რამდენად უსაფრთხოდ ვიკვებებით?!

სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით 16 მარტს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე 7 რესტორანს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სულ ამ ქუჩაზე მდებარე 19 რესტორანსა და კაფე-ბარში დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა, რის შედეგადაც გადაწყვეტილება მიიღეს და როგორც უკვე აღინიშნა, 7 მათგანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, 4 მათგანი დაჯარიმდა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის გამო, ასევე დაჯარიმდა რამდენიმე დაწესებულება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და მიკვლევადობის დარღვევის გამო.

შემოწმებულ რესტორნებს შორის მხოლოდ სამ მათგანში შეფასდა არსებული მდგომარეობა დადებითად.
ეს კონკრეტული შემთხვევა მიანიშნებს პრობლემის სირთულესა და კომპლექსურობაზე, ასევე იმ მონიტორინგებისა და შემოწმებების აუცილებლობაზე, რომელიც სხვადასხვა კვებით დაწესებულებას უნდა ჩაუტარდეს.
სურსათის მოხმარება ადამიანისთვის აუცილებელი, ბუნებრივი მოთხოვნილებაა, თუმცა ზოგჯერ ეს ბუნებრივი პროცესიც გარკვეულ საფრთხეებთან და რისკებთანაა დაკავშირებული.
გათვალისწინებული უნდა იქნეს სურსათის უვნებლობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის აუცილებელი პირობა. ეს თავისთავად გულისხმობს სურსათის მოხმარებით გამოწვეული რისკებისგან ადამიანთა დაცვას.
პროდუქტი, რომელიც შეიცავს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს (ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, ობის სოკოები) მიეკუთვნება ბიოლოგიური საფრთხის შემცველ პროდუქტებს, ამიტომ მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების შემოწმება მათ ვარგისიანობასა და ხარისხზე.
როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, სწორად კვება ადამიანის ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ის ასევე უზრუნველყოფს ენერგიის გამოყოფას და ადამიანისთვის სხვა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესების წარმოებას. ამ სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცესს ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
არსებობს სხვადასხვა დაწესებულება, სადაც სხვადასხვა ტიპის საკვების მიღება და მოხმარება არის შესაძლებელი.
დღევანდელ რეალობაში ბევრ ბარს, კაფეს, რესტორანსა თუ სწრაფი კვების ობიექტს შევხვდებით, სადაც საკვების დიდი არჩევანია.
გარდა ამისა, სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი, ადამიანმა შიმშილის გრძნობა დაიკმაყოფილოს და დანაყრდეს.
სწორედ მაღაზიებიდან და სადისტრიბუციო ცენტრებიდან სურსათი ჩვენს სამზარეულომდე გადის კონკრეტულ გზას კრიტერიუმებსა და მახასიათებლებზე, რომელთან შესაბამისობაც ამ კონკრეტული სასურსათო პროდუქტის ვარგისიანობას განსაზღვრავს და ასევე იმ კონკრეტულ საფრთხეებს, რომელსაც შეიძლება ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეიცავდეს.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპის რეგიონში ყოველწლიურად, დაახლოებით, 130 მილიონი ადამიანი ავადდება საკვებით მოწამვლის შედეგად.
არსებობს საკვებით გამოწვეული 200-მდე დაავადება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ დაავადებებს არც ისე ბევრი აღმძვრელი აქვს. კვების პროდუქტების საერთაშორისო საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის, დოქტორ იან სუადლინგის თქმით, საკვები პროდუქტებით გამოწვეულ დაავადებათა შემთხვევების, დაახლოებით, 90%-ს, ოცამდე სახეობის მიკროორგანიზმი იწვევს.
2016 წელს საქართველოში კვლევის ეროვნული კვლევა ჩატარდა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობის საკვებისა და კვების დივერსიფიკაცია და ჯანმრთელი კვების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება გადასაჭრელ პრობლემებს წარმოადგენს.
კვლევა მომზადდა ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში. მან მოიცვა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, მათ შორის, ხელმისაწვდომობა სურსათზე და განიხილა ის ძირითადი ქრონიკული დაავადებები და კვებითი ინტოქსიკაციები ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უკვე წლებია, საკმაოდ რთულ პრობლემას წარმოადგენს.
საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევრის კვება საშუალო მრავალფეროვნებით ხასიათდება. დაბალი და საშუალო მრავალფეროვნების კვების მქონე ოჯახების უმეტესობა იკვებება მარცვლეულით, ზეთით და ბოსტნეულით.
კვლევამ ასევე აჩვენა: გამოკითხულ სრულწლოვანთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი კვება არაჯანსაღია. ასევე, ზოგადად, 10-17 წლის ბავშვები საქართველოში იღებენ ნაკლებ ბოსტნეულს, ზეთს, რძესა და რძის პროდუქტებს, ვიდრე სრულწლოვნები. ბავშვები ასევე ნაკლებ წყალს იღებენ (ერთი-ორი ჭიქა დღეში). მეტიც, გამოკითხული ბავშვების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ისინი კვირაში რამდენჯერმე ჭამენ ტკბილეულს და სვამენ გაზიან უალკოჰოლო სასმელებს.
გარდა ჯანსაღად კვებისა, თავად საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც არსებობს გარკვეული კითხვები.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა კვებითი ინტოქსიკაციების შემთხვევები და მწვავე მოწამვლები, რომელიც უხარისხო და უვარგისი სურსათის მოხმარების შედეგად დაფიქსირდა.
ორგანო, რომელიც სხვადასხვა ბაზარსა თუ დაწესებულებაში სურსათის უვნებლობას იკვლევს და ზედამხედველობას უწევს, სურსათის ეროვნული სააგენტოა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს გეგმურ თუ არაგეგმურ ინსპექტირებას სურსათის უვნებლობის სფეროში.
სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს განხორციელდა:
10 127 ინსპექტირება, აქედან: გეგმური _ 4425; არაგეგმური _ 782. გადამოწმდა 4624 ბიზნესოპერატორი.
ინსპექტირების განხორციელებისას გამოვლენილ შეუსაბამობებსა და დარღვევებზე „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ შესაბამისად, დაჯარიმდა 1015 ბიზნესოპერატორი, აქედან კრიტიკული შეუსაბამობების დაფიქსირების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 539 ბიზნესოპერატორს.
ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ექსპერტები ამ საყურადღებო მოვლენაზე ამახვილებენ ყურადღებას და სურსათის უვნებლობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრობენ.
გარდა ამისა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება _ DCFTA  აწესებს ქართული ბაზრისთვის და კონკრეტული ბიზნეს სუბიექტებისთვის მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გარკვეულ ვადაში და იმ სტანდარტების დაცვით, რომელიც ქართულ ბაზარს ევროპულთან დააახლოებს.
ამ შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის ბაზარზე შესატანად ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. დაბალი რისკის სურსათი (მაგალითად, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული) შედარებით უფრო მარტივად შევა ევროკავშირის ბაზარზე, ვიდრე მაღალი რისკის (მაგალითად, ხორცისა და რძის პროდუქტები) სურსათი.
გადამუშავებული და მაღალი რისკის სურსათის გასატანად საქართველომ სამი მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს:
• პროდუქტის შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნებს;
• ექსპორტის მსურველს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია როგორც პროდუქტის წარმოების სრული ჯაჭვის, ასევე საკუთარი პროდუქტის უვნებლობის დასადგენად ჩატარებული შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შესახებ;
• საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს ევროკავშირში არსებული კონტროლის მექანიზმის (ინსპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა. შ.) მსგავსი სისტემა.
აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია ქვეყნის DCFTA  -თი გათვალისწინებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან.
რაც შეეხება უშუალოდ კანონმდებლობას და იმ კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებს, რომელიც სურსათის უვნებლობასა და კვების უსაფრთხოებას არეგულირებს ჩვენს ქვეყანაში:
საქართველოში მოქმედებს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, რომლის მე-11 მუხლითაც განსაზღვრულია, რომ დაუშვებელია სურსათის ბაზარზე განთავსება, თუ იგი არ არის უვნებელი.
გარდა ამისა, სურსათის მავნებლობის დადგენისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
ა) დადგენილი პირობების დაცვა სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყოველ ეტაპზე;
ბ) საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებული ან/და პროდუქციის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია კონკრეტული სასურსათო პროდუქტის ან მსგავსი კატეგორიის სურსათის ადამიანის ჯანმრთელობაზე სპეციფიკური არასასურველი გავლენის თავიდან აცილების შესახებ;
გ) სურსათის ჩვეულებრივი გამოყენება საბოლოო მომხმარებლის მიერ.
ეს კონკრეტული კანონი ასევე ადგენს იმ კონკრეტულ რისკებს, რაც თან ახლავს მავნე სურსათის ან პროდუქტის მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სახელმწიფოს მოვალეობას, დაიცვას მისი მოქალაქეები საფრთხის შემცველი საკვების მოხმარებისგან. ამის უზრუნველსაყოფად, კანონი ადგენს კონკრეტული მექანიზმების გამოყენებას, რომელიც დაადგენს ამა თუ იმ სურსათის ხარისხს და მის მახასიათებლებს.
გარდა ამ კონკრეტული კანონისა, მოქმედებს ასევე კანონი ბავშვთა და მოზარდა ჯანსაღი კვების შესახებ, რომელიც არეგულირებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოზარდების უსაფრთხო კვებას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნაწილი სურსათის უვნებლობისა სწორედ მოზარდების კვებაა, რომელიც უშუალოდ სკოლებში, ბაგა-ბაღებსა თუ უნივერსიტეტებში ფიქსირდება.

რა ნორმები არსებობს მიღებული საკვები პროდუქტების შესამოწმებლად? რამდენად ხშირად ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სურსათისა და საკვების შემოწმება? რამდენად ჯანსაღად იკვებებიან ბავშვები?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვებით „ქრონიკა+“-მა სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა:
_ ექსპერტებმა შეაფასეს სხვადასხვა სფეროში არსებული გამოწვევები და ასევე ისაუბრეს იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომელსაც სააგენტო ატარებს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გასაკონტროლებლად.
_ რამდენად ხშირად კონტროლდება სურსათის უვნებლობა საქართველოში? ყველაზე ხშირად რა ტიპის დარღვევებს ხვდებით ამ სფეროში?
_ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, რომლის უმთავრესი ფუნქციაა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა უვნებელი სურსათის მიწოდების გზით. სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, რაც მოიცავს ინსპექტირებას (ბიზნესოპერატორებთან მოწმდება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და პირველადი წარმოების ეტაპზე), ზედამხედველობას (ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება ბიზნესოპერატორის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნასთან შეუსაბამო სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთაზე, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვაზე, სააგენტოს მიერ გაცემული მითითებების შესრულებასა და სურსათის განადგურებაზე), მონიტორინგს (წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები სურსათის შესაბამისობის შესაფასებლად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. მონიტორინგის ფარგლებში ხდება სარეალიზაციო ობიექტებიდან სურსათის ნიმუშების აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევა), დოკუმენტურ შემოწმებას (სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ჩანაწერებისა და სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების შემოწმება),
2017 წლის განმავლობაში ჩატარდა 10 127 ინსპექტირება, 8438 დოკუმენტური შემოწმება საზოგადოებრივი კვების (რესტორანი, მზა კერძები, საშაურმე, სწრაფი კვება) ობიექტებში, საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოსა და სკოლის ბუფეტებში, სასურსათო მაღაზიებსა და მარკეტებში, აგრარულ ბაზრებში, საცხობებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და სურსათის მწარმოებელ სხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა სათანადო წესით აიღეს და ლაბორატორიაში ჩააბარეს სურსათის 4761 ნიმუში/სინჯი. დარღვევა გამოვლინდა 811-ში. ვადაგასული სურსათის გამოყენებისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენის შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდა: 25 625 კგ ხორცი და ხორცპროდუქტები, 11 472 კგ სხვა მყარი სურსათი, 10 325 ლ თხევადი სურსათი, 3 100 ცალი კვერცხი და 4 748 კგ ხორცი ფორმა #2-ის გარეშე.
_ ხორცის რეალიზება ერთ-ერთი ყველაზე სარისკო სფეროა. რა მდგომარეობაა ამ კუთხით დღეს? რა სიხშირით მოწმდება ხორცპროდუქტები რესტორნებში, საშაურმეებსა და, ზოგადად, კვებით დაწესებულებებში?
_ სააგენტო მუდმივად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს მაღალი რისკის სურსათი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები: სანიტარიული მდგომარეობა, ტემპერატურული რეჟიმი და ა. შ. საზოგადოებრივი კვების ობიექტები მოწმდება სახელმწიფო კონტროლის იმ მექანიზმებით, რომელზედაც ზემოთ გესაუბრეთ. სურსათის ეროვნული სააგენტო მათ ამოწმებს წლიური პროგრამის შესაბამისად, თუმცა სურსათის ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების ან მოსახლეობისა თუ სხვადასხვა უწყების შეტყობინების საფუძველზე ტარდება არაგეგმური ინსპექტირებაც, რომლის რაოდენობამ 2017 წელს შეადგინა 782, ხოლო არაგეგმური ინსპექტირება აღიარების მინიჭების მიზნით ჩატარდა 296 ბიზნესოპერატორთან, გადამოწმდა 4624 ბიზნესოპერატორი.
_ 2017 წლიდან ძალაში შევიდა საქონლის ხორცის ეტიკეტირების წესი. რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ეს სიახლე და თუ ხდება კონტროლი ამ კუთხით?
_ საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი ავალდებულებს ბიზნესოპერატორს, ეტიკეტზე დაიტანოს ის ინფორმაცია, რომელიც რეგლამენტით არის განსაზღვრული. სააგენტო მუდმივად ამოწმებს სურსათის ეტიკეტირებას და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო იყენებს კანონით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს. სააგენტო მუდმივად ახორციელებს კონტროლს აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისობასთან დაკავშირებით.
_ რა მდგომარეობაა გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტის კუთხით და სანქციების სიმკაცრე თუ აისახა პრობლემის გამოვლენის სიხშირეზე?
_ ფაქტია, რომ 2017 წელს გმო-ს კვლევაზე აღებული 120 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ ერთში.
_ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტების შემოწმების სიხშირე როგორია და რა მდგომარეობაა ამ კუთხით?
_ 2017 წელს დოკუმენტურად შემოწმებულია 1765 საბავშვო ბაგა-ბაღისა და 492 სკოლის ბუფეტი. გეგმურად ინსპექტირებულია 422 საბავშვო ბაღი და 247 სკოლა, არაგეგმურად _ 28 ბაღი და 10 სკოლა, გადამოწმდა 498 ბაღი და 180 სკოლა.
გამოვლენილი იყო არაკრიტიკული შეუსაბამობები, მაგალითად, სურსათის რეალიზაციის წესის დარღვევა, რის გამოც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

სააგენტოს მიერ ჩატარებული გეგმური თუ არაგეგმური ინსპექციების შედეგები არა საგანგაშო, მაგრამ საკმაოდ საყურადღებოა. ჩვენს მოქალაქეებს კი მაღაზიაში სურსათის შეძენისა თუ სხვადასხვა დაწესებულებაში საკვების დაგემოვნების დროს კითხვები უფრო ხშირად უჩნდებათ _ ვიკვებებით კი უსაფრთხოდ?!

ანა ურუშაძე