უჩა მამაცაშვილი წავიდა – ვინ იქნება შემდეგი?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დიდი გადანაწილების ეპოქა იწყება.
სამთავრობო ცვლილებები, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ სამინისტროს შეეხო, _ კვირიკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. მის ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, მაია ცქიტიშვილი დაინიშნა.

2018 წლის სამთავრობო ცვლილებები ერთი ერთზე ჰგავს 2015 წლის ცვლილებებს, _ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლამდე მას ჯერ გარემოცვა გაუსუფთავეს. პირველი პირი, რომელმაც თანამდებობა დატოვა, ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი დავით შავლიაშვილი იყო, მას საგზაო დეპარტამენტის შეფი და სხვა თანამდებობის პირები მიჰყვნენ. ანუ პირველი დარტყმა სწორედ „ობშიაკს“ და „კასირს“ მიაყენეს.
მოქმედ პრემიერს ორი მარჯვენა ხელი ჰყავდა: ერთი მთავრობის შიგნით _ ზურაბ ალავიძე და მეორე მთავრობის გარეთ _ რაფიელ სურამელაშვილი, მეტსახელად „რაფო“. ინფრასტრუქტურის მინისტრი კვირიკაშვილის პოლიტიკური კურიერიც გახლდათ, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველიც, თავის დროზე, პირადად იყო.
გარდა ამისა, „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ კვირიკაშვილის გეგმებში პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრაც შედიოდა და თუ მის შემცვლელზე იქნებოდა საუბარი, ბუნებრივია, პრემიერი ამ პოსტზე სწორედ ალავიძეს მოიაზრებდა. გუნდის შიგნით ამ დეტალებზე საუბარი ყოფილა და როგორც ჩანს, ინფორმაციამ გარეთ გამოჟონა და ბიძინა ივანიშვილის ყურამდეც მივიდა.
ამ და რიგი სხვა მიზეზების გამო, კვირიკაშვილს წითელი ბარათი უჩვენეს. ის იმდენად გაბრაზდა, ბრიფინგზე ყვავ-ყორნებიც კი ახსენა, _ სულ ტყუილად დამტრიალებთ თავს კანცელარიის მეთერთმეტე სართულზე, რადგან ჩემი ტაიმერი კიდევ კარგა ხანს, რამდენიმე წელი, არ ჩაირთვებაო.
არადა, პრემიერის ტაიმერი ჩართულია და ის ადამიანი, რომელსაც ტაიმერის ღილაკზე ხელი უდევს, არც ყვავია და არც ყორანი, ის ბიძინა ივანიშვილია და მხოლოდ მან იცის, როდის მოუწევს კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვება.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები ჟენევის მორიგი რაუნდის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო, პრემიერს ჭკუა ეყო _ ჟენევაში არც თავად ჩავიდა და არც საგარეო საქმეთა მინისტრი გაუშვა, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა, მოლაპარაკება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე არ შედგა. ამის გამო რუსული მხარე ჟენევის ფორმატის გადახედვაზეც ალაპარაკდა.
რატომ გადაიდო კვირიკაშვილის გადადგომა?
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორებია, ამერიკელები რუსების წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ, რუს დიპლომატებს კი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად აძევებენ, შვეიცარიის საელჩოს რუსული სექციის ერთი თანამშრომლის გაძევება საქართველოსაც მოუწია, არადა, ამ დროს, რუსები დანაპირების შესრულებას, აფხაზეთის რკინიგზის გახსნას, როკის გვირაბის საავტომობილო გზას და საოკუპაციო რეჟიმებთან საქართველოს პირდაპირ თანამშრომლობას ითხოვენ. ქართული მხარე ვერ რისკავს, პრემიერი კვირიკაშვილი ამ პროექტების ლობისტის როლში ვერ გამოდის. ან მას აიძულებენ, რომ რუსული კაპრიზები შეასრულოს და თანამდებობა ამის მერე განტევების ვაცის ეგიდით დატოვოს, ან თანამდებობაზე ყოფნას გაუხანგრძლივებენ იმ დრომდე, სანამ ქვეყნის საგარეო კურსში გარკვეული სტაბილურობა არ გაჩნდება და საქართველო მკაფიოდ არ აირჩევს ან რუსულ, ან დასავლურ ორიენტაციას. არჩევანის გაკეთება კი ნამდვილად მოუწევთ, რადგან არც რუსები აპირებენ სირაქლემის პოზაში ყოფნას და არც _ ამერიკელები.
საშინაო ფაქტორებს რომ დავუბრუნდეთ, ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა პირველი საკადრო გადაადგილება უკვე განახორციელა, თანამდებობა დატოვა საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პირადად მიიღო, მინისტრს კი მხოლოდ პრემიერთან შუამდგომლობა სთხოვა. არადა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ გიორგი სეთურიძე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კადრი გახლდათ, თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა, ხოლო საგზაო დეპარტამენტი სრულად სუსის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილის კადრებით იყო დაკომპლექტებული. სეთურიძის განთავისუფლების შემდეგ მამაცაშვილ-გოგაშვილის კადრებმა თანამდებობები ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს.
ასევე გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა ბიძინა ივანიშვილის კარზე გავლენებისთვის ბრძოლა.
ექსპრემიერის საყვარელი დეიდაშვილის გავლენებზე „ქრონიკა+“ ბოლო წლების განმავლობაში ბევრს წერდა: ბიზნესი, წილები, რკინიგზა, გადაზიდვები, პოლიტიკა, _ ეს ის სფეროები იყო, რომლებსაც უჩა მამაცაშვილი, სოსო გოგაშვილთან ერთად, ერთპიროვნულად აკონტროლებდა.
ბოლოს მისი სურვილები აშკარად არ დაემთხვა მისსავე შესაძლებლობებს, რადგან საკუთარ თავზე მაღლა ახტომა მოინდომა და მედიის გაკონტროლების სურვილიც გაუჩნდა. ამ მიზნით მან „ქრონიკა+“-ში მასთან დაახლოებული რამდენიმე პირიც გამოაგზავნა.
გასული წლის 7 თებერვალს „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ საჯაროდ განვაცხადე, რომ ჩემსა და უჩა მამაცაშვილს შორის მოლაპარაკებები დასრულებულია, რომ არც „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერაზე უარის თქმას ვაპირებდი და არც გელა ხვედელიძესთან მეგობრობის უარყოფას. როდესმე, ალბათ, დადგება დრო, როცა ამ სამთვიანი მოლაპარაკებების დეტალებზე საჯაროდ ვისაუბრებ, მაგრამ თავად პროცესი, შემოთავაზებების შინაარსი და ფორმა ცხადყოფდა, რომ მამაცაშვილი ამ საქმეში სრული დილეტანტი იყო და მისი სურვილები, დაელაგებინა მედია, საბოლოო ჯამში, განუხორციელებელი ოცნება გახლდათ.
ჩემს საჯარო დემარშს 13 მარტს ჩემი შვილის დაკავება და მისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების ჩადება მოჰყვა, 3 აპრილს კი შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე თავდასხმა. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ორივე ფაქტის ორგანიზატორი სწორედ სოსო გოგაშვილი იყო და მას ორივე შემთხვევაში მწვანე შუქი სწორედ უჩა მამაცაშვილმა აუნთო.
მამაცაშვილ-გოგაშვილის ტანდემს სასურველი შედეგი ვერც ერთმა ფაქტმა ვერ მოუტანა, მათ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს, ხვედელიძე გადარჩა, მე მოლაპარაკებებსა და გაზეთის გაფორმებაზე უარი ვთქვი. მოვლენების ასეთი განვითარება მათთვის მოულოდნელი გამოდგა. ამის გამო სოსო გოგაშვილმა ხმების დაყრა დაიწყო, რომ ხვედელიძეზე თავდასხმა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ორგანიზებული იყო, ჩემი შვილის შემთხვევაში კი ხმებს ავრცელებდა იმის შესახებ, რომ დავით ხარშილაძის განთავისუფლება ასევე ფარცხალაძესთან გარიგებას უკავშირდებოდა.
„ქრონიკა+“-ის წყარო ვერ აკონკრეტებს, რა დაპირისპირება არსებობდა ოთარ ფარცხალაძესა და უჩა მამაცაშვილს შორის ან სად გადაიკვეთა ბიზნესში მათი გზები, მაგრამ ფაქტია, რომ ფარცხალაძე ქვეყნიდან წასულია, ხოლო უჩა მამაცაშვილმა, არაოფიციალურ გავლენებთან ერთად, ოფიციალური პოზიციაც დათმო. მან თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორები“ დატოვა, 50%-იანი წილი ოფიციალურად დათმო და ბიძინა ივანიშვილის ფონდის მმართველი კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი ამჯერად გიორგი ბაჩიაშვილია. კომპანია 2013 წელს დაფუძნდა და თანაინვესტირების ფონდს მართავს, პროექტები აქვს ტურიზმის, ენერგეტიკის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორში.
არაოფიციალური ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილი ასევე ჩამოაშორეს გადაზიდვებს, რკინიგზას, პორტსა და სხვა ბიზნესპროექტებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები სხვა სამინისტროებსაც შეეხება. უჩა მამაცაშვილის გავლენების დაკარგვასთან ერთად თანამდებობას ყველა ის პირი დატოვებს, რომლებიც მასთან და სოსო გოგაშვილის სახელთან ასოცირდებოდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სოსო გოგაშვილის ადგილზე ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი პირადი მცველი, სოსო იაშვილი დაინიშნება, მას სახელისუფლებო წრეებსა და მის გარეთ საკმაოდ წესიერ ადამიანად ახასიათებენ.
პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, მაგრამ რუსეთში, რეალურად, მარტივი ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით რუსული გავლენები, ჯერ კიდევ, ძლიერია, რეალურად, რუსეთის საყრდენი პოლიტიკური ძალები აქ ამინდს ვერ ქმნის, არც არჩევნების მოგების რესურსი აქვთ და არც არეულობის მოწყობის. „ქართული მარში“ სრულიად პარალიზებულია, „რუსთავი 2“-თან მოწყობილი აქციის შემდეგ მისი რამდენიმე წევრი დაპატიმრებულია, ლიდერშიპი კი _ დამფრთხალი.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ რუსული გეგმები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და მათზე „სტავკის“ დადებას აღარ უკავშირდება, პუტინს ახლა ჰაერივით სჭირდება ომი და გამარჯვება, შესაფერისი სამიზნე კი სწორედ საქართველოა. ჩვენი ქვეყნის ფარგლებთან რუსეთმა არნახული სამხედრო ძალის კონცენტრაცია მოახდინა, ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელიც 15 აპრილამდე გასტანს. „სამხრეთ ოსეთში“ კი ახალი სამხედრო დანაყოფების შექმნა დაიწყეს. რუსული წყაროები არ მალავენ, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება. მოსკოვში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მთავარ შეცდომად თბილისის არაღებას მიიჩნევენ და ომის შემთხვევაში ამ შეცდომის განმეორებას გამორიცხავენ.
მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით რუსეთს მოკავშირეები სჭირდება და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სამხედრო ელიტა მთავარ მოკავშირედ არა მათ მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ქართულ ეკლესიას მიიჩნევენ.
საპატრიარქოში ერთმანეთს ორი ფრთა ებრძვის, მართალია, კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ მკვეთრად პრორუსი მეუფე შიო დაასახელა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ შიოს წმინდა სინოდი მხარს დაუჭერს და იგი პატრიარქის სავარძელს უპრობლემოდ დაიკავებს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ციანიდის სკანდალისა და სინოდის წევრების საჯარო დაპირისპირების პარალელურად, საპატრიარქოში კიდევ ერთი ფრთა საკმაოდ აქტიურად და კულუარულად ძირეული ცვლილებებისთვის ემზადება, ამ ჯგუფში შედის მეუფე იობიც, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია თავისი რუსული კავშირებით და განწყობებით. ჩვენი წყარო ამბობს, რომ მეუფე იობი აღდგომის შემდეგ რუის-ურბნისის კრების გამართვის ინიციატივით გამოვა და ამ მოთხოვნაში მას მეუფე დიმიტრიც დაუჭერს მხარს. ეკლესიის წიაღში რომ ცვლილებები აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ რეალურად საითკენ იქნება მიმართული ეს ცვლილებები, ამის პროგნოზირება, ამ ეტაპზე, რთული ნამდვილად არაა. იგივე წყარო ამბობს, რომ მეუფე იობი კონსულტაციებს პოლიტიკოსებთანაც გამართავს, მას უკვე ოცდაათკაციანი სია შედგენილი აქვს, რომელშიც მხოლოდ პრორუსულად განწყობილი ოპოზიციის წარმომადგენლები შედიან. კონსულტაციები ხელისუფლების შეცვლის სქემას შეეხება. ჩვენი წყარო იმასაც ამბობს, რომ მეუფე იობი, რომელიც ამ დრომდე არც ერთ სკანდალში არ გარეულა, უკვე საჯარო განცხადებებს აკეთებს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამბიონიდან ქადაგებს კიდეც.
ანალოგიური სიტუაცია საქართველოში ერთხელ უკვე ვიხილეთ, როცა 2009 წელს თბილისში გამართულ აქციებს საპატრიარქოს ნაწილიც უჭერდა მხარს, ირაკლი ოქრუაშვილი კი ე. წ. ზილების რევოლუციით იმუქრებოდა.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ თუ მოვლენები ამ სქემით განვითარდა, რუსულ ინტერვენციას საქართველოში ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ, თუმცა იმასაც არ გამორიცხავს, რომ ამერიკული მხარე ყურადღების მიღმა არ ტოვებს არც ეკლესიის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ განვითარებულ მოვლენებს. სულ მალე, ადრე გაზაფხულზე, შესაბამისად, ამერიკელების გააქტიურებასაც უნდა ველოდოთ.

ელისო კილაძე