თამარ ჩხეიძე „საქართველოსა და რუსეთს შორის შეუძლებელია დეოკუპაციის გარეშე ნორმალიზაცია“

ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარეს _ თამარ ჩხეიძეს:

_ ქვეყანას _ სახელმწიფოს _ საკმაოდ მძიმე დღეები უდგას. ტატუნაშვილის მკვლელობა, „ინტელიგენციის“ განცხადება, პრემიერის მიმართვა რუსეთისადმი, ჟენევის ფორმატის გარგლებში „მისაღები“ ერთობლივი „პაქტი“, რომლის მოსალოდნელი შედეგების შესახებ არაფერი ვიცით, „ქართული მარშის“ ექსტრემიზმი, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები და ა. შ. რამდენად ჯდება ეს ყველაფერი ერთ ლოგიკურ ჯაჭვში და რა თუ ვინ დგას ამ ყოველივეს უკან?
_ ერთ ლოგიკურ ჯაჭვში ეს მოვლენები, რა თქმა უნდა, ჯდება, რადგან თითოეულის უკან, ერთი მხრივ, მტრულად განწყობილი დამპყრობელი მეზობელი და მეორე მხრივ, ამ გამოწვევათა პირისპირ მდგომი, უმეტესად, ეროვნულ-მოქალაქეობრივი თვითშეგნების დეფიციტის მქონე ქართული საზოგადოება და, ძირითადად, მტრის ინტერესებში მოქმედი ხელისუფლება დგას. საბედნიეროდ, სხვა ფაქტორებიც არსებობს და მოქმედებს, მათ შორის, საგარეო, რაც რამდენადმე მაინც არბილებს ამ ორი ძირითადი ფაქტორის დამღუპველ შედეგებს.
_ საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელმაც იცის დამოუკიდებლობის ფასი, თუმცა გვავიწყდება, რომ თაობა, რომელზეც ვაპელირებთ, არასოდეს იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და მათთვის ძნელია იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს ან ბრძოლა, ან მისი დაკარგვა. ამ პირობებში თაობა, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ავანგარდში იყო, პოლიტიკურ სცენაზე არ არის ან ამ პერსონების უმეტესობის დისკრედიტება-მარგინალიზება სხვადასხვა ხელისუფლებამ მოახერხა. მეტიც: ჩვენ სხვადასხვა თაობაში გვყავს თანამოქალაქეები, რომელთათვისაც საქართველო საკუთარი მიზნების მისაღწევი საშუალებაა. ასეთ პირობებში რა არის უმთავრესი, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე ღირებული და უმნიშვნელოვანესი პრინციპი იყოს?
_ ახალგაზრდების ნაწილს შესაძლოა, უშუალოდ დამოუკიდებლობისთვის არ უბრძოლია, მაგრამ მათგან ზოგმა პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი სიცოცხლის გაწირვით იბრძოლა ჩვენი მიწისთვის ოკუპანტის წინააღმდეგ, ეს კი, ფაქტობრივად, იგივეა და უფრო მეტიც. გარდა ამისა, ვინც უშუალოდ დე იურე დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდა, მათთვის ქვეყნის დამოუკიდებლობა ბუნებრივი მოვლენაა და ეს უდავოდ დადებითი ფაქტორია. ის, რომ ჩვენ ყველა ფენაში გვყავს ადამიანები, რომლებისთვისაც ქვეყანა მხოლოდ მათი პირადი მიზნების მიღწევის საშუალებაა, ეს რეალობაა. მართალია, ასეთები ყველა ქვეყანას ჰყავს, ჩვენთან ეს მეტისმეტად მასობრივი მოვლენაა და განსაკუთრებით, თითქმის, ასპროცენტიან ნიშნულს უახლოვდება _ პოლიტიკის სფეროში. გეთანხმებით, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა თითოეულისთვის უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი, მაგრამ თავად ამ მიზნის მისაღწევად რა არის უმთავრესი, ეს რთული საკითხია, კომპლექსური. ამის გამზადებული რეცეპტი არ გამაჩნია. ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თავისი ქვეყნის პატრონად, პროცესების მართვაზე უფლებამოსილ და პასუხისმგებელ პირად გრძნობდეს თავს, მაგრამ თავად ამას როგორ მივაღწიოთ, კვლავ კითხვა ისმის. ეს მჭიდრო კავშირშია ნამდვილ დემოკრატიულ განვითარებასთან, სამოქალაქო საზოგადოების არსებობასთან.
_ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ქართულმა პოლიტიკამ, ვგულისხმობ პოლიტიკურ ძალებს, დღემდე ვერ შეძლო, გაეაზრებინა, რომ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საერთო ეროვნული იდეა, თუნდაც ეს იყოს გრძელვადიანი, მაგრამ რეალურად შესასრულებელი და არა მხოლოდ იმედი, რომ „საქართველო გაბრწყინდება“. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი იდეა გაჩნდეს და მისი რეალიზებისთვის ყველა პოლიტიკურმა ძალამ იბრძოლოს საკუთარი ტაქტიკითა და სტრატეგიით?
_ ჩემი აზრით, ასეთი საერთო ეროვნული იდეა, უფრო სწორად, მიზანი და არა, რა თქმა უნდა, ყბადაღებული ეროვნული იდეოლოგია, უნდა იყოს ქვეყნის ტერიტორიის ოკუპანტისგან განთავისუფლება და მისი ქცევა ნამდვილად დემოკრატიულ, თავისუფალ ეკონომიკაზე აგებულ, განვითარებულ და ჰუმანურ საზოგადოებად. ამ იდეას გაჩენა, მე ვფიქრობ, არ სჭირდება, ის ისედაც ზედაპირზე დევს, ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. სხვა საკითხია და აუცილებელიცაა მისი გავრცელება და დამკვიდრება ჩვენს საზოგადოებაში და პოლიტიკაში, ჩვენი პოლიტიკური ძალების აბსოლუტური უმრავლესობა და, საერთოდ, ქართული პოლიტიკა რომ ამ იდეით არ არის სათანადოდ გამსჭვალული. ამის მიზეზი, გაუაზრებლობაზე მეტად, ზემო კითხვაში ნახსენები გარემოებაა, რომ მათთვის მამოძრავებელი პირადი მიზნებია და არა სახელმწიფოებრივი ინტერესები.
_ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მოწინააღმდეგეებს არგუმენტი აქვთ: „აბა, ვიომოთ?“ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე პრაგმატული გეგმა რუსეთთან საურთიერთოთ არსებულ პირობებში? და აქვე, არც ერთ ხელისუფლებას არ უყვარს რეკომენდაციები და რაც მთავარია, არათუ იაზრებენ კეთილ რჩევებსა და კრიტიკას, არამედ ცინიზმით პასუხობენ ხოლმე ასეთ „გამოხტომებს“. კარგად მახსოვს 1989 წელი, თქვენი და ილია ჭავჭავაძის საზოგადოების პოზიცია იმ პერიოდისთვის _ აქციების საკითხი აფხაზეთის საკითხს არ უნდა გასცილებოდა. დღევანდელი გადასახედიდან ეს ფორმულა საკმაოდ პრაგმატული ჩანს. დღეს რა პრაგმატული რეცეპტი არსებობს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო ნელ-ნელა და „მშვიდობიანად“ არ აღმოჩნდეს მტრის ხახაში?
_ პრაგმატული გზა საქართველოსთვის და აქვე რუსეთთან ურთიერთობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, არამცთუ მხოლოდ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, არამედ, ამჟამად, ფაქტობრივად, ერთია. ქართულ საზოგადოებაში, სამწუხაროდ, საკმაოდ მრავლად წარმოდგენილი რუსეთუმე აქტიურად და დაჟინებით ცდილობს სიყალბის გავრცელებასა და დამკვიდრებას, რომ თითქოს ჩვენ, ქართული მხარე, არ ვცდილობთ რუსეთთან საერთო ენის გამონახვას, მასთან დიალოგს და ამის და კიდევ დასავლეთისკენ სწრაფვის შედეგია, რბილად რომ ვთქვათ, ის პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს. მეტიც: იმის მაგიერ, რომ „ბაბაია ვეძახოთ“, მუდმივად ვაღიზიანებთ მას. სწორედ ქართველებისგან გაღიზიანებული რუსეთი, თურმე, იძულებული გახდა, ქართული მხარის მიერ დაწყებულ ომზე ეპასუხა და ჩვენი მიწების ნაწილი დაეკავებინა! ამგვარად, ეს ადამიანები არა მხოლოდ სასაცილო ნონსენსს ავრცელებენ, არამედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების პირდაპირ ღალატზეც კი მიდიან და აგრესიის მსხვერპლს თავად აბრალებენ აგრესიას! ფაქტები კი, ამ შემთხვევაში, მეტისმეტად ელემენტარული და მარტივია _ ქართული ხელისუფლებები პირიქით, კოლაბორაციონიზმსაც კი არ ერიდებიან, ვგულისხმობ ზოგიერთს; დიალოგს ხომ პირდაპირ იხვეწებიან. სრულიად მარტივი და აშკარა ჭეშმარიტებაა, რომ რუსეთს რომელიმე ხელისუფლების მიმართ გაღიზიანება კი არა, უბრალოდ, ამ ტერიტორიებზე ბატონობის შენარჩუნება და ჩვენი მიწების მიტაცება ამოძრავებს. ეს ასე იყო საუკუნეების მანძილზე და ასეა ახლაც. ცხადია, არავინ მოუწოდებს ომისკენ, ამ ტყუილით რუსეთუმეები ხალხს აშინებენ, მაგრამ ჩვენი ერთადერთი გამოსავალი ოკუპაციასთან არშეგუებაა. რუსეთმა გარკვევით უნდა იცოდეს, რომ მის მიერ დასახული მიზანი, როგორც ის მას უწოდებს, _ „ახალ რეალიებთან“ საქართველოსა და მსოფლიოს შეგუება, არ შესრულდება და არც საქართველოსა და რუსეთს შორის რაიმე ნორმალიზაციაა შესაძლებელი დეოკუპაციის გარეშე. საუბარი, ცხადია, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის გარეშე, მათ შორის, არაოფიციალურიც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ამ ძირითადი საკითხიდან გამომდინარე. აბსოლუტურად დაუშვებელი და პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივია _ ამას კვირიკაშვილი თავად წერს თუ „პატრიოტთა ალიანსის“ პირით ამკვიდრებს _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტულ მთავრობათა კონფლიქტის მხარეებად და მათთან პირდაპირი დიალოგის კონფლიქტის მოგვარების გზად დასახვა. ჯერ ერთი, ისინი პუტინის უბრალო მოხელეები არიან და არა რაიმეს გადამწყვეტი პირები. ისინი მხარეებად კი არ უნდა ვაქციოთ, არამედ მათზე, და არა მხოლოდ ოთხოზორია-ტატუნაშვილის უშუალო მკვლელებზე, უკვე დიდი ხანია, საერთაშორისო ძებნა უნდა იყოს გამოცხადებული, როგორც სამხედრო დამნაშავეებზე, ეთნოწმენდისა და გენოციდის მომწყობებზე. რაც მთავარია, რუსეთს თავისი აგრესიისა და ოკუპაციის ლეგალიზაციისთვის არაჩვეულებრივად აწყობს, პრობლემის არსის ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტად წარმოდგენა და თავისი როლის კეთილშობილ მშვიდობისმყოფლად დასახვა. ჩვენ მას ამის უფლება არ უნდა მივცეთ, მით უფრო არ უნდა დავეხმაროთ ამაში. პირიქით, ჩვენი უმთავრესი იარაღთაგანია ოკუპაციაზე მუდმივი აპელირება, საკითხის მუდმივი აქტუალიზაცია და აუცილებლად დადგება ისეთი მომენტი, ისეთი საერთაშორისო ვითარება, როდესაც რუსეთი ვეღარ შეძლებს, ხელი შეუშალოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მანამდე არ დავუშვათ ახალ რუსულ რეალიებთან მსოფლიოსა და თავად ჩვენი შეგუება.
ეს არის დღეს პრაგმატულიც და რუსეთუმეების მტკიცების საპირისპიროდ, ყველაზე უსაფრთხო პოლიტიკაც, რადგან რუსეთს მისდამი ლოიალობა და მით უფრო, მლიქვნელობა და კოლაბორაციონიზმი კი არ აჩერებს, პირიქით უფრო აგრესიულსა და საშიშს ხდის. ეს ისტორიულადაც ცნობილია და სხვა აგრესორებსაც ეხება. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაც ესაა.
_ მოგეხსენებათ, რომ, რაღაც ეტაპზე, სახელმწიფოებრიობის ერთგვარი გარანტის ფუნქციასაც კისრულობდა. დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენ გამოვიარეთ უამრავი მძიმე დღეები, მაგრამ არასოდეს იყო ქართული ეკლესია ასეთი სუსტი და დისკრედიტებული, როგორც დღეს. რისი ბრალია ეს? ისიც გასაგებია, რომ ეკლესიის მესვეურნი ამას ლიბერალებს, დასავლეთიდან მომდინარე გამოწვევებსა და, თუ დავწვრილმანდებით, მედიასაც აბრალებენ.
_ რაც შეეხება ეკლესიის საკითხს: რუსეთმა, ოფიციალურად მართლმადიდებლურმა, საქართველოს პირველი დაპყრობისთანავე გააფთრებული იერიში მიიტანა ქართულ ეკლესიაზე: ავტოკეფალია წაართვა, გაძარცვა და სასტიკად დაარბია ის. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მებრძოლი ათეიზმის სახელით გრძელდებოდა ეკლესიასთან ბრძოლა. საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ეკლესიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი მასში სრულიად შეუფერხებელი კადრის მასობრივი შეგზავნა იყო. დღესაც, უკვე დამოუკიდებლობის წლებში, დამპყრობლის _ კვლავ ერთმორწმუნედ წოდებულის, ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე ჩვენი ეკლესიაა. ეს არის მიზეზი იმისა, რაც დღეს ხდება. ეკლესიასა და ხანში შესულ, ჯანმრთელობაშერყეულ პატრიარქზე ორგანიზებული შეტევა ხდება ორი მხრიდან _ შიგნიდან ვითომ მართლმადიდებლობის დამცველი, ბნელი, რუსეთუმე ძალის მხრიდან, რომელიც ცდილობს, ყოვლად ქრისტიანობის საწინააღმდეგო აგრესია, კონფესიათა შორის შეუწყნარებლობა და ფუნდამენტალისტური სიბნელე დაამკვიდროს და გააბატონოს ჩვენს ეკლესიაში, რითაც მის დისკრედიტაციას ახდენს და ასუსტებს. იგივე მიზანს ემსახურებიან, თუმცა გარეგნულად სრულიად საპირისპიროს, ფსევდოლიბერალური პლატფორმიდან, რითაც ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიით ერთდროულად ახდენენ ეკლესიისა და ლიბერალიზმის, საერთოდ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას. ამას, რა თქმა უნდა, იერარქიის ის ნაწილი იყენებს, რომელიც ან პირდაპირი აგენტურაა, ან რაიმე სხვა მიზეზით ატარებს რუსეთის ინტერესებს. მაგრამ, ზოგადად, ეკლესიის მესვეურებზე ანტიდასავლური პოზიციის გავრცელება სრულიად არასწორია. არაერთი ქართველი მღვდელმთავარი ღიად აფიქსირებს თავის დასავლურ, ანტისაოკუპაციო პოზიციას. ორმხრივი შეტევა ჩვენს ეკლესიაზე, რომელშიც ხელისუფლება უდიდეს როლს თამაშობს, საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა და საგრძნობლად შეარყია ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტი, ახლა უკვე არა ბოლშევიზმის სახელით. მაგრამ ბოლშევიკურმა მებრძოლმა ათეიზმმა დიდად მოიკიდა ფეხი საზოგადოებაში. ეკლესიის მოწინააღმდეგეები სარგებლობენ იმით, რომ ამქვეყნიური ეკლესია მიწიერი, ხორციელი ადამიანებისგან შედგება და მით უფრო დღევანდელი ქართული საზოგადოების ფონზე სულ არ არის გასაკვირი, რომ იქ ყველაფერი კარგად არ იყოს, მით უფრო, როცა ეს ყველაფერი მიზანმიმართულად სტიმულირდება. შეუმცდარი და სისუსტეების არმქონე ამქვეყნად არავინაა, თან უდიდესი პრესის ქვეშ. მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს პატრიარქმა ილიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა ქართული ეკლესიის აღორძინება-გაძლიერებაში. ჩვენს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში იყო დრო, როცა ეკლესიაში, თითქმის, მხოლოდ რამდენიმე თავსაფარწაკრულ რუს მოხუცებულ ქალს თუ ნახავდით. ამ მდგომარეობიდან სწორედ ილიამ აქცია ეკლესია მძლავრ, საყოველთაოდ პატივსაცემ და, ამავე დროს, აშკარად ეროვნულ ძალად. შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ ეკლესია და განსაკუთრებით სიონის ტაძარი იქცა ეროვნული და დისიდენტური მოძრაობის წარმომადგენელთა შესაკრებ ადგილად. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პატრიარქი თანმიმდევრულად და მუდმივად ქადაგებს ჩვენი მიწების ოკუპაციასთან არშეგუებას, ტერიტორიულ მთლიანობას. ესაა მთავარი და რუსეთს კი სულ სხვანაირი პოზიცია სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ივანიშვილის დამოკიდებულებაც პატრიარქისადმი და მისი მისწრაფება, ყველასა და ყველაფერზე სრული კონტროლი განახორციელოს.
აი, ყოველივე ამის გამო მიმდინარეობს ორგანიზებული და ფართოდ რეკლამირებულ-აჟიტირებული კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ, რომლის მიზანია ეკლესიის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნულობის, ადამიანური ფასეულობების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენის შერყევა. ამ კამპანიის მსხვერპლი გახდა მღვდელი მამალაძეც. მის მიერ ფინანსურ დანაშაულებათა მხილება და საერთოდ არსებული შიდა დაპირისპირება ხელისუფლებამ ფართოდ გახმაურებული საქმის ფაბრიკაციისთვის გამოიყენა. მათთვის უკეთესი იყო, თუკი ამ სკანდალს პატრიარქიც შეეწირებოდა, მაგრამ ეკლესიის ავტორიტეტის შერყევა მაინც მოხერხდა. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო, მაგრამ დროებითია. ვფიქრობ, ქართული ეკლესია შეძლებს კვლავ გაძლიერებას და აუცილებლად დარჩება ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნულობის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად.
_ დაბოლოს, ადამიანს უამრავი ღირებულება აქვს, მაგრამ ისტორიულად და ფილოსოფიურად ყველაზე მთავარი არის თავისუფლება. თავისუფლებისთვის ბრძოლა დ თავგანწირვა ისწავლება, თუ ეს მხოლოდ კონკრეტული გმირების მაგალითის გააზრებით არის შესაძლებელი? ცხადია, რომ არა მხოლოდ „საბჭოთა არისტოკრატია“ და მათი შთამომავლები, სხვებიც მზად არიან, დათმონ თავისუფლება კეთილდღეობისთვის.
_ ეს ვრცელი ფილოსოფიური თემაა, მოკლედ კი იმას ვიტყვი, რომ თავისუფლება, ისევე როგორც სხვა ფასეულობები, სამყაროს არსიც, თვითონ ადამიანშია ჩადებული. სწავლასა და გმირთა მაგალითების ზემოქმედებას, თავისთავად, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ამ ისედაც არსებული აღქმის გასაძლიერებლად, ასევე გასაღვიძებლად მათში, ვისშიც ის მიძინებულია _ ზოგში მეტად, ზოგში ნაკლებად, ზოგში კი ისე, რომ საერთოდ აღარ ჩანს.

გოჩა მირცხულავა