი „ხუდოჰესზე“ და ჩვენ, 2010 წლიდან 2013 წლამდე, კვლავ ბრძოლა და პროტესტის გამოხატვა დაგვჭირდა ამ პროცესის შესაჩერებლად. ეს საკითხი ახლა მიძინებულ მდგომარეობაშია, მაგრამ გზადაგზა ისევ გვაწვეთებენ, რომ ხუდონით დაინტერესებულები არიან ინვესტორები… რაკი „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით სერიოზულ პროტესტს შეხვდნენ, უკვე საუბარი დაიწყეს მცირე ჰესებზე და „მესტიაჭალაჰესიც“ სწორედ ასე შემოგვიგდეს, მცირე ჰესად შემოგვაპარეს. ამ ეტაპზე სვანეთს საფრთხეს უქმნის „მესტიაჭალაჰესი“ და „ნენსკრაჰესი“.
_ ამბობთ, რომ „მესტიაჭალაჰესი“ მოსახლეობას შემოაპარეს, იგივე ბრალდება ინვესტორების მიმართ ისმის საპროტესტო აქციებზეც, რას გულისხმობთ უფრო კონკრეტულად?
_ მოგახსენებთ. ჯერ ერთი ის, რომ როდესაც ასეთი პროექტი იწყება, მოსახლეობასთან საფუძვლიანად უნდა განიხილონ. არანაირი მსგავსი განხილვა არ ჩატარებულა, ჩვენ საზოგადოებრივად საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ვეწევით და აუცილებლად გავიგებდით მსგავსი რამ რომ ჩატარებულიყო. ისინი დღემდე ამტკიცებენ, რომ ასეთი განხილვები ჩაატარეს. გეტყვით, რასაც დაარქვეს განხილვები: სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ საკრებულოს, გამგეობის თანამშრომლები, თვითონ მშენებელები, ინვესტორები და მიიყვანეს მესტიის რამდენიმე მკვიდრი, მათთან დაახლოებული და მათი ნამღერის კარგად გამმეორებელი. ჩვენ იმ განხილვაზე ნამყოფ სამ პირზე მეტს ვერ მივაკვლიეთ. ასე გასაიდუმლოებული განხილვების ჩატარების შემდეგ ისე, რომ საზოგადოებამ არაფერი ვიცოდით, მშენებლობა დაიწყეს. როგორც ახლა იმ განხილვაზე ნამყოფი ის რამდენიმე პირი ამტკიცებს, განხილვებზე საუბარი ყოფილა აბსოლუტურად მცირე ჰესზე და არა ამ მასშტაბის ჰესზე.
ეს ჰესი არ კეთდება მხოლოდ მდინარე მესტიაჭალაზე. მთების კალთებიდან რვამდე პატარა მდინარე მოედინებოდა, რომლებიც მდინარე მესტიაჭალას სხვადასხვა ადგილას უერთდებოდა და დაბა მესტიის ზემოთ პატარა მდინარეების ერთგვარ ქსელს ქმნიდა. ახლა შემკრები გააკეთეს და ეს რვამდე მდინარე მილებით ერთ კონკრეტულ ადგილას შეუერთეს მესტიაჭალას, საიდანაც მესტიაჭალა უკვე მილში გამომწყვდეული მოედინება. ეს მდინარეები, ფაქტობრივად, მოკლეს, გაანადგურეს, დაამოკლეს და მილებში გამოამწყვდიეს. არადა, როგორც იმ განხილვებზე უთქვამთ, მილებში უნდა მოექციათ ამ მდინარეების წყლის მხოლოდ 40% და დანარჩენი ჩვეულებრივ გააგრძელებდა დინებას, იქნებოდა მდინარეები, მაგრამ მადა გაეხსნათ ფულის მჭამელებს, ქვეყნის გამყიდველებს, მოღალატეებს და 40% კი არა, მთელი მდინარეები მილებში გამოამწყვდიეს. ჭალადის მყინვარამდე ავიდნენ, გამოღრუტნეს, გამოშიგნეს მთები, ტყე გაჩეხეს, არადა, ჭალადის მყინვარი მესტიის სავიზიტო ბარათია ყველა ჩამოსული სტუმრისთვის. რაღაც საოცარი ველური ბუნებაა მდინარის ნაპირი. დღეს ჭალადის მყინვარისკენ მისასვლელი აღარ არსებობს, ყველაფერი გაანადგურეს.
_ რატომაა თქვენთვის ასე მიუღებელი მდინარეების მილებში გამომწყვდევა, რა საფრთხეს უქმნის ის მოსახლეობას?
_ როგორც უკვე გითხარით, ეს პატარ-პატარა მდინარეები, ნაკადულები, მთებიდან ჩამოდიოდა და გზადაგზა უერთდებოდა მესტიაჭალას. ყველა ერთად კი არა, სხვადასხვა ადგილას, გზადაგზა და ქმნიდა ერთგვარ ქსელს, შემდეგ მოდიოდა ერთ დიდ მდინარედ. ახლა ყველა ეს მდინარე, ღელე თუ ნაკადული ერთად შეყარეს იმ წყალშემკრებში და მთელი ეს ქსელი დაიკარგა. არადა, როგორც ვთქვით, თავიდან საუბარი იყო, რომ ამ მდინარეების წყლის მხოლოდ 40%-ს შეიყვანდნენ მილებში და დანარჩენი ბუნებრივ მდგომარეობაში დარჩებოდა, მაგრამ ახლა ვღებულობთ შემზარავ სურათს, მდინარე საერთოდ აღარ იქნება! იქნება მილებში გამომწყვდეული, საერთოდ კლავენ ყველაფერს, აღარც ჭალა იქნება, აღარც მდინარის ნაპირი. ამათი მავნებლობის წყალობით უკვე დაშრა სამი უნიკალური მინერალური წყლის წყარო. მესტიაჭალა მდიდარია ქვით, ხრეშით, ქვიშით, ქვაღორღით, სწორედ მესტიაჭალის მასალებითაა ნაშენები სვანური კოშკები, მაჩუბები, საერთოდ რაც კი რამ აშენებულა და შენდება სვანეთში. მდინარის მილებში გამომწყვდევა ამ საზრდოსაც გამოაცლის ადამიანებს.
რაც მთავარია, იცვლება კლიმატი, ლანდშაფტი, სახეს კარგავს ბუნება, ამას მართმევ, მაკარგვინებ და ამის ფასი რა ელექტროენერგია უნდა იყოს? არ ღირს ერთი სვანური სოფელი არანაირ ენერგეტიკად! ტურისტი მოდის ველური, უნიკალური ბუნების სანახავად და არა მილებში გამომწყვდეული წყლის საყურებლად. გარდა ამისა, ყველა ეს პატარა მდინარე ღვარცოფულია და ერთ-ერთიც რომ ადიდდეს, საშინელებას უქადის ყველაფერს. ეს მდინარეები დაახლოებით იმ ტიპისაა, როგორც მდინარე ვერეა თბილისში, ძლივს რომ მოწანწკარებს, მაგრამ თუ გაცოფდა და მოვარდა, ყველაფერს რომ წალეკავს. მოხდა კიდეც ეს, 31 აგვისტოს ადიდდა და გადმოანგრია ყველაფერი, რაც გაკეთებული ჰქონდათ, ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ, წყლები დიდდება გაზაფხულზე და ზაფხულის შუამდე, შემდეგ პირიქით _ კლებას იწყებს, ახლა კი ადიდდა და მთელი ეს დროებითი დამბა გადმოანგრია, წამოიღო მთელი მილები. ახლა ისევ ჩაალაგეს განმეორებით ეს მილები. დაუშვებელია ამ ჰესის მშენებლობა. ისევ იგივე მოხდება, ადიდდება რომელიმე მდინარე, ვერ გამოეტევა იმ მილში, დაგუბდება, გადმოსკდება და წამოიღებს ისევ ყველაფერს. დაუშვებელია მდინარეების მილებში გამომწყვდევა. მილებში გამომწყვდეული რომ არ ყოფილიყო, შეუერთდებოდა მდინარეს (მდინარე გამწმენდის ფუნქციას ასრულებს საუკუნეებია) ადიდდებოდა და წავიდოდა. ბევრჯერ ისეც ადიდებულა, გადმოსულა კიდეც, მაგრამ კალაპოტი, ძირითადად, წყლის ადიდებას ჩვეულებრივ პირობებში აუდის, მესტიაჭალა საკმაოდ გაშლილი მდინარეა, გაშლილად მოდის, მაგრამ ახლა დაგუბდა, გადმოანგრია იქაურობა და ერთბაშად მოაწყდა და წამოიღო ყველაფერი. სტიქიურ მოვლენას ამათ ვერ დააბრალებ, მაგრამ ამათი ბრალი ისაა, რომ არ ითვალისწინებენ ამ გარემოებას, არ შეიძლება ღვარცოფული მდინარეების მილებში შერეკვა და მეორე _ რასაც აკეთებენ, ფინაჩურად აკეთებენ, უხარისხოდ ასრულებენ სამუშაოებს, საშენ მასალებს მოსახლეობაზე ყიდიან.
_ ანუ ამის პრეცედენტებიც იყო, რომ მასალები, რაც იქ უნდა გამოყენებინათ, გაყიდეს?
_ რა თქმა უნდა, ყველა იპარავს და ყველა ყიდის: მუშა, „პრარაბი“, სამუშაოს მწარმოებელი… არ მუშაობენ კეთილსინდისიერად, თვითონ კომპანია აცხადებს, რომ 5 მილიონის ზარალი ნახეს. მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა და ხალხი აღშფოთდა, ნელ-ნელა აგორდა პროტესტი, საქმე იქამდე მივიდა, რომ დეკემბრის ერთ ყველაზე ყინვიან დღეს მესტიის ახალგაზრდები წავიდნენ და მშენებლები გამორეკეს იქიდან, დასხდნენ იქ და მანქანებს აღარ უშვებდნენ. მას შემდეგ ნელ-ნელა აიწია ამ ტემპერატურამ, რამდენიმე აქცია მიეძღვნა და კვლავ მიეძღვნება. მიუკერძოებელი სპეციალისტები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ არაფრით არ შეიძლება იმ ადგილზე ჰესის აშენება, იმიტომ რომ შლადი ქანებია, ღვარცოფულია, სულ იქნება ადიდების საშიშროება. ასევე დაუშვებელია ჭუბერში „ნენსკრაჰესის“ მშენებლობა, იქ საერთოდ მწვერვალებზე აერთებენ მდინარეებს და ჰაერში კიდებენ კაშხალს. შევაკვდებით და არ დავუშვებთ ამ ჰესების ასე მშენებლობას. ხომ ვნახეთ, რაც მოხდა „ნენსკრაჰესთან“ დაკავშირებით? მიუვარდა ოთხი შვილის მამა, გადაცხრილა იქაურობა და რომ დაიხვეტნენ, ერთმანეთს ვერ ასწრებდნენ. ეს ბიჭი ციხეში წავიდა, გაუბედურდა. კარგად გამიგეთ, მე არ ვეთანხმები მის ქმედებებს, მაგრამ არ შემიძლია არ შევიდე მის მდგომარეობაში. ხელის გადაგრეხის პრინციპით შემოდიან, ძაღლადაც არ გაგდებენ, არც გეკითხებიან არაფერს, ისე აკეთებენ შენს ტერიტორიაზე, რასაც უნდათ. მწვერვალებზე დამოკლეს მახვილივით კიდებენ დატბორილ წყალს, კაშხალს და მტრისას, ერთი თუ გასკდა, წამოიღებს მთელ ჭუბერს და მთელ დასავლეთ საქართველოს ჩაიტანს თურქეთში. ეხვეწებოდა ეს ბიჭი, დაგვანებეთ თავი, არ მემეტება მე ჩემი წინაპრების საფლავი გასაწირადო. არავინ მოუსმინა! ვერავის ვაგებინებთ, რომ ჩვენ ამ ბუნებასთან ვართ შეზრდილი და ჩვენთვის ყველა ბორცვი შეუფასებელია. მოდიან ეგრე, _ გერევი და ასე უნდა ვქნაო. გადარიეს ის ბიჭი, მივიდა და ისროდა ჰაერში, დაიჭირეს, გაუბედურდა კაცი. ცოდო არაა? ნამდვილად არ ვეთანხმები, კიდევ ვიმეორებ, მის ქმედებებს, დანაშაულია აშკარად, მაგრამ რომ მიგყავარ ამ დანაშაულამდე, ეგ არაა დანაშაული?
_ ხელისუფლება რას გეუბნებათ?
_ რას გვეუბნება და რომ ძალიან კარგი იქნება, გვექნება ენერგეტიკა, დასაქმება. რა დასაქმება ესაა? ჰესის მშენებლობა, ჰა-ჰა, ყველაზე დიდი, ორი წელიწადი გაგრძელდეს, 2 წელიწადის მერე? ამ დასაქმებაზე უნდა გაყიდო კუთხე? თვითონ ჩაიდებენ მილიონებს ჯიბეში, თვითონ და მათთან ერთად ვინც არიან.
_ ვინ არის ამ ყველაფრით დაინტერესებული, ვისი ინტერესები იკვეთება? 
_ პირველ რიგში, ენერგეტიკის მინისტრი რომ იყო კახა კალაძე, მისი ინტერესებით დაიწყო. კალაძე ვის ინტერესსაც ახმოვანებს, ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ _ ყველაფერი შუშის სასახლიდან მოდის და ეს ინტერესები მერე ნაწილდება ქვემოთ: მინისტრები, პარლამენტარები, გამგებლები… ოღონდ დეპუტატს როცა ვამბობ, საერთოდ არ ვგულისხმობ დღევანდელ მაჟორიტარ ენუქიძეს, ეგ არაფერ შუაშია, ის შირმაა. არჩევნების დროს რომ გავიგე მისი გვარი და სახელი, იმის მეტი არც გამიგია, არც მინახავს იმიტომ, რომ ერთი დღე, წუთი არ დაინტერესებულა მესტიის ავ-კარგით.
_ ანუ ეს ორი ჰესი, „მესტიაჭალაჰესი“ და „ნენსკრაჰესი“, უქმნის საფრთხეს რეგიონს?
_ ამ ჰესების გარდა კიდეც 58 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, აქედან 7-8 ჰესი კაშხლური იქნება, დანარჩენი _ მცირე და დერივაციული ჰესები. აგერ გაჩვენებთ რუკას, რომელიც თავიდან გასაიდუმლოებული ჰქონდათ, ეს არის სვანეთის დატბორვის, დაქცევის გეგმა! ყველა ეს ჰესი რომ აშენდეს, გეკითხებით, რა დარჩება სვანეთიდან? ჭაობი? უშბაზე უნდა ავძვრეთ საცხოვრებლად? ამ ორი ჰესის („მესტიაჭალაჰესი“ და „ნენსკრაჰესი“) მშენებლობას რომ ამხელა წინააღმდეგობა არ მოჰყოლოდა, ამ ზაფხულს ერთ სამს კიდევ დაიწყებდნენ. მიჰყვებოდნენ ნელ-ნელა, იმიტომ რომ შავი ფული გასათეთრებელია, მოსასწრებია, ახალი ტექნოლოგიები გვისწრებს და აღარ გახდება ეს ელექტროსადგურები საჭირო.

ნარგიზ ნიგურიანი: 
_ ამგვარი პროექტების განხორციელებას წინ უნდა უძღოდეს ხანგრძლივი კვლევები. სპეციალისტებმა: გეოლოგებმა, სეისმოლოგებმა, ზოოლოგებმა, ბოტანიკოსებმა და ა. შ. დეტალურად უნდა შეისწავლონ ამ პროექტის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და ეს ყველაფერი უნდა აისახოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში.
_ გაჩვენათ ვინემ ეს დოკუმენტი?
_ გვიფრიალეს, მაგრამ სწორედ „არჩევანში“ გამოჩნდა, რომ რეალურად არავის არაფერი შესწავლილი არ აქვს. როგორც „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა, დათო ჭიპაშვილმა განაცხადა, ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, კეთდება სიმბოლურად, ნებართვის მოსაპოვებდლად. გაირკვა, რომ კომპანია, „გამა კონსალტინგი“, რომელიც ამგვარ ანგარიშებს ამზადებს, რეალურად არაფერსაც არ სწავლობს და თავისი სხვა, ძველი ანგარიშებიდან „კოპიპეისტით“ გადმოაქვს შეფასებები, მთელი თავებიც კი. კურიოზებამდეც კი მივიდა საქმე: „ხელედულა 3 ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დასკვნით ნაწილში საერთოდ სხვა ჰესზეა საუბარი _ „დოლორა 3 ჰესზე“. მდინარე დოლორა ბეჩოშია, ზემო სვანეთში, ის ჰესი კი ქვემო სვანეთში შენდება. „მესტიაჭალაჰესზე“ პირდაპირ უწერიათ, რომ თევზსავალის ფსკერისთვის ქვები მოპოვებული იქნება მდინარე რიონის კალაპოტიდან. გესმით, მდინარე ენგურის მაგიერ რიონი უწერიათ!
_ გინდათ თქვათ, რომ ისეთი ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშიდან გადმოწერეს ეს ყველაფერი, სადაც ახლოს რიონია, გაეპარათ და ვერ ჩაანაცვლეს ენგურით?
_ დიახ, მე საერთოდ მგონია, რომ არათუ თავის მიერ მომზადებული სხვა ანგარიშებიდან აკოპირებენ ამ ყველაფერს, არამედ, საერთოდ, კომუნისტური მაკულატურიდან. საბჭოთა პერიოდში არაერთი ასეთი პროექტი ჰქონდათ მზად, მათთვის ეს პროექტები ხელმისაწვდომი გახდა, იქიდან იწერენ ამ ყველაფერს და, რეალურად, არავინ სწავლობს, რა ზიანს მოუტანს ეს ჰესები ფლორას, ფაუნას, ადამიანს. არაფერი შესწავლილა. კარგით, ამათ გაეპარათ ეს შეცდომები, მაგრამ სამინისტროში არავინ კითხულობს? როგორც ჭიპაშვილმა განაცხადა, „გამა კონსალტინგის“ ანგარიშებს არ კითხულობს არც ინვესტორი და ამ კომპანიას საქმე ისე აქვს დაყენებული, რომ მათ ანგარიშებს არც გარემოს დაცვის სამინისტროში კითხულობს ვინმე, იმათაც „კოპიფეისტით“ გადააქვთ ყველაფერი. ამას მოწმობს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, სადაც იგივე შეცდომებია. დაგვძახიან, რომ ჩვენ არ გვინდა არაფერი, ანუ ჩვენ ვართ ბნელები, არ გვინდა ქვეყნის განვითარება, არ გვინდა ჰესები და ა. შ. დიახ, ჰესები მართლაც არ გვინდა, იმდენად, რამდენადაც დღეს უკვე ახალ ტექნოლოგიებზეა საუბარი, წარმატებით იყენებენ მზის, ქარის ენერგიას, ალტერნატიულ წყაროებს. ესეც რომ არა, როდესაც შემიძლია, რომ ჩემი კუთხე ტურიზმით იყოს მომგებიანი და განვითარდეს, რად მინდა შენი ჰესი, რომელიც ზიანს მომიტანს ეკოლოგიურად? მივიღო შემოსავალი ამ ჰესიდან და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო წინაპრების საფლავები, მოსახლეობის ჯანმრთელობა, უნიკალური ბუნება?
მხოლოდ ათ დღეში, მხოლოდ მესტიაში ტურიზმიდან სამი მილიონი შემოვიდა, ეს მაშინ როცა, იგივე „მესტიაჭალაჰესი“ ერთ წელიწადში მილიონ-ნახევარი ლარის ჩარიცხვას ჰპირდება ბიუჯეტს. გეკითხებით, ათ დღეში 3 მილიონი მეტია თუ წელიწადში მილიონ-ნახევარი? ტურიზმის განვითარებას ავტომატურად მოსდევს ინფრასტრუქტურის განვითარება და ასეც ხდება მესტიაში, იმიტომ რომ ტურიზმი ეკონომიკურად აძლიერებს მოსახლეობას. მოსახლეობა თვითონ ქმნის სამუშაო ადგილებს, ცდილობს, ჩამოსული სტუმრებისთვის გულმისავალი გახადოს თუნდაც ქუჩა, შემოგარენი, კაფე, რესტორანი, სასტუმრო. მაგრამ სვანეთში ამ კაფეებისა და რესტორნების გამო ხომ არავინ ჩამოდის? ჩამოდიან უნიკალური, ველური ბუნების, კულტურული მემკვიდრეობის სანახავად და თუ ამას გამიჩანაგებ, ვინღა ჩამოვა?

მაგდა გულედანი: 
_ გვეუბნებიან, რომ ბოლო 5 წელიწადში 3 მილიარდი კვტ.სთ.-ით გაზრდილა ელექტროენერგიის მოხმარება და ეს ზრდა ტურიზმს გამოუწვევია, თურმე, ამიტომ ყოფილა საჭირო ამდენი ჰესის მშენებლობა. კი ბატონო, ააშენონ მაშინ ეს ჰესები, მაგრამ თუ იმ ბუნებას, ფლორას, ფაუნას, კულტურულ მემკვიდრეობას გაგვინადგურებენ, რის სანახავადაც ტურისტი მოდის, გეკითხებით, ის ტურისტი რის სანახავად მოვა? მილებში მომწყვდეული წყლის? ის ელექტროენერგია რაღად დამჭირდება, იქნება ეგ ტურისტული ნაკადი? ტურიზმსაც რომ თავი დავანებოთ, ჩრდილოეთ სასაზღვრო ზოლში, რუსეთთან სასაზღვრო ზოლში 58 ჰესის მშენებლობა სტრატეგიულად მომგებიანია? პირიქით _ მოსახლეობა უნდა ჩაასახლო და არა ის, რომ ამ ჰესების მშენებლობამ სვანეთისა და სასაზღვრო ზოლის დაცლა გამოიწვიოს. სვანეთში ამდენი ჰესის აშენება სტრატეგიულად მომგებიანი იქნება რუსეთისთვის და არა საქართველოსთვის.

ნარგიზ ნიგურიანი: 
_ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ისედაც ოკუპირებულია და ნაწილი წყალში უნდა ჩავძიროთ?

მანანა საღლიანი: 
_ ამ ჰესების მშენებლობა საფრთხეს უქმნის კულტურულ მემკვიდრეობას: სვანურ კოშკებს, მაჩუბებს, ეკლესიებს, გამოიწვევს ღვარცოფებს, მყინვარების ინტენსიურ დნობას, რა უნდა გააკეთოს მეტი? აგვისტოში კიდევ რომ გაგრძელებულიყო წვიმები, ნახევარ მესტიას ანაკლიაში ამოაყოფინებდა თავს. ამ ჰესების მშენებლობა საფრთხეს უქმნის ეკოსისტემას, გამოიწვევს კლიმატის შეცვლას. „ენგურჰესის“ ამოქმედების შემდეგ ისე შეიცვალა კლიმატი, რომ ნაყოფი ხეებზე ლპება, ვიდრე მოსაკრეფად ვარგისი გახდება. მანამდე მთელი წელი, მეორე მოსავლამდე ძლებდა შინ შენახული ვაშლი, ახლა რასაც მოვკრეფთ, თვეზე მეტს ვეღარ ძლებს, დანარჩენი კი ზედ ხეზევე ლპება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, არა მარტო კლიმატი შეიცვალა, „ენგურჰეისის“ შემდეგ რეგიონში სეისმურობამ მოიმატა.

ნარგიზ ნიგურიანი: 
_ „ენგურჰესის“ თაობა ვართ ჩვენ და ყველას მომსპარი გვაქვს ჯანმრთელობა, დაგვენგრა ძვალსახსროვანი სისტემა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ასთმა, რევმატიზმი, დაგვიავადდა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, იმატა ონკოლოგიურმა დაავადებებმა. ბატონ ადილარ ჩართოლანსა და ომარ ჭკადუას მთელი სტატისტიკა აქვთ, რა იყო მანამდე და რა არის ახლა. ადილარ ჩართოლანი, თავის დროზე, „ხუდონჰესის“ აშენების მომხრე იყო, დღეს ჰესების მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია, იმიტომ რომ წლები გავიდა, მის ხელში გამოიარა არაერთმა პაციენტმა და ნახა, რა შედეგიც მოიტანა „ენგურჰესმა“. აკვირდება ტენდენციას, თვითონ გააკეთა სტატისტიკა და იმდენად შემაშფოთებელი შედეგი მიიღო, რომ ახლა ჯოხით დასდევს ყველას, ვინც იტყვის, რომ ჰესი უნდა აშენდეს. ხმასაც არ აღებინებს, ისე ყრის შეხვედრებიდან.

მანანა საღლიანი: 
_ თუ ეს ჰესები აშენდა, სვანეთში ცხოვრება გაუსაძლისი გახდება და ეს გამოიწვევს სვანეთის დაცლას, საქართველოს ამ უმშვენიერესი კუთხის გაჩანაგებას, დაჭაობებასა და გავერანებას. მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, მაგრამ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. მაინც გაიძახიან, რომ უნდა ავაშენოთო, ქვეყანას სჭირდებაო, მაგრამ არავინ გვეუბნება, რამდენი სჭირდება ქვეყანას და რისთვის სჭირდება, ბიტკოინებისთვის სჭირდებათ, ალბათ.
თავისი მიზნების მისაღწევად მოსახლეობის დაპირისპირებასაც არ ერიდებიან. სოფელ ჭუბერში, სადაც ახლა „ნენსკრაჰესი“ შენდება, მოსახლეობა შუაზე გახლიჩეს, ერთმანეთს დააპირისპირეს _ ჰესის აშენების მომხრეები და მოწინააღმდეგეები. მომხრეები როგორ შეიძინეს? ვიღაც დაასაქმეს, ვიღაც მოისყიდეს, ვიღაცას მიწაში ცოტა მეტი გადაუხადეს. იმ მაიმუნმა მიწა რომ გაიყიდა, ჯიპი იყიდა და ახლა იმ ჯიპიდან ზემოდან უყურებს ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს. ვაი, იმას, ვინც წინაპართა მიწას ჯიპში ცვლის! ახლა იგივეს მესტიაში აკეთებენ, _ მესტიის გამგეობის თანამშრომლები, მესტიის მერი უმაღლეს დონეზე მუშაობენ მაგ მიმართულებით, ხალხს სოციალური დახმარების მოხსნით, სამსახურებიდან გამოყრით ემუქრებიან, თუ საპროტესტო აქციებში გამოვლენ. ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რომლებსაც მესტიასთან შეხება აქვთ, ჩამოდიან, აქვთ ღამე ვოიაჟები, საჩქურები მიაქვთ ოჯახებში, რომ აქციებზე არ გამოვიდნენ, არ მოაწერონ ხელი პეტიციაზე. პირდაპირ ეუბნებიან, რომ მოწინააღმდეგეების ჯგუფი უნდა დავტოვოთ მარტო და მერე მათ სპეცრაზმი აიყვანს ერთად და ციხეში ჩავალპობთო.

მაგდა გულედანი: 
_ ყველა მშვიდობიანი აქციის დროს ამოჰყავთ შეიარაღებული სპეცრაზმის ჯგუფები და სიტუაცია უკვე იმდენად იძაბება, რომ, ბოლოს და ბოლოს, უმართავი გახდება ეს ყველაფერი, დამცირებულად ვგრძნობთ თავს. იმის მაგივრად, რომ მართლა გაიაზრონ, მართლა დასხდნენ, მოვიდნენ სალაპარაკოდ და ჩვენი გულის ტკივილი მოისმინონ, სპეცდანიშნულების რაზმები შემოჰყავთ.
_ გამორიცხავთ იმგვარ ინციდენტებს, რაც მოხდა „ნენსკრაჰესზე“? გამორიცხავთ, რომ შეტაკებამდე მივიდეს საქმე?

მანანა საღლიანი: 
_ რას ამბობთ, როგორ გამოვრიცხავთ? გვარლიანი კი არა, ლამის, მე მოვკიდო ხელი იარაღს! როცა ასე ძალადობენ და ძალმომრეობით მოდიან, უნდა გაუსწორდე! თუ მე მეხება პიროვნულად, უკან დავიხევ და არ წავალ ამგვარ რადიკალურ ნაბიჯებზე, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომლის ჯარისკაციც ვარ, მევალება და უნდა დავიცვა! მე იარაღს ავიღებ, იმიტომ რომ ჩვენი მამა-პაპა სისხლს ღვრიდა და ისე ინარჩუნებდა ამ მიწას! მთელი ომები ამაზე იყო, მთელი ჩვენი ისტორია სწორედ ჩვენი კუთვნილი მიწის შენარჩუნებისთვის ბრძოლის ისტორიაა.

„რუსთავი 2“-ზე გადაცემა „არჩევანში“ ნარგიზ ნიგურიანმა და მანანა საღლიანმა განაცხადეს, რომ ჰესების აშენების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისინი სამსახურდიან გაათავისუფლა. ნარგიზ ნიგურიანი მესტიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, მანანა საღლიანი ამავე სამსახურის თანამშრომელი _ ღონისძიებათა ორგანიზატორი. მათივე თქმით, ამავე მიზეზით გაათავისუფლეს სახელოვნებო სკოლის დირექტორი მაია კახიანიც.

მანანა საღლიანი: 
_ მოხდა ვითომ რეორგანიზაცია და ამის გამო თანამდებობები დაკარგეს კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა და სახელოვნებო სკოლის დირექტორმა. კი მაგრამ, თუ ეს პოლიტიკური ნიშნით დევნა არაა, მე, რიგითმა თანამშრომელმა, რანაირად დავკარგე სამსახური ამ რეორგანიზაციით? რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამსახურის უფროსად ვინცაა გათვალისწინებული, მას მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა შეკრებაზე პირდაპირ უთხრა, _ მანანა საღლიანის განთავისუფლებას გავალებო. შარად ის მომდეს, რომ, თურმე, თავს დავესხი სამღვდელოებას. არ გაინტერესებთ, რა მიიჩნიეს თავდასხმად? როცა საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმი ამოგვიყვანეს და სიტუაცია დაიძაბა, ეპარქიის მღვდელმთავარს ფეისბუკის გვერდზე მივწერე, _ სად არის ეპარქიის მღვდელმთავარი, სპეცრაზმია ამოყვანილი და მესტიაში ვიდრე რაღაც საშინელება არ მომხდარა, იქნებ, გამოვიდეს და თავის მრევლთან დადგეს-მეთქი. სად ხედავთ აქ დავდასხმასა და ლანძღვას? შარად ეგ მომდეს, თავს დაესხა სამღვდელოებასო. ამის გარდა, მიზეზად დაასახელეს ის, რომ 2010 წელს არასათანადოდ განვახორციელე ერთ-ერთი სამუშაო. კერძოდ, 2010 წელს სოფლის პროგრამების ფარგლებში ავიღე სამუშაო. სოფელში მაცხოვრის პატარა ეკლესიაა, ხალხი წირვა-ლოცვის დროს ვერ ეტეოდა და სოფელმა გადაწყვიტა, სოფლის პროგრამით მინაშენი გაკეთებოდა. იმ პერიოდში დედა გარდამეცვალა და ვერ ვეტეოდი დათქმულ დროში, სასწრაფოდ მივმართე განაცხადით და დრო გადავაწევინე. ამ დროში უკვე დავასრულე ეს სამუშაო, კომისიამ ჩაიბარა და ზედმეტად შესრულებული 3 ათასი ლარის სამუშაოც უჩვენა, მაგრამ როდესაც თანხის მეორე ნახევარი უნდა ჩაერიცხათ, რომელსაც პროექტის დასრულების შემდეგ რიცხავენ, არათუ იმ ზედმეტად შესრულებული სამუშაოს 3 ათასი ლარი, რაც ისედაც მეკუთვნოდა, ისიც არ მომცეს, გამომიცხადეს, ვადებში რომ ვერ ჩაეტიე, ეგ ყველაფერი ჯარიმად ჩამოგეჭრაო. ხმა არ ამომიღია, წლები ვისტუმრებდი ვალებს, ჩემი ფული ჯიბეში ჩაიდეს და ახლა პირიქით _ მე მომდეს შარი და დანაშაულად ჩამითვალეს. ამიტომ ვითხოვ, სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლოს, რაიონში რაც ხდება. დაადგინოს ყველაფერი, მაგათი დანაშაულიც და ჩემიც _ თუ რამე დანაშაული მიმიძღვის.

ნარგიზ ნიგურიანი: 
_ ჩემ განთავისუფლებაზე მათ „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, რომ თურმე შედეგი ვერ დავდე. საერთოდ, ძალიან მოკრძალებული ადამიანი ვარ, მაგრამ მინდა გითხრათ, ერთადერთი სამსახური მესტიაში, რომელიც შედეგს დებს და რაიონს წარმოაჩენს, არის სწორედ კულტურის სამსახური. ამას დაგიდასტურებთ კულტურის სამინისტროც და ფოლკლორის ეროვნული ცენტრიც, მწერალთა კავშირიც. ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს სხვა რაიონებისთვის ჩვენ ვყავართ ნიმუშად, როგორ უნდა მუშაობდეს კულტურის სამსახური. სამსახურიდან უკანონოდ გაგვათავისუფლეს და თან ტალახს გვესვრიან. ჩვენ ვითხოვთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეამოწმოს ჩვენი საქმიანობა და თუკი რაიმე დანაშაული გვაქვს, მზად ვართ, ჩვენი წილი პასუხი ვაგოთ კიდეც. ოღონდ, აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა ასევე სრულად შეისწავლოს კაპიტონ ჟორჟოლიანის მუშაობის პერიოდი! ჩვენ თვალყურს მივადევნებთ ამ შემოწმებას და თუკი რამე დაგვაეჭვებს, მერწმუნეთ, რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ და სტრასბურგამდე ვივლით!“

მანანა საღლიანი: 
_ ასევე გაათავისუფლეს სახელოვნებო სკოლის წარმატებული ხელმძღვანელი მაია კახიანიც, ისიც ჩვენი პროტესტის მონაწილეა მოყოლებული 80-იანი წლებიდან. ამის გარდა, გაუშვეს ყველა რწმუნებული, რომელ სოფლებშიც არჩევნები წააგეს, ანუ საერთოდ ამათი სტილია ეგ.

ნარგიზ ნიგურიანი: 
_ „ნაციონალებს“ უპროტესტებდნენ მაგას და თვითონ უარესს სჩადიან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩვენ ეროვნული მოძრაობიდან მოვდივართ და არც ერთი პარტიის წევრი არ ვართ, მაგრამ გადააჭარბეს წინამორბედებს, თანაც უფრო მარაზმატულად, გაცილებით სასტიკი მეთოდებით. უფრო საშიშები გახდნენ, ვიდრე ისინი.

მანანა საღლიანი: 
_ ისინი საქმესაც აკეთებდნენ პარალელურად, ესენი არაფერს აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, კარგსა და სასიკეთოს.

ყოველივე იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს სვანეთის თავს ტრიალებს, 4 მარტს მესტიაში გაიმართა სვანეთის თემთა შეკრება _ ლალხორი, რომელმაც განაცხადი მიიღო. აღნიშნულ განაცხადში ვკითხულობთ:
„ქრისტესშობიდან 2018 წლის 4 მარტს ზემო სვანეთში, მესტიაში შეკრებილი ლალხორის წარმომადგენლები ღვითისა და ერის წინაშე ვაცხადებთ:
1. ჩვენთვის წმიდათაწმიდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სვანეთის ულამაზესი და უნიკალური მიწა-წყალი და ბუნება. სვანეთის გამორჩეულად მშვენიერი და ბრწყინვალე ბუნების დაცვა და პატრონობა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმაღლეს მოვალეობას და აქედან გამომდინარე, საშვილიშვილოდ ვკრძალავთ სვანეთში უკლებლივ ყველა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ხელყოფს, აზიანებს, ასახიჩრებს, ანგრევს და აპარტახებს სვანეთის უნიკალურ ბუნებას!
2. კატეგორიულად და საბოლოოდ ვკრძალავთ მთელ სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისისთვის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის მავნებელ, საზიანო და დამანგრეველი სამუშაოების ჩატარებას! ამიერიდან სვანეთში ჰესები აღარ აშენდება, მათ შორის, „ხუდონჰესი“, „ნენსკრაჰესი“, „მესტიაჭალაჰესი“ და ზემო სვანეთში დაგეგმილი 50-ზე მეტი ჰესი!
3. ამასთან, ვადასტურებთ უტყუარ ისტორიულ ჭეშმარიტებას სვანების უძირძველეს ქართულ მოდგმად და ქართველი ერის ერთ-ერთ ფუძეტომად არსებობის შესახებ. სვანეთი და სვანები, სულ ცოტა, 40 საუკუნე ღირსეულად და ერთგულად მოჰყვება საქართველოს და ქართველი ერის მრავალათასწლოვან ისტორიას, რომ მთელი თავისი უხანგრძლივესი ისტორიული ყოფიერების განმავლობაში სვანები და სვანეთი ყოველთვის იყო, არის და სამომავლოდაც იქნება ქართველი ერისა და საქართველოს სისხლხორცეული, შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. გამომდინარე აქედან, გამიზნულად ვუჭერთ მხარს სვანეთის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებასა და აღორძინებას კონკრეტული დარგების დაწინაურების მიმართულებით. აუცილებელია სვანეთის ერთ რეგიონად გაერთიანება, მესტიისა და ლენტეხის რაიონების შეერთება, ცენტრით მესტიაში და ძლიერი ადგილობრივი მმართველობის ჩამოყალიბება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირ დაქვემდებარებაში! ვაცხადებთ, რომ სვანები წარმოვადგენთ ძირძველ მკვიდრ, აბორიგენ, ავტოქტონურ მოსახლეობას, სვანეთში სვანეთზე ყოველმხრივი უპირატესობისა და პრიორიტეტულობის ლეგიტიმური უფლებამოსილებებით! ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან, გაეროსგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სვანების ძირძველ, მკვიდრ ავტოქტონურ მოსახლეობად აღიარებას. შესაბამისად, მოხდეს ჩვენი ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება. ასევე, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო კანონმდებლობით, ჩვენთან შეთანხმების გარეშე არ უნდა განხორციელდეს არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი“.

მანანა საღლიანი: 
_ ლალხორმა აკრძალა სვანეთში მავნებლური პროექტების განხორციელება. რაც შეეხება ლენტეხისა და მესტიის რაიონების გაერთიანებასა და სვანეთის ერთ რეგიონად ჩამოყალიბებას, აქ სეპარატისტული არაფერი არაა. სვანეთსა და სვან კაცს არასოდეს ჰქონია და არც ექნება საქართველოსგან განდგომის სურვილი. ეს ისტორიას არ ახსოვს და არც ახლა ცხოვრობს სვანეთში ვინმე ამ გრძნობით და გაგებით. რაც შეეხება ჩვენს ავტოქტონურ მოსახლეობად აღიარებას, „ნენსკრაჰესის“ ხელშეკრულებაში ოფიციალურად ჩაგვიწერეს, რომ, თურმე, სვანები არ ვართ სვანეთის მკვიდრი მოსახლეები, რადგან ბანკი ისე არ დააფინანსებდა, თურმე. იმას არ განმარტავენ, თუ ჩვენ არა, ვინ არიან სვანეთის მკვიდრი მოსახლეები? მათი გადამკიდე, ჩვენ 21-ე საუკუნეში გვიწევს ხმის ამოღება და იმის მოთხოვნა, რომ მოგვანიჭონ ძირძველი, ავტოქტონური მოსახლეობის სტატუსი. მათ მიერ ამ ჩანაწერის გაკეთება, რომ ჩვენ არ ვართ ძირძველი მოსახლეობა, არის მათი მიზანმიმართული მზაკვრობა, როდესაც ასე წერენ, ეძლევათ უფლება, რაც უნდათ ის აკეთონ ამ ტერიტორიაზე, ხოლო როდესაც ჩვენ ვართ აქ ძირძველი მოსახლეობა, მაშინ ხალხის დაუკითხავად არაფრის უფლება არ აქვთ. დღეს ჩვენ სწორედ იმიტომ გვჭირდება ეს სტატუსი, რომ ამ შემოსეულ მანქურთებს ვეომოთ.

რეზო შატაკიშვილი