აშშ საქართველოს მხარეს და სანქციები 4 ქვეყანას!

ზუსტად იმ დღეს, როდესაც გმირი არჩილ ტატუნაშვილი პატივით დაკრძალეს, აშშ-მ 2018 წლის ფისკალური ბიუჯეტი დაამტკიცა და საქართველოს გვერდით დგომა კიდევ ერთხელ დაადასტურა!

დოკუმენტში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი სრულადაა შენარჩუნებული და იგი საქართველოს მხარდასაჭერ ტექსტს მოიცავს სათაურით: „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“. ჩანაწერი რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, დოკუმენტის თანახმად, ხსენებული კანონით, გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
კანონი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.
იმ ქვეყნების რაოდენობა კი, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობენ, სულ ოთხია: რუსეთის ფედერაცია, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ.
უწყების ცნობით, დოკუმენტში ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
კანონი მოუწოდებს აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ უარყოფითი ხმა დააფიქსირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით (სესხის, კრედიტისა და გრანტის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, აშშ-ის 2018 წლის ფისკალური ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გაირკვა, რომ საქართველო წელს 5 მლნ აშშ დოლარით მეტ, ანუ 105, 325 მლნ აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს და იგი შემდეგი მუხლებით არის გამოყოფილი: ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დახმარება; ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კონტროლის პროგრამები; ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; სამხედრო განათლება და წვრთნები; საგარეო სამხრედრო დაფინანსება (FMF).
რუსეთის აგრესიის ქვეთავში აღნიშნულია, რომ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის გამოყოფილი დაფინანსება უნდა მოხმარდეს რუსეთის ზეგავლენისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი დაფინანსების წილი ასევე უნდა მოხმარდეს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების იმპლემენტაციას, ასევე საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შემცირებას, _ აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამავე ქართული უწყების ცნობით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში, დავით ბაქრაძემ, აშშ-ს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტში უკვე მეორე წელია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ჩანაწერი კეთდება. მისივე თქმით, აშშ-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ნარკოტიკების კონტროლი და სამხედრო დაფინანსების პროგრამები.
„სწორედ ეს პროგრამა მოემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ქვეყნის შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესსა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას“, _ განაცხადა საქართველოს ელჩმა.

აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
_ მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის ამერიკის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ასეა. აშშ-ს მხრიდან ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად საკმაოდ მძიმეწონიანია, მაგრამ, ამასთანავე, ის პრაქტიკულადაც შეაფერხებს სავარაუდო პროცესებს აფხაზეთსა და ცხინვალთან მიმართებით. ასე რომ, მთლიანობაში, იგი, რა თქმა უნდა, პოზიტიურად უნდა შეფასდეს. რაც შეეხება რუსეთს, იგი ამის საპასუხოდ ვერაფერს გააკეთებს. მისი ამოცანა იყო, რომ სუსტი ადგილები მოეძებნა მსოფლიო რუკაზე, სუსტი სეგმენტები მესამე სამყაროში, ვისაც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებასთან დაკავშირებით დაითანხმებდა. ამ გადაწყვეტილებით, რუსეთს სტრატეგია, მინიმუმ, გაურთულდება, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მისი მხრიდან კონტრსანქციების მიღებას არ უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება აშშ-სგან გამოყოფილი დამატებით 5 მლნ-ის გამოყენებას, იგი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება რეალობის ადეკვატური აღქმით ვერ დაიკვეხნის, რადგან ამ ერთი კვირის მანძილზე ვნახეთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ვნახეთ კვირიკაშვილის წერილი პუტინის მიმართულებით და ეს ხდებოდა იმის პარალელურად, რომ პარლამენტში ოკუპანტად ცხადდებოდა რუსეთი, აბსოლუტური ექლექტიკა და ქაოსია ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლების მიდგომებთან დაკავშირებით! მეჩვენება, რომ აქ მწყობრი სტრატეგია არც კი აქვთ.
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მაღალი გლობალური რისკებია და მორიგი, საკმაოდ დრამატული ესკალაცია მიმდინარეობს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების თვალსაზრით. ეს, რა თქმა უნდა, მაღალ რისკებს აჩენს, რადგან, ბუნებრივია, რუსეთს არ შუძლია, რომ ამ ფრონტის ხაზზე დასავლეთს ადეკვატურად უპასუხოს და გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის დამახასიათებელია ასიმეტრიული პასუხები, ვერ გამოვრიცხავთ, ასეთი პასუხი გასცეს საქართველოს. მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ როცა ასეთი დიდი დაპირისპირება, დიდი პროცესი მიმდინარეობს, რისკებთან ერთად ეს გარკვეული შესაძლებლობების ფანჯარას აღებს, რომ ფორსირებულად წავიწიოთ წინ იმ მიმართულებით, რაც ბევრი წლებია გაცხადებული გვაქვს. გამოვიყენებთ თუ ვერა ამ შესაძლებლობებს, ეს უკვე სწორი და ეფექტიანი მოქმედებების საქმეა და, ასევე, როგორ განვითარდება მსოფლიო დრამატული ვითარება, თითქმის, ცივ ომში.
ასე რომ, ერთი მხრივ, ჩვენ მუდმივად უნდა ვაკვირდებოდეთ, რა ხდება, თუმცა დასავლეთ-აღმოსავლეთის ბრძოლის ფონზე, როგორც კი შანსი გაჩნდება, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ინტერესების სწორად გატარება შევძლოთ. მოახერხებს ამას ხელისუფლება? სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გამაჩნია…
ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად სწორად გადადგამს ნაბიჯებს. იმ წერილით კვირიკაშვილმა აბსოლუტურად არაადეკვატურობა გამოავლინა. იგი დროსა და სივრცეში იყო დაკარგული, ანუ ყველაზე ცუდ მომენტში მისწერა რუსეთს, _ მაშინ, როცა, ფაქტობრივად, ესკალაცია დასავლეთსა და რუსეთს შორის პიკს აღწევდა. იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგი ნაბიჯი უფრო ადეკვატური და სწორი იქნება.

ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ევროპის შედარებით ნაკლებ აქტიურობაზე საუბრობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე:
_ აღნიშნული გადაწყვეტილება კონგრესმა, დაახლოებით, ერთი წლის წინათაც მიიღო. თითოეული სანქცია სულ ოთხ სახელმწიფოს ეხება, ეს არის ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და საკუთრივ რუსეთის ფედერაცია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აშშ ისედაც არ აპირებდა აღნიშნული ქვეყნების დახმარებას (თუნდაც, ვენესუალის. ვიცით, რომ მისი პრეზიდენტი, რომელიც წინა ოდიოზური ფიგურის, უგო ჩავესის საქმის გამგრძელებელი გახლავთ, ანტიამერიკულ პოლიტიკას ატარებს).
განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ ამერიკა კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და, ამ მიზნით, 105 მლნ დოლარის მოცულობის დახმარებას გამოყოფს, რაც მნიშვნელოვანი თანხაა ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ, შეიძლება ითქვას, აშშ გაცილებით უფრო აქტიურია, ვიდრე ევროპა და ის უფრო პრინციპულია! რა თქმა უნდა, ამ მხარდაჭერას გრძნობს საქართველო, თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებელია აღნიშნული პოლიტიკის გააქტიურება და გაძლიერება.
დამატებით 5 მლნ-ით კი, პირველ რიგში, აუცილებელია, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება (რადგანაც, ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები ეკონომიკის კონკრეტულ სექტორში დასაქმდებიან). მეორე მხრივ, შესაძლებელია, თავდაცვითი ხასიათის შეარაღების შესყიდვა მოუწიოს ჩვენს ქვეყანას (რადგან რუსეთთან საქართველო ომის მდგომარეობაში იმყოფება). მგონია, რომ თანხები უნდა ჩაიდოს ეკონომიკაში ან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და თავდაცვის სფეროში.

აშშ-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის საქართველოს გვერდით დგას. ჯერი ჩვენს ხელისუფლებაზეა _ მან მაქსიმალურად სწორად და ზუსტად უნდა გამოიყენოს ის მხარდაჭერა, რომელსაც დასავლეთი სთავაზობს. რამდენად არის ქართული მხარე ამისთვის მზად, ეს უკვე მეორე საკითხია.

ნინო ტაბაღუა