1917 წლის მაისი: საქართველოს ისტორიის ქრონიკა

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-9;

პოლიტიკური ავტონომია

1917 წლის მაისში საქართველოს პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო აქტიური ხდება რუსეთის შემადგენლობაში ქვეყნის ავტონომიური მოწყობის საკითხი. ამ თემის განხილვის უპირველესი მოთავე ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გახლდათ, რომელიც თავისი პარტიული გაზეთის – „საქართველოს“ მეშვეობით, ავტონომიის საკითხს თითქმის ყველა ნომერში უთმობს ადგილს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ამოსავალი წერტილი 1783 წელს რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატია. სწორედ ამ ტრაქტატის საფუძველზე ითხოვდა პარტია რუსეთის შემადგენლობაში საქართველოსთვის ფართო ავტონომიური უფლების მინიჭებას.
გაზეთი „საქართველო“ 1917 წლის 4 მაისი: „საქართველოს პოლიტიკური ავტონომია გულისხმობს, რომ მისმა პარლამენტმა (ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლების კრებამ) უნდა გამოსცეს საქართველოსათვის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიური კანონები და განაგოს ადმინისტრატიული და საერობო საქმეები და ცენტრს, ე. ი. პეტროგრადის პარლამენტსა და მთავრობას, ნება არ უნდა ჰქონდეს ჩაერიოს საქართველოს ხსენებულს შინაურ საქმეებში.
ერთი სიტყვით, საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი უნდა იყოს თავისის შინაურის პოლიტიკურისა და ადმინისტრატიული საქმეების მოწესრიგებაში. ეს არის საქართველოს პოლიტიკური ავტონომია. მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ავტონომია არ მოასწავებს საქართველოს სრულ ჩამოშორებას, გამოყოფას, სეპარაციას რუსეთისაგან. 1783 წ. ხელშეკრულებით ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე მეორემ დაუთმო რუსეთს ზოგიერთი თავისი პოლიტიკური უფლება. ამ ხელშეკრულობის ძალით, რუსეთის მთავრობას, ე. ი. პარლამენტსა და სამინისტროს, უნდა ეკუთნოდეს საქართველოსი და რუსეთის საგარეო პოლიტიკის, ომისა და ზავის და გარეშე მტრებთან ბრძოლის საქმეების გამგებლობა. მაშასადამე, ხსენებული საქმეების გამგებლობა საქართველოს ავტონიმიის ხელში არ უნდა დარჩეს.
აქ უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ავტონომიის ერთი უფლება. ხსენებული ხელშეკრულობის ძალით საქართველოს ჯარი მშვიდობიანობის დროს საქართველოში უნდა იწვრთნებოდეს. ომის დროს კი უნდა იყოს იქ, სადაც ამას რუსეთისა და საქართველოს საერთო სამხედრო საქმე მოითხოვს. უეჭველია ისიც, რომ ქართველთა ჯარის მთავარ-სარდლის დანიშვნის უფლება ომის დროსაც კი საქართველოს ავტონომიურ მთავრობის ხელში იქნება, თუმცა ცხადია ისიც, რომ უზენაეს მთავარსარდლად რუსთა და ქართველთა შეერთებული ჯარებისა რუსთა მთავარსარდლი იქნება.
რადგანაც საქართველომ 1783 წ. ტრაქტატით რუსეთის უზენაესობა აღიარა და ხელი აიღო საგარეო პოლიტიკაზე, საქართველოს პოლიტიკურ ავტონომიას არ ეყოლება თავისი დიპლომატიური აგენტები უცხო სახელმწიფოებში, ვინაიდან ხსენებული აგენტები განაგებენ და აწარმოებენ საერთაშორისო პოლიტიკას, რომელზედაც საქართველომ ხსენებული ტრაქტატით ხელი აიღო.
აქედან ჩანს, რომ ის პოლიტიკური ავტონომია, რომელსაც ჩვენ ვთხოულობთ, სრულიადაც არ მოასწავებს რუსეთისაგან ჩამოშორებას. ჩვენი ავტონომია მოასწავებს ნახევრად დამოკიდებულებას: ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკური უფლება ექნება გადაცემული რუსეთს და მაშასადამე, ამ უფლებათა ფარგლებში საქართველო დამოკიდებული, არაავტონომიური იქნება. დანარჩენი პოლიტიკური, ადმინისტრატიული და საერობო უფლებანი კი სავსებით გადავა საქართველოს ავტონომიის ხელში და ამ უკანასკნელ უფლებათა ფარგალში საქართველო სრულიად დამოუკიდებელი ან ავტონომიური იქნება.
ამგვარად, ჩვენ არა გვსურს, რომ ყველაფერში დამოკიდებული ვიყოთ არამედ გვწადია, რომ საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის თადარიგში მონაწილეობის გარეშე ჩვენვე განვაგოთ და მოვაწესრიგოთ საკუთარი კანონმდებლობა, ადმინისტრაცია, სამართალი, სწავლა-განათლება და, საზოგადოდ, სოციალურ-კულტურული, საერობო და ეკონომიური საქმეები“.
როგორც გაზეთიდან ჩანს, თებერვლის რევოლუციისა და ნიკოლოზის ტახტიდან გადადგომის შემდეგ, სხვადასხვა ფორმით, ავტონომიას რუსეთის იმპერიაში გაერთიანებული სხვა ერებიც აქტიურად ითხოვდნენ. 5 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია ამ მოთხოვნების ჩამონათვალიც, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დროებითი მთავრობის თავმჯდომარის, თავად ლვოვის დავალებით მოამზადა. მაგალითად: უკრაინა ითხოვს, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, აგრეთვე იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც მოსწავლეთა უმეტესობას უკრაინელები შეადგენენ, რუსულის ნაცვლად უკრაინული ენა შემოიღონ. აგრეთვე მოითხოვენ უკრაინულ ავტონომიასაც. ავტონომია სურთ ლატვიელებს. იგივე უნდათ ლიტველებსაც, რომლებიც, ამასთანავე, ლიტვური ჯარის შექმნასაც აპირებენ. ბელარუსებს რუსეთის ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაქმნა სურთ, სადაც ერთ-ერთ შტატად ბელარუსი იქნება და ა. შ.

უნივერსიტეტი

14 მაისის გაზეთ „საქართველოს“ ნომერში დამოუკიდებელი ქართული უნივერსიტეტის შესაძლო დაარსების შესახებ პირველ ინფორმაციას ვაწყდებით. გაზეთის მოკლე ცნობაში აღნიშნულია, რომ ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა წრეში ქართული უნივერსიტეტის მოწყობის აზრი დაიბადა. როგორც ირკვევა, თავდაპირველი გეგმით, უნივერსიტეტში ჯერ ერთი ფაკულტეტის გახსნაზე მსჯელობდნენ, რომელსაც „სიბრძნის ფაკულტეტი“ დაერქმეოდა. ეს ფაკულტეტი საისტორიოს, ფილოლოგიურსა და აღმოსავლეთ ენების სპეციალობებს გააერთიანებდა.
ორი დღის შემდეგ, ანუ 1917 წლის 16 მაისს, გაზეთი ამ თემას უკვე გრიგოლ ვეშაპელის დიდ სტატიას უძღვნის და ვრცლად მიმოიხილავს დამოუკიდებელი უნივერსიტეტის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.
გაზეთი „საქართველო“: „ყოველ ერს პოლიტიკურ თავისუფლების გზა გაეხსნა, მაგრამ დახეთ, ამ გზაზედ მხოლოდ ისეთი ერი მიაბიჯებს ფეხს, რომელიც პოლიტიკურ განთავისუფლებამდის ეკონომიურადაც, კულტურულადაც და ზნეობრივადაც განთავისუფლებული და თავის თავის პატრონი ყოფილა. ეროვნული სამეცნიერო ცენტრის არსებობა პირველი საწინდარია ერის კულტურული სახის გამოჩენისა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელთა კოლეგია მარტო სტუდენტებს კი არა, მთელს ერს ასწავლის და ხელმძღვანელობს. ამიტომაა, რომ უსახელმწიფო ერის აღორძინების ერთი მნიშვნელოვანი აქტი ყოველთვის ეროვნული უნივერსიტეტის დაარსება ყოფილა და არის. ეს ყოველი ერის ზნეობრივი ვალია. მაგრამ დღევანდელი დღე მარტო ზნეობრივად კი არა პრაქტიკულადაც ავალებს ქართველობას უნივერსიტეტის სამზადისს. რევოლუციამ დაჰკეტა რუსეთის უნივერსიტეტთა კარებები და კვლავ როდის გაიღება არ ვიცით.
საქართველოს კი განათლებული მოღვაწეები არა ჰყავს სავალალოდ იმდენი, რამდენიც სჭირდება. ხალხი არა გვყოფნის დღეს, როდესაც ერობაც კი არ არის შემოღებული. და თუ პოლიტიკურ თვითმართველობას მივაღწიეთ, მაშინ ხომ უფრო საწყალი იქნება ჩვენი საქმე. ჩვენ არ ვიცით თუ რა იქნება საქართველო ხვალ, როდესაც რევოლიუცია დადუღდება და საერთაშორისო და სამოქალაქო ზავი ჩამოვარდება. მაგრამ ის კი ცხადია, რომ საკუთარი ეროვნული სამეცნიერო ცენტრის შეჰქმნის გზას ვერ ავუხვევთ.
რუსეთში და უცხოეთში მოსწავლე ქართველ სტუდენტთა და კურსისტთა რიცხვი ომის წინ ათასზედ გაცილებით მეტი იყო, და რათ არ უნდა ვიწამოთ, რომ ქართული უნივერსიტეტის აუდიტორია უკვე მზად არის. ნაკლებ ვართ უზრუნველყოფილი პროფესორთა კოლეგიით, მაგრამ ასე ყოფილა ყოველი ახალი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებისას. რაც უნდა იყოს, რუსეთში და უცხოეთში მყოფ ქართველ პროფესორთა და დოცენტთა რიცხვი რამოდენიმე ათეულს უდრის; გაიხსნება თუ არა კარები ქართული უნივერსიტეტისა, ისინი ყველანი სამშობლო კერას მოაშურებენ, რადგან თუ რამემ იცის ეროვნობა, არც მეცნიერებაა ყოველს შემთხვევაში კოსმოპოლიტი.
ქართულ უნივერსიტეტის ინიციატორთ ამჟამად უპროფესორობა და უსტუდენტობა კი არა, მხოლოდ უფულობა აშინებს და სწორედ ამ საქმისაკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი საზოგადოებრივი და კერძო ქველმოქმედთა გულისყური“.

კრიმინალი

1917 წლის გაზაფხულზე სულ უფრო მძიმდება კრიმინალური ფონი საქართველოში. ამის ძირითად მიზეზად მოსახლეობაში უკონტროლო ცეცხლსასროლი იარაღის დაგროვებასა და ფრონტიდან საქართველოში დეზერტირთა უდიდესი ნაკადის მოზვავებას ასახელებენ.
მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ, კრიმინალთა მსგავსად, ხალხს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებიც აწუხებდნენ.
11 მაისს გაზეთში გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, კაზაკთა ნაწილებმა იმერეთში სოფელი სვირი დაარბიეს: „ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს მაზრის კომისარისაგან ცნობა მოუვიდა, რომ აპრილის 30-ს რკინის გზით მიმავალმა ყაზახთა ეშელონმა ააწიოკა სვირის მცხოვრებნი და სავაჭროები აიკლო. მაზრის კომისარის ცნობით, ყაზახები მე-16 და მე-17 სათადარიგო პოლკებისა იყვნენ. აღმასრულებელმა კომიტეტმა მე-16 და მე-17 პოლკების უფროსებს საჩივარი გაუგზავნა“.
საშინელი მდგომარეობა შეიქმნა ბორჯომ-ბაკურიანის რეგიონში, სადაც ოსების ბანდიტური დაჯგუფება უკონტროლოდ აყაჩაღებდა მგზავრებს. გაზეთის მიერ მოცემული ინფრომაციით, ყაჩაღები ბაკურიანიდან ახალქალაქში მიმავალ ყველა ეტლს ძარცვავდნენ. 16 მაისს თავს დაესხნენ ორ სამგზავრო ეტლს და იქ მყოფი ხალხი პირწმინდად გაძარცვეს. წაიღეს ფული და ძვირფასეულობა. გარდა ამისა, ყაჩაღებმა მგზავრებსა და მეეტლებს ტანსაცმელიც კი წაართვეს და მხოლოდ თეთრეულის ამარა დატოვეს. ტანსაცმლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ახალქალაქში მხოლოდ მეორე დღეს ფეხით ჩავიდნენ.
მდგომარეობა იმდენად უკონტროლო გახდა, რომ თბილისში ქურდებმა საკუთარი ფარული ორგანიზაციაც კი შექმნეს.
გაზეთი „საქართველო“. 14 მაისი: „ამ ბოლო ხანებში ქურდობა მეტისმეტად გახშირდა თბილისში. როგორც ამბობენ, ქურდებს დიდი ორგანიზაცია შეუდგენიათ და თან გადაუწყვეტიათ სასიკვდილოთ არ დაზოგონ მილიციონერები და სხვა მდევარნი, რათა შიშის ზარი დასცენ მცხოვრებთ და უფრო ადვილად მოახერხონ სხვისი საკუთრების მითვისება. ამის გამო მუშათა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წინადადება მისცა თბილისის მილიციის უფროსს სასტიკი ღონისძიებანი იხმაროს ქურდების წინააღმდეგ. იმ შემთხვევაშიაც კი დააპატიმროს ისინი და სასტიკ რეჟიმში ამყოფოს, როცა მათზე ეჭვს აიღებს, მაგრამ ბოროტმოქმედება არ უმტკიცდებათ“.
კრიმინალური მდგომარეობის განსახილველად 12 მაისს ამიერკავკასიის აღმასრულებელმა კომიტეტმა საგანგებო კრებაც კი მოიწვია, რომელიც მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში გაიმართა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კრებამ დაადგინა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უმკაცრესი ზომები უნდა მიიღოს კრიმინალთა წინააღმდეგ და მოსახლეობისგან მაქსიმალურად ამოიღოს ცეცხლსასროლი იარაღი.
აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე ქალაქის მილიციის უფროსმა მოხსენება გააკეთა, საიდანაც ირკვევა, რომ ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლას სასამართლოების მიერ გამოტანილი ლმობიერი განაჩენები უშლიდა ხელს: „მილიციის ბრძოლა ქურდებთან და ქურდობის წინააღმდეგ უნაყოფო რჩება, რადგან მომრიგებელი მოსამართლენი ერთობ მცირე სასჯელს ადებენ ქურდებს, ანუ სავსებით ანთავისუფლებენო. ამის გამო, ქალაქის აღმასრულებელმა კომიტეტმა სთხოვა ოლქის სასამართლოს თავმჯდომარეს და პროკურორს, რომ სასტიკად დაისაჯონ ქურდები“.
მკვლელობა მოხდა თელავის მატარებელში. სადგურ წინანდალთან შელაპარაკებისას ჯარისკაცმა ფირუზა კევლიშვილმა მოქალაქე ჩაკვაძეს მუცელში ხანჯალი გაუყარა. როგორც გაზეთი იუწყება, სანამ კევლიშვილი ფრონტზე იმყოფებოდა, ჩაკვაძემ მისი ცოლი საყვარლად გაიხადა და ამასთან ოჯახიც გაქურდა.
ამ ამბავს შემდეგ გაგრძელებაც მოჰყვა, რომლის შესახებაც გაზეთი „საქართველო“ 17 მაისის ნომერში გვამცნობს: „ხალხის სამართალი. ცნობა იყო ჩვენს გაზეთში, კევლიშვილმა ჩიკვაძე მოჰკლა ცოლის გულისთვისაო. ეხლა თელავიდან გვატყობინებენ, რომ ამ შემთხვევას თელავში დიდი ამბავი გამოუწვევია. კევლიშვილი ჯარისკაცია, ეხლა დატუსაღებულია. ამის გამო, თელავში ჯარისკაცებს 9 მაისს დაუჭერიათ კევლიშვილის ცოლი, ვირზე შეუსვამთ და ქუჩა-ქუჩა უტარებიათ. თან თურმე ჰყვიროდნენ, ჩვენი ამხანაგი ჯარისკაცი გაანთავისუფლეთ და ამ დედაკაცს მაშინ გავანთავისუფლებთო. დედაკაცს თან თურმე დიდი ბრბო დასდევდა. კომიტეტის წევრებს ძლივს დაუწყნარებიათ ხალხი. ქალი დაპატიმრებულია. ამ პროცესიის მომწყობნიც დაუპატიმრებიათ“.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ დროებითმა მთავრობამ ამნისტია გამოაცხადა, რომლის ძალითაც პატიმართა გარკვეული რაოდენობა ციხეებიდან განთავისუფლდა. ეს განსაკუთრებით პოლიტიკური მუხლით მსჯავრდადებულ მოქალაქეებს შეეხოთ. ახალი მთავრობა მიიჩნევდა, რომ ეს კატეგორია მეფის რეჟიმის დროს უკანონოდ იმყოფებოდა ციხეში და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მრწამსის გამო იდევნებოდა.
პოლიტიკურ დამნაშავეებთან ერთად სასჯელი შეუმსუბუქდათ ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დამნაშავეებსაც, თუმცა, ამის მიუხედავად, გაზეთის ფურცლებზე მაინც მრავლად გვხდება პატიმართა თხოვნა-პეტიციები, სადაც ისინი სასჯელის კიდევ უფრო მეტად შემცირებას ითხოვდნენ. მაგრამ 6 მაისის გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილი მეტეხის ციხის პატიმართა განცხადება იმდენად უცნაურია, გაოცებას იწვევს. საქმე ის არის, რომ ციხეში მჯდომი ქურდები თავისუფლებაზე მყოფ ქურდებს წესიერებისკენ მოუწოდებენ და მათგან კანონდარღვევის შეწყვეტას მოითხოვენ. განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ თუ ისინი ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ნებისმიერ დამნაშავეს, რომელიც მომავალში ციხეში მოხვდება გაუსაძლის პირობებს შეუქმნიან: „მეტეხის ციხის ტუსაღთა უსტაბაშებმა შემდეგი მოწოდება გამოუშვეს: „ჩვენ, მეტეხის ციხის პატიმრები ჩვენს თავს მოვალედ ვრაცხთ მადლობა მოვახსენოთ დროებით მთავრობას იმ მცირე ამნისტიისათვის, რომელიც 17 მარტს გამოსცა. ამასთანავე ვაცხადებთ: თბილისში უნდა მოისპოს ბოროტმოქმედება საკუთრების წინააღმდეგ და აგრეთვე მექრთამეობა. ვუცხადებთ სხვისი საკუთრების მოტრფიალეთ, მექრთამეებს, მევახშეებს, პორტმანის გამგდებთ, სახლების გამტეხთ და სხვა, რომ თუ ისინი ციხეში მოიყვანეს, გარდა კანონიერ სასჯელისა, ჩვენი მხრივაც დაისჯებიან, ვინაიდან ჩვენ მათ ზიზღით დავუწყებთ ყურებას და ბოიკოტს გამოუცხადებთ. თავს იმით ვერავინ გაიმართლებს, რომ სამუშაო არ მქონდაო. ნუღარ დადიხართ საყომარბაზო სახლებში. გაეფიცენით ქურდობას დასტოვეთ უსაქმოდ გამომძიებელი და პროკურორი“.

საზოგადოება

თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით ქალაქის ორივე ცირკში ჭიდაობის წარმოდგენა აიკრძალა. ქალაქის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ ჭიდაობის დროს ცირკში ხშირად ხდებოდა არეულობა, ჩხუბი და აყალმაყალი. ამ გადაწყვეტილებამ ცირკის მეპატრონეთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ჭიდაობა უამრავ ხალხს იზიდავდა და მისი აკრძალვით ისინი შემოსავალს კარგავდნენ. ცირკის მფლობელებმა ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტს საჩივრით მიმართეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეს გადაწყვეტილება ხალხის მიერ რევოლუციის შედეგად მიღებულ თავისუფლებას ზღუდავდა. ამ საჩივარმა შესაბამისი შედეგი გამოიღო.
გაზეთი „საქართველო“. 19 მაისი: „ცირკში ჭიდაობა კვლავაც იქნება. ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტის შეკითხვაზე მილიციის უფროსმა განაცხადა, რომ ცირკის პატრონები ძალიან დააშინა კომიტეტის განკარგულებამ შესახებ ჭიდაობის აკრძალვისა და ყოველივე ღონეს ხმარობენ წესრიგის დასაცავადო. ამის გამო აღმასრულებელმა კომიტეტმა შესაძლებლად სცნო ჭიდაობა აღარ აიკრძალოს“.
საკმაოდ გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მოქალაქეთა გარდაცვალებისა და დასახიჩრების შემთხვევები. იმ პერიოდის საქართველოში საგზაო წესებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და ავტომობილს ყველა ისე დაატარებდა, როგორც მოესურვებოდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თბილისში იყო განლაგებული კავკასიის ფრონტის მთავარი შტაბი და ძირითადი საინტენდანტო სამსახურები და ამის გამო საქართველოს დედაქალაქში საკმაოდ ბევრი მანქანა მოძრაობდა. ჯარისკაცები სამოქალაქო ხელისუფლებასა და მილიციას თითქმის არ ემორჩილებოდნენ და ტრანსპორტს საკუთარი შეხედულების მიხედვით მართავდნენ.
ამის გამო იმდენად ქაოსური ვითარება შეიქმნა, რომ ქალაქის მილიციის უფროსმა სპეციალური განცხადებაც კი გამოაქვეყნა, რომელიც გაზეთ „საქართველოს“ 28 მაისის ნომერში დაიბეჭდა: „მიუხედავათ მრავალ ჯერ გაფრთხილებისა, თბილისის შოფერები, როგორც კერძო ავტომობილებზე მსხდომნი, აგრეთვე სამხედროებზე, გაუფრთხილებლად და გაშმაგებულად დააქროლებენ ავტომობილებს. ამის გამო მილიციის უფროსი აცხადებს, რომ წესრიგის და განკარგულებათა დარღვევისათვის სასტიკად დაისჯებიან როგორც შოფერები, აგრეთვე ავტომობილების პატრონები. უკიდურეს შემთხვევაში ავტომობილი ჩამოერთმევა პატრონსაო. ასეთივე ბრძანება გამოსცა მილიციის უფროსმა წესრიგის დამრღვევ მეეტლეებზეც“.
მაგრამ ჯარისკაცებს სამოქალაქო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნაკლებად ადარდებდათ და ქალაქის მთავრობას ყურადღებას არ აქცევდნენ. სამხედროები არ იხდიდნენ მგზავრობის ფულს ტრამვაიში, თავისუფლად დასეირნობდნენ ქუჩებში, ტეხდნენ დებოშს და ჩხუბს. სპირტიანი სასმელების გაყიდვაზე შემოღებული აკრძალვის მიუხედავად, დუქნები და რესტორნები სავსე იყო მთვრალი სამხედროებით. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჯარისკაცებმა საკუთარი კომიტეტი ჩამოაყალიბეს, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო ხელისუფლების ნებისმიერ მათთვის არასასურველ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და ხშირად დაუმორჩილებლობასაც აცხადებდნენ.
თუ როგორ იქცეოდნენ ჯარისკაცები, ამის შესახებ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის გაზეთ „საქართველოს“ 9 მაისის ნომერში გამოქვეყნებული ცნობა, რომელიც თბილისში ჯარისკაცთა დელეგატების ყრილობას ეხება: „სახაზინო თეატრის კომისარმა სთხოვა ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტს, ღონისძიება იხმაროს, რომ კავკასიის მხედრობის დელეგატთა ყრილობა სახაზინო თეატრში ნუღარ მოხდება, ვინაიდან ამოდენა ხალხის კრება საშიშია შენობისათვისო. გარდა ამისა ჯარისკაცნი ლოჟებს ზედ ასხდებიან და აფუჭებენო. ამასთანავე კიდევ თეატრში ყველგან თამბაქოს ეწევიან და საშიშია, ცეცხლი არ გააჩინონო. აგრეთვე სალდათებს უბრალო წარმოდგენაც არ აქვთ ჰიგიენაზე და ისე სვრიან კლოზეტს, რომ მოსამსახურენი გასუფთავებაზე უარს აცხადებენო“.

თამარობა

1 მაისს საქართველო წმინდა თამარის ხსენების დღეს აღნიშნავდა. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდუბის ეკლესიაში საზეიმო წირვა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მოსაყდრემ ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ აღავლინა. მასთან ერთად წირვას უძღვებოდნენ ეპისკოპოსები გიორგი და ანტონი, აგრეთვე, თბილისის სამღვდელოება. წირვის შემდეგ ტაძარში წმინდა თამარის ხატთან სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს.
როგორც გაზეთში ვკითხულობთ, საზეიმო წირვას უამრავი მლოცველი დაესწრო: „ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ შესაფერის ქადაგებით მიჰმართა ხალხს და უსურვა საქართველოსა და ქართველს ერს განთავისუფლება. მოზღვავებულმა ხალხმა ერთხმად „ამინ“-ით უპასუხა საყვარელ მწყემსმთავარს. ქადაგების შემდეგ მცირე პანაშვიდი გადაუხადეს პანთეონში დასაფლავებულ ქართველ მწერალ-მოღვაწეთ. ტაძრის მღვდელმა ნაწირვევს სამღვდელოება თავის ბინაზე მიიწვია მცირე საუზმეზე. გალავანში „განათლების“ საზოგადოებას გამართული ჰქონდა სუფრა. ჰყიდდნენ თამარის აღწერას. შემოსავალი საქალებო ქართულ სემინარიის სასარგებლოდ წავიდა“.

კულტურა

როგორც ყოველთვის, საკმაოდ დატვირთული იყო კულტურული ცხოვრებაც. 9 მაისს თბილისში ქართულმა საოპერო ამხანაგობამ ახალი კლუბის საზაფხულო თეატრში ქართულ ენაზე პირველად დადგა კომპოზიტორ დელიბის ოპერა „ლაკმე“. როგორც გაზეთი იუწყებოდა, ლაკმეს პარტიას სასიამოვნო სოპრანოს მქონე ქართველი მომღერალი ქალი კალანდაძე ასრულებდა. 13 მაისს სახელმწიფო თეატრში ვალერიან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის დასმა მაყურებელს სპექტაკლი „ღალატი“ წარმოუდგინა. ქართულ თეატრში დაიდგა დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“. ამავე თეატრმა წარმოადგინა ივანე გომართელის ახალი კომედია „იასონის ოინები“.
თუმცა მაისის კულტურული ცხოვრების ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა საზოგადო მოღვაწისა და მსახიობის, ვალერიან გუნიას იუბილე გახდა.
1917 წლის 4 მაისს გაზეთი „საქართველო“ გუნიას იუბილეს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის, საიდანაც ირკვევა, რომ იუბილე დღის პირველ საათზე დაიწყო და გვიან საღამომდე გრძელდებოდა: „დამსწრე საზოგადოებას ვ. გუნიას მოღვაწეობის შესახებ სიტყვით მიჰმართა დრამატიული საზოგადოების თავმჯდომარემ ი. ბარათაშვილმა. შემდეგ ვასო აბაშიძემ, ი. ბართაშვილმა და კოტე ყიფიანმა გამოიყვანეს სცენაზე იუბილეარი; მას ხანგრძლივი ტაშის ცემით და ვაშას ძახილით შეეგებენ. დაიწყო მილოცვები და სიტყვები. პირველად მიულოცა იუბილეარს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით კარბელაშვილმა. უძღვნა გულითადი მადლობა მრავალ წელის დაუღალავ მუშაობისათვის, უსურვა კიდევ ხანგრძლივი და მშვიდობიანი ცხოვრება და გადასცა საჩუქარი.
შინაარსიანი სიტყვით მიმართა აგრეთვე ქალაქის თვითმართველობის წარმომადგენელმა ათაბეგოვმა. შემდეგ მიესალმნენ იუბილეარს კახეთის თავად-აზნაურთა წარმომადგენელი, მუსულმან ქალთა საზოგადოების წარმომადგენელი; სახელმწიფო თეატრის დირექცია, დრამატიულ საზოგადოების დირექცია, მუსულმანთა დრამატიული საზოგადოება, სომეხთა დრამატიული საზოგადოება. ამით დილის პირველი განყოფილება გათავდა.
მეორე განყოფილებაში იუბილეარს მიესალმა და მიულოცა ბარათაშვილის დასის წარმომადგენელმა გ. გვაზავამ; ქართველ ქალთა საზოგადოების მხრით ნ. რცხილაძისამ და მიართვა იუბილეარს გვირგვინი. მგოსანმა გრიშაშვილმა მეტად მოხდენილი ლექსი წაიკითხა. შესანიშნავი ლექსი უთხრა იუბილეარს აგრეთვე პოეტმა ქუჩიშვილმა. ბოლოს სიტყვა მიეცა თვით იუბილეარს. მან შემდეგი წარმოსთქვა: „თქმა ბევრი მინდა, მაგრამ ბევრს ვერას ვიტყვი, ენა დამება. მჯეროდა ჩვენის ერის თავისუფლება და კიდევაც ვიმედობდი, ჩემი ოცნება დღეს ხორციელდება და ბედნიერი ვარ. ბევრი ნაღველი და სიმწარე მიგრძვნია ცხოვრებაში მაგრამ დღეს ყველაფერი მავიწყდება და გმადლობთ ბატონებო, უღრმესათ ასეთს პატივისცემისათვის“.
საღამოს წარმოდგენილი იქმნა იუბილიარის ცნობილი მხიარული პიესა „აღლუმი“. წარმოდგენამ დიდებულათ ჩაიარა. მესამე მოქმედება რომ გათავდა, იუბილიარს მსახიობმა ვასო აბაშიძემ წაუკითხა თბილისის ქართულ დრამატიული საზოგადოების მისალოცი. მგოსან გრიშაშვილს კვლავაც ათქმევინეს ლექსი, რამაც დიდი შთაბეჭდილება დასტოვა დამსწრე საზოგადოებაზე. მეოთხე მოქმედების შემდეგ იუბილიარი კიდევ რამდენჯერმე გამოიყვანეს სცენაზე და ხალხი ტაშის ცემით და ვაშას ძახილით დაიშალა“.

მიხეილ ბასილაძე