15 წლის აღმოსავლეთმცოდნე

დავით ჯიჯიეშვილი წარმოშობით გურიიდან, ოზურგეთიდანაა. ამავე ქალაქის მე-4 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა და უკვე საკუთარი პროფესიით მუშაობს, _ იგი თურქულ სერიალებს, ქართული არხების გარდა, მსოფლიოს 16 ქვეყანას სთავაზობს!

ამბობს, რომ ენების შესწავლა 9 წლის ასაკიდან დაიწყო, 12 წლისა უკვე თურქულ ენაზე იმდენად გამართულად საუბრობდა, რომ საქართველოში პოპულარული თურქული სერიალის „დიდებული საუკუნის“ სოციალური ქსელების ანგარიშებს, Youtube არხსა და ვებგვერდს მართავდა, შემდეგ კი Canal 13-ისთვის სერიალ „ქოსემ სულთნის“ შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელიც ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ასე დაიწყო მისი კარიერა და ენების შესწავლისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუძლიერდა. შემდეგ გადაწყვიტა, არაბულიც ესწავლა, ამაში კი ცნობილი არაბისტი ირინა ტაბუევა დაეხმარა. არაბულს სპარსულიც მიჰყვა, რაშიც უკვე ნინო ჯაბუევამ გაუწია დახმარება.
დავითი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა თიმეს Times Production, Ay Yapim, Pastel Film, Es Film… ასევე ცნობილი თურქული სერიალის, „ქოსემის რისხვის“ დასკვნითი სერიის სცენარის წერაშიც მიიღო მონაწილეობა. 2017 წელს ის წარდგენილი გახლდათ „ოქროს პეპელაზე“, როგორც წლის საუკეთესო უცხოენოვანი ბლოგერი და ამავე ნომინაციაში ჯილდოც მიიღო.
ახალგაზრდა აღმოსავლეთმცოდნე ამბობს, რომ ხალხმა ძალიან ატკინა გული, რადგან ისინი დავითის პროფესიას არასერიოზულად უყურებენ, ბევრი დასცინის კიდეც, თუმცა ჩვენი სტატიის გმირი სულაც არ აპირებს დანებებას და მაინც შეუპოვრად მიიწევს თავის გზაზე!
უკვე დიდი ხანია გააცნობიერა, რომ კომპანიონებისა და უფროსებისთვის მნიშვნელოვან პერსონას წარმოადგენს. როცა მოსწავლეებს მასალას უხსნის, სიამაყეს გრძნობს. საკუთარ თავს საქართველოში, რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ლექტორად ხედავს. ძალიან მოსწონს ისტორიის შეწავლა. ხშირად სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერშიც ერთვება და მის მაყურებლებს სხვადასხვა ქვეყნის ენას, კულტურას, ტრადიციას აცნობს. გულწრფელად ამბობს, რომ როდესაც ვინმე, თუნდაც, უცხო ადამიანი აღმოსავლეთის ქვეყნებზე იწყებს საუბარს, დავითი კითხვის დასმისგან თავს ვერ იკავებს. ერთი, რაც ხშირად იკვეთება აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებით, ეს არის ქრისტიანი ხალხის ნეგატიური დამოკიდებულება არაბების, თურქებისა და ირანელების მიმართ, რაც სტატიის გმირს ძალიან სწყინს.
ამბობს, რომ ნამუშევრებს ყველაზე ობიექტურად ჯერ დედა, შემდეგ ბებია და ძმა, ბოლოს კი უფროსები უფასებენ. სწორედ ოჯახის წევრებისთვის არ ინანებს არაფერს. ადამიანში ზრდილობას, თავდაჯერებულობას, მეგობრობას, სიყვარულს, პატივისცემას აფასებს, საქმეში კი პროფესიონალიზმსა და მობილიზებას. აღიზიანებს ამპარტავნობა და მისი კომპეტენციის ფარგლებში უაზრო კამათი.
თუ როგორმე თავისუფალი დრო ჩაუვარდა, მას არასდროს ინანებს წიგნების კითხვისთვის და მეგობრებთან ერთად ყოფნისთვის. ბოლომდე იხარჯება და დაწყებულ საქმეს შუა გზაზე არ ტოვებს.
დავითისთვის ყოველი ახალი გათენებული დღე ახალ სტიმულს უდრის.
საოცარია და 15 წლის ქართველი მოსწავლე „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციაზე ოცნებობს, საკუთარ თავს კი ისტორიულ პერსონაჟ ვახუშტი ბაგრატიონს (ბატონიშვილი) _ ბრწყინვალე ისტორიკოს-გეოგრაფს ამსგავსებს. ამბობს, რომ ისურვებდა, საქართველოში მეტი ადამიანი იყოს აღმოსავლეთმცოდნეობით დაინტერესებული. თვითონ ბოლომდე იხარჯება, რომ რაიმე სასიკეთოდ შეიცვალოს ამ კუთხით. სწორედ ამის გამო და სასკოლო ცხოვრების „გადამკიდეც“, მისთვის ერთადერთი დასვენების დღე კვირაა და მაშინაც მთელი დღის მანძილზე სძინავს, დახარჯულ ძალებს აღიდგენს.
ახლანდელი გარდატეხის ასაკის მიუხედავად, ამბობს, რომ საკუთარი თავი უკვე იპოვა.
გულახდილად ყვება იმ დროის შესახებ, რასაც ყველაზე მეტად ნანობს, ამბობს, რომ ძალიან ეწყინა, როდესაც მამა გარდაცვალების წინ ვერ ნახა. სწორედ ამიტომ ენატრება იგი ყველაზე მეტად! ენატრება დედაც, რომელიც ახლა ისრაელშია და შვილის წარმატებებს შორიდან გულშემატკივრობს. ყველაზე ხშირადაც სწორედ დედაზე ფიქრობს. ცხოვრებაშიც ოჯახის წევრები ეიმედება.
ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი მოვალეობა ცხოვრებასა და სამშობლოსადმი, ამიტომაა, რომ სამშობლოსა და დედის კეთილდღეობისთვის იბრძვის. ფიქრობს, რომ საკუუთარი საქმის საკეთებლად და სხვა არაფრისთვის დაიბადა. მართალია, ეჭვი ეპარება, საკუთარი საქმიანობით სამშობლოში დაფასება მიიღოს და წარმატებას მიაღწიოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ ნებდება და მაინც იბრძვის!
მისი ნება რომ იყოს და რაიმეს გამოსწორება შეეძლოს, _ მამას აუცილებლად გაუკეთებდა ოპერაციას და გადაარჩენდა.
კითხვაზე, თუ ვინ არის დავით ჯიჯიეშვილი, პასუხობს: „მოზარდი, რომელიც შეყვარებულია თავის საქმეზე და რომ არა დავით ჯიჯიეშვილი, სჯობდა, არავინ ვყოფილიყავი!“
უკვე 20 მარტს მასშტაბურად დაიწყო ახალი ისტორიული დრამა „დამპყრობელი“, რომლის სცენარის ნაწილიც, ასევე, მისი დაწერილია.
გულწრფელად აღიარებს, შანსი რომ ჰქონოდა, კვლავ საქართველოში, ოღონდ ოსმალობის, სპარსელებისა და არაბობის პერიოდში დაიბადებოდა.
მისი საყვარელი გამონათქვამია „ჩვენ დავით ჯიჯიეშვილი ვართ!“
საზოგადოებას კი სთხოვს, რომ მოზარდებს საკუთარი პროფესიის არჩევის საშუალება მისცენ და ნება დართონ, საკუთარი სურვილით მომავალი დაგეგმონ ისე, როგორც თავად მოზარდებს და არა უფროსებს სურთ!

ნინო ტაბაღუა