უტიფარი ტყუილი ერთპარტიულ კონსტიტუციაზე

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების ერთწლიანი პროცესი დაასრულა და გასული კვირის ბოლოს ეს ერთპარტიული დოკუმენტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებაში, ალბათ, არ დარჩენილა ადამიანი, რომლის ყურამდეც არ მიეღწიოს იმ ვნებათაღელვას, რომელიც ქვეყნის მთავარი კანონის გარშემო ატყდა. 2017 წლის დასაწყისიდან საკონსტიტუციო ცვლილებები განხილვისა და დაპირისპირების მთავარი თემა გახდა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომიის მუშაობა თავიდანვე კონფრონტაციით დაიწყო. პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ, პროტესტის ნიშნად, უარი განაცხადეს კომისიის შემადგენლობაში მუშაობაზე. მიზეზი სრულიად ლოგიკური იყო, ხელისუფლებამ პრეზიდენტს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის გარანტს წარმოადგენს, უფლება არ მისცა, პრეზიდენტისავე ბრძანებით შექმნილი კომისიის თანათავმჯდომარე ყოფილიყო. სანაცვლოდ, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას კომისიის რიგითი წევრობა შესთავაზეს.
ხმაურიანად მიმდინარეობდა საკონსტიტუციო კომისიის სხდომებიც, რომლებზედაც ძალიან მალე გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ქვეყნის კონსტიტუციის სამართლიანობაზე კი არა, მის საკუთარ ტანზე მორგებაზე ზრუნავდა. ძალიან მალე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მთავარი, რისი შეცვლაც ივანიშვილს უნდოდა კონსტიტუციაში და რისთვისაც წამოიწყო ეს პროცესი, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიების მიერ ჩატარებული, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი, პრეზიდენტის არჩევის უფლების ხალხისთვის დატოვებას ითხოვდა, ივანიშვილმა ეს მოთხოვნა „ფეხებზე დაიკიდა“ და ქართველ ერს ეს უფლება წაართვა.
გზადაგზა ხელისუფლებას მადა გაეხსნა და საკონსტიტუციო პროექტში მალე ოპოზიციის საქმიანობის შემზღუდველი ნორმებიც გაჩნდა. ჯერ იყო და ყველა გადაუნაწილებელი მანდატი მე უნდა წავიღოო, მერე მაჟორიტარულ არჩევნებს აღარ ვაუქმებო, მერე ბლოკები უნდა გავაუქმოო და ა. შ. აზარტში შესულმა „ქართულმა ოცნებამ“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ნაჯახი მოიმარჯვა და ქვეყნის მთავარი კანონის ჩეხა დაიწყო, თან ისე, რომ ამის გამო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით აღაშფოთა ყველა, არამედ „ვენეციის კომისიიდან“ და ეუთოდანაც გაოგნებულნი აკვირდებოდნენ მთავრობის მიერ საქართველოს კონსტიტუციის გაუპატიურებას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დაჩეხილ-განადგურებული კონსტიტუცია მთელმა მსოფლიომ შეაფასა, როგორც ერთპარტიული პროდუქტი და როგორც „ქართული ოცნების“ ინტერესებზე მორგებული დოკუმენტი, საქართველოს (ჯერ კიდევ) პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ჩვენს ახალგაზრდა პარლამენტის თავმჯდომარეს მაინც ჰყოფნით უტიფრობა, რომ ამ დოკუმენტს იდეალური კონსტიტუცია უწოდონ, რომლითაც, თურმე, მთელი მსოფლიოა აღფრთოვანებული.
იმისთვის, რომ „ოცნების“ მაღალჩინოსნებმა საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ, შემოგთავაზებთ ამონარიდებს პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის აღფრთოვანებული განცხადებებიდან, რომლებსაც ანალიზს მოვაყოლებთ, თუ რამდენად შეესაბამება ეს განცხადებები სინამდვილეს?!
მაშ, ასე: „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ კონსტიტუცია მათ საკუთარ თავზე არ მოურგიათ და ეს არის საყოველთაოდ დაბალანსებული დოკუმენტი.
პრემიერი კვირიკაშვილი სრული პასუხისმგებლობით აცახდებს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაწერილა არც ერთი ისეთი პუნქტი, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის პარტიულ ინტერესებსა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
სინამდვილეში კი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს საკონსტიტუციო ცვლილებათა მთელი პაკეტი. როგორც უკვე აღვნიშნე, საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მიზანი პრეზიდენტის არჩევითობის გაუქმება იყო. ყველასთვის ნათელია, რომ პრეზიდენტის ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია ავტომატურად ქმნის ისეთ პოლიტიკურ ვითარებას, სადაც ყველაფერი ერთ პოლიტიკურ კონიუნქტურას აღარ ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ფუნქციები უკიდურესად შეზღუდულია, მისი საპრეზიდენტო ტრიბუნა მაინც საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ ბევრ მნიშვნელოვან პროცესზე ზეგავლენა მოახდინოს. ტრიბუნის სიმაღლეს კი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევითობა და, აქედან გამომდინარე, მისი მაღალი ლეგიტიმაცია განაპირობებს. მხოლოდ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს შეუძლია რეალურად შეასრულოს დამბალანსებლისა და არბიტრის ფუნქცია.
სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის აუცილებლობა ბოლო წლებში ყველამ კარგად დაინახა, ანუ ყველანი თუ ერთ მიკროფონში მღერიან, _ მთავრობაც, პარლამენტიც და პრეზიდენტიც, ქვეყანა აშკარად არასწორი გზით მიექანება ან, კიდევ უარესი, ავტორიტარიზმის ნიშნები იკვეთება. ასეთ დროს მთავრობა უკონტროლო ხდება, პარლამენტი კი _ მთავრობის ნოტარიუსი, რომლის ერთადერთი ფუნქცია მთავრობის ინიციატივების დამტკიცებაა. პრეზიდენტიც თუ იგივე ორკესტრის ერთ-ერთი ვიოლინოა და ისიც განსხვავებულს არაფერს ამბობს, ვითარება საგანგაშოა. სამწუხაროდ, ასეთ საგანგაშო ვითარებას არაერთხელ მოვსწრებივართ და ისიც გვინახავს, ყოველივე ეს რით სრულდება ხოლმე. ასე რომ, პრეზიდენტის განსხვავებული პოზიცია, მაგალითად, ვეტოს უფლების გამოყენება და, ზოგადად, განსხვავებული პოზიციის მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება, პოლიტიკური პროცესის მონოპოლიზაციას სერიოზულად უშლის ხელს. ძლიერი პოლიტიკური ნების მქონე პრეზიდენტის პირობებში კი, რომელსაც ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია უმყარებს ზურგს, ასეთი რამ საერთოდ შეუძლებელი ხდება.
სრულიად საქართველოს ესმის, რომ ხელისუფლების შტოებს შორის რეალური დამბალანსებელი პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ მას მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, ისეთი, რომელსაც მხოლოდ ხალხის მიერ არჩევითობა ანიჭებს. ყველა ხვდება, რომ ვერავითარი ამომრჩეველთა კოლეგია ამ ლეგიტიმაციას ვერ უზრუნველყოფს, რადგან რამდენკაციანიც არ უნდა იყოს ეს კოლეგია, უმრავლესობა მასში ყოველთვის ხელისუფლებას ეყოლება, შედეგად, _ პრეზიდენტი ყოველთვის მთავრობის დანიშნული იქნება. ასეთი პრეზიდენტის დანიშნული მოსამართლეები და სხვადასხვა კომისიის წევრები ხელისუფლების კადრები და მისი კონტროლირებადი ადამიანები იქნებიან. ასე რომ, რისი დამბალანსებელი და რისი არბიტრი იქნება მთავრობის დანიშნული ჯიბის პრეზიდენტი ადვილი მისახვედრია.
აღფრთოვანებულ შეფასებებში პრემიერს არც პარლამენტის თავმჯდომარე ჩამორჩება, _ აი, ამონარიდი მისი განცხადებიდან:
„კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამორიცხავს საქართველოში ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმის ყოველგვარი ფორმით გამეორების შესაძლებლობას. საპარლამენტო მმართველობა პროპორციული საარჩევნო სისტემით არ ტოვებს ავტოკრატიის ან ხელისუფლების მითვისების არავითარ შესაძლებლობას“.
რაც შეეხება ავტოკრატიასა და მმართველობის ისეთ მოდელს, როცა ქვეყანაში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა ფლობს მთელ ძალაუფლებას, გასულ კვირას მიღებული კონსტიტუცია იდეალურ წინაპირობას ქმნის საქართველოში ავტოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებისთვის. ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება ავტორიტარულ მმართველობას ნიშნავს, ავტორიტარული გადაწყვეტილებები კი ყოველთვის მიუღებელია როგორც პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ისე, ზოგადად, საზოგადოებისთვის. ავტოკრატია მიუღებელია ყველა ჩვენი საგარეო პარტნიორისთვისაც. ერთი პარტიის ნება-სურვილზე ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემა მხოლოდ იმ პარტიის ინტერესზეა მორგებული და ამიტომაც ამომრჩევლის ნდობას არ იმსახურებს. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ყველა ხელისუფლება ცდილობს, ისეთი საარჩევნო სისტემა დააკანონოს, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში. ასე ეგონა „მოქალაქეთა კავშირსაც“ და ასე ეგონათ „ნაციონალებსაც“. უბედურება ისაა, რომ ამდენი მცდარი მაგალითის მიუხედავად, „ქართული ოცნებაც“ იგივეს აკეთებს და საარჩევნო სისტემას საკუთარ თავზე ზუსტად ისე ირგებს, როგორც ეს მისმა წინამორბედებმა გააკეთეს.
საარჩევნო სისტემა პოლიტიკურ პარტიებს შორის, ერთგვარი, თამაშის წესია, რომელიც ყველა მოთამაშისთვის ერთნაირად სამართლიანი უნდა იყოს. სისტემამ ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი პირობები უნდა უზრუნველყოს, ამიტომ ყველა დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში ყოვლად დაუშვებელია, ასეთი თამაშის წესები ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიმუშაოს. ეს უნდა იყოს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის შეთანხმების საგანი, რასაც, საბოლოო ჯამში, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსი ჰქვია.
გარდა ამისა, საარჩევნო სისტემა უმნიშვნელოვანესია ამომრჩევლისთვისაც, რადგან სწორედ სამართლიანი საარჩევნო სისტემა აძლევს ადამიანს იმის განცდას, რომ პარლამენტი მის მიერ გაკეთებული არჩევანის მიხედვით ფორმირდება. იმ ქვეყანაში, სადაც ამომრჩეველს არ აქვს იმის განცდა, რომ პოლიტიკურ პროცესს არჩევნების მეშვეობით აკონტროლებს, მუდმივი რევოლუციები გარდაუვალია. სამწუხაროდ, ასეთი ქვეყნების რიგს განეკუთვნება საქართველო.
დღევანდელი საარჩევნო სისტემა, რომელიც 22 წელიწადია, უსამართლობის სიმბოლოდ იქცა, იმიტომაცაა გამოსაცვლელი, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალისთვის მუდმივად დაუმსახურებელი მანდატების მითვისების საშუალებას იძლევა. დღეს ეს მაჟორიტარების მეშვეობით ხდება და შედეგიც ნათელია.
2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ოცნებამ“ თბილისში ამომრჩევლის მხოლოდ 44% მიიღო, მაგრამ მაჟორიტარების მეშვეობით მანდატების 76% მიისაკუთრა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი „ოცნებამ“ ხმების მხოლოდ 48% მიიღო, ანუ საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც კი არასაკმარისი რაოდენობა, მაგრამ ყველა მაჟორიტარის მოგებით (ასეთი რამ კომუნისტების შემდეგ არ მომხდარა) მანდატების 78% მიითვისა. შედეგად უმცირესობით მხარდაჭერილმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნა. და აი, ასეთი საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას შემდგომი არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ავტოკრატიის დაძლევასა და დემოკრატიის გამოვლინებას უწოდებენ.
„ქართულმა ოცნებამ“, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისე შემდგომი, 2020 წლის არჩევნებისთვისაც, მაჟორიტარული სისტემა გამოიმათხოვრა. კიდევ ერთხელ მომაპარინეთ სადეპუტატო მანდატებიო და შემდგომ არჩევნებს 2024-ში სამართლიანი პროპორციული სისტემით ჩავატარებო.
ოღონდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი იმ 2024 წლისთვისაც სერიოზულად შეიარაღდნენ ხელისუფლებაში დასარჩენად. მათ პოლიტიკურ პარტიებს ბლოკების შექმნის უფლება წაართვეს.
ანუ დღევანდელი კონსტიტუციის მიხედვით, შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ისევ უსამართლო, მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, როცა ამომრჩევლის მაღალი მხარდაჭერის გარეშე, მაჟორიტარების მეშვეობით, „ოცნება“ ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას გეგმავს. 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციას ბლოკების შექმნის უფლება უკანასკნელად დაუტოვეს, თუმცა ამ წუთებში ხელისუფლება ბლოკების დაფინანსების ისეთ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც პარტიებს ბლოკში გაწევრიანების ყველანაირ სურვილს დააკარგვინებს.
2024 წლის არჩევნებზე კი, მართალია, პროპორციული სისტემა შემოვა, მაგრამ პარტიებს გაძლიერებისა და გამსხვილების შანსი კონსტიტუციით უკვე წართმეული ექნებათ. ხოლო თუ საარჩევნო გარემოს გავითვალისწინებთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკიდურესად არაკონკურენტულია, ბლოკში გაერთიანებისა და პოლიტიკური სინერგიის გარეშე ხელისუფლების ადმინისტრაციულ რესურსთან და ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშთან გამკლავება მარტო დარჩენილ პარტიებს ძნელად თუ გამოუვათ.
აი, ასე „შეასრულა“ ივანიშვილის გუნდმა მოსახლეობისთვის ორჯერ მიცემული დანაპირები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. პირველად ეს დაპირება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაიცა, მეორედ კი „ოცნება“ 2016 წლის არჩევნების წინ დაგვპირდა, ოღონდ კიდევ ერთხელ მომაპარინეთ უმრავლესობა მაჟორიტარებით და 2020-ში უსიკვდილოდ პროპორციულზე გადავალთო.
შეფასებისას პრემიერმა, ასევე, განგვიცხადა, რომ, თურმე, იდეალურად დაბალანსებული კონსტიტუცია გვქონია, ხოლო მმართველი გუნდი და აღმასრულებელი ხელისუფლება ძალაუფლების მაქსიმალური თვითშეზღუდვის გზით წავიდა.
ე. ი. კვირიკაშვილი გვიმტკიცებს, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლება იზღუდება და ოპოზიციის უფლებები ფართოვდება. როცა „ოცნება“ ამას ამბობს, უნდა ვიცოდეთ, რომ იგი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივებას გულისხმობს. ხელისუფლება დემოკრატიის დიდ მიღწევად ასაღებს იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელისუფლების ნებართვა საჭირო აღარ იქნება. საკმარსი გახდება დეპუტატთა მხოლოდ 1/3 და კომისიაც შეიქმნება. რა თქმა უნდა, ის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა აღარ სჭირდება, ერთმნიშვნელოვნად კარგია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიცია პარლამენტში მესამედით, ანუ 50 დეპუტატით წარმოდგენილი ვერასდროს იქნება? აი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ პოლიტიკური ბლოკების შექმნა რომ არ აეკრძალათ, მაშინ ამის შანსი ნამდვილად იარსებებდა. ასე რომ, მკვდრადშობილი ნორმით თავის მოწონება არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია. ასე ზრუნავს ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვასა და ოპოზიციის გაძლიერებაზე.
პრემიერი, ასევე, აცხადებს: „საკონსტიტუციო კომისიაში მოწვეული გვყავდა ექსპერტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიამ გაითვალისწინა ოპოზიციისა და ექსპერტების რეკომენდაციების 80%-მდე, რაც უპრეცედენტოა ქვეყნის ისტორიაში“.
უპრეცედენტო აქ არის ტყუილი, რომ თითქოსდა ხელისუფლებამ რამე გაითვალისწინა. როგორც ჩანს, კვირიკაშვილს დაავიწყდა, რომ ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ მთელმა ოპოზიციამ ერთხმად დატოვა საკონსტიტუციო კომისია იმის გამო, რომ არც ერთი მათი წარმოდგენილი ინიციატივა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ხელისუფლებას, სკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შეექმნა, ესაა მისი სრული პოლიტიკური სიმარტოვე, _ ექვსი თვის განმავლობაში არ გამოჩნდა პოლიტიკური პარტია ან არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გაამართლებდა და მხარს დაუჭერდა ივანიშვილის სასურველ ცვლილებებს. „ოცნება“ მარტო იყო მთელი ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის წინაშე. ხელისუფლების პოზიციები იმდენად ხისტი და მიუღებელი გახლდათ, რომ მათ ის პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი ვერ უჭერდნენ მხარს, რომლებიც ივანიშვილის ფულით იყვნენ შექმნილნი. მათ, უბრალოდ, თვითლუსტრაციის ეშინოდათ.
მთელი საზოგადოება ხედავდა, როგორ ცდილობდა ხელისუფლება ყველაზე ძალადობას, საერთაშორისო ასპარეზზეც შესანიშნავად ხედავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არც კონსენსუსზე ფიქრობს და არც _ დემოკრატიაზე.
არადა, ოპოზიციასაც და არასამთავრობო სექტორსაც უამრავი ინიციატივა ჰქონდათ წარდგენილი, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთიანი დოკუმენტის სახით. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო ერთიანობა ჩამოყალიბდა პარტიებს, არასამთავრობოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით ყველა თანხმდებოდა „ოცნების“ გარდა. ყოველივე ამის შემდეგ იმის მტკიცება, რომ ხელისუფლებამ, თურმე, ოპოზიციის რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა, უბრალოდ, უტიფრობაა. 80 კი არა, 1%-იც კი ოპოზიციის ინიციატივებისა არ ასახულა საკონსტიტუციო ცვლილებებში.
დაახლოებით ასეთივე თავხედური ტყუილია პრემიერის ის განცხადება, თითქოს, „ვენეციის კომისიამ“ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები.
„ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს, ყველა თუ არა, დედამიწაზე არსებული კონსტიტუციების უმრავლესობა ნამდვილად დამუშავებული აქვს. ჯერ არავის უნახავს ის ისეთი აღშფოთებული და შეურაცხყოფილი, როგორც საქართველოში ვნახეთ. შეგახსენებთ მის რამდენიმე შეფასებას „ოცნების“ მიერ დაჩეხილ კონსტიტუციასთან დაკავშირებით.
ჯანი ბუკიკიო:
„მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთმა პარტიამ არ უნდა მიიღოს… ერთი პარტიის მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციას არ აქვს ლეგიტიმაცია… პროპორციული საარჩევნო სისტემის ძალაში შესვლის 2024 წლის ოქტომბრისთვის გადავადება ძალიან სამწუხაროა და მთავარ შეფერხებას წარმოადგენს კონსენსუსის მისაღწევად“.
ნურავის ექნება მოლოდინი, რომ „ვენეციის კომისია“ იმის გამო, რომ რომელიღაცა ქვეყნის ავტორიტარი ლიდერი კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებს, მას უჩივლებს ან საპროტესტო აქციას მოუწყობს. ეს ამ კომისიის საქმე არაა. მათი საქმეა, რეკომენადაცია მოგცენ, გირჩიონ, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული კონსტიტუცია. არ გინდა? თავშიც ქვა გიხლია! ჯანი ბუკიკიომ გასაგებად განაცხადა, რომ კონსტიტუციის მიღების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საყოველთაო პოლიტიკური კონსენსუსია. ყველა პოლიტიკური სუბიექტი უნდა შეთანხმდეს საერთო წესებზე და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება დემოკრატიული პროცესი. „ვენეციის კომისიის“ შეფასებებთან დაკავშირებით ხელისუფლების „მამალი ტყუილები“ ადრეც მოგვისმენია. კომისიის დასკვნების არასწორმა ინტერპრეტაციებმა იმდენად აღაშფოთა ბუკიკიო, რომ იგი თავად დაუკავშირდა ქართველ ჟურნალისტებს და უთხრა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინტერპრეტაცია სიმართლეს არ შეესაბამებაო. ერთი სიტყვით, იმის მტკიცება, რომ „ვენეციის კომისია“ კმაყოფილია „ოცნების“ ერთპარტიული კონსტიტუციით, ასევე უტიფარი ტყუილია.
როგორც ვხედავთ, საქართველოს ახალი კონსტიტუცია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. არც ერთი მისი ძირითადი დებულება არ ემსახურება ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებას. სამაგიეროდ, ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელის ბიჭების პოზიციების გამყარებას და მუდმივად მათ ხელისუფლებაში ყოფნას.
პრემირ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს კი თამამად შეუძლიათ იამაყონ იმ მეათასე ხარისხოვანი ჩანაწერებით, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ, თურმე, ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი „ხმოსანი“ აღარ იარსებებს. „ხმოსანი“ იცვლება ტერმინით _ „საარჩევნო კოლეგიის წევრი“.
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ აირჩევს, ხელისუფლების ჯიბის პრეზიდენტს, _ ხმოსანი თუ კოლეგიის წევრი? მთავარია, რომ ის ერთადერთი სახელისუფლებო შტო, რომელიც ივანიშვილს ქვეყნის სრული პრივატიზაციის საშუალებას არ აძლევდა, აღარ იარსებებს.
ასეთია რეალობა და როგორადაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, შავზე თეთრი თქვას და თვალებში ნაცარი გვაყაროს, მათ მიერ შექმნილ კონსტიტუციაში ჩაბუდებული ჭირი თავს არ დამალავს. ის აუცილებლად, ძალიან ხშირად შეგვახსენებს თავს!!!

დემნა ვეშაპიძე