მამუკა სალუქვაძე: „თუ მერია გენგეგმას არ მიიღებს, თბილისში გაუგებარი და ქაოსური პროცესები გაგრძელდება“

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, „სითი ინსტიტუტ საქართველო“, თბილისის მერიას მეტროს ახალი ხაზის განვითარებას, 10-მდე ახალი საავტომობილო და საფეხმავლო ხიდის, 3 ჩქაროსნული სატრანსპორტო დერეფნისა და 12 ახალი საბაგიროს მშენებლობას, ასევე მტკვრის სანაპიროზე ახალი სარეკრეაციო სივრცეების გაშენებას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ გენგეგმაშია საუბარი, რომელიც მერიას უკვე წარედგინა და მისი საექსპერტო შეფასება მიმდინარეობს.

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელ მამუკა სალუქვაძის გაცხადებით, ყველა აღნიშნული მიმართულების განვითარება შესაძლებელია, თუმცა მთავარი მერიის სურვილია.
„მეტროს ახალი ხაზი „ისთ ფოინთიდან“ ლილოს გავლით, რუსთავისა და გარდაბნის ტერიტორიის ნაწილის განვითარებას გულისხმობს. აქ არის მიწის ზედა მეტროზე ლაპარაკი, რომელიც შედარებით იაფი ჯდება. ამის პერსპექტივა არსებობს, უბრალოდ, კვლევა სჭირდება, რაც შემდგომი ეტაპის სამუშაოა. ვფიქრობ, მიწის ზედა მეტროს ვარიანტის გაკეთება აბსოლუტურად შესაძლებელია“, _ განაცხადა სალუქვაძემ.
რაც შეეხება ხიდებს, როგორც სალუქვაძე განმარტავს, გენგეგმაში სხვადასხვა ლოკაციაზეა საუბარი. კერძოდ, მისივე ინფორმაციით, განიხილება დიღმის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე მონაკვეთზე, ასევე ვახუშტის ხიდიდან გალაკტიონის ხიდამდე მოეწყოს არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ საფეხმავლო ხიდებიც.
„ჩვენი ერთ-ერთი კონცეფციაა, მდინარის სანაპიროები გამწვანდეს, სადაც ეს შესაძლებელია“, _ განაცხადა სალუქვაძემ.
რაც შეეხება საბაგიროებს, როგორც სალუქვაძე ამბობს, თბილისის ზღვისა და შავნაბადის მიმართულებით აღნიშნულის გაკეთება შესაძლებელია ისევე, როგორც ძველი საბაგიროების აღდგენა.
„ძალიან ბევრი საბაგიროა თბილისში. სხვათა შორის, ერთ-ერთი ფრანგული კომპანიის (რომელმაც თბილისის მერიის დაკვეთით იმუშავა) შემოთავაზებებიც ამის გაკეთება იყო და ეს გენგეგმაშიც აისახა. ამასთან, საბაგიროები არა მარტო ტურისტული ინფრასტრუქტურაა, ასევე გადაადგილების მშვენიერი საშუალებაცაა, ეკოლოგიურად სუფთა. 28 მარტისთვის ჩვენს შეთავაზებებზე პასუხს ველოდებით“, _ განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე განმარტებით, ახლა ქალაქს რაც სჭირდება, ეს არის განაშენიანების რეგულირების გეგმები იმ არეალებში, რომელიც მათ მონიშნეს.
„ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ტერიტორიებზეა საუბარი. აუცილებლად დასამუშავებელია გარკვეული სტრატეგიები. ეს არის ის, რაც ჩვენ დავინახეთ. გენგეგმა ზოგადი სახის სტრატეგიული დოკუმენტია, შემდეგ უკვე კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს“, _ განაცხადა სალუქვაძემ.
კითხვაზე, _ თუ არ მოიწონებს მერია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რა ელის ქალაქს? სალუქვაძე პასუხობს, რომ „ქალაქს კარგი არაფერი ელის“:
„იმიტომ, რომ ისევ ამ ქაოსში ვიცხოვრებთ, ისევ იმ გაუგებარ სიტუაციაში, როცა ნებისმიერ ადგილზე გარკვეული შენობები შეზღუდვების გარეშე ჩნდება. არსებობს ადგილები, სადაც ადამიანებს გარკვეული უბედურება შეიძლება დაემართოთ, მაგრამ მაინც გაცემულია ნაკვეთები და შემდეგ ნებართვებსაც აიღებენ. ეს ჩვენთვის უჩვეულო არ არის“, _ განაცხადა სალუქვაძემ. ამ ინფორმაციას „იპნ.ჯი“ ავრცელებს.

„ქრონიკა+“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ჯგუფის ხელმძღვანელ მამუკა სალუქვაძეს ესაუბრება:
_ დედაქალაქის მერიას, დაახლოებით, 120 ღონისძიებამდე შევთავაზეთ _ ალბათ, უფრო საინტერესოა ის ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტები, რომლებიც იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ ქალაქში ასეთი ქაოსური პროცესები აღარ გაგრძელდეს და გარკვეულ რეგულაციებს მივაღწიოთ. პირველ რიგში, საუბარია იმ კონცეპტუალურ საკითხებზე, რომელიც თბილისის მთავრობას შევთავაზეთ.
აქ სამი ძირითადი მიმართულებაა განსაზღვრული. კომპაქტური ქალაქი იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ქალაქი განვითარდეს განაშენიანებული ტერიტორიის ფარგლებში და არა ახალი ტერიტორიების ათვისების ხარჯზე, ოპტიმალურად გამოვიყენოთ აღნიშნული ტერიტორიები.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადაც შეცდომები უკვე დაშვებულია და კოეფიციენტები გადამეტებულია, მშენებლობა გაგრძელდეს. ასეთი უბნები კი ქალაქში ძალიან ბევრი გვაქვს. ამაზე კვლევა გავაკეთეთ და ეს ქუჩები გამოვყავით კიდეც. საუბარია სპორტის სასახლის უკანა ტერიტორიაზე, მცხეთის, დოლიძის, ყიფშიძის ქუჩებსა და ა. შ. თბილისში ასეთი ქუჩა უამრავია, სადაც უკვე გადამეტებულია აღნიშნული კოეფიციენტები. ჩვენ ეს გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ აქ მშენებლობა არ შეიძლება.
მეორე მხრივ, დედაქალაქის პერიფერიულ რაიონებში არის ტერიტორიები, რომელთან დაკავშირებითაც სპეციალური, პოლიცენტრული არეალების ცნება შემოვიტანეთ. ისინი დიდ დასახლებებთან, სატრანსპორტო მაგისტრალებთან ახლოს შეიძლება არსებობდნენ, სადაც პოლიცენტრების, ანუ სხვა საქალაქო ცენტრების ჩამოყალიბებას ვგულისხმობთ. ეს მაქსიმალურად განტვირთავს ქალაქის დღევანდელ ცენტრს და გარკვეული ინვესტიციების მოზიდვის არეალად შეიძლება მივიჩნიოთ.
ამავე დროს, თქვენ იცით, რომ სამი სატრანსპორტო დერეფანი არის შეთავაზებული ქალაქისთვის. ახლა იმაზე ვსაუბრობ, რაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მასშტაბისთვისაა დამახასიათებელი, თორემ ისეთი უმნიშვნელოვანესი საქმეებია გასაკეთებელი, როგორიცაა სატრანსპორტო განტვირთვა, კვანძებისა და ქუჩების დონეზე დაგება, ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკისა და სტატისტიკის განსაზღვრა. ეს ევროპის ყველა წამყვან ქალაქსა და მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ გენერალური გეგმა, როგორც ჩარჩო-გეგმა, ისე განიხილება და შემდეგ უკვე დეტალური გეგმების დამუშავება სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება.
ჩვენ შევთავაზეთ სამი გრძივი სატრანსპორტო დერეფანი და, ამავე დროს, განივი კავშირები, რომელიც ქალაქს ძალიან სჭირდება და არ გააჩნია. ეს არის, გარკვეულწილად, გზების, ქუჩების გაგრძელება, ასევე ძალიან ბევრი სარეკრეაციო და გამწვანების ტერიტორია შევთავაზეთ ქალაქს. აქ საუბარია 7 საქალაქო, ასევე საუბნო პარკებთან დაკავშირებით; მცირე მდინარეების გახსნაზეა აქცენტი. მივანიშნეთ გარკვეულ ტერიტორიებზე, როგორც, მაგალითად, ლეღვთახევში არის გაკეთებული, მსგავსი რამ სხვაგანაც გაკეთდეს. ბევრგან ზედ საცხოვრებელ უბნებზე მიედინება ეს კოლექტორები და დღეს მასზე მშენებლობის ნებართვები გაიცემა და მშენებლობები მიმდინარეობს. ეს ძალიან საშიში პროცესია, რადგან კაცმა არ იცის, როდის შეიძლება ჩაიშალოს და სახლები დაანგრიოს. გენგეგმაში ასეთი საკითხებიც არის განხილული.
მასში ახალი შეზღუდვებიც ჩაიდო, რაც მოქმედ გეგმაში არ იყო. საუბარია ბუნებრივ რისკფაქტორებზე, მდინარეების წყლის კალაპოტის გათვალისწინებით. ბევრი რამ, რაც მოქმედ გენგეგმაში არ ეწერა, ჩვენს რუკაში შემოტანილია, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განაშენიანების რეგულირების წესები ჩვენ მიერ დამუშავდა, გადახალისდა და როგორც ერთგვარი საკანონმდებლო დოკუმენტი, ისე მიეწოდა მერიას, რაც მორგებულია იმ გადაწყვეტებზე, რომლებიც ჩვენ ქალაქს შევთავაზეთ. მოკლედ, კომპლექსური დოკუმენტია თავისი გადაწყვეტებით.
ბევრი ადგილი მივანიშნეთ (უმნიშვნელოვანესი ტერიტორიები), სადაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს განაშენიანების რეგულირების გეგმები: დეტალური დაგეგმარება სწორედ ქალაქმა უნდა განახორციელოს. რეალური საფრთხე არსებობს, რომ თუ ასეთ მნიშვნელოვან ტერიტორიებზე დაგეგმარება არ მოხდება, ის უსისტემოდ შეიცვლება, მასზე ნებართვების გაცემით ქალაქს ძალიან ფასეული ტერიტორიები დაეკარგება.
ბაღებთან დაკავშირებით საზღვრები კანონმდებლობიდან გამომდინარე გავითვალისწინეთ, ანუ 700 მეტრიდან 1 კილომეტრამდე უნდა იყოს დაცული ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ სანიტარიული ზონები დადგენილი არ არის, კანონმდებლობა ამბობს, რომ ეს დაშორება ყველა ვარიანტში უნდა გავითვალისწინოთ და ჩვენც ეს სათანადოდ ავსახეთ.
მოკლედ, ძალიან ბევრი საკითხია და ყველაფერზე საუბარი, ალბათ, შეუძლებელია, რადგან კომპლექსურ და დიდ დოკუმენტზე გვიწევს მსჯელობა.
_ სადაც რაიმე შეზღუდვების გარეშე შენობები გაჩნდა და განაშენიანების პრინციპები დაირღვა, ამ ადგილებს რა ეშველება, გამოსავალი რა არის?
_ გააჩნია, სად არის ეს ტერიტორიები. მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელშეწყობა იყოს განაშენიანების ნაწილის განვითარებისთვის, მაგრამ ისიც გავითვალისწინეთ, რომ უამრავი საკუთრებაში არსებული ტერიტორიაა, მათ შორის, ნებართვებია გაცემული. ეს, გარკვეულწილად, ზოგად ზონად მოვხაზეთ და არქიტექტურის სამსახურმა ასეთ ტერიტორიებზე სწორედ ერთიანი განაშენიანების გეგმები უნდა შეიმუშაოს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ უსისტემოდ გაცემული ტერიტორიები გარკვეულ სისტემაში მოექცეს.
იცით, ეს ტერიტორიები როგორ გაიცა? ვთქვათ, დიდი დიღმის ტერიტორია, შინდისი და ა. შ. _ ერთი ნაკვეთი გზას უკავშირდებოდა და მეორე _ არა. ამიტომ ამის დარეგულირება აუცილებელია. თუ შენობები აგებულია, ამასაც გავითვალისწინებთ, თუ შეზღუდულ ზონაში არ არის. ჩვენ ეს რეალობა მაქსიმალურად შევისწავლეთ. თუ მშენებლობა მიმდინარეობს, ბუნებრივია, ეს კიდევ ერთი ფაქტორია.
ხაზს ვუსვამ: ჩვენ არავის საკუთრებას არ ვეხებით, ეს საკუთრება წმინდაა და მის მფლობელობაში რჩება. არც სურვილი გვაქვს, რომ ვიღაცის ტერიტორიაში შევიჭრათ. აქ ზოგად მდგომარეობაზეა საუბარი და ფუნქციებზე, ამ თვალსაზრისით ცვლილებებზე. იქ, სადაც მიგვაჩნია, რომ შეზღუდვები უნდა მოქმედებდეს, რომ ადამიანების ცხოვრება საშიშია, სწორედ ამაზე მივუთითეთ არქიტექტურის სამსახურს, რომ გადახედონ ამ ყველაფერს. შეიძლება, მეტი კვლევაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ადამიანებს თუ მშენებლობა აქვთ განსახორციელებელი, ეს ყველაფერი გაითვალისწინონ, რომ მომავალში მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
_ დედაქალაქში ეკოლოგია რთულ მდგომარეობაშია. ახალი პარკები ახსენეთ, სად სთავაზობთ მერიას ახალი მწვანე ზონების მოწყობას?
_ პირველ რიგში იქ, სადაც ეს სადღეისოდ შესაძლებელია. ასეთი ტერიტორიები ვნახეთ, მაგალითად, დიღმის ჭალებში. ძალიან ფასეული ტერიტორიაა, დამეთანხმებით, სადაც ბუნებრივ ლანდშაფტში მოედინება მდინარე. ძალიან გვინდა, რომ იქ საპარკო ზონა მოეწყოს და ეს ქალაქს მივანიშნეთ კიდეც. ძალიან კარგი საპარკო ზონა შეიძლება შეიქმნას დიდი დიღმისა და გლდანის მოსახლეობისთვის და არა მარტო მათთვის. ყოველ შემთხვევაში, მათთვის ეს ახლოსაა.
აგრეთვე, დირსიჭალასთან, ფონიჭალისკენ, იქაც ბუნებრივ ლანდშაფტში მოედინება მდინარე, ჯებირები არ არის და შესაძლებელია, ეს ყველაფერი ლამაზად გაკეთდეს. გამწვანებული ტერიტორიები ასევე მოვხაზეთ თემქასა და გლდანს შორის ტერიტორიაზე. იცით, იქაც კოლექტორში არის მოთავსებული ეს მდინარე, მდინარის ხეობა ზოგან დაჭაობებულიცაა უკვე და ორ მიკრორაიონს შორის მდებარეობს. ძალიან კარგი იქნება აქ საპარკო-სარეკრეაციო ზონების გაკეთება.
საპარკო ზონად მოვიაზრებთ ასევე იპოდრომის ტერიტორიას და ყველა გამწვანებულ სივრცეს _ მზიურს, ვერის ხეობას… გვინდა, ეს ტერიტორიები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რადგან მეტი საშუალებაც აღარ არის ქალაქში. პრაქტიკულად, ასეთი ტერიტორიების მოძიება ძალიან ჭირს. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ტერიტორიაა, რომელიც ქალაქს გამწვანებისთვის შევთავაზეთ, მუნიციპალური ტერიტორიაა, ამიტომ ბევრგან პრობლემა არ უნდა შეიქმნას ამ თვალსაზრისით.
მაგალითად, როგორც გითხარით, თემქაზე მუნიციპალური ტერიტორია არავის საკუთრებაში არ არის. შევეცადეთ, ასეთ ტერიტორიებზე გაკეთებულიყო უფრო აქცენტი, რადგან გასაგებია, რომ გაუჭირდება კერძო მესაკუთრეებთან ქალაქს საუბარი ტერიტორიების გამოთავისუფლებაზე. ასეთი კი ბევრი ადგილია, მათ შორის, მტკვრის სანაპიროებზე. მოგეხსენებათ, ჩვენ ქალაქისთვის მტკვრის დაბრუნებაზე ვსაუბრობდით, ანუ ერთმანეთთან თანაცხოვრებაზე. დღეს მტკვარი თავისთვის ცხოვრობს, ქალაქი _ თავისთვის, ზურგშექცევით და სწორედ მტკვარზეა გაშენებული ქალაქი.
გვინდა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს და ამისთვის, ალბათ, უამრავი თანხა დაიხარჯება. საჭიროა გარკვეული მონაკვეთები, ტერიტორიები, რეკრეაციული ზონები გამოვყოთ, რომ ადამიანებს მტკვართან მიახლოებისა და დასვენების საშუალება ჰქონდეთ. ერთ-ერთი ასეთი არის მეტეხის ხიდის მოპირდაპირედ, 300 არაგველის ობელისკის მიმართულებით. იმის მიმდებარედ იცით, რომ ტრასა გადის, თუმცა ტრასის გადატანა მეორე სამანქანო გზის ქვეშ შეიძლება და, დაახლოებით, 50 მეტრის სიგანის გამწვანებული ტერიტორია გამოთავისუფლდება, ბულვარად რომ გაკეთდეს და მტკვართან სიახლოვის ძალიან კარგ ეფექტს მისცემდა ქალაქს. ეს ყველაფერი ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იქნებოდა.
აი, ასეთი ჩანართების დასაბუთებები გავაკეთეთ ჩვენს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში.
_ ძალიან ბევრი სკვერი და მცირე ბაღი არის წართმეული, კორპუსები, სხვა ობიექტები ჩაიდგა. გენგეგმაში ამაზე თუ კეთდება აქცენტი?
_ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ჩვენს დოკუმენტში ამაზეც გვეთქვა. უკეთესს გეტყვით: თავის დროზე, მივმართეთ კიდეც მერიას და ვთქვით, რომ ასეთი ღია, საჯარო ტერიტორიები მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს ყოველგვარი მშენებლობისგან. გეთანხმებით, ათწლეულების განმავლობაში სკვერებს, ბაღებს იტაცებდნენ, იქ ავტოფარეხებს, კიოსკებს, კორპუსებსა და ა. შ. დგამდნენ. რა თქმა უნდა, ამაზე გვაქვს კიდევაც საუბარი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ასეთი ტერიტორიები დავიცვათ.
უბრალოდ, კიდევ ერთ რაღაცას ვითხოვთ: სრული სურათი უნდა გვქონდეს ასეთი ტერიტორიების. დღეს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს სურათი არ გააჩნია, ზუსტი მონაცემები არ აქვს ამგვარი მცირე ზომის გამწვანების ტერიტორიებისა, მათ შორის, გაზონებისა და შიდა კვარტალური გამწვანებისა.
ამიტომ პირდაპირ გვიწერია მოკლევადიან ღონისძიებებში, რომ აუცილებლად მათი ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს. ეს დაუყოვნებლივ უნდა დაუკვეთონ და გააკეთონ. სრულიად აუცილებელია ქალაქმა იცოდეს, რისი მფლობელია. ამის შემდეგ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ სტატუსები მიენიჭოს ამგვარ ტერიტორიებს. დღეს ჩვენ, პრაქტიკულად, სტატუსები არ მიგვინიჭებია, ბაღი რომელია, პარკი რომელია, სკვერი რომელია, _ ყველაფერი ერთმანეთშია აღრეული. სრულიად აუცილებელია მათი სტატუსების მინიჭება და რეჟიმების განსაზღვრა, თუ როგორი რეჟიმით უნდა იყოს დაცული ესა თუ ის ტერიტორია.
_ ბევრი ადგილია, სადაც მშენებლობის კოეფიციენტები დარღვეულია, კორპუსები უნებართვოდ არის აშენებული. ამაზე რას ამბობს გენგეგმა?
_ პირველივე, რაც ქალაქს შევთავაზეთ, კ-2 კოეფიციენტის ყიდვის აკრძალვა იყო. ეს, თავის დროზე, გაითვალისწინეს, თბილისის მერია ამ წინადადებას დასთანხმდა. გითხარით კიდევაც, კვლევა ჩავატარეთ, თუ რა ტერიტორიებზეა გადამეტებული ეს ყველაფერი, დაგისახელეთ ზოგიერთი ქუჩა, არეალი და უბანიც. იქ აუცილებლად უნდა შეწყდეს ამგვარი მშენებლობები.
თუმცა ერთი რამ გაითვალისწინეთ: სამი-ოთხი წლის განმავლობაში მასალები უკვე შევისწავლეთ განაშენიანების რეგულირებისა და ჩარჩო-გეგმებით, თუ რამდენ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელზე გაიცა ნებართვა. ეს არის, დაახლოებით, 8 მილიონი კვადრატული მეტრი, რომელიც ნებადართულია უკვე მშენებლობისთვის და რომელიც უნდა აშენდეს.
აი, ამას ვეჩეხებით ახლა რეალობაში. არქიტექტურამ, გარკვეულ შემთხვევაში მაინც, ალბათ, ნება უნდა გამოიჩინოს და თავიდან შეისწავლოს ეს საკითხები, რადგან გამორიცხული არ არის, ბევრი მათგანი სწორედ ისეთ ტერიტორიაზე იყოს გაკეთებული, რომელზედაც კოეფიციენტები ისედაც გადამეტებულია.
_ რას აპირებს მერია ამ გეგმასთან დაკავშირებით?
_ რთული კითხვაა, მართალი გითხრათ, ძნელი საპასუხოა ჩემთვის. მათ აქვთ დოკუმენტი, რომელზეც ჩვენი უცხოელი პარტნიორ-ექსპერტები, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები პირდაპირ წერენ, რომ ეს სრულყოფილი დოკუმენტია. ეს ის დოკუმენტია, რომლის მიღებაც შეიძლება და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ამ ადამიანებს ნამუშევარი აქვთ მარსელის, სტრასბურგის, სხვადასხვა ფრანგული და გერმანული ქალაქის: ბერლინის, კიოლნის, ფრანკფურტის გენერალურ გეგმებზე. აღარ ვლაპარაკობ იმის იქით მუშაობაზე. ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, ჩამოსულებიც იყვნენ ორი დღის წინათ თბილისში, პრეზენტაცია გააკეთეს.
არ ვიცი, ყველაფერი მათ ნებაზეა დამოკიდებული. დღესაც ვისმენდით მათგან გარკვეულ კომენტარებს, შეხვედრები იყო მერიაში ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ არ მივუწვევივართ. უბრალოდ, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები შეხვდნენ და თავიანთი მოსაზრებები გააცნეს. მაგრამ იცით, რა არის? გენგეგმა ძირითადი ხედვებით არის მისაღები, თორემ ზონირებაში სადღაც შეიძლება რაღაცა გაიპაროს კიდევაც. ეს მუდმივი პროცესია _ ცვლილებები, შესწორებები, კორექტირება და ა. შ.
ეს ხელს არ უნდა უშლიდეს იმ დიდი სამუშაოს მიღებას, რასაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ჰქვია; სადაც განსაზღვრულია, როგორ უნდა განვითარდეს სწორად ქალაქი და კარგი სახელმძღვანელოა არქიტექტურის სამსახურისთვის. მას უკვე ეცოდინება, როგორ უნდა მოიქცეს. უბრალოდ, ქაოსურ პროცესებს, რომელიც თქვენ ახსენეთ, მაქსიმალურად ხელს შეუშლის და სწორი მიმართულებით წაიყვანს. ასე სრულყოფილ დოკუმენტამდე ძალიან შორია, სრულყოფილი დოკუმენტი ბუნებაში არც არსებობს და ამაზე არქიტექტურის სხვადასხვა სამსახური მუდმივად უნდა მუშაობდეს.
_ რამდენ ხანში მიიღებენ გადაწყვეტილებას?
_ როგორც ვიცი, 28-ში მათ უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია.
_ კიდევ ერთხელ ვთქვათ: თუ არ მიიღეს, რა რეალობა გვექნება ქალაქში?
_ ჩვენ, ალბათ, შევხვდებით მაინც ერთმანეთს და დავილაპარაკებთ. რეალობა ის იქნება, რომ თბილისში გაუგებარი და ქაოსური პროცესები გაგრძელდება. ჩემი აზრი ასეთია, რადგან არავითარი სხვა დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც ამ პროცესებს წინ აღუდგებოდა, რომელიც გენგეგმას ჩარჩოში ჩასვამდა. ამიტომ ეს დოკუმენტი უნდა გამოიყენონ. მის გარეშე, პრაქტიკულად, ისევ ვუბრუნდებით რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. და როგორი რეალობაა, იცით ეს ბოლო დროს გაცემული ნებართვებიდან, საშიშ და გეოდინამიკურად რთულ ტერიტორიებზე მშენებლობებთან დაკავშირებით რაც ხდება. სადაც კოეფიციენტები გადამეტებულია, იქ მშენებლობას ისევ გააგრძელებენ. ძალიან მინდა, ეს ყველაფერი არ მოხდეს.
იმედია, ამ ყველაფერს სათანადოდ გაითვალისწინებენ.

ამ ფონზე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მერიის შენიშვნები გააცნო.
შეხვედრაზე ილია ელოშვილმა იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე დეტალურად ისაუბრა, რომელმაც დედაქალაქის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის მიღება შეაფერხა. მერის მოადგილემ თბილისის სწორი განვითარების მიმართულებით გენგეგმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც, კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პირობებში, გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს.
ილია ელოშვილის განცხადებით, გენგეგმის ახალ ვერსიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზონირებას, მწვანე საფრის განაწილებასა და კონკრეტულ კონცეფციებთან დაკავშირებით სუსტად არგუმენტირებულ კვლევებს უკავშირდება. მერის მოადგილის თქმით, ახალ გენერალურ გეგმაში მწვანე ზონები, განსაკუთრებით, შიდაკვარტალური სივრცეები საერთოდ არ არის დატანილი. გარდა ამისა, არეულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, საზოგადოებრივი და სატრანსპორტო ზონები, შეცვლილია მათი სტატუსები, რაც დოკუმენტსა და მის ეფექტიანობას, საბოლოოდ, ბუნდოვანს ხდის.
ამასთან, ილია ელოშვილს მიაჩნია, რომ მწვანე ქალაქის, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურისა და პარკირების განვითარების მიმართულებით შემოთავაზებული კვლევები კომპლექსური და სრულყოფილი არ არის. ასევე, არ არის წარმოდგენილი სატრანსპორტო მოდელირება და გზების მშენებლობის კონცეფციები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება:
„შევხვდით დარგის ექსპერტებს, რათა ჩვენივე ხედვები კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა. ეს ძალიან სწორი პოზიციაა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ერთობლივი შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიმართება, სადაც ყველა მხარეს მოვიწვევთ, თუმცა ეს სხვა ფორმატი იქნება. დოკუმენტთან დაკავშირებით იქ, სადაც დადებით ასპექტებს ვხედავთ, ჩვენი პოზიციები უკვე გამოვხატეთ, თუმცა, ასევე, გამოვყავით ის მიმართულებები, სადაც კითხვის ნიშნები კვლავ რჩება. ექსპერტებს კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოვიწვევთ და დოკუმენტს მათთან ერთად განვიხილავთ“, _ განაცხადა ილია ელოშვილმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შეკითხვები, ძირითადად, გენგეგმის განახლებასა და მის გაუმჯობესებას უკავშირდება, კერძოდ, სწორად იყო თუ არა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული იმ აქტივობების ერთობლიობა, რომელიც თბილისის მერიამ უნდა განახორციელოს, რათა არსებული დოკუმენტი გაუმჯობესდეს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ მიიღებს, რომელიც, „სითი ინსტიტუტის“ მონაწილეობით, თბილისის მერიაში 26 მარტს გაიმართება.
ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

გელა მამულაშვილი